Batumelebi | ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში” ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში” – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში”

31 აგვისტოს “თავისუფალ სივრცეში” ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოპორტრეტები ასახავს იმ ბარიერებს, რომლებიც ბათუმში გადაადგილების დროს შშმ პირებს ხვდებათ. პროექტის მიზანია არაადაპტორებული გარემოს წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერსება შშმ პირთა მდგომარეობით.

“ჩვენი სურვილია ჩვენს ქალაქში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო არსებობდეს ყველა ადამინისთვის.” – ამბობს ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, პროექტების კოორდინატორი ნინო ჩხაიძე.

ნინო გვიყვება, რომ კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა გადაეღოთ ფოტოები და აესახათ პრობლემები, რომლებსაც ითვალისწინებს გაეროს შშმ პირთა კონვენციის მე-9 მუხლი ხელმისაწვდომობის შესახებ. თუმცა, რეალურად, კონკურსი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ფოტოგრაფმა, ედო მჟავანაძემ მიიღო.

“მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო ჯგუფმა მაქსიმუმი გავაკეთეთ და ბევრი ვიმუშავეთ ინფორმაციის გავრცელების კუთხით, დაინტერესება და ჩართულობა ამ პროექტში იყო მინიმალური.” – აცხადებს ნინო ჩხაიძე.

ედო მჟავანაძე

ედო მჟავანაძე

ედო მჟავანაძე ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, მოხალისეა. ის ამბობს, რომ არაადაპტირებული გარემოს პრობლემა ყოველთვის აწუხებდა, თუმცა ეს პროექტი მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვისაც, საინტერესო იყო.

კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა კონკურსში უკონკურენტოდ, ედო გვპასუხობს: “ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს თემა პირადად არ ეხება და არ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს შშმ პირი, ფოტოპორტრეტებში ასახული დაბრკოლებების გადალახვაც ერთად გვიწევს დ ამიტომ კარგად მაქვს გააზრებული პრობლემის არსი.”

მიშიკო ცინცაძე

მიშიკო ცინცაძე

„უამრავი პრობლემა ექმნებათ შშმ პირებს ჩვენს ქალაქში. უნდა გაკეთდეს მეტი პანდუსი, ატრაქციონები შშმ ბვშვებისათვის, სკვერები და პარკები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული, რათა ჩვენც, შშმ პირებმაც, შევძლოთ გართობა და დროის გატარება ჩვენი თანატოლების მსგავსად. საჭიროა დაიგეგმოს ბევრი ხვადასხვა აქტივობა, რომლებიც შშმ პირთა პრობლემებს წარმოაჩენს და მათი გამოსწორებისკენ იქნება მიმართული.” – ამბობს გამოფენის ერთ-ერთი დამთვალიერებელი, 17 წლის მიშიკო ცინცაძე. ის ფიქრობს, რომ “თავისუფალი სივრცის” საორგანიზაციო ჯგუფი უფრო მეტად ზრუნავს შშმ პირებისთვის შეზღუდული გარემოს გაუმჯობესებაზე, ვიდრე სახელმწიფო.

“თავისუფალი სივრცე” არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დაესწროთ საინტერესო შეხვედრებს, დისკუსიებს, ფილმის ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს. ასევე, თავად დაგეგმოთ და ჩაატაროთ ღონისძიება. ორშაბათიდან, 5 სექტემბრიდან, აქ უკვე კაფეც დაიწყებს ფუნქციონირებას.

DSCN2594

თამთა კახაბერიძის ფოტო

DSCN2581

თამთა კახაბერიძის ფოტო

ფოტო ედო მჟავანაძე

ედო მჟავანაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამთა კახაბერიძე