კვირის ამბები,მთავარი

კლეპტომანია – მენტალური დაავადება თუ მავნე ჩვევა

15.08.2016 • 15537
კლეპტომანია – მენტალური დაავადება თუ მავნე ჩვევა

კლეპტომანია მენტალური დაავადებაა, რომელიც ქურდობისადმი გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილებით გამოიხატება. მიიჩნევა, რომ ეს არც თუ ისე ხშირი დარღვევაა, თუმცა როგორც ფსიქოლოგი სალომე ვაშალომიძე ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ სირცხვილისა და შიშის გამო კლეპტომანები სპეციალისტს არ მიმართავენ, მათი რაოდენობა უცნობია.

ქალბატონო სალომე, რა არის კლეპტომანია, მავნე ჩვევა თუ ფსიქიკური დარღვევა და რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს პრობლემა?

კლეპტომანია გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილებაა ქურდობისადმი, რაც გამოწვეულია ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებით, მაგალითად, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, დემენციით, ბულემიით, თავის ტვინის სხვადასხვა დაავადებებით. ეს არის იმპულსური, მისწრაფება ქურდობისკენ ყოველგვარი ანგარების გარეშე. ამ დროს ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლი, უჭირს გარკვეული ქცევის ჩადენის სურვილზე უარის თქმა. სირცხვილის გამო კლეპტომანიით დაავადებულები ხშირად საიდუმლოდ ცხოვრობენ ამ დაავადებით და შესაბამისად არ იღებენ მკურნალობას. კლეპტომანიას ვარსკვლავურ დაავადებასაც უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ იგი ჰოლივუდის სახელმოხვეჭილი მსახიობების ერთგვარ პროფესიულ დაავადებად იქცა. მსოფლიოში კლეპტომანიით 10 ათასიდან ერთი თუ ავადდება, ხოლო ამერიკულ კინოვარსკვლავებს შორის თითქმის ყოველი მესამე იტანჯება ამ დაავადებით.

რით განსხვავდება კლეპტომანია ჩვეულებრივი ქურდობისგან?

სალომე ვაშალომიძე

სალომე ვაშალომიძე

ტიპიური ქურდებისგან განსხვავებით, კლეპტომანები არ იპარავენ ფულს. ისინი იპარავენ საკანცელარიო ნივთებს, ტანსაცმელს და სხვა ნივთებს, რადგან ამის ძლიერი სურვილი აქვთ და ამ სურვილს ვერ ერევიან. კლეპტომანიის ეპიზოდი სპონტანურად ხდება, დაგეგმვის, დახმარების და სხვა ადამიანთან კოლაბორაციის გარეშე. მათი უმრავლესობა იპარავს საჯარო დაწესებულებაში, როგორიცაა: მაღაზიები და სუპერმარკეტები. ზოგიერთი კლეპტომანი კი მეგობრების ან ნაცნობების სახლებიდანაც იპარავს ნივთებს. ხშირად, მოპარული ნივთი არაფერს წარმოადგენს კლეპტომანისთვის, შესაძლოა მას ამ ნივთის ყიდვაც თავისუფლად შეეძლო. მოპარულ ნივთებს ხშირად არც გამოიყენებენ და უბრალოდ აგროვებენ _ კლეპტომანმა შესაძლოა გააჩუქოს ეს ნივთები, მისცეს ოჯახის წევრებს ან საიდუმლოდ დააბრუნოს კიდეც თავის ადგილას.

რა ზიანი ადგება ამით თავად კლეპტომანს, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს მისი ფსიქიკისთვის ამასთან ბრძოლა?

კლეპტომანი შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეს, ან ასეთი პაციენტი სუიციდის მცდელობამდეც მივიდეს, რადგან თუ მას ფაქტზე დაიჭერენ, გამძაფრებული სირცხვილის გრძნობა ეუფლება. კლეპტომანს უფრო აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილ ადამიანებს შევადარებდი, რომლებმაც იციან, რომ აღარ უნდა ითამაშონ, მაგრამ ამას იმპულსურად აკეთებენ. კლეპტომანი ამ პრობლემას თავად ვერ გაუმკლავდება, ამიტომ მან აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს და ფსიქიატრს. თუ ოჯახის წევრს ან მეგობარს კლეპტომანია აქვს, ფრთხილად უნდა ესაუბრეთ მას ამ პრობლემის შესახებ, არ დაადანაშაულოთ იგი ამ ქურდობის გამო, რადგან კლეპტომანია მენტალური დაავადებაა და არა უბრალოდ ცუდი თვისება.

ამ დარღვევის სიმპტომები როგორია? როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ უკვე დროა სპეციალისტს მიმართოს, ან როგორ შეიძლება ამაში დაეხმარონ გარშემომყოფები?

კლეპტომანიის სიმპტომებია: გარკვეული ნივთების მოპარვის ძლიერი სურვილი, რომლებიც შესაძლოა არც იყოს საჭირო, დაძაბულობა, შფოთვა ან აღგზნება მოპარვის შემდეგ. მოპარვის დროს სიამოვნება, კმაყოფილება სირცხვილი ან შიშის გრძნობა მოპარვის შემდეგ დანაშაულის შეგრძნება, სინანული, სურვილის კვლავ დაბრუნება და კლეპტომანიის ციკლის განახლება. ზოგიერთი ადამიანი იმიტომ მიმართავს ექიმს, რომ უკვე დაიჭირეს ან მანამდე ყოფილა ციხეში კლეპტომანიის პრობლემის გამო.

როგორია კლეპტომანიის მკურნალობის პროცესი, რა სახის თერაპიები გამოიყენება ამ დროს?

დაპატიმრების შიშის ან სირცხვილის გრძნობის გამო კლეპტომანების უმრავლესობა არ იღებს მკურნალობას, მაგრამ ამ დროს აუცილებელია ექიმთან მიმართვა, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი უმეტესწილად არ შეატყობინებს პოლიციას თქვენი პრობლემის შესახებ, მკურნალობა კი კლეპტომანიის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ.

ყველაზე ალტერნატიული მეთოდი ფსიქოთერაპიაა, ასევე სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ხასიათის სტაბილიზატორები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: