გაყინული საინვესტიციო პროექტები

წლებია გაყინულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტი ბათუმში, რომლებსაც მთავრობა ინვესტიციის გარდა კონკრეტულ უბანში ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკავშირებდა. ზოგიერთმა ინვესტორმა დათქმული ვადის გაგრძელება რამდენჯერმე ითხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა მშენებლობა ნულოვან ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ გასცდა.

ამ საინვესტიციო წინადადებებს შორის არის ის პროექტები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებები წინა მთავრობამ გააფორმა, ახალმა მთავრობამ კი განაახლა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიების მეპატრონეებს ახალი ვადები მისცა, თუმცა უშედეგოდ. მათ შორისაა „Adog Georgia“. ამ კომპანიამ ბათუმის ცენტრში, გოგებაშვილის #10-12-ში მაღალი კლასის სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის პირობით 1621 კვ/მეტრი ფართობი 2011 წელს თუნუქით შემოღობა. აჭარის მთავრობასთან მაშინდელი შეთანხმების პირობებით „Adog Georgia“-ს 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ 40 თვეში უნდა აეშენებინა.

სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კომპანიას მინიმუმ 100 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. კომპანიამ სახელმწიფოსთან დადებული პირობა ვერ შეასრულა – შენობის მხოლოდ საძირკველი ჩაყარა, რომელიც დღეს წყლითაა სავსე, ხოლო ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს უკვე ხუთ წელზე მეტია რესტორან „სანაპიროს“ წინ თუნუქის ღობე ხვდებათ, რომელიც მზეზე ბრჭყვიალებს.

2014 წელს გაყინული „კუბთაუერის“ პროექტის გაგრძელების შესაძლებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით ბალაძემ საინვესტიციო წინადადებების წარდგენისას განაცხადა. მაშინ მინისტრმა თქვა, რომ ბათუმში შემოსვლას გეგმავდა მსოფლიო ბრენდი „Swiss Belhotel International“-ი, სასტუმროს მშენებლობის ადგილად გოგებაშვილის10-12, ხოლო მშენებელ კომპანიად „Adog Georgia“ დაასახელა. ამის შემდეგ `ბათუმელები~ კომპანიის დირექტორს მიხეილ ძოძუაშვილს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ მშენებლობა განახლდა და ახალი ვადების თანახმად, 2015 წლის მაისში დასრულდებოდა. ახალ მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ სამუშაოების გასაგრძელებლად „Adog Georgia“-მ შპს „ორბი“ დაიქირავა. ამ კომპანიის ტექნიკამ გოგებაშვილის 10-12-ში რამდენიმე დღე იმუშავა და შემდეგ სამშენებლო მოედანი დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დამკვეთის მხრიდან თანხის გადაუხდელობა გახდა.

ამ ამბავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს, ეს ერთადერთი ქონება არ არის, რომელიც წინა მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების მიზნით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაასხვისა, „Adog Georgia“-სთან ხელშეკრულებას [2010 წელს] მაშინდელი მინისტრის მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე აწერს ხელს [ქონების 1 ლარად გაცემის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდა]. შესაბამისად, გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მიიღო. ვარშალომიძე წლების შემდეგ ისევ ბათუმშია, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და საუბრობს პროექტებზე, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა.

ახსოვს თუ არა ლევან ვარშალომიძეს გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც სიმბოლურ ფასად გაყიდული ქონების მყიდველებმა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, ხოლო ამ ქონებას ქვეყანა ვერ იბრუნებს, რადგან სახელმწიფომ მათ [მესაკუთრეებს] საშუალება მისცა ქონება იპოთეკით დაეტვირთათ. ზოგიერთმა 1 ლარად მიღებული ქონება უკვე გაყიდა სოლიდურ ფასად. აღიარებს თუ არა ლევან ვარშალომიძე, რომ მისი ეს გადაწყვეტილებები იყო შეცდომა? _ ამ კითხვებზე „ბათუმელებმა“ მისგან პასუხი ვერ მიიღო. ის შეთანხმებულ დროს, შეთანხმებულ ინტერვიუზე არ მოვიდა.

სახელმწიფო აუდიტის 2014 წლის ანგარიშში კი აუდიტორი წერდა, რომ 2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, მთავრობა ვერ ახერხებდა 5 მილიონ 119 800 აშშ დოლარისა და 2 343 900 ლარის ღირებულების ქონების აჭარის მთავრობის საკუთრებაში დაბრუნებას. ამ მონაცემებში არ შედის ის კომპანიები, რომლებსაც მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სასამართლოში უჩივლა ან რომლებსაც ვადები გაუგრძელა, თუმცა მათ ვალდებულებები მაინც ვერ შეასრულეს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელებმა მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 2018 წლის თებერვლამდე სთხოვეს.

გოგებაშვილის #30-ში თუნუქის ღობით კიდევ ერთი დაწყებული და დაუსრულებელი პროექტია შემოღობილი. ამ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2522,27 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს აჭარის მთავრობამ პირობადებული აუქციონით შპს „არაი ჯორჯიას“ 3 მილიონ დოლარად, 60-ნომრიანი სასტუმროს და სამორინეს მშენებლობის პირობით მიჰყიდა. კომპანიას მშენებლობა 2010 წელს უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებით შესასრულებად ინვესტორს ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს. 2013 წლიდან კი ამ პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია „ქროსვეისს“ გადააბარეს და ვადა 2015 წლის მაისამდე მისცეს. ამ დროისთვის შენობის მხოლოდ სამი სართულია აშენებული, მშენებლობა კი გაჩერებულია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებულ პირობებზე სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს კომპანიასთან.

შპს „ქროსვეისი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წელს 442 500 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წელს 32 500 აშშ დოლარით დააჯარიმეს. საბოლოოდ კი, სულ ჯარიმის სახით კომპანიამ ბიუჯეტის სასარგებლოდ 415 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხისგან ინვესტორი აჭარის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გაათავისუფლა.

„ქროსვეისი“ 2010 წელსაა დაფუძნებული და დაარსებიდან დღემდე კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი თეიმურაზ უგულავაა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სასტუმროს გახსნის თარიღი ისევ გადაწია „აქტივ ბათუმმაც“, სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმებოდა. შენობაში ჯერ კიდევ მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს და არც სასტუმროს გახსნის თარიღია დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია.

ბათუმის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, #30-ში, გაჩერებულია „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობაც. „ბაბილონ თაუერის“ მშენებელმა კომპანია „თAM GEO-მ“ აჭარის მთავრობას მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით უკვე მესამედ მიმართა. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ ორ წელს ითხოვს.

სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის მთავრობამ 2014 წელს 10 ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. 1015 წელს, იმავე მიზეზით, მთავრობამ 11 კონტრაქტი გააუქმა. პირგასამტეხლოს დაკისრების ამოღების მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014-2015 წლებში სასამართლოს 13-ჯერ მიმართა.

დახოცილი თევზები ნურიგელის ტბაში [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურიგელის ტბაში, თევზები დაიხოცნენ.

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, თევზების დახოცვა უჟანგბადობითაა გამოწვეული და „აქამდეც არაერთხელ მომხდარა“.

ნურიგელის ტბაში ეკოსისტემა კარგა ხანია დარღვეულია. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ტბის აერაციის სისტემის შეძენას და დამონტაჟებას გეგმავდა, რაშიც 292 400 ლარს გადაიხდას აპირებდა. სააგენტოში მიიჩნევდნენ, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის აუცილებელია.

სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აერაციის სისტემა შეძენილია და მიმდინარეობს მისი მონტაჟი. სისტემის დამონტაჟება ოქტომბრამდე დასრულდება.

თევზაძის თქმით, აერაციის სისტემის დამონტაჟების გარდა ტბის მდგომარეობის გამოსასწორებლად დაგეგმილია რიგი ღონისძიებები:

„გაზაფხულისთვის გვექნება სრულიად ჯანსაღი ტბა“.

მკვდარი თევზები ტბის ზედაპირზე:

14374575_1110183975738643_1074254544_o

14329185_1110183979071976_709180813_o
14374585_1110174749072899_957287893_o
14407982_1110174865739554_1791005881_o

ტბაში თევზაობა აკრძალული იყო. ტბის პირას მდებარე ბანერი კი, რომელიც იტყობინებოდა თევზაობის აკრძალვის შესახებ, დღეს  ჩამოხეულია. სააგენტოში თქვეს, რომ განცხადებას ისევ გააკრავენ.

ნურიგელის ტბა / 18.09.2016 / ირმა დიმიტრაძის ფოტოები
ნურიგელის ტბა / 18.09.2016 / ირმა დიმიტრაძის ფოტოები

 

აჭარის ტელევიზია 42 ათას ლარად სტუდიებს განაახლებს

აჭარის ტელევიზია სტუდიებს განაახლებს. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ სარგებლობაში არსებული სატელევიზო სტუდიის მოწყობის სამუშაოებს, ტელევიზია, გამარტივებული ელექტრონული ტენრდერით, მაქსიმუმ 42 395 ლარად შეისყიდის.

სატელევიზო სტუდიების მოწყობის [დეკორაციული ] სამუშაოები ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N 41-ში მდებარე შენობაში ჩატარდება.

სატელევიზიო სტუდიებია: დილის გადაცემის,  პოლიტიკური თოქ-შოუს,   საინფორმაციო გამოშვების, სამედიცინო გადაცემისა და სპორტული გადაცემის სტუდია.

შესრულებულ სამუშაოზე ვრცელდება 1-წლიანი საგარანტიო ვადა. სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერი ხვალ, 19 სექტემბერს დასრულდება.

ასეთი უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის სტუდიები განახლების შემდეგ [ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან]:

დილის გადაცემის სტუდია
დილის გადაცემის სტუდია
პოლიტიკური თოქ-შოუს სტუდია
პოლიტიკური თოქ-შოუს სტუდია
საინფორმაციო გამოშვების სტუდია
საინფორმაციო გამოშვების სტუდია
სამედიცინო გადაცემის სტუდია
სამედიცინო გადაცემის სტუდია
სპორტული გადაცემის სტუდია
სპორტული გადაცემის სტუდია

 

რთველი კახეთში

საქართველოს მევენახეობის  მთავარ რეგიონში, კახეთში,  უახლოეს დღეებში რთველი  აქტიურ ფაზაში შევა. აგვისტოს ბოლოს, ყურძნის კრეფა ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. დღეისათვის, რთველის პროცესში ფაქტობრივად კახეთის მთელი რეგიონია ჩართული.

BESO3057

რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, თელავში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც სრულად მობილიზებულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსი. შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია, მათგან 30-ზე მეტი უკვე ჩართულია  ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მინისტრს ყურძნის გადამუშავების სტატისტიკა გააცნო. ლევან დავითაშვილმა და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ღვინის საწარმოებიც დაათვალიერეს და  ყურძნის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, რთველი ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნება.

„ისტორიულად რთველი ზეიმთან ასოცირდებოდა. იმედი გვაქვს, წლევანდელი რთველი ორგანიზებულად, წარმატებულად  წარიმართება და მევენახეებს ნამდვილად საზეიმო განწყობა ექნებათ. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი უახლოვდება  ძალიან აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს. ამისთვის სრულ მზადყოფნაშია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკური საშუალებები და ვფიქრობ, წლევანდელი რთველი შეუფერხებლად წარიმართება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კახეთის რეგიონში  წელსაც უხვ მოსავალს, სავარაუდოდ 200 ათას ტონამდე ელოდებიან. აქედან 134,3 ათას ტონამდე რქაწითელი იქნება, 54,4 ათას ტონამდე საფერავი და 4 ათას ტონამდე კახური მწვანე.

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  18,4 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი,  960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ერთ დღე-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,2  მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 123 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 34 ღვინის კომპანია, მათ შორის 8 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

რთველის პროცესში აქტიურად არის ჩართული „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვა.

„ჩვენმა ქარხანამ ყურძნის ჩაბარება 29 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის მიღებული გვაქვს 1900 ტონა. აქედან 1300 ტონა საფერავი, 600 ტონა რქაწითელი. მთლიანობაში ვგეგმავთ 5 ათასი წითელი, დაახლოებით 1000 ტონა თეთრი და 9 ათას ტონა საბრენდე ყურძნის გადამუშავებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გლეხი არ დავაყოვნოთ რიგში“ – აღნიშნა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარმა მეღვინემ ლევან ყანჩაველმა.

_MG_4781

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, გასული წლების მსგავსად, მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

„რთველი ფაქტობრივად დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და საღვინე მიმართულებით გადამუშავებულია მოსავლის დიდი ნაწილი.  ყურძენი სიმწიფეში შედის კახეთის დანარჩენ ზონებში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდება ყურძნის დამწიფებას და მზადაა მიღება-გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

საქართველოს მთავრობამ მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებითა და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში:

1 კგ. რქაწითელი- 45 თეთრი; 1 კგ. კახური მწვანე – 45 თეთრი; 1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;

გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

საქართველოს ხელისუფლებამ, 2013 წლიდან კახეთის რეგიონში განახორციელა წარმატებული პროგრამები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი რთველია.

2013-2014-2015 წლებში კახეთის რეგიონის მოსახლეობამ, ღვინის საწარმოებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით 400 მლნ-მდე ლარი მიიღო.

გასული წლების მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge, www.rtveli2016.gov.ge შეეძლება.დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

ბათუმში 25-მდე ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში შესახლდა

დღეს, ბათუმის პორტის მიმდებარედ არსებული ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის ტერიტორიაზე არსებული შენობა თვითნებურად დაიკავა 25-მდე ოჯახმა. მათი განმარტებით, უმრავლესობა ბათუმში ქირით ცხოვრობდა და ვეღარ შეძლო ქირის გადახდა, რის გამოც გადაწყვიტეს აღნიშნული შენობის თვითნებურად დაკავება.

„დილის 8 საათზე შემოვედით შენობაში, შემოსვლის მიზეზი არის ის, რაც ყველას გვაწუხებდა – ქირის გადასახადი! ვართ სოციალურად დაუცველები, სოციალური დახმარებით ქირის გადახდა ვეღარ შევძელით, მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით გამოვედით და შევსახლდით აღნიშნულ შენობაში, ეს არის ჩვენი  პროტესტის ერთგავრი ფორმა“, –  ამბობს ერთ-ერთი შესახლებული, ტარიელ მახარაძე.

შესახლებული ოჯახებიდან ერთ-ერთში, ცხოვრობს შეზღუდილი შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი. ოჯახის წევრის, ინგა გუკასიანის თქმით, ოჯახში სულ ოთხნი არიან: „მყავს შშმ ბავშვი, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა. ვცხოვრობდი ქირით. სოციალურ დახმარებას ვღებულობდი 250 ლარს, აღნიშნული  თანხით  ვეღარ შევძელით ქირის გადახდა. აქეთ საჭმლის ფული არ მრჩებოდა და ბავშვისთვის მედიკამენტების ყიდვაც მიჭირდა. ტელევიზიით ვნახეთ რომ მერია აძლევდა სოციალურად დაუცველებს ბინებს, მაგრამ როდესაც მერიაში მივედით და ვთხოვეთ დახმარება, უარი გვითხრეს“.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნული შენობა მერიის ბალანსზე არ ირიცხება. ამ დრომდე შესახლებულებთან შესახვედრად არავინ არ მისულა.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით შენობა და ტერიტორია, სადაც ეს შენობა დგას, 2012 წლის აგვისტოდან სახელმწიფოს საკუთრებაშია.

14360496_1184722918267566_1328599456_o
ბათუმის ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის შენობაში 25-მდე ოჯახი შესახლდა / როინ გუნდაძის ფოტოები

14393413_1184723024934222_305776164_o14360446_1184722934934231_593801479_o14393159_1184723028267555_1336049873_o

იარაღის საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი მესამე დღეა შიმშილობს

ბათუმში, 6 სექტემბერს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი მესამე დღეა შიმშილობს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც:

„ბრალდებულმა მ.ო-მა  შიმშილობა დაიწყო 15 სექტემბერს და დღესაც აგრძელებს. მ.ო. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია“, – ვკითხულობთ სამინისტროს პრესსამსაურის მიერ მოწოდებულ წერილში.

მინდია ოჯახიშვილი ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ქუთაისის მეორე საპყრობილეში. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, თავდაპირველად ოჯახიშვილს მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა პროკურატურა, ხოლო შემდგომ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაც დაემატა. მინდია ოჯახიშვილის ადვოკატი და ოჯახის წევრები თავიდანვე უარყოფდნენ დაკავებულის ბრალეულობას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. თავად მინდია ოჯახიშვილმა კი სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით იარაღი ჩაუდეს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფის ოჯახის წევრებმა, მისი განთავისუფლების მოთხოვნით, დღეს, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. პატიმრის დედამ, თინა დოლიძემ განაცხადა,  რომ მალე თავადაც დაიწყებს შიმშილობას, თუ კი ოჯახიშვილს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ. საპროტესტო აქცია მინდია ოჯახიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 10 სექტემბერსაც გაიმართა. 

ნათელაშვილი: ჩამოვედით და მზემაც გამოანათა, წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, როგორი მზე გამოანათებს

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს შეხვდა.

„აი, ჩამოვედით და მზემაც გამოანათა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, როგორი მზე გამოანათებს საქართველოსთვის და როგორი გამარჯვების ვარსკვლავი აიწევა ზეცაში და ეს აუცილებლად ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენ 8 ოქტომბერს და ისტორიულ მოუსავლეთზე გავუშვათ ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი. ამის მაგალითს სრულიად საქართველო ელოდება ჩვენი უსაყვარლესი აჭარისაგან, იმ აჭარისაგან, რომელიც 300 წელი წასული იყო დედასამშობლოდან დამპყრობელთა კლანჭებში და დაბრუნდა უფრო ქართველი და უფრო დიდი ქართველი… არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ, აი, ვთქვათ, გერმანიას დაეკარგა რამე ტერიტორია და მერე დაბრუნებულიყო უფრო გერმანული, ვიდრე, ვთქვათ, იქ დამხვედრი მოსახლეობა და ხალხი“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

მისივე თქმით, ეს პრეცედენტი აჭარამ შექმნა და „სწორედ აჭარამ – ბათუმმა, ქობულეთმა, ხულომ, ხელვაჩაურმა, ქედამ, არ უნდა აპატიოს მატყუარა და ცრუპენტელა ბიძინა ივანიშვილს ის ტყუილები, ის გადაგდებები, რაც მან იკადრა უფასო ფულზე, დაბალპროცენტიან კრედიტებზე, იპოთეკარებზე, მაღალ პენსიებზე, სამუშაო ადგილებზე, განახევრებულ ტარიფებზე და კომუნალურ გადასახადებზე, საოცნებო და საოცარ, აყვავებულ ქვეყანაზე“.

„ეს ყველაფერი მან მოგვატყუა, მან ჩაიდინა ათასწლოვანი თაღლითობა და ეს თაღლითობა უნდა დამთავრდეს მისი საბრალდებო სკამზე დაჯდომით… ამიტომ, 8 ოქტომბერს პირველ განაჩენს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ველოდებით ბათუმიდან, აჭარიდან, თქვენ გენაცვალეთ“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე:

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე 15-ვე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია 

მაჟორიტარი კანდიდატები უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში

„განათლებით დამძიმებული თავები“ და განათლების პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ხვდება ჟურნალისტებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, „რესპუბლიკელების“ კრიტიკის დროს განაცხადა, რომ ისინი „განათლებით დამძიმებული თავებით, ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ, რომ „ილია არცთუ ისე კარგი კაცია“, რომ „ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდია“, რასაც საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს“. რას ნიშნავს ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პირის მხრიდან განათლების უარყოფით კონტექსტში გამოყენება და როგორია ივანიშვილის მიერ დაარსებული მმართველი პარტიის განათლების პოლიტიკა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა. 

ბატონო სიმონ, როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა განათლება უარყოფით კონტექსტში და არის თუ არა ეს ირიბი პროპაგანდა იმის, რომ განათლებული ადამიანი ქვეყნისთვის სახიფათოა? 

საქართველოში, ზოგადად, პოლიტიკა არის ანტიინტელექტუალური, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რასაც ინტელექტუალური ადამიანები ამბობენ, ყოველთვის ჭკვიანურია. განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანს შორის ის განსხვავებაა, რომ განათლებულ ადამიანს მეტ რაღაცაზე აქვს ეჭვი, ნაკლებად ხისტი პოზიცია აქვს და შეუძლია იმსჯელოს, როცა გაუნათლებელ ადამიანებს უფრო მეტი პასუხები აქვთ, ვიდრე კითხვები.
აი, ეს არის პრობლემა. ამიტომ, საკმარისია ადამიანმა კითხვა დასვას კერპის შესახებ, რომელსაც გაუნათლებელი საზოგადოების ნაწილი აღიარებს უპირობოდ და მაშინვე ჩნდება კითხვა, რომ ეს ადამიანი ხომ არ არის არაპატრიოტი?

აზროვნება მიიჩნევა არაპატრიოტულად დიდი ხანია და გარკვეული კონტექსტები მოქმედებს ამაზე.

ვანიშვილმა ასევე თქვა, რომ „განათლებით დამძიმებულ თავებს საზოგადოება ადეკვატურად პასუხობს“, ანუ ისინი არ მოსწონთო. ეს რას ნიშნავს?

საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკრიტიკოდ იღებს ბევრ კლიშეს, დოგმას, ჩვენი კულტურის, ისტორიის შესახებ და ნებისმიერი გადახვევა ოფიციალური ვერსიისგან, ღალატად აღიქმება. ეს არაადეკვატურია თანამედროვე საზოგადოებისთვის. ადეკვატური იქნებოდა ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მიმართ, რომელიც გვეხმარება აზრის ჩამოყალიბებაში. როგორ უნდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, თუ ღია ალტერნატივებს ვერ დავინახავ. რაც შეეხება ივანიშვილს, ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სიმართლესთან ახლოს არის თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

პოლიტიკური სარჩული გასაგებია, მაგრამ ამით ის არ ახდენს განათლებული საზოგადოების, ზოგადად განათლების იდეის დისკრედიტაციას?

ამ განცხადებით ნაკლებად, მაგრამ განათლების დისკრედიტაცია მაშინ ხდება, როცა საუბარია იმაზე, რომ იმარჯვებს ის, ვისაც უფრო მაგარი კუნთები აქვს. ის, ერთი მხრივ, მსგავსი ტერმინებით საუბრობს, მეორე მხრივ კი, ცდილობს სწორედ განათლებული ადამიანები მოიყვანოს თავისი პარტიის რიგებში. საარჩევნო სიის ათეულში სწორედ იმაზეა აქცენტი გაკეთებული, ვის ჰქონდა ჰარვარდი [უნივერსიტეტი] დამთავრებული ან ვიღაც მოაზროვნეთა კლუბშია. განათლების დისკრედიტაცია იმით უფრო ხდება, როცა მინისტრი ამბობს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც გამოცდას ვერ აბარებენ, მაინც მაღალი კვალიფიკაციის არიან. ამით არა მარტო მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია ხდება, არამედ მთელი საგანმანათლებლო სისტემის.

როცა ის საუბრობს „განათლებით დამძიმებულ თავებზე“ უარყოფით კონტექსტში, ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეიძლება ჰქონდეს პირადი კომპლექსები განათლებულ ადამიანებთან მიმართებაში, თუ შეიძლება განვიხილოთ როგორც გაუაზრებელი განცხადება?

ფაქტია, რომ ივანიშვილის მიღწევები არ არის დაკავშირებული განათლებასთან, მაგრამ იცის როგორია კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოების განწყობა და ცდილობს ამ განწყობაზე ითამაშოს. ანუ მიზანია, რომ თავისი მოწინააღმდეგეები დაამციროს. ფაქტია, რომ ის არ არის ადამიანი, რომელმაც იფიქრა, რაღაც ისწავლა და ამიტომ არის წარმატებული. ხშირად ასეთი ადამიანები უფრო ქედმაღლურად უყურებენ სხვებს, რომლებიც აკრიტიკებენ მას, ვთქვათ, გაუნათლებლობის თუ გულუბრყვილო იდეების გამო.

მმართველ პარტიაზე ივანიშვილის გავლენა დიდია. თქვენი აზრით, მისი შეფასებები სამინისტროს პოლიტიკაზე აისახება თუ არა?

ხელისუფლების გზავნილები განათლების მიმართ ბევრნაირია, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი. არის საუბარი სხვადასხვა პროგრამაზე, თუმცა, ზოგადად, განათლების პოლიტიკა ძალიან სუსტია. მათი საარჩევნო გზავნილები ორიენტირებულია არჩევნების მოგებაზე და არა განათლების პრობლემების გაანალიზებაზე. ისინი განათლების სფეროში დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ არ შეექმნებათ პრობლემები იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცუდად იმუშავებენ. ეს არის გულის მოგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა რეალური პრობლემების გადაჭრაზე.

ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იწონებს თავს იმით, რომ დაუშურებლად ხარჯავს მილიონებს ქველმოქმედებაში, წლობით აფინანსებდა პარტიებს, ე.წ. რჩეულ ინტელიგენციას და ა.შ. მაგრამ არასდროს მოუწონებია თავი იმით, რომ, ვთქვათ, ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლა დააფინანსა, თუ არ ჩავთვლით მის დაინტერესებას ტექნოლოგიური უნივერსიტეტით. თქვენ თუ გახსენდებათ მისი მნიშვნელოვანი აქტივობა განათლებასთან დაკავშირებით? 

ოლიმპიადები ჩაატარა შარშან, მისი პრემიერობის დროს გადაწყდა სამეცნიერო ხარისხების დაფინანსება, ანუ რაღაც ინიციატივები იყო. თავის დროზე აფინანსებდა განათლებას, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მაგალითად, საჩხერეში ყველა მასწავლებელს უხდიდა დანამატს.

ეს იმიტომ ხომ არა, რომ, ვთქვათ, მაშინაც კონკრეტული ჯგუფის მომადლიერებაზე იყო ორიენტირებული და არა განათლების ხელშეწყობაზე? 

საჩხერის შემთხვევაში კი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს მისი დაფინანსება იყო, მაგრამ სკოლების რემონტები, ინვენტარის შეძენა და ა.შ. არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. მაშინ არ იყო ეს პიარისთვის გაკეთებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემონტებაც კარგი საქმეა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა ხელისუფლებაში მოვიდა, უკვე სისტემების გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა, რაც არ გაკეთებულა.

როცა შენი სახელმწიფო გაიძულებს ქვეყნის დატოვებას

„დატოვე ქვეყანა! თუ არ წახვალ, იარაღს ჩაგიდებთ“, – ეს ფრაზა გიორგი ბერიძეს უცნობმა პირმა უთხრა. ის არ არის ერთადერთი მოქალაქე, ვინც ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის დატოვებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აიძულებენ. რამდენიმე დღის წინ დაკავებულმა და ნაცემმა მინდია ოჯახიშვილმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან უცნობი პირის იგივე გზავნილი გააჟღერა – „დატოვე ქვეყანა!…“ მინდია პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დააკავა.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისთვის მიწერილ წერილში გიორგი ბერიძე წერს: „მუქარის შემდეგ იძულებული გავხდი 10 აგვისტოს დამეტოვებინა საქართველო და გავმგზავრებულიყავი უკრაინაში. 3 სექტემებრს, ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო, იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი საქართველოში. როგორც ჩანს, ჩემი დაბრუნების შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის და 5 სექტემბერს საცხოვრებელ ადგილას კვლავ მოვიდა ჩემთვის უცნობი პირი, რომელმაც განმიცხადა, რომ ჩემი ყოფნა ბათუმში იყო დაუშვებელი. ამიტომ მაძლევდნენ ვადას, რა პერიოდშიც უნდა დამეტოვებინა საქართველო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუქარას აასრულებდნენ – ჩამიდებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და რამდენიმე წელი გამომკეტავდნენ ციხეში…“

„მეთოდი, როდესაც სამართალდამაცვი ორგანოს წარმომადგენლები აიძულებენ მათთვის არასასურველ ადამიანებს დატოვონ ქვეყანა, არ არის უცხო. ამას აქტიურად იყენებდა წინა ხელისუფლება. ამ მეთოდს მიმართეს მოქმედი ხელისუფლების პირებმაც,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ გიორგი ბერიძეს მართლაც აიძულებენ ქვეყნის დატოვებას. იგი 2014 წლის 8 დეკემბერს იხსენებს, როცა სარფის საბაჟო პუნქტზე შემოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

„მაშინაც იძულებით ვიყავი წასული ქვეყნიდან და უკან ვბრუნდებოდი“, – გვიყვება გიორგი ბერიძე: „2014 წლის აგვისტოში ნარკოლოგიურ შემოწმებისთვის ამიყვანეს. არაფერი აღმომაჩნდა. პოლიციის შენობაში შემხვდა პირი, რომელიც მაღალჩინოსანი იყო და ლევან ხარაბაძის სახელით გამეცნო. მითხრა, რომ ჩემთვისვე აჯობებდა, თუ დავტოვებდი ქვეყანას. უკრაინაში 21 აგვისტოს წავედი და 7 სექტემბერს დავბრუნდი. აეროპორტში შემოსვლის საშუალება არ მომცეს. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მანქანაში იძულებით ჩამსვეს და თურქეთში გადამიყვანეს. თურქეთიდან ვბრუნდებოდი დეკემბერში, როცა უკვე წინასწარ გაფრთხილებული მყავდა საია და სახალხო დამცველიც… ხმაურს მოერიდნენ და შემომიშვეს. არც მაშინ და არც ახლა ჩემ წინააღმდეგ არ მიმდინარეობს არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა“.

„2013 წლიდან 5 საქმეა ასეთი. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ,“ – ამბობს ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. ომბუდსმენის ბათუმის ფილიალში გვითხრეს, რომ წელს ორი მოქალაქე მივიდა მათთან ანალოგიური ისტორიით, თუმცა მათ განაცხადი არ დაუწერიათ გარკვეული მიზეზების გამო და საქმის წარმოება არ დაწყებულა. დაფიქსირებულ შემთხვევებზე კი, ომბუდსმენის აპარატისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში წერილები შესულა. „რა თქმა უნდა, უარყვეს. ჩვენც მონაყოლის გარდა, არსებითი მტკიცებულება არ გვქონდა, რომ სხვა მხრივ მოგვეხდინა რეაგირება. უფრო პრევენციის მიზანი აქვს ჩვენს ჩართულობას ამ პროცესში… მოქალაქეებს, ვინც მოგვმართა, არ დაუტოვებიათ ქვეყანა. ისინი არც პასუხისგებაში მიუციათ. ერთი შემთხვევა იყო შარშან, როცა მამა ამბობდა, რომ მის შვილს უკვე აიძულეს ქვეყნის დატოვება,“ – განმარტავს ნათია კაციტაძე.
ომბუდსმენის აპარატმა უკვე დაიწყო საქმის წარმოება მინდია ოჯახიშვილის შემთხვევაზე, რომელიც ბათუმში 6 სექტემბერს, ღამით დააკავეს. დაკავებულს თვალისა და მუხლის არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და მის მიღებაზე დროებითი მოთავსების იზოლატორმა უარი თქვა. მინდია ოჯახიშვილს იზოლატორში მოთავსებამდე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში უმკურნალეს.
„ჩემი შვილისგან ვიცი, ეუბნებოდნენ, ქვეყანა უნდა დატოვოო. რატომ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, როცა რამე დანაშაული არ ჩაუდენია? სპორტსმენი იყო და ცხოვრობდა თავის ქვეყანაში,“ – გვითხრა მინდიას მამამ, ნუგზარ ოჯახიშვილმა.

მინდია ოჯახიშვილი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა გიორგი ბერიძისგან განსხვავებით, რომელიც წარსულში იარაღის უკანონო ტარებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის იხდიდა სასჯელს. მოქალაქეების უმეტესობა, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, ასევე ნასამართლევია ქურდული სამყაროს წევრობისთვის.
„ქურდული სამყაროს წევრობა არ მიღიარებია. სასამართლოში მეუბნებოდნენ, რომ ვარ „ლავასოღლის“ [კანონიერი ქურდი] შვილის ნათლია და ბიძაჩემი კანონიერი ქურდია. ახლობლობა და ნათესაობა მგონი არ ნიშნავს ქურდობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ბერიძე.

თუკი ადამიანი ქურდული სამყაროს წევრობისთვის იხდიდა სასჯელს და შესაძლოა, დღესაც ჰქონდეს გავლენა ამ კუთხით, რამდენად სამართლიანი და ადეკვატურია ქვეყნის დატოვების მოთხოვნა? – კითხვა სახალხო დამცველის მოადგილეს დავუსვით. ნათია კაციტაძემ გვითხრა, რომ ეს არ არის გამართლებული: „თუკი საგამოძიებო ორგანოს აქვს ინფორმაცია და მტკიცებულება, მას აქვს მთელი რიგი მექანიზმები, რომ ეს გამოიძიოს. თუ ადამიანი დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს. ქვეყნის დატოვების მოთხოვნა დაუშვებელია“.

„თუ პირი ჩადის დანაშაულს, ვალდებული ხარ იგი დააკავო. თუ მას ჰიპოთეტური შიშის გამო აძევებ ქვეყნიდან, გამოდის, რომ შენ, სახელმწიფო, ჩადიხარ დანაშაულს,“ – მიიჩნევს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომა სახელმწიფო ბიუროკრატიის რღვევას იწვევს და საზოგადოების ნიჰილისტურ დამოკიდებულებას: „ამიტომაც არის, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ უფრო ხშირად გვხვდება უნდობლობა, ვიდრე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ“.

„საქართველოს კონსტიტუციის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს ქვეყანაში. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

უგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში – როგორ გააჩუმეს სამართალდამცველებმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი

2010 წლიდან დღემდე საქართველოში 1264 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. სტატისტიკა „ბათუმელებს“ შს სამინისტრომ მიაწოდა. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი დარეჯან დიასამიძეა. 17 წლის გოგო ზუსტად სამი წლის წინ გაუჩინარდა. ის ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობდა. დაკარგულის მამა ამბობს, რომ ერთ დღეს ის მეუღლესთან ერთად გამომძიებლებმა კახეთში წაიყვანეს…

117884
დარეჯან დიასამიძე

„გაუჩინარებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ახალი წელი დგებოდა, მაშინდელმა პროკურორმა სიმონ გოგილაშვილმა და პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერი თელიამ დაგვიბარეს,“ – გვიყვება ამირან დიასამიძე. პოლიციის სამმართველოში დაკარგული დარეჯანის მამა ცოლთან ერთად მისულა: „გვითხრეს, თელავში გავაგზავნეთ თქვენი გოგოს ფოტოსურათი და ერთ-ერთმა ექიმმა დაგვიდასტურა, ეს გოგო იყო მოსული, აბორტის გაკეთებას ითხოვდა და გარეთ წვერებიანი მამაკაცი ელოდაო. კახეთში გამომძიებლები უშანგი მიქელაძე და ზვიად ქედელიძე გაგვყვნენ.იმ ექიმს ჩვენც ვაჩვენეთ დარეჯანის რამდენიმე ფოტო. არც დაუხედავს ისე გვითხრა, კი, ეს გოგო იყო ნამდვილადო, აბორტზე უარი ვუთხარით და მალე წავიდა, რადგან პასპორტი არ ჰქონდაო. ვითხოვე, იქნებ ვიდეოთვალის ჩანაწერი გვაჩვენოთ-მეთქი, მაგრამ არ მუშაობსო, ასე გვითხრეს. მაშინვე მივხვდით, რომ შეთხზული ამბავი იყო ეს“.

ამირან დიასამიძის მიერ დასახელებული პირები სამართალდამცავ უწყებაში აღარ მუშაობენ. ვალერი თელია უცხოეთშია, სიმონ გოგილაშვილი კი ადვოკატად მუშაობს. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„მართალია, ამ საქმის გამომძიებელი აღარ ვარ, მაგრამ რადგან ძიება არ დასრულებულა, არ შემიძლია დავადასტურო ფაქტი, რაზეც ბატონი ამირანი საუბრობს. ის მამაა და უნდა დავუჯეროთ,“ – გვითხრა უშანგი მიქელაძემ, რომელიც დარეჯან დიასამიძის საქმეს იძიებდა და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

ამირან დიასამიძეს აღარ სჯერა, რომ სამართალდამცველები მისი შვილის დაკარგვის ამბავს რეალურად იძიებენ: „იმდენჯერ შეცვალეს პროკურორი და გამომძიებელიც, აღარ ვიცი უკვე, ვინმე თუ იძიებს რამეს. დაზარალებულის სტატუსიც არ მომანიჭეს, რომ საქმის მასალებს გავეცნო. ერთი კაცი დაიწყებს ძიებას, ცოტა ხანში, როცა საქმის მოსაკითხად დავრეკავ, სხვაა უკვე გამომძიებელი. ახლა უჩა კახიძესთანაა საქმე. მითხრა, თუ რამე გაიგოთ, შეგვატყობინეო. რამე თუ გავიგე, კიდევ იქ მივალ?“

ამირან დიასამიძის თქმით, გამოძიებას არც კომახიძის ქუჩის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოუღია, საიდანაც დარეჯანის მობილურზე ბოლო ზარი განხორციელდა: „7 აგვისტოს, როცა გოგო არ გამოჩნდა, ვრეკავდი მის ტელეფონზე. ზარი არ გადიოდა. მხოლოდ 5 წუთით ჩაირთო ტელეფონი საღამოსკენ. ზარი გავიდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. რამდენიმე დღეში ამოიღეს ამონაწერი სატელეფონო ქსელიდან. გამოჩნდა, რომ კომახიძეზე იყო ტელეფონი იმ დღეს, როცა ჩემგან ზარი გავიდა“.

„ყველაფერი ჩატარდა, რაც შესაძლებელია და ყველაფერი კეთდება. ძიება გრძელდება, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ შავაძემ, რომელიც ამჟამად დარეჯან დიასამიძის გაუჩინარების საქმეზე ზედამხედველი პროკურორია.

დარეჯან დიასამიძე 2013 წლის 7 აგვისტოს გაუჩინარდა. მე-12 კლასის მოსწავლე ღამით ბიძის ოჯახში დარჩა. დილით სახლში ბრუნდებოდა. ის დაახლოებით ერთკილომეტრიან გზაზე, სოფლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთში დაიკარგა. „მჯერა, რომ ცოცხალია. აუცილებლად ვნახავ. მალე 20 წლის გახდება. ოქტომბერში აქვს დაბადების დღე…“ – გვითხრა ამირან დიასამიძემ.

დარეჯან დიასამიძის გარდა, დღევანდელი მონაცემებით, შსს კიდევ 365 პირს ეძებს საქართველოში. 1264 უგზო-უკვლოდ დაკარგულიდან [კანონმდებლობის მიხედვით, ეს სტატუსი ენიჭება ადამიანს გაუჩინარებიდან ორი წლის შემდეგ] 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი.

საგანგაშოა ბავშვების უგზო-უკვლოდ დაკარგვის მაჩვენებელი – 2010 წლიდან დღემდე 16 წლის ან ამ ასაკს მიუღწეველი 147 პირი გაუჩინარებულა. ამათგან შვიდს დღემდე ეძებენ, 2 არასრულწლოვნის გვამი იპოვეს, ხოლო 138 გამოჩნდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ადამიანები იკარგებიან. 2010 წლიდან დღემდე სულ 490 ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ამათგან 182-ის ძებნა დღემდე გრძელდება.

2006 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარებისგან დასაცავად. საქართველო ამ კონვენციას დღემდე არ მიერთებია. ექსპერტების განმარტებით, კონვენციაზე მიერთება ხელს შეუწყობდა საკანონმდებლო სივრცის დახვეწას ამ კუთხით: ტერმინს – „გაუჩინარება“ არ ცნობს საქართველოს სისხლის სამართალი, დაკარგულის ოჯახის წევრს დაზარალებულის სტატუსი ენიჭება. ამ თემაზე დღემდე საქართველოში არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.

მხოლოდ ომებსა და სამხედრო კონფლიქტებში დაკარგულთა ოჯახებთან მუშაობს საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. სხვადასხვა პროგრამით „წითელი ჯვარი“ ცდილობს გაუჩინარებული ოჯახების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის პროგრამაც დაფინანსდა, სადაც 1850 ოჯახი იყო ჩართული. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტმა, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობით, 30 აგვისტოს ბათუმშიც აღნიშნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე.

ბათუმის მერია წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფო გოგუას ოჯახს დაეხმარება

დღეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N70 – ში მცხოვრებ სოფო გოგუას  საცხოვრებელ  სახლში, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩავიდა, რის შედეგადაც  მისივე თქმით, გადაიწვა ტელევიზორი და დაზიანდა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

სოფო გოგუას ბათუმის მერიაში ჯერ კიდევ იანვრის თვეში ჰქონდა განცხადება შეტანილი, დაზიანებული სახურავის შეკეთების გამო, თუმცა მას მხოლოდ დღეს დაუკავშირდნენ და სახურავის შეკეთებას შეჰპირდნენ, იქამდე კი დროებითი საცხოვრებელი ფართის, ქირის ფულით დააფინანსებენ

სოფო გოგუას 5 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, მათ შორის ყველაზე უმცროსი 10 თვისაა – „ჩამომივიდა წყალი, გადამეწვა ტელევიზორი, დამისველდა საწოლებიც და ტანსაცმელი, სამზარეულოში როგორც გარეთ ისე წვიმს, ფონდი იალქანი გვეხმარება ხოლმე, მერიას აქამდეც მივმართეთ დაზიანებული სახურავის გამო, მაგრამ ჯერ არ დაგვხმარებია. დღეს დამირეკეს თქვენი ზარის შემდეგ და მითხრეს რომ სადმე ნახეთ საცხოვრებელი სახლი 3-4 დღით და ქირის ფულს ჩვენ გადაგიხდითო, მანამდე კი თქვენი სახლის სახურავს შევაკეთებთო” – თქვა სოფო გოგუამ.

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის  სოფიო მიქელაძის განმარტებით,  სოფო გოგუამ განცხადებით, იანვრის თვეში,  ა(ა)იპ “ბათუმის კორპუსს” მიმართა, თუმცა ეს საკითხი “ბათუმის კორპუსის” კომპეტენციაში არ შედის – „ბათუმის კორპუსმა მათ უარი იმის გამო უთხრა, რომ ის ვერ ეხმარება კერძო საკუთრებაში მცხოვრებლებს, ამისთვის მან ბათუმის მერს უნდა მიმართოს“ – თქვა სოფო მიქელაძემ.

 

 

ძლიერი წვიმის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს

ცოტა ხნის წინ, ბათუმის მერიამ, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩის დატბორვასთან დაკავშრებით, განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.

ბათუმის მერიის ბოლო მონაცემებით, შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა.
ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. რეგულარულ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში. ამ დროისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებს.
ქალაქის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 24 22 22.

 

“არმინდოდა”, “მეწყინა” და სხვა სახელები ქალებისთვის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 31 ადამიანს ჰქვია “არმინდა”, მათ შორის 30 ქალია. “მეწყინა” ჰქვია 17 ადამიანს და 17-ვე ქალია; “ვაკონა” (მეგრულად – არ უნდათ) ჰქვია 77 ადამიანს, მათგან 74 ქალია; “არმინდოდა” ჰქვია ერთ ქალს; 24 ადამიანია რეგისტრირებული სახელით “გულსარა” – ყველა მათგანი ქალია; სამ ადამიანს ჰქვია “კმარა” – ყველა მათგანი ქალია; ასევე, 12 ადამიანს ჰქვია “სევდაგული” და 12-ივე მათგანი არის ქალი.

ორგანიზაციის – “ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” გენდერის სპეციალისტის, იდა ბახტურიძის შეფასებით, სელექციურ აბორტს გადარჩენილი გოგონების სახელები ყველაზე ცხადად აჩვენებს იმას, რომ ჩვენს კულტურას მიზოგინია (ქალთმოძულეობა) ახასიათებს.

„ამ სახელებით ერთი შეხედვითაც მარტივად იკითხება ის სიძულვილი, რაც ამ კულტურას ახასიათებს ქალების მიმართ.

არსებულ ბაზაში სულ რამდენიმე სახელი ჩავწერე ჩემი ინიციტივით და აღმოჩნდა, რომ ის გოგონები, რომლებიც დაიბადნენ იმისდა მიუხედავად, უნდოდათ მათი გაჩენა მშობლებს თუ არა, მაინც ვერ გადაურჩნენ იმ ნეგატივს, რაც მათ დაბადებას მოჰყვა და წესით, ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან, ე.წ. დამღის სახით დარჩათ ისეთი სახელი, როგორიცაა, მაგალითად, “მეწყინა”. ცხადია, ეს შემთხვევით არ ხდება და ამას უფრო სიღრმისეული კვლევა სჭირდება.

ფაქტია, რომ სულ სხვა ვითარება გვაქვს ბიჭების შემთხვევაში. როცა კაცის სახელებში არსებობს – “შენგელი”, “გელოდი” და ა.შ. შინაარსობრივად ძალიან ადვილია ამოიცნო ის განწყობები, რაც ოჯახებში არსებობს ამა თუ იმ სქესის მიმართ”, – ამბობს იდა ბახტურიძე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ბიჭებთან მიმართებაში მართლაც უფრო პოზიტიური განწყობის გამომხატველი სახელები გვხვდება. მაგალითად, მიმდინარე სტატისტიკით, საქართველოში 219 ადამიანს ჰქვია “გელოდი”, მათგან 218 ბიჭია, “მოგელი” ჰქვია 241 ადამიანს, მათგან 236 კაცია, “მოგელი” ჰქვია 46 ადამიანს და ყველა მათგანი კაცია; სახელი “შენგელი” ჰქვია 263 ადამიანს, რომელთაგან 260 ბიჭია, “შენგელ” ჰქვია შვიდ ადამიანს და ყველა მათგანი ბიჭია.

“არასასურველი” გოგონებისთვის სახელები არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაშია გავრცელებული, რასაც აზერბაიჯანული ონლაინჟურნალის ფოხზყ.აზ-ის რედაქტორი ხაიალა მამედოვა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს უკავშირებს:

„აზერბაიჯანში არის, მაგალითად, სახელი Kifayet Besdi, რაც ნიშნავს – “საკმარისია”. უფრო ძველ დროს არქმევდნენ გოგონებს ასე, ახლა შედარებით უფრო იშვიათია, უფრო რეგიონებშია შემორჩენილი”, – ამბობს ის.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანში, ისევე როგორც დანარჩენ სამხრეთ კავკასიაში, საზოგადოებას აქვს დამოკიდებულება, რომ ბიჭი შვილი აუცილებელია ოჯახში, რადგან გოგონა არ ითვლება თაობის გამგრძელებლად.

ანალოგიურ პრაქტიკაზე საუბრობს ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტი სომხეთიდან ფარანძემ ჰოვანესიანი:

“ჩვენთანაც არსებობს ქალის სახელი “Bavakan”, რაც სომხურად ნიშნავს “საკმარისია”. ისტორიაც მახსენდება, როცა ერთ ოჯახში ბიჭის მოლოდინში მერვე გოგო დაიბადა და მას სწორედ ასე დაარქვეს. ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ მშობლები იმეტებენ შვილებისთვის ასეთ სახელებს”, – ამბობს ის.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სელექციური აბორტების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

გაეროს მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აზერბაიჯანში ყოველ 100 გოგოზე 116 ბიჭი იბადება, სომხეთში ყოველ 100 გოგოზე 114 ბიჭი, საქართველოში კი ყოველ 100 გოგოზე -113 ბიჭი. ამავე დროს, UNEFPA ცნობით, საქართველოში ბოლო წლებში დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის კლების ტენდენცია აღინიშნება. ბოლო მონაცემებით, ამჟამად იგი 1.10-ზე ნაკლებია, ანუ ყოველ 100 გოგონაზე – 110 ვაჟი იბადება, რაც მიუთითებს, რომ ეს ნიშნული ნორმალურ ზღვარს (100 გოგოზე 105- ბიჭს) უახლოვდება.

2015 წელს საქართველოში 28 347 გოგო და 30 902 ანუ 2555-ით მეტი ბიჭი დაიბადა. საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე დაბადებული ბიჭებისა და გოგონების რაოდენობა რომ შევადაროთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში 272 320 გოგო და 300 096, ანუ 27 776-ით მეტი ბიჭი დაიბადა.

UNFPA-ს იმავე კვლევის მიხედვითვე, საქართველოში ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახების 46%-ს უპირატესობას ბიჭს ანიჭებს. ქალების 9% კი ამბობს, რომ სქესის შერჩევის მიზნით აბორტი გაუკეთებია, შერჩევითი აბორტები ძირითადად მდედრობითი სქესის ნაყოფზე ორსულობის შესაწყვეტად გამოიყენება.

გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] მიერ, 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, ქართულ საზოგადოებაში ვაჟის მიმართ პრეფერენციას განაპირობებს ის, რომ ბიჭი გვარის გამგრძელებელია. ამავე დროს, მოიაზრება, რომ ვაჟი ოჯახში რჩება და ამდენად მას აქვს მშობლების მოვლის, მათი ფინანსურად შენახვის ვალდებულება მოხუცებულობის დროს.

იდა ბახტურიძე ამბობს, რომ კულტურისთვის მახასიათებელი დისკრიმინაციული დამოკიდებულება, სახელების გარდა, ხშირად ვლინდება ენაშიც, თუნდაც ისეთი სახელებით, როგორიცაა „სუსტი სქესი” და სხვა:

“მაგალითად ტერმინი “გათხოვება”, რომელიც იმდენად გამჯდარია ცნობიერებაში, რომ არც ექცევა ყურადღება, რა მნიშვნელობა აქვს მას. ამ ტერმინში არ ჩანს ადამიანის პერსონალური სურვილი, მას ათხოვებენ, ის არ არის სუბიექტი, ქალი გადადის ერთი ხელიდან მეორე ხელში, როცა ამ დროს კაცი – ქორწინდება. ასევეა სექსის აღმნიშვნელ სიტყვებში, მაგალითად – “იხმარა”, რომელსაც ხშირად ამბობენ ქალებზე, თითქოს სექსში ქალი მოხმარების ობიექტია და არა სრულფასოვანი პარტნიორი, აქაც სუბიექტი არის მარტო კაცი”.

აჭარის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, 16 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  12:00-დან 17:00 საათამდე,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიქარეულში, მასაურსა და წინსვლაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდბა 250 აბონენტს.

19 სექტემბერს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება 1730 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში – წონიარისი, ცხმორისი და დანდალო.

10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება ბათუმში მცხოვრებ 7577 აბონენტს – ურეხის დასახლებაში, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, ორბელიანის, აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძის, პუშკინის, ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩებზე.

20 სექტემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1774 აბონენტს ქობულეთის რაიონის სოფლებში – საჩინო და ციხისძირი,  11:00-დან 18:00 საათამდე კი 343 აბონენტს ქედის რაიონის  სოფლებში ვარჯანისი, აბუქეთა, წონიარისი, კანტაური და ტაკიძეები.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ქსელების სარეაბილიტაციო  სამუშაოებს უკავშირდება.

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ჭავჭავაძის ქუჩა ბათუმში [ვიდეო]

ჭავჭავაძის ქუჩა

ჭავჭავაძის ქუჩა

 

ამავე თემაზე:

ბათუმის დატბორილი ქუჩები [ფოტო]

ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა კვლავ დაიტბორა [ვიდეო]

ბათუმის დატბორილი ქუჩები [ფოტო]

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის მემედ აბაშიძის გამზირი, 26 მაისის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, მაიაკოვსკის, პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების მონაკვეთები.

 

მემედ აბაშიძის გამზირი
მემედ აბაშიძის გამზირი

 

მემედ აბაშიძის გამზირი
მაიაკოვსკის ქუჩა [ავტოსადგურთან]
მაიაკოვსკის ქუჩა [ავტოსადგურთან]
რუსთაველის ქუჩა
რუსთაველის ქუჩა
პუშკინისა და შავშეთის ქუჩების კვეთა [ავტოსადგურთან]
ფარნავაზ მეფის ქუჩა

 

 

 

 

 

ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა კვლავ დაიტბორა [ვიდეო]

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის დატბორილია მემედ აბაშიძის, 26 მაისის და ფარნავაზ მეფის ქუჩები ნაწილი.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში მოსული ძლიერი წვიმის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა, გამოძახებები ძირითადად სარდაფების დატბორვას უკავშირდება.

ბათუმში ამ დროსაც გადაუღებლად წვიმს.

საინფორმაციო შეხვედრა Green Card-ის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამის შესახებ

დღეს, 16 სექტემბერს, 16:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში, მწვანე ბარათის/Green Card საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართება. პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებს ამერიკის საკონსულოს წარმომადგენლები უპასუხებენ.

საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც მწვანე ბარათის გათამაშების სახელწოდებით არის ცნობილი, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს.

ბათუმის ამერიკულ კუთხის მისამართია ვაჟა-ფშაველას ქუჩა, #21, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბერის ჩათვლით, ბათუმში, ყინულის სასახლეში,  აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა – “Agro Batumi 2016” გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. „Agro Batumi 2016”- ის მონაწილე კომპანიები,  საკუთარ პროდუქციას სამი დღის განმავლობაში გამოიტანენ გამოფენაზე. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და ასევე, შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან.

გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორია კომპანია “GEONET EXPO–ს“.

მაჟორიტარი კანდიდატი: ქონება უნდა მისცეს ეკლესიას, მაგრამ გარკვეული ნორმების ფარგლებში

ზაურ გაბაიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის მეორედ მონაწილეობს არჩევნებში. როგორია კანდიდატის გეგმები და როგორ წარმოუდგენია მისი საქმიანობა პარლამენტში? კანდიდატი ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ბატონო ზაურ რა საკანონმდებლო ინიციატივებზე გინდათ რომ იმუშაოთ პარლამენტში?

ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რაც ჩვენს პარტიას აქვს პროგრამაში. რაც ჩვენს ხალხს სჭირდება.

რა სჭირდება ხალხს?

პირველ რიგში დასაქმება, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, შემდეგ განათლება.

პარლამენტარს როგორ შეუძლია დასაქმების პრობლემის მოგვარება?

ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები, რომლითაც მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება მხარდაჭერა. დაბალ ფენებზე, რომლებსაც ბანკები არ აძლევს კრედიტებს. პროგრამაში გვიწერია, რომ დავეხმარებით იურისტებით, დამხმარე პერსონალით, ბუღალტრით, თუ ნორმალური პროექტი ექნება, აუცილებლად დავეხმარებით.

ბიზნეს-პროექტების დაწერაში დაეხმარებით?

დაწერაში კი არ დავეხმარებით, პროქტს რომ მოგვიტანს, ჩვენ საქმის აწყობაში დავეხმარებით. მაგალითად, მცირე საწარმოს გახსნა უნდათ, ან სამკერვალოს, ბევრი პროფილია.

„ჩვენში“ ვის გულისხმოთ, თქვენ დაეხმარებით, თუ თქვენი პარტია?

პარტია. ჩვენ თუ მოვედით უმრავლესობით ხელისუფლებაში.

თუ ვერ მოხვედით?

ვინც მოვა, კოალიცია შეიქმნება თუ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება, ხელისუფლება ვინ იქნება, გააჩნია რამდენი ადამიანით შეხვალ. ჯერ არავინ არ იცის.

გარდა დასაქმებისა კიდევ რა არის თქვენი აზრით მნიშვნელოვანი?

განათლება. სტუდენტები რომ ვერ იხდიან სწავლის თანხას, უნდა იყოს უფასო, ჩემი აზრით.

სასწავლებლების დიდი ნაწილი კერძოა და უფასო როგორ იქნება?

ალბათ, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ვისაც არ აქვს საშუალება და სწავლა უნდა დააფინანსოს. დღესაც აფინანსებენ წარმატებულ სტუდენტებს, მაგრამ უფრო ნეპოტიზმი მუშაობს და ნაცნობობით კეთდება.

სხვა რა შეგიძლიათ გააკეთოთ პარლამენტში ამომრჩევლისთვის?

წყლის პრობლემაა მთელ საქართველოში. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს წყლის პრობლემა და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს.

პარლამენტმა ეს როგორ უნდა მოაგვაროს?

კანონები უნდა მიიღო ისეთი, რომ დაარეგულირო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.  წყლის მომარაგებაზე რომ გამოიყოფა თანხა, ის უნდა შესრულდეს, შემდეგ შემოწმდეს როგორ შესრულდა.

ასეთი საკითხები ხომ ადგილობრივ თვითმმართველობას – გამგეობებს, საკრებულოებს ეხება.

თვითმმართველობას,  ყველაფერს კონტროლს პარლამენტი არ უწევს? აბა მაშინ აზრი არ აქვს, თუ თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. ამისთვის ვიბრძვი, რომ დაბალი ფენების მოსახლეობა ვინც გვყავს, მათი ცხოვრების დონე ამაღლეს.

რა განათლება გაქვთ?

პედაგოგიური განათლება. პოლიტექნიკური განათლება, ბევრი განათლება მაქვს. ბანკში მიმუშავია. ბოლოს ვიყავი „გორგიას“ დირექტორი. ამჟამად არ ვმუშაობ არსად და პარტიულ საქმეში ვარ. დაფუძნებიდან აქ ვარ.

მთავარი ღირებულებები რა იქნება თქვენთვის, ყველაზე მეტად რა სფეროშია საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო, გარდა იმისა, რაზეც ისაუბრეთ?

ისეთი კანონების მიღება, რომელიც მორგებული იქნება ხალხზე და არა ერთეულებზე.

დღეს არსებობს ისეთი კანონები, რომლებიც ერთეულებზეა მორგებული?

ალბათ ბევრი არსებობს. ბევრი კანონია, რომელიც არ მუშაობს ხალხისთვის.

ადამიანის უფლებების მიმართულებით თუ გიფიქრიათ რაიმე ინიციატივაზე?

ადამიანის უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია ქვეყანაში.

რელიგიური უმცირესობების ნაწილი მიიჩნევს, რომ რელიგიურ დენომინაციებს არ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო. ასევე, არ უნდა აძლევდეს განუსაზღვრელი ოდენობის სახელმწიფო ქონებას მართლმადიდებელ ეკლესიას. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ქრისტიანული ქვეყანა პირველ რიგში და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ქონება უნდა მისცეს ეკლესიას, მაგრამ გარკვეული ნორმების ფარგლებში. რამდენი სჭირდება და რისთვის სჭირდება. კანონთან უნდა იყოს შესაბამისობაში. რომელ რელიგიასაც მეტი მომხრე ჰყავს, ალბათ იმის მიხედვით, პროცენტულად უნდა იყოს დაფინანსება.

თქვენი აზრით, სახელმწიფოს უნდა გამოეყო თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის მიწა, რადგან მუსლიმები  დღემდე ითხოვენ?

თუ მეჩეთს ადგილობრივი მუსლიმები აშენებენ, უნდა მისცენ. თუ სხვა სახელმწიფოს დაფინანსებით კეთდება, მაშინ არა.

ქალთა უფლებებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ. მიგაჩნიათ, რომ კვოტირება აუცილებელია პარლამენტში?

ალბათ პირველ რიგში, ქართველი მამაკაცი ქალს აფასებს ყველაზე მეტად,… რომ ვიქნები პარლამენტში, უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ გენდერულ პირობებს.

სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ რა უნდა გაკეთდეს, თქვენი აზრით?

მათი უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ … ძალიან რთული საკითხია. წინააღმდეგი ვარ ერთი სქესის ადამიანების ქორწინების, ამით ალბათ ყველაფერი გითხარით.

მაგრამ ხომ ამბობთ, რომ მათი უფლებები უნდა იყოს დაცული, რა იგულისხმეთ?

ქორწინების უფლების წინააღმდეგი ვარ და არაოფიციალურად რაც უნდა ის გააკეთონ.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

16 სექტემბერს, 19 საათზე ბათუმში, „თიბისი გალერეში“ ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ავთანდილიდან ალუდამდე“.

საჯარო ლექცია 21 საათამდე გაგრძელდება და დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. 37

განთიადელებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება გააპროტესტეს

დღეს, 15 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ განთიადში მცხოვრებმა 30-მდე ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის მიერ  გაკეთებულ განცხადებას შესაძლო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ერთი ნაწილი ავტობანის მშენებლობის გამო მათთვის შეთავაზებულ შესაძლო კომპენსაციის ოდენობას აპროტესტებს.

განთიადში მცხოვრებთა საპასუხოდ, მინისტრმა აჭარის ტელევიზიით 13 სექტემბერს განაცხადა: „მინდა შევახსენო საზოგადებას, რომ ადამიანს არა აქვს შეფასების უნარი, ადამიანი მხოლოდ ფარდობით აფასებს, ასევე შევახსენებ საზოგადოებას რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის,  იგივე პრობლემები გვქონდა ჩვენ სამტრედიაშიც, კონკრეტულ ადამიანებზე და სანამ ძალოვნები არ ჩაერთნენ გზაზე არ მიგვიშვეს“.

აქციის მონაწილე მარგო ბერიძე ამბობს, რომ ადგილში, სადაც მაგისტრალი უნდა გავიდეს, სახელმწიფო სთავაზობს 14 აშშ დოლარს 1 კვ/მ-ზე, არადა გაცილებით ძვირი ღირს და მას ეს თანხა არ აკმაყოფილებს:  „ვცხოვრობ განთიადში, ძალიან კარგ ადგილას, გვაქვს ჩვენი მიწა-წყალი, რომლითაც ვარჩენთ ოჯახს. არ ვმუშაობთ, არ მაქვს პენსიაც და არც სოციალურად დაუცველი ვარ, მე მარჩენს ჩემი მიწა-წყალი, სადაც მაქვს სხვადასხვა ციტრუსი და ასევე თხილის ნარგავები, არავის არ ვაწუხებთ, რომ გვაჭამეთ საჭმელი. არ მივიღებ მე ამ თანხას და თავს შევაკლავ, მე რომ ის მიწა გამეყიდა 1 კვ/მ -ზე მოვითხოვდი 100 აშშ დოლარს“.

აქციაზე ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“, ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, თუ მოსახლეობის მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, საპროტესტო აქციებს სხვა სოფლებში მცხოვრებლებიც შეუერთდებიან.

საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის აპარატში კომენტარი არ გააკეთეს. „ბათუმელებს“ მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობს გზების დეპარტამენტი, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის, მიხეილ უჯმაჯურიძის თქმით, მოსახლეობის მიერ გზების დეპარტამენტში შეტანილი განცხადება შესწავლის პროცესშია.

კითხვაზე, თუ ვინ ადგენს ფასებს აღნიშნულ ნაკვეთებზე, მიხეილ უჯმაჯურიძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „ფასს ადგენს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „გეოგრაფიკი“, რომელიც მიდის ადგილზე მოსახლეობასთან,  ატარებს აზომვით ნახაზებს, ასევე აღწერს ინვენტარიზაციას და შემდეგ დგინდება ფასებიც. ჯერჯერობით მათი მოთხოვნები შესწავლის პროცესშია, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და უახლოეს დღეებში გავცემთ პასუხს“.

ლევან ვარშალომიძის განმარტება თურქულ გამოცემაში გაკეთებულ კომენტარზე

მედიასა და სოციალურ ქსელში საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა ლევან ვარშალომიძის სიტყვებს, რომელიც მან თურქულ გამოცემას – „ჰურიეთი“ [hurriyet] ბლიც-ინტერვიუში უთხრა:

„როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი ორი სახელმწიფოში“, – აღნიშნულია ინტერვიუს ქართულ თარგმანში, რომeლიც ლევან ვარშალომიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

ვარშალომიძემ დღეს სასტუმრო „შერატონში“ გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან ამ სიტყვების შესახებ განმარტა [კომენტარს სტილის დაცვით ვაქვეყნებთ]:

„მე კარგად შეგახსენებთ, 2004 წლიდან, როდესაც იყო ყველაზე გაჭირვებული დრო, თურქეთი იყო ერთადერთი პარტნიორი, ერთადერთი მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აჭარას გვერდზე დაუდგა. კარგად გახსოვთ უსინათლობა და პირველი პრეცენდენტი, რომელიც თურქეთთან განხორციელდა, ეს იყო ბარტერი ელექტროენერგიის. ამის შემდეგ უამრავი პროექტი განხორციელდა, როგორც ეკონომიური… მაგალითად გეტყვით ის, რომ დავიწყეთ პასპორტებით და ვიზებით და მივედით უპასპორტოდ და საერთოდ პირადობის მოწმობებით გადავდივართ. ის, რომ ბათუმის აეროპორტი არ არის მხოლოდ ბათუმის აეროპორტი იმიტომ, რომ რეალურად ემსახურება თურქეთის – ხოფის და ართვინის მოსახლეობას. უფრო მეტიც, ჩვენი გეგმა იყო, რომ საბაჟოც გამხდარიყო ერთი კარის პრინციპით… მეტსაც გეტყვით, ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც ერქვა მაჭახელში და მარადიდში გზების გახსნა, საბაჟოს გახსნა და გზის რეაბილიტაცია [ნუ, სამწუხაროდ, ეს ორი პროექტი გაჩერდა]. ეს ნიშნავს ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით“.

 

ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება.

„ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების სამინისტრო, საქართველოდან „ცერნში“ წარმატებულ და კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებს აგზავნის.

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან „ცერნში“ სწავლებას 37 დღის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მერაბ დიასამიძე გაივლის.

მან ჯერ კონკურსი გაიარა და კონკურსის ფარგლებში პრეზენტაციაც წარადგინა ატომის ბირთვის აღნაგობასა და ბირთვული ძალებისა და ბმის ენერგიაზე. ამბობს, რომ არ იცის სულ რამდენი მასწავლებელი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა საბოლოოდ კონკურსის ყველა ეტაპის გავლა მხოლოდ სამმა მასწავლებელმა შეძლო.

23 წლისა იყო, როდესაც პედაგოგად მუშაობა დაიწყო და 20 წელია მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ფიზიკას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობით დაამთავრა, დღეს ის მთიანეთში ყველაზე წარმატებული ფიზიკის პედაგოგია.

„ცერნში ბევრი ქართველი პროფესორი მუშაობს, პირველი რაც ვიკითხე ის იყო, რომ ინგლისური ენის კარგად ფლობა თუ იყო საჭირო, რაზეც მითხრეს, რომ ლექციებს ქართველები წაგვიკითხავდნენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში იქნებოდა სინქრონული თარგმანიც. ლექციებთან ერთად ცდები და ექსპერიმენტებიც ჩაგვიტარდება,“ – ამბობს მერაბ დიასამიძე.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც ფიზიკის პედაგოგისთვის სასწავლო კურსი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ატომური კვლევების ცენტრში გაიაროს, ამბობს, რომ წასვლამდე ძნელია რაიმეს თქმა: „იქიდან რა ემოციებით დავბრუნდებით, ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა უდავოა, მნიშვნელოვან ცოდნას შევიძენ. პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ლექციებს, ცდებსა და ექსპერიმენტებს თავისთავად მოაქვს პედაგოგისთვის შედეგი“.

პედაგოგობას მეორე სამსახურსაც უთავსებს, აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურში მართვის ფარის ოპერატორად მუშაობს და ყოველ მეხუთე დღეს ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროენერგიის მართვას ახორციელებს.

მეცნიერული კუთხით მუშაობაზე დღემდე არ უფიქრია, თუმცა სამომავლოდ ამას არც გამორიცხავს.

„სპეციალობით მათემატიკოსი ვარ. მართალია, მათემატიკასთან ერთად უმაღლეს სასწავლებელში ფიზიკასაც ვსწავლობდი, მაგრამ სკოლაში მოსვლიდან ჩემი განვითარება უფრო ფიზიკაში მოხდა, თუმცა უფრო სასკოლო დონეზე და არა მეცნიერულ დონეზე. მართალია, ყოველთვის შეიძლება იმუშავო მეცნიერული კუთხით, თუმცა ორი სამსახურიდან გამომდინარე ეს რთულია, აქ არც იმდენი საშუალებაა, მაშინ უნდა მოწყდე სამყაროს, სკოლასა და გაკვეთილებს და ცდებსა და კვლევებზე უნდა გადაერთო“.
მერაბ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პედაგოგი წარმატებული რომ იყოს, ამისათვის მარტო საგნის ცოდნა არ კმარა.

„საგნის ცოდნა საკმარისი არ არის, პიროვნული თვისებები პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაცმულობიდან დაწყებული, დიქციით დასრულებული, მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყველა დეტალი განმსაზღვრელია. ადამიანური ურთიერთობიდან იწყება ყველაფერი, არც ამ მხრივ მქონია მოსწავლეებთან ოდესმე პრობლემა, არასდროს გამიგონია, ცუდი ეთქვათ ჩემზე მოსწავლეებს და თუ გავიგონებ, შევეცდები გამოსწორებას,“ – ამბობს მერაბ დიასამიძე და დამწყებ მასწავლებლებს თავის გამოცდილებას უზიარებს:

„არავინ დაბადებულა პროფესიონალად, ამას დიდი დრო სჭირდება. საკუთარ თავთან უნდა იმუშაო. რაც შეეხება საგნის ცოდნას, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე ყურადღებას ახლა იმიტომ არ ვამახვილებ, რომ თუ სკოლაში მოვიდა პიროვნება პედაგოგად, ეს იმას ნიშნავს, რომ საგნის ცოდნა აქვს, ამის გარეშე პედაგოგი პედაგოგად ვერ წარმომიდგენია“.

მერაბ დიასამიძეს რესურსცენტრიდან სხვა სკოლაში დირექტორის თანამდებობაც შეუთავაზებიათ, რაზეც უარი განაცხადა. ამბობს, რომ ურჩევნია კარგი პედაგოგი იყოს: „კარიერული ინტერესები ჩემში არ არის, მირჩევნია წარმატებული რიგითი პედაგოგი ვიყო. არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ერთხელ ვიყავი კლასის ხელმძღვანელი და ამით დავასრულე ხელმძღვანელობა“.

მერაბ დიასამიძე მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი სერტიფიცირებული ფიზიკის მასწავლებელია.

მერაბ დიასამიძე: „ქედაში ჩემ გარდა სერტიფიცირებული ფიზიკის პედაგოგი არ იყო, მაგრამ თუ ხულოსა და შუახევშიც არ ჰყავდათ, არ ვიცოდი და მეწყინა. ვერ ვიტყვი, რომ სერტიფიკატის აღებითა და „ცერნში“ მოხვედრით ვარსკვლავები მოვწყვიტე, მაგრამ ესეც კარგი შედეგია. ზოგადად, მასწავლებლებს აქვთ შიშები, ერთხელ რომ სცადეს და ვერ ჩააბარეს სერტიფიცირების გამოცდა, უარი თქვეს, ამბობენ რთულიაო. ფიზიკა რომ ადვილი არ არის, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ, რადგანაც პედაგოგი ხარ, მოსწავლეებს ასწავლი, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითგანვითარებისთვისაც უნდა იბრძოდე. მესმის ასაკოვანი პედაგოგების, – ისინი ხვალ და ზეგ წასვლას აპირებენ სკოლიდან, მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგების არ მესმის“.

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ხელვაჩაურიდან

გზა ბათუმიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე და პირიქით, #39 სამარშრუტო ტაქსით, 10 წლის წინ, 22 წლის ასაკში გახდა ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, შორენა ფაღავას ყოველდღიურობის ნაწილი. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე მეოცნებე გოგო მაშინ საჯარო სამსახურში – ხელვაჩაურის გამგეობაში აღმოჩნდა, დღეს კი უკვე მეოთხე წელია, ხელვაჩაურში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, თვითგამოხატვასა და მიზნებისთვის ბრძოლის სწავლაში.

ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ახალგაზრდულ ცენტრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ის დღემდე ახალგაზრდებს უსასყიდლოდ სთავაზობს მოწყობილ სივრცეს, კომპიუტერულ სერვისებს, სხვადასხვა ღონისძიებას და, უბრალოდ, ადგილს, სადაც შესაძლებელია თანამოაზრეები იპოვო. წიგნის განხილვები, კინოჩვენებები, დისკუსიები, ტრენინგები და სხვა აქტივობების შესახებ ახალგაზრდები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ და სურვილის მიხედვით მონაწილეობენ. რაც ყველაზე მთავარია, მათ საკუთარი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ, ამაში კი ცენტრის თანამშრომლები ან უფრო მეტი გამოცდილების მქონე წევრები ეხმარებიან. ხელმღვანელის ჩათვლით ცენტრს სამი თანამშრომელი ჰყავს.

ამ ცენტრის ხელმძღვანელს – შორენა ფაღავას მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითქმის ყველა ახალგაზრდა იცნობს. როგორც თავად შორენა ამბობს, ის მათთან ერთად გაიზარდა და დღემდე მათთან ერთად სწავლობს. სწორედ ახალგაზრდები აძლევენ მოტივაციას, რომ არ გაჩერდეს და მუდმივად განვითარდეს, რათა შემდეგ სხვებს დაეხმაროს. პარალელურად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს რეგიონში მიმდინარე საინტერესო პროექტებში. ამბობს, რომ ეს პასუხისმგებლობაა ბავშვების წინაშე, რომლებსაც ხვდება ცენტრში:

„როდესაც ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან და მოდიან შენთან, რომ ამაში დაეხმარო, როდესაც საკუთარ თავზე იღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ძალიან ჭკვიან ახალგაზრდებს ტრენინგები, პროგრამები და პროექტები დაუგეგმო, თავად უნდა ვითარდებოდე ყოველდღიურად. ისინი გაკვირდებიან და თან ძალიან ყურადღებით, ვერაფერს გამოაპარებ, თუ დაინახავენ, რომ ესაუბრები სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, თვითგანვითარების გზების ძიების აუცილებლობაზე, მაგრამ თავად გაჩერებული ხარ, მაშინ ისინი არ დაიჯერებენ არაფერს, არ გამოგყვებიან, რაც არ უნდა მაგარი ტრენინგები ჩაუტარო.

შორენამ გასულ წელს სწორედ ამ მიზნით მაგისტრატურაზეც ჩააბარა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ამბობს, რომ უნდა ამ მიმართულებით მეტი ისწავლოს.
შორენამ ორთაბათუმის თემში, სოფელ ჩაისუბნის სკოლა დაამთავრა. ყველაზე მეტად სოციალური უთანასწორობა აწუხებდა და წარმოედგინა, რომ ჟურნალისტიკა იყო იდეალური იარაღი ამის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში სტუდენტური გაზეთის – „51-ე აუდიტორიისთვის“ წერდა სტატიებს. სწავლის დასრულების შემდეგ ხელვაჩაურის საკრებულოში დაიწყო მუშაობა და საბოლოოდ იქ დარჩა. ყველაზე საინტერესო ეტაპი კი მის საქმიანობაში ოთხი წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ცვლილებებისთვის ახალ საშუალებას მიაგნო – ხელვაჩაურში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა.

როგორც იხსენებს, ყველაზე მეტად იმით იყო მოხიბლული, რომ ცენტრისთვის სივრცე გამგეობის შენობიდან განცალკევებით გამოიყო. შემდეგ ეს სივრცე გარემონტდა და აღიჭურვა, თუმცა სამოქმედო გეგმა არ არსებობდა. მას წარმოედგინა, რომ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებდა, თუმცა მუშაოების დაწყებამდე ათდღიან ტრენინგკურსზე მიხვდა, რომ წინ რთული საქმე ელოდა.

„ტრენინგზე უცხოელი და ქართველი სპეციალისტები გვესაუბრებოდნენ მოზარდებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობისა და მუშაობის მეთოდიკაზე… მახსოვს, თამაშები იყო სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდასთან [მაგალითად, ჰიპერაქტიული, ინდეფერენტული, რთული ქცევის და ა.შ.] კომუნიკაციაზე და ცენტრის დადებითი მხარეების ჩვენებაზე… ადამიანები, ვინც ამ ბავშვების როლს თამაშობდნენ, ძალიან ჭირვეულები აღმოჩნდნენ და სიმართლე გითხრათ, მაშინ შემეშინდა“, – იხსენებს შორენა და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა სასწავლო კურსს, იქ გამოყენებულ მასალას და იმასაც მიხვდა, რომ მოზარდებს სწავლების მეთოდით ვერ მიუდგებოდა:

„მათ ყველგან სწავლასთან აქვთ შეხება – სკოლაში, დამატებით მეცადინეობებზე… რომც მდომოდა რამე მესწავლებინა, ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ სწავლების სახე არ ჰქონოდა.. ჩემს კოლეგასთან ერთად დავიწყე ფიქრი ამაზე… და დღეს ჩვენთან უკვე თაობები იცვლება“.

ცენტრის ბიუჯეტი თავდაპირველად 4 ათასი ლარი იყო. შორენა კოლეგასთან ერთად ცდილობდა ისეთი სტრატეგია და პროგრამები დაეწერა, ბიუჯეტი რომ გაეზარდათ:

„ეს საჯარო დაწესებულებაა და გრანტებზე ვერ ვმუშაობდით. მუნიციპალიტეტში კი უამრავი სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემაა. საბედნიეროდ, იმდენი მოვახერხეთ, რომ დაფინანსება 19 ათას ლარამდე ავიდა და ყოველწლიურად მზარდი გახდა“, – ამბობს შორენა და იქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ყველა სკოლაში მიდიან და ინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ ახალგაზრდების მობილიზებას და ცენტრის ცხოვრებაში ჩართვას, ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებს ამას, რადგან პრობლემაა სოფლებიდან გადაადგილება. ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, აუცილებელია რამდენიმე ცენტრის გახსნა დიდ სოფლებში, ყველას რომ ჰქონდეს წვდომა იმ ცენტრის სერვისებზე.

„გარდა პროგრამებისა და ღონისძიებებისა, ხშირად მათ მხოლოდ ამბის მოყოლა, საკუთარი პრობლემების თუ სიხარულის გაზიარება უნდათ, მსმენელს ეძებენ… ეს ის ასაკია, როცა ადამიანი იზრდება და აუცილებელია, რომ მათ სწორად მივუდგეთ, ჯანსაღი გარემო შევთავაზოთ“, – ამბობს შორენა ფაღავა და თან დასძენს, რომ თუ ახალგაზრდებთან რეალური შედეგის მიღწევა გინდა, გულწრფელი უნდა იყო.

„ლევან ვარშალომიძის განცხადება არის უკიდურესად მიუღებელი და უადგილო!“

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი

საზოგადოებაში, სრულიად სამართლიანად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის განცხადებამ, ციტატა: „როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში“. ეს არის განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით სრულიად მიუღებელი და არაადეკვატურია, როგორი კონტექსტიც არ უნდა ჰქონდეს მას. ვარშალომიძეს, როგორც ირკვევა, არც სახელმწიფოზე აქვს წარმოდგენა და არც ქართველ ხალხზე, რომელიც ერთიან ისტორიულ წარსულზე შეთანხმებული საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ერთიან სახელმწიფოს.

ჩემი მოსაზრების მიზანი არ არის თურქეთის, როგორც მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის წარმოჩენა ნეგატიურ კონტექსტში. ჩემი მოსაზრების მიზანია ქართველი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლო განცხადებას გაეცეს პასუხი. ასეთ დროს არ შეიძლება საზოგადოებამ კრიტიკისა და რეაქციის გარეშე დატოვოს მსგავსი განცხადებები, რადგან არც ერთი პოლიტიკოსის კუთვნილება არ არის არც ისტორია და არც ქვეყანა.

8 ოქტომბერს მოქალაქეები ირჩევენ ქვეყნის პარლამენტს და აჭარის რეგიონის უმაღლეს საბჭოს, სადაც ლევან ვარშალომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პოლიტიკოსებს ირჩევენ ფასეულობებისა და ღირებულებების გამო, თუმცა ჩვენს ქვეყანაში, როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილმა დაკარგა ის აუცილებელი მეხსიერება და წარმოსახვა, რომელიც საჭიროა არჩევანის გაკეთების დროს.

სიმართლე გითხრათ, პირადად მე არ გამკვირვებია ვარშალომიძის ეს განცხადება, რადგან კარგად მახსოვს მის მიერ მართული რეგიონის ცხოვრების ყოველი დღე და წელი. იმათთვის, ვისაც არ ახსოვს ლევან ვარშალომიძის მმართველობის პერიოდი, მცირე ექსკურსია მგონი არ იქნება ურიგო.

2007 წლის 8 ნოემბერს, დაარბიეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსისტეტი, სტუდენტებს უმოწყალოდ სცემეს უნივერსიტეტის ეზოსა და აუდიტორიებში. ლევან ვაშალომიძის ყველაფერ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იგი მორჩილად უყურებდა მაშინდელი კუდის მაღალჩინოსანთა აღვირახსნილობას, სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც დევნის ობიექტებად იქცნენ, დღეს აჭარის „პატრონობაზე“ პრეტენზიის მქონემ, მაშინ უპატრონოდ მიატოვა.

მოსახლეობის მიმართ ცინიზმით იყო სავსე ფერიის მთაზე მშენებარე ტაძრის დანგრევის გადაწყვეტილება ვარშალომიძის მთავრობის მხრიდან. მაშინ მახსოვს, ქრისტიანი თუ ისლამის აღმსარებელი ერთად აპროტესტებდა ამ ვანდალიზმს, რომელიც მაშინდელმა მთავრობამ ჩაიდინა იმ მოტივით, რომ ტაძრის მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა.

არ ვიცი რამდენად ახსოვს ყველას, მაგრამ მე ნამდვილად კარგად მახსოვს სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლების შანტაჟი და დევნა, მოსყიდვა და დამცირება მისი ხელისუფლების მხრიდან.

სასჯელაღსრულების ნომერ მესამე დაწესებულებაში (ბათუმის ციხე) არსებული სიტუაცია იყო საგანგაშო და კატასტროფული. მაშინდელი სახალხო დამცველი კატეგორიულად მოითხოვდა ციხის დახურვას. ნომერ მესამე საპყრობილეში არსებული უმძიმესი ვითარება ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში არა ერთხელ მოხვდა, მაგრამ ამას არ მოყოლია რეაგირება. მართალია, სასჯელაღსრულების სამინიტრო აჭარის რეგიონის პირველი პირის უშუალო კომპეტენციას არ განეკუთვნება, მაგრამ ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რაც გულისხმობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა იმ პროცესზე, რაც რეგონში ხდება.

ლევან ვარშალომიძის უშუალო ბრძანებით ერთ ლარად განსხვისდა 1921 წელს, ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა საფლავები თურქულ კომპანია „სისთემ ინშაათზე“. გასხვისების მიზანი იყო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იმ ტერიტორიაზე და იმ საფლავებზე, სადაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხისა და ქალაქისთვის თავგანწირულ გმირთა საფლავები და მემორიალია. ყოველ დღეს ეწყობოდა საპროტესტო აქციები გმირთა საფლავების შესანარჩუნებლად, მაგრამ საპასუხოდ ვიღებდით სამშენებლო ღობეებსა და ხელისუფლების მხრდან ჩვენი მოთხოვნების სრულ იგნორირებას. წერტილი ამ მწვავე საკითხს მხოლოდ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ დაესვა, როცა ვარშალომიძის მთავრობა ხელისუფლებას ჩამოშორდა.

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ უფრო შორს და უფრო სახიფათო ადგილზე შეიძლება მიგვიყვანოს იმ გულმავიწყობამ, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილს ახასიათებს. ეს არის ვარშალომიძის პოლიტიკური პორტფოლიოს მცირე ნაწილი, უფრო დიდი და შეუსწავლელი ნაწილია მისი ბიზნესსაქმიანობაა, რომელზეც ყველა ბიზნესმენი აქტიურად საუბრობდა მაშინ ჩვენს რეგიონში.

არ მაქვს მიზნად რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის დემონიზაცია, მით უმეტეს ლევან ვარშალომიძის. მისი პოლიტიკური „უნარები“ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მაქვს მიზნად ბრიყვული განცხადებები არ დარჩეს უპასუხოდ. განსაკუთრებით თუ ამ განცხადებების ავტორს თურქეთში კერძო ბიზნეს-ინტერესი აქვს. ვარშალომიძე ადასტურებს, რომ  ის ფლობს საკონსულტაციო და სხვა სახის ბიზნესებს, მე როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მაინტერესებს მოვისმინო მეტი განმარტება მის განცხადებასთან დაკავშირებით.

მართალია საკონსულტაციო ბიზნესები ლევან ვარშალომიძეს აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ (არამხოლოდ) საკითხებში კონსულტირებას აშკარად თვითონ საჭიროებს.

ბოლო პერიოდში ბევრი გაუაზრებელი განცხადების მომსწრე გავხდით ჩვენს რეგიონში, ამიტომ სამახსოვროდ დამწყებ პოლიტიკოსებს: თუ გინდა მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მედიას ინტერვიუში უთხრა ისეთი რამ, რაც ჩვენს ქვეყნებს დააახლოვებს და თან შენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან წინააღდმეგობაში არ მოხვიდე, უნდა თქვა შემდეგნაირად:

„თურქეთის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. პროექტები, რომელიც ნავთობსადენისა და გაზსადენის სახით გვაქვს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის და აღნიშნული პროექტების ღირებულება 40 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ცალკე აღსანიშნავია ურთიერთობა ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში, რომელსაც უფრთხილდება და ავითარებს როგორც თურქული, ასევე ქართული მხარე. ეს არის პროექტები, რომელიც აახლოვებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს, რომელთაც საკუთარი მომავალი ურთიერთობების განვითარება კიდევ უფრო მჭიდრო მეგობრულ ჭრილში წარმოუდგენიათ“.

პ.ს. ჩვენს რეგიონს ბევრი სტატუსის მაძიებელი მოაწყდა. მათი დიდი ნაწილი პოლიტიკურად გამოუცდელია და განცხადებებიც სახელმწიფო ინტერესების საზიანოა აშკარად. ცნობისთვის, ეს საზღვრისპირა რეგიონია, აქ პოლიტიკოსების მხრიდან გაცხადებულ პოზიციას სხვა ფასი და მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მეტი სიფრთხილე და ზომიერება მართებს ყველას, ვისაც საკუთარი თავი აჭარის პოლიტიკაში წარმოუდგენია.

“მეტი უფლებამოსილება აჭარას“ – ენმ-ს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 15 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონში“ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აჭარის განვითარების საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა.

„ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ“ – ეს არის ძირითადი სლოგანი ენმ-ს საარჩევნო ბუკლეტებზე. პროგრამა ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატებმა წარმოადგინეს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და პარტიული სიის მეორე ნომერმა პეტრე ზამბახიძემ, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაზრდაზე ისაუბრა, რაც პარტიის პროგრამაშია გაწერილი.

„სოციალური სახლების“ პროგრამაზე ისაუბრა მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მირდატ ქამადაძემ. პროგრამის თანახმად 2020 წლისთვის 40 საცხოვერებელი სახლის აშენება იგეგმება, რაც 2 800 ბინას მოიცავს.

ციტრუსების პროგრამა წარმოადგინა ხელვაჩაურის 72-ე მაჟორიტარულ ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა ასევე საქართველოს პარლამენტში, მიშა ბოლქვაძემ. პროგრამის მიხედვით ენმ გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს უკრაინაში ქართული ციტრუსისთვის ჰაბის შექმნასა და ციტრუსის უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე გატანას ჰპირდება.

ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის პროგრამაზე ბათუმის 69-ე მაჟორიტარულ ოლქში წარმოდგენილმა, მაჟორიტარმა კანდიდატმა [საქართველოს პარლამენტში] ნინო ჯინჭარაძემ ისაუბრა. იგი ამომრჩეველს სხვა დაპირებებთან ერთად პენსიების ზრდასა და „უსამართლოდ შეწყვეტილი სოციალური დახმარებების აღდგენას“ დაჰპირდა.

გია აბულაძემ – მაჟორიტარმა კანდიდატმა უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმის 70-ე ოლქში,  ისაუბრა განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით წარმოდგენილ პროგრამაზე. ძირითადი აქცენტი ინკლუზიური განათლების დაფინანსების და სასკოლო ვაუჩერის ღირებულების გაზრდასა და პროფესიული განათლებაზე გააკეთა. ასევე ამომრჩეველს ბათუმში UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის აშენებას დაჰპირდა. ცენტრალური სტადიონი ბათუმში 2006 წელს დაანგრიეს და მის ადგილას დღეს სასტუმრო შენდება.

ტურიზმის განვითარების გეგმებზე ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ეკა თარგამაძემ.

პრეზენტაციის ბოლოს ლევან ვარშალომიძემ – აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ენმ-ს პარტიული სიის პირველმა ნომერმა, აქცენტი გააკეთა აჭარის რეგიონისთვის უფლებამოსილების გაზრდაზე. ვარშალომიძის განცხადებით „აჭარაში არის უპატრონობა“ და მისი და ენმ-ს „მთავარი მიზანია, რომ გააჩერონ უპატრონობა“.

3
ენმ-ს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია / 15.09.2016
4
ენმ-ს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია / 15.09.2016
6
ენმ-ს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია / 15.09.2016
5
ენმ-ს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია / 15.09.2016

.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე 15-ვე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაცია. რეგისტრირებულია 15-ვე საარჩევნო სუბიექტის სია.

უსკოს ინფორმაციით, „სიების გადამოწმებისას დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა, ასევე უზუსტობები კანონით დადგენილი ასაკობრივი ზღვარის გამო, [დეპუტატობის კანდიდატის ასაკი უნდა იწყებოდეს 25 წლიდან] რამაც გამოიწვია ხუთი საარჩევნო სუბიექტის რამდენიმე კანდიდატისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა [სიიდან იქნა ამოღებული]. თუმცა ხარვეზების გამოსწორების შემდეგ ყველა საარჩევნო სუბიექტმა, პარტიულ სიებთან დაკავშრებით დააკმაყოფილა კანონით დადგენილი მოთხოვნები.

რეგისტრაციაში გატარდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 15-ვე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია:

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“

„მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“

„უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“

„დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

“თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”

საარჩევნო ბლოკი”თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო”

საარჩევნო ბლოკი “ჩვენები – სახალხო პარტია”

“ეროვნული ფორუმი”

“დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”

საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

საარჩევნო ბლოკი “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”

 

ამავე თემაზე:

მაჟორიტარი კანდიდატები უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში

ლევან ვარშალომიძე თურქეთში თავისი ბიზნესის შესახებ

ლევან ვარშალომიძე თურქეთის ქალაქ სტამბოლში კომპანია “კონსალტინგის” ფლობს და იქ ხშირად იმყოფება, წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ [hurriyet] ლევან ვარშალომიძესთან გამოქვეყნებულ ბლიც-ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია ხშირად წერს სხვადასხვა კომპანიაში ვარშალომიძის ბიზნესინტერესებზე, დღემდე ოფიციალურად არსად დაუდასტურებია აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ის ბიზნესით არის დაკავებული. დღეს ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, „ბათუმელებმა“ პირადად ჰკითხა ლევან ვარშალომიძეს, რა ბიზნესით არის დაკავებული.

„საკონსულტაციო. ფინანსური, მენეჯმენტის, ასევე იურიდიული, ყველა საკონსულტაციო… კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, ცალკე უნდა დავჯდეთ და მოგცემთ ყველა ინფორმაციას, საიდუმლო არაფერი არ არის“, – ასე უპასუხა ლევან ვარშალომიძემ კითხვას.

იქნებით თუ არა ინვესტორი პირადად თქვენ საქართველოში? – ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რასაც ლევან ვარშალომიძემ მოკლედ უპასუხა: „მე პირადად ვერ ვიქნები… ჩემი მიზანია, რომ ის საინვესტიციო ბუმი, რომელიც იყო 2012 წლამდე არამარტო დავაბრუნოთ, გაათმაგდეს უნდა“.

ლევან ვარშალომიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერია 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

„ობიექტივის” სახეები „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიაში

ვინ არის „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში – უსკოს მიერ გამოქვენებული მონაცემებით გახდა ცნობილი. ალიანსს დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიული სია არ გაუსაჯაროვებია და არც კანდიდატები წარუდგენია.

„პატრიოტთა ალიანსის“ პირველ ათეულში მედიაკავშირ „ობიექტივის“ ორი წამყვანი მოხვდა – მერაბ ბლადაძე და ნინო დავითაშვილი “ობიექტივის” ბათუმის სტუდიაში მუშაობენ.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. დავით თარხან-მოურავი – „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი;
  2. ზაზა ოქუაშვილი – „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი;
  3. მერაბ ბლადაძე – უპარტიო, „ობიექტივის“ ბათუმის სტუდიის წამყვანი;
  4. დავით ქარცივაძე – უპარტიო. ის იყო უსკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი;
  5. მამული ჟღენტი – უპარტიო, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი, ასევე იყო „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში;
  6. ელგუჯა პაიჭაძე – „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი;
  7. ავთანდილ ხაბაზი – ქობულეთის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“;
  8. ნინო დავითაშვილი – უპარტიო, „ობიექტივის“ ბათუმის სტუდიის წამყვანი;
  9. ეთერ თავართქილაძე – უპარტიო;
  10. ლამარა ქათამაძე – „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი.

„პატრიოტთა ალიანსის“ პრესსამსახური კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას დღის განმავლობაში დაგვპირდა.

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს არჩევნებში მონაწილე 15 საარჩევნო სუბიექტის სრული პარტიული სიები გამოაქვეყნა. 

კობა ჩხეიძე: მთავრობა ილუზიაშია, როცა ჰგონია, რომ საჯარო მოხელეები მათი რესურსია

კობა ჩხეიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის ბათუმის 69-ე  საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. კობა ჩხეიძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრია.

კობა, რომ გვითხრათ, რატომ დაგასახელათ პარტიამ 69-ე ოლქში მაინცადამაინც თქვენ და არა სხვა?

მე ვცხოვრობ ამ სამაჟორიტარო არეალში, უამრავი მეგობარი მყავს და დღეის მდგომარეობით ვარ ამ სამაჟორიტაროს – რუსთაველის მაჟორიტარი საკრებულოში. ჩემთვის ძალიან ნაცნობი სამოქმედო ტერიტორიაა. ეს არის ადგილი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება გავატარე.

თქვენ ხართ ბათუმის საკრებულოს წევრი. ამ სტატუსით რისი გაკეთება ვერ შეძელით და რატომ ფიქრობთ, რომ უმაღლესი საბჭოდან უფრო მეტი რამის შეცვლა შეიძლება, მით უფრო, რომ უმაღლესი საბჭო ბევრისთვის უფუნქციო ორგანოა?

სამწუხაროდ, საკრებულოს ფუნქცია არის ნულოვანი, მას აქვს მხოლოდ რეკომენდატორის ფუნქცია მერისთვის. კანონით საკრებულოს შეუძლია მერი გადააყენოს, მაგრამ ვერანაირ სხვა ზემოქმედებას მასზე ვერ ახდენს. ჩვენ დაახლოებით 90 ინიციატივა გვქონდა და  კომისიების დონეზე მათი გატანაც მოვახერხეთ, მაგალითად, ეს იყო დევნილთა შეღავათიანი მგზავრობა, ბავშვთა ბაღის აღმზრდელებისთვის შეღავათიანი მგზავრობა და უამრავი სხვა, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე როდესაც მივედით, მაგალითად, სამშენებლო რეგულაციებზე, დღემდე მერი არაფერს აკეთებს. ბათუმი ერთადერთი ქალაქია, ალბათ, სადაც აბსოლუტურად სხვაგვარად კითხულობენ კანონს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს მივაღებინეთ დოკუმენტი, რომლითაც ვთხოვეთ მერს სამშენებლო რეგულაციების სამართლებრივი მოწესრიგება საქართველოს კანონებთან მიმართებაში, მაინც არაფერი შეიცვალა.

იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გამორჩეულად მუშა ფრაქცია ვართ ბათუმის საკრებულოში, რომელიც მუდმივად სთავაზობს სამართლებრივ დონეზე სისტემური საკითხების გასწორებას, მაგრამ, რადგან ამას მერი ვერ აკეთებს თვითმმართველობის დონიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე დავალდებულდნენ თვითმმართველობები, რომ კანონით შექმნან ქალაქის განვითარების ერთიანი გეგმა. ეს შეეხება არამარტო ბათუმს, არამედ ყველას. შესაბამისად, უნდა შევქმნათ სამშენებლო რეგულაციების ისეთი სტანდარტი, რომელიც არავის მისცემს კანონის ორმაგი წაკითხვის საშუალებას, როგორც  დღეს ხდება.

უფრო ზევით, საკანონმდებლო დონეზეა საჭირო აღმოიფხვრას  ორმაგი კანონის წაკითხვის ყველა საშუალება და ამავე დროს, ახალი ვალდებულებები გაუჩნდეს თვითმმართველობებს – გარემო, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, უნდა გახდეს განსხვავებული, ეს ეხება როგორც ეკოლოგიას, ისე სამშენებლო რეგულაციების სტანდარტს, უსაფრთხოებას…

ამის გაკეთება რანაირად წარმოგიდგენიათ უმაღლესი საბჭოდან?

უმაღლესი საბჭო იმით არის განსხვავებული, რომ მას შეუძლია ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს საკანონმდებლო-სამართლებრივი რეგულაციების გამართვის საკითხში. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ყველა დონეზე უშვებს ბათუმს, როგორც გამონაკლისს, სამშენებლო რეგულაციების კუთხით, ანუ ბათუმში ოდნავ განსხვავებულად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამ შემთხვევაში აჭარის უმაღლეს საბჭოს შეუძლია თქვას, რომ ბათუმთან მიმართებაში სამართლებრივი რეგულაციები მშენებლობის ნაწილში მეტად უნდა დაკონკრეტდეს, რომ არ მიეცეთ თვითნებობის საშუალება – K2 კოეფიციენტი იქნება თუ რეკრიაციული ზონების მთლიანად დაბეტონება, რაზეც სულ პროტესტი გვაქვს „თავისუფალ დემოკრატებს“. არსებობს უამრავი სხვა სამართლებრივი შეუსაბამობა და ამის გამოსწორება შეიძლება – უმაღლესმა საბჭომ ეს უნდა დაიწყოს პირდაპირ პარლამენტში ინიცირებით.

უმუშევრობის თემა ამომრჩევლისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ამ კონტექსტში რას ეუბნები ამომრჩეველს შეხვედრებზე და მათი კითხვები რაში მდგომარეობს, მათ რა აინტერესებთ?

სხვათა შორის, ამომრჩეველი ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველა საკითხზე, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატები“ ვაჟღერებთ, მაგალითად, პენსია, მინიმალური ანაზღაურება, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოქალაქეებისთვის და ძალიან ბევრი კითხვა მოდის იმის შესახებ, თუ რას გამოიწვევს ეს და, რა თქმა უნდა, დღეს არსებული მინიმალური კალათის ზრდის საკითხი, რომელიც საარჩევნო პროგრამაში გვაქვს ჩადებული. არის აგრეთვე მეორე კომპონენტი – კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც ჩვენ ასევე გვაქვს ინიციატივა, სხვათა შორის, ერთი უკვე მიიღო პარლამენტმა დავით ონოფრიშვილის ინიციატივით… მეორე ინიციატივა არის ის, რომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას კრედიტის დაბეგვრის განულებაზე. ამ შემთხვევაში პროცენტი დაიწევს, შესაბამისად, მეტი შემოსავალი დარჩებათ ოჯახებს  და არა ბანკების. ეს ინიციატივა ძალიან საინტერესოა მოსახლეობისთვის.

დასაქმებას რაც შეეხება, ეს უდიდესი პრობლემაა და ადამიანები ხედავენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს. ინვესტორებთან სახელმწიფოს ურთიერთობა პრაქტიკულად არ მიდის სამრეწველო კუთხით, დარგობრივი ეკონომიკა არ იქმნება. სასტუმრო არ არის სამუშაო ადგილები, ეს არის რაღაც პერიოდით სამუშაო ადგილი, სადაც ადამიანი პროდუქციას ვერ ქმნის. ისინი რასაც ითხოვენ, არის სხვა ტიპის სამუშაო ადგილები, რომელსაც სწორად წარმართული სახელმწიფო პოლიტიკა გამოიწვევს და ამაზე ვესაუბრებით კონკრეტული მაგალითებით. მათ ეს აინტერესებთ და იმედიც აქვთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ამას გააკეთებს. ჩვენ შეგვიძლია გარანტიაც მივცეთ, რომ ყველა სიტყვას შევასრულებთ, რაც არის პროგრამაში და ეს არ არის მხოლოდ ერთი ფურცელი, ეს არის უდიდესი ნაშრომი.

თქვენი პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ თურქული ინვესტიცია არის საფრთხის შემცველი. თქვენთან შეხვედრების დროს ამომრჩეველი განიხილავს ამ საკითხს, როგორც საფრთხეს, ანუ ამაზე რამდენად ხშირად გეკითხებიან?

ძალიან იშვიათად, მაგრამ არის საუბარი არა იმ კონტექსტში, რომ, რატომ, არამედ იმ კონტექსტში, რომ რატომ არ აქვთ სხვა ქვეყნებს ინტერესი. რაც შეეხება ინვესტიციებს, ყველა ადეკვატურად ხვდება, რომ ჩვენ ვართ თურქული პროდუქციის მომხმარებელი, რაც, რა თქმა უნდა, პირადად ჩემშიც იწვევს გულისწყრომას, რადგან მხოლოდ ერთი ქვეყნის პროდუქტის მომხმარებელი ვართ ყველა მიმართულებით. საზოგადოების გულისწყრომა არ მდგომარეობს  იმაში, რომ ეს პროდუქცია არის იმ ქვეყნიდან, რომელზეც გაქვთ საუბარი, არამედ იმაში, რატომ არ გვაქვს ჩვენი, ან რატომ არ არის ევროპული, ან სხვა ქვეყნების პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი.

როგორც ასეთი,  ინვესტიციის [თურქული] წინააღმდეგი საზოგადოება არ არის, რადგან ყველა ხედავს, რომ ეს არის დასაქმების ერთადერთი გზა, მაგრამ არის მეორეც – ჩვენი მოსახლეობა იმასაც ხედავს, რომ ინვესტიცია არ არის მრავალფეროვანი და სწორედ იმას განიცდიან, რომ ინვესტიციებში არის გარკვეულწილად მონოპოლიზება კი არა და უფრო რომელიმე კონკრეტული მიმართულების ხელშეწყობა. ჩვენ მიგვაჩნია და ამაზე ვესაუბრებით მოსახლეობას, რომ ჩვენმა საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ინვესტიციების მოზიდვაზე – ეს იქნება პირველი ფლანგი, რომელიც გაუწევს ქვეყანას პოპულარიზაციას. ევროპული ინვესტიციები გვჭირდება, ისევე როგორც მთელი მსოფლიოდან. რაც უფრო მეტი მიმზიდველი ქვეყნიდან შემოვა ინვესტიცია, მით უფრო ძლიერი ეკონომიკა გვექნება, ძლიერ ეკონომიკას მოყვება მეტი ხელფასი, პენსია, საარსებო მინიმუმი და უკეთესი საცხოვრებელი პირობები.

თქვენი პარტია იყო სახელისუფლო ვერტიკალში. ამას ახლაც გახსენებენ  ხშირად ოპონენტები და გეკითხებიან, მაშინ რატომ ვერ გააკეთეთ ვერაფერი. ამომრჩეველი სვამს იმავე კითხვას?

ამომრჩევლები ამაზე არ გვეკითხება, რადგან ძალიან კარგად იციან, რაც მოხდა და როგორც მოხდა. კითხვები და  წამოძახილი ამაზე აქვთ პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ ესეც წამოძახებისთვის. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე გაკეთებული, მაგალითად, პროექტი, რომელსაც ვამუშავებდით და, სამწუხაროდ, ჩააფლავა მთავრობამ, ვგულისხმობ პროექტს – „ჩემი სახლი“, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ უბინაოების დაძლევის პროექტია და რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ამ პროექტს პირობითად სვიშევსკის ქუჩის პრობლემას ვეძახით. ყველა მთავრობას ჰქონდა აღწერილი ბინების საკითხი და ფიზიკურად არ გადასცეს მათ ეს ბინები, სახელმწიფოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ბინებს ვგულისხმობ.

ეს არის მემკვიდრეობითი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც დავაწყებინეთ ამ მთავრობას „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ასევეა გონიოს მიწების პრობლემა, მთავრობის წევრები დაგვთანხმდნენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო პოლიტიკურად, მაგრამ, სამწუხაროდ, აიღეს და პოლიტიკური გადაწყვეტლების ნაცვლად კვლავ სამართლებრივი რეგულაციებით დაიწყეს ამ ადამიანებთან ურთიერთობა. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღესაც 2007 წლის მდგომარეობას ანუ ნულოვან წერტილს დავუბრუნდით. გადაწყვეტილების მიღების შიშით შეპყრობილია ეს ხელისუფალი. ჩვენ სწორედ ამ საკითხების მოგვარება  შეგვიძლია ჩქარა, მარტივად და სამართლებრივად სწორად.

მართალია, ილაპარაკეთ ქალაქის განაშენიანებაზე, მაგრამ პირადად თქვენი ხედვა მაინტერესებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში. რა რეგულაციებია შემოსაღები, რაც გააჩერებს ძეგლების ნგრევის ტენდენციას?

ამ მიმართულებით არის ჩაკეტილი წრე. ერთი მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ძეგლებში, მეორე მხრივ _ ინვესტორი, რომელიც ვერ კიდებს ხელს ამ შენობებს და არც უნდა მოკიდოს, რადგან ქალაქის ინტერესებში შედის ძეგლების შენარჩუნება. ამ ჩაკეტილ წრეში საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს – პროექტს, რომელსაც ჰქვია „ჩემი სახლი“, რომელმაც უნდა შეიძინოს ბინები და მეორე მხრივ, აამუშავოს ბინათმშენებლობის კომპონენტი. სწორედ ამ ფონდს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ძეგლში მცხოვრებ მოქალქეს შესთავაზოს პირობების გაუმჯობესება ალტერნატიული ფართობით; როგორც კი გამოთავისუფლდება ძეგლი, უნდა მოახდინოს მისი ან პირდაპირ რეალიზება, რა თქმა უნდა, ძეგლის დაცვის ვალდებულებით ან სრულად უნდა აღადგინოს თავად და შესძინოს სამოქალაქო ფუნქცია.

ვის ხედავთ თქვენს პოლიტიკურ ოპონენტად 69-ე ოლქში?

ერთადერთი ოპონენტი არის ნიჰილიზმი ამომრჩეველში, რომელიც ალბათ ყველაზე დაუძლეველია, რომელიც საჭიროებს დიდ ენერგიას და ბევრ მუშაობას, რადგან მოქალაქეების დარწმუნება არის ძალიან რთული.

ალტერნატივა, როგორც ასეთი, „თავისუფალ დემოკრატებს“ არ გვყავს არა იმიტომ, რომ ჩვენ სახეზე ლამაზები ვართ, არამედ იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა საკითხზე ჩვენ გვაქვს ნაფიქრი, ეს ყველაფერი გვაქვს გაწერილი და ვიცით, როგორ გავხადოთ რეგიონი უკეთესი, ყველა ადამიანს როგორ შევუქმნათ განვითარების უკეთესი პირობები.

საარჩევნო გარემო როგორია, გიშლიან ხელს კამპანიის ჩატარების პროცესში?

საარჩევნო კამპანია არის არნახულად მშვიდი – არ არსებობს არავითარი ძალადობრივი ჩარევა მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო კამპანიას, საბიუჯეტო რესურსის გამოყენებას ვერც „ქართული ოცნება“ შეელია. დაგეგმილიც იყო და ახლა ბიუჯეტებიც გაზარდეს ბეტონის გზების გაკეთებაზე, შემოერთებულ ტერიტორიებზე მეტი სტადიონის გაკეთებაზე და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, „ქართული ოცნება“ ილუზიაშია – რატომღაც მთავრობას ჰგონია, რომ დასაქმებული საჯარო მოხელეები მათი რესურსია. მე შემიძლია  ჩვენი პარტიის მიმართ მხარდაჭერიდან გამომდინარე გითხრათ, რომ ეს არის „ოცნების“ ხელისუფლების მორიგი ილუზია. ისინი [საჯარო მოხელეები] დამოუკიდებელი ადამიანები არიან აზროვნებით, მოქმედებით და პრაგმატულად, თავიანთი ოჯახების უკეთესი მომავლისთვის გადადგამენ ნაბიჯს.

აჭარას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან გორგილაძე უხელმძღვანელებს – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლევან გორგილაძემ მინისტრის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, როცა ყოფილმა მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ თანამდებობა დატოვა, რადგან ის მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ლევან გორგილაძე 2012 წლიდან დღემდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქმიანობდა. ის სხვადასხვა წლებში იყო მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. სამინისტროში მუშაობის პერიოდში ლევან გორგილაძე ხელმძღვანელობდა ჯერ სოციალურ სფეროს, შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებას.

ლევან გორგილაძე პროფესიით ექიმია.

არმაზ ახვლედიანი: კახი კალაძის უშუალო მითითებებით უნდათ საარჩევნო პროცესის პარალიზება

დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ბათუმის 69-ე ოლქში, არმაზ ახვლედიანმა, დღეს, 15 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სარჩელი შეიტანა სასამართლოში საკრებულოს განკარგულებასთან დაკავშირებით: „როგორც ცნობილია, ბათუმის საკრებულოს განკარგულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, სულაც არ კრძალავდა ჩემს ბანერს იქ, სადაც სამი დღე იყო. ჩვენ  დავინტერესდით ამ განკარგულებით და ჩვენმა იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ განკარგულება თავისი არსით ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. ამ თემებით ჩვენ მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მიიღო ჩვენი სარჩელი წარმოებაში და ჩაინიშნა 19 სექტემბერს მოსამზადებელი სხდომა. მე მჯერა, რომ მოსამართლე უერთგულებს კანონს და სამართლიანობას.“

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, არმაზ ახვლედიანის საარჩევნო ბანერი მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ჩამოხსნეს.

„ჩვენ ვართ დღეს იმ მდგომარეობაში, როდესაც ინსტიტუციები საქართველოში ვეღარ მუშაობენ და პრაქტიკულად ყველაფერი არის პიროვნებების იმედზე. ან ბედავ და ხარ ერთგული კანონის და სამართლიანობის, ან კიდე ხარ მონა და მორჩილი ვიღაცის შეკვეთის,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა და დასძინა, რომ ყველაფერი იგეგმება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახი კალაძის მიერ – “სწორედ მისი კონკრეტული უშუალო მითითებებით აქაური ქვეშევრდომები აკეთებენ იმას, რომ მოახდინონ საარჩევნო პროცესის პარალიზება  და რეალური ოპონენტები გამოთიშონ საარჩევნო პროცესიდან. ეს ხდება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაშიც, მე მივმართავ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს ყველა იმ ფაქტით. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში ზურაბ პატარაძესაც მოუწევს თანამდებობის დატოვება, პატარაძე დაკავებულია იმით, რომ მან შეასრულოს მისი პატრონების შეკვეთები.“

არმაზ ახვლედიანის თქმით,  კახი კალაძე პირადად აძლევს  მითითებებს სუსის ხელმძღვანელობას, თუ ვის მოუსმინონ, ვინ აშანტაჟონ, ვისთან როგორი ურთიერთობები ჰქონდეთ. „ეს არის უშუალოდ მის მიერ მართული პროცესი, მე პირდაპირ ვადანაშაულებ მას  და მოვითხოვ, რომ პროკურატურამ ყველა კონკრეტულ საკითხზე, რომელც ჩამოვთვალე, დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და დაკითხოს ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც პირადად ან ირიბად არიან ჩართულნი ამ პროვოკაციებში, მანიპულაციებში, შანტაჟში და მოსყიდვაში“.

არმაზ ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა: „პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად აცხადებს, რომ  საქართველოში არის დემოკრატიული საარჩევნო კამპანია. ცოდავს, მიქარავს, იმიტომ, რომ პრემიერი მფარველობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებს, დაწყებული კალაძით და დამთავრებული გია ვოლსკით, რომლებიც ქვეყანაში თავად რევენ სიტუაციას და სხვას აბრალებენ.“

„რაც შეეხება მოსმენებს, რაც გუშინ ვნახეთ, „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის და ერთ-ერთი პოლიტიკოსის საუბრის მოსმენასთან დაკავშირებით, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ გამოძიება არა, უბრალოდ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, არამედ კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირები დაისაჯონ. ასეთი რაღაცების გამო ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები მიდიან თანამდებობიდან. მე მივმართავ კვირიკაშვილს და სხვებსაც, იფიქროს ამის შესახებ პრემიერმა და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

რატომ მცირდება მაღალმთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. იმის ფონზე, როცა სამინისტრო საჯარო სკოლებში  მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდაზე საუბრობს,  მაღალმთიან სკოლებში მოსწავლეთა  რაოდენობა  პირველ კლასებში  მაინც მცირდება. სკოლების გარკვეულ ნაწილს კი, პირველ კლასებში მხოლოდ თითო-ოროლა მოსწავლე ჰყავს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის წინ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, სკოლა ოფიციალურად გაუქმებული არ არის და შტატში ერთი მასწავლებელი ირიცხება.

ხელვაჩაურის რესურსცენტრის თანამშრომელი, ნინო ბოლქვაძე გვეუბნება, რომ ის ერთი მასწავლებელიც ჩხუტუნეთის სკოლაში მუშაობს და ცხემლარში იმ შემთხვევაში ავა, თუ სკოლის კარს ერთი პირველკლასელი მაინც შეაღებს.

„გვაქვს ისეთი სკოლებიც, სადაც 3-4 პირველკლასელი ჰყავთ. მაგალითად, მაჭახლისპირის სკოლაში პირველკლასელი წელს არ ეყოლებათ. გასულ წელს კი მხოლოდ ერთი მიიღეს. დაწყებით სკოლაში აქ სულ 4 მოსწავლე სწავლობს“, – გვეუბნება ნინო ბოლქვაძე.

სოფელ აჭარის აღმართის სკოლაშიც დაწყებითი კლასის სამი მოსწავლე ჰყავთ. სკოლების გარკვეულ ნაწილში, დაწყებით საფეხურზე,6-7 მოსწავლე ჰყავთ.

ნინო ბოლქვაძის თქმით, მოსწავლეების კონტინგენტის შემცირება მოსახლეობის მიგრაციას უკავშირდება.

სკოლების დაცარიელებას მოსახლეობის მიგრაციას უკავშირებს შუახევის რესურსცენტრის თანამშრომელი მზია დავითაძეც. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ერთ-ორმოსწავლიანი კლასები გახშირდა.

ახალ სასწავლო წელს თითო პირველკლასელი ეყოლებათ გოგაძეების, სხეფის, ჟანივრის, კარაპეტის საჯარო სკოლებს. ორი-ორი პირველკლასელი კი – გოგინაურის, მაწყვალთის, დარჩიძეების, წყაროთისა და ხაბელაშვილების სკოლებს. სხვა დანარჩენ სკოლებში 5 ან 6 პირველკლასელია.

მზია დავითაძის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტში 43 საჯარო სკოლაა, სადაც გასულ წელს 2 029 მოსწავლე სწავლობდა, წელს კი 1982 ისწავლის. პირველკლასელთა რაოდენობა საერთო ჯამში გასულ წელთან შედარებით მაღალია, 135 იყო და წელს 175 იქნება, მაგრამ ეს ციფრი, როგორც მზია დავითაძე გვეუბნება, იმ ბავშვების ხარჯზეა გაზრდილი, რომლებიც გასულ წელს უნდა შესულიყვნენ სკოლაში, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილების გამო ვეღარ შევიდნენ.

„წელს ზოგიერთ სკოლას იმიტომ ჰყავს პირველკლასელი, რომ შარშან სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვები არ მიიღეს. რომ მიეღოთ, წელს არც ეს ერთი მოსწავლე ეყოლებოდათ. სკოლებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, მაგრამ სოფლიდან ოჯახები მიდიან, ზოგი სოციალური პირობების გამო, ზოგიც სხვა მიზეზით. მარტო მოხუცები რჩებიან და მოსწავლეთა რაოდენობაც მცირდება“, – გვეუბნება მზია დავითაძე.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა ხულოს მუნიციპალიტეტშიც, ერთმოსწავლიანი პირველი კლასი ჰყავთ სოფელ პაქსაძეებში, გელაურში და სოფელ პანკნარში. სოფელ ტაბახმელას სკოლაში კი სამი პირველკლასელი ეყოლებათ.

პირველკლასელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში წლების მიხედვით. ინფოგრაფიკა: ია ფრანგიშვილი
პირველკლასელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში წლების მიხედვით.
ინფოგრაფიკა: ია ფრანგიშვილი

„სკოლებში არ გვყავს უცხო ენის მასწავლებლები. ვინც განათლება მიიღო, სოფელში აღარ დაბრუნდა. ესეც არის მოსწავლეების შემცირებისერთ-ერთი მიზეზი. ქალაქში გადაჰყავთ ბავშვები ან იმ სკოლებში, სადაც ამის პრობლება არ დგას. ვისაც უკეთესი მომავალი უნდა თავისი შვილისთვის, ყველა მიდის“, – გვეუბნება ხულოს რესურცენტრის წარმომადგენელი, შორენა თავართქილაძე.

ქედის მუნიციპალიტეტში მცირეკონტინგენტიანი სკოლები შედარებით ნაკლებია. წელს თითო პირველკლასელი მხოლოდ კოკოტაურის და აქუცას სკოლებს ეყოლებათ. თუმცა, გასულ წელს აქუცას სკოლას პირველკლასელი არ მიუღია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის დურმიშხან შავიშვილის თქმით, ამ სოფელში მხოლოდ ექვსწლიანი საჯარო სკოლაა, ამიტომ ოჯახების უმეტესობა არჩევს, რომ ბავშვი დაბის სკოლაში მიიყვანოს.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, მცირეკონტინგენტიანი სკოლები აქაც არის, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მოსწავლეთა კონტინგენტი მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„ოთხ-ოთხი პირველკლასელი ჰყავს აჭისა და კოხის საჯარო სკოლებს, ზედა სამებისა და კვირიკეს სკოლა მიიღებს 5 მოსწავლეს, ნაკაიძეებში კი 6 პირველკლასელი ჰყავთ“, – გვეუბნებიან ქობულეთის რესურსცენტრში.

მათივე ინფორმაციით, სკოლის გაუქმების შემთხვევა მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირების გამო ჯერ არ ჰქონიათ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს შარშანდელთან შედარებით, მაღალმთიანეთის სკოლებში, პირველკლასელთა რაოდენობა გაზრდილია. „ხულოში გასულ წელს 262 პირველკლასელი იყო და წელს არის 305, ქედაში 171 იყო და წელს გვყავს 216, ქობულეთში კი 162-იდან 305-მდე გაიზარდა,“ – გვეუბნებიან სამინისტროში. თუმცა კითხვაზე – სტატისტიკის ზრდის ფონზე, იზრდება თუ არა მცირეკონტინგენტიანი კლასების რაოდენობა და რა მიზეზით? პასუხი არ აქვთ. „მაგასთან დაკავშირებით კვლევა არ გაგვიკეთებია,“ – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, წელს ინფრასტრუქტურული პროექტები 27 სკოლაში მიმდინარეობდა. „მიმდინარეობდა ხუთი სკოლის მშენებლობა, ექვსი სპორტული დარბაზის და ორი სკოლა-პანსიონის,“- გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, სწავლა შესაძლებელია დაგვიანებით განახლსდეს ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

მაჟორიტარი კანდიდატი: ყველაზე დიდი მივლინება, ჩემი გამგებლობის დროს, იყო წალკა

დავით გათენაძე მაღალმთიანი აჭარაში , 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის დეპუტატობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაასახელა.

ბატონო დავით, ვინ გიპოვათ თქვენ უშუალოდ და რანაირად მოხდა, რომ პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად დაგასახელათ?

პაატასთან პირადი ურთიერთობა მქონდა. ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს და აზრებს ვუზიარებდით, თუმცა მაშინ არც ის აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას და არც მე მქონდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი. მან იცოდა ჩემი სამუშაო გამოცდილება და როდესაც ფონდი ჩამოყალიბდა, შემომთავაზა ჩემი გამოცდილებით გვერდით დავდგომოდი. მიმაჩნია, რომ ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს არსებულ სიტუაციას სასიკეთოდ შეცვლის.

რა პრობლემებს ხედავთ მაღალმთიან აჭარაში და რის მოგვარებას ჰპირდებით მოსახლეობას?

კარგად ვიცნობ მთიან აჭარას და ვიცი ის პრობლემები, რაც აქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. სოფელს ახალგაზრდა აღარ შემორჩა, ოჯახების გამოსაკვებად შრომისუნარიანი ადამიანების 70%  თურქეთშია წასული. სტუდენტი, რომელსაც არდადეგები აქვს, არდადეგებს იქ მძიმე შრომაში ატარებს. უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა, მცირე მიწიანობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და შემდეგ იმის გასაღება. სოფლებში უამრავი პრობლემაა, რის მოგვარებასაც სისტემური მიდგომა სჭირდება.  ჩვენს პარტიას აქვს პროგრამა, რაც ჩვენს პირობებსა და რელიეფურ მდგომარეობას უნდა მივუსადაგოთ.

თქვენ ხართ ქედის ყოფილი გამგებელი. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ქედის მოსახლეობას მოუგვარეთ და რისი გაკეთება ვერ შეძელით?

კომუნისტების დროიდან მოყოლებული წყლის პრობლემა იყო დაბაში, ქედის ცენტრიდან, 14 კილომეტრში არსებულ ღარათიდან წყალი მოვიყვანე, წყლის პრობლემა მოვუგვარე დაბის მოსახლეობას. ჩემს დროს გაკეთდა სპორტული დარბაზი, ბიუჯეტის ხარჯის გარეშე ჩემი მეგობრების დახმარებით გავაკეთე ცხრა აპრილის სკვერი, რომელიც მანამდე ნაგავსაყრელი იყო. ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ეს იყო 2006-2009 წელი, პერიოდი, როდესაც ომი მოხდა… იმდროინდელი ბიუჯეტიც დღევანდელთან შედარებით 3-4 -ჯერ ნაკლები იყო და სიმცირე შესაძლებლობას არ გვაძლევდა  გაგვეკეთებინა რაც გვინდოდა. მინდოდა მუნიციპალიტეტის ინტერნეტიზაცია მომხდარიყო, მცირე საწარმოები გაკეთებულიყო და ინვესტორები მომეზიდა.

არჩევის შემთხვევაში რა საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებთ? პირველი ინიცირებული პროექტი რა იქნება?

ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვინიშნავთ არსებულ პრობლემებს, რასაც შემდეგ ცენტრალურ შტაბში ვაგზავნით. ანალიზს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, სად რა პრობლემაა და ამ პრობლემის გადასაჭრელად რის გაკეთება იქნება შესაძლებელი. სოფლებში არსებული პრობლემების 80-90%  ერთნაირია. საკანონმდებლო ინიციატივაში უნდა შევიდეს ის, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა სარეიტინგო ქულა 125 000-მდე გაიზარდოს. ამისთვის საჭირო თანხას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით მოვიძიებთ. მუნიციპალიტეტების გამგებლები ზოგი ამერიკაში დადის, ზოგი საფრანგეთში, ზოგი… ჩემი ყველაზე დიდი მივლინება გამგებლობის დროს რაც გამიკეთებია, იყო წალკა, როდესაც მე მუნიციპალიტეტიდან ჩასახლებული ოჯახები მოვინახულე. ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი და სტატუსი ეკომიგრანტებზე.

თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ იდეების გამტარებელი იყავით, რატომ შეცვალეთ პოლიტიკური არჩევანი?

„ნაციონალური პარტიის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ვითვლებოდი, რადგანაც პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“, რომლის წევრიც მე ვიყავი, „ნაციონალებთან“ გაერთიანდა. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ჩემი მეგობარია, მათ მათ საქმეში გაუმარჯოს, მაგრამ მე არ მინდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ვიყო. თუ ვინმემ ვინმეს უღალატა, მე ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობამ უღალატა იმისთანა ადამიანებს, როგორიც მე ვიყავი.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ აჭარლები არ არიან დასაქმებული თანამდებობებზე აჭარაში. თქვენ როგორ აფასებთ მის ამ განცხადებას?

ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. როგორც მე თვითონ განმიმარტა, ეს სხვა გაგებით იყო ნათქვამი და სხვანაირად იქნა გაგებული.

ხელს ხომ არ გიშლიან საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და თუ გამოგიყოთ პარტიამ საამისოდ ფული?

არანაირი ხილული ხელშეშლა არ ყოფილა. ორი – სამი დღეა დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და ვფიქრობთ, სოფლების მნიშვნელოვან ნაწილს მოვიცავთ.

P.S. დავით გათენაძეს სხვადასხვა დროს ქედის გამგებლისა და აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო საკონსულტაციო სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2012 წლიდან, როგორც თავად ამბობს, ჩამოშორდა პოლიტიკას და კერძო ბიზნესში გადავიდა.

 

Exit mobile version