კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

15.09.2016 • 4923
ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება.

„ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების სამინისტრო, საქართველოდან „ცერნში“ წარმატებულ და კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებს აგზავნის.

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან „ცერნში“ სწავლებას 37 დღის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მერაბ დიასამიძე გაივლის.

მან ჯერ კონკურსი გაიარა და კონკურსის ფარგლებში პრეზენტაციაც წარადგინა ატომის ბირთვის აღნაგობასა და ბირთვული ძალებისა და ბმის ენერგიაზე. ამბობს, რომ არ იცის სულ რამდენი მასწავლებელი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა საბოლოოდ კონკურსის ყველა ეტაპის გავლა მხოლოდ სამმა მასწავლებელმა შეძლო.

23 წლისა იყო, როდესაც პედაგოგად მუშაობა დაიწყო და 20 წელია მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ფიზიკას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობით დაამთავრა, დღეს ის მთიანეთში ყველაზე წარმატებული ფიზიკის პედაგოგია.

„ცერნში ბევრი ქართველი პროფესორი მუშაობს, პირველი რაც ვიკითხე ის იყო, რომ ინგლისური ენის კარგად ფლობა თუ იყო საჭირო, რაზეც მითხრეს, რომ ლექციებს ქართველები წაგვიკითხავდნენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში იქნებოდა სინქრონული თარგმანიც. ლექციებთან ერთად ცდები და ექსპერიმენტებიც ჩაგვიტარდება,“ – ამბობს მერაბ დიასამიძე.

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც ფიზიკის პედაგოგისთვის სასწავლო კურსი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ატომური კვლევების ცენტრში გაიაროს, ამბობს, რომ წასვლამდე ძნელია რაიმეს თქმა: „იქიდან რა ემოციებით დავბრუნდებით, ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა უდავოა, მნიშვნელოვან ცოდნას შევიძენ. პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ლექციებს, ცდებსა და ექსპერიმენტებს თავისთავად მოაქვს პედაგოგისთვის შედეგი“.

პედაგოგობას მეორე სამსახურსაც უთავსებს, აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურში მართვის ფარის ოპერატორად მუშაობს და ყოველ მეხუთე დღეს ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროენერგიის მართვას ახორციელებს.

მეცნიერული კუთხით მუშაობაზე დღემდე არ უფიქრია, თუმცა სამომავლოდ ამას არც გამორიცხავს.

„სპეციალობით მათემატიკოსი ვარ. მართალია, მათემატიკასთან ერთად უმაღლეს სასწავლებელში ფიზიკასაც ვსწავლობდი, მაგრამ სკოლაში მოსვლიდან ჩემი განვითარება უფრო ფიზიკაში მოხდა, თუმცა უფრო სასკოლო დონეზე და არა მეცნიერულ დონეზე. მართალია, ყოველთვის შეიძლება იმუშავო მეცნიერული კუთხით, თუმცა ორი სამსახურიდან გამომდინარე ეს რთულია, აქ არც იმდენი საშუალებაა, მაშინ უნდა მოწყდე სამყაროს, სკოლასა და გაკვეთილებს და ცდებსა და კვლევებზე უნდა გადაერთო“.
მერაბ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პედაგოგი წარმატებული რომ იყოს, ამისათვის მარტო საგნის ცოდნა არ კმარა.

„საგნის ცოდნა საკმარისი არ არის, პიროვნული თვისებები პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაცმულობიდან დაწყებული, დიქციით დასრულებული, მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყველა დეტალი განმსაზღვრელია. ადამიანური ურთიერთობიდან იწყება ყველაფერი, არც ამ მხრივ მქონია მოსწავლეებთან ოდესმე პრობლემა, არასდროს გამიგონია, ცუდი ეთქვათ ჩემზე მოსწავლეებს და თუ გავიგონებ, შევეცდები გამოსწორებას,“ – ამბობს მერაბ დიასამიძე და დამწყებ მასწავლებლებს თავის გამოცდილებას უზიარებს:

„არავინ დაბადებულა პროფესიონალად, ამას დიდი დრო სჭირდება. საკუთარ თავთან უნდა იმუშაო. რაც შეეხება საგნის ცოდნას, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე ყურადღებას ახლა იმიტომ არ ვამახვილებ, რომ თუ სკოლაში მოვიდა პიროვნება პედაგოგად, ეს იმას ნიშნავს, რომ საგნის ცოდნა აქვს, ამის გარეშე პედაგოგი პედაგოგად ვერ წარმომიდგენია“.

მერაბ დიასამიძეს რესურსცენტრიდან სხვა სკოლაში დირექტორის თანამდებობაც შეუთავაზებიათ, რაზეც უარი განაცხადა. ამბობს, რომ ურჩევნია კარგი პედაგოგი იყოს: „კარიერული ინტერესები ჩემში არ არის, მირჩევნია წარმატებული რიგითი პედაგოგი ვიყო. არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ერთხელ ვიყავი კლასის ხელმძღვანელი და ამით დავასრულე ხელმძღვანელობა“.

მერაბ დიასამიძე მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი სერტიფიცირებული ფიზიკის მასწავლებელია.

მერაბ დიასამიძე: „ქედაში ჩემ გარდა სერტიფიცირებული ფიზიკის პედაგოგი არ იყო, მაგრამ თუ ხულოსა და შუახევშიც არ ჰყავდათ, არ ვიცოდი და მეწყინა. ვერ ვიტყვი, რომ სერტიფიკატის აღებითა და „ცერნში“ მოხვედრით ვარსკვლავები მოვწყვიტე, მაგრამ ესეც კარგი შედეგია. ზოგადად, მასწავლებლებს აქვთ შიშები, ერთხელ რომ სცადეს და ვერ ჩააბარეს სერტიფიცირების გამოცდა, უარი თქვეს, ამბობენ რთულიაო. ფიზიკა რომ ადვილი არ არის, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ, რადგანაც პედაგოგი ხარ, მოსწავლეებს ასწავლი, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითგანვითარებისთვისაც უნდა იბრძოდე. მესმის ასაკოვანი პედაგოგების, – ისინი ხვალ და ზეგ წასვლას აპირებენ სკოლიდან, მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგების არ მესმის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: