დისკუსიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ მივიდა

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არჩევნებში მონაწილე პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩეველს შეხვდნენ. შეხვედრა სპეციალურ ფორმატს ითვალისწინებდა და მისი მოდერატორი მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე იყო.

შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ თითო წუთი კითხვებზე საპასუხოდ. ფორმატი ითვალისწინებდა როგორც მოდერატორის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს, ასევე დარბაზიდან კითხვების დასმის შესაძლებლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის #69 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები: „რესპუბლიკელებიდან“ – ხათუნა სამნიძე, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ – ნინო ბერაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – გიორგი კირთაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – პაატა ცივაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – არმაზ ახვლედიანი და პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი – ირაკლი ბარამიძე.

შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ „ქართული ოცნებისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“ წარმომადგენლები.

შეკითხვები შეეხო პარტიების საარჩევნო პროგრამებს, კანდიდატების ხედვებს დასაქმებაზე, გადასახადების შემცირებაზე, შრომით უფლებებსა და სხვა საკითხებზე.

შეხვედრა მედიაცენტრმა უზრუნველყო. ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის თეონა დიასამიძის ინფრომაციით მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.

მედიაცენტრები ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მაჟორიტარი კანდიდატი: დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან

ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის #68 საარჩევნო ოლქში. რა ვერ შეძლო მან ქობულეთის საკრებულოდან და რის შეცვლას გეგმავს უმაღლესი საბჭოდან, თუ აირჩევენ? – ამ თემებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო ელგუჯა, გამარჯვების შემთხვევაში იმ ოლქის ამომრჩევლისთვის, რომელშიც თქვენ ხართ დასახელებული მაჟორიტარობის განდიდატად, რას გააკეთებთ უმაღლესი საბჭოდან?

ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იქნა შემუშავებული – ეს არის სოციალური სახლების მშენებლობა, ეს ეხება ბარაკული ტიპის დასახლებას. ასევე მეწყერსაშიშ ზონაში მყოფ ადამიანებს, ასევე პროგრამის ნაწილია პენსიების 50 ლარით გაზრდა, სოციალურად დაუცველებისათვის 600-ლარიანი ვაუჩერი. ციტრუსის პროგრამა, სადაც სახელმწიფო კორპორაცია შეიქმნება, რომელიც 70 თეთრად შეისყიდის ციტრუსის ნაყოფს. წყლისა და კანალიზაციის დაწყებული სამუშაოები გაგრძელდება, რომელიც დატოვებული იქნა ჩვენს მიერ 2012 წელს და უნდა დასრულებულიყო.

ეს არის ძირითადი, რასაც თქვენს ამომრჩეველს ჰპირდებით საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში?

დიახ.

რაც შეეხება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს, სად ხედავთ ხარვეზებს კანონმდებლობაში და რისი შეცვლა გინდათ, რითაც თქვენი ამომრჩეველი შემდეგ სარგებელს ნახავს?

აჭარის ისტორიაში 2012-2016 წლების უმაღლესი საბჭო იყო ერთ-ერთი სამარცხვინო უმაღლესი საბჭო. ეს იყო შავი ლაქა უმაღლესი საბჭოს ისტორიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, უფლებამოსილებების გაზრდა უნდა მოვითხოვოთ, ელემენტარულად სკოლის დირექტორების დანიშვნა. შსს- ი, პროკურატურაში – ხელმძღვანელი პირების დანიშვნა უნდა შეთანხმდეს უმაღლეს საბჭოსთან, ასევე გვაქვს რიგი კანონებისა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ…

მაინც რაზე მუშაობთ, რას ეხება ეს კანონპროექტები?

რამდენიმე მაგალითი უკვე დაგისახელეთ – ეს არის პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინიტროს სტრუქტურები, სადაც ხელმძღვანელებს ნიშნავდა საქართველოს მთავრობა, აუცილებელი უნდა იყოს ასევე სკოლის დირექტორების დანიშვნა შეთანხმდეს აჭარის მთავრობასთან. რომელიც არ თანხმდებოდა და ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავდა. ასევე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ვაპირებთ, რომ შევიმუშაოთ კანონი და პარლამენტს მივაწოდოთ რეკომენდაციები, მოვთხოვოთ, რომ შევიდეს ცვლილება კანონში.

კონკრეტულად რა ცვლილება უნდა მოითხოვოთ?

2008 წლის ნოემბერში შევიდა კანონში ცვლილება და კანონი მოითხოვდა შენობა-ნაგებობის არსებობას მიწის ნაკვეთში, სადაც არსებობა დგინდებოდა. ახლა მოვითხოვთ, რომ ეს ნაწილი ამოვიდეს კანონიდან და ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ფაქტორბრივად მფლობელობაშია, არის შემოფარგლული და არის მრავალწლიანი ნარგავები, დაუკანონდეს მოსახლეობას.

მიწის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობთ, მაშინ როცა თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუკანონეს და შემდეგ ჩამოართვეს მოსახლეობას ნაკვეთები, მიიჩნევთ რომ ეს იყო შეცდომა?

მოგეხსენებათ, რომ 2007 წლამდე აჭარაში რეფორმა არ ჩატარებულა, 2007 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, გაიპარა ხარვეზები. სადაც ხარვეზი აღმოჩნდა შემდეგ პრობლემები წარმოიშვა, თუმცა, 80 პროცენტი მიწის ნაკვეთებისა, რომელიც საკუთრებაში გადაეცა მოსახლეობას, დღესაც საკუთრებაში აქვთ. დაახლოებით 20 პროცენტამდე ადამიანები არიან დარჩენილები, რომლებიც ელემენტარულად კანონის შესაბამისობაში ვერ მოდიოდა და დარჩა გაუფორმებელი. თუმცა, ჩვენ 2012 წელს რეკომენდაცია მოვამზადეთ ამასთან დაკავშირებით, ახლა ვაპირებთ, რომ ეს კანონი მოვამზადოთ უმაღლეს საბჭოში და გადავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს რომ შეიტანოს ცვლილება .

გონიოს მოსახლეობას მთლიანად გაუუქმა მთავრობამ მანამდე აღიარებული საკუთრების უფლება, დღემდე მათ დაუკანონებელი აქვთ მათ საკუთრება…

გონიოს მოსახლეობას და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიებს რაც შეეხება, აქ თავის დროზე, რა თქმა უნდა, მოხდა ხარვეზი. იცით, რომ გონიოს ციხესთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, მოსახლეობას რომც გადაეცეს, ფაქტობრივად, ის იქნება გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი, სადაც სამშენებლო ნებრთვები არ გაიცემა. ნაკვეთებზე, რომლებიც გონიოს ციხის ირგვლივ არსებობს მოსახლეობასთან უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება და კომპენსაციები გავცეთ. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს ისინი, ეს მაინც გამოუყენებელი იქნება საკუთრებაში რომც გადაეცეთ. რეგულაციები არსებობს, სადაც ხუთასი მეტრის რადიუსში არ შეიძლება მშენებლობის დაწყება.

ეთანხმებით ამ რეგულაციებს?

ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი რეგულაციები. იცით, რომ გონიოს ციხე სტატუსის მატარებელია და შეუძლებელია, რომ იქ რაიმე მშენებლობა აწარმოო. სასტუმროები აშენდა მოშორებით სხვა მიწის ნაკვეთებზე, რომელიც არაა გონიოს მიწის ნაკვეთები. იქ იყო კიდევ ის ხარვეზები, სადაც გაიპარა, სადაც შესაძლებელი იქნება აღიარება იქ ვუღიარებთ, სხვებზე ვფიქრობთ, რომ კომპენსაციები გაიცეს და ამ კუთხით ვაწარმოოთ მოლაპარაკება მოსახლეობასთან.

ამომრჩეველი არც იმ ფორმით სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ნაკვეთების პროვატიზებას ეთანხმებოდა, როგორც ეს ხდებოდა თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

2012 წლის შემდეგ ყველაფერი გაჩერდა, არის დასაქმების პრობლემა, ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების მოხსნა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაც შეეხება რეგულაციების გვერდის ავლას ეს ამ ხელისუფლების მანკიერი მხარეა, რადგან ამ ხელისუფლების დროს დაიწყო.

არამხოლოდ ამ ხელისუფლების დროს ბატონო ელგუჯა, ბულვარში მაღლივი შენობა მივიღეთ წინა ხელისუფლების დროს.

ტექნოლოგიურზე თუ გვაქვს საუბარი, ეს ერთ-ერთი ულამაზესი შენობაა და არამგონია, რომ ამაზე ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს.

როგორც ჩანს არ გაგიგიათ პრეტენზიებზე ან არ გინდათ რომ გაიხსენოთ. მოდით დავუბრუნდეთ საკადრო პოლიტიკას, რატომ უნდა იყოს სკოლის დირექტორების დანიშვნის საკითხი უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით აჭარის მთავრობას უნდა გაეზარდოს უფლებამოსილება. იცით, რომ აჭარაში არსებობს განათლების სამინისტრო, რომელიც ვერ ნიშნავდა დირექტორებს. აქ ვფიქრობთ, რომ შევიდეს ცვლილება და აჭარის განათლების სამინისტროს მიეცეს ამის უფლება, აჭარის სკოლებში დანიშნოს დირექტორები თვითონ.

P.S. ელგუჯა ბაგრატიონი ქობულეთის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეა. ის იყო 2007-2010 წლების ქობულეთის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანამდე კი ქობულეთის გამგეობაში რწმუნებულად მუშაობდა.

„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს

შპს „სანდასუფთავება“ ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე მსხვილფეხა პირუტყვს აკავებს და საჯარიმო მოედანზე  გადაჰყავს,  მეპატრონეს კი 50 ლარით აჯარიმებს.

„იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოაკითხავს პირუტყვს, ყოველდღიურად მოვლის  10 ლარი ემატება. თუ საერთოდ არ მოვა და არ წაიყვანს,  ამ შემთხვევაში სანდასუფთავების სამსახური პირუტყვს აუქციონის წესით ყიდის.“ – უთხრა ბათუმელებს,  „სანდასუფთავების“ დირექტორმა, დავით ასამბაძემ. „ბათუმელების“ ინფორმაციით პირუტყვის აუქციონზე გაყიდვის ფაქტი 4 წლის წინ იყო, მაშინ „სანდასუფთავებამ“ ცხენი გაყიდა.

„სანდასუფთავების“ ადმინისტრაციის უფროსის, ირაკლი პაპუნაშვილის ინფორმაციით, ამჟამად „სანდასუფთავების“ სამსახურის საჯარიმო მოედანზე 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია გადმოყვანილი მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიიდან.

„თუ პირუტყვი საღამოს სახლში არ მივა, ყვლამ იცის რომ ის „სანდასუფთავებას“ ჰყაავს აყვანილი, ამის მიუხედავად, მაინც არ აქცევენ ყურადღებას და უპატრონოდ ტოვებენ.“ – ამბობს ირაკლი პაპუნაშვილი. მისივე თქმით, არის ცხელი წერტილები ქალაქის ტერიტორიაზე, საიდანაც ხშირად ხდება შინაური ცხოველების გადაყვანა საჯარიმო მოედანზე: „ლეონიძის, ორბელიანის ქუჩები, ხელვაჩაურში, თამარის დასახლებასა და გონიო-ახალსოფელში გამავალი ტრასები.“

ირაკლი პაპუნაშვილის ინფორმაციით პირუტყვების მეპატრონეები ჯარიმდებიან  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რაც ითვალისწინებს 20 ლარიან ჯარიმას, „ამას ემატება, პირუტყვის საჯარიმოზე გადაყვანის, მეველის, მოვლის და ხელფასის 30 ლარი“.

კითხვაზე, ინფორმაციას ვინ აწვდის პირუტყვის მეპატრონეებს, ირაკლი პაპუნაშვილი ამბობს, „დავარიგეთ სპეციალური ბუკლეტები, ინფორმაცია მისულია ყველასთან, ასევე გაფრთხილების ფურცლებიც ეგზავნებათ“.

14330982_1180294802043711_1756107829_n
„სანდასუფთავების“ ფოტოები

მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ქობულეთის საკრებულოს წევრია.

ბატონო ავთანდილ, რის გამო გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა „პატრიოტთა ალიანსიდან“?

თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართულმა ოცნებამ“ დამიწუნა და იმიტომ გადავწყვიტე ასე, ვითომ უკეთესი კანდიდატები ყავდა „ოცნებას“… მანამდე ჩართული ვიყავი პოლიტიკაში, „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი და მერე დამიწუნეს. სავალდებულო არ იყო, საკრებულოს წევრად შევეყვანე. თანამდებობისთვის არ ვიბრძოდი მე. თანადგომა მინდოდა და გვერდში დგომა. მინდოდა, დამემტკიცებინა „ქართული ოცნებისთვის“ ვინ ვარ მე.

დაუმტკიცეთ?

კი, დავუმტკიცე. ახლა უკეთესად დავუმტკიცებ კიდევ, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გავხდები.

რით დაუმტკიცეთ, რა შეძელით საკრებულოში?

რადგან ოპოზიციიდან ვარ, ძალიან ნაკლებ ყურადღებას მაქცევენ. ვიყავი შესული გაზიფიცირების მოთხოვნით, უარი მითხრეს. მერე ინტერნეტის შეყვანა მოვითხოვე ჩემს სოფელში, გვარაში და უარი მითხრეს… არც გაზიფიცირება, არაფერი სულ. ჩემი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის გამანაწილებელი სადგური გაზის, ორი კილომეტრია ჩემი სოფელი იქედან, დაგვაში გაზი აიყვანეს და ჩემთან უარი მითხრეს… ისინი უმეტესობა არიან, ჩვენ ვართ ოთხი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და რას ვიზამდით?

უმაღლეს საბჭოში რას შეცვლით, თუ უმრავლესობით მოსვლის მოლოდინი გაქვთ?

აი, რაც ჩამოგითვალეთ, მაგისთვის მინდა შესვლა, რომ ჩემს ქობულეთს დავუბრუნო ქალაქის სტატუსი, ბულვარის გაფართოებას მოვითხოვ კიდევ ქობულეთში, მიწები რომ იყიდება… კეთილმოწყობაზე უნდა ვიზრუნო. ისეთი პიროვნება არ ვარ,  გული არ შემტკიოდეს ჩემს ქალაქზე.  ჯერ ქალაქი არაა, მაგრამ გახდება მალე ქალაქი.

ანუ, გულისხმობთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს? ამას აჭარის უმაღლესი საბჭოდან როგორ მოახერხებთ?

კი, ასეა. მე დავსვამ საკითხს და მოვითხოვ, რომ დამიდგენ გვერდში და კანონპროექტს შევიმუშავებთ, მერე პარლამენტში წარვადგენთ.

ეს სტატუსი რატომ იქნება მნიშვნელოვანი ქობულეთისთვის?

ქალაქს მერი ეყოლება, როგორც ოზურგეთს ყავს… ქალაქს ექნება თავისი ბიუჯეტი და დაფინანსება, მეტი ფული ექნება რაიონსაც.

მეტი საიდან იქნება?

საიდან და ბიუჯეტიდან… მერი მერე თვითმმართველობას აღარ დაემორჩილება… ოზურგეთში ასეა, ნახეთ. მე ვიყავი ოზურგეთში, გავესაუბრე და მითხრეს, ძალიან კარგი იქნება ეს სტატუსი ქობულეთისთვისო… ჯერ არ ვიცი ზუსტად, რომ ამირჩევენ საბჭოში, მერე დამირეკეთ და გეტყვით ზუსტად.

დღეს რას ეუბნებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა გააკეთონ თქვენზე არჩევანი?

დღეს მე არაფერს არ ვპირდები ხალხს… როცა ამირჩევენ, ხალხთან მივალ და ყველას გულის ტკივილს იმ დღიდან შევეკითხები… მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე…. ეს კითხვები დაუსვით იმას, ვინც რამეს პირდება ხალხს. ის, ვინც პირდება ხო, იგენი რეალურად არაფრის გამკეთებლები არ არიან. თუ ამირჩიეს, რომ მივალ საბჭოში, მეორე დღეს, მესამე დღეს, მაშინ მიხვდება ხალხი, რეალურად ვინ ვარ…

ეთანხმებით თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ გზავნილს – „თურქეთი ოკუპანტია?“

რატომ არ უნდა დავეთანხმო? რუსეთში მივიღე სწავლა-განათლება, მე ეთიკაც ვიცი და ესთეტიკაც… როგორ ახლა, თურქეთს იმდენი მიწები აქვს წაღებული, ბათუმში ქუთაისის ქუჩა მიტაცებული აქვთ, ოკუპანტი არაა და რუსეთს 20 პროცენტი აქვს მიტაცებული და იგია ოკუპანტი?

გაქვთ თუ არა გააანალიზებული, რა შედეგი შეიძლება მოყვეს თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტას?

P.S. ამ კითხვას ავთანდილ ხაბაზმა აღარ უპასუხა. მან არც ჩვენს შემდგომ სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის საკრებულოს წევრია 2010 წლიდან. თავდაპირველად ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა საკრებულოში. 2013 წელს მან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. 2014 წლიდან ის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

ავთანდილ ხაბაზმა 1986 წელს დაამთავრა კუიბიშევის სამშენებლო ინსტიტუტი. წლების განმავლობაში  მუშაობდა გვარას კოლმეურნეობაში, კუიბიშევის სამშენებლო ინსტიტუტსა და გორლოვკას ქიმიურ ქარხანაში. 1993-2003 წლებში ავთანდილ ხაბაზი აჭარის საგზაო პოლიციაში მუშაობდა.

არჩილ ხაბაძის დეიდაშვილმა თანამდებობა დატოვა

აიპი „ქობულეთის სანდასუფთავების“ ხელმძღვანელმა რაულ ჩელებაძემ, თანამდებობა დატოვა.  ის ამ თანამდებობაზე 2015 წლის  ბოლოს დაინიშნა.  „ქობულეთის სანდასუფთავების“ ბიუჯეტი  1 მილიონ  100 ათასი ლარია.  ოპოზიცია აცხადებდა, რომ რაულ ჩელებაძე მაშინ ამ თანამდებობაზე სწორედ იმიტომ დაინიშნა,  რომ  ის  მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ  ხაბაძის დეიდაშვილი იყო.

ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგიც კი გამართეს, სადაც ისინი ამბობდნენ რომ  აიპი „ქობულეთის სანდასუფთავება“ სპეციალურად ხაბაძის დეიდაშვილისთვის შეიქმნა.

რაულ ჩელებაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მას თანამდებობა პოლიტიკური მოტივით არ დაუტოვებია: „ჩემი განცხადების საფუძველზე წამოვედი, გუშინ დავწერე განცხადება. რომელ უწყებაში გადავდივარ  ამას ჯერ ვერ გეტყვით. არანაირი პოლიტიკური მოტივი და სხვისი დავალება არ ყოფილა“-გვეუბნება ის.

ქობულეთის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძეც, რაულ ჩელებაძის გათავისუფლების პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს. „საკუთარი ნებით დაწერა განცხადება და როგორ ვიცი კერძო სტრუქტურაში გადადის სამუშაოდ. მას აგვისტოშიც ჰქონდა სურვილი თანამდებობის დატოვების, მაგრამ ვთხოვეთ რომ არ დაეტოვებინა იმ დროს, რადგან რთული მდგომარეობა იყო და სეზონის დასრულებამდე დარჩენილიყო მინიმუმ“.

გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ  რაულ ჩელებაძის სამსახურიდან  გათავისუფლება, აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან წასვლას არ უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრი მაღალმთიან აჭარაში ამომრჩევლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 13 სექტემბერს, ამომრჩევლებს დაბა ქედაში, 9 მაისის პარკში შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში] და ხვიჩა შარაშიძე [უმაღლეს საბჭოში] წარუდგინა. პრემიერთან ერთად ქედაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანი, მისი ღირსება, უფლება და ისეთი ფუნდამენტალური უფლება – როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა. დღეს თქვენ ხედავთ რომ არავინ არავის არ ერჩის და წინასაარჩევნო პროცესი მშვიად მიმდინარეობს, არ არის ზეწოლა ოპოზიციონერებზე, არ არის ზეწოლა ბიზნესზე და პრაქტიკულად საქართელოში პოლიტიკური სინამდვილე შეცვლილია. 2011 წლის შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გადადგა გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ამ ცვლილებების შედეგად ადამიანებს აღარ უჭირთ ჯანმრთელობის დაცვა, არ უწევთ მკურნალობისთვის საკუთარი ქონების გაყიდვა. დღეს ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას იმიტიმ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტის დამსაქმებელია…“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მოქმედ პროგრამებსა და გეგმებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მათ ოპონენტებს „რომლებმაც მხარი მთის კანონს არ დაუჭირა, არ უნდა ჰქონდეთ მორალური უფლება თუნდაც აჭარის მარალმთიანეთში ითხოვონ მხარდაჭერა… მომავალი წლიდან ვზრდით მასწავლებელთა ხელფას და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება, ჩვენი ახალგაზრდები არ ისწავლიან იმ პროფესიების მიხედვით რაც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რაც უფრო საჭიროა საქართველოში“.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით „ყველაფერი ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენ შევძელით და შევანელეთ დაძაბულობა რუსეთთან“.

პრემიერ-მინისტრს ქედაში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ამომრჩევლებს შეხვდება დღეს ხულოსა და შუახევშიც.

ქედა. შეხვედრა პრენიერთან. 13.09.2016 / ფოტო: ეკა ბარამიძე
ქედა. შეხვედრა პრემიერთან. 13.09.2016 / ფოტო: ეკა ბარამიძე

ზემო აჭარის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 13 სექტემბერს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 18:00-დან 19:00 საათამდე 383 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: 1 მაისი, კოლოტაური, დაბა ქედის ნაწილი;

დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე 1832 აბონენტს ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: მერისი და დაბა ქედა.

დასაქმება სკოლის ასაკში

სასკოლო არდადეგებზე ბევრი მოსწავლე ცდილობს იმუშაოს და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ხშირად მათი შრომითი უფლებები ირღვევა – ისინი, ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ და სამუშაო საათებიც კანონით დადგენილ ნორმას აღემატება. არასრულწლოვანთა დასაქმების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას?

„ვიღაცას ურჩევნია მშობლებს სთხოვოს ფული, უფრო მარტივია, მაგრამ სამსახური მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, გამოცდილებას იღებ, პიროვნულად ვითარდები, სხვანაირად უყურებ შენს მომავალს,“ – ამბობს 17 წლის მარი და გვიყვება, თუ როგორ ატარებს სასკოლო არდადეგებს უკვე მეორე წელია:

„ჩემს სოფელში გაიხსნა მცირე საწარმო, სადაც სინორს ამზადებენ. არდადეგებზე, როცა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, გაჩნდა შესაძლებლობა საკუთარი შემოსავალი მქონოდა, ამიტომაც გადავწყვიტე მემუშავა. წელს უკვე, როგორც გამოცდილი თანამშრომელი, უპრობლემოდ მიმიღეს იგივე სამუშაოზე~. მარი კვირაში ექვსი დღე, დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე მუშაობს.

ვიკაც მარის თანატოლია. სამსახურის ძებნა მან გაცილებით პატარა ასაკში დაიწყო და უკვე მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს: „ჯერ მიმტანი ვიყავი, შემდეგ გავხდი ერთ-ერთი ყავის სახლის მენეჯერი. მოლარედაც ვმუშაობდი ურეკის პლაჟზე. შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავი ბარმენის დამხმარე და დავინტერესდი ამ სფეროთი და 15 წლის ასაკში ბარმენობის შემსწავლელი სამთვიანი კურსი გავიარე“. ვიკა ამბობს, რომ პირველად, ტურისტულ სეზონზე 1200 ლარი გამოიმუშავა, შემდეგში კი 4000 ლარიც აუღია 2-3 თვეში.

შემოსავალი და მისი დამოუკიდებლად განკარგვა იყო მთავარი მოტივაცია 17 წლის ნიკასთვის, რომელიც უკვე ორი წელია ცდილობს ჰქონდეს საკუთარი ფული. ნიკა ოჯახსაც ხშირად ეხმარება: „უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი იმისთვის, რომ ფული მშობლებისთვის გამომერთმია, მაშინ როცა შემეძლო მემუშავა და საკუთარი შემოსავალი მქონოდა. 1000 ლარიც ამიღია თვის განმავლობაში. წელს ფული შევაგროვე და მობილური ტელეფონი ვიყიდე ჩემთვის – აიფონ 6.“

19 წლის გიორგიც თავის პირველ სამუშაო გამოცდილებაზე გვიყვება, როცა 17 წლის ასაკში შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა მიმტანად: „2 კვირა ვიმუშავე, შემდეგ დამსაქმებელმა მითხრა, რომ აღარ ვჭირდებოდი და გამომიშვა. ანაზღაურებაც არ ამიღია. მსგავსი ფაქტების შესახებ არაერთხელ მსმენია ჩემ ირგვლივ.“

„14-16 წლის არასრულწლოვანს შეუძლია მუშაობა, თუ შრომითი ურთიერთობა ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს სასკოლო განათლების მიღების უფლებას. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს. 14-16 წლის არასრულწლოვნის შრომითი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს, 16-18 წლისა კი – 36 საათს“, – განმარტავს „ბათუმელებთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი ნიკა დუმბაძე. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დამსაქმებლის მიერ არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 4000 ლარამდე.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას? – ამ კითხვით დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით ჭყონიას მივმართეთ:

„დადებითი მხარეა ის, რომ ახალი თაობა თავიდანვე ეჩვევა შრომას, გამოცდილებას იღებს და მომზადებულია შემდგომი საქმიანობისთვის. გასათვალისწინებელია დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ყველა მოსწავლე და სტუდენტი მუშაობს ბარებში, რესტორნებში მიმტანებად. ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. სხვა ამბავია, რამდენად ხელის შემშლელი შეიძლება იყოს შრომა არასრულწლოვნისთვის. სეზონურ დასაქმება გავლენას არ ახდენს მათ სწავლა-განათლებაზე.“

იმ არასრულწლოვან რესპონდენტთაგან, რომლებიც „ბათუმელებმა“ ამ თემაზე გამოკითხა, მხოლოდ ერთს, ვიკას აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ის კანონს იცნობს და როგორ კი 14 წლის გახდა, ხელშეკრულების გაფორმება თვითონ მოითხოვა. „ხელშეკრულება გიცავს, რომ დამსაქმებელმა არ დაარღვიოს შეთანხმება. იზრუნოს შენი მუშაობის პირობებზე, კვებაზე… დაზღვეული ხარ“, – ამბობს ვიკა.

რატომ არ აფორმებენ არასრულწლოვნები შრომით ხელშეკრულებას? გიორგი ფიქრობს, რომ მათ არ იციან თავიანთი უფლებები, დამსაქმებელი კი ამას თავის სასარგებლოდ იყენებს: „ოფიციალურად რომ გაფორმდეს ხელშეკრულება, საგადასახადო დააფიქსირებს და საშემოსავლოს გადახდა მოუწევს როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს. ამიტომ ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს არ არის საჭირო, რასაც ხშირად დამსაქმებელი ბოროტად იყენებს. მე ვიცნობ 16-17 წლის არასრულწლოვნებს, რომლებიც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ, რათა დაეხმარონ ოჯახებს. ეს სამსახური არა გამოცდილების მიღება ან დამატებითი შემოსავლის წყარო, არამედ მათი იძულებაა.“

დავით ჭყონია ამბობს, რომ სახელმწიფოს სამუშაო პირობებისა თუ მის ხანგრძლივობის კონტროლის არავითარი მექანიზმი არ გააჩნია და ეს მხოლოდ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული: „2017 წლიდან უნდა დაინერგოს შრომითი უსაფრთხოების მაკონტროლებელი ინსპექცია, თუმცა ისიც იმუშავებს ვიწრო პროფილში და შეეხება შრომის უსაფრთხოებას.“

სად გადის ზღვარი თინეიჯერების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მუშაობის მოტივაციასა და მათი უფლებების დარღვევას შორის? ამ კითხვაზე ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”  წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ასე გვპასუხობს:

„ბავშვის შრომა, რომელიც მიმდინარეობს მძიმე და დამაზიანებელ პირობებში ან ხელს უშლის მისი რომელიმე სხვა უფლების განხორციელებას, არის კანონდარღვევა. შრომა, რომელიც გამოწვეულია ბავშვის ფიზიკური გადარჩენის ანუ შიმშილისგან თავის დაღწევის მიზეზით, არღვევს ბავშვთა უფლებების მთავარ პრინციპს: ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარების აუცილებელი პირობები, საკვები, სუფთა წყალი, საცხოვრებელი და სხვა.“

ანა არგანაშვილს აჭარის სანაპიროზე, ტურისტურ სეზონზე დასაქმებული ბავშვების მაგალითი მოჰყვას – მათ სიცხეში, საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და დიდი ტვირთის ხელით ტარება:

„ისინი ამ მძიმე შრომაში მათი პიროვნების და პასუხისმგებლობის განვითარების გამო არავის ჩაურთავს. ჩართეს იმის გამო, რომ საკვები, ჩასაცმელი, განვითარების პირობები არ ჰქონდათ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ სანაპიროზე მათი შრომითი ექსპლუატაცია მათი განვითარებისთვის კარგია, იქნება ფარისეველი.“

არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის დარღვევისთვის დამსაქმებელი აგებს პასუხს. პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელსაც. მიმართავენ თუ არა ისინი შესაბამის დაწესებულებებს არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დასაცავად? იურისტი ნიკა დუმბაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებს საიასთვის არც ერთხელ არ მიუმართავთ: „ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ მშობლისთვისაც მისაღებია არასრულწლოვნის შრომა, როგორც დამატებითი ეკონომიკური შეღავათი. დამსაქმებელი ასეთ ფაქტს მითუმეტეს არ გააპროტესტებს, რადგან არასრულწლოვნის სახით იაფი მუშახელი ჰყავს. შესაბამისად, გაუმართლებლად ილახება არასრულწლოვნის უფლებები, რომლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მეტად უნდა აქტიურობდეს მსგავსი შემთხვევების გამოვლენა-აღკვეთაზე“.

19 წლის გიორგი საკუთარი და მეგობრების გამოცდილებიდან გამომდინარე დასაქმების მსურველ არასრულწლონებს ურჩევს, ფრთხილად იყვნენ: „კარგად შეარჩიონ დამსაქმებელი კომპანია, გაესაუბრონ კომპეტენტურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან.“

ანა არგანაშვილი კი გამოსავალს კანონდამრღვევი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაში ხედავს: „საჭიროა, თავად ბავშვების სარჩელები და საჩივრები წარვადგინოთ იურისტებმა სასამართლოში იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მათი უფლებები დაარღვია. ბავშვებმა უნდა მიმართონ სახალხო დამცველს, გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს და ბავშვთა უფლებების კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის ფარგლებში განაცხადონ უფლებების დარღვევების შესახებ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის ზრდასრულებმა? აღარ დავუმალოთ ბავშვებს, რომ უფლებები აქვთ და მოვუსმინოთ მათ, მათი უფლებების დარღვევების შესახებ.“

ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ბათუმელი მეზღვაურები – რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, გემზე მძიმე პირობები აქვთ: „ამ დროისთვის გემზე საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, დასალევი წყალიც ცოტაა, რაღაც 20 ლიტრი და ხელფასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებთ – მეპატრონე გვეუბნება დღეს გავალთ ნაპირთან, ხვალ გახვალთო და კი გავწყდით ამ გემზე“.

მეზღვაურების თქმით, გემი ამჯერად უკრაინაში ნაპირიდან 20 კილომეტრის მოშორებით დგას.

„ბათუმელები“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ საქმის კურსში არიან, საქმეში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც და კონტაქტი აქვთ გემთან. „დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოში.

“ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა”

თამბაქოს მომხმარებლები ხშირად ცდილობენ ელექტრონული სიგარეტით ჩვეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლებას იმ იმედით, რომ სიგარეტზე საბოლოოდ უარს იტყვიან. იმისთვის, რომ გაგვერკვია, რამდენად უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, „ბათუმელები“  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ლელა სტურუას ესაუბრა.

ბევრი მწეველი ცდილობს სიგარეტი ჩაანაცვლოს ელექტრონული სიგარეტით. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს? რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ელექტროსიგარეტს?

ელექტროსიგარეტით სიგარეტის ჩანაცვლება აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ის ვერანაირად ვერ ანაცვლებს ნამდვილ სიგარეტს. არც შემხვედრია პრაქტიკაში ადამიანი, რომელმაც თავი დაანება ელექტროსიგარეტის შემდეგ მოწევას. რაც შეეხება ელექტრონული სიგარეტის ერთადერთ დადებით თვისებას, ეს არის ის, რომ ელექტროსიგარეტი არ შეიცავს ნიკოტინს და გამოიყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თვითონ მწეველისთვის ელექტრონული სიგარეტი ნამდვილად არ არის დადებითი მოვლენა. 2007 წლიდან დაიწყო ელექტრონული სიგარეტის ბაზარზე შემოტანა, ამიტომ ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული მომავალში რა უარყოფით გავლენას გამოიწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ელექტრონული სიგარეტით მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ელექტროსიგარეტი უამრავ ქიმიურ ნივთიერებას აერთიანებს, რომელიც დიდი ალბათობით გამოიწვევს უფრო სერიოზულ უარყოფით შედეგებს, ვიდრე იწვევს თამბაქო. ჩვენი მთავარი მიზანი, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მისიაა, დავამარცხოთ თამბაქოს მოხმარება, როგორც ჩვევა. ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლა ჩვევის დამარცხება არ არის, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვევას ვინარჩუნებთ. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მთელი მსოფლიო მიიჩნევს, რომ საჭიროა ელექტრონული სიგარეტი დაიბეგროს ისევე, როგორც თამბაქოს სხვა პროდუქტი. ყველა მოწინავე ქვეყანაში ელექტროსიგარეტი არის თამბაქოს პროდუქტი და იბეგრება როგორც ნებისმიერი სხვა თამბაქო.

ელექტროსიგარეტი, ეს არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი, თუ სხვა ეფექტიც აქვს მას?

ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური დამოკიდებულება. ზოგიერთს ჰგონია, რომ თამბაქოს მოწევას დაამარცხებს ელექტროსიგარეტით, რომ ამით მისი ოჯახის წევრები აღარ იქნებიან პასიური მწეველები. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი სიგარეტის ელექტრონულით ჩანაცვლება არასწორი გადაწყვეტილებაა. საერთოდ უარი ვთქვათ ამ ჩვევაზე.

 რამდენ ხანს შეიძლება ელექტროსიგარეტის გამოყენება? ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება თუ არა ავნოს ორგანიზმს?

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საერთოდ ეწინააღმდეგება ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას. რა თქმა უნდა, ის ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ხანგრძლივი გამოყენება ვნებს ორგანიზმს.

თქვენი დაკვირვებით, ელექტროსიგარეტის მომხმარებლები უბრუნდებიან თუ არა ისევ თამბაქოს?

ჩემ ირგვლივ, ვინც ვიცი, რომ ელექტრონული სიგარეტი მოიხმარა, ყველა დაუბრუნდა ჩვეულებრივ სიგარეტს.

რას ურჩევდით მწეველებს?

მწეველებს ვურჩევდი, თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას და ჩაანაცვლონ სხვა უფრო ჯანსაღი ჩვევით. შევეცადოთ, არ ვიყოთ თამბაქოს ინდუსტრიის მონა. ქვეყანაში უკვე მობილიზებულია ექიმების ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მწეველებს კონსულტირებით, რომ მწეველებმა თამბაქოს თავი დაანებონ. ქვეყანა დგამს ნაბიჯებს, რომ შეიქმნას თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ცენტრები. აქვე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო მხარე, თამბაქო უნდა გახდეს უფრო ძნელად ხელმისაწვდომი.

 

სარემონტო მომსახურება მისაღებ ფასად

სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის გაკეთება, შეღებვა-შებათქაშება, მეტლახისა და კაფელის დაგება, შეკიდული ჭერის გაკეთება და კედლის დეკორატიული მოხატვა.

მობ.: 555 10 98 80

რა უნდა ვიცოდეთ ქრონიკულ არტერიულ უკმარისობაზე

რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი, როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან, რომლის გართულებასაც კიდურის ამპუტაციაც კი შეიძლება მოჰყვეს? – ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ანგიოქირურგი მერაბ მიქელაძე გვესაუბრა.

ბატონო მერაბ, რა ხდება ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი?

ქრონიკული არტერიული უკმარისობა არის ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული პრობლემა დღესდღეობით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ამ დაავადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა წამყვანი არის ორი მიზეზი: ათეროსკლეროზი და დიაბეტი. ასევე ბევრი სხვა დაავადებაც შეიძლება გახდეს ქრონიკული არტერიული უკმარისობის მიზეზი. ძირითადად ეს დაავადება მამაკაცთა ხვედრია, თუმცა ქალებშიც ვითარდება.

რა არის დაავადების მთავარი სიმპტომები?

პირველი სიმპტომი არის ხანგამოშვებითი კოჭლობა. ადამიანი გადის რაღაც მანძილს და შემდგომში ფეხი, ძირითადად წვივის კუნთები, აიძულებს, რომ გაჩერდეს. ეს არის 99-პროცენტიანი სიზუსტით იმის მიმანიშნებელი, რომ ადამიანს აქვს არტერიული პათოლოგია და უნდა მიმართოს სისხლძარღვთა ქირურგს. გარდა ამისა, არის სხვა სიმპტომებიც: ტერფების გაცივება, დაბუჟება, ტკივილი და დისკომფორტი.

როდესაც ადამიანი გაივლის ათას მეტრზე ნაკლებს და წვივის კუნთები აიძულებს გაჩერებას, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს სისხლძარღვთა პათოლოგია. რაც უფრო მცირეა მანძილი, რომლის გავლაც უჭირს ადამიანს, მით უფრო მეტი განგაშია ასატეხი. თუ ადამიანს მოსვენებით მდგომარეობაშიც ტკივილი აქვს და სიარული არ შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას განგრენა აქვს დაწყებული.

რა ასაკის ადამიანებშია უფრო მეტად გავრცელებული ეს დაავადება?

ასაკთან ერთად ამ დაავადების განვითარების რისკი იზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადამიანებში ხშირად უფრო მწვავედ მიდის ეს პროცესი, უფრო მტკივნეულად, გამომდინარე იქედან, რომ ასაკში ადამიანის კიდურები შეჩვეულია ქრონიკულ სისხლნაკლებობას, რომელიც თანდათანობით ვითარდება. ახალგაზრდა ასაკში კი დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს და ხშირად, 30-დან 40 წლამდე ასაკში ამ დაავადების მქონე ადამიანები კარგავენ ფეხს, იმის გამო, რომ დროულად არ აქცევენ ყურადღებას ჩივილებს და გვიან მიმართავენ ექიმს.

12672031_525862920927213_1525577315660419861_o

როგორ ხდება მკურნალობა?

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ ადამიანს რა მანძილის გავლაზე აქვს პრობლემები. როდესაც ადამიანი 300-400 მეტრზე მეტს გადის, ამ შემთხვევაში ნაკლებად სჭირდება ოპერაციული ჩარევა, ასეთ დროს ხშირად კონსერვატიული მკურნალობაც საკმარისია, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ 300 მეტრზე ნაკლების გავლა შეუძლია და, მითუმეტეს, როცა ტკივილი აწუხებს მოსვენებით მდგომარეობაშიც, მაშინ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა, მათ შორის შუნტირება, თუმცა დღეს უფრო ხშირად ხდება ენდოვასკულარული ჩარევა, რაც არ გულისხმობს ღია ქირურგიულ ოპერაციას.

რა არის ამ დაავადების პროფილაქტიკა?

ფეხით სიარული არის ერთ-ერთი მთავარი პროფილაქტიკა და მკურნალობაც, რადგან როდესაც პაციენტს ეწყება პრობლემები, ამ შემთხვევაში ჩვენ მას ვუნიშნავთ დოზირებულ სიარულს. ანუ ადამიანი გაივლის რაღაც მანძილს, გაჩერდება და შემდგომ აგრძელებს კვლავ სიარულს. ყოველდღიურად თითო ნაბიჯის დამატებით შესაძლებელია დახურული სისხლძღარღვიც კი გაიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია თაბმაქოს მოწევის აკრძალვა, რადგან თამბაქოს აქვს წამყვანი როლი სისხლძარღვთა პათოლოგიაში. თუ თამბაქოს როლი ფილტვის კიბოს განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია პერიფერიულ სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარებაშიც, რაც ხშირად კიდურის დაკარგვით სრულდება. ძალიან კარგია სპორტი და სწორი კვება, ნაკლებად ცხიმიანი საკვების მიღება და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი გთავაზობთ ანგიოლოგიური პრობლემების სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჰოსპიტალში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება შემდეგი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები:

  • ქრონიკული ვარიკოზული დაავადებებისა და ვენური თრომბების მკურნალობა
  • კოსმეტიკური წესით მინიფლებექტომია
  • სკლეროთერაპია, გამოკვლევა-დოპლეროგრაფია, არტერიოგრაფია
  • ქრონიკული არტერიული უკმარისობის მკურნალობა, დიაბეტური ტერფი
  • ვაზოსპასტური დაავადებების მკურნალობა
  • ანევრიზმების სხვადასხვა ფორმის ოპერაციული მკურნალობა
  • არტერიული და ვენური მალფორმაციების მკურნალობა
  • ჰემოდიალიზის პაციენტების ანგიოქირურგიული უზრუნველყოფა
  • მუცლის აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობა

    ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
    ტელეფონი: 0422 21 33 33
    ელფოსტა: info@Bih.ge
    ვებგვერდი: www.bih.ge

ქალაქის მერი და მინისტრები ბათუმის მეჩეთში

დღეს 12 სექტემბერს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ბათუმის მთავარ მეჩეთში ყურბან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ. მეჩეთში იმყოფებოდნენ აჭარის ეკონომიკის და განათლების მინისტრებიც. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

 

ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის წევრები მეჩეთში ლოცვას დაეწრნენ.
ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის მთავრობის წევრები მეჩეთში ლოცვას დაეწრნენ.

 

„თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ აქციებით იმუქრება

დღეს, 12  სექტემბერს,  პარტია  „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენელმა ნინო კვირიკავშილმა, რომელიც   საარჩევნო ბლოკ „თოფაძე -მრეწველებთან“ ერთად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას,  ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება,  ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ,  სასამართლოში გაასაჩივრეს.

„ცესკოს გადაწყვეტილება – ჩვენი  პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება – არასამართლიანი და დისკრიმინაციულია“  – ამბობს  ნინო კვირიკაძე, რომელსაც ამ პარტიის სახელით ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად უნდა ეყარა კენჭი, საქართველოს პარლამენტში.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მოსარჩელეთა მოთხოვნებს, ნინო კვირიკაძე ამბობს, რომ ისინი  საპროტესტო აქციებს  მიმართავენ.

ბლოკი “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” [გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: “თოფაძე – მრეწველები“, “ჩვენი სამშობლო”], რჩება რეგისტრაციაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს

ბექა დიასამიძე პარტია „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარტიის დამფუძნებელი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი  გიორგი ვაშაძეა. არჩევნებში  „ახალი საქართველო“ გაერთიანებულია ბლოკში  – „ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“.  რას პირდება დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს და როგორ წარმოუდგენია მას მოსახლეობის პრობლემების მოგვარება საკანონმდებლო ორგანოდან? ბექა დიასამიძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

 ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის  პარტიაში  გაწევრიანება და რისი  გაკეთება გინდათ უმაღლეს საბჭოში?

„ახალი საქართველო“ სახელწოდებიდან გამომდინარეც ახალია და სახეებიც ახალი ჰყავს. გიორგი ვაშაძეს რეალურად  აქვს საქმე გაკეთებული. საჯარო რეესტრში, საპასპორტოში  კონკურსის შედეგად იქნა მიღებული და კარიერის ყველა საფეხური გაიარა.   რეალურად შექმნა ინოვაცია, ერთ სივრცეში მოაქცია იუსტიციის სახლი.

როდის გაიცანით გიორგი ვაშაძე და სად?

ნაციონალური მოძრაობა როცა დატოვა და გააკეთა განცხადება, რამდენიმე ხანში მე დავუკავშირდი მას, შევხვდი და მასთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება.  მე პოლიტიკურ ოჯახში ვიზრდებოდი, ჩემი ბებია ნაზი მიქელაძე, 2005  წლის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, მასთან ვცხოვრობდი და გავიზარდე და მასთან ერთად მონაწილე ვიყავი „ვარდების რევოლუციის“ ყველა პროცესის.

 რა უნდა გააკეთოთ უმაღლეს საბჭოში?

არ უნდა მივცე არც ერთს მოსვენების საშუალება. მერიას პირველ რიგში, ხალხის სათქმელს ვიტყვი მე.

 უმაღლეს საბჭოს აქვს  იმის ბერკეტი, რომ  მერს მოსვენების საშუალება არ მისცეს?  

რა თქმა უნდა…  დავიბარებთ მერს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს. მე ადამიანებს ვხვდები, დაპირებას ვაძლევ, რომ „ამას გავაკეთებთ“, მე პენსიის გაზრდას ვერ დავპირდები, მაგრამ  შემიძლია დავპირდე საბავშვო საქანელების გაკეთება, სანიაღვრე სისტემა, რაც ელემენტარეულია და პრობლემას ქმნის რეალურად, ეს საკითხები მე ხომ არ დამევალება არა? ვისაც ევალება, მოვიკვლევ, ფაქტებს დავუდებ…  მე ხალხს მივეცი დაპირება და კონკრეტულ შემთხვევაში ავამუშავებ და ავამოქმედებ იმ ადამიანებს, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხების მოგვარება.

 ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მიდიხართ უმაღლეს საბჭოში?

უმაღლეს საბჭოში მივდივარ, რომ ავამოქმედო თვითმმართველობა.

უმაღლესი საბჭო არის საკანონდებლო ორგანო, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ საკანონმდებლო ორგანოდან?

შევიმუშავებ ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომ ის სამსახურები, რომლებსაც ევალებათ და არ შეასრულებენ მათ ვალდებულებას,  დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვიქნები ერთადერთი რეფორმატორი უმაღლეს საბჭოში.

ანუ რეფორმებს გაატარებთ საკადრო მიმართულებით?

ვინც ამას (გულისხმობს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს) არ გააკეთებს, გავუშვებთ სამსახურიდან.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შეუძლია მერიის თანამშრომელი გაათავისუფლოს სამსახურიდან?  

შევისწავლი თითოეულ თანამშრომელს, რა მოვალეობა აკისრია.  გამოვალ და ვიტყვი, ეს არის გასაკეთებელი, საქმე რომ გაკეთდეს ზომების მიღებაა საჭირო, ამ ზომების მიღებაზე ვიმუშავებთ. შევეჭიდებით და თუ საჭიროება მოითხოვს კანონის ცვლილებას, მაგ საკითხსაც დავაყენებთ.

აჭარის კონსტიტუცია წაკითხული გაქვთ?

კი.

 ეს კონსტიტუცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რაზეც თქვენ საუბრობთ?

არა.  უმეტესი ნაწილი ბაბუს (იგულისხმება ასლან აბაშიძე) დროს დაიწერა. იმის შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა და ეს ცვლილებები მორგებული იყო სახელმწიფო ხელისუფლებაში ვინც არიან, მათ სასარგებლოდ.

რას გულისხმობთ?

სასამართლოს ….

სასამართლოზე გავლენა აქვს უმაღლეს საბჭოს?

იცით რა არის, მე ასე ვხედავ, რომ უმაღლესი საბჭო უფუნქციოა საერთოდ, ამ ფუნქციის წამოწევაზე ვიზრუნებ. დამოკიდებული არიან ცენტრზე და დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს.

რა მიმართულებითა საჭირო დეცენტრალიზაცია, თქვენი აზრით?

აი, თუნდაც ადგილობრივ კადრებთან დაკავშირებით, რომ ბათუმში შეირჩეს ადგილობრივი კადრები.

კანონში ჩაწერთ, რომ ადგილობრივი კადრები დაინიშნოს?

ამაზეა სამუშაო. თუ ვერ შევცვლი კანონმდებლობით, გამოვალ და ვიტყვი ტელევიზიით.

საქართველოს მოქალაქე რომელ რეგიონში იმუშავებს თანამდებობაზე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს? 

ჯერ ადგილობრივი უნდა შეირჩეს… ვინც აქ დაიბადა, გაიზარდა, მან ხომ უკეთესად იცის აქურობა.

თქვენი აზრით, რისი მოგვარება უნდათ მოქალაქეებს?

ძირითადი პრობლემები არის სანიაღვრე სისტემა, საკანალიზაციო მილები, ადლიაში საერთოდ არ არის საკანალიზაციო სისტემა.

ხულოს საკრებულო მოქალაქეთა პეტიციას განიხილავს

ხულოს საკრებულო მოსახლეობის პეტიციას ხვალ, 13 სექტემბერს განიხილავს. “დემოკრატიის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა 5 პეტიციით მიმართეს საკრებულოს:

  • მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება;
  • მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება;
  • გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ნიშნულების განთავსება;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში მისამართების განმსაზღვრელი აბრებისა და ნიშნულების მოწყობა;
  • სახალხო დღესასწაულის ”ხულოელობის” დაფუძნება და ორგანიზება.

13 სექტემბრის სხდომაზე პეტიციის ხელმომწერი მოქალაქეები საკრებულოს ტრიბუნიდან თავად შეეცდებიან პროექტების დასაბუთებას. საკრებულო პეტიციების მიზანშეწონოლობას განიხილავს, ხოლო მორიგ სხდომაზე პეტიციით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭისყრისთვის გაიტანს.

ვინ როგორ მოხვდა საარჩევნო სიაში

პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოგებას ამჯერად ძირითადად ახალი სახეებით ცდილობენ. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოდან, მაგალითად, „ქართული ოცნების“ სიის ათეულში ვერავინ მოხვდა, „კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის გარდა. სიაში მოხვდნენ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები, ასევე სხვადასხვა გავლენიანი თანამდებობის პირების ნათესავები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელ თარხან-მოურავის თანაგუნდელი დავით თედორაძე, რომლის სიძე ირაკლი ერისთავია, აჭარაში სუს-ის ხელმძღვანელი.

„პროკურორი ხომ არ ხართ, მაგ შეკითხვას რომ მისვამთ? მაგი ვიდრე ჩემი სიძე გახდებოდა, კაცი ვიყავი მე და სახელი მქონდა,“ – უთხრა დავით თედორაძემ „ბათუმელებს“. ის ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამბობს, რომ ახლაც „პატრიოტთა ალიანსის“ ღირებულებებს იზიარებს და პარტიიდან წამოსულად არ მიიჩნევს თავს:

„პატრიოტთა ალიანსის ღირებულებებს ყოველთვის ვიზიარებდი და გავიზიარებ… ნუ მომაბეზრეთ თავი შეკითხვებით, დავამთავრე“.

დავით თედორაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, ისევ არის თუ არა კატეგორიული წინააღმდეგი „ანტიდისკრიმინაციული კანონის“, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და რომელთან დაკავშირებითაც ამ პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას თქვა: „მათ [პატრიოტთა ალიანსს] ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რაზეც მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ არ დაგიმალოთ, რომ ეს კანონი მიგვეღო“.

დავით თედორაძე ასევე ხშირად ამბობდა საჯაროდ, რომ „თურქეთი ოკუპანტია“. იგივე გზავნილი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველ ნომერს. დავით თარხან-მოურავი პარტიულ გაზეთში მთავარ აქცენტს ექსპანსიაზე აკეთებს: „პირდაპირ, ღიად ვამბობ, რომ თურქეთს აჭარის და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს“.

გასულ წელს ციხეებში წამების კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებამ დავით თედორაძე მმართველ გუნდს დაახლოვა. მაშინ იმავე კადრებს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ლადო მგალობლიშვილიც აქტიურად აზიარებდა სოციალურ ქსელში. დავით თედორაძემ კი საჯაროდ თქვა: „ფაშიზმზე უარესი ამბების ჩამდენი ყოფილან ესენი… გასათელი უნდა გაითელოს“. ლადო მგალობლიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-6 ნომერია.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ნათესავია ვახტანგ წულაძე. ის ბათუმის 68-ე მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“. ირაკლი სესიაშვილმა დაგვიდასტურა, რომ წულაძე ბებიის მხრიდან დეიდაშვილია.

მისი აზრით, „აპელირება ამ საკითხზე არასწორია“, რადგან ვახტანგ წულაძე „წესიერი, ღირსეული და პროფესიონალია“. კითხვაზე, როგორ განსაზღვრა პროფესიონალიზმი, როცა ვახტანგ წულაძემ სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ორსული ქალი გარემოს დაცვის სამმართველოში დაცვის ნაცვლად, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რაც სამი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა? – ამ კითხვაზე ირაკლი სესიაშვილის პასუხი ერთი-ერთზე დაემთხვა მისი ნათესავის, ვახტანგ წულაძის პასუხს: „სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცამ მოიგოს, ხოლო ვიღაცამ – წააგოს“. ზუსტად ეს ფრაზა უთხრა ვახტანგ წულაძემ „ბათუმელებს“ მიმდინარე წლის მარტში, როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი და ვახტანგ წულაძის უწყებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ გათავისუფლებულისთვის განაცდურის, ათასობით ლარის გადახდა დააკისრა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი ბათუმში ილია ვერძაძეა. ის აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი იყო ასლან აბაშიძის მმართველობის დროს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“. იმდროინდელი პრესის მონაცემებით, ილია ვერძაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2003 წლის 23 ნოემბერს აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

„ასე არ ყოფილა… პრესამ მაშინ არასწორად დაწერა. მახსოვს, მე და ზურაბ გორგილაძემ არ ავუწიეთ ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას,“ – გვითხრა ილია ვერძაძემ. ის ბოლო წლებში პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობდა.

აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, მერაბ კარანაძე ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“.  2012 წლის არჩევნებზე მერაბ კარანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. 2011 წელს იგი „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე იყო, როცა ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს და ციხეში ჩასვეს.

„ბათუმელებს“ მაშინ ერთ-ერთი ოპერატორის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც მერაბ კარანაძემ სახლში მიაკითხა და დასაკითხად თავისი მანქანით წაიყვანა. ოპერატორმა აქციის მონაწილეების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა გამოძიებას.

„ოპერატორი ნამდვილად მივიყვანე პოლიციაში ჩემი მანქანით, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდა ეთქვა და როგორ. მე თვითონ ამ აქციის თვითმხილველი არ ვიყავი, საღამოს დავბრუნდი და ტელევიზიაში მთხოვეს, რომ მივყოლოდი ოპერატორს გამომძიებელთან და დროულად დამებრუნებინა სამსახურში,“ – ასე ახსოვს ეს ამბავი მერაბ კარანაძეს.

ერთ-ერთი, ვინც მაშინ მურმან დუმბაძესთან ერთად „აჭარის ტელევიზიისგან“ ეთერის დათმობას მოითხოვდა და დააპატიმრეს, ცოტნე ანანიძე იყო. ის 2013 წელს პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს და „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე გახდა. ცოტნე ამბობს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლების წვლილი მის უკანონო დაკავებაში ფორმალური იყო და ამის გამო კითხვა არავისთვის დაუსვამს. მიიჩნევს, რომ არც მერაბ კარანაძესთან უნდა ჰქონდეს ამის გამო უხერხულობა, რომელიც უკვე მისი თანაგუნდელია: „ჩემი ინფორმაციით, ამ პროცესებში არ ყოფილა ჩართული და მერაბი სუფთა იყო… რაც შეეხება სხვადასხვა ღირებულებას, ბევრს ნახავთ და ხედავთ, რომლებიც სხვადასხვა ბარიკადის მიღმა იყვნენ და ახლა ერთად არიან.“

იგივე „ახსნა“ აქვს მერაბ კარანაძესაც: „ვმუშაობდი ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, რატომ უნდა მექმნებოდეს უხერხულობა? ისეთი საქციელი არასდროს მქონია, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა და მორალს. დისკუსიები იმ დროს საერთოდ არ იყო ტელევიზიაში და ეს იყო ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. მაგ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში ტელევიზიიდან წამოვედი…“

ცოტნე ანანიძეს „აჭარის ტელევიზიაში“ პოლიტიკური თოქ-შოუ მიჰყავდა. კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობდა ტელეკომპანია „GDS”-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“, რომლის უცვლელი სტუმარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ცოტნე ანანიძემ ასევე ჟურნალისტის სტატუსით დაუსვა შეკითხვები პოლიტიკურ ოპონენტებს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „არჩევანი“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ცოტნე ანანიძეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, დროულად უნდა ეცნობებინა თავისი პოლიტიკური განზრახვის შესახებ ხელმძღვანელობისთვის, რადგან პოლიტიკურ გადაცემებში ჟურნალისტობის უფლება აღარ ჰქონდა: „არჩევნებში მონაწილე თანამშრომელს ეკრძალება წინასაარჩევნო პერიოდში სსმ-ის პროგრამებში გამოჩენა, გარდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული გადაცემებისა (მაგალითად, დებატებში, პოლიტიკურ რეკლამაში). ამ პერიოდში თანამშრომელს ეკრძალება შეასრულოს პროდიუსერის, ჟურნალისტის ან წამყვანის ფუნქცია.“

„საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აღარ აქვს სხვა არჩევანის უფლება. კონსულტაციები მქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და როგორც კი გადაწყდა ეს საკითხი, დაუყოვნებლივ მივმართე ტელევიზიის ადმინისტრაციას და მოვითხოვე უფლებამოსილების შეწყვეტა. შემეძლო შეჩერება მომეთხოვა, მაგრამ არც ეს გამიკეთებია იმიტომ, რომ არ დაზარალებულიყო ტელევიზიის ინტერესი…“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ცოტნე ანანიძემ „აჭარის ტელევიზიას“ 8 სექტემბერს მიმართა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია უსკოში დარეგისტრირდებოდა.

ცოტნე ანანიძე არ არის ერთადერთი ჟურნალისტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ვინც „ქართული ოცნების“ ათეულში მოხვდა. ნინო ჩხეტია „ქართული ოცნების“ სიაში მერვე ადგილს იკავებს. მას „აჭარის რადიოში“ მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ.

„ქართული ოცნების“ შიგნით ღია დაპირისპირების მიზეზად იქცა ანზორ ბოლქვაძის კანდიდატად დასახელება. ის ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე მესამე მოწვევით აპირებს პარლამენტში შესვლას. 2008 წლიდან ის ხულოს მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გახდა. „ნაციონალებიდან პორტირებული, მედროვე ფეოდალი“ – ამ სიტყვებით ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ სოციალურ ქსელში ხულოს მოსახლეობას „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდა.

„იმიტომ კი არ ვარ კანდიდატი, რომ პოლიტიკოსი ვარ. ხალხთან ვარ სულ და ამიტომ შემარჩიეს,“ – უთხრა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ 15 აგვისტოს. იმ დღეს ჯამბულ ხოზრევანიძემ სოციალურ ქსელში საკუთარი პოსტი წაშალა და „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „პარტიული დისციპლინა გაითვალისწინა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი სახე – მალხაზ კალანდაძე ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო სიაში მოხვდა. მალხაზ კალანდაძეს 2005 წელს მურმან დუმბაძესთან ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირება უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში. მაშინ მედია აქტიურად წერდა, რომ მურმან დუმბაძეს მალხაზ კალანდაძემ ცხვირი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც მურმან დუმბაძეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 2008 წელს კი საქმე აღიძრა უკრაინელი ქალის გაუპატიურებისა და ცემის ფაქტზე. დაზარალებული მაშინ ბრალს სწორედ დეპუტატ მალხაზ კალანდაძეს სდებდა.

„აღძრული იყო საქმე კი და არავითარი მტკიცებულება რომ არ არსებობდა, დახურეს… რაც შეეხება მურმან დუმბაძეს, შეჯახება მოხდა უბრალოდ. ახლა მხოლოდ ღიმილით მახსენდება ეს ამბავი,“ – ამბობს მალხაზ კალანდაძე „ბათუმელებთან“.

რატომ არ მოხვდა საარჩევნო სიაში სულხან ღლონტი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იყო აჭარაში? – ეს კითხვა ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატების პრეზენტაციის დროს გააჩნდა. სულხან ღლონტმა ამ თემაზე კითხვებს არ უპასუხა. ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „არ მაქვს პოლიტიკური განწყობა, თუმცა ჩემი პოლიტიკური პოზიცია რჩება იგივე. ჩავთვალე, რომ ახალ სახეებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში. ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსი, საკუთარი ნების შესაბამისად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ჩემი არჩევანი ამჯერად იყო ეს“.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში

დღეს 12  სექტემბერს,  ბათუმის  საზღვაო აკადემიაში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა. ფორუმის  მიზანია  საქართველო გახდეს პოპულარული საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობაში და ბათუმი გადაიქცეს  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად.

„მსოფლიომ უნდა დაინახოს თუ როგორი მოტივირებულია ჩვენი ქვეყანა რომ გაზარდოს კარგი მეზღვაურები, გვქონდეს კარგი რეპუტაციის მქონე დროშა და ჩვენ დროშის ქვეშ იცუროს მაღალი დონის გემებმა.   ბათუმი უნდა  ვაქციოთ  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად“ -გვეუბნება  საზღვაო  ტანსპორტის სააგენტოს დირექტორი,  კაპიტანი,  მამუკა ახალაძე.

საზღვაო ფორუმი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის  პატრონაჟით იმართება, „იდეა კი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის“-გვეუბნება ის.

ფორუმს ესწრება საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში , თამარ ბერუჩაშვილიც. მისი თქმით,   საქართველომ უნდა  გააქტიუროს თავისი საქმიანობა საზღვაო სფეროში.

„საქართველო მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის უფრო აქტიური წევრი უნდა გახდეს, რაც  ნიშნავს მეტ კონტაქტებს, მეტ ჩართულობას,  მეტ ინვესტიციებს და მეტ ეკონომიკურ ზრდას.

დღეს ჩვენ მივიღეთ დაპირება რომ გენერალური მდივანი გაუწევს რეკომენდაციებს ბათუმის საზღვაო აკადემიას, რათა მან ითანამშრომლოს კორეის საზღვაო აკადემიასთან“- გვეუბნება ის.

საქრთველო გლობალურ პროექტში  – „პარტნიორობა საზღვაო  ენერგო-ეფექტურობისათვის“, 2015 წელს ჩაერთო.  აღნიშნული პროექტი ხორციელდება მსოფლიოს 10 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.  ეს არის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა და UNIDEP – ის ერთობლივი პროექტი, რომლის ამოცანასაც  საერთაშორისო დონეზე ენერგო-ეფექტური პოლიტიკის  საზღვაო სექტორში იმპლემენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტი ხორციელდება “ Global Environment Facility [GEF],  გაეროს განვითარების პროგრამის [UNIDEP] და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] მხარდაჭერით.

 

ბათუმში ხიმშიაშვილი ქუჩაზე იყიდება გარემონტებული ბინა

ბათუმში ხიმშიაშვილი ქუჩაზე  იყიდება  22 კვ/მ ფართობი გარემონტებული  ბინა.  ფასი 32 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

5.

ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე იყიდება გარემონტებული ბინა

ბათუმში ლუკა (ყოფილი ჯაფარიძე) ასათიანის ქუჩაზე  იყიდება  64 კვ/მ ფართობი გარემონტებული  ბინა.  ფასი 57 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

4.

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ქირავდება 65 კვ/მ ფართობი ბინა

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე  ქირავდება 65 კვ/მ ფართობი ბინა, ბინაში არის ბუნებრივი გაზი,გათბობა,ინტერნეტი WIFI,ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 300 აშშ დოლარი.  

samaklero.ge

3.

 

ბათუმში დ. თავდადებულის ქუჩაზე ქირავდება 85 კვ/მ ფართობის ბინა

ბათუმში დ.თავდადებულის ქუჩაზე  ქირავდება 85 კვ/მ ფართობი ბინა, ბინაში არის ბუნებრივი გაზი,გათბობა,ინტერნეტი WIFI,ახალი გარემონტებულია, არის ყველა საჭირო ინვენტარი,ტექნიკა. ფასი 500 აშშ დოლარი.

samaklero.ge

2.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე წლიურად ქირავდება გარემონტებული ბინა

ბათუმში,კობალაძის ქუჩა N4ში წლიურად ქირავდება  33 კვ/მ ფართობი გარემონტებული ბინა ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კომფორტით.   ფასი 500 ლარი.

samaklero.ge

1.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი 

როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები?

კანონმდებლობით დადგენილი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება საკუთრების ობიექტზე დაუზუსტებელი სახით, მიმართავს ამზომველს, მასთან აფორმებს წერილობით ხელშეკრულებას, რის შემდეგ მზადდება მიწაზე შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

შემდეგ ეტაპზე მიწის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, სსიპ საჯარო რეესტრს წარუდგენს: ა) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას; ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს; გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს; დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

რა ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო?

სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 (ხუთი) ჰექტრის ფარგლებში.

რა ოდენობით განისაზღვრება ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ხარჯები?

ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) 1,5ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით; ბ)1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწაზე -არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.

რა ხარჯებს არ ანაზღაურებს სახელმწიფო?

ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად.

რა ვადაში უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარის მიერ განცხადების წარდგენა?

მიწის რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა მიერ რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.esUntitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

 

პოლონელი ფოტოგრაფის გამოფენა ბათუმში

დღეს 12 სექტემბერს  „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პოლონელი ფოტოგრაფის ტომაშ ლაზარის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენის სახელწოდებაა, – „ცხოვრება როგორც თეატრი“.

გამოფენა იმართება ფესტივალის -„ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში.

გამოფენა 19:00 საათზე დაიწყება.

 

არაადეკვატური ფასი დისკრიმინაციულის ნაცვლად ბოტანიკურ ბაღში

შეიცვლება თუ არა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი, რომელიც ერთი წლის წინ ქალაქის მერის – გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით გაძვირდა? ვინაიდან ბათუმში რეაკრეაციული ზონების ნაკლებობაა, ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საშუალებაა, სადაც მოსახლეობას მწვანე გარემოში დასვენება შეუძლია.

ბოტანიკური ბაღის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბაღი 213 216-მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან 151 239 უცხოელი იყო, საქართველოს მოქალაქე კი – 61 977.  ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან სტუდენტი 3 933 ვიზიტორი იყო, მოსწავლე კი – 1351. წელს, ფასის გაძვირების შემდეგ, აგვისტოს ჩათვლით, ბოტანიკურ ბაღს 183 665 ვიზიტორი ეწვია. ამასთან, ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფასის გათანაბრების შემდეგ, უცხოელი და ქართველი ვიზიტორების  სტატისტიკას ცალ-ცალკე აღარ აწარმოებენ.

„ფასის დადგენა ჩვენი ხუშტურით არ მომხდარა, სახალხო დამცველმა მოითხოვა გათანაბრება, რადგან მიიჩნია, რომ უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის განსხვავებული ფასი დისკრიმინაციული იყო“, – გვეუბნება ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ჯემალ წულუკიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ადმინისტრაციას საფასურის გათანაბრება სურდა, რატომ დატოვა მაღალი ფასი –  8 ლარი და არა 3 ლარი? – ჯემალ წულუკიძე ამბობს:

„3 ლარი რომ დაგვეტოვებინა, ეს იქნებოდა წამგებიანი, რადგან შემოსავალი ვეღარ გასწვდებოდა იმ ხარჯებს, რომელიც ბოტანიკურ ბაღს სჭირდება. ჩვენი ეკონომიკური გათვლა არის უცხოელებზე.“

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 399 ათასი ლარით ფინანსდება. იყო თუ არა მიზანშეწონილი დაბალი ტარიფის შენარჩუნება გადამხდელების სასარგებლოდ? საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ  კი.

„განსხვავებული ფასის დადგენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნორმალურია, ბევრ სახელმწიფოში მინახავს განსხვავებული ფასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ასეთი პრაქტიკა არსებობს, მათ შორის მეზობელ თურქეთშიც და ეს არ არის დისკრიმინაციული, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, ევროპელი და ამერიკელი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაცილებით მაღალია.

არსებული ტარიფი უნდა გადაიხედოს და სიმბოლური ფასი დადგინდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, –  გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დაუჭირა საკრებულომ ფასის ზრდას მხარი? საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ამბობს, რომ ფასი საკრებულოს ჩარევით კი არა, მერის ბრძანებით გაიზარდა:

„იმდენად მიუღებელი ამბავი იყო, რომ „თავისუფლმა დემოკრატებმა“ ბიურომდეც კი არ მივატანინეთ საკითხი. ეს, ზოგადად, ბათუმის პრესტიჟზე იმოქმედებდა, თუმცა ამის შემდეგ მერმა გამოსცა ბრძანება და ასე გააძვირა ფასი“.

თვითმმართველობის ახალი კოდექსი მერს აძლევს  ტარიფების ერთპიროვნულად განსაზღვრის უფლებას. კობა ჩხეიძის თქმით, საკრებულო ფასების დადგენის საკითხში მხოლოდ რეკომენდაციას გასცემს, რასაც მერი ან გაითვალისწინებს, ან არა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

საკრებულოს კიდევ ერთი წევრის [„ნაციონალური მოძრაობა“], გიორგი კირთაძის აზრით, ბოტანიკურ ბაღში შესვლის ფასი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაადეკვატურია:

„საკრებულომ მოუწოდა მერს, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც მიიღო გაძვირების გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია ისევ მივცეთ მერს რეკომენდაცია, რომ  გადაიხედოს ეს საკითხი და დადგინდეს ის ფასი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი“.

საკრებულოს წევრი, საფინანსო და ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელი თენგიზ აფხაზავაც მიიჩნევს, რომ ტარიფის დაწევა მიზანშეწონილია:

ჩემზე რომ იყოს, ადგილობრივებისთვის საფასურს დავწევდი… ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელობას ვთხოვე, გადაეხედათ ტარიფისთვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაინც შეიცვალოს ფასი“.

„ბათუმელებს“ ამ თემაზე ქალაქის მერის პოზიცია აინტერესებდა, თუმცა პრესსამსახურიდან მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, არჩილ ვანაძესთან გადაგვამისამართეს, „მიდგომა იყო ისეთი, რომ გაგვეთანაბრებინა ფასი, თუმცა გაგვეფართოვებინა შეღავათების წრე ადგილობრივებისთვის. ამიტომ შემოვიღეთ სააბონენტო სისტემა, თუმცა მე იმ პოზიციაზე ვარ, რომ არც განსხვავებული ფასი იყო პრობლემა,“ – აღნიშნა არჩილ ვანაძემ.

ჯემალ წულუკიძის თქმით, ადმინისტრაცია მოსახლეობას შეღავათიან სააბონენტო მომსახურებას სთავაზობს: „ვინც ხშირად დადის ბოტანიკურ ბაღში, თვეში 30-ლარიან პაკეტს ვთავაზობთ, არის ორკაციანი – 45-ლარიანი და საოჯახო – 60-ლარიანი პაკეტი“.

ბოტანიკური ბაღის ბუღალტრის, ზინა გელაძის ინფორმაციით, ბათუმის ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 399 ათასი ლარის გარდა, ბოტანიკურმა ბაღმა წელს „შიდა შემოსავლების სახით დაგეგმილზე მეტი, ანუ 1 მილიონ 630 ათასი ლარი მიიღო“.

ზინა გელაძის თქმით, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებიდან, 717 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურებაზე იხარჯება. ხელფასებზე დაიხარჯება შიდა შემოსავლებიდან მიღებული  1 მილიონ 9 000 ლარიც. ბოტანიკურ ბაღში 187 შტატია. დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 400 ლარია, საშუალო – 600 ლარი, მაქსიმალური კი – 1 650 ლარი.

„რეკორდი“ ქობულეთის საოლქო კომისიაში და გადაცდომისთვის დასჯილთა დაწინაურება

ქობულეთის N81 საოლქო-სააჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი 3 აგვისტოს გამოცხადდა. განაცხადების შეტანის ვადა 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე დასრულდა. სულ 555 განაცხადი შევიდა. საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება 19 აგვისტოს, კონკურსის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო და დასრულდა კიდეც. კომისიამ 555 კანდიდატის ბიოგრაფიებისა და გამოცდილების შემოწმება რეკორდულ ვადაში – ერთ დღეში მოახერხა.

ქობულეთის საოლქო კომისიის მუშაობის ასეთმა ტემპმა დამკვირვებელ ორგანიზაციებს კითხვები გაუჩინა. მათ კითხვები ქობულეთის საოლქო კომისიასთან იმაზეც აქვთ, თუ რატომ გააკეთა არჩევანი საოლქო კომისიამ იმ პირებზე, რომლებსაც წინა არჩევნებზე გადაცდომების გამო ადმინისტრაციული სახდელები ჰქონდათ დაკისრებული. ეს მაშინ, როცა სერტიფიცირებულ მოხელეებს, რომლებსაც გადაცდომები არ ჰქონიათ, კომისიამ უარი უთხრა. რამდენიმე დამრღვევი პირიქით,  დააწინაურეს – მათ საუბნო კომისიაში თავმჯდომარის, მოადგილის თუ მდივნის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

ქობულეთის N81 საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ დაკომპლექტებული საუბნო-საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში ფიქსირდებიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებსაც წინა წლებში `საარჩევნო კანონმდებლობის უგულებელყოფისთვის“ დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური სახდელები, კერძოდ: N71.81.06 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრები: მედეა ჯიჯავაძე და გიუზელ ნიჟარაძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე უბანზე მუშაობდნენ და დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება. თუმცა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გიუზელ ნიჟარაძე ქობულეთის 81-ე ოლქის N6 საუბნო კომისიის თავმჯდომარე იქნება. ამავე უბანზე დანიშნული კომისიის წევრი ნონა მოწყობილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დანიშნული იყო ოლქის მიერ და ასევე მიღებული აქვს გაფრთხილება.

N71.81.08 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი აკაკი ანანიძე ამავე უბანზე დანიშნული იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ასევე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მას ორივე შემთხვევაში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება; ამჯერად ის N8 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.

N71.81.19 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრები: თინათინ ცეცხლაძე და სულიკო გირკელიძე დანიშნული იყვნენ ამავე უბანზე კომისიის წევრებად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება;

N71.81.28 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი ჟუჟუნა წულუკიძე 2013 და 2014 წლის არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე უბანზე და ორივე არჩევნების პერიოდში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება; ამჯერად ის N48 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.

N71.81.31 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი მზია კომახიძე ამავე უბანზე დანიშნული იყო საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა; მზია კომახიძე N31-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.

N71.81.38 საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი მანანა ნოღაიდელი 2013 და 2014 წლის არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე უბანზე კომისიის წევრად და ორივე არჩევნების პერიოდში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა; ახლა ის N38-ე საუბნო კომისიის მდივანია.

N71.81.62 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი ნანა ჭყონია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე კომისიაში და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება. ახლა ნანა ჭყონია N62 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა. ამავე უბანზე დანიშნული კომისიის წევრი სალომე ქათამაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დანიშნული იყო ამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა.

ქობულეთის N81 საოლქო-საარჩევნო კომისიაში სხდომის მიმდინარეობისას პარტიების წარმომადგენლებმა მოიპოვეს სიები და ისინი ამტკიცებენ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია სწორედ ამ სიით ხელმძღვანელობდა საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას და ეს სიები საოლქო საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული საუბნო-საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების სია და პარტიების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული სია სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განსხვავებას.

ქობულეთის N81 საოლქო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე ყველა ბრალდებას გამართლებას უძებნის და ამბობს, რომ კომისია განაცხადებს ეტაპობრივად არჩევდა, რასაც ტყუილს უწოდებს ამავე კომისიის წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სალომე ზაქარიაძე: „არაფერი შეურჩევიათ, მათ იხელმძღვანელეს წინასწარი სიით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუგზავნა. ჩვენ მოვახერხეთ და წავართვით ეს სია, შემდეგ კი შევადარეთ და ყველაფერი დაემთხვა“.

რაც შეეხება იმ პირების შერჩევას, რომლებსაც წინა რამდენიმე არჩევნებში მონაწილეობისას გადაცდომები ჰქონდათ, გელა ხახნელიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა მათ საარჩევნო ადმინისტრაციებში მუშაობას არ უკრძალავს. ამას საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეც ეთანხმება, თუმცა გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, დამრღვევ პირებზე აქცენტის გაკეთება, როცა ბევრი განაცხადია და საოლქო კომისიას საშუალება აქვს იმათ მიანიჭოს უპირატესობა, რომლებსაც ადრე კანონი არ დაურღვევიათ, ეჭვქვეშ აყენებს კომისიის მუშაობის ლეგიტიმაციას.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ლიტერატურული ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს – „ზე-კართან“  უმასპინძლებს. ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება.

ლიტერატურული ფესტივალი შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით,  2013 წელს დაფუძნდა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში.

ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის მიზანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და პოპულარიზაციის გაზრდაა.

2013 წელს ფესტივალი აჭარის განათლებისა და  სამინისტრომ დააფინანსა. იმ წლის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი, სადაც  მხოლოდ ის ნაწარმოებები შევიდა რომელიც შუახევს შეეხებოდა.

2014 წელს კი დაიბეჭდა მეორე კრებული. ფესტივალის ორგანიზატორები მესამე წიგნზეც მუშაობენ.

ლიტერატურული ფესტივალი 17 სექტემბერს შემდეგი ღონისძიებებით გაიხსნება:

12:00  საათი – ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ფესტივალის მონაწილეთა შეხვედრა;
15:00  საათი – ნიგაზეულის მუზეუმისა და სელიმ ხიმშიაშვილის საფლავის მონახულება;
18:00  საათი – ფურტიოს თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პოეზიის საღამო და ფოლკლორული კონცერტი.

18 სექტემბერი

12:00  საათი – სხალთის ეკლესიის დათვალიერება;
16:00  საათი- ხულოს მუზეუმის, გალერიის მონახულება;
18:00  საათი – ხულოს თეატრში პოეზიის საღამო;

ფესტივალი 19 სექტემბერს დაიხურება.

11:00  საათი – ოთოლთას ციხის მონახულებაა დაგეგმილი,
13:00  საათზე – ხაბელაშვილების ეთნოგრაფიული ხიდის მინახულება პოეზიის საღამო;
16:00 საათზე  ფესტივალი   შუახევის კულტურის ცენტრში კონცერტით დაიხურება, სადაც საპატიო „ზეკარელებს“ ყაბალახით დააჯილდოვებენ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში სავარძლებს ცვლიან

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაზიანებულ სავარძლებს ახლით ჩაანაცვლებენ.

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ინფორმაციით, ავტობუსებში დაზიანებული სავარძლები ეტაპობრივად შეიცვლება: „ახალი სავარძლები არის ერთი მთლიანი კონსტრუქციის, რაც შეამცირებს ვანდალური ფაქტების რაოდენობას და ამასთანავე დაფარულია რბილი ტყავის შემცვლელი მატერიით, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის“.

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სავარძლების შეძენაზე ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა, საწყისი სატენდერო თანხით – 118 400 ლარი. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან 23 ივნისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „კონტროლ-ა“ „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 800 სავარძელს მიაწვდის  77 976 ლარად. ტენდერში 10 კომპანია მონაწილეობდა.

ამავე თემაზე:

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ელექტრონულ ავტობუსებზე: ეს არის მხოლოდ სურვილი 

ავტობუსი ზაფხულში

ახალი ავტობუსები ბათუმისთვის იბიარდის სესხით

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფოტოები
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფოტოები

ქედის გამგეობა 10 ფოტოაპარატის შეძენას აპირებს

ქედის გამგეობამ 10 ცალი ციფრული ფოტოაპარატის შესასყიდად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 8 სექტემბერს გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 6 000 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქედის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში 10 კომპაქტური, 20.2 MP ფოტოაპარატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 გბ მეხსიერების ბარათი და არანაკლებ ერთწლიანი გარანტია.

ქედის გამგეობამ ფოტოაპარატების შესაძენად  ტენდერი მეორედ გამოაცხადა, რადგანაც იგივე ფუნქციისა და ოდენობის ციფრული ფოტოაპარატების შესასყიდად ქედის გამგეობის მიერ 25 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ ციფრულ ფოტოაპარატებს გამგეობა თემის რწმუნებულებისთვის ყიდულობს: „მაღალმთიანეთში მცხოვრების სტატუსი რომ მიანიჭო პიროვნებას, საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტო სჭირდება, ტელეფონით გადაღებულ სურათს კი ეფექტი არ აქვს. ამიტომ დარჩა საჭირო გამგებლის წარმომადგენლებისთვის ფოტოაპარატები გვეყიდა. გარდა ამისა, შეიძლება სოფელში მეწყერი განვითარდეს, რასაც რწმუნებული დააფიქსირებს“.

ქედის მუნიციპალიტეტში სულ ცხრა ადმინისტრაციული თემია. რწმუნებულების გარდა ვინ ისარგებლებს დარჩენილი ერთი ფოტოაპარატით, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ციფრული ფოტოაპარატების შესასყიდად გამოცხადებული  გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 14 სექტემბერს 12 საათზე დასრულდება.

სარკინიგზო ვაგონის ძარა ხიდებად აჭარაში

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. საკითხი ეხება „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ დეპარტამენტზე უსასყიდლოდ გადაცემული 20 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარის დემონტაჟსა და ტრანსპორტირებაა ქალაქ ბათუმამდე, რაშიც დეპარტამენტი 96 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

სარკინიგზო ვაგონის ბაქანი
სარკინიგზო ვაგონის ბაქანი

„აღნიშნული ვაგონ-ბაქნის ძარები გამოიყენება ხიდებისა და სახიდე გადასასვლელების სწრაფად აღსადგენად. ამჟამად აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მიმართულებით გზები და ხიდები, რის გამოც შეუძლებელია რიგ შემთხვევებში სკოლის მოსწავლეების მისვლა სკოლამდე, მოსახლეობის გადაადგილება, საშემოდგომო სამუშაოებისათვის ტრანსპორტის გადაადგილება [მათ შორის ციტრუსის გატანა], აღნიშნულიდან გამომდინარე ძალზე დიდია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ხიდების რეაბილიტაციის დროულ განხორციელებაზე“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ხუთივე მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისაგან დაზიანდა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის ხიდები, რომლებიც საჭიროებს სასწრაფოდ აღდგენას ან ახალის მშენებლობას. აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დადგენილებით ეთხოვა საქართველოს მთავრობას 1 157 000 ლარის გამოყოფა, რეგიონის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისათვის.

„მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე ხიდების მშენებლობის ღირებულება და ვადები საგრძნობლად მცირდება რკინიგზის ვაგონ-ბაქანის ძარების გამოყენებით. იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ხიდების რეაბილიტაცია და არ მოხდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება, მაღალმთიანი აჭარის კლიმატისა და რელიეფის გათვალისწინებით შესაძლებელია სამუშაობის დაგვიანების შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელი გახდეს სამუშაოს წარმოება. აღნიშნული ვაგონ ბაქნების უსასყიდლოდ გადმოცემის შესახებ დეპარტამენტს ეცნობა მიმდინარე წლის 09 სექტემბერს, შესაბამისად დეპარტამენტი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების საკითხს მანამდე ვერ განიხილავდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

გზების დეპარტამენტის გათვლებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან დაიწყება დემონტაჟი და ტრანსპორტირება ეტაპობრივად და სრულად განხორციელდება 50 დღის განმავლობაში. შესყიდვების სააგენტომ დეპარტამენტს 16 სექტემბრამდე უნდა უპასუხოს, თანახმაა თუ არა შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდეს.

სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული 20 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარის დემონტაჟი და ტრანსპორტირება ქალაქ ბათუმამდე – ხარჯთაღრიცხვა:

kalkulacia

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია.

მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია.

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშებმა დღეს, 11 სექტემბერს, “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან აღდგენითი სამუშაოებისთვის დაიქირავეს: „გვითხრეს, ერთ კვირაში უნდა დასრულდეს სამუშაოებიო… მხოლოდ ღობე უნდა მოვაწყოთ, სახლის მშენებლობას ჩვენ არ ვეხებით”.

“ფშაველას 13-ზე ნებართვა არ გაგვიცია… პარასკევს შემოიტანა კომპანიამ და საბჭომ უნდა განიხილოს,” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი. ის განმარტავს, რომ ქუჩის აღდგენა, ძირითადად, მერიას ეხება, მაგრამ არსებობს გარკვეული ნაწილი, რაზეც სააგენტომ უნდა გასცეს ნებართვა. “ალბათ მერიამ გასცა უკვე ნებართვა და ისე აკეთებენ… თუ რამე სხვა კეთდება, ამას დააკვირდება მერიის ზედამხედველობის სამსახური და მე არ ჩავიბარებ სამუშაოებს, ისევ დავაჯარიმებ,” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი, რომელიც დღეს ქუჩის აღდგენითი სამუშაოების მონახულებას  აპირებს.

სააგენტომ ივნისშიც მიიღო “სლავა 2015″-სგან პროექტი დაზიანებული ქუჩის აღდგენაზე. მაშინ მას სააგენტომ უარი უთხრა. „იქ იყო ეშმაკური გათვლა. რეალურად ქუჩის აღდგენის პარალელურად, ფუნდამენტს ჩამოასხამდა. ამიტომაც ვუთხარით უარი,” – გვითხრა მირანდა ჩარკვიანმა.

გასცა თუ არა ნებართვა მერიამ ქუჩის აღდგენით სამუშაოებზე? – მერიის პრესსამსახურს და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ვერ დავუკავშირდით. თუკი მერია ქუჩის აღდგენით სამუშაოზე ნებართვას გასცემდა, იგი ავტომატურად გადაეცემეოდა ზედამხედველობის სამსახურს. “ასეთი ნებართვა ვაჟა-ფშაველას 13-ში არ მიგვიღია პარასკევის ჩათვლით და შაბათ-კვირას არ ვმუშაობთ. თქვენგან გავიგეთ ეს ამბავი. ჩვენი მორიგეები მოინახულებენ სამუშაოებს და გეტყვით, რა როგორ არის” – გვითხრა ზაალ მამუჭაძემ, ზემდახედველობის სამსახურის უფროსმა.

კომპანია “სლავა 2015”-ის დირექტორმა მურმან ჯინჭარაძემ “ბათუმელებთან” გასაუბრებაზე უარი თქვა. კომპანიის იურისტმა, გურამ ღოღობერიძემ კი გვითხრა, რომ ქუჩის აღდგენას გზების დეპარტამენტი ახორციელებს. კომპანიის იურისტმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია სამუშაოების ნებართვის შესახებ.

ქალაქის ქუჩების აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი არ ახორციელებს. ბათუმის მერია კი მსგავს შემთხვევაში ტენდერს აცხადებს.

kldiashvili-1
კომპანია “სლავა 2015”-ის ღობე კლდიაშვილის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას 13-ის მიმდებარე ტერიტორია

 

 

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში დამატებით 1051 კოლხური მუხა მოიჭრება

მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამჯერად მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1057 ძირი მცენარე. აქედან 1051 ძირი კოლხური მუხაა (Quercus hartwissiana Stev.), ხოლო 6 ძირი კაკლის ხე ( Juglans regia L.].

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 16 აგვისტოს გამოსცა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებიდან ამოღების უფლება „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ადრეც რამდენჯერმე მიეცა:

აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება 

220 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში 500-ზე მეტი წაბლი და მუხა მოიჭრება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი

კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ქალაქ ბათუმის გაზიფიცირება [ცენტრალური მაგისტრალებით ქალაქის დაქსელვა] დასრულებულია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, ბათუმში გაზიფიცირება წელს 1546 აბონენტს უნდა შეხებოდა, ხოლო 2017 წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია ზედა მახინჯაურში.

რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს, კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული იმფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 316 185 გრძ.მ-ის სიგრძის ქსელის მშენებლობა. ამ დროისთვის აქედან აშენებულია – 104 203 გრძ.მ.

სამუშაოები, კომპანიის მონაცემებით, მიმდინარეობს/დაგეგმილია ხელვაჩაურის სოფლებში: კაპრეშუმი, ზედა ახალშენი, განახლება, ახალშენი, ხეღრუ, სამება, ქვედა სამება; ასევე ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათი, ქვედა დაგვა, დაგვა, ბობოყვათი [რეზიდენციამდე მიმავალი], ხუცუბანი, ნაკაიძეები და ქვედა სამება.

აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების 2016 წლის გეგმა და შესრულებული სამუშაოს მაჩვენებელი ამავე წლის 11 სექტემბრის მონაცემებით [მოწოდებულია კომპანია „სოკარის“ მიერ]:

Untitled

ამავე თემაზე:

გაზიფიცირების პრობლემები ქედასა და ქობულეთში

ბათუმის რკინიგზის სადგურში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სადგურში მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა.

“შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორს, გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ვ.მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ–ს 353–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობაზე რამდენიმე დეკორატიული თაღი მუშებმა დააზიანეს

სასტუმრო “პრინცესას” რამდენიმე დეკორი მუშებმა პროტესტის ნიშნად დააზიანეს. საუბარია ყოფილი ფოსტის შენობაზე, სადაც სამუშაოებს ამჟამად კომპანია “მეტრო სითი” ახორციელებს.

“დავანგრევ, ჩემი გაკეთებული რაცაა, ის უნდა გავანადგურო… აქედან არ ჩამოვალ, სანამ ხელფასს არ მომცემთ,” – ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა მუშამ სასტუმროს ეზოში მყოფ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. რამდენიმე მშენებელი მეორე სართულზე, შენობის გარე ფასადზე იმყოფებოდა და ხის ხელკეტით აზიანებდა დეკორატიულ თაღებს. სასტუმროს ამ ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა “ბათუმელებთან” გასაუბრებაზე უარი თქვეს. რამდენიმე წუთში მუშები შენობაში შებრუნდნენ. დაცვის თანამშრომლის თქმით, ისინი შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა შეიყვანეს. “ბათუმელებს” შემთხვევის ადგილას არ დაუფიქსირებია პოლიციელი, ან პოლიციის მანქანა.

ექსცესთან დაკავშირებით კომპანიაში “მეტრო სითის” პრესსამსახურმა მოკლე კომენტარი მოგვაწოდა: “ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული დავალიანებების დაჯამება. ამის შემდეგ გაიცემა თანხა”.

რატომ დაუგროვდა დავალიანება კომპანიას, რა დროში გაიცემა ხელფასი – ამ კითხვებს კომპანიაში არ უპასუხეს.

“მეტრო ჰოლდინგის” [ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტია “მეტრო სითი”] მიმართ ხელფასების გაუცემლობა რამდენჯერმე გააპროტესტეს კომპანიაში დასაქმებულებმა:

„მეტრო მეფისგან“ კუთვნილ თანხებს ითხოვენ

ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ

კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, გალიფ ოზთურქს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. „მეტროსითის“ ვებგვერდის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, საქართველოს პრემიერმა ბათუმში მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს „სოლიდარობის ფონდში“ გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.

ყოფილი ფოსტის შენობის მეპატრონედ თურქული კომპანია „აქთივ ბათუმი“ რჩება, რომელსაც თავის დროზე „ფოსტის შენობა“ გარკვეული პირობებით მიყიდეს. მშენებლობას “მეტრო სითი” ასრულებს.

 

fosta 1

fosta 2
სასტუმრო “პრინცესას” [ყოფილი ფოსტის შენობა] დაზიანებული დეკორაცია

 

Exit mobile version