სიახლეები

სარკინიგზო ვაგონის ძარა ხიდებად აჭარაში

11.09.2016
სარკინიგზო ვაგონის ძარა ხიდებად აჭარაში

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. საკითხი ეხება „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ დეპარტამენტზე უსასყიდლოდ გადაცემული 20 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარის დემონტაჟსა და ტრანსპორტირებაა ქალაქ ბათუმამდე, რაშიც დეპარტამენტი 96 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

სარკინიგზო ვაგონის ბაქანი

სარკინიგზო ვაგონის ბაქანი

„აღნიშნული ვაგონ-ბაქნის ძარები გამოიყენება ხიდებისა და სახიდე გადასასვლელების სწრაფად აღსადგენად. ამჟამად აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მიმართულებით გზები და ხიდები, რის გამოც შეუძლებელია რიგ შემთხვევებში სკოლის მოსწავლეების მისვლა სკოლამდე, მოსახლეობის გადაადგილება, საშემოდგომო სამუშაოებისათვის ტრანსპორტის გადაადგილება [მათ შორის ციტრუსის გატანა], აღნიშნულიდან გამომდინარე ძალზე დიდია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ხიდების რეაბილიტაციის დროულ განხორციელებაზე“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის წერილში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ხუთივე მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისაგან დაზიანდა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის ხიდები, რომლებიც საჭიროებს სასწრაფოდ აღდგენას ან ახალის მშენებლობას. აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დადგენილებით ეთხოვა საქართველოს მთავრობას 1 157 000 ლარის გამოყოფა, რეგიონის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისათვის.

„მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე ხიდების მშენებლობის ღირებულება და ვადები საგრძნობლად მცირდება რკინიგზის ვაგონ-ბაქანის ძარების გამოყენებით. იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ხიდების რეაბილიტაცია და არ მოხდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება, მაღალმთიანი აჭარის კლიმატისა და რელიეფის გათვალისწინებით შესაძლებელია სამუშაობის დაგვიანების შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელი გახდეს სამუშაოს წარმოება. აღნიშნული ვაგონ ბაქნების უსასყიდლოდ გადმოცემის შესახებ დეპარტამენტს ეცნობა მიმდინარე წლის 09 სექტემბერს, შესაბამისად დეპარტამენტი დემონტაჟისა და ტრანსპორტირების საკითხს მანამდე ვერ განიხილავდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

გზების დეპარტამენტის გათვლებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან დაიწყება დემონტაჟი და ტრანსპორტირება ეტაპობრივად და სრულად განხორციელდება 50 დღის განმავლობაში. შესყიდვების სააგენტომ დეპარტამენტს 16 სექტემბრამდე უნდა უპასუხოს, თანახმაა თუ არა შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდეს.

სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული 20 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარის დემონტაჟი და ტრანსპორტირება ქალაქ ბათუმამდე – ხარჯთაღრიცხვა:

kalkulacia

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.