მთავარი,სიახლეები

ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობაზე რამდენიმე დეკორატიული თაღი მუშებმა დააზიანეს

10.09.2016 • 2234
ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობაზე რამდენიმე დეკორატიული თაღი მუშებმა დააზიანეს

სასტუმრო “პრინცესას” რამდენიმე დეკორი მუშებმა პროტესტის ნიშნად დააზიანეს. საუბარია ყოფილი ფოსტის შენობაზე, სადაც სამუშაოებს ამჟამად კომპანია “მეტრო სითი” ახორციელებს.

“დავანგრევ, ჩემი გაკეთებული რაცაა, ის უნდა გავანადგურო… აქედან არ ჩამოვალ, სანამ ხელფასს არ მომცემთ,” – ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა მუშამ სასტუმროს ეზოში მყოფ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. რამდენიმე მშენებელი მეორე სართულზე, შენობის გარე ფასადზე იმყოფებოდა და ხის ხელკეტით აზიანებდა დეკორატიულ თაღებს. სასტუმროს ამ ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა “ბათუმელებთან” გასაუბრებაზე უარი თქვეს. რამდენიმე წუთში მუშები შენობაში შებრუნდნენ. დაცვის თანამშრომლის თქმით, ისინი შენობაში პოლიციის თანამშრომლებმა შეიყვანეს. “ბათუმელებს” შემთხვევის ადგილას არ დაუფიქსირებია პოლიციელი, ან პოლიციის მანქანა.

ექსცესთან დაკავშირებით კომპანიაში “მეტრო სითის” პრესსამსახურმა მოკლე კომენტარი მოგვაწოდა: “ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული დავალიანებების დაჯამება. ამის შემდეგ გაიცემა თანხა”.

რატომ დაუგროვდა დავალიანება კომპანიას, რა დროში გაიცემა ხელფასი – ამ კითხვებს კომპანიაში არ უპასუხეს.

“მეტრო ჰოლდინგის” [ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტია “მეტრო სითი”] მიმართ ხელფასების გაუცემლობა რამდენჯერმე გააპროტესტეს კომპანიაში დასაქმებულებმა:

„მეტრო მეფისგან“ კუთვნილ თანხებს ითხოვენ

ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ

კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, გალიფ ოზთურქს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. „მეტროსითის“ ვებგვერდის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, საქართველოს პრემიერმა ბათუმში მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს „სოლიდარობის ფონდში“ გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.

ყოფილი ფოსტის შენობის მეპატრონედ თურქული კომპანია „აქთივ ბათუმი“ რჩება, რომელსაც თავის დროზე „ფოსტის შენობა“ გარკვეული პირობებით მიყიდეს. მშენებლობას “მეტრო სითი” ასრულებს.

 

fosta 1

fosta 2

სასტუმრო “პრინცესას” [ყოფილი ფოსტის შენობა] დაზიანებული დეკორაცია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: