მთავარი,სიახლეები

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ

11.09.2016 • 1759
ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია.

მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია.

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშებმა დღეს, 11 სექტემბერს, “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კლდიაშვილის ქუჩის მხრიდან აღდგენითი სამუშაოებისთვის დაიქირავეს: „გვითხრეს, ერთ კვირაში უნდა დასრულდეს სამუშაოებიო… მხოლოდ ღობე უნდა მოვაწყოთ, სახლის მშენებლობას ჩვენ არ ვეხებით”.

“ფშაველას 13-ზე ნებართვა არ გაგვიცია… პარასკევს შემოიტანა კომპანიამ და საბჭომ უნდა განიხილოს,” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი. ის განმარტავს, რომ ქუჩის აღდგენა, ძირითადად, მერიას ეხება, მაგრამ არსებობს გარკვეული ნაწილი, რაზეც სააგენტომ უნდა გასცეს ნებართვა. “ალბათ მერიამ გასცა უკვე ნებართვა და ისე აკეთებენ… თუ რამე სხვა კეთდება, ამას დააკვირდება მერიის ზედამხედველობის სამსახური და მე არ ჩავიბარებ სამუშაოებს, ისევ დავაჯარიმებ,” – ამბობს მირანდა ჩარკვიანი, რომელიც დღეს ქუჩის აღდგენითი სამუშაოების მონახულებას  აპირებს.

სააგენტომ ივნისშიც მიიღო “სლავა 2015″-სგან პროექტი დაზიანებული ქუჩის აღდგენაზე. მაშინ მას სააგენტომ უარი უთხრა. „იქ იყო ეშმაკური გათვლა. რეალურად ქუჩის აღდგენის პარალელურად, ფუნდამენტს ჩამოასხამდა. ამიტომაც ვუთხარით უარი,” – გვითხრა მირანდა ჩარკვიანმა.

გასცა თუ არა ნებართვა მერიამ ქუჩის აღდგენით სამუშაოებზე? – მერიის პრესსამსახურს და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ვერ დავუკავშირდით. თუკი მერია ქუჩის აღდგენით სამუშაოზე ნებართვას გასცემდა, იგი ავტომატურად გადაეცემეოდა ზედამხედველობის სამსახურს. “ასეთი ნებართვა ვაჟა-ფშაველას 13-ში არ მიგვიღია პარასკევის ჩათვლით და შაბათ-კვირას არ ვმუშაობთ. თქვენგან გავიგეთ ეს ამბავი. ჩვენი მორიგეები მოინახულებენ სამუშაოებს და გეტყვით, რა როგორ არის” – გვითხრა ზაალ მამუჭაძემ, ზემდახედველობის სამსახურის უფროსმა.

კომპანია “სლავა 2015”-ის დირექტორმა მურმან ჯინჭარაძემ “ბათუმელებთან” გასაუბრებაზე უარი თქვა. კომპანიის იურისტმა, გურამ ღოღობერიძემ კი გვითხრა, რომ ქუჩის აღდგენას გზების დეპარტამენტი ახორციელებს. კომპანიის იურისტმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია სამუშაოების ნებართვის შესახებ.

ქალაქის ქუჩების აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი არ ახორციელებს. ბათუმის მერია კი მსგავს შემთხვევაში ტენდერს აცხადებს.

kldiashvili-1

კომპანია “სლავა 2015”-ის ღობე კლდიაშვილის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას 13-ის მიმდებარე ტერიტორია

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: