მთავარი,სიახლეები

220 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში 500-ზე მეტი წაბლი და მუხა მოიჭრება

15.06.2016 • 2273
220 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში 500-ზე მეტი წაბლი და მუხა მოიჭრება

220-კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის -„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე მოიჭრება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს:

ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 206 ინდივიდი;
კაკლის ხე ( Juglans regia L) – 26 ინდივიდი;
კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev)- 320 ინდივიდი;
უთხოვარი (Taxus baccata  L.) – 1 ინდივიდი;
მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 1 ინდივიდი.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ; ამასთან, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: