„ბათუმის წყალი“ აბონენტების მონაცემთა ბაზის კარდაკარის პრინციპით განახლებას იწყებს

22 ნოემბრიდან, ბათუმის მერია და შპს „ბათუმის წყალი“ აბონენტების მონაცემთა ბაზის განახლებას იწყებენ.  მერიისა და კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონაცემებს, კარდაკარის პრინციპით, შპს „ბათუმის წყლის“ ანგარიშსწორების ოფიცრები შეაგროვებენ.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2016 წლის 26 აგვისტოს მიღებული N17 დადგენილების თანახმად, კომპანია ვალდებულია, ფლობდეს აბონენტების საკონტაქტო ინფორმაციას. აბონენტი კი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია წყალმომარაგების ლიცენზიატს.

სემეკის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შპს „ბათუმის წყალმა“ მომხარებელს დავალიანების, წყლის შეზღუდვისა, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დროულად უნდა აცნობოს SMS შეტყობინების სახით.

კარდაკარ აქციის პერიოდში, შპს „ბათუმის წყლის“ ანგარიშსწორების ოფიცრები კომპანიის მომსახურებით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს ეწვევიან, რათა მიიღონ საკონტაქტო ინფორმაციის ფორმის შევსებად საჭირო მონაცემები.

საკონტაქტო ინფორმაციის ფორმის შევსების შემდეგ აბონენტი ხელმოწერით ადასტურებს მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს. სურვილის შემთხვევაში, აბონენტს შეუძლია ხელი მოაწეროს საკონტაქტო ინფორმაციის ფორმის კიდევ ერთ პუნქტს, რომ ინფორმაციას სასმელი წყლის დავალიანების შესახებ მიიღებს მხოლოდ მობილური ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

გადახდის ქვითრის SMS შეტყობინებით სრულად ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება. საკონტაქტო ინფორმაციის ფორმის ნახვა და გამოგზავნა შესაძლებელია შპს ,,ბათუმის წყლის“ ვებგვერდის WWW.BATS.GE მეშვეობითაც.

იდენტიფიცირების მიზნით, ანგარიშსწორების ოფიცრები აღჭურვილნი იქნებიან შპს „ბათუმის წყლის“ ბეჭდით დამოწმებული სპეციალური ბეჯით, რომელზეც წარმომადგენლის სახელი და გვარი იქნება დატანილი“. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

რა აღარ დაევალება პედაგოგს? – კარიერული სქემის ბუნდოვანი დეტალები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემიდან უკვე ამოღებულია ფრაზა  – „პედაგოგი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, სკოლას ტოვებს და მის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება“. სამინისტროში არ აქვთ პასუხი კითხვებზე: როგორ მოხდება პედაგოგთა კარიერული წინსვლისთვის განსაზღვრული კრედიტების დაგროვება და რა აქტივობაში რამდენ კრედიტს მიიღებს პედაგოგი? შეუძლია თუ არა პედაგოგს უარი თქვას პროფესიული გამოცდის ჩაბარებაზე და სხვა აქტივობით დააგროვოს კრედიტები და კონკრეტულად, რომელი აქტივობებით?

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ  „ახალ სქემას ფუნქცია, რომ ვინმე სკოლიდან გაუშვას, საერთოდ არ ექნება“, თუმცა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ  „სკოლას მასწავლებლის დათხოვნის უფლება ისევე ექნება, როგორც სხვა რიგით ორგანიზაციებს აქვთ. მასწავლებლის გაშვება კი დამოკიდებული იქნება მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მოსწავლეების მოსწრება-შედეგებზე და დირექციის შეფასებაზე“. რა იგულისხმება ამ პუნქტებში, სამინისტროში ამ ეტაპზე პასუხი არ აქვთ.

რა აქტივობით შეიძლება დააგროვოს პედაგოგმა კრედიტქულები, თუკი ის უარს იტყვის პროფესიული გამოცდის ჩაბარებაზე? არის თუ არა ეს აქტივობები დაზუსტებული და რომელი აქტივობა რამდენი ქულით ფასდება? – სამინისტროში ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ.

„სქემასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. განახლებული ვერსია ახლო მომავალში გამოქვეყნდება“ –  აცხადებენ სამინისტროში, თუმცა უცნობია, იქნება თუ არა  „ეს ახლო მომავალი“  2017 წლამდე.

„მინისტრი კი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამაზე არანაირი ოფიციალური დასტური. ჯერ ამ კომისიამ უნდა იმსჯელოს, უნდა შეიტანოს თუ არა ცვლილებები სქემაში, შემდეგ კი ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს და მან გამოსცეს დადგენილება,“ – ამბობენ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ალექსანდრე ჯეჯელავას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის, თუ რა აქტივობამ შეიძლება ჩაანაცვლოს მასწავლებლის პროფესიული გამოცდა,   „დეტალები ამ ეტაპზე არ არის გაწერილი“, თუმცა ცნობილია, რომ პედაგოგები ისევ ჩააბარებენ უნარების გამოცდას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააუქმეს.

„დაბრუნდება მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდა, რომელსაც საგნის გამოცდის მსგავსად ბარიერი არ ექნება,“ –  აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. თუმცა, გამოცდას აღარ ერქმევა  „გამოცდა“, არამედ  „კვალიფიკაციის ამაღლება ან დადასტურება“.

მინისტრი მხოლოდ ზეპირად საუბრობს იმაზე, რა შეიძლება ჩაიწეროს კრედიტქულების დაგროვების სქემაში. მისი თქმით,  „ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს მასწავლებლის ინდივიდუალური მუშაობა მშობელთან“, რომელიც ასევე ნებაყოფლობითია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა და  ა.შ.

მინისტრის თქმით, კრედიტების დაგროვების წყარო აკადემიური ხარისხებიც (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) იქნება, თუმცა, ეს კომპონენტი უკვე არსებულ სქემაშიც გათვალისწინებულია. „ჯერ გვაქვს მხოლოდ იდეები. თუ ეს ცვლილებები იქნება იმის ხარჯზე, რომ მასწავლებლის პროფესიული გამოცდა გაუქმდება და ალტერნატივა შესაბამისი არ იქნება,  ეს პრობლემაა,“ –  ამბობს  განათლების პოლიტიკისა დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა განათლების მინისტრის იდეების შეფასებისას.

„მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლის ხელფასი და სქემაში მობილობა უნდა იყოს მოტივატორი. ასევე ამბობს, რომ სკოლიდან მასწავლებლის გაშვება არ უნდა იყოს მიბმული მის კარიერულ ზრდაზე, მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება დაითხოვო მასწავლებელი სკოლიდან, ამის გაზომვადი მაჩვენებლები უნდა არსებობდეს, რაც დღეს არ გვაქვს,“  – აღნიშნავს რევაზ აფხაზავა. მისი თქმით, კარგი იქნება, რომ ჯერ იდეა იყოს კარგად მოფიქრებული, პროფესიულ გარემოში შეჯერდეს და შემდეგ გახმოვანდეს:

„წესით, თვის ბოლომდე რაღაც კონკრეტული უნდა გაჩნდეს, მაგრამ თუ არ გაჩნდა, ისე გამოვა, რომ მარტო იდეებად დარჩება ეს ყველაფერი. რადგან მასწავლებლებიც გაურკვევლობაში არიან, გამოცდების ცენტრიც და სხვა უწყებებიც, მნიშვნელოვანია, დროულად იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.“

არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეზე: პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა

ირაკლი კობახიძე, რომელიც 2015 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. რატომ შეაჩერა მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძეზე არჩევანი და რა გამოწვევების წინ შეიძლება დადგეს სახელმწიფო ახალი პარლამენტის პირობებში? ამ თემაზე „ბათუმელებს“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ და ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი ესაუბრა.

ბატონო არმაზ, თქვენ  ცოტა ხნის წინ დატოვეთ ქართული ოცნება“,  იყავით  ამ პარტიის წევრი და აღმასრულებელი მდივანი. ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევას როგორ აფასებთ. რამდენად ეფექტური იქნება ის ამ თანამდებობაზე?

იმიტომ, რომ ეს ეხება საქართველოს, ანუ ჩვენს ქვეყანას, მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ პარლამენტიც და მისი თავმჯდომარეც იყოს წარმატებული. მაგრამ, ვიცნობ რა ვითარებას და ამ პარლამენტის ცალკეულ პირებს, ვეჭვობ საქმე კარგად წავიდეს.

ირაკლი კობახიძესაც ალბათ კარგად იცნობთ, როგორი თავმჯდომარე იქნება ის, თქვენი აზრით?

სხვათა შორის, კარგად არ ვიცნობ, რადგან მე უკვე წამოსული ვიყავი „ქართული ოცნებიდან“, როცა ის მოვიდა აღმასრულებელ მდივნად. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ მას არ ვიცნობ, თუმცა ვიცნობ მის განცხადებებს, ასე თუ ისე მის განწყობებს და როგორც ვაფასებდი კრიტიკულად, დღესაც ასევე კრიტიკულად ვაფასებ მის როლს „ქართულ ოცნებაში“ და ქართულ პოლიტიკაში.

მისი პოლიტიკური გამოცდილება თუ ქართულ ოცნებაშიშესრულებული სამუშაო იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო?

რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს მცირე გამოცდილება აქვს პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი – შეიძლება მცირე გამოცდილება გქონდეს და ეს გამოცდილება გაიმდიდრო. ასეც მოხდება, ალბათ. მთავარია, რა შინაარსით ხარ, რა არის შენი მთავარი მამოძრავებელი.

ირაკლი კობახიძე რა შინაარსითიქნება პარლამენტის თავმჯდომარე?

ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა და უკეთესი უმრავლესობაც. მაგრამ, მიუხედავად ჩემი აზრით უსამართლო არჩევნებისა, მაინც ასეთი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის განწყობა – მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ ამ შემადგენლობით. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

რატომ ირაკლი კობახიძე? – ალბათ იმ დამსახურებისთვის, რომელიც მას მიუძღვის „ქართული ოცნების“ წინაშე, როცა წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ყველა დელიკატური, უხერხული და ყველა რთული საქმის ფერად ფერებში წარმომჩენად მოგვევლინა. ეს მას დაუფასეს გადაწყვეტილების მიმღებებმა. მაგრამ სულ მალე გამოჩნდება, რეალურად რამდენად დამოუკიდებელია ის და რაც ყველაზე მთავარია, რამდენად მოახერხებს იმას, რომ საკანონმდებლო საქმით დაკავდეს და ახლა მაინც უერთგულოს დემოკრატიულ ღირებულებებს. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ იქ, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება დემოკრატიულად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სახელისუფლებო ოლიმპზე.

ის, რაც თქვენ თქვით კობახიძესთან დაკავშირებით, პარტიულ მორჩილებაზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე დამოუკიდებელ და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ პოლიტიკოსზე…

ძნელად წარმომიდგენია, რომ გუშინ ნებისმიერი დავალების შემსრულებელი, დღეს გახდეს დამოუკიდებელი და დემოკრატიულად მოაზროვნე. მინდა დავიჯერო, რომ ასე მოხდება, მაგრამ არ მჯერა, რადგან ასეთი ცვლილებები იშვიათად ხდება. მე ვუსურვებ მას წარმატებას, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხება საქართველოს და მე პირველი ვიქნები, ვინც მადლობას ეტყვის მას, თუკი დავინახავ, რომ საქმე მიდის სწორად, სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ პირველი ვიქნები სხვებთან ერთად, ვინც კრიტიკას არ დააკლებს, როცა კრიტიკის მიზეზი გვექნება. დაველოდოთ. მე ჩემი განცხადებების ერთგული ვარ დღესაც. „ქართული ოცნება“ იყო და არის არადემოკრატიული პარტიული ორგანიზაცია და ვწუხვარ, მაგრამ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი რას შეძლებს და როგორ, დრო გვაჩვენებს. მე დიდი იმედი არ მაქვს.

ჩვენ ვიცით უმრავლესობის და ყოფილი პრემიერის [ბიძინა ივანიშვილი] განწყობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან და საზოგადოებისთვის სხვა სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა ახალი პარლამენტის პირობებში?

უმთავრესი პრობლემა არის არა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაზეც დღეს ბევრი მიუთითებს, არამედ ამ უმრავლესობის რეალური შინაარსი. მე ვხედავ პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ გადაწყვეტილების მიმღებთა შორის ძალიან ცოტაა დემოკრატიულად მოაზროვნე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ და ცალკეული ადამიანები, რომლებიც გახდნენ დეპუტატები, გაისიგრძეგანებენ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებენ იმას, რომ პარლამენტარობა არის დროებითი და ისე ემსახურებიან საქვეყნო საქმეს, რომ მერე არ შერცხვეთ. არავინ არ უნდა წამოეგოს ამ ანკესს არასდროს. თუ ამას გაითვალისწინებენ, მაშინ ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ და მეტი წარმატებაც ექნებათ.

კაბა როგორც დროშა – საპროტესტო მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა მოძრაობა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს,  პუშკინის სკვერში 13:00 საათზე ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  საპროტესტო მსვლელობას იწყებს.  აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან, შემდეგ კი შემდეგ კი მსვლელობა დაიწყება პოლიციის შენობისკენ.

„ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს. ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით ჩვენ დროშებად აღვმართავთ კაბებს და დავიძრებით პოლიციისკენ. კაბა, რომელიც ექსკლუზიურად ქალის ტანისამოსად ითვლება, ქალთა სოლიდარობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იქნება დღეს“-ნათქვამია განცხადებაში.

2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. დანარჩენ შემთხვევებს გაგრძელება არ მოჰყოლია.

„ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი.

შემოგვიერთდი 25 ნოემბერს! მოიტანე კაბა, როგორც დროშა და მიიღე მონაწილეობა მსვლელობაში. ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ნამდვილი, ეფექტური ბრძოლა.

„მოვთხოვოთ შსს-ს სპეციალური დანაყოფის შექმნა!“- ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

ვირტუალური მოდელი ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

დღეს, 21 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმის ტრანსპორტის მოდელის და შინამეურნეობების მობილობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია იმართება. სამუშაოები ჩატარდა პროექტის – „ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ფარგლებში.

DSCN3676
პრეზენტაცია / როინ გუნდაძის ფოტო

პროექტის ხელმძღვანელის, ლაშა ნაკაშიძის განცხადებით, სატრანსპორტო მოდელი არის კომპიუტერული, ვირტუალური მოდელი ბათუმის სატრანსპორტო სისტემისა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიდრე ქალაქის ხელმძღვანელობა რაიმეს გადაწყვეტს  ამ სფეროში განახორციელოს, – ვთქვათ, ინვესტიცია ან სატრანსპორტო პროექტი  – ჯერ ამ ღონისძიების ტესტირება მოხდება მოდელში, რაც მოგვცემს შედეგის დადებით ან უარყოფით შეფასებას. ამის  საფუძველზე კი შემდგომ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

პრეზენტაცია / როინ გუნდაძის ფოტო
პრეზენტაცია / როინ გუნდაძის ფოტო

„კომპიუტერულ მოდელში ხდება ასეთი პროექტების ტესტირება და ეს მოდელი უკვე მომზადდა ბათუმისთვის. ევროპის ბევრ ქალაქში სავალდებულოც კი არის რომ მოდელში ტესტირებული ღონისძიებები განხორციელდეს. ფაქტობრივად, ეს გვაძლევს საშუალებას ვიღაცის სუბიექტურ მსჯელობაზე დაყრდნობით კი არ მივიღოთ გადაწყვეტილება, არამედ   მოდელი  გვაჩვენებს ობიექტურად გრძელვადიან პერსპექტიაშიც კი, თუ რა შედეგს მოგვცემს კონკრეტული ღონისძიება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლაშა ნაკაშიძე.

მისივე თქმით, ამ პროგრამას აქვს ფუნქცია სტრატეგიული ღონისძიებების მოდელირება მოხდეს როგორც მთელი ქალაქის მასშტაბით, ასევე  კონკრეტული ღონისძიების მოდელირება, რომელიმე ერთი გზაჯვარედინის ან ქალაქის უბნის შემთხვევაშიც: „პროგრამა იძლევა სხვადასხვა სცენარების ტესტირების საშუალებას, მაგალითად, ჩატარდეს ექსპერიმენტი, თუ რა შედეგს მოგვცემს ძველი ბათუმის საფეხმავლოდ გადაკეთება და. ა.შ. სატრანსპორტო მოდელი არის საკმაოდ მოცულობითი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც მძლავრი კომპიუტერული სისტემა სჭირდება. ეს ყველაფერი არის მზად და  გადავცემთ ჩვენ ქალაქის მერიას რათა განკარგონ. ასევე მერიის 5-6 თანამშრომელაც გადავამზადებთ იმ კუთხით, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ამ მოდელის გამოყენება“.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, მომავალი წლის მაისის თვემდე სამუშაოები გაგრძელდება და აღნიშნული მოდელის საფუძველზე შემუშავდება:

  • ქალაქისთვის პარკირების ახალი სტრატეგია და პოლიტიკა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაციის სქემა;
  • გორგილაძის და ჭაჭავაძის ქუჩებისთვის საპილოტე ღონისძიებების შემუშავება -რაც გულისხმობს ამ ქუჩებზე საცობები შემცირებას, რომ ამ ქუჩებზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ანუ ავტობუსებს მიეცეს  გადაადგილების დროს უპირატესობა, აქ მოიაზრება პარკირების შეზღუდვაც ამ ქუჩების გასწვრივ, თუმცა ამ ყველაფრის ტესტირება მოხდება სატრანსპორტო მოდელში;
  • ბათუმში ველოსისტემის ოპტიმიზაციის  სქემის შემუშავება;
  • ბათუმისთვის ელექტროტაქსის სისტემის  მიზანშეწონილობის  კვლევის ჩატარება…

„ამ ყველაფერთან ერთად ბათუმისთვის შევიმუშავებთ 2030 წლამდე  ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიას და  სამოქმედო გეგმას. ყველა გეგმა მზად იქნება მაისის ბოლოს და მერიას საშუალება ექნება დაიწყოს უკვე ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელება, ძირითადად, საკუთარი, ანუ ქალაქის ბიუჯეტის სახსრებით – ამბობს ლაშა ნაკაშიძე – პროექტის ფარგლებში გამოიკითხა 1500 ოჯახი, დაახლოებით 6 ათასი ადამიანი, რათა შეგვესწავლა თუ როგორ გადაადგილდებიან, რა ტრანსპორტით, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ავტოსაშუალებების ფლობა და ა.შ. ქალაქი დაიყო 75 სატრანსპორტო ზონად და თითოეულში დაახლოებით 20 ოჯახი გამოიკითხა უშუალო  ინტერვიუს მეთოდით. ეს გაანალიზდა და წარმოადგენს ამ სატრანსპორტო მოდელის ასე ვთქვათ ერთ-ერთ საყრდენს“.

15145271_1259540527452471_29838430_o
ბათუმი, რუსთაველის ქუჩა / როინ გუნდაძის ფოტო

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტის სრული ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიონ 133 ათას აშშ დოლარს. პროექტის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2019 წლის აგვისტომდე დასრულდება.

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?

რა შემთხვევაშია რეკომენდებული სათვალისა და კონტაქტური ლინზის ტარება? რა ასაკიდან სჭირდება ადამიანს სათვალე კითხვის დროს? – ამ თემებზე „ბათუმელები“ ექიმ-ოფთალმოლოგს, თამარ გოგიტიძეს ესაუბრა.

რა შემთხვევაში უწევენ ოფთალმოლოგები რეკომენდაციას სათვალეს და რა შემთხვევაში – კონტაქტურ ლინზას? რა არის გადამწყვეტი შერჩევის მომენტში, პაციენტის სურვილი თუ ექიმის რეკომენდაცია?

ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული პაციენტის სურვილზეც  და ექიმის რეკომენდაციაზეც, თუმცა  კონტაქტურ ლინზას გააჩნია თავისი ჩვენება – როდის შეიძლება მისი მოხმარება. ძირითადად პაციენტს კონტაქტური ლინზის ტარებას ვურჩევთ რეფრაქციული მანკის მაღალი ხარისხის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ,  მაღალი პლუსის ან მაღალი მინუსის დროს, როდესაც სათვალის ტარებამ ადამიანს შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას. სათვალისგან განსხვავებით კონტაქტური ლინზის მეშვეობით მაქსიმალურად შეიძლება ყველანაირი დისკომფორტი მოიხსნას და ბოლომდე იქნას მხედველობა კორეგირებული, რაც პაციენტისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე სათვალის ტარებისას მიღწეული შედეგი.

კონტაქტური ლინზის ტარების ჩვენება არის ასევე განსხვავებული მხედველობა მარჯვენა და მარცხენა თვალში. მაგალითად, ერთ თვალში შეიძლება ადამიანს ჰქონდეს – 6, ხოლო მეორეში – 3. ასეთ შემთხვევაში ლინზა სათვალეზე ეფექტურია პაციენტისთვის.

მოგეხსენებათ, თვალსა და სათვალეს შორის მანძილი მაინც რჩება, რაც იწვევს შემდეგში აბერაციების განვითარებას, რაც გამოიხატება თავბრუხვევაში. ადამიანს გააჩნია როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული მხედველობა, კონტაქტურ ლინზაში კი პაციენტი სრულად აღიქვამს სამყაროს.

რაც შეეხება უკუჩვენებებს?

კონტაქტურ ლინზას, რა თქმა უნდა, უკუჩვენებებიც აქვს. რადგან ის უშუალოდ თვალს ეხება, პაციენტს არ უნდა გააჩნდეს ე.წ. „მშრალი თვალის“ სინდრომი, რადგან კონტაქტური ლინზა ასეთ შემთხვევაში ამძიმებს სიტუაციას. ასევე პაციენტი არ უნდა იყოს ალერგიული. მართალია, თანამედროვე კონტაქტური ლინზები ანტიალერგიული მასალებისგან მზადდება, თუმცა, ამის მიუხედავად, არის შემთხვევები, როცა პაციენტს მაინც აქვს ალერგია კონტაქტური ლინზების მიმართ. ასევე, კატეგორიულად არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება ანთებითი პროცესების დროს.

არის თუ არა შემთხვევები, როცა პაციენტს არა აქვს გამოხატული უკუჩვენება ლინზის ტარებაზე, მაგრამ ვერ ეგუება მას?

ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, თუმცა ეს უმიზეზოდ არ ხდება და ძირითად შემთხვევებში ეს არის მშრალი თვალის გამო, რომელიც გააჩნია მოსახლეობის 70 პროცენტს. კონტაქტური ლინზის ტარებისას თვალი კიდევ უფრო შრება და პაციენტი ამ დროს კონტაქტურ ლიზას აღიქვამს როგორც უცხო სხეულს თვალში. ნორმალურ პირობებში კი კონტაქტურ ლინზას პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს.

რაც შეეხება სათვალეს, აქვს თუ არა მას რაიმე უპირატესობა ლინზასთან მიმართებაში?

თამარ გოგიტიძე
თამარ გოგიტიძე

სათვალის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოიხსნათ, დაისვენოთ, არ სჭირდება განსაკუთრებული ჰიგიენური ნორმების დაცვა, ლინზა კი ნამდვილად საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. თუ კონტაქტურ ლინზას სათანადოდ ვერ მოვუვლით, შესაძლებელია მისი დაინფიცირება და რამდენიმე თვის უკან გვქონდა სწორედ მძიმე კერატიტის შემთხვევა, როცა ინფიცირება მოხდა კონტაქტური ლინზით. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მხედველობა ინფექციის დროს იყო თითქმის ნული დაავადებულ თვალში.

ადრე იყო გარკვეული სტიგმა სათვალეზე, ადამიანებს არ სურდათ სათვალის ტარება, ლინზა კი სათვალისგან გასხვავებით, შეუმჩნეველია.  დღეს თუ განიხილება ეს სათვალისა და ლინზას შორის არჩევანის გაკეთებისას?

ყოველთვის ვაფრთხილებ პაციენტებს, რომ მხოლოდ ამ მიზნით კონტაქტური ლინზა არ აირჩიონ.  ვცდილობ ავუხსნა, რომ დღეს, თანამედროვე მსოფლიოში, სათვალე აღიქმება როგორც ლამაზი, მოდური აქსესუარი და ბევრი ადამიანი საჭიროების გარეშეც კი ატარებს სათვალეს, სწორედ ამის გამო.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ მხედველობის მკვეთრად გამოხატული პრობლემა, აქვთ, მაგალითად, ასტიგმატიზმი მსუბუქი ფორმით და ა.შ., ასეთ დროს გაიცემა ლინზის ტარების რეკომენდაცია?

ასეთ დროს პაციენტი ირჩევს, მისთვის რა არის უფრო მისაღები, მაგრამ საჭიროა სათვალეც და კონტაქტური ლინზაც.

მართალია, ახლა გამოვიდა ისეთი ლინზებიც, რომელიც შეგიძლია ერთი თვე ატარო ისე, რომ არ მოიხსნა, მაგრამ მაინც საჭიროა კონტაქტური ლინზებისგან თვალი დავასვენოთ, განსაკუთრებით – ღამით. თვალი სუნთქავს კიდეც, რქოვანა გარსს მიეწოდება ჟანგბადი.  როცა კონტაქტური ლინზაა თვალზე მოთავსებული, ჟანგბადი მას ნაკლებად მიეწოდება, ამიტომაც არის აუცილებელი თვალის დასვენება. ასევე, კარგია თუ კვირაში ერთი დღე საერთოდ დავასვენებთ თვალებს კონტაქტური ლინზისგან და ვატარებთ სათვალეს.

რაც შეეხება ბავშვებს, რამდენადაც ვიცით, ოფთალმოლოგები  ძირითადად სათვალეს ნიშნავენ. რატომ?

ეს პირველ რიგში ისევ ჰიგიენასთან არის დაკავშირებული, რადგან ბავშვებს უჭირთ ჰიგიენური ნორმების დაცვა, კონტაქტური ლინზის მოხსნა, მოვლა, სწორად ჩასმა, ამიტომაც უფრო ხშირად მათ ვუნიშნავთ სათვალეს, მაგრამ თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ შეუძლია ლინზების მოვლა, რატომაც არა, ვნიშნავთ ლინზას. ახალშობილებშიც კი ვიყენებთ კონტაქტურ ლინზებს, მაგალითად, როცა კატარაქტის შემთხვევა გვაქვს და ოპერაციას ვაკეთებთ, ახალშობილებში ვერ ხდება ბროლის ინპლანტაცია, ველოდებით მის გაზრდას, რომ საბოლოოდ ბროლი ჩავსვათ. ასეთ დროს + 13 ჩნდება დეფექტი და ამ დროს ჩვილს ენიშნება ლინზა, რომელსაც უკეთებს მშობელი და აკონტროლებს ბროლის ჩასმამდე. ასე, რომ ბავშვის ასაკი კონტაქტური ლინზის უკუჩვენება ნამდვილად არ არის.

რომელი ასაკიდან სჯობს სათვალის ტარება კითხვისთვის?

ეს ინდივიდუალური საკითხია. პრესბიოპია ანუ ფოკუსირების შესუსტება ახლო მანძილზე, რაც გამოიხატება ახლო მანძილზე მხედველობის დაქვეითებით, იწყება 40 წლის ასაკიდან, თუმცა შესაძლოა უფრო ადრე ან უფრო გვიანაც დაიწყოს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, თუ, მაგალითად, ვის რა ასაკში უჩნდება ნაოჭები ან ჭაღარა. პრესბიოპიის დროს გამოიყენება პლუს სათვალე, რისთვისაც საჭიროა დროული კონსულტაცია ექიმ ოფთალმოლოგთან,  ექიმთან კონსულტაციის გარეშე სათვალის შეძენა ნამდვილად არ ღირს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად თითქმის ყველას უვითარდება პრესბიოპია. ეს დაავადება არ არის, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, დისკომფორტი და ამის თავიდან ასარიდებლად სჯობს ექიმის მიერ შერჩეული სათვალის ტარება. პრესბიოპიის შემთხვევაში მხოლოდ სათვალეა საჭირო და არა კონტაქტური ლინზა.

თქვენს პრაქტიკაში რა მაჩვენებელი გაქვთ, პაციენტები ძირითადად სათვალეს ირჩევენ თუ ლინზას?

ორივეს, თუმცა ხანდაზმულებს უფრო სათვალე ურჩევნიათ. კონტაქტურ ლინზას ის მინუსი აქვს, რომ უფრო ძვირადღირებულია და გამოცვლას საჭიროებს. ასე, რომ ორივეს აქვს თავისი მინუსი და პლუსი, ამიტომაც სპეციალისტის კონსულტაციისა და პაციენტის სურვილის შესაბამისად ხდება შერჩევა.

შუახევში ფერდობებს 50 ადგილას გაამაგრებენ

შუახევის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 295 202 ლარს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად დახარჯავს. გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ამ მიმართულებით ოქტომბერში სამჯერ, მთლიანობაში, 51 000 ლარზე  გამოაცხადა.

სოფელ სხეფში შალვა ზოიძის საცხოვრებელ სახლთან დამცავი კედლისა და სოფელ ტაკიძეებში, ციციანიძეების უბანში სასაფლაოებთან ახლოს ფერდსამაგრი ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ ტენდერი 20 862 ლარზე გამოაცხადა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამოცხადებული ტენდერი პირველ ნოემბერს დასრულდა და ყველაზე ნაკლები თანხით – 18 500 ლარით გაბიონების მოწყობის სურვილი სოფელ სხეფსა და ტაკიძეებში შპს „ბლექ-სი+“-მა გამოთქვა.

ფერდსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად, 14 883 ლარზე, ამავე დღეს გამოცხადდა ტენდერი სოფელ ჯაბნიძეებში ავთანდილ ივანაძისა და მალხაზ უსტიაშვილის სახლის მიმდებარედ და 15 255 ლარად სოფელ ლომანაურში ფრიდონ მუკუტაძის, ხოლო მახალაკიძეებში შოთა მახარაძის სახლთან გაბიონის მოსაწყობად. ორივე ტენდერში შუახევის გამგეობას გაბიონების მოწყობას ისევ „ბლექ-სი+“ სთავაზობს, კომპანია ჯაბნიძეებში ფერდსამაგრი გაბიონის მოწყობას 13 500, ხოლო ლომანაურსა და მახალაკიძეებში 14 000 ლარად გეგმავს.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო პირობებით, სამივე ტენდერით გაწერილი სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 25 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს; შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია ეს ხარვეზი აღმოფხვრას.

შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი ომარ აბუსელიძე ამბობს, რომ გამგეობას ტენდერით გამოცხადებული ამ სამუშაოების განსახორციელებლად კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია და დასძენს, რომ ჯერ კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარების მიზნით, სოფლებში საცხოვრებელ სახლებთან სპეციალური გაბიონების მოსაწყობად ტენდერი შუახევის გამგეობამ წელს ზაფხულშიც გამოაცხადა, სულ 19 სოფელში 19 საცხოვრებელი სახლის, ხოლო ერთ სოფელში გზის მიმდებარედ ფერდსამაგრი კედლების მოსაწყობად ტენდერი 300 000 ლარზე სამწლიანი საგარანტიო ვადით ივლისში გამოაცხადა, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „შატილი 21“-მა 248 819 ლარით გაიმარჯვა.

გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა გამგეობამ გეოლოგების მიერ დადებული დასკვნების საფუძველზე გაწერა. სოფლებში გაბიონები საპროექტო კომპანიის მიერ დაპროექტებული პროექტით კეთდება.

„გეოლოგების მიერ დადებული დასკვნების საფუძველზე 50 ადგილზე ფერდსამაგრი სამუშაოების პროექტი შევისყიდეთ. 50 ადგილიდან წელს, პირველ ეტაპზე, ის 19 ადგილი შევარჩიეთ, სადაც უფრო კრიტიკული ვითარება იყო, მიწის მასა თითქმის სახლთან ჩამოდიოდა და საშიშროება არსებობდა.

იქედან გამომდინარე, რომ ტენდერში გამარჯვებული კომანია „შატილი 21“ საცხოვრებელ სახლებთან გაბიონებს 248 819 ლარით აწყობს, ეკონომიის ხარჯზე ოქტომბრის ბოლოს დამატებით დამუშავებული პროექტიდან კიდევ ექვს ობიექტზე გამოვაცხადეთ ტენდერი. ჯამში წელს სულ 25 ადგილზე კეთდება გაბიონები. რაც შეეხება დარჩენილ 25 ადგილს, რისთვისაც ნახევარ მილიონი ლარი აჭარის მთავრობას ვთხოვეთ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მთავრობა თანახმაა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად საჭირო თანხა მოგვცეს და სამუშაოები მომავალ წელს გავაგრძელოთ. რაც შეეხება გაბიონების მოწყობას, პირველად გამოცხადებული სამუშაოები თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. სოფლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, პრობლემა მხოლოდ მაშინ შეიქმნა, როდესაც გათოვლდა“, – ამბობს ედნარ შარაშიძე.

სხეფის, ტაკიძეების, ჯაბნიძეებისა და მახალაკიძეების გარდა საცხოვრებელ სახლებთან მეწყრის შესაჩერებლად გაბიონები შუახევში 16 სოფელში კეთდება.

ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ.

ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა ლიგაში სულ 20 თამაში გამართა, 12 – პირველ სეზონზე, ხოლო მეორე სეზონზე რვაჯერ ითამაშა. მიმდინარე სეზონი ქედელი მორაგბეებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგეს.

კლუბი ყოფილი ბათუმის „დათვების“ მოთამაშემ, ქედელმა კახა ხაბაზმა ჩამოაყალიბა. „აჭარის რაგბის განვითარების ფონდის პრეზიდენტის, ზვიად უნგიაძის იდეა იყო ქედაში სარაგბო კლუბი ჩამოგვეყალიბებინა. შემოვიკრიბე რაგბით დაინტერესებული ქედელი ახალგაზრდები, შეიძლება ითქვას „გადავძახეთ ერთმანეთს“ და იდეა რეალობად ვაქციეთ. გუნდის წევრებიდან რაგბში, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება მხოლოდ მე მქონდა, 2001-2004 წლებში ბათუმის „დათვებში“ ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც „დათვები“ დაიშალა, სპორტს ჩამოვშორდი. ჩემთან ერთად იყვნენ ისეთი მორაგბეები, რომლებსაც ბავშვობაში ჰქონდათ შეხება რაგბთან, თუმცა გამოცდილი მორაგბეები მხოლოდ 4-5 ვიყავით. გამოცდილები იყვნენ ძმები მამუკა და მინდია სურმანიძეები. თავდაპირველად გუნდში უმრავლესობა მოყვარული მორაგბე იყო. 2014 წლის 14 ივლისს კი , „ფირალები“ შპს-ედ დაფუძნდა“, – ამბობს კახა.

კახა დღეს „ფირალების“ დირექტორია, მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში სარაგბო მოედანზე ქედის სახელით 27 რაგბისტი თამაშობს. ჩამოყალიბებიდან დღემდე გუნდში მორაგბეთა რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა პერიოდულად იცვლებიან მოთამაშეები. როგორც გუნდის დირექტორი ამბობს, „ფირალების“ ძირითადი ბირთვი ქედელი ახალგაზრდები არიან.

„ჩამოყალიბებიდან დღემდე 27 მოთამაშე ვართ, თუმცა ცვლილებები მოხდა გუნდში, ზოგი მოთამაშე ტრამვის გამო ჩამოშორდა გუნდს, ზოგი – სხვაგან წავიდა სასწავლად, ზოგიც – სამუშაოდ. გუნდის ძირითადი შემადგენლობა ქედელები ვართ, თუმცა გვყავს სპორტსმენები სხვა რეგიონებიდანაც“.

გუნდმა დაფინანსება შპს-ედ დაარსებიდან ორ თვეში მიიღო. მანამდე კი მორაგბეებს წარმატების მისაღწევად კახას მეგობრები ეხმარებოდნენ და დაფინანსების გარეშე არსებულ სარაგბო კლუბს ანაზღაურების გარეშე წვრთნიდნენ.

„როცა გუნდი ოფიციალურად დაფუძნდა, იმ დროს მუნიციპალური ბიუჯეტიც დამტკიცებული იყო და კორექტირებაც გატარებული. შესაბამისად, კლუბი დაფინანსების გარეშე დარჩა. დაფინანსება რომ არ გვქონდა, საწყის ეტაპზე მწვრთნელის მოვალეობას თავად ვასრულებდი, ჩემი მეგობრები, ყოფილი „დათვების~ მოთამაშეები კი მეხმარებოდნენ სპორტულ საქმიანობაში. ჩემი თანაგუნდელი ვეტერანი მორაგბე სერგო მოქია მორაგბეებს ანაზღაურების გარეშე ავარჯიშებდა, ასევე ანაზღაურების გარეშე სერგოს პერიოდულად გიორგი სვინტრაძე და ირაკლი ცნობილაძე ანაცვლებდნენ, ისინიც `დათვებში~ თამაშობდნენ ჩემთან ერთად. დახმარებას სხვა გამოცდილი სპორტსმენებიც გვიწევდნენ, ხელშეწყობა დიდი იყო. ორი თვის შემდეგ დაფინანსება გაგვიჩნდა და მთავარ მწვრთნელად ხელშეკრულებით ირაკლი ცნობილაძე ავიყვანეთ,“ – ამბობს კახა.

ახლა გუნდს მთავარ მწვრთნელთან ერთად ფიზიკური მომზადების მწვრთნელიც ჰყავს, ქედელ მორაგბეებს ფიზიკურ მომზადებაში ბათუმელი კლიმენტი გურგენიძე ეხმარება.

„პირველ სეზონზე 12 თამაშიდან მხოლოდ ბოლო ორი მოვიგეთ, ჩვენთვის ის სეზონი ცუდად დასრულდა, მეორე ლიგაში ბოლო ადგილზე ვიყავით, თუმცა ახლა ვლიდერობთ – პირველ ადგილზე ვართ 35 ქულით.  პირველ წრეში სულ რვა თამაშია, რვავე ვითამაშეთ და 35 ქულით ვლიდერობთ, მეორე ადგილზე მყოფ გუნდს კი 25 ქულა აქვს“, – ამბობს კახა ხაბაზი.

გუნდი ქედის ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. „ფირალების“ დასაფინანსებლად წელს 79 900 ლარია გამოყოფილი. ამ თანხიდან იხდის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის საწევროს, 2 000 ლარს. დარჩენილი თანხა კი მორაგბეებისთვის მედიკამენტების, ფორმისა თუ ბურთის შეძენას, მივლინებასა და გუნდის გადაადგილებას ხმარდება.

შპს-ს შრომის ხელშეკრულება მხოლოდ მთავარ მწვრთნელთან, ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, ბუღალტერთან და დირექტორთან აქვს გაფორმებული. რაც შეეხება მოთამაშეებს, ისინი შტატგარეშე თანამშრომლებად ითვლებიან. მოთამაშის მინიმალური ხელფასი 100, მაქსიმალური კი – 300 ლარია. ხელფასის მაქსიმუმს ანუ 300 ლარს მხოლოდ რამდენიმე მორაგბე იღებს, გუნდის წამყვანი მოთამაშეები. „ფირალების“ დირექტორი განმარტავს, რომ რაგბისტების ხელფასის ოდენობას მათი გამოცდილება განსაზღვრავს. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, მისი ხელფასი 400 ლარია.

ქედელი მორაგბეების მთავარი პრობლემა ქედაში რაგბის მოედნის არარსებობაა, რის გამოც სავარჯიშოდ „ფირალებს“ ქედიდან ბათუმში უწევთ ჩასვლა. გუნდის დირექტორის თქმით, მორაგბეებს ტრანსპორტი ემსახურება და მიკროავტობუსს ქედელი სპორტსმენები საწვრთნელად კვირაში სამჯერ, ქედიდან ბათუმში ჩამოჰყავს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ახლა პირველ ლიგაში გადასვლაა, რისი დიდი შანსიც გვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენი სამომავლო გეგმაა პატარა სარაგბო სექციები ჩამოვაყალიბოთ სოფლებში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მეტი ბავშვი ჩავრთოთ სპორტის ამ სახეობაში და ადგილზე გვექნება ბაზა. რაც შეეხება სტადიონს, ტერიტორიის გამონახვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობა სტადიონის მოწყობას გვპირდება,“ – ამბობს კახა.

20 მილიონი ლარი შსს-ს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების თანამშრომლებისთვის 2017 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას შეისყიდის, რისთვისაც მაქსიმუმ 20 მილიონ 241 ათას 969 ლარს გადაიხდის.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება ძირითადი პაკეტის შესაბამისად:

  • „I. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“ , რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.

ასევე დამატებითი პაკეტებით:

  • „II. ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას ერთობლივად უზრუნველყოფენ შემსყიდველი და დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
  • „III. ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სრულწლოვანი შვილებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
  • „IV. ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მშობლისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
  • დაზღვეული თანამშრომლისათვის დამატებითი პაკეტებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, სატენდერო პირობებით და გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს: არანაკლებ 140 პროვაიდერი კლინიკა [გარდა სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებისა], მათ შორის დედაქალაქში, ყველა თვითმმართველ ქალაქში და არანაკლებ 48 მუნიციპალიტეტში; ოჯახის ექიმთა საკმარისი რაოდენობა, მაგრამ არანაკლებ 100 ოჯახის ექიმისა საქართველოს მასშტაბით; სადღეღამისო სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით, ქოლ ცენტრის თანამშრომელთა საკმარისი რაოდენობა…

სატენდერო პირობების თანახმად:

  • 2017 წლის განმავლობაში 29 454 თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევის მომსახურების სავარაუდო ღირებულებაა 20 მილიონ 241 ათას 969 ლარი.
  • ერთი თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევის [საოჯახო დაზღვევის სტანდარტული პაკეტი] ერთი თვის მომსახურების სავარაუდო ღირებულებაა 57,27 ლარი.
  • 2017 წლის განმავლობაში დასაზღვევი თანამშრომლების რაოდენობა [29 454 თანამშრომელი] საორიენტაციოა და შესაძლოა დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე, თუმცა ცვლილება [გაზრდა ან შემცირება] არ იქნება 3%-ზე მეტი.
  • ვინაიდან, თანამშრომელთა დენადობა დინამიური პროცესია, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შესაძლოა შეიცვალოს თანაშმრომელთა რაოდენობა, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, აღნიშნულიდან გამომდინარე, სიების დაზუსტება მოხდება პერმანენტულად, თანამშრომელთა დანიშვნის და განთავისუფლების მიხედვით.
  • დასაზღვევი თანამშრომლების ოჯახის წევრების [მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები] სავარაუდო რაოდენობა განისაზღვრება 50 000 პირით.

სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დაიწყება და 28-ში დასრულდება.

აქცია გონიოში – „ოჯახები ქონების დასაკანონებლად მოსკოვში გადაამისამართეს“

გონიოში ათამდე ოჯახი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. მათი მოთხოვნაა შესაბამისი ორგანოების მიერ მოხდეს საკუთრების აღიარება და ის ფართობები, სადაც ისინი რამდენიმე წელია ცხოვრობენ, დაუკანონდეთ საკუთრებაში.

საუბარია გონიოში მდებარე ორ შენობაზე სადაც დღეს 13 ოჯახი ცხოვრობს. ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „ამ შენობებში სამ ოჯახს 2008 წელს ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა დაუკანონა, დანარჩენ ოჯახებს კი უარს იმ მოტივით ეუბნებიან, რომ თურმე რუსეთს ეს შენობები არ გადაუცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის“.

ადგილობრივების თქმით, შენობები ამიერკავკასიის ყოფილ სამხედრო ოლქს ეკუთვნოდა.

ტერიტორია, სადაც ეს შენობები დგას, დღეს ქალაქ ბათუმის საზღვრებშია.

მოსახლეობა ამბობს, რომ ამ შენობების ოფიციალური მესაკუთრის საკითხი დღემდე ვერ გაურკვევიათ.

„არაერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, ისინი ამისამართებენ თბილისში, იქედან კი  მოსკოვში გადაამისამართეს… საუბარია 2008-2015 წლების მიმოწერებზე“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

აქცია დღეს, 20 ნოემბერს, გონიოს ციხის მიმდებარედ, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალთან ახლოს, 13:15 საათზე გაიმართება.

2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისთვის პლაჟზე 195 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი ჩაიყრება. საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამით “ზღვის სანაპირო ზოლში  რეცხვადი ბუნება მოეწყობა“, რაც ხელს შეუწყობს პლაჟის შენარჩუნებას და ნაპირის დაცვას.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპირო ზონაში ყოველი შტორმის შემდეგ ნატანი გადაადგილდება ნაპირის გასწვრივ [ძირითადად ჩრდილოეთისაკენ]. შესაბამისად, დინამიკური წონასწორობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ქობულეთის ავარიულ უბნებზე განხორციელდეს პლაჟშემქმნელი მასალის საკომპენსაციო ჩაყრები.

პროექტით გათვალისიწნებულია 195 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ერთჯერადად შეტანა სანაპირო ზოლში. ინერტული მასალის ჩაყრა სანაპირო ზოლში სამი ადგილიდან განხორციელდება.

ქ. ქობულეთში თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი სამუშაოებს, ელექტრონული ტენდერით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეისყიდის.

შესყიდვის საწყისი სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 641 ათას 440 ლარი იყო.

ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს, თუმცა მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო – შპს New Road, რომლის შეთავაზებაა 2 მილიონ 271 ათას 87 ლარი.

სამუშაოები [ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ჩაყრა 180 ცხ.ძ. ბულდოზერით 30 მ-ზე გადაადგილებით] ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქართულ-ბრიტანული სპექტაკლი – „ცხოვრება გრძელდება“

დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ- ქართული კოპროდუქციის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანიის – „On The Run“– ის პარტნიორობის პირველი შედეგია.

სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საშემსრულებლოხელოვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში პარტნიორობით ხორციელდება.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პარტნიორობა უკვე მესამე წელია გრძელდება. „პარტნიორობის ფარგლებში 2015 წელს ბრიტანული და ქართული თეატრების თანამშრომლობის შედეგად 2 სპექტაკლი განხორციელდა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის ნიმუში „ნული საათი“, მოგვიანებით კი,  ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის „ზამთრის ზღაპარი“ პრემიერა შედგა“.

ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მეცხრეკლასელი

ცოტნე ქართველიშვილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობს. ცოტნე ამბობს, რომ წიგნის სიყვარული მას ბავშვობიდან ასწავლეს. „თუ შენი მშობლები კითხულობენ, შენც აუცილებლად გეყვარება წიგნი და კითხვა“, – გვეუბნება ის. ცოტნემ ლიტერატურულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა.

ლიტერატურულ კონკურსს ყოველ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს. დღემდე ცოტნე კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა. პირველად მეორე ადგილი აიღო, მესამედ კი – პირველი ადგილი.

„ლიტერატურა ძალიან მიყვარს. კითხვა, ჩემთვის სიამოვნებაა“, –  გვეუბნება ის. მისი აზრით, კითხვის სიყვარულს ბავშვს გარემო უყალიბებს.  „მეც მშობლების გავლენით ჩამომიყალიბდა ეს დამოკიდებულება. იმიტომ, რომ ბავშვობიდან მაჩვევდნენ კითხვას. ზღაპრებიდან დავიწყე და შემდეგ დიდ წიგნებზე გადავედი“.

ცოტნე ამბობს, რომ პირველ რიგში, წიგნი მისთვის ცოდნის მიღებისა და აზროვნების საშუალებაა.  „ასევე, სულიერი განვითარების შესაძლებლობაც. მთავარი ის კი არ არის, რამდენი წიგნი წაიკითხე, არამედ, როგორ წაიკითხე. რა დატოვა მან შენში, რა ისწავლე მისგან. კითხვა მაშინ არის კარგი, თუ წიგნისგან რამე სასარგებლოს იღებ“, –  მიაჩნია ცოტნეს.

ცოტნე ამბობს, რომ წაკითხულ წიგნს პირველად ბებიასთან განიხილავს.  „ბებია ისტორიის მასწავლებელია, კარგი ოპონენტია და მასთან დისკუსია მომწონს“, – გვეუბნება ის. ცოტნეს აზრით, არის შემთხვევა, როცა გარკვეული გმირისა თუ ავტორის მიმართ ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სტერეოტიპი და მათი მსჯელობაც სწორედ ამას ეხება.  „ზოგჯერ მეც მივდივარ იმ მოსაზრებამდე, რომ ამა თუ იმ გმირის ირგვლივ ჩამოყალიბებული აზრი სწორია, ზოგჯერ მაქვს განსხვავებული პოზიცია. არის შემთხვევები, როცა რაღაცაზე პროტესტის გრძნობა მიჩნდება. ასეთ დროს თავიდან ვუბრუნდები ხოლმე ნაწარმოებს და ვცდილობ უფრო ღრმად გავაანალიზო პრობლემა“.

ცოტა ხნის წინ  „ანა ფრანკის დღიური“  წაიკითხა. როგორც ცოტნე გვეუბნება, ამ წიგნის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო იმაზე, თუ რა სასტიკად მოექცა ფაშისტური რეჟიმი ებრაელებს.  „ამ ნაწარმოებით კიდევ ერთხელ გავიხსენე მეორე მსოფლიო ომი, გადავხედე ისტორიასაც. ანას ჩანაწერებიდან ყველაზე ემოციური იმის გააზრება იყო, თუ რა საშინელება გამოიარა 13 წლის მოზარდმა ფაშიზმის გამო. ფაქტობრივად, ბავშვობა არ ჰქონია. მისი ოცნებები, მიზნები, მხოლოდ იმიტომ განადგურდა, რომ ჰიტლერს ებრაელები არ უყვარდა. ასეთი ნაწარმოებები გვეხმარება გავიაზროთ კონკრეტული ეპოქა, რეჟიმების სისასტიკე“, – გვეუბნება ცოტნე.

ცოტნე ამბობს, რომ აინტერესებს გენდერული საკითხებიც.  „არის ისეთი ნაწარმოებები, რომელიც ქალის მიმართ სტიგმას ხაზს უსვამს, – „ქალს ეს არ შეუძლია“. თუმცა, ისეთი ნაწარმოებებიც წამიკითხავს, რომელიც ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს და გეხმარება პრობლემის დაძლევაში“.

ცოტნე წიგნების კითხვას ზაფხულის არდადეგებზე უფრო ახერხებს.  „სკოლის პერიოდში ნაკლები დრო მაქვს, გაკვეთილებია, კალათბურთზე, მუსიკაზე და ცეკვაზეც დავდივარ. ამიტომ, წიგნებს ზაფხულში ჩავუჯდები ხოლმე… რა წავიკითხო, ამას, ძირითადად, მე ვწყვეტ, თუმცა სხვების რჩევასაც ვითვალისწინებ“.

ცოტნეს აზრით, მოსაზრება, რომ ახალგაზრდებმა დაივიწყეს წიგნი და ტექნოლოგიებზე დამოკიდებული გახდნენ, ნაწილობრივ რეალურია.

„კი, გარკვეული ნაწილი მართლაც ძალიან დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე, მაგრამ  არის მეორე ნაწილიც, რომელსაც წიგნებიც ისევე აინტერესებს, როგორც ტექნოლოგიები. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ წიგნის სიყვარული ოჯახიდან იწყება. თუ მშობელი კითხულობს, ბავშვიც წაიკითხვას“.

ცოტნეს აზრით, კითხვის სიყვარულში სკოლასაც აქვს თავისი როლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც ოჯახურ გარემოს.

ლიტერატურული კონკურსის გარდა, ცოტნე ქართულის ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა.

ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიან საჩუქრებს ახალი წლის შემდეგ გადასცემენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები პლანშეტებით დასაჩუქრდებიან.

ვინ სარგებლობს ბსუ-ს ლაბორატორიებით

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორიების დიდი ნაწილი უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ბსუ-ს ბიუჯეტიდან ლაბორატორიებისთვის 1 255 160 ლარია გათვალისწინებული. გრანტის სახით კი უნივერსიტეტის ლაბორატორიებზე 651 677 ლარი დაიხარჯა. ვინ სარგებლობს უნივერსიტეტის ლაბორატორიებით და აისახა თუ არა ძვირადღირებული ლაბორატორიების შეძენა განათლების ხარისხზე?

სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილის განმარტებით, ლაბორატორიები ყველა იმ ფაკულტეტზე განახლდა, სადაც კვლევების წარმოება აუცილებელია. საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, იმუნოგენეტიკისა და ბიოტექნოლოგიების ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. ნათია წიკლაშვილის თქმით, ამ ლაბორატორიებში სადოქტორო ნაშრომებიც მზადდება და სამაგისტროც.  „ამ დროისთვის 7 სადოქტორო ნაშრომი მზადდება, ათი სამაგისტრო, კეთდება საბაკალავრო ნაშრომებიც“.

იმუნოგენეტიკის ლაბორატორია ამ ფაკულტეტზე 2002 წლიდან,  „ტემპუსის“ გრანტის ფარგლებში განახლდა და წიკლაშვილის თქმით, ეტაპობრივად კიდევ განახლდება. „ლაბორატორიების განახლების შემდეგ, უფრო მეტი სტუდენტია კვლევებით დაინტერესებული და ნაშრომების რაოდენობამაც იმატა.“

სტუდენტები ბსუს ლაბორატორიებში
სტუდენტები ბსუს ლაბორატორიებში

ლაბორატორიებში გრაფიკით მუშაობენ – დოქტორანტები და მაგისტრები სასწავლო პროცესის შემდეგ, ბაკალავრებს კი დღის განმავლობაში შეუძლიათ ლაბორატორიებით სარგებლობა.

ბსუ-ში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია ქრომატოგრაფიული ცენტრი, რომელიც  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტით შეიძინეს. ლაბორატორია 400 ათასი დოლარის ღირებულებისაა. ნათია წიკლაშვილის თქმით, ამ ლაბორატორიაში დიდია დოქტორანტებისა და მაგისტრების ჩართულობა, შვიდი დოქტორანტი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ერთიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ამ ლაბორატორიაში აკეთებს კვლევას.

ლაბორატორიაში მუშაობა წლების წინ, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო დაწყებითი განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. თუმცა, როგორც ამ ფაკულტეტზე გვეუბნებიან, თანამედროვე განათლების სისტემა წარმოუდგენელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე წარმოდგენის გარეშე. ჯგუფის ხელმძღვანელის, შოთა ბოლქვაძის თქმით, ადრე დაწყებით საფეხურზე სტუდენტები არ სწავლობდნენ საბუნებისმეტყველო საგნებს, თანამედროვე სისტემა კი ამის გარეშე წარმოუდგენელია.  „დაწყებითი განათლების სტუდენტებს კვირაში ერთი ლაბორატორიული საათი აქვთ“.

ლაბორატორიაში რამდენიმე გოგონა ჯგუფურად მუშაობს. მადონა მალაყმაძე გვიხსნის, რომ ისინი ბურთულას წონიან, რადგან შემდეგ მისი კინეტიკური ენერგია დაადგინონ.

დაწყებითი განათლების სტუდენტები ლაბორატორიაში
დაწყებითი განათლების სტუდენტები ლაბორატორიაში

თამთა ბერიძის თქმით, ისინი მესამე კურსზე არიან, მაგრამ ლაბორატორიაში პირველად შემოვიდნენ.  „წელს დავიწყეთ ფიზიკისა და ქიმიის შესწავლა და ცდების ჩატარებაც გვიწევს“.

ხათუნა ბერიძე ინდივიდუალურად მუშაობს.  „სიმძიმის ძალის აჩქარებას ვსაზღვრავ,“ -გვეუბნება ის და მუშაობას განაგრძობს. ხათუნა ამბობს, რომ პრაქტიკული მუშაობა ეხმარება თეორიული მასალის უკეთ გაგებასა და ათვისებაში.  „რამდენჯერმე ვიმეორებ ცდას და მონაცემებს ვიწერ. ცოტა ხნის წინ კიდევ გავაკეთე ჩანაწერები და როგორც პედაგოგმა მითხრა, ცდა კარგად გამომივიდა.“

ჯგუფში ბევრნი არიან, თუმცა ლაბორატორიაში მხოლოდ რამდენიმე გოგო მუშაობს. შოთა ბოლქვაძე ამბობს, რომ ლაბორატორიაში სტუდენტების გამოცხადება დაბალია:  „ბევრია გაცდენები“.

ბსუ-ში სიახლეა ინოვაციების კაბინეტიც, სადაც ასევე  „ტემპუსის“  გრანტით შეძენილი სამი სუპერთანამედროვე მოწყობილობა ინახება. ზაზა დავითაძე, რომელიც რობოტტექნიკის საფუძვლებს ასწავლის, განმარტავს, რომ ამ დანადგარებით დისტანციურად შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება, რომელიმე მუნიციპალიტეტის სოფლიდანაც კი, თუკი მოსწავლე ან სტუდენტი ინტერნეტის მეშვეობით პროგრამაში შევა.

„სტუდენტი ან ნებისმიერი პირი, ვისაც უნდა ექსპერიმენტის ჩატარება, შემოვა ლაბორატორიაში და რეალურ რეჟიმში იმუშავებს. ეს მოწყობილობები, რომელიც აქ დგას, რეალურად ამოძრავდება“.

ზაზა დავითაძე ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტის, გიორგი გორგილაძის სადიპლომო ნამუშევარს გვაჩვენებს:  „ეს მოწყობილობა მაგრდება ხელზე და ასე ზომავს მანძილს გარკვეულ წერტილამდე. მოწყობილობა ძალიან დაეხმარება უსინათლო ადამიანებს გადაადგილებაში.“

გიორგი გორგილაძის სადიპლომო ნამუშევარი. მოწყობილობა, რომელიც მანძილს ზომავს.
გიორგი გორგილაძის სადიპლომო ნამუშევარი. მოწყობილობა, რომელიც მანძილს ზომავს.

ლაბორატორიაში გიორგი გორგილაძეც შემოდის, რომელიც ახლა ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. როგორც ის გვეუბნება, ტექნოლოგიებით ისევ დაინტერესებულია და მუშაობას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც აგრძელებს.

„წინა წლებში ლაბორატორიებთან წვდომა არ გვქონდა. დაფინანსება და ტექნოლოგიები უნდა გაიზარდოს, რომ მეტი სტუდენტი დაინტერესდეს ინოვაციებით,“ –  გვეუბნება ის. გიორგი ამჟამად დრონის აწყობას ცდილობს.

ზაზა დავითაძის თქმით, ინოვაციების კაბინეტშია დამზადებული მოწყობილობა, რომელიც ნიადაგში ტემპერატურისა და ტენიანობის გასაზომად გამოიყენება. „ასევე შესაძლებელია ფუნქციის დამატება, რომელიც ავტომატურად ჩართავს მორწყვის სისტემას. მარტივია დასამზადებლად და გადაპროგრამებაც შეიძლება.“

მესამე გამოგონება, რომელიც მისი თქმით, ამ ლაბორატორიაში გაკეთდა, ჰაერის ხარისხის საზომი ხელსაწყოა.  „ზომავს ჰაერში წნევას, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის რაოდენობასა და აზოტს. ეს მოწყობილობა უნდა გაუმჯობესდეს, რომელსაც დერეფანში დავდგამთ და ინტერნეტში შევძლებთ მის მიერ გამოთვლილი მონაცემების ნახვას ჰაერის ხარისხის შესახებ ყოველდღიურად“.

ხათუნა ბერიძე, სიმძიმის ძალია აჩქარებას საზღვრავს
ხათუნა ბერიძე, სიმძიმის ძალია აჩქარებას საზღვრავს

ზაზა დავითაძის თქმით, ყველაზე საინტერესო, რაც ამ ლაბორატორიაში შეიძლება გაკეთდეს, თანამედროვე მიკროკონტროლირებადი სისტემებია, რომლებიც დამოუკიდებლად მოძრავი ავტომობილების შექმნაზე იმუშავებს.

ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი კალანდია ფიზიკის ლაბორატორიებს გვაჩვენებს. ლაბორატორიებში სტუდენტები არ არიან, რასაც პროფესორი იმით ხსნის, რომ მეცადინეობა აქ დღის პირველ-ორ საათამდე მიმდინარეობს.  „მაგისტრატურაში წელს კონკურსიც კი გვქონდა. 5 ადგილზე 6 მსურველი გვყავდა. ბაკალავრიატში ცოტა სუსტი სტუდენტები მოდიან, რადგან სკოლაში ლაბორატორიებში მუშაობის პრობლემა აქვთ მოსწავლეებს. ამიტომ, ეს პრობლემა როგორმე უნდა გამოსწორდეს“, –  გვეუბნება ის.

ლაბორატორია სასწავლო-სამეცნიეროა, ამიტომ მისით სარგებლობა დოქტორანტებისა და მაგისტრების გარდა ბაკალავრებსაც შეუძლიათ.

უნივერსიტეტში ახალია ფოტოსტუდიაც. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ინგა შამილიშვილის თქმით, სტუდია მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაკეთდა, სადაც სტუდენტები ბეჭდურ და ონლაინგამოცემებისთვის მუშაობას სწავლობენ.

რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში სტუდენტური რადიო მუშაობდა, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს. ინგა შამილიშვილის თქმით, პროექტი პროგრამის ხელმძღვანელების ინდიფერენტულობის მიზეზით შეჩერდა,  „თუმცა ვაპირებთ, რომ რადიოც აღვადგინოთ.“

ფოტო სტუდია
ფოტო სტუდია

ბსუ-ში ყველაზე ძვირადღირებული სამეცნიერო ლაბორატორიაც ფუნქციონირებს, რომლის ღირებულება 250 ათასი ამერიკული დოლარია. ეს ლაბორატორიაც გრანტით არის შეძენილი. ლაბორატორიაში, ძირითადად, სამეცნიერო გამოყენებითი კვლევები მიმდინარეობს და იქ მუშაობა ბაკალავრებზე არ არის გათვლილი. ლაბორატორიაში კვლევები, ძირითადად, შაბათობით ტარდება.

კვლევების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ლაბორატორიაში, რეგიონის ინტერესების მიხედვით, ადგილობრივი და შემოტანილი მცენარეული ჯიშების კვლევა ტარდება.  „სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაარსებულ აგროსერვისცენტრში მიღებული ყველა მოსავალი ამ ლაბორატორიაში მოწმდება. შევისწავლეთ ლურჯი მოცვის ჯიშიც, თუ სად უფრო ეფექტური იქნებოდა მისი განაშენიანება,“ – გვეუბნება ალეკო კალანდია.

ბსუ-ში განახლებულია სტომატოლოგიური და სამედიცინო ლაბორატორიებიც.

 

6 მაისის პარკში 110 ახალი სანაგვე ურნა დამონტაჟდება

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკისთვის სანაგვე ურნებს შეისყიდის. ურნების შეძენა-მონტაჟში კი მაქსიმუმ 46 800 ლარს გადაიხდის.

სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა 110 სანაგვე ურნის მიწოდება-მონტაჟი უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე.

ურნების საგარანტიო ვადაა არანაკლებ 1 წელი. სახელშეკრულებო პირობების თანახმად საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან არანაკლებ 4 კალენდარულ დღეში სწორი ექსპლოატაციის პირობებში წარმოქმნილ დეფექტის სრულად შეკეთება/აღმოფხვრაზე საკუთარი ხარჯებით.

სატენდერო დოკუმენტაციიდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

7 წესი უსაფრთხო ონლაინ შოპინგისთვის [ინფოგრაფიკა]

საახალწლო ფასდაკლებების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, უსაფრთხო ონლაინ-შოპინგისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, რადგან სწორედ ამ პერიოდში აქტიურდებიან ინტერნეტ-თაღლითებიც, რომლებიც სეილის ნაცვლად თქვენს შეცდომებს დარაჯობენ.

 

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“

ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან ვინმე ხომ არ მიახლოვდება“.

მაია:ქუჩის იმ მხარეს დავდივარ, რომელიც მანქანების მოძრაობის საპირისპიროა – თუ რამე მოხდება, მეტი შანსია, რომ მომავალი მანქანებიდან დაგინახავენ.“

ღამით ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილების ასეთ სტრატეგიებს ქალები „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ ფეისბუქგვერდზე უზიარებენ ერთმანეთს. 25 ნოემბერს ქალები სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობას თბილისში, ღამის მსვლელობით გააპროტესტებენ. მსვლელობა სახელწოდებით – „არ დავთმოთ ღამე“ სექსუალური და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელსაც საქართველოში კიდევ ერთი მიზანი ექნება – უსაფრთხო საჯარო სივრცესთან ერთად, ქალები სექსუალური შევიწროების დასასჯელად საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვენ.

მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა საქართველოში მეტ-ნაკლებად აღიარებული პრობლემაა, საჯარო სივრცეებში სექსუალური შევიწროება ჯერ კიდევ უხილავ და დაურეგულირებელ პრობლემად რჩება. საქართველოში არსებული არც ერთი ნორმატიული აქტი არ შეიცავს სექსუალური შევიწროების ცნებას და, შესაბამისად, არც მის ფორმებს – შევიწროებას ქუჩასა და სხვა საჯარო სივრცეში.

„ჩვენთან გაცილებით უფრო რთულადაა საქმე, რადგან სექსუალურ შევიწროებას არც ქუჩაში, არც დასაქმების ადგილას, არც საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არც ერთ სხვა სივრცეში კანონი არ არეგულირებს. უფრო მეტიც, სექსუალური შევიწროება, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად, გამორჩენილია კანონში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ანუ ქალები, რომლებიც გახდნენ შევიწროების მსხვერპლი, სამწუხაროდ, ეფექტურ სამართლებრივ დახმარებას ვერ იღებენ“, – ამბობს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრების განმარტებით, სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმა ქალებისა და გოგონებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. „ქალები და გოგონები საჯარო სივრცეებში აწყდებიან სექსუალური შევიწროების, ძალადობის, გაუპატიურებისა და ფემიციდის რისკს. ეს ხდება ქუჩაში, ტრანსპორტში, პარკებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე. გარემო ქალებისა და გოგონების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ხელს უშლის მათ აქტიურ მონაწილეობას საჯარო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ხშირად გამორიცხავს მათ ჩართულობას კულტურულ და რეკრეაციულ ღონისძიებებში“, – წერენ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები.

თუ რა ფორმით ზღუდავს ქალებს საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება, საქართველოში სექსუალური შევიწროების შესახებ, „ქალთა ფონდი საქართველოს“ მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის შედეგებიდანაც ჩანს, სადაც გამოკითხული 130 ახალგაზრდა ქალის 45% ამბობს, რომ თავს არიდებს ქუჩაში ჯგუფურად მოსიარულე კაცებს/ბიჭებს. ასეთ დროს ქუჩიდან გადადის, ან ელოდება მათ ჩავლას, 44% კი ცდილობს „მობირჟავე“ კაცების/ბიჭების წინ არ გაიაროს, 40% ერიდება ღამით მარტო სიარულს ქუჩაში, 24% კი ცდილობს თვალი არ გაუსწოროს მისკენ მომავალ კაცებს/ბიჭებს ქუჩაში.

გარდა რელევანტური რეგულაციების არარსებობისა, შესაბამის უწყებებში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე მიმართვიანობის სიმცირის მიზეზია ისიც, რომ მსხვერპლი ხშირად ვერ ახერხების ქმედების სექსუალურ შევიწროებად იდენტიფიცირებას. „სექსუალური შევიწროება იმდენად „ნორმალიზებულია“, რომ არ აღიქმება სერიოზულად. ხშირად, ძალიან რთული დასამტკიცებელია იმ ადამიანისთვისაც, რომელიც უშუალოდ განიცდის სექსუალურ შევიწროებას“, – განმარტავენ „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები.

„ბევრისთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას. ძალიან ცოტა თუ შეძლებს სექსუალური შინაარსის შეთავაზებაზე ან ამგვარ მიძახილზე შევიწროების სტატუსის მინიჭებას. ეს პრობლემა ქალებს აქამდეც გვაწუხებდა, მაგრამ გვეგონა, რომ უნდა მოგვეთმინა, რომ ეს იყო ყურადღების გამოხატვის ფორმა, რომელიც სასურველად მიიჩნეოდა და გვეგონა, რომ ყველა ქვეყანაში ასე იყო. ბევრ კაცს ვერ გაუგია, რატომ არ შეიძლება ადამიანს თავს მოახვიო არასასურველი ყურადღება, დაჟინებით უყურო სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, ან უარეს შემთხვევაში, შეეხო და ა.შ. ეს კულტურალური პრობლემაცაა და საზოგადოებას გვჭირდება იდენტიფიცირება, თუ სად ვიჩაგრებით“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

„ქალთა ფონდი საქართველოს“ კვლევაში წერია, რომ მიშტერება ან თვალის გაყოლება რესპონდენტთა 39%-სთვის ცალსახად სექსუალურ შევიწროებას არ წამოადგენდა. ასევე, გამოკითხულთა 27%-სთვის არ მიიჩნეოდა შევიწროებად ვერბალური კომენტარი ქალის ჩაცმულობა/გარეგნობაზე. სხვა ვითარებაა, როდესაც საუბარია ფიზიკურ შეხებაზე. მაგალითად, სტუდენტი ქალების 87%-ის აზრით, ქალის მკერდსა და გენიტალიებზე შეხება ერთმნიშვნელოვნად არის სექსუალური შევიწროება. რესპონდენტები ქალის სხეულზე მოტმასნების ან გახახუნების შემთხვევასაც ანალოგიურად აფასებდნენ.

„მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს სექსუალური შევიწროების ისეთ ფორმებს, სადაც კაცის მიერ ქალისთვის თავისი გენიტალიების წარმოჩენა ფიგურირებს. გამოკითხულთა 86% კაცის მიერ სასქესო ორგანოს დემონსტრირებას, ხოლო 84% კაცის მიერ თავისი გენიტალიების ქალის დასანახად შეხებას/მოსინჯვას, ცალსახად, ქალის სექსუალურ შევიწროებად აღიქვამს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო „თვალსაჩინო“ და ინტენსიურია მინიშნება სექსუალურ აქტზე, მით უფრო მეტად აღიქმება გამოკითხული სტუდენტებისთვის ესა თუ ის ქცევა სექსუალური შევიწროების ეკვივალენტად“, – წერია კვლევაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ქალებს არ აქვთ გარშემომყოფი ადამიანების მხარდაჭერის იმედი, შემვიწროებლის ქცევის იგნორირება ქალებს შორის თავდაცვის გავრცელებული მეთოდია.

„სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება დღეს არა მხოლოდ კანონის დონეზე, არამედ საზოგადოების ღირებულებების დონეზეც კი დასაშვებია.

ხშირად, როცა ქალი ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, მაგალითად, ტრანსპორტში, ამას ბევრი ადამიანი ხედავს, მაგრამ არ აქვს რეაქცია. მეტიც, შევიწროების მსხვერპლმა შესაძლოა თავი დაიცვას, მაგრამ მას მხარს არ დაუჭერენ სხვა მოქალაქეები. მხოლოდ კანონი და სამართალდამცველი არ არის ის, ვისი იმედიც არ აქვთ, საზოგადოების მხარდაჭერაც არ აქვთ. ალბათ ხშირად შესწრებიხართ, როცა მოქალაქეები, მათ შორის ქალებიც, ეძებენ იმ `გამართლებას~, თუ რატომ შეიძლება ქალი გამხდარიყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი – ყველაზე კლასიკური მაგალითია, როცა ამას ქალის ჩაცმულობას აბრალებენ“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის საკითხზეც. „როგორც წესი, როცა ქალი ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, მას არ უჯერებენ. სასამართლო პროცესებზე მისგან ითხოვენ ისეთ რთულად დასამტკიცებელ მოვლენაზე, როგორიცაა სექსუალური შევიწროება (რომელიც შესაძლოა მიუღებელი სიტყვებითა და შეთავაზებების გაკეთებით გამოიხატებოდეს), ჰქონდეს დაფიქსირებული დოკუმენტები, ფოტოები, ექსპერტის დასკვნები და ა.შ.“ – განმარტავს არგანაშვილი.

სექსუალური შევიწროების შესახებ შრომის კოდექსში ცვლილებები, რომელიც ასეთ ქმედებებზე გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებდა, იუსტიციის სამინისტრომ არ წარადგინა. პარლამენტმა კი რამდენიმე თვის წინ უარი თქვა სექსუალური შევიწროვების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევაზე. „ეს პოლიტიკური გუნდი ნამდვილად არ იყო სენსიტიური გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ფაქტობრივად, იმავე რეალობაში ვართ და თუ საზოგადოებას არ გვექნება უფრო სერიოზული მოთხოვნები, სამწუხაროდ, პესიმისტურად ვარ განწყობილი. საჭირო იქნება „საკითხის გაცხელება“ და პრობლემის გამოკვლევა,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრების განმარტებით, მსვლელობა – „დავიბრუნოთ ღამე“ – საქართველოში პირველად ტარდება.

„ამჯერად არ დავგეგმეთ რეგიონებში, რადგან პირველია და არ გვქონდა ამბიცია, რომ უფრო მასშტაბური ყოფილიყო. თანახმა ვართ, რომ ეს იყოს პატარა, მკვეთრად ფემინისტური მსვლელობა, რომელშიც ქალები ერთმანეთს გამოუცხადებენ სოლიდარობას, ერთმანეთს უსაფრთხოდ აგრძნობინებენ თავს და ამით გააკეთებენ განაცხადს, რომ ქუჩა ღამით ქალისთვისაცაა“.

მსვლელობაში ჩართვა ყველა ქალაქს შეუძლია, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრების განმარტებით, საამისოდ მხოლოდ ადგილობრივი ინიციატივაა საჭირო. თბილისში მსვლელობა 9 საათზე, მარჯანიშვილის თეატრიდან დაიწყება და დედაენის ბაღში დასრულდება.

როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ მოვიცალეო…“ ინტერვიუს დროს მან ყველაზე მეტჯერ ახსენა „გუნდი“, თუმცა თავი აარიდა დაკონკრეტებას, ვინ მოიაზრება აჭარის მთავრობის გუნდში.

ბატონო ზურაბ, ვინ მიიღო სახელისუფლებო გუნდში თქვენი მთავრობის თავმჯდომარეობის შესახებ გადაწყვეტილება? ცნობილია პრეზიდენტის პოზიცია? მან უნდა წარგადგინოთ უმაღლეს საბჭოში.

ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი წარადგენს ჩემს კანდიდატურას. ვერ გეტყვით სხვა კანდიდატურა განიხილება თუ არა, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. გადაწყვეტილებას მიიღებენ მთავრობის გუნდი და პრეზიდენტი.

რა არის თქვენი უპირატესობა, რატომ უნდა იყოთ მთავრობის თავმჯდომარე?

ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მე ამაში ვერ შევიჭრები… მინდა გითხრათ, რომ ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი რამ უკვე გააკეთა. ბევრი შეხვედრა გვქონდა რეგიონში და აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გავიარეთ ბევრი საკითხი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ავიღეთ, ამას სჭირდება შესრულება და ეფექტური მუშაობა. არ გვაქვს დასაკარგი არც ერთი წუთი. ეფექტური მართვაა საჭირო. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ გამოწვევები.

რას მიიჩნევთ მთავარ გამოწვევად და ასევე, ამ სამ თვეში სად გამოჩნდა თქვენი მხრიდან ეფექტური მართვა? ადამიანებს სჭირდებათ მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც არა მხოლოდ ბევრს დადის, არამედ იღებს გადაწყვეტილებებს და ატარებს პოლიტიკას.

ბევრს იმიტომ დავდივარ, რომ გავიგო, რა ხდება ადგილზე. ამ გზით ბევრ თემას გავუსწორე თვალი, ბევრი საკითხი დავინახე, შევაფასე, გავიგე რა ცვლილებებია გასატარებელი. მაქვს უკვე დაგეგმილი, სად არის მეტი აქცენტი გასაკეთებელი. ხშირად მეკითხებიან, იქნება თუ არა ცვლილება. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ იქნება. ჩვენ გვჭირდება ბევრი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტი. სხვათა შორის, მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა რეიტინგი და ჩანს, რომ ჩვენს რეგიონში ხორციელდება წარმატებული პროექტები და ბიზნესმენებისთვის მუშაობა გაადვილებულია.

როგორ გესმით გუნდის ფორმირება? რა პრინციპით ჩამოაყალიბებთ ამ გუნდს და როგორ აპირებთ გაემიჯნოთ ნეპოტიზმს?

მთავარი ხედვა არის პროფესიონალიზმი. პრინციპული ვიქნები, შევარჩიოთ პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ეფექტურად, იქნებიან ძალიან წარმატებული ტოპმენეჯერები, გამოგვყვებიან ფერხულში და გააკეთებენ საქმეს ეფექტურად. ჩვენ გვჭირდება სხარტად და ოპერატიულად პრობლემების მოგვარება და ეფექტური პროექტების განხორციელება. რაც შეეხება ნეპოტიზმს, ჩემი ნათესავების მოყვანას სამთავრობო გუნდში არ ვაპირებ.

იქნებიან თუ არა უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები თქვენს გუნდში? მაგალითად, ავთანდილ ბერიძე ან კაკო ძნელაძე, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ განათლების მინისტრობა სურს. ასევე ანზორ თხილაიშვილი, ალეკო ჩიტიშვილი…

ველოდი ამ კითხვას, მეც წავიკითხე ამის შესახებ პრესაში. ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და ჩვენ გვეყოლება ეფექტური გუნდი. დამერწმუნეთ, ჩვენ ნაკლებ კრიტიკას დავიმსახურებთ ამ მიმართულებით. საზოგადოება ძალიან კმაყოფილი იქნება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ ერთობლივად.

ვის გულისხმობთ გუნდში?

ეს არის ზოგადად აჭარის მთავრობა, პირველ რიგში, თქვენი რესპონდენტი, რომელიც ახლა თქვენ წინ ზის. რომელ კაბინეტში რას განვიხილავთ, ამას ვერ გეტყვით. სურვილი აქვს, ძალიან ბევრი იყოს ამ გუნდში და მიიღოს თანამდებობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალსახად ისე მოხდება, როგორც პრესაში იწერება.

ვისთან გადიხართ კონსულტაციებს საკადრო საკითხებზე და რა ურთიერთობა გაქვთ ბიძინა ივანიშვილთან?

საკადრო საკითხებზე ვსაუბრობ ჩემს გუნდთან. ბიძინა ივანიშვილთან საკადრო საკითხებზე საუბარი არ მაქვს. ის არის დიდი მეცენატი და მიხარია, რომ, მაგალითად, ახლახან გაიხსნა მწერალთა სახლი ბათუმში, ასევე მალე გაიხსნება დრამატული თეატრის ახალი სივრცე. ეს და კიდევ სხვა მრავალი ობიექტი „ქართუ ფონდისგან~ არის დაფინანსებული. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინას.

რომელ რგოლს სჭირდება ყველაზე მეტად გაძლიერება მთავრობაში?

ჩვენს გუნდში დღეს მუშაობენ პროფესიონალები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გადახალისება. არ მინდა რომელიმე კონკრეტული სფერო გამოვყო.

თუ ძლიერია გუნდი, რა ინტერესს ემსახურება ცვლილება?

ჩვენ გვჭირდება სიახლეები და ინოვაციების დანერგვა. მალე ნახავთ ახალ გუნდს. პრიორიტეტი არის გაძლიერება სხვადასხვა მიმართულების, ეკონომიკა იქნება ეს, სოფლის მეურნეობა თუ ჯანდაცვა. ამიტომაც დღეს არ მაქვს გზავნილი, რომ უკმაყოფილო ვარ რომელიმე უწყებით. არ მინდა, რომ ეს დაუკავშირდეს საკადრო ცვლილებებს.

აპირებთ თუ არა სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მოყვანას მთავრობაში?

მაგალითად, განათლების მინისტრი, გიორგი თავამაიშვილი, ვფიქრობ, რომ ეფექტური მენეჯერია, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. თუ ამის მოთხოვნა იქნება გუნდში, შესაძლოა, ის დარჩეს ხელისუფლებაში. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არიან ძლიერი მენეჯერები, რომლებიც რეგიონის განვითარებაში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას, არ ვფიქრობ, რომ პრობლემაა პარტიული ნიშანი.

ვახტანგ წულაძეზე მინდა გკითხოთ, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. რატომ არ მოახდინა აჭარის მთავრობამ რეაგირება მისი, როგორც გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებაზე? ვგულისხმობ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას მისი დაცვის ნაცვლად. ეს უკანონოდ შეაფასა უზენაესმა სასამართლომ.

ვახტანგ წულაძე არის კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, რომ ის იქნება წარმატებული უმაღლეს საბჭოშიც. ის არის დღეს ჩვენს გუნდში და ვფიქრობ, რომ იქნება ეფექტური დეპუტატი, ბევრს გააკეთებს რეგიონის საკეთილდღეოდ. რაც თქვენ ბრძანეთ, არის სამართალდამცველებისა და სასამართლოს პრეროგატივა.

სასამართლომ თებერვალში თქვა, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ვახტანგ წულაძემ. მან ასევე ივნისამდე არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა განაცდურის ოდენობაც ბიუჯეტის ხარჯზე.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვიცი, რომ შედგა კომუნიკაცია და ეს პრობლემა აღარ იდგა მწვავედ. თუ ეს საკითხი ისევ დგას მწვავედ, მზად ვარ მივუბრუნდე ხელახლა ამ საკითხს. ადამიანის უფლებები არის ჩვენი პრიორიტეტი.

თუკი უფლებები პრიორიტეტია, მაშინ ქობულეთის პანსიონის თემას რატომ აარიდეთ თავი? სასამართლომ ამ შემთხვევაში დაადგინა დისკრიმინაცია, თუმცა როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თქვენ მაშინ დუმილი არჩიეთ.

ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი კომუნიკაცია რელიგიის სააგენტოსთან, გვაქვს კომუნიკაცია მუფთებთან. ეს საკითხი არის ძალიან სენსიტიური. უახლოეს პერიოდში გვექნება მორიგი შეხვედრა მუსლიმ მრევლთან. ჩვენ სამუფთოსთან ერთად აუცილებლად მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას.

რატომ მიიჩნიეთ, რომ ისევ სამუფთოსთანაა კომუნიკაცია საჭირო, როცა სასამართლო დარბაზშივე დისკრიმინაციაში მხილებულმა ადამიანებმა თქვეს, პანსიონს მაინც ვერ გახსნითო.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე… მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, 24-საათიან რეჟიმში მზად ვარ, შევასრულო მედიატორის როლი კანონის ფარგლებში. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას.

აპირებთ თუ არა შეცვალოთ ე.წ. K2 კოეფიციენტი, რომელიც კონკრეტულად თქვენ, როგორც მთავრობის თავმჯდომარეს, განიჭებთ უფლებამოსილებას, გაზარდოთ მშენებლობის მასშტაბები ნებართვის გაცემის დროს და არის ეჭვი, რომ ეს არის საშუალება კორუფციული გარიგებისთვის.

ჩემი ხედვა მაქვს – არ უნდა დავაუშნოვოთ ჩვენი ქალაქი. ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალაქის განვითარება და დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და იქნება აუცილებლად სწორი გადაწყვეტილებები მიღებული. ბევრი განცხადებაა შემოსული ნებართვის მისაღებად, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ეწინააღმდეგება ბათუმს. აუცილებლად უნდა შეიცვალს ეს წესი. მთავრობის თავმჯდომარე იმპერატიულად აღარ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ ვინმეს უნდა დაერთოს მშენებლობის ნება კოეფიციენტის მომატებაზე, ამაზე იქნება მსჯელობა. ჩემი აზრით, მთელი ბათუმი არის კულტურული მემკვიდრეობა. აუცილებლად მექნება შეხვედრები ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებთან. ჩვენ საჯარო სივრცეში გავმართავთ მსჯელობას ამ საკითხებზე და მინდა ჩავრთო ბათუმელები ამ პროცესში. მახოვს, როგორ გამოეხმაურა და რა ვნებათაღელვა გამოიწვია ბულვარის თემამ. აქვე მინდა გითხრათ ექსკლუზიურად, რომ ჩვენ მივიღეთ რვაფეხას რეაბილიტაციის გადაწყვეტილება. ის იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ რვაფეხას აღდგენას.

ვისი დაფინანსებით ჩაუტარდება რეაბილიტაცია რვაფეხას?

ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, „ფონდ ქართუს~. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოფა სახსრები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ „ქართუ ფონდი” ამ პროექტს დააფინანსებს.

თქვენ ესწრებოდით „ქართული ოცნების“ იმ პარტიულ შეხვედრას, სადაც სტუდენტები ლექციებიდან გამოიყვანეს და დარბაზის შესავსებად გამოიყენეს. რით განსხვავდებოდა ეს მიდგომა წინა ხელისუფლებების დამოკიდებულებისგან?

იცით, მე დავდივარ სხვადასხვა სივრცეში და ვერავის ავუკრძალავ დაესწროს შეხვედრას. სხვათა შორის, სპეციალურად ვკითხე სტუდენტებს, იყო თუ არა მსგავსი ფაქტი, რომ თითქოს იძულებით მოიყვანეს, არც ერთმა სტუდენტმა ეს არ დამიდასტურა. ამ თემით უტრირება არაა სწორი… მე არ მჯერა და არ ვიცი, ლექციები თუ გაუცდათ მათ.

რა ინვესტიციებს უნდა ველოდოთ სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული მცირემიწიანობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მიწის რეფორმა დღემდე არ ჩატარებულა?

თავდაპირველად ვაპირებთ ავაშენოთ ხუთი ლოჯისტიკური ცენტრი მუნიციპალიტეტებში და მთავარი აშენდება ბათუმში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფერმერს აღარ მოუწევს ქალაქში ჩამოსვლა რეალიზაციისთვის. ის შეძლებს ჩააბაროს პროდუქცია ლოჯისტიკურ ცენტრებში და თვითღირებულების 80 პროცენტამდე მიიღოს. ამჟამად პროდუქციის 40 პროცენტამდე რჩება გლეხს. ლოჯისტიკური ცენტრები დაამყარებენ სწორ კონტაქტებს და ეფექტურად მართავენ პროცესს. ამ ცენტრებს ექნებათ კომუნიკაცია სხვადასხვა სასტუმროსთან, სავაჭრო ცენტრთან. ტენდერის გზით გამოვლინდება კომპანია, რომელიც მოაწყობს ცენტრებს მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი, სასოფლო კოოპერატივები განახორციელებენ მართვას. მათ გადამზადებას ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაუტარებს. მთავრობა მხოლოდ ერთჯერადად დახარჯავს ფულს, შემდეგ კი ფერმერს მიეცემა საშუალება მოსავალი შეინახოს, დააფასოს, ისარგებლოს მაცივრებით, ვეტერინარული კლინიკით და ასე შემდეგ. იქვე იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც იურიდიული დოკუმენტაციის წარმოებას უზრუნველყოფენ, მაგალითად, ხელშეკრულებების გაფორმებას. ეს ასევე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია ტრადიციული ბაზრების გარდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ამისთვის ვემზადებით.

რით დასტურდება ამ ცენტრების მოწყობის აუცილებლობა?

როდესაც მითხარით, ბევრს დადიხართო, ამ დროს გვქონდა ჩვენ კონსულტაციები ფერმერებთან, ბიზნესმენებთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ამ დროს შევჯერდით ამ იდეაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დიდი კომპანიის წარმოადგენლები არიან ისრაელიდან ჩამოსული და იგეგმება ხელვაჩაურსა და ქობულეთში დიდი სასათბურე მეურნეობების აშენება.

მოიკითხეთ თუ არა მოწყობილმა სათბურმა რატომ ვერ იმუშავა? მაგალითად, ქობულეთში უკრაინელი ინვესტორი ყიდის სათბურს.

მე არ მქონია კონკრეტულად ამ ინვესტორებთან ურთიერთობა. როგორ ვიცი, იყო გასაღების ბაზრის პრობლემა და არ იყო სწორი ტექნოლოგიები. ხულოშიც მითხრეს, რომ ვერ უწევენ კონკურენციას თურქულ კარტოფილს. ჩვენ ახალი ტექნოლოგიებით უნდა ვიმუშაოთ, რომ მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის მოსავალი და თან ეკოლოგიურად სუფთა. ჩვენ ამაში სპეციალისტები დაგვეხმარებიან.

გომარდულზე მინდა გკითხოთ. ეს კურორტი გაჩერებულია და ბიზნესმენთა ჯგუფი, ვინც კურორტზე სამუშაოებს აწარმოებდა, მთავრობისგან დახმარებას ითხოვს, მაგალითად, მიწის გადასახადის ჩამოწერაში.

გომარდულის პრობლემა ცნობილია ჩემთვის. ამ პროექტში მუშაობდა ერთ-ერთი ჩვენი დეპუტატი, ხვიჩა შარაშიძე. უახლოეს დღეებში მექნება შეხვედრა ბიზნესჯგუფთან, ვინც უშუალოდ დაიწყო ეს პროექტი და მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწობს მათ. ჩვენ ვიმსჯელებთ და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ჩამოეწეროთ გადასახადები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ საერთაშორისო დონის კურორტს.

გაჩერებულ საინვესტიციო პროექტებს რას უპირებთ, მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას ან „ბაბილონ თაუერს“?

„ბაბილონის“ შემთხვევაში ორი მეწილე დავობს, სასამართლო პროცესებია და ჩვენი მონაწილეობა ამ პროცესში მინიმალურია. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს დავა და პროექტი დამთავრდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის შენობას, ვაპირებთ აუქციონები მოეწყოს შიგ და შემოსული თანხა გადაერიცხოს ბავშვთა სახლებს, შშმ პირებს, სოლიდარობის ფონდს… ვიდრე ეს ობიექტი გასხვისდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და ამასაც უფრო კონკრეტულად მალე გავაცნობთ საზოგადოებას.

ბოლოს „ოცნების ქალაქზე“ მინდა გკითხოთ. თქვენ მათთან შეხვედრაზე უარი თქვით, სამთავრობო კომისიების მუშაობამ კი მათთვის ვერაფერი შეცვალა.

მე თავი ავარიდე შეხვედრას, რადგანაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი. არ მინდოდა, რაღაც დაპირებები გამეცა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მადარდებს ეს საკითხი. აუცილებლად მივალ იქ. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კომისია კომისიისთვის არ უნდა შეიქმნას. თითოეული ადამიანის შემთხვევა იქნება შესწავლილი, მაგრამ ამას გააკეთებს მთავრობა. ვისაც ეკუთვნის სხვადასხვა პროგრამაში მოხვედრა, სუბსიდირება, ან საცხოვრებელი ფართობი, ის აუცილებლად მიიღებს. ამ საკითხს არ გავშლით წლებზე და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ კონკრეტული შემთხვევების განხილვას. ვისაც არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტული პროგრამით სარგებლობა, მათთან კანონის სრული დაცვით ვიმოქმედებთ.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „სამედიცინო ტურიზმი“ ტარდება

დღეს, ბათუმში, პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხნა, სახელწოდებით – „სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. კონფერენცია 20 ნოემბერს დასრულდება.

კონფერენცია ეძღვნება სამედიცინო ტურიზმის განვითარების პრობლემებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 28 მოხსენება საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპიკერთა მონაწილეობთ.

სამედიცინო ტურიზმი გულისხმობს ადამიანების სხვა ქვეყნებში გამგზავრებასსამედიცინო დახმარების მიღების მიზნით. როგორც წესი ადამიანები მიემგზავრებიან ნაკლებ განვითარებული ქვეყნებიდან, მაღალგანვიტარებული ქვეყნების მთავარ სამედიცინო ცენტრებში, იმ სამედიცინო სერვისის მისაღებად, რაც მათთან მიუწვდომელია. სამედიცინო თემატიკის ამერიკული ჟურნალის Physician Executive-ს მიხედვით, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები განვითარებული ქვეყნებიდან მიემგზავრებიან მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, რადგან მათთან ზოგიერთი მანიპულაცია არალეგალურად ითვლება.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა “სტომატოლოგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”, “ქვედა კიდურების ესთეტიკური ქირურგია სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება”, „სამედიცინო ტურიზმის სამართლებრივი საკითხები”, „სამკურნალო ტურიზმი, როგორც პროდუქტი ტურიზმის მდგრადი განვიტარებისთვის” და ა.შ..

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 20 ნოემბერს დასრულდება.

როდის გაიხსნება „ბათუმის მუზეუმი“

„ბათუმის მუზეუმი“, რომელიც ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოების შენობაში, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება. ამის მიზეზად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მუზეუმის კონცეფციისა და შენობის სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებაში დაშვებულ შეცდომებს მიიჩნევს. სააგენტოს ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ რემონტის შემდეგ, საკმარისი სივრცის არსებობის შემთხვევაში, მუზეუმის შენობაში თავად სააგენტოს ოფისიც გადავიდეს.
“ამ შენობაში საჯარო სივრცეზე მეტი საოფისე ფართია. რადგან მუზეუმს ჯერ არ აქვს ფონდები და არქივები, რისთვისაც შეიძლება იმ ოთახების გამოყენება, არ გამოვრიცხავთ იქ გადასვლის ვერსიას… მუზეუმის ადმინისტრირებასაც არ დასჭირდება დიდი ადგილი. ძალიან სიმბოლურიც იქნება, რომ კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტირებულ ძეგლში, სადაც ბათუმის ისტორიის მუზეუმია, სააგენტოს ოფისი იყოს. მაგრამ ჯერ არ ვიცით, ეყოფა თუ არა ეს სივრცე ამას, ჯერ ტექნიკურად უნდა განვსაზღვროთ და მერე უნდა შევათანხმოთ ჩვენს ხელმძღვანელობას”, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის მუზეუმის გახსნის იდეა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამად “ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის” დირექტორის მოადგილეს, ბიძინა აფხაზავას ეკუთვნის. ბათუმის ძველი აბანოების შენობაში სარემონტო სამუშაოებისთვის 489 000 ლარი სწორედ მისი დირექტორობის დროს გამოიყო. მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ არასწორად დაგეგმვის გამო, პროექტი მუშაობის პროცესში შესაცვლელი გახდა – საჭირო გახდა დამატებითი მოცულობის სამუშაოების ჩატარება და სარემონტო სამუშაოებმა დაგეგმილზე ბევრად უფრო მეტი დრო მოითხოვა. ამას პროექტის ფინანსურ მხარეზე დიდიად არ უმოქმედია.

თორნიკე თავაძის ფოტო

“არარეალისტური გათვლა იყო, რომ მუზეუმი გაიხსნებოდა 2015 წლის ზაფხულში. როდესაც რემონტი დაიწყო და საძირკველის ნაწილში ჩავიდნენ, აღმოჩნდა, რომ იქ უზარმაზარი ავზები იყო ჩამონტაჟებული, რაც გეოლოგიურმა კვლევამ არ აჩვენა თავის დროზე. იქ, სადაც არის გუმბათების აგურის გადახურვა, მასალა წყალს ვერ აკავებს, არ გვინდოდა, რომ აგურის ფაქტურა გაგვეფუჭებინა შეღებვით [რა მასალებიც გვირჩიეს, ავთენტურობასთან მიმართებაში არ იქნებოდა სწორი], ამიტომ შევიკავეთ თავი უხეში ჩარევისგან და ახლა იქ სხვა ტიპის რეკონსტრუქციულ სამუშაოებს ვატარებთ. ეს ტერასული სართულია და ყველა მხრიდან ჟონავს წყალი”, _ ამბობს ის.

თორნიკე თავაძის ფოტო

სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ახლა სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და უშუალოდ შენობის რემონტი ამ წლის ბოლომდე დასრულდება: “კაპიტალური სამუშაოები დასრულებულია და შიდა ინტერიერის ნესტისგან იზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ეზო კეთილმოსაწყობია. გუმბათების ქვეშ და ცენტრალურ შესასვლელში არსებული მთავარი საგამოფენო სივრცეების ინტერიერის დიზაინი ჯერ არ გვაქვს. პროექტში ჩადებული იყო ჩვეულებრივი საოფისე გარემოს მსგავსი დიზაინი, რაც თანამედროვე მუზეუმის კონცეფციას არ შეეფერება. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ინტერიერის დიზაინი, მაგრამ რისი დიზაინი გავაკეთოთ, როცა არ გვაქვს ექსპოზიცია, რაც უნდა გამოვფინოთ”, _ ამბობს მირანდა ჩარკვიანი. მისივე განმარტებით, მუზეუმის დიზაინში მულტიმედიური კომპონენტებიც შევა. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, ბათუმის მუზეუმის მოწყობისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 100 000 ლარი.

ბიძინა აფხაზავა, რომელიც თავიდან ამ მუზეუმის დირექტორად მოიაზრებოდა, “ბათუმის მუზეუმისთვის” თავისი პირადი კოლექციიდან 2000 ცალამდე ექსპონატის გადაცემასაც გეგმავდა, რომელთა სიაც აჭარის განათლების მინისტრს გიორგი თავამაიშვილს გადასცა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მისი დირექტორად დანიშვნის საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი შეჩერებულია, შესაბამისად უცნობია, გადაეცემა თუ არა ეს ისტორიული ექსპონატები ახალ მუზეუმს. ბიძინა აფხაზავას თქმით, ამ ექსპონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იმ ცნობილი ადამიანის სავიზიტო ბარათების კოლექციაა, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის დასაწყისამდე იმყოფებოდნენ ბათუმში. სია ასევე მოიცავს ბათუმის საფოსტო ბარათებს, ბათუმის საგერბო მარკებს, ბათუმში გამოშვებულ ფულის ნიშნებს და ა.შ.

მირანდა ჩარკვიანის თქმით, მხოლოდ ეს ჩამონათვალი არ არის საკმარისი მუზეუმის კონცეფციის გასამართად – ამ ნივთების ნაწილი ბათუმში უკვე არსებული არქეოლოგიური და მხარეთმცოდნეობის მუზეუმების თემატიკას იმეორებს.
“ბათუმში არიან ოჯახები, რომელთაც აქვთ ისტორიული ნივთები, კოლექციები და რომელთა ნაწილმაც გამოთქვა სურვილი მუზეუმს საჩუქრად გადასცეს სხვადასხვა ექსპონატი. სააგენტოს ექნება ფონდიც, რომლითაც იყიდის დამატებით ექსპოზიციას. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მუზეუმის შიდა ინტერიერის დიზაინის მოწყობა”, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც “ბათუმის მუზეუმის” კონცეფციას ეხება, თავიდან იგეგმებოდა, რომ მუზეუმში უნდა განთავსებულიყო ბათუმის ისტორიის ამსახველი ექსპონატები ანტიკური ხანიდან დღემდე, ახლა კი როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, “ბათუმის მუზეუმში” ის ექსპონატები განთავსდება, რომლებიც მოიცავენ პერიოდს ბათუმის, როგორც ქალაქის დაარსების წლიდან დღემდე.

 

ამავე თემაზე: „ბათუმის მუზეუმი“ ძველი აბანოს შენობაში

შსს-მ სოფელ სარფში 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, გუშინ ღამით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში 1980 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,3418 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“

მესამე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები.  მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა და მოსავლიანობა შემცირდა.

ვაშლოვანელები „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ კომპენსირებას ან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათ კომპანიის ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

„აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენი კომპენსირება ან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ჩვენ უკვე ვიცით რა საფრთხეებიც გვემუქრება და ამიტომ გვაინტერესებს, როდის იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული. იმ დონეზე მივედით, რომ გავშალეთ კარავი და აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე ნუნუ დავითაძემ.  კითხვაზე იმყოფება თუ არა ადგილზე პოლიცია, ნუნუ დავითაძე ამბობს, რომ„პოლიცია არის უსაფრთხოების დაცვის მიზნით“.

აქცია ვაშლოვანში. ჯამბულ აბულაძის ფოტო
აქცია ვაშლოვანში. ჯამბულ აბულაძის ფოტო

4

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა. გამგებლის თქმით,  მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად აწარმოებს  მოლაპარაკებებს როგორც კომპანია  „აჭარისწყალი ჯორჯიასთან“, ასევე მოსახლეობასთან.

„ამ სოფელში წყლის პრობლემაა მოსაგვარებელი, ერთის  მხრივ ვეთანხმები მოსახლეობას, რადგან შეიძლებოდა დაჩქარებული წესით  განხორციელებულიყო, მაგრამ იყო შემაფერხებელი გარემოებები და ვერ მოხერხდა ამ პრობლემის სრულყოფილად მოგვარება,“ – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია მოსახლეობის მოთხოვნა მატერიალური ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ბესიკ ბაუჩაძემ განმარტავს, რომ შესაბამისი კომისიის მიერ მოხდა სახლების შემოწმება, სადაც ჩართულები იყვნენ როგორც „აჭარისწყალი  ჯორჯიას“  მიერ მოწვეული სპეციალისტები, ასევე გეოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები. „მოსახლეობა ითხოვს ხელმეორედ გადამოწმებას, ხოლო კომისიის წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ მომზადებული დასკვნები ობიექტურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს როგორც კომპანიასთან, ასევე მოსახლეობასთან,  რათა არ დაირღვეს არც მოსახლეობის და არც კომპანიის უფლებები“ –  ამბობს ხულოს გამგებელი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის მოსახლეობასთან შესახვედრად ვაშლოვანში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძეა ჩასული.

ვაშლოვანში აქციაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“  ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძეც.

„ამ სოფლის შუაგულში გვირაბის გაყვანა დააჩქარებს მეწყრულ პროცესებს. არავის არა აქვს ჯერ გათვლილი,  თუ რა ზარალი შეიძლება მიადგეს ხალხს, ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა კომპანიას. მოსახლეობა ითხოვს კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მათი პრობლემებით დაინტერესებას, იმ შემთხვევაში თუ მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე არ გამოეხმაურება ან და დაინტერესდება საკითხით, მოსახლეობა უკვე საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობასთან გამართავს“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

აქცია ვაშლოვანში. ჯამბულ აბულაძის ფოტო
აქცია ვაშლოვანში. ჯამბულ აბულაძის ფოტო

ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული

სამთო-სათხილამურო კურორტად გამოცხადებული გომარდულის ფუნქციონირების საკითხი კვლავ გაურკვეველია. სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომელმაც კურორტი 2011 წელს გახსნა, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო ისევ დაყადაღებულია. კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარების იმედად არიან, აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ბიზნესმენებისგან ახალ საინვესტიციო წინადადებებს ელოდებიან. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატია.

ჯერ არაფერი შეცვლილა, მოლოდინის რეჟიმში ვართ. უნდა მოიხსნას ყადაღა და მიწის გადასახადი, რომელიც 700-ათას ლარზეა ასული,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ „გომარდულის„ ერთ-ერთმა აქციონერმა რამაზ მსახურაძემ.

მიწის ფართობი, რომელიც კომპანიას 2011 წელს პირობებით გადაეცა, 50 ჰექტარია, რაც, რამაზ მსახურაძის თქმით, ფაქტობრივად არ სჭირდება კომპანიას, გადასახადი კი წლიურად, დაახლოებით 130 ათასი ლარია. „თავიდანვე ჩადო წინა ხელისუფლებამ ხელშეკრულებაში ეს მიწის გადასახადი და ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ. ტყეში კურორტს ვაშენებდით და ამხელა მიწა ამ პირობით არ იყო საჭირო… ამ ფართობის მიწას იქ იყიდდი, დავუშვათ 10 ან 20 ათას ლარად,“ – ამბობს რამაზ მსახურაძე.

კურორტი გომარდული 2011 წელს გაიხსნა, მომდევნო წელსაც მუშაობდა და შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ვალდებულება, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული – ერთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციის ჩადება – შესრულებულია. მთავარი პრობლემა კი მიწის გადასახადი გახდა, რომლის გადაუხდელობის გამო კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაედო და ქონება დაყადაღდა.

„მაგის გადამხდელი არავინ არაა. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ საგადასახადოს, მაგრამ საგადასახადო თავისი ინიციატივით ეტყობა დამოუკიდებლად ვერ წყვეტს ამ საკითხს… პრემიერ-მინისტრის დონეზე უნდა გადაწყდეს ეტყობა, რომ მითითება მიეცეთ ეს გადასახადი მოგვაცილონ, ან მიწა წაიღონ. დღეს აქციონერებიც მიმოფანტულები არიან, შვიდიდან 3-4 გაღატაკებულია, ზოგს ვალი აქვს, ზოგს რაღაც და მაქ ფულის ჩამდები ახლა არავინ არაა, ამიტომ მთლიანად მინდობილი ვართ სახელმწიფოზე… იქნებ რაიმე სესხი გამოგვიყონ… ან არ ვიცი, როგორ ვთქვა… მთავრობის კონტროლის ქვეშ რომ დაიხარჯოს თანხა და კურორტი განვითარდეს. კურორტი რომ ამუშავდეს, დაახლოებით 800 ათასამდე დოლარია საჭირო,“ – ამბობს რამაზ მსახურაძე.

სოფელი გომარდული შუახევში, ბათუმიდან 74 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 250 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის ტერიტორიაზე „გომარდულის“ მიერ ხუთი კოტეჯია აშენებული, თუმცა არის გათბობის პრობლემა, სისტემა მუშაობს თხევად გაზზე, რომელმაც არ გაამართლა – იყინება, საბაგირო გზა კი კუსტარული, იაფფასიანია, რომელიც აქ ადრე სასპორტო სკოლის მიერ არის გაკეთებული. რაც შეეხება გზას კურორტამდე – შუახევის მუნიციპალიტეტი აკეთებს. მსახურაძის თქმით, ამ დროისთვის გზის ნახევარი გაკეთებულია.

რამაზ მსახურაძე „ბათუმელებთან~ ამბობს, რომ აქციონერები წილების გასხვისებასაც არ გამორიცხავენ: „დიდი სიამოვნებით გავასხვისებთ, რომ ამუშავდეს და კურორტი განვითარდეს, თუმცა ჯერ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. რაც შეეხება ამჟამინდელ მთავრობას, დახმარებას გვპირდებიან, თუმცა ოფიციალურად არ მიგვიმართავს, არჩევნები იყო, ახლა კი რაღაც საკითხებს ოფიციალურად დავაყენებთ…“

„მათ ჰქონდათ მოლაპარაკება შემოსავლების სამსახურთან, რომ ამ ვალების რესტრუქტურიზაცია მომხდარიყო, თუმცა, შემდეგ ე.წ. „მთის კანონის~ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ახალ საინვესტიციო წინადადებას ამზადებენ, მე რამდენადაც ვიცი. უნდა წარმოადგინონ ჩვენთან და ასევე ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებში,“ – განაცხადა „ბათუმელებთან~ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

გომარდული
გომარდული

რატომ ვერ მოგვარდა პრობლემები ბოლო სამი წლის განმავლობაში? – მინისტრი აცხადებს, რომ ადრე სხვადასხვა საკითხი იყო დასაზუსტებელი „ისინი დაზუსტდა, მოგვმართავენ ალბათ უახლოეს დღეებში და ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მაღალმთიან აჭარაში ახალი პროექტი განხორციელდეს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.“

„არის დავალიანების და სხვა მიზეზებიც, რის გამოც გაჩერებულია გომარდული. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ განვითარდება და დაიწყებს ფუნქციონირებას. პირველ რიგში, კონსულტაციები მიდის აქციონერებთან და პარალელურად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მოხდება კონსენსუსი და ალბათ, ვალის ჩამოწერაც,“ – აცხადებს ხვიჩა შარაშიძე, სს „გომარდულის“ ერთ-ერთი აქციონერი და მაღალმთიან აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“.

ხვიჩა შარაშიძის თქმით, პირველ რიგში, გომარდულს უნდა მიენიჭოს კურორტის სტატუსი, რაც გაათავისუფლებს მიწის გადასახადისგან, საგადასახადო შეღავათების კუთხით მოერგება კომპანიას „მთის კანონიც“.

 

„ბათუმელებმა“ კურორტ გომარდულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძესაც დაუსვა შეკითხვა. მან განაცხადა, რომ გომარდულის პრობლემა მისთვის ცნობილია. `უახლოეს დღეებში მექნება შეხვედრა ბიზნესჯგუფთან, ვინც უშუალოდ დაიწყო ეს პროექტი და მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწობს მათ. ჩვენ ვიმსჯელებთ და არ გამოვრიცხავ, რომ მათ ჩამოეწეროთ გადასახადები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ საერთაშორისო დონის კურორტს,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ხომ არ უკავშირდებოდა გომარდულის პროექტის შეჩერება კურორტ გოდერძის განვითარებას? – ამ კითხვაზე ხვიჩა შარაშიძე ამბობს, რომ „შესაძლებელია იყო ეს ფაქტორიც, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, გომარდულსაც მიექცევა ყურადღება“.

„გოდერძისთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი დაინტერესება, ჩვენ უახლოეს დღეებში აუქციონებს გამოვაცხადებთ… დიდი პერსპექტივაც არის და დაინტერესებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი სასტუმროს მშენებლობა. ერთი მომდევნო წელში დასრულდება,“ – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

კურორტი გოდერძი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა.

“არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი” – ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან

„მომხრე ვარ, რეალური კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს,“ – ამბობს ზაზა თავაძე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს სურს, რომ პარლამენტმა კანონის მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაცია მოისმინოს. სამუშაო კაბინეტში ჯერჯერობით არაფერი შეუცვლია, თუ არ ჩავთვლით სნაიპერულ შაშხანას, რომელსაც ნადირობით გატაცებული ზაზა თავაძე კაბინეტში ინახავს.

ბატონო ზაზა, პლენუმის პირველ სხდომაზე მოსამართლეთა დანიშვნის წესი განიხილეთ. განხილვის დასრულებამდე ალბათ ვერ გვეტყვით პოზიციას, არის თუ არა ანტიკონსტიტუციური, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა კონკურსის დროს დასაბუთების ვალდებულება არ აქვს და გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეუძლებელია. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოსამართლეთა შერჩევის წესი საჭიროებს ცვლილებას?

წინასწარ ვერ გეტყვით, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მიიღებს სასამართლო. რაც შეეხება თვითონ წესს, როგორც ერთ-ერთი იურისტი, ვთვლი, რომ წესი კარგი და უკეთესი შესაძლებელია მოფიქრებული იყოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.
შესაბამისად, კანონმდებლები და ის პირები, რომლებიც ახალი წესის შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას, ვფიქრობ, იქნებიან ამის შემძლე ადამიანები და ექნებათ პოლიტიკური ნება.

ხელისუფლება ხშირად საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. თქვენი წინამორბედი, გიორგი პაპუაშვილი ამას პოლიტიკური გავლენის მცდელობად აფასებდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

მთავარია, რას ვგულისხმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაში. მე, მაგალითად, მაქვს ჩემი იდეები. თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არსებობს ორი ტიპის სასამართლო: კლასიკური, ანუ იგივე გერმანული, როცა სასამართლოს აქვს რეალური კონტროლის მექანიზმი. რაც შეგვეხება ჩვენ, ეს არის აბსტრაქტული მოდელის მექანიზმი.

მე, მაგალითად, მომხრე ვარ, რეალური კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ არა სრულად, როგორც, მაგალითად, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს. უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრის დროს გვისაუბრია, რომ ყოფილიყო წინასწარი კონტროლი, რომელიც აქვს, მაგალითად, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი როცა რაიმე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტზე მუშაობს, წინასწარი დასკვნისთვის მიმართავს საკონსტიტუციო საბჭოს. ამგვარად ირკვევა, საკანონმდებლო პროექტი შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას. რატომაა ეს მნიშვნელოვანი ქართული სინამდვილისთვის – მაგალითად, თქვენ არაერთი გახმაურებული დებატი გახსოვთ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, სადაც იყო მხურვალე დებატები ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მხურვალე დებატები საკანონმდებლო ორგანოს საქმეა, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევებიც, სადაც უკვე ჩიხი იყო და ვეღარ მიდიოდნენ წინ. საუბარია იმაზე, რომ განიმუხტოს სიტუაცია. საკონსტიტუციო სასამართლო ხომ თავისი არსით ნეგატიური კანონმდებელია, პარლამენტი – პოზიტიური. ეს საჭიროა ბალანსისთვის.

ხელისუფლებას ესაუბრეთ ამ საკითხზე?

ჯერ არა. პარლამენტი ახლა ყალიბდება, ფორმირების პროცესია…. რადგან მკითხეთ რეფორმაზე, ამიტომაც გიპასუხეთ… ვერ ვიტყვი, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო მზად არის ამისთვის. ამას სჭირდება კოლოსალური ფინანსური რესურსი, სტაფის გაზრდა დაახლოებით 200 კაცამდე, ანუ ორჯერ გაზრდა დაახლოებით და ასე შემდეგ… ზოგადად, ნებისმიერი ხელისულება, მათ შორის ევროპაში, საკონსტიტუციო სასამართლოს უყურებს, როგორც შემზღუდავს იმ ნაწილში, რომ სხვადასხვა ნორმატიულ აქტზე თუ ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ არის არაკონსტიტუციური, უქმდება. შესაბამისად, როცა რაღაცას გიუქმებენ, ადამიანური მომენტია, რომ ეს ნეგატივს იწვევს. ამიტომ რაც უნდა დიდი დოზით იყოს სამართლებრივი შეგნება, მაგალითად, პარლამენტში, ან იგივე მთავრობის წარმომადგენლებში, არ ვფიქრობ, რომ მათთთვის სასიამოვნო პროცესი იყოს ეს ყოველთვის. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა იყოს ბევრი პარლამენტარი, ვისაც ეს საკითხი ესმის კლასიკური გაგებით.

როგორც მენეჯერი, როგორ აპირებთ საქმეების განხილვის გაჭიანურების პრობლემის მოგვარებას? მაგალითად, ჩვენ ვწერდით სახარების რწმენის ეკლესიაზე, რომლის საკონსტიტუციო სარჩელი 20 თვის წინ დარეგისტრირდა და ჯერ დასაშვებობის საკითხიც კი არ განხილულა.

ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების უპრეცედენტო რაოდენობა შემოდის. ეს თავისთავად ახდენს გავლენას, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმუმის გაკეთებას. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იგი მოსმენილი იქნეს სასამართლოს მიერ. შესაძლებელია, ზოგიერთი საქმე განიხილოს სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე. არ უნდა განიხილებოდეს რომელიმე საქმე ზედაპირულად, მაგრამ მოსამართლემ შეიძლება მეტი იმუშაოს და კონკრეტულ საქმეებზე ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამას ვხედავ ერთადერთ გამოსავალს. კიდევ ერთი გზაა – მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა. ამას სჭირდება ხელისუფლების ნება – ეს უნდა მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანით.

20 ოქტომბერს, როცა თქვენ თავმჯდომარე გახდით, თქვით: „ყველა საქმე არის ერთი და იგივე“. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოც კი განსაკუთრებულ შემთხვევებში დაჩქარებული წესით განიხილავს ზოგიერთ საქმეს, თუკი ის მიიჩნევა პრიორიტეტულად. თქვენ რატომ ამბობთ ამაზე უარს?

არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. ვიგულისხმე ის, რომ ნებისმიერი საქმე, რაც შემოდის ჩვენთან, არის ერთი და იგივე, თანასწორი. სასამართლოში ყოფილა არაერთი საქმე, მაგალითად, ღვიძლის დონაციის საქმე, რომელიც შეეხებოდა სიცოცხლის უფლებას და ჩვენ ის დაჩქარებული წესით განვიხილეთ. როცა ასეთი შემთხვევაა, როცა ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, არსებობს კიდევ სხვა უფლებებიც, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მას სწრაფად განვიხილავთ, თუმცა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ.

საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა „ნეტგაზეთთან“ თქვა: „მაქსიმალურად კომპეტენტური და პრინციპული ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი ამ თანამდებობაზე [სასამართლოში]. ჩვენ თავაძისა და სიჭინავას მაგალითებზეც ვნახეთ, რომ ვერც ძველად ვერ იყვნენ პრინციპული ადამიანები წარდგენილი და მათ ძალიან სწრაფად იცვალეს ფერი, პოლიტიკურმა სიომ სხვა მიმართულებით რომ დაუბერა და ასევე არ არის გამორიცხული, რომ დღეს მოქმედი შემადგენლობაც ვერ გაუმკლავდეს პოლიტიკურ გავლენებს, იქნება ეს ხელისუფლებიდან თუ რაიმე სხვა მიმართულებიდან წამოსული პოლიტიკური გავლენები“. რა გამორიცხავს პოლიტიკურ გავლენას თქვენზე?

თუ გადახედავთ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს მუშაობის ექვსწლიან პრაქტიკას, ნებისმიერ ოპონენტს შეუძლია ამოიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც მე ვაწერ ხელს და მიხვდება, სიო საიდან უბერავდა და როგორ გადაწყვეტილებას იღებდა თავაძე. ენას ძვალი არ აქვს და შეიძლება ნებისმიერი რამ თქვას ადამიანმა.

სამართლიანია, როცა სახელმწიფო აძლევს ბინას მოსამართლეს და ეს ხდება მოსამართლისთვის მოგების საშუალება? 2010 წელს თქვენთვის 1000 ლარად გადმოცემული ბინა ბულვარის შესასვლელთან უკვე გაყიდეთ 250 ათას დოლარად.

ისე არ გამიგოთ, რომ მე უკვე გავასხვისე ბინა და მანამდე არ მქონდა იგივე აზრი: გაცილებით უფრო კომფორტული იქნებოდა იგივე მოსამართლისთვის და სახელმწიფოსთვისაც, არ გახდებოდა სალაპარაკო, რომ მოსამართლეებისთვის საკუთრებაში კი არა, არამედ მოსამართლის უფლებამოსილების ვადით გადაეცათ ეს ბინები… როგორც სხვებს, ისე გადმომეცა მეც ეს ბინა. მე არ მქონდა საცხოვრებელი ბათუმში და რატომ არ უნდა მესარგებლა ამ ბინით, არ მესმის.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში თქვით, რომ ეს ბინა არ იყო მოსახერხებელი. ეს ხუთი წლის მერე აღმოაჩინეთ? თქვენ სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევამდე 5 თვით ადრე გაყიდეთ ბინა. იქნებ იმიტომ აღარ იყო მოსახერხებელი, რომ უხერხულობა არ შეგქმნოდათ გიორგი პაპუაშვილის მსგავსად.

არა, ხმაური ჯეროვნად მოჰყვა ამას… 2 ათასლარიანი, თუ 100-ათასლარიანი იქნებოდა, ეს ყველა შემთხვევაში ჩემი საკუთრებაა. ამას მინდა გავყიდდი, მინდა გავაქირავებდი და მინდა დავაგირავებდი.

მისაღებია ასეთი პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან, რომელიც არის უფლებების დაცვის ერთგვარი გარანტი? არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ასლან აბაშიძის შვილისთვის, დიანასთვის ამ ბინის ჩამორთმევა არ იყო სამართლიანი.

მე რამდენადაც ვიცი, ეს ბინა არ ეკუთვნოდა დიანა აბაშიძეს. 2005 წლის გაზაფხულზე იყო რეგისტრირებული აბაშიძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრზე. ყოველ შემთხვევაში ასე ამიხსნეს, ვიდრე ბინას გადმომცემდნენ. მე სახელმწიფომ გადმომცა ბინა და ეს იქნებოდა აბაშიძის თუ პეტრიაშვილის, ამას წინასწარ ვერ განვჭვრეტდი. მე მოვიკითხე, ხომ არ ჰქონდა რაიმე პრობლემა სამართლებრივი კუთხით ბინას და სახელმწიფომ გამცა პასუხი, არა ბატონო, არანაირი დავა არ მიმდინარეობსო.

2009 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თქვენი მეუღლის სახელზე იყო დაფიქსირებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე. შემდეგ წლების დეკლარაციებში ეს ქონება აღარ ჩანს…

ეს იყო ჩემი მეუღლის ბინა, სადაც ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, ვიდრე დავქორწინდებოდით, იურიდიულად იყო მასზე გაფორმებული. როგორც მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ვალდებული ვიყავი მისი ქონება მეჩვენებინა დეკლარაციაში. ეს ბინა დედას შვილისთვის უნდა მიეცა მზითევის სახით. შემდეგ ეს ბინა გაყიდა და სანაცვლოდ უყიდა სხვა ბინა, სადაც ჩვენ გადავედით საცხოვრებლად.

რა ხდება ახალი მოსამართლეების ბინების უზრუნველყოფის კუთხით?

როგორც სხვა მოსამართლეებმა ისარგებლეს ამ სიკეთით, მათაც უნდა გადასცენ ბინები. მე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს ეკონომიკის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის წინაშე. ამჟამად სახელმწიფო არ ფარავს მათი ბინით უზრუნველყოფის საკითხს. ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის ქირის გადახდა… როგორც გითხარით, უფრო მართებულად მივიჩნევ, თუკი სარგებლობის უფლებით გადაცემა მოხდება. ესეც იქნება ღირსეული საცხოვრებელი პირობის შექმნა. ახლა მკითხავთ ალბათ, თქვენ რომ მოგცეს ბინა და გაყიდეთ, ხომ კარგი იყოო… ვფიქრობ, მოსამართლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ურჩევნიათ, საკუთრებაში, თუ სარგებლობის უფლებით. სახელმწიფო თუ გააკეთებს ამას, ეს შეიძლება დისკრიმინაციულად შეფასდეს, რადგან შესაძლოა, ეს რომელიმეს არ მოეწონოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპის კუთხით იქნება შეუსაბამობა.

თქვენ რატომ არ გააკეთეთ იგივე? ხომ შეგეძლოთ უარი გეთქვათ საკუთრების ჩუქებაზე და უფლებამოსილების ვადით აგეღოთ ბინა?

მე გიპასუხეთ, რა იქნებოდა სწორი. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ ასე.

როგორი საკითხია იცით, როცა უკვე ამ ბინით სარგებლობ, იქ ოჯახის ინტერესებია, ოჯახთან ერთად ამაში ცხოვრობ და დარჩენილი გაქვს, მაგალითად, უფლებამოსილების ვადა რამდენიმე წელი… გინდა უფრო წყნარ ადგილას გადახვიდე საცხოვრებლად და ელემენტარულად ითვლი რესურსს. თუ არ გაყიდი ამას, როგორ იყიდი სხვა ბინას?…

მე გითხარით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასე იქნებოდა სწორი. შეიძლებოდა, ვყოფილიყავი თეთრი ყვავი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. მე უკვე ვისარგებლე ამ ბინით და ეს საქმე ჩავლილია. შეიძლება ჯობდა, გამოვსულიყავი თეთრი ყვავი.

სანადირო იარაღით გატაცებაზე მინდა გკითხოთ – სად ნადირობთ და რაზე ნადირობთ?

ჩემი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე სხვა ქვეყანაში ვერ ვახერხებ წასვლას, ნადირობა ძვირადღირებული სიამოვნებაა. ძირითადად ზესტაფონში ვნადირობ, სადაც დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ძალიან ცოტა დრო მრჩება ამისთვის. ვნადირობ გადამფრენ ფრინველებზე: მწყერი, იხვი, გარეული ქათამი, იგივე ტყის ქათამი…

ერთ დეტალზე მინდა გკითხოთ: დეკლარაციის მიხედვით, თქვენ ფლობდით 19 500 ლარის სხვადასხვა დასახელების იარაღს, რომელიც გადაცვალეთ 25 ათას დოლარად ღირებულ ერთ იარაღში. რის გამო შედგა ასეთი გარიგება, რადგან თქვენ აშკარად მოგებული დარჩით მინიმუმ 10 ათასი დოლარით?

ეს იარაღები არ იყო ვინმეს მიერ შეფასებული. ერთ პირს, რომელიც კოლექციონერობდა, მას ჰქონდა ის იარაღი, რომელიც ძვირადღირებულია და გავუცვალე. ეს 25 ათასი დოლარიც ჩემი შეფასებულია. 104 წლის თოფია, რესტავრაცია გავუკეთე და მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა ეს ჯერ არც ექსპერტს და არც აუდიტს არ შეუფასებია… სნაიპერული შაშხანა მაქვს კიდევ, აქვე მაქვს და გაჩვენებთ… მიზანში სროლისთვის ვიყენებ. ფოტო არ გადამიღოთ, თორემ ამასაც არასწორად გამიგებენ.

ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის.  არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი პირის შეყვანა შეძლო. ლევან ვარშალომიძეს ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს.

„მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ ვიმუშავო განახლებაზე. მე ვიქნები აქ და მოვუსმენ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლეს საბჭოში შედიან: ელგუჯა ბაგრატიონი, გია აბულაძე, ასმათ დიასამიძე, პეტრე ზამბახიძე და გია დიასამიძე.

უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“(ერთი მანდატი); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(5 მანდატი);  „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“(1 მანდატი);  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“(8 მანდატი).

რაც შეეხება მეორე ტურს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 37%-მა, ანუ 114 202-მა ამომრჩეველმა. მეორე ტური ჩატარდა აჭარაში არსებულ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში. ექვსივე შემთხვევაში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის თარიღი საქართველოს პრეზდიენტმა უნდა დანიშნოს. პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის “ქართული ოცნებიდან”. ის დეპუტატების ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრია. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით საბჭოს 21 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:

პროპორციული სისტემით:

  1. ცინცქილაძე გიორგი – „დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველო;“
  2. ვარშალომიძე ლევან – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
  3. ზამბახიძე პეტრე – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
  4. აბულაძე გია – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
  5. დიასამიძე გიორგი – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
  6. ბაგრატიონი ელგუჯა – მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
  7. თარხან-მოურავი დავით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“
  8. გაბაიძე დავითი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
  9. ჭეიშვილი ირაკლი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
  10. ანანიძე ცოტნე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
  11. თედორაძე დავითი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
  12. მგალობლიშვილი ვლადიმერი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
  13. ბაციკაძე დავით – „საქართველოს კონსერვატიული პარტია;“
  14. ჩხეტია ნინო – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“
  15. მანველიძე გიორგი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;“

მაჟორიტარული სისტემით:

  1. წულაძე ვახტანგ -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი);
  2. ვერძაძე ილია -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი);
  3. სურმანიძე ნუგზარ -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი);
  4. რომანაძე გიორგი -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“(ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი);
  5. კარანაძე მერაბ -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“(ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი);
  6. შარაშიძე ხვიჩა -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“(ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი);

 

როცა პატიმრებს გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ

პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს. ის სასამართლო პროცესებს ვეღარ ესწრება, სადაც მისი საქმე განიხილება. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ლეონიდე მ. წერს, რომ ციხიდან ვერ გამოვა, თუკი არ გაშიშვლდება და ბადრაგირების თანამშრომლების თვალწინ ბუქნებს არ გააკეთებს… „ბუქნების გაკეთება დაუშვებელია“, – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში. „ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა“, – ამბობს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთი ყოფილი ქალი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ციხეში ყოფნის დროს იმავეს აპროტესტებდა და მოითხოვს პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთების იძულება არაკონსტიტუციურად შეფასდეს.

„4 ნოემბერს დანიშნული იყო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში,“ – ვკითხულობთ პატიმრის წერილში: „დაწესებულებიდან გაყვანის დროს მომთხოვეს ქვედა საცვლის ჩაწევა და ე.წ. „ბუქნის“ გაკეთება [ჩაჯდომა]. ვინაიდან მე უარი ვთქვი აღნიშნულის შესრულებაზე, არ წამიყვანეს სასამართლოზე, რითაც შემიზღუდეს დაცვის უფლება… მე არ ვაპირებ ამ უკანონო მოთხოვნის შესრულებას, ვინაიდან ის არის დამამცირებელი. აქედან გამომდინარე, არც მომდევნო პროცესზე არ წამიყვანენ, რითაც ხელი შეეშლება მართლმსაჯულებას და შეილახება ჩემი უფლებები. გთხოვთ, რეაგირებას“.

„პატიმარი სრული შემოწმების გარეშე ბადრაგირებას არ ექვემდებარება,“ _ გვითხრეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ „სრული შემოწმება“ მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა გათვალისწინებული: „აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლ.მ.-ს სასამართლო პროცესზე დაწესებულებიდან გაყვანისას უნდა გაევლო სავალდებულო პირადი სრული შემოწმება. ამის შესახებ მას დაწესებულების თანამშრომლებმა წინასწარ აცნობეს. ასევე განუმარტეს უარის თქმის შედეგი. ამის მიუხედავად, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა სავალდებულო პირად სრულ შემოწმებაზე, რის გამოც სასამართლოში მისი ბადრაგირება არ განხორციელდა“.

რატომ არის აუცილებელი პატიმრების გაშიშვლება და ბუქნის გაკეთება? – სასჯელაღსრულების სამინისტრო წერილობით პასუხში ამას უსაფრთხოების მიზნებით ხსნის. სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოზეც, რომელიც აღნიშნავს, რომ პატიმართა მიმართ შემოწმების ეს ფორმა არ წარმოადგენს ცალსახად უკანონობას:

„მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ სხეულის სრული შემოწმება შესაძლოა აუცილებელიც იყოს დაწესებულებისა და პატიმართა უსაფრთხოებისთვის. ასევე, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული არეულობა ან დანაშაული.“

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბუქნის გაკეთების იძულება არის დაუშვებელი. ეს არის ღირსების შემლახავი მოპყრობა და ამას არ ითვალისწინებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სრული შემოწმების პროცედურა“, – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტის უფროსმა. ის განმარტავს, რომ პროცედურების მიხედვით, სრული შემოწმების დროს, პატიმარს შესაძლოა სხეულის მხოლოდ სრული, ან ნაწილობრივი გაშიშვლება მოსთხოვონ:

„ცალსახა პოზიცია პატიმრის გაშიშვლებაზე ევროპის ქვეყნებში არსებობს, თუმცა ეს არის სარისკო პრაქტიკა. ასეთ შეფასებას აკეთებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი. არსებობს გაიდლაინები ამ კუთხით და ჩვენი რეკომენდაციებიც ამას ეფუძნება: უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, პირველ რიგში და მეორე – გააჩნია სიხშირეს, რა ინტენსივობით იყენებს ციხის ადმინისტრაცია პატიმრის სრული შემოწმების წესს. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციაა ასევე, მოხდეს სხეულის ნაწილობრივ და არა სრული გაშიშვლება“.

ბათუმის #3 საპყრობილე
ბათუმის #3 საპყრობილე

მოსთხოვეს თუ არა კონკრეტულად ლეონიდე მ.-ს ბუქნის გაკეთება – სასჯელაღსრულების სამინისტრომ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. სამინისტროს განმარტებით, პატიმარს ბადრაგირებამდე „სრული შემოწმების“ გავლა მოსთხოვეს.
„დათვალიერების ზოგადი და განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებით ეს ნორმა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სხეულის დათვალიერების უფლებამოსილებაში დაწესებულების თანამშრომელმა იგულისხმოს შიშველი პატიმრის მიერ ბუქნის გაკეთების ვალდებულებაც. ეს არის სადავო ნორმის ბუნდოვანი ასპექტი,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში, რომელიც გიორგი გოცირიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასული წლის ბოლოს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ყოფილი მსჯავრდებული ნანა ფარჩუკაშვილია. ის პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების კეთების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელის დასაშვებობის საკითხი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „ჩვენ ვასაჩივრებთ სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას, რომელიც არეგულრიებს სრული შემოწმების პროცედურას. კონსტიტუციის მე-17 მუხლი ამბობს, რომ დაუშვებელია ღირსების შემლახავი მოპყრობა და ეს არის აბსოლუტური უფლება. პატიმრის შემოწმება ამ ფორმით არის ღირსების შემლახავი. თავად ეს ბრძანება მისი რუტინულად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. პრაქტიკაც რომ შესაბამისია, ეს არის დაფიქსირებული სახალხო დამცველის ანგარიშებში. მიგვაჩნია, რომ გაშიშვლების ნაცვლად არსებობს ალტერნატიული, ადამიანის ღირსების შესაბამისი საშუალება, მაგალითად, სკანირება.“

სკანირებას, როგორც პატიმრების დათვალიერების ალტერნატიულ საშუალებას აქტიურად იყენებენ ევროპის ქვეყნებში. საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო სკანირების გამოუყენებლობის მიზეზს ამგვარად განმარტავს: „პატიმრის სრული შემოწმების დამკვიდრებული მეთოდები სხვადასხვა შემოწმების ალტერნატიულ ფორმებთან შედარებით წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხო და შედეგიან საშუალებას. ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ სკანერი ვერ გახდა სრული შემოწმების ალტერნატივა. გარდა ამისა, სკანირების შემთხვევაშიც აუცილებელია სხეულის ნაწილის გაშიშვლება, რადგან სკანერი ვერ უზრუნველყოფს სხეულზე ან სხეულში არსებული ყველა ნივთის აღმოჩენას.“

საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც ყოფილი პატიმარი პატიმრების გაშიშვლებას და ბუქნების კეთების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აღწერილია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება _ ელ შივანი საფრანგეთის წინააღმდეგ. შივანის 1977 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით ის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა, მაგრამ დააკავეს. 2008 წელს შივანის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო სასამართლოში, რა დროსაც მას დღეში მინიმუმ ოთხჯერ უწევდა „სრული შემოწმება“. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ღირსების შემლახავად მიიჩნია მსგავსი მოპყრობა.

სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაწერა: „ადამიანისთვის იმის მოთხოვნა, რომ გაიხადოს და მისი სწორი ნაწლავი დაექვემდებაროს ვიზუალურ დათვალიერებას, ძლიერ დარტყმას აყენებს ადამიანურ ღირსებას. ზემოხსენებული ღონისძიება იმგვარი ხასიათის დამცირებაა, რომ სცილდება პატიმრის შემოწმების თანმდევ დასაშვებ დისკომფორტის ფარგლებს…“
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2011 წელს საფრანგეთის მთავრობამ კანონი შეცვალა და ელექტრონული სკანირების სისტემა შემოიღო. სრული შემოწმების მეთოდი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენება და ამ დროს ციხის ადმინისტრაციამ კონკრეტული ეჭვის დასაბუთება უნდა შეძლოს.

სკანირების მეთოდის ამოქმედების რეკომენდაციით სახალხო დამცველს სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის 2014 წელს მიუმართავს. რეკომენდაცია სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებას შეეხებოდა, სადაც ქალი პატიმრები იხდიან სასჯელს. ომბუდსმენი 2015 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამინისტროდან პასუხი მიიღო და ქალი პატიმრების ვიზუალური დათვალიერების დროს ექიმი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულებულა“.

მანდატების გადანაწილების წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება საქმის არსებითად განხილვის შესახებ სასამართლომ ახლახანს მიიღო. სარჩელის ავტორი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, რომელიც საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლს ასაჩივრებს, რითაც პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესია განსაზღვრული. დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ.

მოსარჩელე საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ამ სამართლებრივი ნორმის მიხედვით: “გადაუნაწილებლად მიიჩნევა მანდატები, რომლებიც რჩება 77 მანდატის პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გაყოფისა და მცირემანდატიანი პოლიტიკური სუბიექტებისათვის მანდატების რაოდენობის ექვსამდე შევსების შემდეგ.”  სადავო წესის თანახმად, გადაუნაწილებელი მანდატები რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

“პატრიოტთა ალიანსის” შეფასებით, იგი არის სარჩევნო სუბიექტი, რომელმაც პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა 5%-ის მხარდაჭერა. საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, მას მანდატების რაოდენობა შეევსო ექვსამდე და სადავო ნორმის გამო ვერ მონაწილეობს გადაუნაწილებელი მანდატების  გადანაწილების პროცესში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა დისკრიმინაციულია მათ მიმართ –  საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც გადალახა 5%-ანი ბარიერი, გადაუნაწილებელი მანდატების მიღებისთვის თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენს, ხოლო სადავო ნორმით დადგენილი წესი მათ გამორიცხავს მანდატების  განაწილების პროცესიდან.

 

შავი ზღვის რეგიონის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულებს სასტუმრო “რედისონში” დააჯილდოვებენ [ანონსი]

დღეს, 16 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე შავი ზღვის რეგიონის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ. ფესტივალში მონაწილეობდნენ ბათუმის, ჩისინოუს, ოდესის, სოჭის, იალტის, კონსტანტას, ბაქოს და ვარნას წარმომადგენლები. დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო “რედისონში” გაიმართება.

გამარჯვებულებს სპეციალური 20-კაციანი ჟიური გამოავლენს. შავი ზღვის რეგიონის ფესტივალის ორგანიზატორები არიან: “Poliproject Exhibitions”, საქართველოს მეღვინეთა კავშირი და ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო.

festivali

 

უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ხვალ, 17 ნოემბერს, ოფიციალურად შეაჯამებს.  შემაჯამებელი ოქმი შედგება 8 ოქტომბრის პროპორციული და მეორე ტურის, ანუ 30 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად უსკოს ვადა 18 ნოემბერს ეწურებოდა.

არჩევნების დასრულებიდან საქართველოს პრეზიდენტს ერთთვიანი ვადა აქვს დანიშნოს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. დეპუტატების ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრი დავით თედორაძეა, „ქართული ოცნებიდან“. კანონმდებლობის მიხედვით, ის გახსნის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი ცესკომ დღეს, 16 ნოემბერს,  გამოსცა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება.

სამი სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე

ბათუმის მერის ყოფილი თანამშრომლის, ლაშა ბერძენიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მანამდე ამავე საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღეს. მათი მოთხოვნა იყო – სამსახურში აღდგენა, რადგან ბათუმის მერის ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოდ შეფასდა. ლაშა ბერძენიშვილი 2015 წლის 23 აპრილამდე ბათუმის მერიის ააიპ “ბათუმის სასაფლაოების” დირექტორად მუშაობდა.

23 აპრილს გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილ გათავისუფლების ბრძანებაში არაფერი წერია გათავისუფლების მიზეზზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერის ეს ბრძანება უკანონოდ ჩათვალა. მოსამართლის, გოჩა ფუტკარაძის განმარტებით, მართალია მერიას ააიპ “ბათუმის სასაფლაოების” დირექტორთან არ ჰქონდა შრომის კოდექსის მიხედვით მოწესრიგებული ურთიერთობა, მაგრამ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა კონკრეტული დარღვევის გარეშე უსამართლოა.

“დავალების ხელშეკრულება ეს იგივეა, რაც მინდობილობა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთი ხელის მოსმით ურთიერთობის შეწყვეტა არ შეიძლებოდა,” – გვიყვება ნინო სიორიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი. სასამართლოში ეს ორგანიზაცია ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს იცავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამსახურში მიმდინარე წლის 29 იანვარს აღდგენილი ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერმა სამ დღეში ხელახლა გაათავისუფლა. ამჯერად მერმა ბრძანებაში მერიის შიდა აუდიტის დასკვნა მიუთითა, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. სასამართლოებს ამ დოკუმენტზე არ უმსჯელია, რადგან ის მას შემდეგ მომზადდა, როცა ლაშა ბერძენიშვილი პირველად, ანუ 2015 წლის 23 აპრილს გათავისუფლდა. ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

“სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, თუმცა შეცვალა მსჯელობა,” – ამბობს ნინო სიორიძე: “სასამართლომ ამჯერად შრომით კოდექსზე მიუთითა და მიიჩნია, რომ აღნიშნულ სამართალურთიერთობაზეც ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა. სასამართლომ ეს შემთხვევა განიხილა, როგორც დამსაქმებლის და დასაქმებულის ჩვეულებრივი ურთიერთობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის დროს ასევე გააკეთა აქცენტი უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც წერია, რომ მსგავს შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ შრომის კოდექსით.”

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მერიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც პირველი ორი ინსტანციისგან განსხვავებით გამორიცხეს ააიპ-ის ხელმძღვანელსა და მერიას შორის არსებული ურთიერთობების კავშირი შრომით კანონმდებლობასთან.

“უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საკმაოდ მცირე მოცულობის. როგორც წესი, როცა იცვლება მსჯელობა და  განსხვავებული პრაქტიკაც მანამდე უკვე ჰქონდა უზენაეს სასამართლოს, რაზეც მიუთითა სააპელაციომ, უზენაესი სასამართლო უფრო ღრმად  შედის მსჯელობაში. აქ მიიჩნიეს, რომ განსაკუთრებული ვალდებულებები არ ჰქონდა მერიას ააიპ-ის ხელმძღვანელის მიმართ და ის იყო კონკრეტული დავალებისთვის აყვანილი,” – ამბობს ნინო სიორიძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი.

“ვაპირებ მივმართო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ამჯერად იურისტებთან გავდივარ კონსულტაციას,” – უთხრა “ბათუმელებს” ლაშა ბერძენიშვილმა. ის მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ბათუმის მერისთვის და ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ლაშა ბერძენიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია.

“კანონი არ უნდა იყოს ბუნდოვანი და არ უნდა იძლეოდეს მრავალხმრივი ინტერპრეტაციის საშუალებას. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი და იგივე, მათ შორის, სასამართლოსთვის,” – ასე გვიპასუხა იურისტმა, ნინო სიორიძემ კითხვაზე: რას ნიშნავს, როცა სამი ინსტანციის სასამართლო ერთსა და იმავე საქმეზე განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს?

“იაფი სახლის” ასაშენებლად მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს

„კომპანიები მონაწილეობენ ტენდერში და ბევრ შემთხვევაში მოკლებული ხარ შესაძლებლობას, ტენდერში მონაწილე კომპანიის სამომავლო განზრახვები გქონდეს შესწავლილი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება,“ – ამბობს ბათუმის მერი გაუჩინარებულ კომპანიაზე, რომელიც ბათუმში „იაფ სახლს“ აშენებდა. გიორგი ერმაკოვმა “ბათუმელებთან” საუბრის დროს თქვა, რომ მერიამ ყველა სამართლებრივი პროცედურა დაიწყო, რაც საბანკო გარანტიებს უკავშირდება.

ხელმისაწვდომი საცხოვრისი, ანუ ე.წ. „იაფი სახლი“ ბათუმში კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” უნდა აეშენებია 4 279 990 ლარად. კომპანია ისე გაუჩინარდა, რომ მან არც მუშებს გადაუხადა ხელფასი და არც ნისიად გამოტანილი სამშენებლო მასალის თანხა დაფარა. მერიას “კონვენტ კორჯიასთვის” წინასწარ ჰქონდა გადახდილი 1 894 785 ლარი. 

„კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” გარანტორი არის ერთ-ერთი უცხოური ბანკი. მასთან გავდივართ სამართლებრივ პროცედურას თანხის ამოღებაზე,“ – განმარტავს ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, არჩილ ვანაძე. მისი თქმით მზადდება დოკუმენტაცია ახალი ტენდერის გამოცხადებაზე, სადაც „იაფი სახლის“ მშენებელი კომპანია უნდა გამოვლინდეს.

ამავე თემაზე:

ბიუჯეტის ფული, რომელსაც ბათუმის მერია ვერ იბრუნებს

ბათუმის მერი: „ვცადე და ვერ შევარჩიე მოადგილე“

„ვცადე და ვერ შევარჩიე… სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა მიმზიდველი აღარ არის ბევრისთვის. გამოცდილ ადამიანებს კერძო სექტორში ურჩევნიათ მუშაობა, იქ უფრო კარგი პირობები აქვთ, მაღალი ანაზღაურება და ასე შემდეგ,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ ინიშნება მერის მოადგილე, რომელიც ფინანსურ საკითხებს უნდა კურირებდეს.

მერის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია 2015 წლის 13 ივლისიდან. მანამდე ამ პოსტს ზურაბ ბერიძე იკავებდა. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მერის მოადგილის თანამდებობა კონკურსს არ ითვალისწინებს და მისი დანიშვნის ექსკლუზიური უფლება არჩეულ მერს აქვს.

გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ მოადგილის ვაკანტური სავარძელი მერიაში პრობლემას არ ქმნის: „არსებობს საფინანსო-ეკონომიკური სამსახური… ასე რომ, მაგ კუთხით პრობლემა არ არის. როცა შევარჩევთ, აუცილებლად ვიტყვით საჯაროდ. ეს მხოლოდ ჩემი პრეროგატივაა, მე უნდა გადავწყვიტო.“

ბათუმის მერის მოადგილის ხელფასი 2050 ლარია. ბათუმის მერის ხელფასი კი თვეში 2750 ლარს შეადგენს.

მორიგი უკანონო ბრძანება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და ზარალი ბიუჯეტს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ, რომელსაც ხელს ბათუმის ინფექციური საავადმდყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე აწერს. მოსამართლე სალიხ შაინიძემ საავადმყოფოდან მიმდინარე წლის 17 ივნისს გათავისუფლებული იურისტი, რომელიც ასევე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა, სამსახურში აღადგინა. რუსლან ბერიძეს ყოველი გაცდენილი თვისთვის 1000 ლარი უნდა გადაუხადოს ინფექციურმა საავადმყოფომ ბიუჯეტის ხარჯზე.  შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის” 100-პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

ინფექციურმა საავადმყოფომ უკვე გადაუხადა 70 ათასი ლარი ყოფილ ექიმს, დავით მურვანიძეს, რომლის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ინფექციურ საავადმყოფოში დღემდე განაგრძობს მუშაობას ფინანსური პოლიცია. ზუსტად ერთი წლის წინ ინფექციურ საავადმყოფოს ჯარიმის – 206 731 ლარის გადახდა მოუწია – სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ აქ 108 შემთხვევაში არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების ფაქტი დაადგინა. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც ექვემდებარება ბათუმის ინფექციური საავადმყოფო, აქამდე მომხდარ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია.

სასამართლოში ყოფილ ექიმთან პროცესების წაგება საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ “ბათუმელებთან” საუბრის დროს, 31 აგვისტოს, იურისტის ცუდად მუშაობას დაუკავშირა.  საავადმყოფო სასამართლოში აქცენტირებდა იმაზე, რომ იურისტი რუსლან ბერიძე უსაფუძვლოდ არ ცხადდებოდა, ან აგვიანებდა სამსახურში. რუსლან ბერიძემ მოსამართლეს სასამართლოს შენობაში ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ სადავო დღეებში საავადმყოფოს იურისტი საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში იმყოფებოდა.

“საავადმყოფოში დაბრუნებას ვაპირებ, ჩემი დავის ინტერესი ეს იყო,” – უთხრა რუსლან ბერიძემ “ბათუმელებს” სასამართლოში გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ის მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსლან ბერიძისთვის ანაზღაურებადი შვებულების, ასევე დამატებითი ანაზღაურების [რასაც რუსლან ბერიძე იღებდა, როგორც ფინანსური დირექტორი] და საპროცენტო სარგებლის მოთხოვნა.

“გავეცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გვექნება პოზიცია,” – უთხრა “ბათუმელებს” დალი ჭანიძემ, ინფექციური საავადმყოფოს ინტერესების დამცველმა. საავადმყოფოს არცერთი წარმომადგენელი დღვანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

შსს ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავებაზე

ქობულეთში, აჭყვისთავი-ალამბრის შიდა სასოფლო გზაზე, 13 ნოემბერს ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ახლახან გაავრცელა:

„შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა.

ორმხრივი სროლისას გ.თ. მსუბუქად დაიჭრა. იგი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „ბაიკალის“ სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). გამოძიებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველო აწარმოებს.“

Exit mobile version