აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 5 მეზღვაური ქალია. მათგან ერთი კადეტია, სამი – მზარეული, ერთი კი, რანგით ყველაზე მაღალი, ბათუმელი ნათია ლაბაძეა, რომელმაც საზღვაო აკადემია გასულ წელს დაამთავრა და უკვე ორჯერ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ერთხელ, როგორც პრაქტიკანტი და მეორედ – როგორც კაპიტნის მესამე თანაშემწე.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ამჟამად ორი გოგო სწავლობს, ანა ყურშუბაძე და ლუსინე თამარიანი. ორივე მათგანი გემზე აპირებს მუშაობას.

ლუსინე თამარიანი
ლუსინე თამარიანი

ლუსინე პირველ კურსზეა. ამბობს, რომ გადაწყვეტილება, ესწავლა საზღვაო ნავიგაცია, უცებ მიიღო და ნაცნობ-მეგობრების კრიტიკის მიუხედავად, არ შეუცვლია. „ყველას უცნაური ეჩვენა ეს გადაწყვეტილება, დიდი კრიტიკა მოჰყვა მეგობრებიდან, ოჯახის წევრები უფრო ადვილად შეეგუენ, ვიდრე მეგობრები. ქალი გემზე? – ეს იყო კრიტიკის ძირითადი მიზეზი.  ალბათ იმიტომ უჭირთ ამის გაგება, რომ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ბევრი კაპიტანი ქალი, მეორე მსოფლიო ომის დროს იყვნენ, როგორც მახსოვს და ძალიან იშვიათი მოვლენაა.  და რატომ უნდა იყოს პრობლემა ქალი გემზე? რას აკეთებს მამაკაცი ისეთს, რისი გაკეთებაც ქალს არ შეუძლია? მითუმეტეს, როცა არ ვსაუბრობთ ფიზიკურ ძალაზე, თუმცა არიან მექანიკოსი ქალებიც. რაც შეეხება ნავიგაციას, გონებრივი მუშაობაა საჭირო და ეს პრობლემა არ არის,“ – ამბობს ლუსინე.  იგი მომავალში საკუთარ თავს კაპიტნის პოსტზე ხედავს, ასე რომ არ იყოს, არც ჩავაბარებდიო, ამბობს.

„მე რომ ჩავაბარე აკადემიაში, ნათია ლაბაძემ დაასრულა სწავლა. აკადემიაში  ყველა მასზე ყვებოდა, იმიტომ, რომ კარგი კარიერა აქვს. მისაბაძია ჩემთვის, მან დამანახა, რომ ქალს შეუძლია ეს საქმე და ქალს აქვს მომავალი ამ პროფესიაში, მთავარია, ისწავლო და ეცადო,“ – ამბობს ლუსინე.

ანი ყურშუბაძე
ანა ყურშუბაძე

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის სპეციალობის მეოთხე კურსზე სწავლობს ანა ყურშუბაძე. „ეს ძალიან კარგი პროფესიაა, პერსპექტიული და მრავალფეროვანი. არ მიყვარს ერთფეროვნება, პირიქით, დაბრკოლებები მომწონს. ჩემს თავს ვხედავ ისე, როგორც რიგითი მეზღვაური, გავივლი ყველა ეტაპს, რასაც მეზღვაურები გადიან, კაპიტნის წოდებამდე,“ – ამბობს ანა. იგი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები ძალიან კარგად შეხვდნენ მის გადაწყვეტილებას და მათგან დიდი მხარდაჭერა აქვს. ახლა ბევრი ინტერესდება ჩემი არჩევანითო – ამბობს.

________________________

კაპიტანი ქალების რაოდენობა მსოფლიოში ბოლო წლებში იზრდება, თუმცა ჯერ ისევ იშვიათობაა. გასულ წელს ინდოელი რადჰიკა მენონი გახდა პირველი ქალი კაპიტანი, რომელმაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდო მიიღო ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობის ტანკერმა, რომლის კაპიტანიც რადჰიკა იყო, ბანგლადეშის სრუტეში შვიდი მეთევზე გადაარჩინა დაღუპვას.

ამავე თემაზე: „ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე 

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმე – 28 წლის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელის

„ღამით ბრალდებული შევიდა ნესტორ დ.-ს დროებით საცხოვრებელ ოთახში და განსაკუთრებული სისასტიკით, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას გულ-მკერდის, კისრის და მუცლის არეში…“ – ეს ამონარიდია საბრალდებო დასკვნიდან ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის საქმიდან. მკვლელობა თებერვლის ერთ-ერთ საღამოს მოხდა.

გამოძიებამ სასამართლოზე წარმოადგინა საქმის მასალები, მათ შორის, ურიკა, რომლითაც ცხედარი გამთენიისას მდინარემდე მიიტანეს.

„ეს მუხლი ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.

ბრალდებული ვიტალი უ. 28 წლისაა. ის და გარდაცვლილიც, აფხაზეთიდან დევნილები არიან და ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში, ერთ სახლში, სხვადასხვა ოთახში ცხოვრობდნენ.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განზრახ მკვლელობის სავარაუდო მოტივიც გააჟღერა – ანგარება. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულის ოჯახს გარდაცვლილისთვის 3 ათასი დოლარი ჰქონდა დასაბრუნებელი.

საქმეში დევს სესხის ხელშეკრულებაც, რომელსაც გარდაცვლილი და ბრალდებულის დედა 2014 წელს აწერენ ხელს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ბრალდებულის ოჯახს ნესტორ დ.-სთვის გასული წლის ბოლოს უნდა დაებრუნებინა თანხა, მანამდე კი, ნესტორი ბრალდებულის სახლში იცხოვრებდა.

ვიტალი უ. წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ მას დღევანდელ სხდომაზე შესთავაზა, საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, რადგან ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება. ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა.

მორიგ სხდომაზე სასამართლო არსებით განხილვას დაიწყებს და იმ მოწმეებს მოუსმენს, რომლებიც პროკურატურამ უკვე დაკითხა.

ნესტორ დ. ნაგირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა.

სხალთაში მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვს

დღეს, 26 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის მოსახლეობა საპროტესტო აქციას დილიდან მართავს. ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე რევაზ ირემაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის მიზეზი სოფელში წყაროს წყლების დაკარგვა და საცხოვრებელი სახლების დეფორმირებაა. მისი თქმით, სოფელ ყინჩაურსა და წაბლანის ტერიტორიაზე გვირაბის მშენებლობამ წყლის გაქრობა გამოიწვია.

„როგორც კი გვირაბის მშენებლობა და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს, სოფელ ყინჩაურში საცხოვრებელი სახლების 50%-ზე მეტი დეფორმირდა, სოფელში არსებული ცხრა წყარო დაშრა, რეალურად სასმელი წყლის გარეშე დავრჩით მოსახლეობა და მდინარის გაუფილტრავ წყალს ვიყენებთ სასმელად“.

აქციის მონაწილეთა თქმით, რამდენიმე თვის წინ გეოლოგებმა სოფლის გეო-ფიზიკური კვლევა ჩაატარეს, რამაც საგანგაშო მდგომარეობა აჩვენა.

„კვლევებში წერია, რომ უნდა შეიზღუდოს მშენებლობის დროს მძიმე კონსტრუქციების განლაგება სოფელში, ეროზიისგან თავდაცვის მიზნით სანაპიროზე ნაპირსამაგრი კონსტრუქციები მოეწყოს, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი კი გამაგრდეს.

ამ დასკვნის მიუხედავად, უსაფრთხოების მიზნით სოფელში დღემდე არანაირი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების გარანტიას მოვითხოვთ! ვითხოვთ, მოსახლეობას სასმელი წყალი მოგვიყვანონ,“ – ამბობს რევაზ ირემაძე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდნენ: „არ გამოვრიცხავთ, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს, სამუშაო ოთახის კარები ავუჭედოთ,“-აცხადებენ ისინი.

ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, სოფელში წყალი არის, თუმცა „წყლის დონემ დაიკლო“.

„სასმელი წყლის პრობლემა არ არის, ჩავატარეთ კვლევები და სამუშაოების ჩატარება ამის მიხედვით იგეგმება, უბრალოდ დროში გაიწელა,“-ამბობს გამგებელი.

მისი თქმით, დროში გაწელვის მიზეზი პროექტირება იყო, რომელიც ახლა მიმდინარეობს. „პირველ კვლევას მოსახლეობა არ ეთანხმებოდა, შემდეგ კიდევ ჩავატარეთ გეოლოგიური კვლევა და 30 ივნისს გვექნება პასუხი. კვლევის მიხედვით სადრენაჟო სამუშაოების ჩატარება იყო რეკომენდებული და რამდენიმე ოჯახზე ითქვა, რომ კიდევ სჭირდება დამატებითი გეოლოგიური კვლევა. გეოფიზიკური კვლევაც ჩავატარეთ, თუმცა არც იმას დაეთანხმა მოსახლეობა“.

გამგებლის თქმით, ამ თემში საცხოვრებელი სახლები გამაგრებას არ საჭიროებს, „მხოლოდ რამდენიმეზეა საუბარი და ეს ოჯაზები დარეგისტრირებულნი არიან სახელმწიფოს პროგრამაში, რომელიც 25- ათასლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ასეთი არის ორი ოჯახი. დავამონტაჟეთ მონიტორებიც, რომელიც ნიადაგის მოძრაობის სიხშირეს ამოწმებს. ოთხი მონიტორია ასეთი და კონტროლდება. მოსახლეობას დაჩქარებული წესით უნდა ყველაფერი, მაგრამ ისინი ყურადღების გარეშე არ არიან,“-ამბობს გამგებელი.

ბესიკ ბაუჩაძის თქმით, სადრენაჟო სამუშაოებზე პროექტი მომზადებულია, ხარჯთაღრიცხვა კი ერთ კვირაში იქნება და შემდეგ სამუშაოებიც დაიწყება.

 

 

„ჰილტონ ბათუმი“ – შეუზღუდავი სივრცე შშმ პირების დასაქმებისთვის

39 წლის მალხაზ წითელაძეს არასდროს უმუშავია. მალხაზის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. პირველად სამსახურში ორი თვის წინ წავიდა. მალხაზი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ სამრეცხაოში მუშაობს.

„შემთხვევით გავიგე, რომ მიუხედავად ჩემი სტატუსისა, „ჰილტონში“ შეიძლებოდა მუშაობა დამეწყო. სამუშაო რთული არაა – თეთრეულს ვარჩევ, ვრეცხავ, ვაშრობ, მთავარი რაც არის – დასაქმებული ვარ და ხელფასი მაქვს. ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ ვსაქმდებოდი. სულ იყო დაპირებები, მაგრამ არასდროს მქონია სამსახური. მუშაობა რომ დავიწყე ყველამ გაიგო და გაიკვირვა, სასტუმროში როგორ გამუშავებენო. ორი თვეა, რაც „ჰილტონ ბათუმის“ თანამშრომელი ვარ.  არაჩვეულებრივი გუნდი დამხვდა,“ – ამბობს მალხაზ წითელაძე.

მალხაზ წითელაძე.
მალხაზ წითელაძე.

სამრეცხაოში მუშაობს ედნარ მიქელაძეც. ედნარი სმენადაქვეითებულია. სასტუმროში პროფესიულ კოლეჯ „ბლექსიდან“ მოხვდა. თავიდან პრაქტიკებზე მივიდა, ახლა კი ოფიციალურად დასაქმდა.

„ძალიან მომწონს „ჰილტონში“ მუშაობა. კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც აქ არის.  სასტუმროს პერსონალი ძალიან მეხმარება. ცდილობენ ჩემთან კომუნიკაცია დაამყარონ და მუშაობაშიც დამეხმარონ. ურთიერთპატივისცემა გვაქვს. მომწონს აქაური გარემო და ვამაყობ, რომ „ჰილტონის“ თანამშრომელი ვარ,“ – ამბობს ედნარი.

ედნარ მიქელაძე
ედნარ მიქელაძე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა პალინა ჯაღათაშვილიც. პალინა ერთი წელია, რაც „ჰილტონის“ თანამშრომელია.

„ერთი წლის წინ მოვედი პრაქტიკაზე „ჰილტონ ბათუმში“, პრაქტიკა როცა დავასრულე თანამშრომლად ამიყვანეს – მზარეული ვარ. მიწევს სხვადასხვა პროდუქტის დაჭრა, დალაგება. პროდუქტზე რიცხვების დატანა, ვადების შემოწმება, გაფუჭებული და საღი პროდუქტის გადარჩევა, დალაგება, მაცივარში შენახვა. როდესაც ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, კლიენტებთანაც მიწევს ურთიერთობა საუზმეზე. ქართველებთან ურთიერთობა არ მიჭირს, ტუჩების მოძრაობით ვხვდები რას მეუბნებიან, უცხოელებთან ცოტა რთულია.  სტუმრების მხრიდან ყოველთვის პოზიტიური განწყობა მოდის – როდესაც ხვდებიან, რომ საუბარი არ შემიძლია, მერე თვითონაც ჟესტების ენაზე გადადიან და ცდილობენ ამ გზით  მიმახვედრონ რა სჭირდებათ“, – ამბობს პალინა.

სამსახურის გარდა პალინა აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. მეგობრებთან ერთად „სმენის არმქონე და პრობლემების მქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია“ დაარსა. თავისუფალ დროს კი ჟესტურ ენას ასწავლის ბავშვებს.

პალინა ჯაღათაშვილი
პალინა ჯაღათაშვილი

კიდევ ერთი შშმ პირი, გოგიტა მალაყმაძე სასტუმრო „ჰილტონ ბათუმს“ აიტი დეპარტამენტში ჰყავს დასაქმებული.

„სტაჟირებაზე ვარ სამი თვით. ძირითადად, სწავლა მევალება, კომპიუტერზე პროგრამის ჩაწერა, ტექნიკურად გამართვა. აიტი მენეჯერს ვეხმარები. კომპიუტერული ტექნოლოგიებით 13-14 წლის ასაკში დავინტერესდი. თავიდან მასწავლებელი დავიქირავე, შემდეგ ინტერნეტის და გუგლის დახმარებით ვისწავლე ყველაფერი. სასტუმროში სამუშაო გარემო ძალიან მომწონს, კარგი ადამიანები მუშაობენ, ადვილად შევდივარ კონტაქტში და, რაც მთავარია, არ ვგრძნობ თავს განსხვავებულად“, – ამბობს გოგიტა.

გოგიტა მალაყმაძე
გოგიტა მალაყმაძე

„ჰილტონ ბათუმში“ ამ დროისათვის სულ ხუთი შშმ პირია დასაქმებული. იმ ფონზე, როცა დიდი კომპანიები თავს არიდებენ თანამშრომლად შშმ პირების აყვანას, რატომ გადაწყვიტა „ჰილტონ ბათუმმა“ ამ ადამიანებისთვის სრულყოფილი სამუშაო გარემო შეექმნა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი აქვს „ჰილტონ ბათუმის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს, ნინო მესაბლიშვილი – ამ სასტუმროს მენეჯმენტისთვის არ არსებობს განსხვავებული რასა, სქესი, ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობები:

„ამას ვამბობ ყველგან. ჩვენ არასოდეს, არც ერთ პოზიციაზე არ ვზღუდავთ ადამიანებს. დაცვის თანამშრომლებადაც კი ორი-სამი გვყავს გოგო. გვყავდა გოგო აიტი მენეჯერი, უცხოელი, რომელმაც გახსნა ეს სასტუმრო. ჩვენ ვანგრევთ სტერეოტიპებს, ჩვენ ვამბობთ – მთავარია, სურვილი და უნარები, რომ საქმე აკეთო. დანარჩენი ადამიანზეა დამოკიდებული.

ჩვენ გვყავდა ფერადკანიანი თანამშრომელი, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები იყვნენ ჩვენს გუნდში. ახლაც გერმანელი დირექტორი გვყავს,  საოპერაციოს თურქი მენეჯერი გვყავს, ანუ ინტერნაციონალური კომპანია ვართ.

ჰილტონი
სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურმა სააგენტომ გვთხოვა, რომ მათთვის მიგვეცა პრაქტიკის გავლის შანს „ჰილტონ ბათუმში“. პირველად პალინა გამოგვიგზავნეს – სამზარეულოში. იმდენად კარგად გაართვა თავი, რომ პალინა შტატში ავიყვანეთ. ამის მერე ჩვენ ვთქვით: – მოდი, რატომაც არა, ავიყვანოთ სხვა კანდიდატები. შშმ პირების ბაზა არსებობს, არის სააგენტოები, სხვადასხა კომპანია, ფონდები, რომლებიც ამ ხალხის დასაქმებაზე ზრუნავენ. მოაქვთ კანდიდატების რეზიუმე, რა უნარები აქვთ, რა აინტერესებთ და ჩვენ თვითონ ვფიქრობთ რა შეიძლება ამ ადამიანებს მოვუძებნოთ, სად დავასაქმოთ. ყველა ადამიანს შეიძლება მოუძებნო ისეთი რამ, რის გაკეთებასაც შეძლებს. ასე დაიწყო ეს პროექტი“.

„ჰილტონ ბათუმის“ ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი ნინო  მესაბლიშვილი ამბობს, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია – „ჰილტონ ბათუმი“ ამ პრაქტიკის გაგრძელებას აპირებს: „სამომავლოდაც გვაქვს პროექტი – პარკინგზე გვინდა ავიყვანოთ თანამშრომლები – პარკინგის ბარიერს გააკონტროლებენ ზაფხულში. აქ  მხოლოდ  შშმ პირების დასაქმებას ვფიქრობთ – ხუთ-ექვს ადამიანზეა ლაპარაკი. უკვე მივიღე ექვსი კანდიდატი, სხვადასხვა სააგენტოდან და ფონდიდან, გასაუბრებაც ჩავატარეთ. ეს სეზონური ხასიათის პროექტია, მაგრამ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელებას ვაპირებთ – სეზონურადაც ავიყვანთ, არასეზონურადაც, პრაქტიკას ყველას გავატარებთ“.

ნინო მესაბლიშვილი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ნუ დაიშურებენ ძალისხმევას შშმ პირების დასასაქმებლად: „თუ ინფრასტრუქტურა უწყობს ხელს კომპანიას, მოვუწოდებ აუცილებლად სცადონ თანამშრომლობა შშმ პირებთან. შშმ პირები ძალიან ბევრ კონტექსტში სჯობიან იმათ, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები არ აქვთ. გარდა იმისა, რომ მათ ძალიან უხარიათ სამსახურში მოსვლა, ასევ ძალიან  მონდომებულები არიან.

აი, მალხაზს 39 წლამდე არასდროს უმუშავია და ახლა მიეცა ამის საშუალება. ისეთი მოტივირებული, მონდომებულია… სამრეცხაოს სხვა თანამშრომლებს უკვე აჯობა. პალინაც იმდენად ძლიერია… ბევრს აჯობა. მე მოვუწოდებ დამსაქმებლებს, რომ აუცილებლად მისცენ მათ შანსი, სცადონ მათთან თანამშრომლობა. შეუძლიათ პრაქტიკით დაიწყონ, ამ დროს გამოჩნდება ადამიანს რა შეუძლია…

ეს ის პერსონალია, ვინც დიდხანს დაგრჩება. მოსწონთ შენთან მუშაობა, ბედნიერები არიან, ესენი იმუშავებენ შენთან ერთად მანამ, სანამ სხვა უკეთესი ვარიანტი არ გამოუჩნდებათ“.

„ჰილტონ ბათუმში“ ზუსტად იციან, რომ მათთან დასაქმებულ შშმ პირებს აუცილებლად ექნებათ კარიერულ ზრდა: „პალინა რომ მოვიდა, ერთი საფეხურით დაბლა იყო, უკვე დაწინაურდა. პალინას  აქვს დიდი შანსი, რომ სამზარეულოში ყველა ეტაპი გაიაროს. სამრეცხაოშიც იგივეა, ჩვენ გვაქვს დონეები და დონეების მიხედვით შეუძლიათ წინსვლა. ადამიანი რა პოზიციაზეც იწყებს მუშაობას, სამუდამოდ იქ არ დარჩება. მათაც იგივე მოთხოვნებს ვუყენებ, რასაც სხვებს – ინგლისური უნდა იცოდნენ. კვირაში ორი დღე ინგლისურის მასწავლებელი მყავს დაქირავებული – თანამშრომლებს უფასოდ ვასწავლით“.

ნინო მესაბლიშვილი ამბობს, რომ „ჰილტონ ბათუმი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის სააგენტოებს, რომელთა დახმარებითაც მოიძიეს ეს თანამშრომლები. სხვა კომპანიებს კი დაბეჯითებით ურჩევს, რომ ერთი შშმ პირს მაინც თუ აიყვანენ სამსახურში, „დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“.

ლისაბონში ქეთევან დედოფლის პანოს რესტავრაციისთვის საქართველო 16325 ევროს იხდის

ქალაქ ლისაბონის გრასას მონასტრის სათავო ოთახის ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი გამოსახულების რესტავრირებასა და კონსერვაციისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 16 325 ევროს გადაიხდის.

სააგენტოს განცხადებით, ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი 1080-ფილიანი აზულეჟოს პანოს რესტავრაცია და კონსერვაცია შეადგენს მთლიანი კომპლექსის [გრასას მონასტერი] აღდგენითი სამუშაოების ნაწილს; 12 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის პანო, პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული; მასზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩასვლა, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისთვის.

„პანო განსაკუთრებული ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლია ორივე ქვეყნისათვის… საქართველოსთვის მისი რესტავრაცია მაღალი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული მნიშვნელობისაა და საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული მჭიდრო კავშირების გაღრმავებას უზრუნველყოფს. ამასთან, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რევაზ ბეშიძისა და გრასას მამათა მონასტრის წინამძღვრის ჟორჟე დიაშის საუბრის ჩანაწერში აღნიშნა ამ უკანასკნელმა, პანოს აბრაზე წარწერა გარდა პორტუგალიური, ფრანგული და ინგლისური ენებისა, შესრულებული იქნება ქართულ ენაზეც. აბრაზე ასევე იქნება მინაწერი, რომ აღნიშნული პანოს რესტავრაცია განხორციელდა საქართველოს მთავრობის დახმარებით“, – აცხადებენ სააგენტოში.

es q
გრასას მამათა მონასტრის წინამძღვრის წერილის ფრაგმენტი

„სარესტავრაციო სამუშაოები დავიწყეთ, ვინაიდან ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს რესტავრაცია არის გრასას ეკლესიაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების ნაწილი. სარესტავრაციო კომპანიის Teixeira Duarte-ს მიერ შესრულდა მოსამზადებელი სამუშაოები, პანოს კედლის გამაგრება, დაზიანებული ფილების აღდგენა და რესტავრაცია. რჩება აზულეჟოს ფილების საბოლოო დამუშავება, გაწმენდა და აბრის განთავსება…

ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ივნისში. ოფიციალური გახსნის ღონისძიება დაგეგმილია 2017 წლის 1-ელ ივლისს. გახსნას დაესწრებიან პორტუგალიის პრეზიდენტი, ლისაბონის მერი, ლისაბონის პატრიარქი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. რა თქმა უნდა, ქართული მხარე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება მოწვეული“, – აღნიშნულია გრასას მამათა მონასტრის წინამძღვრის ჟორჟე დიაშის მიერ პორტუგალიაში საქართველოს ელჩისადმი მიწერილ  წერილში, რომელიც 10 მაისით არის დათარიღებული.

„გრასას სამრევლომ და ლისაბონის მერიამ გააფორმეს ოქმი გრასას მონასტრის რეაბილიტაციის მიზნით, ვინაიდან იგი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა და საჭიროებდა ჩარევას. რეაბილიტაციის სამუშაოებში შედის: ძველი შესასვლელი, ძირითადი შიდა ეზო და მონასტრის კაპიტულის დარბაზი, სადაც აზულეჟოს პანოებია განთავსებული. მათ შორის ოთახის მთავარ ნაწილში განთავსებულია წმ. ქეთევანის წამების ამსახველი პანო.

იქიდან გამომდინარე, რომ სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ვადა მიმდინარე წლის ივნისში იწურება, აუცილებელია, რომ აღნიშნული პანოს რესტავრაციაც, რომელიც მთლიანი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამ დროისათვის იყოს დასრულებული. დრო ძალიან შეზღუდულია, შესაბამისად, ეროვნული სააგენტო დამოკიდებულია პორტუგალიის მხარის მიერ შემოთავაზებულ ვადებსა და თარიღებზე, რის გამოც, წინასწარ შეუძლებელი იქნებოდა [სარესტავრაციო სამუშაოების] შესყიდვის დაგეგმვა“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

ეროვნული სააგენტო პანოს რესტავრაციისთვის საჭირო თანხას გამარტივებული შესყიდვის წესით გადაიხდის, რაზედაც თანხმობა შესყიდვების სააგენტომ 27 ივნისამდე უნდა გასცეს.

ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „2015 წელს, „შატო მუხრანში“ გამართულ რთველზე საზეიმოდ გაიხსნა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც ქ. ლისაბონის გრასას სამონასტრო კომპლექსში წმინდანის მარტვილობის ამსახველი ერთადერთი გამოსახულების ზუსტი ასლია. დამზადებულია იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით, ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით. პანოს ორიგინალი პორტუგალიელმა ოსტატებმა XVIII საუკუნის, კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შექმნეს. სხვადასხვა დროს პანოს აღმოჩენასა და შესწავლაში დიდი როლი შეასრულეს ქართველმა მეცნიერებმა და სასულიერო პირებმა“.

ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო „შატო მუხრანში"
ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო „შატო მუხრანში”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია

ზურაბ პატარაძემ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქონებრივი დეკლარაცია 2017 წელის 31 მაისს პირველად შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძე ფლობს ბინას [120 კვ.მ] ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია და ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [158 კვ.მ] , რომელიც მას „საქართველოს ბანკიდან“ გამოტანილი სესხით შეუძენია.

პატარაძის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი ბინის შესახებ ფიქსირდება ინფორმაცია. თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ბინას ფლობს ასევე [110 კვ.მ] მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ეს ბინა სოფიოსთვის უჩუქებიათ.

ვინ აჩუქა მთავრობის თავმჯდომარის მეუღლეს ბინა თბილისში, ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის, საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, საჯარო რეესტრს ბინის სოფიო ბაკურიძისთვის დარეგისტრირების მოთხოვნოთ ზურაბ პატარაძემ მიმართა. ბინა 2013 წელსაა დარეგისტრირებული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე 2016 წლის ივლისში დაინიშნა, ამ დროიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, ექვს თვეში, მისმა სახელფასო შემოსავალმა 31 993 ლარი შეადგინა.  2016 წლის იანვრიდან-ივლისამდე კი პატარაძეს, როგორც საქართველოს ელჩს ყაზახეთში,  19 398 ამერიკული დოლარი გამოუმუშავებია.

დეკლარაციის მიხედვით,  ზურაბ პატარაძე და მისი მეუღლე არ ფლობენ რაიმე სხვა სახის მნიშვნელოვან დანაზოგს და ფასიან ქაღალდებს და არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში.

„მერიის საკუთრების აღიარების კომისია სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის“

უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების – რუსუდან ჭიჭინაძისა და იოსებ კუციას სარჩელი საკუთრების აღიარების თაობაზე.  დავა ეხებოდა  ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე არსებულ 150 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს, რომელიც მოქალაქეების განცხადებით, მათი საკუთრებაა, თუმცა მერია საკუთრებაში არ უბრუნებს.

„მიწის ნაკვეთი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ჩემი დიდი ბაბუას მიერ შეძენილი 1879 წელს. 33 წელს, გასაბჭოების დროს, ბაბუაჩემს ჩამოართვეს საკუთრება, თუმცა შემდგომ წლებში მოხდა მისი დაბრუნება. ამ ეზოში გაიზარდა ჩემი ოჯახის ხუთი თაობა. აქ  ცხოვრობენ ჩემი შვილები და  შვილიშვილებიც.

მიწის ნაკვეთი, ძველი ჩანაწერების მიხედვით, მამის, შუქრი ჭიჭინაძის სახელზეა. თუმცა სახლი, რომელიც ამ მიწაზე აიგო, ჩემი მეუღლის, იოსებ კუციას სახელზეა რეგისტრირებული,“-ამბობს რუსუდან ჭიჭინაძე.

მისი განცხადებით, 2007 წელს, როდესაც პრეზიდენტის განკარგულება გამოიცა საკუთრების აღიარების შესახებ, მიმართეს მერიის საკუთრებოს აღიარების კომისიას, თუმცა თანხმობა ვერ მიიღეს.

ჰოსტელ „გლობუსის“ ეზო
ჰოსტელ „გლობუსის“ ეზო

„წლების მანძილზე საკუთრების აღირების კომისიიდან  მოდიოდა უარი, განცხადების განხილვის გარეშე. ათი წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ერთხელ მაინც მოსულიყვნენ და ენახათ  რაზე იყო საუბარი,“-ამბობს რუსუდან ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, მიწის ნაკვეთი ოთხივე მხრიდან შენობებით არის შემოსაზღვრული და არის შიდა პატარა ეზო, რომელსაც ეზოს გარდა სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებ.

„2012 წლიდან სახლში ჰოსტელი  მაქვს გახსნილი და მინდოდა  ეზოს კეთილმოწყობა. ხელისუფლება ამბობს, რომ ბიზნესს ხელს უწყობს, თუმცა მე მხოლოდ ხელს მიშლიან.  აივანი მინდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვიწყებ მშენებლობას. ვცდილობ, კანონის ფარგლებში გავაკეთო ყველაფერი, მაგრამ  არ მაძლევენ ამის საშუალებას“.

რუსუდან ჭიჭინაძის სარჩელი სამი ინსტანციის სასამართლომ  განიხილა და საკუთრების აღიარების კომისიას აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღიარება დაავალა, თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე ათი წელია არ ასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის, ანი ბერძენიშვილის განცხადებით,  საკუთრების აღიარების კომისია სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის.

„საუბარია სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.  უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, უკვე რვა თვე გადის და უმაღლესი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კომისია არ ასრულებს ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად,“-ამბობს ანი ბერძენიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

„ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და ასევე საგამოძიებო სტრუქტურებს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით და დასაჯონ ამ საკითხზე პასუხისმგებლობის მქონე პირები“.

ანი ბერძენიშვილის განცხადებით, მოქალაქეს  საქართველოში დღეს აღარ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი და საშუალება, რომ დაიბრუნოს უკანონოდ წართმეული საკუთრების უფლება.

მერიის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დათო ოქაძე ტელეფონს არ პასუხობს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დათო ოქაძე გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღებს. „მან თქვა, რომ საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარედ ცოტა ხნის წინ დაინიშნა და შესაბამისად, ამ საკითხს სიღრმისეულად არ იცნობს“-ამბობს თეკლა ჩიჩუა.

მისივე ინფორმაციით, დათო ოქაძე აღიარების კომისიის თავმჯდომარედ მიმდინარე თვეში დაინიშნა.

 

რუსუდან ჭიჭინაძის განცხადებით, ეზო რომელიც მის ოჯახს ეკუთვნის, მერია საკუთრებაში არ უკანონებს. ფოტო: გულნარა კაკაბაძე
რუსუდან ჭიჭინაძის განცხადებით, ეზოს, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნის, მერია საკუთრებაში არ უკანონებს.
ფოტო: გულნარა კაკაბაძე

 

როგორ გამოისახა გული ბათუმის თავზე [ფოტოამბავი]

3 4 5 6 7 8 9

 25 ივნისს ბათუმში ლატვიური კომპანია „Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team“-ის ავიაპილოტაჟით შესრულებული ავიაშოუ – „FlyFest Georgia” გაიმართა.  

 

ჩამატებული სავარძლები – ყველაზე ხშირი დარღვევა ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსებში

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა სავარძლებს შორის დაშორების სტანდარტზე მოდიოდა, რისი მიზეზიც მიკროავტობუსებში ჩამატებული ადგილებია.

„ბათუმში ქალაქის ხაზებზე სულ 424 მიკროავტობუსი მოძრაობს, გარკვეული დარღვევები მათ 20%–ში დაუფიქსირდათ. დარღვევების 80% სავარძლებს შორის დაშორება იყო. ყველა სამარშრუტო ტაქსს ტექპასპორტში უწერია, თუ რამდენი სავარძელი უნდა ჰქონდეს და როცა კიდევ რამდენიმე სავარძელს ამატებენ, ეს იკავებს თავისუფალ სივრცეს და ირღვევა სავარძლებს შორის დაშორების სტანდარტი”. – ამბობს ის.

ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მიკროავტობუსში სავარძლებს შორის დაშორება მინიმუმ 65 სანტიმეტრი უნდა იყოს. ასევე, სავარძლები არ უნდა იყოს დაბინძურებული, დაზიანებული ან მორყეული.

ემზარ ქავჟარაძის განმატებით, კიდევ ერთი პრობლემა, რაც მიკროავტობუსებში განსაკუთრებით ზაფხულში არის აქტუალური, ვინტილაციაა, რომელიც მიკროავტობუსში, სულ ცოტა, ორი გასაღები ფანჯრის საშუალებით მაინც უნდა ხდებოდეს. „საერთოდ რომ არ ჰქონოდათ, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ერთი ჰქონდათ და დამატება გახდა საჭირო” – ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

მძღოლებს ხარვეზების გამოსწორების ვადა მიმდინარე თვის ბლომდე აქვთ. პირველი ივლისიდან დაიწყება სამარშუტო ტაქსების შერჩევითი შემოწმება იმის დასადგენად, გამოასწორეს თუ არა ხარვეზი. „ვისაც არ ექნება გამოსწორებული – დავაჯარიმებთ. თუ არ სურთ გამოსწორება, შევწყვეტთ მათთან ხელშეკულებას,” – ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

სანებართვო პირობის დარღვევისთვის  მძღოლი ჯარიმდება 100 ლარით. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს ერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. ასეთი ჯარიმა ერთსა და იმავე მძღოლზე შესაძლოა გამოიწეროს იმდენჯერ, რამდენჯერაც დაფიქსირდება დარღვევა.

ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსებს ბათუმის მერია ყოველწლიურად ამოწმებს. როგორც ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში გვითხრეს, გასულ წელს დარღვევებისთვის მძღოლთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევა არ ყოფილა, მხოლოდ დაჯარიმდნენ: „შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი შედეგი იყო, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მთლიანობაში ავტოპარკი ერთი წლით მოძველდა, წელს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მძღოლები ამ პროცესს, რაც შესაკეთებელი იყო, თუ შესაღები, დროულად გააკეთეს ყველაფერი“.

შედარებით რთული მდგომარეობაა სოფლებისა და საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებში, სადაც სავარძლების რაოდენობას, მათ შორის დაშორებას, ვინტილაციასა და სხვა სტანდარტებს არავინ ამოწმებს: „ბოლო წლებში ბევრად გამოსწორდა მდგომარეობა სოფლის მარშუტკების სალონებში. ახლაც არის შემთხვევები, როცა ჩამატებულია ერთი–ორი ადგილი, ან არაკომფორტული სავარძელია, მაგრამ როცა გეჩქარება, რამდენიმესაათიან გზაზე ამას აღარ უყურებ,” – ამბობს მაია კონცელიძე, რომელიც ბათუმი-ქედის ხაზით  ხშირად მგზავრობს.

ემზარ ქავჟარაძის თქმით, მგზავრების ქალაქგარეთ გადაყვანაზე  დაახლოებით 200 მიკროავტობუსი მუშაობს: „მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში სამგზავრო გადაყვანას სჭირდება ნებართვა. დანარჩენი არარეგულირებად სფეროს განეკუთვნება 2006 წლიდან, არც სერტიფიცირებას, არც ნებართვას არ საჭიროებს, ამიტომაც არის ასეთი პრობლემა.”

ამავე თემაზე: ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს ამოწმებს

დღეს, 25 ივნისს – ავიაპილოტაჟი ბულვარის კოლონადებთან

დღეს, 25 ივნისს, 16:30 საათზე, ბულვარის კოლონადებთან ლატვიური კომპანიის „Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team“ ავიაპილოტაჟით შესრულებული მრავალფეროვანი სანახაობრივი შოუ – „FlyFest Georgia” გაიმართება. ექვსი საჰაერო ხომალდი 30-წუთიან სანახაობრივ შოუს მოაწყობს. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. 

 

საჯარო განხილვა ბათუმში – თვითმმართველობა, ნარკოპოლიტიკა, დასაქმება [ანონსი]

27 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ “ლიბერალური ხაზისა” და რესპუბლიკური პარტიის საერთო პროეტის ფარგლებში საჯარო განხილვა გაიმართება.

შეხვედრაზე განხილული იქნება თემები: ორდონიანი თვითმმართველობა; ნარკოპოლიტიკა; დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებში.

თემებზე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომდგენლები და მოწვეული ექსპერტი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ხედვას გააცნობენ, შემდგომ კი შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდება.

საჯარო განხილვას გაუძღვებიან: თამარ კორძაია, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი; დავით ბერძენიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი და კოკა კიღურაძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქართველი მეზღვაურები დააჯილდოვეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო დააწესა, რომელსაც ყოველ წელს გადასცემს მეზღვაურებს ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის.

„17 აპრილს იტალიაში, კუნძულ ლამპედუსადან 80 მილის მოშორებით, შუა ზღვაში, ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებულმა გემმა გადაარჩინა დასაღუპად განწირული 200 ემიგრანტი. როგორც იცით, სავაჭრო ხომალდებზე არაა რეკომენდებული უცხო პირთა რაიმე ფორმით მოხვედრა, თუმცა კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც 200 ადამიანი გადარჩა“, – აღინიშნა დაჯილდოვების ცერემონიალზე.

ჯილდო გადაეცათ ეკიპაჟის წევრებს: როსტომ ცერცვაძესა და გელა გოგუაძეს, ასევე, ამჟამად შორეულ ნაოსნობაში მყოფ მეზღვაურებს: ირაკლი სარჯველაძეს, გიგლა ბერიძეს, ლევან მაჭუტაძეს, გაიოზ კუბლაშვილს, ნოდარ ჯაყელს, დავით ყურშუბაძეს და ომარ გორგოშაძეს.

საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა გარდაცვლილი მეზღვაურის, ზურაბ-ჯონი პატარაძის მეუღლეს, კაპიტან გიორგი უნაფხოშვილს, კაპიტან ვასილიოს თერზისს, ბერძნული კომპანიის მფლობელს, ქართველ მეზღვაურთა დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის; გარდაცვლილ კაპიტანს, აბესალომ ზენაიშვილს და „კოლუმბია შიფ მენეჯმენტის“ დირექტორს, ვლადიმერ შელიას – ქართველ მეზღვაურთა დასაქმებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

საზღვაო-საგანმანათლებლო საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს საზღვაო აკადემიის ემირიტუსი პროფესორები: ნათელა დუმბაძე, ზურაბ გაბუნია, რაულ გეგენავა, იაგო წულაძე, თამაზ მელქაძე, დავით ცეცხლაძე, ვაჟა ცეცხლაძე, ტარიელ ქოქოლაძე და შოთა კუნჭულია. საზღვაო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა აწ გარდაცვლილ სოლომონ ბალაძეს.

ერთწლიანი სტიპენდია გადაეცათ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს: ლუკა სალუქვაძეს და გიორგი თურმანიძეს.

m

me

 

 

 

 

ეკონომიკის მინისტრი მეზღვაურებს: ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი შრომა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურებს საერთაშორისო, პროფესიული დღე მიულოცა.

„2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურმა კონფერენციამ გამოაცხადა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე – 25 ივნისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან მილიონ ნახევარი მეზღვაური დღეს მსოფლიოში ახორციელებს თავის საქმიანობას და ეს ის ადამიანებია, რომლებიც გადაზიდავენ მსოფლიოში წარმოქმნილი ტვირთის 90 პროცენტს. ეს ცხადყოფს იმას, რომ ეს სექტორი, ეს დარგი, არის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს არის ეკონომიკის განვითარების არტერია.

დღეს საქართველოს ჰყავს 10 000-მდე მეზღვაური, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშებით ცურავენ და ასობით გემზე შრომობენ თავისი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.  ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი და მარტივი შრომა. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ თვეობით იყვნენ თავიანთი ოჯახების გარეშე, გვესმის, რომ დაუფასებელია ამ ადამიანების წვლილი.  ჩვენი ორგანიზაციები, საქართველოს საზღვაო სააგენტო აქტიურად მოქმედებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოს შრომა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს დასავლეთ ევროპის საუკეთესო მაგალითებს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 13:00 საათზე ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობაა დაგეგმილი.

საქართველოში ყველა სასწავლებელი, სადაც საზღვაო პროფესიები ისწავლება, ბათუმში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე დაახლოებით ათას ხუთასი სტუდენტი სწავლობს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე – 359 სტუდენტი, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ პროფესიულ პროგრამებზე – 308, ხოლო საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე – 89 სტუდენტი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 500 მეზღვაური, 451 კაპიტანი და 382 უფროსი მექანიკოსია.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ტარიელ ნაკაიძე პრემიერთან შეხვედრასა და ხვალინდელ ბაირამის ლოცვაზე

ხვალ, 25 ივნისს, დილის 06:00 საათზე მუსლიმი თემი სადღესასწაულო, ბაირამის ლოცვას შეასრულებს. ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ხვალ ბათუმში სადღესასწაულო ლოცვა ორ მეჩეთში შესრულდება. მოქმედ მეჩეთსა და იმ ახალ მეჩეთში, რომელიც მუსლიმმა მრევლმა იმ ადგილზე გახსნა შენობის გარეშე, სადაც მათ ბათუმის მერიამ მშენებლობაზე უარი უთხრა.  

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუსლიმებისთვის ბაირამის მილოცვას პირადად გეგმავს. მივა თუ არა პატარაძე ორივე მრევლთან მისალოცად? – კითხვაზე ჯერჯერობით აჭარის მთავრობის პრესსამსახურისგან პასუხი არ გვაქვს.

„ … ჩვენ სპეციალურად არ მოვუწოდებთ, რომ მაინცა და მაინც აქ უნდა მოვიდნენ სალოცავად, მაგრამ ახალ მეჩეთში ვემზადებით მრევლის მისაღებად. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ხუთი ადამიანი იქნება თუ ორმოცდაათი. ყველას აქვს უფლება ილოცოს კომფორტულად. ვინც უფრო ახლოსაა, დარჩეს ძველ მეჩეთში და იქ ილოცოს. ვისაც უფრო ხელეწიფება, მოვიდეს ახალ მეჩეთში“, – ამბობს ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომრის მოადგილე.

ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ის და საინიციატივო ჯგუფის – „ახალი მეჩეთის მშენებლობა ბათუმში“ – წევრები გუშინ, 23 ივნისს, პრემიერთან გამართულ ვახშამზე მიწვეულები არ ყოფილან. პრემიერთან არ მიუწვევიათ არც ხულოს მუფთი [საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა და მათ რამაზანის თვე მიულოცა].

ტარიელ ნაკაიძე ვარაუდობს, რომ ხულოს მუფთის არ მიწვევაც ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის მიმართ მის პრინციპულ დამოკიდებულებას უკავშირდება:

„ …  არ ვიცი რაზე ისაუბრეს და რთულია შეფასების გაკეთება, მაგრამ ფაქტია, ახალი მეჩეთი ბათუმში გაიხსნა და ხელისუფლება ვალდებულია ესაუბროს იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს თემა აქამდე მოიყვანეს. ეს არის საინიციატივო ჯგუფი – „ახალი მეჩეთის  მშენებლობა ბათუმში“. ეჭვის თვალით ვუყურებ ინფორმაციას, რომ   პრემიერთან შეხვედრაზე მეჩეთის მშენებლობის თემაზე რაიმე ისაუბრეს. ამას მომავალი გვიჩვენებს.

ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა იმისათვის, რომ იმ ადგილზე, სადაც ახალი მეჩეთი გაიხსნა, ავაშენოთ ახალი კაპიტალური შენობა.“

ტარიელ ნაკაიძის მოსაზრებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დასწრებოდა ვახშამს პრემიერთან და ვინ არა – რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ, კონკრეტულად კი მისმა ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ მიიღო:

„…2014 წელს მისი ხელდასმით  სერიოზული შეცდომა დაუშვა მუსლიმთა სამმართველომ, როდესც მეჩეთის სანაცვლოდ  რეზიდენციების მშენებლობა/გადმოცემა მოითხოვა. ის ამბობს, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობა არის ვიღაცის ახირება და არა რეალური საჭიროება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ვერ მიაწვდის პრემიერს სწორ ინფორმაციას. ვფიქრობ, პრემიერი საქმის კურსში არ არის ამ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, მას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწვდინოთ ზაზა ვაშაყმაძის გვერდის ავლით.“

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ახალი მეჩეთის გახსნის შემდგომ, საინიციატივო ჯგუფს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ახალი მეჩეთის გაფართოება შესთავაზა:

„… ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი, მაგრამ არა ახალი მეჩეთის აშენების სანაცვლოდ. ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან მუსლიმების მიმართ არის მუსლიმების შეურაცხყოფა. ჩვენი მიზანია დემოკრატიული ბრძოლა გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმთა სამმართველოს წევრები მხარს დაუჭერენ. ამ დროსთვის ისინი არიან ზეწოლის ქვეშ ზაზა ვაშაყმაძის მხრიდან“.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა ახალი მეჩეთის პროექტის მასშტაბების შემცირებას ითხოვდნენ.

„სანიტასი“ ბათუმში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებას გეგმავს

შპს „სანიტასი“ ბათუმში , გორგასლის ქუჩაზე მდებარე შენობის გაფართოების ხარჯზე ახალი ფსიქო-სოციალური, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს.

კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კ-2 კოეფიციენტის 4,5-მდე გაზრდაზე ბათუმის მერთან უშუამდგომლა.

მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობის წერილის მიხედვით, ახალი ცენტრი ოთხსართულიანი იქნება. ცენტრში განთავსდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი სპორტულ გამაჯანსაღებელი მინიკომპლექსი, რესურსცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.

ცენტრი მოემსახურება შშმ ბავშვებისა და ზრდასრული პირების რეაბილიტაციას.

სარფის საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია

„ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სარფის საბაჟოზე იმყოფებოდა, დღეს დილიდან საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია.

ადგილზე მოქალაქეებისთვის არავის აუხსნია, რა მიზეზით შეიზღუდა დღეს საბაჟოზე ავტომანქანით გადასვლა და არც ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა.

ბათუმში, თურქეთის საკონსულოში, კითხვებს არ პასუხობენ. მათი თქმით, ამ საკითხზე ინფორმირებულია საქართველოს შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახურში კი ტელეფონს არ პასუხობენ. არ პასუხობენ არც ამ სამსახურის ცხელ ხაზზე.

აქტუალური საკითხები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში – ბათუმში კონფერენცია გაიხსნა

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია – „აქტუალური საკითხები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში“ მიმდინარეობს. კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ ნეონატოლოგებს, პედიატრებს, მეან-გინეკოლოგებსა და ოჯახის ექიმებს.

ასოციაციის ინფორმაციით კონფერენციის მუშობაში ქართველი სპიკერების გარდა, მონაწილეობას მიიღებს ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის ნეონატალური კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამ მასკერეტი, რომელიც აუდიტორიას მიაწვდის უახლეს ინფორმაციას არაინვაზიური რესპირაციული მხარდაჭერის, ნეონატალური სეფსისის მართვის, დროული და დღენაკლი ახალშობილების კვების თავისებურებების და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე.

კონფერენციას საქართელოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებიან.
19490237_1594772007220902_1922437600_o

კონფერენცია, ხვალ 25 ივლისს დასრულდება.

პრემიერ- მინისტრი შუახევში ჰესის მშენებლობის დასრულების ცერემონიალს დაესწრება

დღეს, 24 ივნისს, 16:30 საათზე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია.

ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.

შუახევი ჰესის მშნებლობის წინააღმდეგ  მოსახლეობა საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავდა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი და დაზიანდა სახლები.

მუფთი ბეგლარ ქამაშიძე: „ქვაფენილზე ლოცვა უნდა დასრულდეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა და მათ რამაზანის თვე მიულოცა.

მუფთის  ინფორმაციით საქართველოს პრემიერი მას მეჩეთის მშენებლობის საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარებას შეჰპირდა. ბეგლარ ქამაშიძე დარწმუნებულია, რომ ეს არ არის მორიგი დაპირება და ამჯერად მას შედეგი მოჰყვება:

„ … ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დასრულდეს გარეთ, ქვაფენილზე ლოცვა. რაც შეეხება მშენებლობის ადგილის საკითხს, ეს ზურაბ პატარაძემ უნდა გადაწყვიტოს. ახლა მიმდინარეობს შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით“

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც  სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება – მათ შორის, მეოთხე წელია მიმდინარეობს მუსლიმი თემისა და კიდევ რამდენიმე რელიგიური გაერთიანების, კომუნისტური რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით დაფინანსება;

გრძელდება მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობების რეგისტრაცია, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები; რამდენიმე საჯარისო ნაწილში გაიხსნა სამლოცველოები მუსლიმი ჯარისკაცებისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას”, – მიმართა პრემიერმა მუსლიმებს შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა

ხულოში სასპორტო სკოლა გარემონტდება

ხულოს სასპორტო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.სპორტსკოლის გასარემონტებლად ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 796 ლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა.

ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ბაზა გარემონტდება, გამოიცვლება იატაკი, სახურავი, ხოლო ინტერიერი და გარე ფასადი მოწესრიგდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 დღეში უნდა დასრულდეს.

შესყიდვების ეროვნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხულოს გამგეობა რეაბილიტირებულ სპორტსკოლის შენობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია, შესრულებულ სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით, ხულოს გამგეობას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ შესაბამის დასკვნას წარუდგენს.

ხულოს სასპორტო სკოლა, ძირითადად, ჭიდაობის სექციაზეა ორიენტირებული.

ბიზნესსაქმიანობა, სადაც ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის ვალდებულება არ ვრცელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. აღნიშნული ბრძანებით, ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:

[checklist]

  • ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული  ხორციელდება  უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან.
  • ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე, ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან. ეს პუნქტი ასევე ვრცელდება აღნიშნული სახის გადაზიდვებთან  დაკავშირებულ მომსახურებებზე.
  • თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევასთან.
  • როუმინგის მომსახურებასთან.
  • უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან.
  • ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან.
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  • არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით)  ან არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებთან.
  • უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან.
  • მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალენტთან; მიმოქცევად სასესხო ინსტრუმენტთან/ვალდებულებასთან; სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან მისი გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებასთან; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებთან; ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, უფლებებთან ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებულ უფლებებთან [ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ინსტრუმენტებზე].[/checklist]
 2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულო ხდება.

ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს [ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება [სპს], კომანდიტური საზოგადოება [კს], შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება [შპს], სააქციო საზოგადოება [სს, კორპორაცია] და კოოპერატივი.

ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება არ აქვს ფიზიკურ პირს.

წესის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები.

ამ თემაზე: 

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – ლარით ფასდადების სავალდებულო წესი 1-ლი ივლისიდან

ლარი დოლარი (1)

დღის სტატისტიკა ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 375 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის: 274 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომის გამო, 9 – ტროტუარზე დგომისთვის,  10 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

19239674_10213985982790342_1062260635_n19427674_10213985982990347_1808097948_n19427851_10213985982870344_1667129784_n19441066_10213985982910345_890962056_n19441122_10213985982830343_1895132244_n

ფოტოები გადაღებულია ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო.

„დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს საუბარი. აგრესიას სხვადასხვა სიტყვით გამოხატავდნენ. მათ შორის ერთი განსაკუთრებით აგრესიული იყო ჩემს მიმართ, დანაც კი ამოიღო, უნდა აგჩეხოო. მე პოლიციას დავურეკე და დახმარება ვითხოვე,“ – გვიყვება გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვა [მისი გვარი პასპორტის მიხედვით არის- ბუზარიაშვილი]. გაბრიელა თბილისში ცხოვრობს და ის რამდენიმე დღით ესტუმრა ბათუმს.

გაბრიელას მონაყოლის მიხედვით, პოლიციას არ გამოუკითხავს ის ხუთი პირი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის მისვლის დროს. გაბრიელა პოლიციის მეორე განყოფილებაში გადაიყვანეს და გამოკითხეს. დილით კი პოლიციელებმა ადმინისტრაციული-სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს გაბრიელას წინააღმდეგ.

„პოლიციელები არ მალავდნენ აგრესიას ჩემს მიმართ. მეუბნებოდნენ, რომ მე ვჩხუბობდი თითქოს ქუჩაში. ქუჩაში მქონდა კამათი იმაზე, რომ მე მითხრეს, განყოფილებაში წამოდიო, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე… განყოფილებაში პოლიციელები არ მალავდნენ ცინიზმს და აგრესიას ჩემ მიმართ. გინება დამიწყეს, როცა გაიგეს, რომ ტელეფონით ვიღებდი მათ რეაქციებს. მერე ტელეფონში ყველაფერი წამიშალეს. ადმინისტრაციულ ოქმს ხელი არ მოვაწერე. დღეს მოსამართლე ლაშა თავარქთილაძეს საქმის გადადება ვთხოვე, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ და არც ადვოკატი მყავს. საქმის განხილვა გადაიდო“, – ამბობს გაბრიელა.

გაბრიელა ამბობს, რომ შარსებობს რამდენიმე მოწმე, ვინც ჭავჭავაძის ქუჩაზე ამ შემთხვევას შეესწრო. გაბრიელა მათ მიწვევას აპირებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

 

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – ლარით ფასდადების სავალდებულო წესი 1-ლი ივლისიდან

2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულო ხდება.

ეს ვალდებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტითაა გათვალისწინებული.

[red_box]ვის მოეთხოვება ფასის ლარით გამოხატვის ვალდებულება[/red_box]

ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს [ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება [სპს], კომანდიტური საზოგადოება [კს], შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება [შპს], სააქციო საზოგადოება [სს, კორპორაცია] და კოოპერატივი.

ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება არ აქვს ფიზიკურ პირს.

[red_box]რა უნდა შეიცვალოს, ან არ შეიცვალოს [/red_box]

[checklist]

  • უნდა შეიცვალოს თუ არა ის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია 1-ელ ივლისამდე და უნდა მიეთითოს თუ არა ფასები მხოლოდ ლარში? – ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება არ ვრცელდება პირთა მიერ ხელშეკრულებაში ვალუტის განსაზღვრის შემთხვევაზე [სახელშეკრულებო ვალუტა]. ამასთან, იგი არ ვრცელდება 1-ელ ივლისამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
  • უნდა შეიცვალოს თუ არა ის ბანერი, ბილბორდი, საინფორმაციო დაფა, რომლებზეც ფასები მითითებულია დოლარში და რომელთა განთავსებაზეც კომპანიებს აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, ვთქვათ, 2018 წლის 1 იანვრამდე? – „ამ კანონის ძალაში შესვლამდე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისათვის განთავსებული ბანერი, ბილბორდი, საინფორმაციო დაფა, რომელთა განთავსებაზეც კომპანიებს (მეწარმეებს) ამ კანონის ამოქმედებამდე აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, ჩვენი მოსაზრებით, არ დაექვემდებარება აღნიშნულ შეზღუდვას“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.
  • თუ დაბეჭდილია ფლაერები შეთავაზებებით დოლარში, ამ ფლაერების გავრცელება 1 ივლისიდან იკრძალება? მითუმეტეს, თუ მითითებულია ფლაერის დაბეჭდვის თარიღი? – ეროვნული ბანკის პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: „აღნიშნული [ლარით ფასდადების] ვალდებულება ეხება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის პირველი ივლისიდან ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებას ან/და რეკლამირებას, მათ შორის ფლაერების გავრცელებას“.
  • ხელშეკრულების გაფორმების დროს ფასის მხოლოდ ლარში მითითება აუცილებელია, თუ დასაშვებია მიეთითოს ლარის ექვივალენტი მაგალითადდოლარში? – ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ხელშეკრულებაში მხოლოდ ლარის მითითება სავალდებულო არ არის: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება პირთა მიერ ხელშეკრულებაში ვალუტის განსაზღვრის შემთხვევაზე (სახელშეკრულებო ვალუტა)“.
  • ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ხელშეკრულებაში შესაძლებელია ჩაიწეროს „დოლარის ექვივალენტი ლარში“, რადგან ეს არ არის შეთავაზება, არამედ არის უკვე ერთგვარი გარიგება. შემოსავლების სამსახურში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თუ 1-ლი ივლისიდან ნებიემიერ კლიენტს კომპანიის წარმომადგენელი ფასს დაუსახელებს დოლარში, ვთქვათ – „1 კვ/მ ფართობის ფასი იწყება 400 დოლარიდან“ – ეს უკვე შეთავაზებაა და ითვალისწინებს სანქციას – გაფრთხილებას ან დაჯარიმებას. ანუ, უცხოური ვალუტით ზეპირი შეთავაზებისთვისაც კი, შემოსავლების სამსახურს შეუძლია დააჯარიმოს მეწარმე სუბიექტი. თუმცა, იგივე კომპანიასა და ამ კლიენტს შორის ხელშეკრულებაში შესაძლებელია მიეთითოს, ვთქვათ, „400 დოლარის ექვივალენტი ლარში“, რაც არ იქნება დარღვევა.

[/checklist]

[red_box]წესის დარღვევის შემთხვევაში[/red_box]

[crosslist]

  • ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის [და არა რეკლამის გამავრცელებლის] გაფრთხილებას;
  • იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მეწარმე [დამკვეთი] დაჯარიმდება 1000 ლარით;
  • ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

[/crosslist]

[red_box]ადმინისტრირება[/red_box]

ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნის წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს.

დარღვევისათვის აღნიშნული სანქციები გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 მუხლით. ეროვნული ბანკის განცხადებით, „ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს [და ადგენს შესაბამის ოქმს]“.

შემოსავლების სამსახურმა ლარით ფასდადებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის დაწყების შესახებაც ოფიციალურად განაცხადა, თუმცა, „კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით, ზუსტი პასუხის გაცემა სამსახურისთვის ამ ეტაპზე რთულია. ჩვენ მართალია ადმინისტრირებას განვახორციელებთ, თუმცა იქნება გამონაკლისიც, არის გარკვეული დეტალები და ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ ამ დეტალების დაზუსტებაზე“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

[red_box]გამონაკლისი[/red_box]

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, გამონაკლისის სახით, ზოგი მეწარმისთვის ფასდადება, ასევე გარკვეული მომსახურების გაწევისას შეთავაზება უცხოურ ვალუტაში დასაშვები იქნება.

ლარი დოლარი (2)

[red_box]გამონაკლისი, როცა ფასდადება დასაშვებია უცხოურ ვალუტაში:[/red_box]

ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:

[checklist]

  • ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული  ხორციელდება  უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან.
  • ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე, ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან. ეს პუნქტი ასევე ვრცელდება აღნიშნული სახის გადაზიდვებთან  დაკავშირებულ მომსახურებებზე.
  • თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევასთან.
  • როუმინგის მომსახურებასთან.
  • უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან.
  • ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან.
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  • არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით)  ან არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებთან.
  • უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან.
  • მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალენტთან; მიმოქცევად სასესხო ინსტრუმენტთან/ვალდებულებასთან; სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან მისი გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებასთან; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებთან; ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, უფლებებთან ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებულ უფლებებთან [ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ინსტრუმენტებზე].

[/checklist]

 

„უსამართლობაა, როცა განსხვავებულად ექცევი“ – კონსტიტუციის 42-ე მუხლი „ბათუმის აქციის საქმეზე“

მინდია ბერიძეს და რევაზ ქერქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. ისინი პირველები არიან, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალი აღიარეს – საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ. მინდია ბერიძე ერთი წლით დარჩება პატიმრობაში, რევაზ ქერქაძე – 6 თვით.

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულ 17 პირს საპროცესო შეთანხმება და 2-2 წლით პატიმრობა შესთავაზა. მასობრივი ძალადობა, რაშიც ჩვიდმეტივე მათგანს ბრალი ედება, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, 23 ივნისს, პროკურატურამ მხოლოდ ორ ბრალდებულთან მიმართებაში 2-წლიანი პატიმრობის ვადა მნიშვნელოვნად შეამცირა და შეთანხმებაც შედგა. სასამართლოში საქმის განხილვა ამ კონკრეტული პირების შეწყდა.

„ეს არის შერჩევითი სამართალი. ერთი და იგივე დანაშაულის და ქმედების გამო არ შეიძლება განსხვავებულად დასაჯო ადამიანები,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის „ბათუმის აქციის საქმეზე“ გოდერძი გორგილაძის ინტერესებს იცავს. ამბობს, რომ პროკურატურა სხვა ადვოკატებთანაც განაგრძობს მოლაპარაკებას, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა ბრალდებულებს პროკურატურა ისევ ორწლიან პატრიმობას სთავაზობს და სამწლიან პირობით მსჯავრს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურამ თავდაპირველად ერთი და იგივე პირობა – ორწლიანი პატიმრობა შესთავაზა ყველა ბრალდებულს, რამდენიმე დღეში კი, ზოგიერთმა განსხვავებული შეთავაზება დაიმსახურა:

„უსამართლობაა, როცა ერთი და იგივე მახასიათებლების მქონე ბრალდებულებს განსხვავებულად ექცევი. თუკი რამდენიმე დღის წინ ყველა მათგანს ორი წლით პატიმრობას სთავაზობდა პროკურატურა და დღეს რამდენიმეს მიმართ შეცვალა, გამოდის, რომ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს პროკურატურას. კანონის დარღვევასთან ადგილი არ გვაქვს, პროკურატურას შეუძლია შეამციროს შეთავაზებული პატიმრობის ვადა, მაგრამ უნდა არსებობდეს დასაბუთება. ხშირად ამ დროს პროკურორები ამბობენ, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. რაში გამოიხატა ეს თანამშრომლობა, რთული გადასამოწმებელია,“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

„მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, მეტი არაფერი,“ – გვითხრა დავით ჯაფარიძემ. ის მინდია ბერიძის ინტერესებს იცავს, რომელიც ერთ წელიწადში გათავისუფლდება პატიმრობიდან. დავით ჯაფარიძის თქმით, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო მინდია ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მოწმეების ჩვენებებს ისმენს სასამართლო. 17 ბრალდებულის გარდა კიდევ ორი ბრალდებული არასრულწლოვანია. მათ საქმეს დახურულ სხდომაზე განიხილავს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს არსებით განხილვას მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

 

ბათუმის აფიშა შაბათ-კვირას

„ბათუმელები“ გთავაზობთ 24-25 ივნისის ქალაქის აფიშას. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ. შაბათ-კვირას, ტრადიციულად, ღიაა მუზეუმებიც.

 

[highlight color=”blue”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight]

„მანქანები 3“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 და 14:30 – 7-9 ლარი

„ტრანსფორმერები“ [3D, რუსულ ენაზე]  – 16:30; 19:30  – 8-10 ლარი

„ძალიან ცუდი გოგოები“ [რუსულ ენაზე] – 22:30 – 10 ლარი

 

[highlight color=”blue”]ბათუმის დრამატული თეატრი[/highlight]

24-25 ივნისი

„ვეფხვი“ – ტრაგიკომედია [რეჟისორი ქეთი დოლიძე]

დასაწყისი: 20:00

ბილეთის ფასი: 12 ლარი

 

[highlight color=”blue”]ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრი[/highlight]

შაბათი, 24 ივნისი – „ოცნების გზაჯვარედინი“ – დასაწყისი: 13 საათზე.

კვირა, 25 ივნისი – „ბრემენელი მუსიკოსები“ – დასაწყისი: 13 საათზე.

ბილეთის ფასი: 4 ლარი.

 

[highlight color=”blue”]ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი[/highlight]

შაბათი, 24 ივნისი

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ კონცერტი

დასაწყისი: 19:00

დასწრება უფასოა.

 

[highlight color=” blue”]ბულვარის კოლონადები[/highlight]

კვირა, 25 ივნისი 

ავიაშოუ „FlyFest Georgia”

დასაწყისი: 16:30

დასწრება უფასოა.

 

[highlight color=”blue”]ბათუმის დელფინარიუმი[/highlight]

დელფინების შოუ 

დასაწყისი: 16 საათზე.

ბილეთის ფასი: 15 ლარი.

პროკურატურა ათ ახალ სედანს ყიდულობს

საქართველოს პროკურატურა პრემიერის თანხმობით ათ  სედანს შეიძენს, რაშიც ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესყიდვის შესახებ საქართველოს პროკურატურამ პრემიერს უკვე შეათანხმა და ტენდერიც გამოაცხადა.

საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, „საქართველოს პროკურატურისათვის დაკისრებული მოვალეობებისა და ფუნქციების შეუფერხებლად და ეფექტიანად წარმართვის, ასევე მის წინაშე მდგარი გამოწვევების წარმატებით დაძლევის უზრუნველსაყოფად“ –  შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის შესახებ განკარგულება უკვე გასცა.

განკარგულება ათი ახალი მანქანის გარდა  ჰაერის კონდიცირების საშუალების [25 ერთეული] შეძენაზეც ითვალისწინებს თანხმობას.

მანქანების შეძენის მიზნით პროკურატურამ  ორი ელექტრონული ტენდერი  გამოაცხადა. ჯამში ორივე შესყიდვის ბიუჯეტი 713 550 ლარია. ტექნიკური დავალების მიხედვით მანქანები , რომლებსაც პროკურატურა შეიძენს, 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

მსუბუქი ავტომანქანები საქართველოს პროკურატურამ გასულ წელსაც შეისყიდა.

 

საქართველოში 9 500 მეზღვაურია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია რეგისტრირებული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ 9-10 საკრუინგო კომპანიის მონაცემებს ეყრდნობა,  მეზღვაურთა დასაქმების სტატისტიკა ბოლო წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2016 წელს დასაქმებული იყო 3928 მეზღვაური; 2015 წელს – 3677 , 2014 წელს კი – 3193 მეზღვაური.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2013 წლიდან 2017 წლის აპრილამდე გაცემულია  კაპიტნის 451 და უფროსი მექანიკოსის 382 დიპლომი.

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნება. ბათუმი საქართველოში ტრადიციულად რჩება ქალაქად, სადაც ყველაზე მეტი მეზღვაური ცხოვრობს. ბათუმშია განთავსებული ყველა ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული პროფესიები ისწავლება.

მთავარ ფოტოზე: საზღვაო აკადემიის კურსანტთა საზეიმო მსვლელობა ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ბოტანიკური ბაღი ევროპის მოედანზე მცენარეებს გაყიდის

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ივნისს ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სარეალიზაციო მცენარეები გამოიფინება.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპის მოედანზე  შეიძინონ შემდეგი სახეობის მეცნარეები –  ჰორტენზია, ჭანჭყატი, ნეკერჩხალი, მაგნოლია, გარდენია, პალმა ბუტია კაპიტატა, პალმა – ვაშინგტონია, პალმა – ფინიკი, ტენსტროემია, ბიოტა (აღმოსავლური ტუია), როზმარინი, გაურა, კალისტემონი, მორცხვი მიმოზა, ოქროსფერი ტუია და ცერეუსი.

ამ დღეს  ბათუმში სხვადასხვა აქტივობაა  დაგეგმილი.

აჭარის განათლების სამინისტრო #23-ე სკოლის ადგილმონაცვლეობას გეგმავს

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის  #23 -ე საჯარო სკოლისთვის, რომელიც მახვილაურში მდებარეობს, ახალ შენობას ააშენებს. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ავტობანის მშენებლობაა:

„იმ ადგილზე, სადაც #23-ე სკოლა მდებარეობს, ავტობანი გაივლის. ამიტომაც სკოლისთვის ახალ შენობას სამინისტრო სხვა ადგილზე ააშენებს,“ – განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროში.

ახალი სკოლის მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს.

ავიაშოუ – პირველად ბათუმში

25 ივნისს, 16:30 საათზე, ბულვარის კოლონადებთან  ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team”-ის  ავიაპილოტაჟი სანახაობრივ შოუ -„FlyFest Georgia”-ს გამართავს. ექვსი საჰაერო  ხომალდი 30-წუთიან სანახაობრივ შოუს მოაწყობს.

ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი  აჭარის რეგიონისა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაა:

„გარდა ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობებისა, მნიშვენლოვანია წარმოვაჩინოთ  კულტურულ-სანახაობითი პოტენციალი. არსებობს დასაბუთებული მოლოდინი, რომ ასეთი სანახაობა გაზრდის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ტურისტულ ატრაქციულობას და იქცევა კულტურული ტურიზმისა და ალტერნატიული სანახაობითი ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს აქტივობად ამიერკავკასიის რეგიონში.“

ავიაშოუ ბათუმში პირველად გაიმართება.

Untitled-1

როგორ გადანაწილდა 28 მილიონი აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 28 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტი  შვიდი მილიონ 600 000 ლარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის, გიორგი რომანაძის ინფორმაციით, ეს თანხა სამინიტრომ აჭარის მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების პროექტს უნდა მოახმაროს.

3 მილიონი ლარი დაემატება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს.

1 156 000  ლარით იზრდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კი 1 251 800 ლარი და ორი ახალი პროგრამა ემატება.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება  974 200 ლარით იზრდება და ემატება ერთი ქვეპოგრამა – ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარული მკურნალობა.

სოციალური პროგრამები 241,6 ათასი ლარით იზრდება, მათ შორის ემატება ერთი ახალი პროგრამა – ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, ხოლო დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის დაფინანსების პროგრამა 36 000 ლარით გაიზრდება.

ყველაზე ნაკლები ბიუჯეტის ნამატიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეხვდა. სამინიტროს ბიუჯეტი 367 000 ათასი ლარით გაიზარდა.

70 000 ლარი გაითვალისწინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ხარჯებისთვის. გიორგი რომანაძის ინფორმაციით, ეს თანხა უმაღლესი საბჭოს შენობის კონდიცირების სიტემის განახლება-გამართვას უნდა მოხმარდეს.

საერთო ჯამში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი ამ დროისათვის 252 მილიონ 943 000 ლარს შეადგენს.

 

 

 

 

როგორ აღნიშნავენ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს

კვირას, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

09:45 – შეხვედრა ექვსი მაისის პარკთან;

10:50 – მსვლელობა, იუნკერების საფლავის გვირგვინით შემკობა და მოწყობა მეათე ნავმისადგომზე;

11:55 – საპატიო სტუმრების სიტყვით გამოსვლა;

12:20 – ჯილდო საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

13:00 – ბათუმის სახელმწიფო აკადემიისკენ მსვლელობა;

15:00 – WISTA Georgia – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საჯარო ლექცია თემაზე „პროფესია მეზღვაური“.

დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართება. დილის  ცხრა საათიდან თორმეტ საათამდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ გამოფენას მოაწყობენ.

საღამოს ექვს საათზე ევროპის მოედანზე კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას  მიიღებს ჯაზ-ბენდი Asea Soul-ი. აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმის ბოტანიკური ბაღიც შეუერთდება, დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე გამოიფინება მცენარეები, რომლის შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

შუახევის სოფლებში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ

შუახევის მუნიციპალიტეტის  სოფლებში გეოლოგები დამეწყრილ ადგილებს სწავლობენ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ზოიძის თქმით, გეოლოგიური დასკვნები ერთ კვირაში მომზადდება, რის საფუძველზე გამგეობა შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს.

„საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით გამგეობაში 50-მდე განაცხადი შემოვიდა. გეოლოგებთან ერთად მახალაკიძეების, შუბნის, დღვანისა და უჩამბის თემების სოფლები შევისწავლეთ, ამ დროისთვის ბარათაულში ვიმყოფებით, დღესვე შევისწავლით ვითარებას დაბისა და ჭვანის თემებში,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

ზაზა ზოიძის ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერების შედეგად, სავარაუდოდ, სოფელ მახალაკიძეებში ერთი ოჯახის გაყვანა დარჩება საჭირო.

მთავარ ფოტოზე: მეწყერი, სოფელი ჭვანა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

Exit mobile version