მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმელი ანა დიასამიძის გზა ეროვნულ ნაკრებამდე

22.12.2017 • 9717
ბათუმელი ანა დიასამიძის გზა ეროვნულ ნაკრებამდე

საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ფრენბურთის გუნდ „ბათუმის“ წევრი ანა დიასამიძე ბათუმში 2017 წლის წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს. ანა მე-12 კლასის მოსწავლეა. „ბათუმელებთან“ თავად ანა ყვება, როგორი იყო მისი სპორტული გზა.

ანა, 2017 წლის წარმატებული სპორტსმენი გახდით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?

ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტიტულით. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.  შარშან და შარშანწინაც დამასახელეს საუკეთესო სპორტსმენად. ჩემი აზრით, ეს მოტივაცია რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ფრენბურთი აღარ გამეგრძელებინა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია მსგავსი ჯილდო.

რომელი წლიდან ვარჯიშობთ?

2011 წელს დავიწყე. თავიდან ჩემი დეიდაშვილი შევიდა ფრენბურთზე. მე ვიყავი ძალიან პატარა, 11 წლის და ყველაფერში ვბაძავდი მას. ჩემზე უფროსი იყო. არ ვიცოდი, საერთოდ, რა სპორტი იყო, უბრალოდ, შევედი. მერე მოეწონა მწვრთნელს ჩემი მონაცემები. სიმაღლე არ მიწყობს ხელს, მაგრამ ჩემი ხასიათი, თუ როგორ ვთამაშობ, ეგ შეამჩნია მწვრთნელმა. ამით დაიწყო ყველაფერი. 2012 წელს მონაწილეობა მივიღე ბულგარეთში გამართულ თამაშზე და  ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერა. შემდეგ მოვხვდი საქართველოს  ფრენბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში, რომლის კაპიტანიც ვარ. კარიერის მანძილზე სხვადასხვა  ჩემპიონატში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2017 წელს უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება მოვიპოვე. ნაკრების ყველაზე პატარა წევრი ვარ.

კლასიკური ფრენბურთის გარდა ვვარჯიშობ პლაჟის ფრენბურთსაც. სამგზის ჩემპიონი ვარპლაჟის ფრენბურთში.

რამდენად რთულია მუდმივად ფორმაში ყოფნა – ყოველდღიურად რამდენ საათს ვარჯიშობთ?

სამწუხაროდ, ახლა ტრავმა მაქვს და ვერ ვვარჯიშობ აქტიურად. ისე, კვირაში ექვსი დღე ვვარჯიშობ, ერთი დღე ვისვენებ. ვარჯიში ორი-სამი საათი გრძელდება ხოლმე. ძალიან რთულია მუდმივად იყო ფორმაში. სწავლის მხრივაც რთულია. ძირითადად, შეკრებაზე გვიწევს საზღვარგარეთ და თბილისში. გამოდის, რომ ბათუმში არ ვართ, მაგრამ სპორტსმენობისთვის, მე მგონი, ღირს.

ფრენბურთს უფრო დიდ დროს ვუთმობ, ვიდრე სწავლას. სწავლაში კი მიშლის ხელს, რადგან ძალიან ბევრი გაცდენა მიწევს როგორც სკოლის, ასევე  კერძო გაკვეთილების. 2018 წელს საზღვარგარეთ მინდა წასვლა, იქ გავაგრძელო ჩემი კარიერა და, ძირითადად, აქცენტი მაინც ფრენბურთზე მაქვს. ჩემი აზრით, კი, სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე მაქვს სწავლა და პირველზე ფრენბურთი. ჩემი აზრით, თუ ადამიანი მოინდომებს შეძლებს ორივეს – სწავლასაც და ფრენბურთსაც. რა თქმა უნდა, შეიძლება ორივეში კარგი ვერ იყო, მაგრამ ორივე შესაძლებელია ერთად. რომ ამბობენ ან სწავლა, ან ფრენბურთიო, ეგ ჩემთვის მიუღებელია – მე ვიცი სპორტსმენები, რომლებიც სპორტშიც დიდ წარმატებას აღწევენ და სწავლაშიც.

ოჯახი თუ გეხმარება და მისი მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია? 

მშობლების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ყველა მიწყობს ხელს. ძალიან ბევრჯერ მქონია ისეთი მომენტი, რომ უთქვამთ – სწავლა, სწავლა, სწავლა… მაგრამ ახლა ოჯახში ისეთი სიტუაცია მაქვს,  რომ იციან – ფრენბურთზე წინ ვერასდროს ვერაფერს ვერ დავაყენებ. ყველაფერში მეხმარებიან. მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა. საქართველოს არ აქვს ისეთი შესაძლებლობები, რომ ყველაფერი დააფინანსოს ან აჭარამ დააფინანსოს.

სპორტსმენისთვის რამდენად ძვირადღირებულია სპორტის ეს სახეობა?

იაფი სპორტი არც ერთი არ არის, მაგრამ იმასაც ვერ იტყვი, რომ ძალიან ძვირია. აჭარის ნაკრებიც გვაფინანსებს, მაგრამ მე რადგან საქართველოს ნაკრებში ვარ, სპორტულები, ჩანთები, ქურთუკები საქართველოს ნაკრებიდან გვაქვს. ჩემი აზრით, ბევრი რამ არის მწვრთნელზე დამოკიდებული.  ძალიან ბევრჯერ ყოფილა კვების ფული არ გვქონია და საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მივდიოდით, მაგრამ ხათუნა გიორგაძეს და თამრი ლატარიას – ჩვენ მწვრთნელებს, მოუხერხებიათ და წავსულვართ.

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს სპორტსმენს ბათუმში?

წინა წლებში ფრენბურთს არ ჰქონდა პერსპექტივა, თუნდაც აჭარაში. ჩვენმა მწვრთნელებმა მოახერხეს ის, რომ რამდენიმე საფეხურით ეს სპორტი წინ წასწიეს. ჩემი აზრით, თუ ადამიანი მოინდომებს, სადაც არ უნდა იყოს, სოფელშიც რომ ცხოვრობდეს, მაინც მიაღწევს წარმატებას. დავდივართ საზღვარგარეთ და ვაკეთებთ შედარებას, იქ როგორ ვარჯიშობენ და ჩვენთან რა ხდება. ჩვენი „ბასკოში“ ვარჯიში არის, აი, არ ვიცი, მართლა საშინელი ადგილია სავარჯიშოდ. მაგრამ მაინც მოვახერხეთ და გავხდით ჩემპიონები. ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად არის მიზანდასახული.

რა თქმა უნდა, უკეთესია საზღვარგარეთ წახვიდე და იქ გააგრძელო, ყველა სპორტში ეგრეა, მაგრამ ბათუმი დასაწყებად კარგია. საზღვარგარეთ წასვლა სპორტსმენს გეხმარება – იქ არის ძალიან ბევრი თამაში, კლუბები. შეიძლება მოეწონო მწვრთნელებს და მერე ისეთ ქვეყანაში წახვიდე, რომ  საოცრება იყოს ქართველისთვის. წელს მინდა ჯერ სკოლა დავამთავრო, მერე ან თურქეთში წავალ ან პოლონეთში. თურქეთი ბევრად სჯობს, მაგრამ ვნახოთ როგორ გამომივა.

რა არის მთავარი მიღწევა ქართველი ფრენბურთელისთვის კარიერაში?

მთავარი მიღწევა ფრენბურთელისთვის საქართველოში არის ის, რომ მოხვდე ახალგაზრდულ ნაკრებში და შემდეგ ეროვნულში. მე დავიმსახურე და მოვხვდი ჯერ ახალგაზრდულში, 2017 წელს ეროვნულ ნაკრებშიც. ჩემი აზრით, დამრჩა ერთ-ერთი საფეხური, რომ წავიდე საზღვარგარეთ და ვითამაშო იქაურ კლუბებში, რადგან საქართველოში იმდენად განვითარებული არაა ფრენბურთი, როგორც სხვა ქვეყნებში. ერთადერთი მიზანი მაქვს წავიდე საზღვარგარეთ და იქ გავაგრძელო კარიერა. ესაა ჩემი ოცნება და იმედია გამომივა. თითქმის რვა წელია ყოველ დღე ორ-სამ საათს ვვარჯიშობ. ყველაზე მეტ დროს, ოჯახზე და სწავლაზე მეტ დროს ფრენბურთს ვუთმობ. ფრენბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება არ წარმომიდგენია. ყველაზე კარგია ის მომენტი, როდესაც დგახარ მოედანზე, სულ მალე თამაში უნდა დაიწყოს და ტანში გაჟრიალებს. ამის შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სპორტსმენს – ყველამ უნდა განიცადოს ეს გრძნობა.

გადაბეჭდვის წესი