მთავარი,სიახლეები

ფრაქცია კომფორტისთვის – „ეს ცუდად აისახება პარტიის იმიჯზე“

20.12.2017 • 2531
ფრაქცია კომფორტისთვის – „ეს ცუდად აისახება პარტიის იმიჯზე“

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით გასულმა წევრებმა კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს: „ქართული ოცნება – მრეწველები“. თვითმმართველობის კოდექსით ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ეს დათქმა კოდექსის ავტორებმა პროექტის განხილვისას იმით ახნეს, რომ საკრებულოებში ერთი პარტიის შიგნით ფრაქციები ხელოვნურად, იმ კომფორტის მისაღებად არ შეექმნათ, რასაც კანონმდებლობა ფრაქციებისთვის ითვალისწინებს.

ფრაქციას აქვს აპარატი, ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე საკრებულოს რიგითი წევრის უფლებამოსილების ხარჯი ყოველთვიურად და ფრაქციას ემსახურება სახელმწიფო ავტომანქანა.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ერთი პარტიის შიგნით შექმნილ ფრაქციების წევრებს არასდროს ჰქონიათ განსხვავებული ხედვა ამა თუ იმ საკითხზე და არც ინიციატივებით გამოსულან.

ასეთ პრაქტიკას წინა ხელისუფლების დროს „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა, კოდექსის დამტკიცების შემდეგ კი, თავს იწონებდა ჩანაწერით ხელოვნური ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებულ შეზღუდვაზე.

ახლა კი, კანონმდებლობაში ხვრელებს, მეტი ფრაქციის შექმნისთვის და, შესაბამისად, მეტი კომფორტის მისაღებად, ისევ მმართველი პარტია ეძებს და პოულობს კიდეც.

საკრებულოს იურისტის განმარტებით, ვინც ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნა, მართალია, ერთი პარტიის სიით მოხვდნენ საკრებულოში, თუმცა ამ პარტიის წევრები არ არიან. „ისინი არიან დამოუკიდებელი წევრები. როდესაც საარჩევნო სია დგება, იქ მითითებულია, ვინ არის პარტიის წევრი და ვინ არა,“ – აცხადებს იურისტი, სულიკო შვენთიძე.

საარჩევნო კოდექსი პარტიული სიის წარდგენისას ასეთ დიფერენციაციას უშვებს, თუმცა თვითმმართველობის შესახებ კოდექსში წერია ისიც, რომ „არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად“.

გაუგებარი დარჩა ისიც, რატომ დაირქვეს საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა „მრეწველები“, დღეს ვერც ახალი ფრაქციის თავმჯდომარისგან გავიგეთ, რატომ ვერ შეძლებდნენ ახალ ფრაქციაში გაერთიანებული ადამიანები „ქართული ოცნების“ არსებულ ფრაქციაში მუშაობას. ფრაქციის თავმჯდომარემ, ანზორ დევაძემ დღეს „ბათუმელების“ კითხვებს მოუცლელობის მიზეზით ვერ უპასუხა.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ასეთი ფრაქციების შექმნა ცუდად აისახება როგორც პარტიის იმიჯზე, ასევე იმ პიროვნებების იმიჯზე, რომლებმაც ეს ფრაქცია შექმნეს. იქედან გამომდინარე, რომ ეს არასდროს რჩება საზოგადოების განსჯის გარეშე:

„მით უმეტეს, როცა ამაზე პრესა, ტელევიზია და სამოქალაქო სექტორი დაინტერესდება, მიყენებული ზიანი, მე მგონია, უფრო დიდი იქნება, ვიდრე ის სარგებელი, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ. თუნდაც ამ გადაწყვეტილების შედეგად. არ ვიცი, ეს რამდენად უღირთ, ეს უნდა თქვას ინიციატივის ავტორმა“.

პოლიტოლოგის განმარტებით, ფრაქცია პოლიტიკურ პარტიებში ცივილიზებულ ქვეყნებში იქმნება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვა.

„მაგალითად, ეკონომიკაზე პარტიის შიგნით შეიძლება არსებობდეს ორი განსხვავებული ხედვა. აქედან გამომდინარე პარტია თანხმდება, რომ შეიძლება  ერთი ეკონომიკური ხედვით იხელმძღვანელოს, მაგრამ ფრაქცია, რომელსაც აქვს ალტერნატიული ხედვები, დარჩეს ფრაქციად. ეს შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკაში ან ნებისმიერ სფეროში. სხვანაირად ფრაქციულობა პარტიაში არც კი მოიაზრება იქედან გამომდინარე, რომ, ზოგადად, ფრაქციულობა ხელს უწყობს პარტიების დაშლასაც კი. პარტიები არ ახალისებენ ფრაქციების შექმნას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არ არის იდეოლოგიური, პოლიტიკური ბაზისი, რომელიც განსხვავდება იმ გენერალური ხაზისგან, რომელსაც პარტია ატარებს. ფაქტია, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. ხვრელებს კანონმდებლობაში მეტი კომფორტისთვის ეძებენ,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

19-წევრიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობას  ბათუმის საკრებულოში ჯერჯერობით ორი ფრაქციითა წარმოდგენილი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“  – ერთი ფრაქციით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: