მთავარი,სიახლეები

როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 355 მილიონი ლარი

22.12.2017
როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 355 მილიონი ლარი

355 მილიონი ლარია აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი. გასულ წელთან შედარებით 19 მილიონით გაიზარდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება. გასულ წელს უწყების ბიუჯეტი 26 მილიონი ლარი იყო, მომავალ წელს 45 მილიონი ლარი იქნება. მათ შორის მომავალ წელს მილიონი ლარი მოხმარდება რეგიონის საინვესტიციო პრომოუშენს. 3 მილიონ 270 000 ლარით დაფინანსდება ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, 2017 წელს ეს პროგრამა 460 000 ლარით იყო დაფინანსებული.

3 მილიონ ლარს დახარჯავს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მომავალ წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 12-დან 25-მილიონამდე გაიზარდა საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაც.

15 მილიონია გამოყოფილი მომავალი წლის ბიუჯეტში გაზიფიცირების პროგრამის გასაგრძელებლად. ბათუმის ბულვარის მოვლა-შენახვა კი მომავალ წელს 9 მილიონი ლარით დაფინანსდება.

4 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, გასულ წელს უწყების ბიუჯეტი 46 მილიონი იყო, მომავალ წელს 50 მილიონი იქნება. მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებისთვის 2 მილიონი ლარი გაითვალისწინეს.

არ იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, უწყებას ისევ 15 მილიონი ექნება.

არ იზრდება არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი – ამ უწყებას მომავალი წლისთვის 12 მილიონი შეხვდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსება გაიზარდა ორი მილიონი ლარით, მიმდინარე წელს ამ სტრუქტურის ბიუჯეტი 7 მილიონ 441 000 ლარი იყო, 2018 წელს კი 9 მილიონ 764 000 ლარი იქნება. ნამატი თანხა, ძირითადად, რეგიონის ტურისტული ადგილების მარკეტინგს უნდა მოხმარდეს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.

მომავალ წელს 5 მილიონი ლარი იქნება შპს „ჰიგიენას“ ბიუჯეტი, ამ ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ე.წ. გაყინული პროექტის, ბათუმის ნაგავსაყრელის მშენებლობა.

მომავალ წელს 65 მილიონს განკარგავს შპს „სტადიონი“, კურორტ „გოდერძის“ ბიუჯეტი კი 3 მილიონი ლარი იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: