მთავარი,სიახლეები

ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს

15.12.2017 • 2271
ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს

„აჭარის მთავრობა მალავს ინფორმაციას სარესტორნო ხარჯების შესახებ,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ წევრი, ლაშა ადამია. მან დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილების და ვახშმების შესახებ.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამართლებრივი აქტი იმისთვის, რომ გაგვეგო, ვისთვის გაიმართა ეს შეხვედრები, რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ვახშამს. მოგვაწოდეს მხოლოდ რესტორნის დასახელება და ჯამში დახარჯული თანხა. ჩვენ კერძო პირებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რეალურად ზურაბ პატარაძე რესტორნებში თავის მეგობრებთან და „ოცნების“ აქტივისტებთან ერთად ქეიფობს და ამაში იხარჯება ხალხის ფული,“ – ამბობს ლაშა ადამია.

რა კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს ლაშა ადამია იმას, რომ ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად იხარჯება? – „ნაციონალური მოძროაბის“ წევრის თქმით, ზურაბ პატარაძემ პარტიის აქტივისტებთან ერთად არჩევნების შემდეგ იქეიფა. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული რესტორანი, სადაც მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ასევე ვერ გვაჩვენა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ საბიუჯეტო სახსრებით გამართეს ვახშამი მთავრობის წარმომადგენლებმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან 14 ნოემბრამდე სარესტორნო მომსახურებისთვის აჭარის მთავრობის აპარატმა 103 064 ლარი დახარჯა, ხოლო საჩუქრებისა და სხვა მომსახურებისთვის – 37 391.

ლაშა ადამია საუბრობს იმაზეც, რომ იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო არჩილ ხაბაძის თავმჯდომარეობის დროს. „აქვე გაჩვენებთ, მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია ინგა შამილიშვილის მინისტრობის პერიოდში. ამ უწყებამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რისთვის გაიმართა კონკრეტული სადილი თუ ვახშამი,“ – დასძენს ის.

აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის მიხედვით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მიზანს ემსახურებოდა კონკრეტული სარესტორნო ხარჯი, ასევე ინფორმაცია სადილზე დამსწრე პირების და მენიუს შესახებ.

რატომ არ გასცა აჭარის მთავრობამ დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილებისა და ვახშმების შესახებ? – ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა.

„ინფორმაცია ვახშმის მიზნების და მენიუს შესახებ, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით პერსონალურ მონაცემებს არ წარმოადგენს,“ – მოგვწერეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან. აქ განმარტავენ, რომ მხოლოდ კონკრეტული ვახშმის დამსწრე სტუმრის ვინაობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს პერსონალური მონაცემი და მისი გამჟღავნებისთვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

„ეს შეიძლება იყოს თავად მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვა და სხვა. არსებობს თუ არა მონაცემთა გამჟღავნების კანონიერი საფუძველი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციამ თავად უნდა განსაზღვროს,“ – აღნიშნავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

„აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა,“ – ამბობს ბესიკ ლილუაშვილი, თუმცა დოკუმენტებს, რაც ამას დაადასტურებს, აჭარის მთავრობის აპარატი არ გასცემს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველ თეთრს ხარჯავს მიზნობრივად და ხარჯავს იმისთვის, რისი საჭიროებაც დგას კონკრეტულ მომენტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე. მეორე და მთავარი: მიმდინარე წელს აჭარის მთავრობამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო დონის კონფერენციასა თუ შეხვედრას. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოთა კონგრესი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტერიალი; პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და სხვა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, ღონისძიება თუ კონფერენცია. ყველა ეს ხარჯი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ, „სარესტორნო ხარჯი“ გაწეულია სწორედ ამ სტუმრების პროტოკოლის მიხედვით, პროტოკოლის შესაბამისად და კანონის სრული დაცვით,“ – ამბობს ბესიკ ლილუაშვილი.

აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აჭარის მთავრობაში წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წლებთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: