ავარია ბათუმში

დღეს, 21 ოქტომბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

ავარია. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ავარია. მანანა ქველიაშვილის ფოტო

22540069_1861628417484163_3883667963654954884_n

22688518_1861628384150833_3605197483718805773_n

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი: „ოცნების“ კოორდინატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა

ბათუმში, მერვე სკოლასთან, #12 და #63 საარჩევნო უბნებთან  ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ვაშალომიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ოცნების“ კოორდინატორებმა. მას „ობიექტივის“ ჟურნალისტი, თეო შალიკაშვილი ემოწმება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო უბანზე აგიტაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“  ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში, 24-ე უბანზე „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ვახტანგ კიწმარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწეოდა საარჩევნო უბნის შიგნით. მისივე თქმით, ამავე უბანზე დამკვირვებელია ვახტანგის შვილი, გურამ კიწმარიშვილიც. მისი თქმით, აღნიშნულზე დაიწერა საჩივარი და შედგა შესაბამისი ოქმი, მაგრამ გააძევეს თუ არა მამა-შვილი უბნიდან, ,,ქართულ ოცნებას” ჯერ ინფორმაცია არ აქვს.

„მივიჩნევთ, რომ ეს იყო გადაცდომა და მამა-შვილმა უბანი უნდა დატოვოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება  შესაბამის ოლქზეა დამოკიდებული” – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის 26-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის ფაქტიც დაფიქსირდა საარჩევნო უბნის გარეთ და როგორც კი შესაბამისი მტკიცებულებები ექნებათ, „ქართული ოცნება“ დოკუმენტურად შეეცდება ფაქტის დადასტურებას.

ირაკლი ჭეიშვილს ასევე ჰკითხეს საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების მასიურად მიყვანის შესახებ, რაზეც მან განაცხადა, რომ როცა საქმე ეხება პირადი მანქანით მეგობრების და ახლობლების საარჩევნო უბნამდე მიყვანას, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. იგი ამბობს, რომ საარჩევნო შტაბიდან ამომრჩეველთა ორგანიზებულ გადაყვანას ადგილი არ ჰქონია.

ბათუმში რესტორნის საკვამურში ხანძარი გაჩნდა [ფოტო]

ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ახალ ბულვარში მდებარე რესტორან „აჭარულ სახლში“.

როგორც „ბათუმელებს“ სახანძრო სამსახურში უთხრეს, ხანძარი საკვამურში გაჩნდა და მისი ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

22540179_10215199258521477_3154899159826985648_n

22554903_10215199258881486_5194662227091283975_n

არაადაპტირებული კაბინა ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე და ხუთი საჩივარი

ბათუმში, #7 საარჩევნო უბანზე არაადაპტირებული კაბინაა, რის გამოც ორი საჩივარი დაიწერაა.

საარჩევნო უბანზე ადაპტირებული კაბინის არქონის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ცალკე მაგიდაზე არჩია. ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების მიზეზი გახდა. საჩივარში წერია, რომ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღიად, კომისიის მდივნისა და რეგისტრატორის მაგიდების შორის მოუხდა და მისი არჩევანი დააფიქსირეს უბანზე მყოფმა პირებმა.

#7 საარჩევნო უბანზე სულ ხუთი საჩივარი დაიწერა. პირველი საჩივარი წილისყრის პროცესთან დაკავშირებით დაწერეს, –  დამკვირვებელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წილისყრის პროცესის არასათანადო გამჭვირვალობა გაასაჩივრა.

კომისიის მდივნის განმარტებით, წილისყრის პროცესი ჩატარდა წესის მიხედვით და ეს დამკვირვებელს გამორჩა, რომელიც მოშორებით იდგა. „საჩივრად გავაფორმეთ მაინც,“ – თქვა მან.

დანარჩენი ორი საჩივარი საკონტროლო ფურცლის დაგვიანებით ჩაგდებასთან დაკავშირებით დაიწერა.

12 საათის მონაცემებით, #7 უბანზე ხმა 146-მა ამომრჩეველმა მისცა.

სტატისტიკა: აჭარაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა, სულ 49 041-მა ამომრჩეველმა.

ყველაზე მეტად ამომრჩეველი კვლავინდებურად ბათუმში პასიურობს, 12 საათისთვის ბათუმში ხმა მისცა 12.6-მა პროცენტმა,  17 637-მა ამომრჩეველმა.

რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის ასეთია:

ქედა – 3540 ამომრჩეველი, 22.6 პროცენტი;

ხულო  – 4251 ამომრჩეველი, 17.7 პროცენტი;

შუახევი – 3290 ამომრჩეველი, 21.9 პროცენტი;

ქობულეთი – 12308 ამომრჩეველი, 18.2 პროცენტი;

ხელვაჩაური – 8015 ამომრჩეველი, 17.8 პროცენტი.

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია 139 595 ამომრჩეველი, ქედაში – 15 643; ქობულეთში – 67 703; შუახევში – 15 009; ხელვაჩაურში – 44 928, ხოლო ხულოში – 23 983. აჭარაში ამ დროისათვის სულ 306 861 ამომრჩეველია.

ბათუმის #15 უბანზე მეოთხე საჩივარს წერენ

უკვე სამი საჩივარი დაიწერა ბათუმის #15 უბანზე, სადაც ამჟამად „ბათუმელების“ კორესპონდენტი იმყოფება. ამ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი შეცვალეს, მიზეზად კი, ის დაასახელეს, რომ აპარატი ტექნიკურად გაუმართავი იყო.

ერთი საჩივარი სწორედ ამის შესახებ დაიწერა. მეორე საჩივრის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ამომრჩევლის კაბინაში ბიულეტენის შევსების წესი გამოკრული არ იყო, მესამე საჩივარი კი მოქალაქე გალაკტიონ კაკაურიძემ დაწერა, რომელიც ამ უბანზე დამკვირვებელია და მისი თქმით, ტრადიციულად ამ უბანზე აძლევს ხმას, თუმცა საარჩევნო სიაში არ არის.

მეოთხე საჩივარს #15 საარჩევნო უბანზე ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი წერს. მისი თქმით, საარჩევნო სიაში  გარდაცვლილი პირია.

ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083-მა ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია.

აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი – ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

Untitled

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია 139 595 ამომრჩეველი, ქედაში – 15 643; ქობულეთში – 67 703; შუახევში – 15 009; ხელვაჩაურში – 44 928, ხოლო ხულოში – 23 983. აჭარაში ამ დროისათვის სულ 306 861 ამომრჩეველია.

საია: საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ინფორმაციით, არჩევნები ყველა იმ უბანზე, სადაც წარმოდგენილია საიას დამკვირვებლები, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასახონ ბიულეტენში.

გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა პროცედურული წესების დარღვევა, რაზეც საიას მიერ ჩანაწერთა წიგნში ჩაიწერა 6 შენიშვნა და 3 საჩივარი დაიწერა უბანზე. ხოლო არსებითი ხასიათის დარღვევა და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა ქობულეთის N81 ოლქის N16 უბანზე, სადაც საიას დამკვირვებელი არ დაუშვეს უბანზე 07:05 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ამასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და ველოდებით საჩივრის განხილვას. ამ ეტაპზე ჩვენი დამკვირვებელი დაშვებულია უბანზე და იგი აკვირდება კენჭისყრის პროცედურებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას ან ხდება მათთან გასაუბრება. მოცემული ფაქტი არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, მაგრამ აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე,“  – აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის განცხადებაში.

სამი საჩივარი ბათუმის #79 ოლქში

ბათუმის #79 ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.

ოლქის მონაცემებით, 10 საათისთვის ბათუმში 7 014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტს მცირედით აჭარბებს. ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია.

ენმ ბათუმში: 43 საჩივარი დავწერეთ ათი საათისთვის

11 საათზე ბრიფინგი გაიმართა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი დარღვევები ჩამოუთვალა, რაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს:

„45-ე უბანზე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მარკირებას არ უმოწმებდნენ ამომრჩევლებს.

49-ე უბანზე მას შემდეგ, რაც წილისყრა მოხდა და განისაზღვრა კომისიის წევრების ფუნქციები, რეგისტრატორი კომისიის წევრების ვინაობას თავმჯდომარე ტელეფონით აწვდიდა უცხო პირებს. ეს არის საგანგაშო ფაქტი, რადგან ეს არის კარუსელის წინაპირობა. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია მიიღეს „სუს“-ის შესაბამისმა თანამშრომლებმა, მათ კონტაქტი აქვთ რეგისტრატორებთან, რომლებიც მათ დაეხმარებიან კარუსელის დატრიალებაში.

ასევე, 31-ე უბანზე, კომისიის წევრებმა დატოვეს თავიანთი ფუნქცია ისე, რომ სხვას არ გადააბარეს, რითაც ირღვევა მნიშვნელოვნად საარჩევნო პროცედურები“.

ათი საათის მონაცემებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 43 საჩივარი დაწერა.

 

 

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი გადაყვანისას გონზე იყო და მისი თქმით, მას მატარებელმა „გაჰკრა“.

შემთხვევა ბარცხანის ტერიტორიაზე, სარკინიგზო ხაზთან მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს – რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ცხრა კანდიდატი – ვინ გახდება ბათუმის მერი?

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. ბათუმს უკვე მეორედ ეყოლება არჩეული მერი.

ბათუმში ამომრჩეველს მერობის ცხრა კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მერობის კანდიდატები არიან:

[checklist]

[/checklist]

ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.

თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად ცხრიდან ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მოაგროვებს. ასე მოხდა 2014 წლის ბათუმის მერის არჩევნებზე, როცა მეორე ტურში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდა 26 103 ხმით.

აჭარაში 306 861 ამომრჩეველია

დღეს, 21 ოქტომბერს, ამომრჩევლები საქართველოში 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 9 – ბათუმში. მერებს ირჩევენ დღეს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში.

ცესკოს ინფორმაციით დღეს არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს 4 820 ჟურნალისტი გააშუქებს.

ცესკოს ინფორმაციით ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. აქედან აჭარაში – 306 861.

თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში – განახლებადი

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე, უწყვეტ ონლაინრეჟიმში გააშუქებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი. თუ შეესწრებით საარჩევნო დარღვევას, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ფეისბუქზე. ნებისმიერი ფოტო/ვიდეო გამოქვეყნდება ავტორის ვინაობის მითითებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავად ავტორს არ სურს ვინაობის იდენტიფიცირება. თუ არ გაქვთ ფოტო, მაგრამ გაქვთ ინფორმაცია, ასევე, დაგვიკავშირდით და ჩვენ გადავამოწმებთ. თვალი ადევნეთ batumelebi.ge-ს, გაიგეთ ყველაფერი არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

შვებულებები და საპატიო მიზეზით გათავისუფლება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქედის საკრებულოში ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარის კაბინეტის კარები ჩაკეტილია, ადგილზე მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხასან აბაშიძე იმყოფებიან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე ამბობს, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა გორგილაძე და ფრაქცია „ქედის“ თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე, მათი თხოვნის საფუძველზე დილით გაათავისუფლა, საკრებულოს სამი წევრი კი შვებულებაში იმყოფება.
საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, შვებულებაში იმყოფებიან საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე რეზო თურმანიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რომან დავითაძე.
ქედის საკრებულოში სულ ექვსი ფრაქცია და ხუთი კომისიაა.

“ოცნების ქალაქი” – არჩევნებიდან არჩევნებამდე (ფოტო)

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ათეულობით ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად. ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებმა ხის და მუყაოს ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ. ბევრი მათგანი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და საკუთარი სახლი, ხელვაჩაურში გადმოსახლებამდე, არ ჰქონდათ.

 

1 (75)

საზოგადოება დასახლებას „ოცნების ქალაქის“ სახელით იცნობს. ბოლო ხუთ წელიწადში ეს ადგილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მუყაოს და ხის ფიცრულები, ბეტონის ნაგებობებმა ჩაანაცვლა.  თუმცა არ შეცვლილა საერთო სოციალური ფონი – გაჭირვება და გარემო, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრება.

 

1 (33)

 

1 (65)

დასახლებას არ აქვს სკოლა, არც სამედიცინო პუნქტი, ერთადერთი სასწავლო ფუნქციის მქონე შენობა საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვები ინგლისურს ისწავლიან. შენობა, რომელშიც ცენტრი უნდა გაიხსნას, მრავალფუნქციურია. მასში იქნება საერთო საპირფარეშო, სააბაზანო და სამრეცხაო იმ ოჯახებისთვის, ვისაც საკუთარი სველი წერტილი არ გააჩნია და სარეცხი მანქანა არ აქვს.

1 (71)

1 (49)

ოჯახები, ვისაც საკუთარი სააბაზანო და საპირფარეშო არ აქვს ოცნების ქალაქში მრავლადაა. ხშირად ერთი ტუალეტით ორი-სამი ოჯახი სარგებლობს.

1 (87)

ქალმა, რომელმაც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე (თხილი, ჩაი) შრომით სახლის აშენება შეძლო, ძველი ქოხი, ახალ სახლს ზემოდან დაადგა.

1 (85)

ჯემალ საგინაძეს თავდაცვის სამინისტრომ ახლახან ფეხის პროთეზი გამოუცვალა. ძველ პროთეზს სამახსოვროდ ინახავს. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია და უკვე წლებია ოცნების ქალაქში ცხოვრობს.

1 (29)

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვები განათლებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში იღებენ.

1 (73)

 

1 (79)

იმის გამო, რომ ზოგ ოჯახს ბავშვების აღზრდისთვის შესაბამისი პირობები არ აქვს, შვილები პანსიონში ჰყავთ. მაგალითად, თამარ კოკობინაძეს თავისი შვიდი შვილიდან, ოთხი პანსიონში ჰყავს მიბარებული. როგორც თამარი ამბობს, იქ მის შვილებს ყველაფერი აქვთ, რაც სრულფასოვანი განათლების მისაღებად სჭირდებათ.

1 (39)

„ოცნების ქალაქში“ პირველი სალოცავი (მეჩეთი) ცოტახანში გაიხსნება. დასახლების ერთ-ერთმა მკვიდრმა სალოცავი საკუთარ სახლს მიაშენა. ის აპირებს „ოცნების ქალაქის“ ბავშვებს სასულიერო განათლება მისცეს.

მეჩეთი

ის, რაც „ოცნების ქალაქში“ არ შეცვლილა ურბანული გარემოა. როცა წვიმს, დასახლება იტბორება, წვიმის შემდეგ კი გუბეები რამდენიმე დღე რჩება. ზაფხულობით მწერები, გველები, მღრნელები და არასასიამოვნო სუნი, მთელი „ოცნების ქალაქის“ დაუძლეველი პრობლემაა.

1 (48)

ბავშვებს თამაში მტვერსა და ოღრო-ჩოღრო ქუჩებში უწევთ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვებისთვის არაფერია.

1 (67)

1 (59)

 

1 (53)

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია.

„ტერიტორიას აქვს უნიკალური პოტენციალი, რომ განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოამზადა Colliers International-მა“, – აცხადებენ სამინისტროში.

კონცეფციის მიხედვით, განაშენიანება მოიცავს როგორც გონიოს დასახლებას, ასევე ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას; მდინარე ჭოროხზე ასაგები ახალი ხიდი კი, ამ ადგილებს ბათუმთან [აეროპორტთან, ახალი ბულვარის გაგრძელებასთან] აკავშირებს.

gonio-poligoni-gengegma
წყარო: გონიოს განვითარების კონცეფცია

ტერიტორია  ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით შესწავლილი რომ იყო, სამინისტროში გასულ წელსაც გვითხრეს, თუმცა კონცეფცია მაშინ სამინისტრომ არ გაასაჯაროვა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალი სამ მილიარდ დოლარს აღწევს და აქ მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების საქმე ამ დრომდე „გეგმის“ იქეთ არ წასულა.

gonio poligoni 3
ფოტო გონიოს განვითარების კონცეფციიდან

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია 314 ჰექტარია და რამდენიმე წელია უფუნქციოდაა. გონიოს დასახლებაც და ეს ტერიტორიაც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორიით ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა „ეს არის ზოგადი დაინტერესება და რაიმე კონკრეტული პროექტი ან ინვესტორი გამოკვეთილი არ არის. ჩვენ საკითხში გარკვეულწილად ჩართული ვართ იმდენად, რამდენადაც ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აჭარის ავტონომიის საკუთრებაა“.

„არანაირი პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ ტერიტორიასთან იქნებოდა დაკავშირებული, ქალაქის არქიტექტურის სამსახურში არ შემოსულა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

gonio poligoni 2
ფოტო გონიოს განვითარების კონცეფციიდან

გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები, როგორც თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და არ იციან თუ როდის დასრულდება. „ეს არის ძალიან შრომატევადი და რთული სამუშაო“, – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში.


ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ,  ჭოროხის დელტაშია, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში იყო საუბარი აქ ტყე-პარკის მოწყობის შესახებაც, თუმცა მუნიციპალიტეტში ეს არ დაგვიდასტურეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმს ბუნებრივი ტყე-პარკი, როგორც ასეთი, არ აქვს. ბულვარი და ბოტანიკური ბაღიც კი  ხელოვნურადაა გაშენებული.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ მიხედვით, საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებშია მოქცეული.

ქალაქის საკრებულოს და მერიას ყოფილი პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე არ უმუშავიათ.

„სარეკრეაციო ზონას არავინ შეეხება… კონცეფციით ლანდშაფტის შენარჩუნებაც გათვლილია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება,“ –განაცხადეს გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ამავე თემაზე:

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია / 20.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
კვარიათი-გონიო-ბათუმი - ხედი კვარიათიდან / 18.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
კვარიათი-გონიო-ბათუმი – ხედი კვარიათიდან / 18.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა.

ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების კუთხით? თქვენს პროგრამაში მხოლოდ ეს ჩანაწერი ვიპოვეთ: „ქალაქში ეფექტური პარკირების სისტემის ამუშავება და ამოქმედება“.

პარკირება არის სერიოზული მსჯელობის საგანი. საუბარია რამდენიმე მიმართულებით მუშაობაზე. ერთია სატრანსპორტო ტერმინალების შექმნა ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში, რომელიც მიიღებს უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. პარკირების სისტემის მოგვარებაში იგულისხმება ავტოპარკის განახლებაც. მერია გეგმავს რამდენიმე ათეული ახალი ავტობუსის შეძენას, რომელიც იქნება ადაპტირებული სხვადასხვა ქუჩაში, ასევე სხვადასხვა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანისთვის. აქ იგულისხმება ასევე სპეციალური სატარიფო მიდგომა ქალაქის სხვადასხვა ზონაში მანქანების პარკირების დროს და საპარკინგე შენობების განთავსებას.

სად იქნება საპარკინგე შენობები?

ჩვენ უკვე გვაქვს რუკა, სადაც არის მითითებული რეკომენდებული წერტილები. ეს რუკა არის შემუშავებული გაეროს განვითარების პროექტის – „ბათუმი მწვანე ქალაქის“ ფარგლებში. ამას აკეთებდნენ ჩემი ყოფილი კოლეგები უცხოელ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. მათ ასევე ბათუმის მერიას გადასცეს სპეციალური „სოფტი“, რომელიც ახდენს მოდელირებას სატრანსპორტო ნაკადებისა, მაგალითად, ვიცით რამდენბინიან სახლს ვაშენებთ და დაახლოებით რამდენპროცენტიანი დატვირთვა აქვს ამ მობინადრეებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ სისტემა აკეთებს მოდელირებას, თუ რამდენად ამძიმებს ეს სახლი სატრანსპორტო მიმართულებებს. ეს იძლევა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, სად იქნება უფრო ეფექტური საპარკინგე შენობების მოწყობა.

რა დაჯდება საპარკინგე შენობების მოწყობა და სად ნახავთ ამის ფულს? 

საპარკინგე შენობებზე ჩვენ განვიხილავთ ორ მიდგომას. ერთი ეს არის საბიუჯეტო სახსრები, მეორე არის კერძო სექტორი. მე უკვე გავაჟღერე ეს იდეა მშენებლებთან და ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ამ იდეამ. მშენებლები არიან დაინტერესებულები შეხედონ ამას, როგორც ბიზნესს, ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან…

აქამდე რატომ არ ჰქონდათ ამის ინტერესი, თუ ეს საინტერესოა ბიზნესისთვის?

რა იცით, რომ არ ჰქონდათ, თქვენ გქონდათ საუბარი მშენებლებთან?

ჩვენ ვხედავთ, რომ შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები საპარკინგე ადგილების გარეშე.

მოცემულობა არ არის ამაზე პასუხი, რადგან მხარდამჭერთა კლუბში მე დაახლოებით 30 ბიზნესმენთან მქონდა შეხვედრა. ერთხმად ყველამ გამოხატა მზაობა, რომ შეხედონ ამას, როგორც ბიზნესს და  დაიწყონ ამის განხორციელება. მე არ ვიცოდი მანამდე ამ ხალხის აზრი. არ მაქვს პასუხი ბიზნესმენები აქამდე რატომ არ ინდომებდნენ ამის გაკეთებას. მე არ მინდა გავაკეთო შეფასებები და დასკვნები. მე მთლიანად ორიენტირებული ვარ მომავალზე…

თქვენს პროგრამაში ასევე მცირე და ზოგადი ჩანაწერია გამწვანებაზე, რომ პრიორიტეტი იქნება გამწვანება. კონკრეტულად რა გამწვანდება და რა ფასად, შეგიძლიათ გვითხრათ? 

არ ვიცი, თქვენ რას ეძახით მცირეს და ზოგადს. მნიშვნელოვანი იყო დაფიქსირებულიყო ჩემი მიდგომა, რომ გამწვანება არის ჩემი პრიორიტეტი.

ამას მერობის ყველა კანდიდატი ამბობს. კონკრეტულად რას აპირებთ, იქნებ ეს გვითხრათ. 

მე ვაპირებ სკვერების მოწყობის და რეაბილიტაციის პროგრამის დასრულებას. გარდა ამისა, ბათუმში არის ძალიან ბევრი დიდი ეზო, რომელთა გამწვანებაა საჭირო. ეზო არ უნდა იხრჩობოდეს ბეტონში. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, როგორიცაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ასევე ახალსოფლის სასათბურე მეურნეობა, რომ ქალაქს შევმატოთ ძალიან ბევრი რეკრეაციული ზონა. დაგეგმილია ასევე მსხვილი რეკრეაციული ზონის მოწყობა, მაგალითად, გონიოს ნაგავსაყრელის კონსერვაციის შემდეგ იქ მოეწყობა სერიოზული სარეკრეაციო ზონა. ახალი ბულვარიც ძალიან კარგ საშუალებას იძლევა ფანტაზიისთვის, რომ ამ კუთხით განავითარო კონცეფცია.

 

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ძველი ბათუმის ნგრევის ფოტოქრონიკა

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია საზოგადოება „ბათომის“ მიერ გამართულ გამოფენას, რომელიც დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიხსნა  და ისტორიული ბათუმის ცვლილებისა და ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს:  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა. გამოფენა ერთი საუკუნის განმავლობაში ბათუმში მიმდინარე ცვლილებების ფოტოქრონიკაა.

გამოფენის გახსნას ევროპის მოედანზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პროტესტი მოჰყვა. ზედამხედველობის სამსახურმა გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს განუცხადა, რომ მას აჯარიმებენ ევროპის მოედანზე უკანონო ფოტოგამოფენის გამართვის გამო.

გამოფენა ევროპის მოედანზე საღამოს 7 საათამდე დარჩება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია, batumelebi.ge კი გამოფენის ელექტრონულ ვერსიას გთავაზობთ.

00 01 02 03 05 06 07 08 09 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

უკანონო მშენებლობა სარფში

სოფელ სარფში, კალენდერეს უბანში, საიდანაც ზღვის ხედით ულამაზესი პეიზაჟი იშლება, ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მან ნაკვეთი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც წამოიწყო. ბიზნესმენს იმაზე არ უფიქრია, რომ მშენებლობის წამოწყებას სამშენებლო პროექტის მუნიციპალიტეტის  არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება და შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ნაკვეთის მესაკუთრემ ადგილზე სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ისე დაასრულა, რომ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურმა არ იცოდა, ვიდრე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს ოპოზიციას არ მიმართა.

„ … არ დაგვიჯარიმებია, რადგან ეს ადგილი ბათუმს ეკუთვნოდა. შემდეგ როცა კოდი შეიცვალა და ადგილი ხელვაჩაურის საკუთრებაში დაფიქსირდა, მივედით და მივეცით გაფრთხილება, მშენებლობა შევაჩერებინეთ. თუ ერთ თვეში ნებართვას არ წარმოადგენს, დავაჯარიმებთ,“- განმარტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გია ქურიძემ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებელი ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც გაუფრთხილებია: „დავაჯარიმეთ 3000 ლარით. მშენებლობა ზუსტად ორი მუნიციპალიტეტის საზღვარზე იყო დაწყებული, რამაც შექმნა გაურკვევლობა“.

დიმიტრი ტვილდიანს საფუძვლის ჩაყრის სამუშაოებისთვის ადგილობრივი მშენებლები დაუქირავებია, მათი თქმით ბიზნესმენი დიდ სასტუმრო კოპლექსს აშენებს. გარდა ამისა, მას გაჰყავს 15 კმ სამანქანო გზა ტყემდე. მუშებმა ისიც თქვეს, რომ ამ მშენებლობის დასათვალიერებლად საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც იმყოფებოდა.

ხელვაჩაურის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში შეძენილ ნაკვეთზე მშენებლობის მისაღებად დოკუმენტები უკვე წარადგინა, თუმცა ჯერ შესაბამის სამსახურს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2670 არსასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა.

მშენებლობის ადგილის მიმდებარედ საფლავებია.

ბიზნესმენს ტელეფონი გამართული აქვს.

დიმიტრი ტვილდიანი პროფესიით ექიმია და ის ამ დრომდე სამედიცინო ბიზნესით იყო დაკავებული. დიმიტრი ტვილდიანი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრისა და შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მფლობელია.

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა ზეპირად

„მე მაქვს ყველაზე დეტალური და კონკრეტული საარჩევნო პროგრამა,“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა ეს ფრაზა ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ. ინტერვიუს დროს მისგან რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი: „ახლა ამისგან თავს შევიკავებ,“, „კონკრეტიკა საჭირო არ არის“, „გაირკვევა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის შემდეგ“…

ის, რასაც ლაშა კომახიძე „დეტალურ პროგრამას“ ეძახის, ვერ ნახავთ ვერსად, ყოველ შემთხვევაში, საჯარო სივრცეში. კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე ლაშა კომახიძემ მხოლოდ პროგრამის შემოკლებული ვერსია მოგვაწოდა, სადაც, ძირითადად, საუბარია სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაზე. რას აპირებს ლაშა კომახიძე – მერობას, თუ კვლევების წარმოებას, რა დრო დასჭირდება სტრატეგიების შემუშავებას და რა იქნება მანამდე? – „ბათუმელები“ ეცადა გაეგო, რის გაკეთებას აპირებს ლაშა კომახიძე ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში.

ბატონო ლაშა, თქვენ საარჩევნო პროგრამის შემოკლებულ ვერსიაში საუბრობთ სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე 9 მიმართულებით. ფიქრობთ, რომ კვლევების სატარებლად უნდა აგირჩიონ? რეალურად რას გააკეთებთ, ამ პროგრამიდან ეს არ ჩანს. 

თქვენ თუ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ძალიან არასწორი შთაბეჭდილება შეგქმნიათ. სტრატეგიული დოკუმენტები არის ამ პროგრამის მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილი. ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, შშმ პირების ქალაქის ცხოვრებაში უკეთესად ინტეგრაციის, დასაქმების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის პოლიტიკა. ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქალაქმა იმოძრაოს და განახორციელოს კონკრეტული პროგრამები. თუკი ეს სტრატეგიული დოკუმენტები არ იქნება, მაშინ ტყუილი იქნება საუბარი იმაზე, თუ რომელ პროგრამას როგორ განვახორციელებთ და რამდენად ეფექტურია ეს პროგრამები. პოლიტიკური დოკუმენტები არის გარკვეულ დროში დასახული მიზნები, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა. თითოეული პროგრამა არის პასუხი ამ მიზნებზე. ძალიან ადვილია შემდეგ იმის განსაზღვრა, რამდენად სწორად მიდის მერია ამა თუ იმ მიმართულებით. შექმნა პოლიტიკური დოკუმენტი, არის პირველი და აუცილებელი პირობა მერიის ეფექტური მუშაობისთვის.

თქვენი ხედვა არ ჩანს ამ პროგრამაში. 

რა თქმა უნდა, არ ჩანს, რადგან ეს არის, პირველ რიგში, შემოკლებული ვერსია და თითოეული ამ თემის გაშლა გამოიწვევდა ძალიან ვრცელი ვერსიის მიღებას. ჩვენ დეტალებზე ვესაუბრებით ამომრჩევლებს. არის აქ კიდევ მეორე მომენტი: მაგალითად, განათლების პოლიტიკას მე, ლაშა კომახიძე ვერ შევქმნი იმიტომ, რომ არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი. ეს ჩემი მხრიდან იქნებოდა დაუსაბუთებელი…

ურბანულ პოლიტიკაზე გვითხარით, რაც აქტუალური თემაა ბათუმში. 

რაც შეეხება ურბანულ პოლიტიკას, ბათუმის მერია გააგრძელებს კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს KFW მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვის პროექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას და ახალი ფაზის დაწყებას. შესაძლებელია ახალი მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება. ასევე ვაპირებ ქალაქმშენებლობის რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას.

პროგრამაში გიწერიათ, რომ ამ კუთხით აპირებთ კონკრეტული დადგენილებების გადახედვას. გვითხარით, რის შეცვლას აპირებთ? 

არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ არსებობს საკრებულოს გარკვეული დადგენილებები, რომელიც შესაძლოა ისეთი ეფექტით ვერ მოქმედებს, როგორსაც ვინატრებდით, მაგალითისთვის მოგიყვანთ ხმაურზე დაწესებულ ჯარიმას, რომელიც ხელს არ უშლის ადამიანებს ღამის 11 საათის შემდეგაც გაისროლონ ფოიერვერკები, იმოძრაონ მოტოსაშუალებებით, რომელსაც არა აქვს მაყუჩი. სავარაუდოდ, დაწესებული ჯარიმა არ არის ეფექტური. ასეთი ტიპის დადგენილებების გადახედვას ვაპირებთ ნამდვილად. ვფიქრობ, რეგულაცია და დადგენილება თავისი შინაარსით უნდა იყოს ეფექტური.

მშენებლობების კუთხით დადგენილი რომელი რეგულაცია შეიძლება შეიცვალოს?  

ამ ეტაპზე შევიკავებ თავს. ვფიქრობ, ეს არის გაცილებით უფრო ღრმა და სპეციალისტებთან ერთად უფრო დეტალური შესწავლის საგანი. მე მაქვს ამ ეტაპზე ჩემი გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ მინდა წინასწარ ამის გაჟღერება…

არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეხედულებების გამო უნდა აგირჩიოთ მოსახლეობამ?

მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელსაც აქვს ყველაზე კონკრეტული და დეტალური საარჩევნო პროგრამა. ამას მე ვახმოვანებ ჩემი შეხვედრების დროს მოსახლეობასთან, ათი ათასზე მეტ ადამიანს შევხვდი ამ დღეების განმავლობაში, ჩავატარე 100-ზე მეტი შეხვედრა…

ზოგიერთ შეხვედრაზე უმეტესობა ბავშვია. თქვენს ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ასე ჩანს.

ბავშვები ყოველთვის გამოდიან შეხვედრაზე, არასწორი შთაბეჭდილება გაქვთ, მე შევხდი ათი ათასზე მეტ ამომრჩეველს… კი, ბევრი ბავშვია, რადგან მე ძალიან მიყვარს ბავშვებთან ერთად სურათების გადაღება. ამომრჩეველს უხარია და გამოდის შეხვედრაზე ბავშვებთან ერთად. ბავშვები, როგორც წესი, ხშირად სთხოვენ ხოლმე მერობის კანდიდატს ატრაქციონის მოწყობას, სტადიონს და ასე შემდეგ. ყოველი ჩემი შეხვედრა არის პარტიის მიერ ვიდოეზე გადაღებული და დასურათებული. შეიძლება ასკაციან შეხვედრაზე სადღაც 10-15 ბავშვი არის.

lasha 1
ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან/ ფოტო ლაშა კომახიძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

პროგრამას დავუბრუნდეთ. ეს პროგრამა იმიტომ ხომ არ გაასაჯაროეთ, რომ მასში კონკრეტულს ამომრჩეველი ვერაფერს ნახავს?

პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი პროგრამა არის ყველაზე კონკრეტული, დეტალური… არ ვიცი თქვენ რამდენად სწორად კითხულობთ იმ პროგრამას, რომელიც შემოგთავაზეთ. მართალია, მე შემოგთავაზეთ შემოკლებული ვარიანტი. იმიტომ არ გავასაჯაროვე, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მუშაობის პროცესშია, ის იხვეწება ყოველდღიურად ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს. მერად არჩევის შემთხვევაში გარკვეულ პერიოდში მიიღებთ ძალიან სერიოზულ გეგმას განათლების, კულტურის და ყველა მიმართულებით. ცალკეული მიმართულებით დღეს ჩვენი კომპეტენცია არაა საკმარისი. მე ვერ დავწერ, მაგალითად, პოლიტიკურ დოკუმენტს ჯანდაცვაზე.

რა დრო დასჭირდება ამ სტრატეგიული დოკუმენტების შექმნას, მოასწრებთ ამას მერობის სამწლიან პერიოდში?

სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება არ ნიშნავს საკითხების შეჩერებას. ამ დოკუმენტების მომზადების პარალელურად საკითხების მოგვარება გაგრძელდება. თავად დოკუმენტების შემუშავებას დასჭირდება სადღაც სამი-ოთხი თვე. შესაძლოა ხუთიც დასჭირდეს, ეს იმაზეა დამოკიდებულია, რაც სამუშაო პროცესში გამოვლინდება.

რა წერია, მაგალითად, თქვენს პროგრამაში k2-ზე, რაც ნიშნავს მშენებლობებზე განსაკუთრებული სიმაღლის დაშვებას. 

მომავალი მერი აპირებს ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის დადებას, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დასვამს ყველა წერტილს k-2-ზე, თუ სხვადასხვა კითხვის ნიშანთან დაკავშირებით. ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა იქნება სახელმძღვანელო, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, თუ სად რა, როგორ აშენდება, რა სიმაღლეები იქნება ნებადართული.

თქვენი დამოკიდებულება როგორია – k2-ზე – რეკომენდაცია ისევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გასცეს, თუ მუნიციპალიტეტმა? 

მე ვფიქრობ, k2-ის თემა საერთოდ უნდა მოიხსნას გენერალური გეგმის საფუძველზე. თუკი ქალაქს ექნება განვითარების გენერალური გეგმა, თქვენს დონეზე, ჩვეულებრივი მოქალაქეების დონეზე, ესეთი განსაზღვრება გაქრება, რადგან იმ გენერალურ გეგმაში იქნება გათვალისწინებული ყოველი k – ერთი, k – ორი და k – სამიც.

ვისი ბრალია, რომ ბათუმის გენერალური გეგმა დღემდე არ გვაქვს? ეს დაპირება თქვენს წინამორბედსაც ჰქონდა სამი წლის წინ.

ნამდვილად არ ვაპირებ შეფასებები გავაკეთო ახლა იმაზე, რა იყო ადრე გაცემული, რა – არ იყო.  მე ვიცი, რას ვაკეთებ მე.

გეკითხებით თქვენს პოლიტიკურ გუნდზე, რომლის მერობის კანდიდატიც ხართ და რომელმაც ეს დაპირება არ შეასრულა.

აღმასრულებელი ხელისუფლება განახლდა აჭარაში წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის წინ. განახლებულ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მოვედი მე ამ გუნდში. ჩვენი მოსვლის პირველი დღიდან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სასწრაფოდ ქალაქში დაწყებულიყო გენერალური გეგმის გაკეთება. სწორედ USAID-ის დახმარებით შეიქმნა გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება. ბათუმის მერიამ უკვე აღწერა კულტურული და ისტორიული ძეგლები, ანუ ერთ ადგილზე ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ მდგარა. ეს სერიოზული წინასამუშაო უკვე ჩატარებულია. მე არ მომიწევს სამუშაოს დაწყება ნულიდან.

სამი წელი არ იყო საკმარისი გენერალური გეგმის მისაღებად?

ალბათ საჭიროა ამ საკითხზე დაელაპარაკოთ მოქმედ მერს, რა იყო ამის მიზეზი, რომ ადრე არ გამოცხადდა. თუმცა ის, რომ ტექნიკური დავალება არის, რომ საქმის წარმოებაც დასრულებულია ფაქტობრივად… ეს სამუშაო ხომ არ გგონიათ თქვენ, რომ ორ დღეზე, ან ორ თვეზე მთავრდება?  ეს სამუშაო არის გრძელვადიანი.

პროგრამაში გიწერიათ: „ქალაქ ბათუმის მერია ცენტრალური ხელისუფლების, ქალაქის მოსახლეობის და მერიის სამსახურების მაღალი ჩართულობით მოამზადებს ქალაქის ფუნქციონალური დატვირთვის გრძელვადიან ხედვას. ეს ხედვა დაფუძნებული იქნება ქალაქ ბათუმის როლის სწორად განსაზღვრაში ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ფონზე“. ანუ ბათუმის ფუნქცია ხელახლა უნდა განისაზღვროს? 

იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა არის ქალაქის ფუნქცია, რა არის მისი დატვირთვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკური, თუ სოციალურ და მეორე – რეგიონალურ ჭრილში. ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრებში, არამედ იმ ქვეყნების საზღვრებში, რომლებიც საქართველოს გარს აკრავს, რადგან ბათუმის გავლენა ვრცელდება, როგორც თურქეთზე, ასევე აზერბაიჯანზე, სომხეთზე, უკრაინაზე. მისი გავლენა, როგორც ტურისტული ქალაქის და ეკონომიკური ცენტრის ვრცელდება სხვა რეგიონებზეც. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დავინახოთ რა ფუნქციები შესაძლოა ჰქონდეს ბათუმს აი ამ ჭრილში. ამ საკითხის გადაწყვეტა მიგვიყვანს ჩვენ ახალი, მაპროფილირებელი დარგების გამოვლენაში. რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქს მივცეთ ახალი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფილი. დღეს ბათუმი, ძირითადად, არის მონოფუნქციური ქალაქი, რომელიც არის ტურისტული განვითარების. თუკი თქვენ გადაშლით ურბანული განვითარების საფუძვლებს, ქალაქწარმომქმნელი სისტემების საფუძვლებს, ნახავთ, რომ ქალაქი მონოფუნქციით დაახლოებით უფუნქციო ქალაქის ტოლფასია.

ჩემი აზრით, ბათუმში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი მრეწველობა, რომელიც კარგად თანაცხოვრობს ტურიზმთან,. სწორედ ამ ფუნქციების შემატებისთვის არის ჩემი პროექტი, რომელსაც მე ვეძახი საწარმოო ზოლის შექმნას. ჩვენ ვაპირებთ ქალაქის განაპირა ადგილებში, ძირითადად ეს შეიძლება იყოს ხელვაჩაური და განთიადი, მოეწყოს სამრეწველო ზონები.

რა კუთხით დაეხმარება მერია მეწარმეებს?

პირველ რიგში, ჩვენ მათ მივცემთ იაფ საწარმოო ადგილს იჯარის თვალსაზრისით. საწარმოო ადგილების მოწყობა არის სპეციფიკური. საწარმოო ადგილს სჭირდება შესაბამისი ელექტრო მომარაგება, ნარჩენების კანალიზაცია და ასე შემდეგ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ზონას და შევთავაზებთ მეწარმეებს. მათ ასევე გავუწევთ კონსულტაციებს, როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი. რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. მსხვილი ბიზნესი ერთხელ რომ დაკომპლექტდება, მერე მორჩა. მცირე მეწარმე კი თანდათან ვითარდება და ასაქმებს ადამიანებს.

ვინ დააფინანსებს საწარმოების გახსნას?

ცენტრალურ მთავრობას აქვს ძალიან კარგი პროგრამები, რაც ითვალისწინებს საგრანტო დახმარებას, ასევე იაფფასიან კრედიტებს, იგივე „აწარმოე საქართველოში“. ჯამში ეს შესანიშნავი დახმარება გამოვა მეწარმეობის განვითარებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ დამწყებ ბიზნესს. ბუნებრივია, ამაში რისკები არსებობს, მაგრამ მე მაქვს რისკების მართვის გამოცდილება. ეს გამოცდილება მაშინ დავაგროვე, როცა ვახორციელებდი გაეროს განვითარების პროგრამაში მსგავს პროგრამებს. ახლა მინდა ეს ცოდნა გამოვიყენო მერიაში.

 

დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, დღეს, 20 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას ეხმიანება. ხარაზმა  კონკრეტული თანამდებობის  პირები დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან და უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში.

„ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აგონიაში აგდებს. ის, რომ ენმ-ეს მიერ დასახელებული პირები სუს-ის თანამშრომლები არიან, არის ცრუ ბრალდება“, – ამბობს მმართველი პარტიის წევრი ლადო მგალობლიშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რატომ ასახელებენ ისინი კონკრეტულად ამ ადამიანებს? ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ „მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი დაასახელონ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ“.

 

„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მირტად ქამადაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელვაჩაურში, 23 და 32-ე უბნებში კომისიის თავმჯდომარეებად დანიშნული არიან ლელა ვერძაძე და ლია ბეჟანიძე:

„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა არჩევნებზეც იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები და ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი წესისა, შემაჯამებელ ოქმებს წერდნენ „ქართული ოცნების“ შტაბში და ამის ვიდეომასალა ჩვენ გამოვაქვეყნეთ მაშინ.

ამის შემდეგ, ოლქმა მათ საყვედური გამოუცხადა, თუმცა, ეს ადამიანები ისევ მოგვევლინენ კომისიის თავმჯდომარეებად იმავე უბნებში, მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებზე კანონი დაარღვიეს“  – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე, კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 23-ე და 32-ე უბნების კომისიის თავმჯდომარეების მიმართ, არანაირი დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ ყოფილა გატარებული. „ასეთებს ჩვენ კომისიის თავმჯდომარეებად არ ვირჩევთ. ამ პირების მიმართ კი დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ ყოფილა გატარებული, არც წინა არჩევნებზე და არც სხვა დროს.“-გვეუბნება ოლქის თავმჯდომარე.

მირდატ ქამადაძის თქმით, პრობლემებია გადასატან ყუთებთან დაკავშირებითაც. „მაგალითად 72-ე უბანზე გადასატან ყუთზე რეგისტრირებულია ვინმე თამარ ბალაძე, რომელიც ჩანაწერის მიხედვით ლუკა ასათიანის 94 ნომერში ცხოვრობს, თუმცა  მისამართის გადამოწმების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ მისამართზე არსებობს სასტუმრო. მეპატრონე აცხადებს, რომ ამ მისამართზე კერძო პირები რეგისტრირებული არ არიან, მათ შორის არც თამარ ბალაძე. ეს იმას ნიშნავს, რომ გადასატან ყუთებზეც სიები შედგენილი აქვთ არასწორად. მიწერილი ჰყავთ ადამიანები, რომელთა ხმებსაც გამოიყენებენ მათ სასარგებლოდ“ – აცხადებს ქამადაძე.

მისი თქმით, პრობლემად რჩება უცხო პირების მიწერის ფაქტები სხვადასხვა მისამართებზე. „მაგალითად დავით გურამიშვილის 9-ში რეგისტრირებულია ცარუკიანი ჟანა, რომელიც აცხადებს, რომ მის მისამართზე სამი კონცელიძეა მიწერილი. ის ამბობს, რომ კონცელიძეებს მის მისამართზე არასდროს უცხოვრიათ და მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ასეთი მიწერილი პირები არიან მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხშიც. დაახლოებით 7 ათასამდე პირია მიწერილი არარსებულ მისამართებზე“ – აცხადებს მირტად ქამადაძე.

 

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – გამოფენის ორგანიზატორებს მერია დაჯარიმებით პასუხობს

„ბატონო შოთა, ოქმი მოგივათ სახლში და თქვენ შეგიძლიათ მერე სასამართლოს ედაოთ,“ – უთხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა, თენგიზ მესხიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრს შოთა გუჯაბიძეს. შოთა გუჯაბიძე დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული ფოტოგამოფენის ინიციატორია.

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია გამოფენას და ის ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკას ასახავს.

გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს.  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა.

მას შემდეგ, რაც საგამოფენოდ წარმოდგენილი ფოტოები ერას მოედანზე გამოფინეს, გამოფენაზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქციის ორგანიზატორებს დაჯარიმებით დაემუქრნენ.

„ამას [გამოფენას] უნდა შეთანხმება, მერიაში ნებართვა უნდა აიღო, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაა.  მიდი, აიღე ნებართვა და რაც გინდა გამოაკარი. ადმინისტრაციულ აქტს დავუწერთ. გავგზავნით სასამართლოში და მერე სასამართლო იმსჯელებს, რა თანხით დაჯარიმდებიან. სარეცხივითაა გაკიდული, ლამაზიც არაა,“ – უპასუხა  ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ კითხვაზე, თუ რატომ აჯარიმებდა გამოფენის ორგანიზატორებს.

IMG_0014
ბათუმის ზედამხედველობის თანამშრომლის, თენგიზ მესხიძის მტკიცებით, გამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს

„გამოხატვის ეს ნაწილი, რასაც მიმართეს გამოფენის ორგანიზატორებმა, აბსოლუტურად ჯდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ჩარჩოებში და გამოხატვის თავისუფლება არის  აბსოლუტურად დაცული კონსტიტუციით. და როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა დღეს, არ შეესაბამება არც ერთი კანონის მოთხოვნას. პირიქით, მათი განმარტება არის უკანონო.  საზოგადოებას, ადამიანებს შეუზღუდო გამოხატვის  თავისუფლება იმის დასაბუთებით, რომ თურმე იერსახეს ამახინჯებს, არ არის სწორი. ეს ფორმა [გამოფენის] არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი. ოქმი, რომლის შედგენასაც ფიქრობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, ვერ იქნება კანონიერი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა.

 

გიორგი ხიმშიაშვილი
გიორგი ხიმშიაშვილი

„როგორც კი პლაკატების გაკვრა დასრულდა, დაახლოებით ათ წუთში გამოჩნდნენ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები და თქვეს, რომ საზოგადოებრივ მიმოსვლას აფერხებს ეს აქცია და ამისთვის ნებართვა გჭირდებოდათო. ჩვენ ვეუბნებოდით, მოიყვანეთ კონკრეტული მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. რა თქმა უნდა, ასეთი მოქალაქეები არ იყვნენ და მერე თქვეს, რომ  იერსახეს აზიანებს. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს იყო  დროებითი ღონისძიება და ერთი საათის შემდგომ ისედაც დასრულდებოდა გამოფენა. ასე, რომ ვერ დაარღვევდა იერსახეს. ვერაფერს ვერ გააფუჭებდა ეს აქცია, გარდა იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდება იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამ დროს უკვე მათი მხრიდან დაიწყო პოლიტიკური კონტექსტის განცხადებები, რაც იყო აბსოლუტურად აღმაშფოთებელი, იმიტომ, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელი მოგვმართავდა სიტყვებით – „სად იყავით ნაციონალური მოძრაობის დროს“. პირადად მე არაერთხელ მომმართა ასე.  ნაციონალური მოძრაობის დროს ვიჯექი ეთერში და ვაპროტესტებდით იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა. ამ შემთხვევაში პრობლემა ის კი არ არის, მე სად ვიყავი ან სხვა სად იყო, პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს რიგითი საჯარო მოხელე, ესაა მიუღებელი,“ – ამბობს მოქალაქე ნათია ზოიძე, რომელიც გამოფენას ესწრებოდა.

საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელის, ნინო ინაიშვილის თქმით, უცნაურია ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაქცია.

„თვითონ დაამახინჯეს ქალაქი, დაანგრიეს, რომელსაც ვეღარ აღადგენ და ეს არ არის დარღვევა? ჩემი აზრით, ასეთი მკვეთრი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ არჩევნები მოდის და არ სიამოვნებთ იმის შეხსენება, რომ ის ტრადიცია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის კუთხით, ამათ გააგრძელეს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო – გაფრთხილება ახალი ხელისუფლების მიმართ, ვინც მოვა. გამოფენით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს სისტემა არის დასანგრევი და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პოლიტიკა შესაცვლელია“.

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

 

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

 

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

 

გამოფენა "ერმაკოვიდან ერმაკოვამდე" - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში

ლაშა კომახიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი?

„მერია და მისი ორგანიზაციები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით იზრუნებენ კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაზე“, – „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ამ ჩანაწერს იპოვით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში.

ლაშა კომახიძეს ვკითხეთ, რას მოიაზრებს „ზრუნვა“ და რით იქნება იგი განსხვავებული არსებული პოლიტიკისგან, როცა ასევე „ქართული ოცნების“ სახელით მოსული გიორგი ერმაკოვი ძეგლების დაცვას გვპირდებოდა, მაგრამ ძეგლების განადგურების ტენდენცია გრძელდება.

ბატონო ლაშა, წინასაარჩევნო პროგრამის შემოკლებულ ვერსიაში აღნიშნული გაქვთ, რომ იზრუნებთ კულტურულ მემკვიდრეობაზე. რას გულისხმობთ „ზრუნვაში“, ამომრჩეველს რომ უთხრათ? 

ეს არის მოკლე, საკითხავი ვერსია ამომრჩევლისთვის, რაც თქვენ მოგაწოდეთ. დეტალურ შეხედულებებს ჩვენ ვუყვებით ამომრჩევლებს შეხვედრის დროს.

ჩვენც გვითხარით, რომ უფრო მეტმა ამომრჩეველმა გაიგოს. 

მერიას და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შორის არსებობს მემორანდუმი. ბათუმის მერიას განზრახული აქვს, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტების საფუძველზე მოახდინოს ცალკეული ისტორიული სახლების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ჩემი ხედვა არის ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ უნდა დავინახოთ, როგორც განყენებული ერთეული, არამედ ეს უნდა იყოს ქვაკუთხედი მომავალში მის ირგვლივ საზოგადოებრივი, კულტურული, ეკონომიკური ცენტრის შექმნისა, ანუ გამოვარჩიოთ განსაკუთრებით ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც ამის პოტენციალი აქვს.

მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ამის პოტენციალი აქვს ძველ ბათუმს. ძველი ბათუმი თავისი შინაარსით ინახავს ძალიან დიდი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის პოტენციალს, ამიტომ მისი 100-პროცენტიანი დაკონსერვება, მე ვფიქრობ, რომ იქნება ამ შესაძლებლობის და შანსის მომკვლელი. ვფიქრობ, ძველ ბათუმს უნდა ჰქონდეს მისი განვითარების გეგმა, მისი კონცეფცია, რომლის შესაბამისადაც იქ განხორციელდება უკვე იმ ნაწილის მოწესრიგება, თუ რეაბილიტაცია.

ორგანიზაცია „ბათომმა“ ორი დღის წინ მიმართა ზურაბ პატარაძეს ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ისტორიული სახლის დანგრევის პრობლემაზე. ორგანიზაციის აზრით, კორუფციასთან გვაქვს საქმე, როცა მთავრობა ისტორიული სახლის ნგრევას თანხმდება. თქვენ რომ მერი იყოთ, როგორ იმოქმედებდით? 

არ ვიცნობ ამ შემთხვევას ასე ახლოს. ალბათ უნდა ჩავიხედო უფრო დეტალურად… ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის კორუფციას, რადგან მე ვარ დარწმუნებული იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც იღებს აჭარის მთავრობა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მუშაობენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები…

მაშინ ისტორიული სახლის დაშლას ისტორიულ ბათუმში რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს, თქვენი აზრით?

ერთადერთი – თუ ის არის იმდენად ავარიულ მდგომარეობაში, რომ მისი ფიზიკურად შენარჩუნება არის შეუძლებელი. ეს თავად კანონში წერია… მე არ ვიცი, ეს შემთხვევა კონკრეტულად. ჩვენ ახლა შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე. არ მინდა, რომ თქვენი მხრიდან ეს გამოყენებულ იქნეს, როგორც ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. მიდგომა მე მაქვს ცალსახად ერთი – ისტორიული ძეგლების სტატუსის მქონე ძეგლებს სჭირდება დაცვა, რადგან ის არის ჩვენი წარსული. წარსულის განადგურების საფუძველზე ვერ ააწყობ ვერც ერთ შემთხვევაში მომავალს.

დაცვა ნიშნავს თუ არა სამართლებრივ რეაგირებას დარღვევაზე, რომელსაც ხშირად ვერ ვხედავთ ძეგლების განადგურების დროს? მაგალითად, ვაჟა-ფშაველას 13-ზე თქვენ დაინახეთ, რომ ხელისუფლება ეცადა ძეგლის დაცვას? 

ეტყობა თქვენ ძალიან კარგად იცით ეს თემები, ჩემთვის ესეთი რაღაცები არ არის ცნობილი….

თქვენ არ უნდა იცოდეთ, როცა მერობას აპირებთ?

კიდევ ერთხელ გიმეორებთ: კონკრეტულ შემთხვევებში, კონკრეტული გადაწყვეტილებები ახლა ჩვენ გავარჩიოთ ამ მაგიდასთან, არ არის ეს სწორი.

ვფიქრობ, ამომრჩეველს კონკრეტიკა აინტერესებს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ საკითხზე… 

მაშინ დავაკონკრეტოთ, ჩვენი საუბრის თემა არის ვაჟა-ფშაველას 13? მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის პირადად ჩემი პოზიცია და თქვენ ცალსახად მაინც იგივეს … კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის დაცვის საგანი ყოველგვარი ზედმეტი კონკრეტიკაში წასვლის გარეშე. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პასუხია.

გიორგი ერმაკოვიც იმავეს ამბობდა არჩევნების წინ, მაგრამ მივიღეთ დანგრეული ისტორიული სახლები.

თქვენ ფიქრობთ, მე უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი არჩევნებამდე?

კი, რადგან ისიც არის თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ კანდიდატი და არა დამოუკიდებელი კანდიდატი. გვინდა გავიგოთ, ხომ არ მივიღებთ ახალ ვაჟა-ფშაველას 13-ს?

ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ ლაშა კომახიძის პროგრამაზე, თუ გიორგი ერმაკოვის პროგრამაზე? ეს არ არის ერთმანეთთან კავშირში. ეს თემა საერთოდ არ ეკუთვნის ჩვენი ინტერვიუს თემას.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ვისაუბრებდით წინასაარჩევნო პროგრამაზე. ანუ კულტურული მემკვიდრეობაზე არ გინდათ საუბარი?

კულტურულ მემკვიდრეობაზე მე უკვე გაგეცით პასუხი. თქვენ იცით, რამდენი ძეგლი შედის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში?

შეკითხვებს ჩვენ ვსვამთ… 

ძალიან ცდებით, მეც შემიძლია შეკითხვა დავსვა… თქვენი ინტერპრეტაცია არის სხვა, მე გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე.

ვაჟა-ფშაველას 13-ზე გვაინტერესებდა კონკრეტულად თქვენი დამოკიდებულების გაგება.

დავამთავროთ ინტერვიუ?


 

ლაშა კომახიძეს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. მის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე ჩვენ დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] თანამშრომლები არიან ჩართული. მან ეს განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ დაფაზე წერია,  – აჭარის სუს-ის უფროსი, ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, მთავრობის აპარატის, უფროსი გოჩა ჯაში, პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი მოწყობილი და ა.შ.   ყველა ეს ადამიანი ჩართულია ბინძურ საარჩევნო კამპანიაში და პირდაპირ იძლევიან დავალებებს“, – ამბობს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, სოფელ გვარაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, გზის მოშანდაგებას სუს-ის თანამშრომელი ზედამხედველობს. „სოფელ ფუშრუკაულში როცა ჩვენმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, პირდაპირ იყო სუს-ის ჩარევით. მას აიძულეს, რომ მოეხსნა კანდიდატურა.

30-ე საარჩევნო უბანზე იყვნენ პოლიციელები მისული და ითხოვდნენ უბნის კოორდინატორების ტელეფონების ნომრებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი საარჩევნო პროცესებში არიან ჩართული.  გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ სუს-ის თანამშრომლები და ეჭვი გვაქვს, რომ აიძულებდნენ მოსახლეობას ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“.

რეზო ხარაზის განცხადებით, აღნიშნული პირები სუს-ის თანამშრომლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესებში უხეშად ერევიან.
რეზო ხარაზის განცხადებით, აღნიშნული პირები სუს-ის თანამშრომლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესებში უხეშად ერევიან.

რეზო ხარაზის თქმით, პროცესებში აქტიურად არის ჩართული პრობაციის სამსახურიც. „მამუკა თხილაიშვილი პირადად არის ჩართული და პრობაციონერებს ავალებენ, რომ თითომ, „ქართული ოცნების“ ათი მხარდამჭერი მიიყვანეს არჩევნებზე“, – აცხადებს ის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ ჩარიონ საარჩევნო პროცესებში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

სასჯელი ღამის კლუბში თანხის გამოძალვისთვის

ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ამ საქმეზე მსჯავრდებულ ფეიზულაჰ ერდენს 6 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ის ასევე დაჯარიმდა 5 ათასი ლარით. მანუჩარ მამულაძეს და ეშრეფ კადირ ბოსტანს 4-4 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სერჰათ ბაქანს ორწელიწადნახევარი მოუწევს ციხეში ყოფნა.

გამოძიება დაკავებულებს ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ედავებოდა. მსჯავრდებულები წარდგენილი ბრალის ნაწილში სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

ღამის კლუბ „ვოგის“ თანამშრომლები გამოძიებამ მიმდინარე წლის თებერვალში დააკავა. იანვარში კლუბში თურქეთის მოქალაქეებს ერთ შემთხვევაში ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას აიძულებდნენ – ცემით და გაუპატიურების მუქარით.

ამავე თემაზე:

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

მირიან ქათამაძე – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ქობულეთში

„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გინდა იზრუნო იმ ქალაქის, სოფლის განვითარებისთვის, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც შენი ფესვებია“, – ამ სიტყვების ავტორი მირიან ქათამაძეა, რომელიც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ ქობულეთის მერობის კანდიდატია.

პროფესიით იურისტი სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში გაიზარდა. დაიბადა 1977 წლის 30 მარტს ქობულეთში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე „აჭარის ენერგოკომპანიაში“, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“, ბათუმის ნავთობტერმინალში, „ნიუ ოილ ტრანს კომპანიაში“, ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას, ასევე, იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო ქობულეთის მერობის კანდიდატად წარდგენამდე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მირიან ქათამაძე
მირიან ქათამაძე

„ძალიან ვაფასებ როგორც პარტიის ნდობას, ისე ქობულეთელების თანადგომას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც უკვე დაწყებულია და რაზეც თავად ბევრი მიფიქრია. ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და შედეგი მოკლე დროში გახდება შესამჩნევი“, – აცხადებს მერობის კანდიდატი და ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს.

მისი თქმით, 2021 წლის ჩათვლით გაწერილია კონკრეტული გეგმა, რაც სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას, საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, დასასვენებელი პარკებისა და პარკირების ზონების კეთილმოწყობას, გარე განათების მოწყობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.

„მნიშვნელოვნად მივიჩნევ სოფლის მეურნეობის და ამასთან ერთად, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ბევრი საკითხია მნიშვნელოვანი და რეაგირების გარეშე არც ერთი მათგანი არ დარჩება“, – აღნიშნავს მირიან ქათამაძე და ყურადღებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წყალმომარაგების საკითხის გაუ­მჯობესებაზე ამახვილებს.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ქობულეთის შე­უზღუდავი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამდენიმე კი, ახლაც მიმდინარეობს.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია – კაპიტალურად მოეწყო ახალი სათავე ნაგებობები, ცენტრალური მაგისტრალები და შიდა ქსელები. ვფიქრობ, წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა წყლის რესურსების მოძიება და მისი დებეტის გასაზრდელად შესაბამისი სამუშაოების წარმოება. ასევე, მნიშვნელოვანია წყალსადენ სისტემებზე სასმელი წყლის გაფილტვრა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებში, ასევე, ქობულეთში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის. ამ მიმართულებით პროექტი „აჭარის წყლის ალიანსთან“ ერთად განხორციელდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ სწორედ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქობულეთში ზაფხულის სეზონზე უამრავი ტურისტია, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის ხელშეწყობა, ხოლო 2018 წელს – სანაპიროს კეთილმოწყობა იქნება.
„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სანაპიროზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გასული წლიდან დაიწყო. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რამდენიმე დღეში კი, სანაპიროს ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ყოველწლიურად ხორციელდება ზღვაზე პლაჟწარმომქმნელი მასალის შეტანა“, – აღნიშნავს ქობულეთის მერობის კანდიდატი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქობულეთში არსებული ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა იქნება, რომელიც მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისა და რეგიონის სტუმრების დასვენების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ასევე, ტურისტულ ზონაში კეთილმოეწყობა სკვერები და დასასვენებელი ადგილები.

მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება მნი­შ­ვნელოვნად შეუწყობს ხელს ქობულეთის, რო­გორც ტურისტული ქალაქის განვითარებას.

რაც შეეხება ქობულეთის ტურისტული პოტენციალის განვითარების კონკრეტულ გეგმას, მირიან ქათამაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სასურველი ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდეს სერვისი ადგილობრივ სასტუმროებსა და კვების ობიექტებში, განხორციელდეს მსხვილი ინვესტიციები და რაც მთავარია, სავალდებულოა, საზღვაო ტურიზმის პარალელურად, სამკურნალო და ეკოტურიზმი განვითარდეს, რისი რესურსიც არსებობს. ეს კი, თავის მხრივ, კურორტის სეზონს გაზრდის. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ტურიზმის განვითარებაა.

„ჩემი საარჩევნო პროგრამა ტურიზმის განვითარებაზეა მორგებული. შემუშავებული მაქვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, გრძელვადიანი სამუშაო გეგმა გაიწერება და მიზნობრივი პროგრამები მომზადდება“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.

მმართველი გუნდის ქობულეთის მერობის კანდიდატს მთავარი კონკურენტის გამოყოფა უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ოპონენტებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესის გავლას მაღალი დემოკრატიული კულტურით აპირებს. როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნება“ უკონკურენტო ძალაა, რომელიც მოსახლეობაში დიდი ნდობით სარგებლობს.

„ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე პატივს ვცემდი ოპონენტებს და ახლაც ეს საარჩევნო პერიოდი მაღალი დემოკრატიული კულტურით მინდა გავიარო. ყველა კანდიდატი, ვისაც აქვს ამბიცია მონაწილეობა მიიღოს ქობულეთის მერის არჩევნებში, კონკურენტია, რომელიმეს ვერ გამოვყოფდი, თუმცა მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივო ძალაა, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა. მჯერა, რომ 21 ოქტომბერს მოსული ამომრჩეველი, რომელიც ჩემ მიერ განვლილ გზას იცნობს, ნდობას გამომიცხადებს და მუნიციპალიტეტის სწრაფი, მდგრადი განვითარებისთვის ქობულეთის მერად ამირჩევს“, – ამბობს ქობულეთის მერობის კანდიდატი.

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ფოტოგამოფენა ევროპის მოედანზე [ანონსი]

ბათუმში, დღეს, 20 ოქტობერს, 13 საათზე  ევროპის მოედანზე გაიმართება ფოტოგამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“, რომელიც ბათუმის სახეცვლილებას ასახავს ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში.

გამოფენის სახელწოდება უკავშირდება ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს, მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო ბათუმსა და მის შემოგარენში და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა.

გამოფენის ორგანიზატორი შოთა გუჯაბიძეა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რეჟისორი და ფოტოგრაფი.

 

ახალი პროექტები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით

სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე  სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა.  ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. „გუშინ, ქობულეთში, დაიწყო ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი უნიკალურია. დღეს უკვე საფუძველს ვუყრით თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია  განათლების განვითარების საქმეში. მინდა ვთქვა განსაკუთრებით იმ ადამინების გასაგონად, რომლებიც ვერ ხედავენ აღმშენებლობით პროცესებს ჩვენს რეგიონში-ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდა, განთლებული თაობა. მიხარია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ  სასწავლო წელს ახალი,  თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით შეხვდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საერთო საცხოვრებლელი 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი. მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. საცხოვრებლის შენობის მიწისზედა სამ სართულზე  განთავსდება როგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო საშრობი ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო. აგრეთვე,  შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი თითოეულ სართულზე.  შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი.

საცხოვრებელი 6

2018 წლის გაზაფხულზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე  საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყება.

აჭარაში ახალი კვლევითი ინსტიტუტი აშენდება

ინსტიტუტის მშენებლობა დაიწყო.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად  თანამედროვე არქიტექტურის მქონე ახალი კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის წინ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. მისი თქმით, ახალი კვლევითი ინსტიტუტის აშენების იდეა აჭარის მთავრობის მხრიდან მალევე იქნა მხარდაჭერილი და დღეს უკვე ახალი, თანამედროვე კვლევითი ცენტრის მშენებლობის დაწყების მოწმენი გავხდით.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.  ზურაბ პატარაძემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის მხრიდან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა ყველაზე სწორი და საჭირო ინვესტიციაა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ცენტრის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 578 ათასი  ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარით დაფინანსდება.

პროექტით, ახალი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტში ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება, როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება.

კვლევითი4

 

ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა.

„გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

გრიგოლეთი-ფოთისა და გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია-გრიგოლეთის გზა, ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. შესაბამისად ავტოტრანსპორტი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი-ქობულეთის მიმართულებით.

პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.

გრიგოლეთი-ქობულეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილთან შეუერთდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა კი, რომელიც სრულად 2018 წლის გაზაფხულზე უნდა გაიხსნას, თავის მხრივ ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან შეუერთდება ბათუმის შემოვლით გზას, რომლის მშენებლობა ახლა იწყება. გვირაბიდან ბათუმის შემოვლითი გზა ხელვაჩაურამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] აშენდება.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება.

ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა და შპს „სტადიონმა“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 101 მილიონ 700 ათასი ლარია. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 წელში [34 თვეში] უნდა აშენდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. პრეტენდენტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს და სატენდერო წინადადებასთან ერთად წარადგინოს ტექნიკური დავალება.

პრეტენდენტს, სხვა პირობებან ერთად, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ყოველწლიურად, თოთოეულ წელს ცალკ-ცალკე, შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 50 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.

ახალი სტადიონის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის საგარანტიო ვადა 50 წელი უნდა იყოს.


შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალურად შექმნა ახალი საავადმყოფოსა და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით. ამ კომპანიას დაევალა ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.

შპს „სტადიონი“ სამინისტრომ მას შემდეგ შექმნა, რაც სტადიონის პროექტირებაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან სამინისტრომ კონტრაქტი შეწყვიტა, ამ კომპანიამ კი სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.

2015 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდებოდა. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საავადმყოფოს მშენებლობა [რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით] მიმდინარეობს. საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საკითხი, დროში საკმაოდ გაჭიანურდა? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა, სულხან ხალვაშმა 2 თვის წინ განაცხადა, რომ სტადიონის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა, თუმცა საჭირო გახდა ამ პროექტის სპეციალური ადაპტაციის გავლა: „სამხარაულის ბიუროს“ მიერ პროექტი ადაპტაციის პროცესს გადის. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება [პასუხს ველოდებით უახლოეს დღეებში] უკვე მზად გვექნება პროექტის საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი, შესაბამისად, გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობაზეც.“

რაც შეეხება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს, ის შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ კი ზედამხედველის შერჩევაზე ტენდერი აღარ გამოცხადებულა.

ბათუმის სტადიონის მაკეტი
ბათუმის სტადიონის მაკეტი

 

ბულვარში ღამის კლუბი დაიწვა

ბათუმის ბულვარში ღამის კლუბი Boom-Boom Beach-ი დაიწვა. სახანძროს ინფორმაციით, დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ ფართობი. როგორც სახანძროში „ბათუმელებს“ უთხრეს,  შენობა ცარიელი იყო, მასში უკვე აღარ იყო ინვენტარი.

სახანძროს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„გონივრული ურბანიზმის თეორია“ ხელოვნების უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე

2017 წლის 19-20 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის კვლევების ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობაა.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ჰოლანდიის, თურქეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ბელორუსის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები არიან.

კონფერენცია თემატურ სექციებადაა დაყოფილი: ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრთმცოდნეობა, კინომცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, ქორეოლოგია და კულტურა და მედია. მოხსენებებს კონფერენციაზე 99 ქართველი და უცხოელი მკვლევარი კითხულობს.

ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში სხვა მოხსენებებთან ერთად დღეს უნდა წარმოედგინათ თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ნინო ბუღაძის მოხსენება „გონივრული ურბანიზმი – თეორია და პრაქტიკა“. მეცნიერმა კონფერენციაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო, თუმცა ნინო ბუღაძის ეს ნაშრომი ურბანიზმის საკითხებზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სამეცნიერო კვლევების კრებულში სრულად შევიდა.

„გონივრული ურბანიზმი“ (Intelligent Urbanism) ურბანული განვითარების სხვა თეორიებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიაა, რომელიც თანამედროვე არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესმა (SIAM) ჩამოაყალიბა. თეორია ემყარება ურბანული დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების შეთანხმებას სხვადასხვა საჭიროებათა თუ პრობლემათა გადაწყვეტას ადამიანისთვის კომფორტული და ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად.

თეორია 10 ძირითად პრინციპს მოიცავს და ჰარვარდის უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის დეპარტამენტის მიერაა შემუშავებული.

ბალანსის დაცვა ბუნებასთან – პირველი პრინციპის მიხედვით ურბანიზაცია ბუნებასთან ჰარმონიაში თანაცხოვრება და ბალანსია და არავითარ შემთხვევაში ამ ბალანსის დარღვევა. დარღვევაში იგულისხმება მწვანე საფარის შემცირება,  ნიადაგის ეროზია, მიწისქვეშა წყლების განადგურება, წყალდიდობების გახშირება, ეკოსისტემის დაზიანება-განადგურება და ა.შ. უნდა მოვძებნოთ და დავიცვათ ზღვარი, რომლის იქითაც ნადგურდება სასიცოცხლო გარემო არამარტო ფლორის და ფაუნის, არამედ ადამიანისთვისაც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – სიახლეებმა არ უნდა გააქროს და შთანთქას კულტურის ტრადიციული, იკონოგრაფიული ნიშნები, სიმბოლოები, ფორმები და ცხოვრების წესი. უნდა შენარჩუნდეს მთლიანად გარემო, რომელშიც აქ მცხოვრები ადამიანები ისტორიულად ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესს მისდევენ. მნიშვნელოვანია ტრადიციასთან ბალანსის დაცვა, რაც არა მარტო ცალკეული არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნებასა და რესტავრაცია-კონსერვაციას გულისხმობს, არამედ ტრადიციული, დამახასიათებელი სივრცითი სტრუქტურების, ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული სივრცეების მხატვრული სახის შენარჩუნებასაც.

შესაბამისი, ადექვატური, ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიების შერჩევა-გამოყენება – მესამე პრინციპი სამშენებლო მასალებს, მშენებლობის ტექნიკას, მშენებლობის ადგილობრივ ტრადიციებს, ინფრასტრუქტურულ სისტემებსა და მენეჯმენტს ეხება. ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიები გულისხმობს ადგილობრივ პირობებთან ბუნებრივად შესაბამის სამშენებლო მასალებს, კონსტრუქციებს.

მეგობრულობა (Conviviality) – მეგობრულობის პრინციპი სოციალურ ასპექტებს მოიცავს. „გონივრული ურბანიზმის თეორიის“ შემქმნელთა აზრით ქალაქის ურბანულ სივრცეში ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული საჭიროება აქვს და საბოლოოდ, ერთად აღებული ყველა ჯგუფი სოციალურ სისტემას ქმნის. ადამიანთა შორის ცოცხალი კავშირის, ურთიერთობებს და ამისთვის განკუთვნილ საგანგებო ადგილებს არა ვირტუალურ, არამედ რეალურ გარემოში ისინი დიდ მნიშვნელობა ანიჭებენ. თეორიის მიხედვით, ძლიერი საზოგადოება ისტერაქციულ, სოციალურ ჩართულობას გულისხმობს და საკუთარ წევრებს შეკრებისა და შეხვედრების მრავალრიცხოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

ეფექტურობა – პრინციპი ქალაქის ყველა სისტემის ეფექტურად გამართვას, ინფრასტრუქტურის მოქნილობასა და ქმედითობას გულისხმობს. ეფექტურობის პრინციპი ხელს უწყობს ბალანსის დაცვას კომფორტსა და ენერგეტიკული რესურსების მოხმარებას. ამ პრინციპის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული პრობლემებია: პარკირება, შემოვლითი გზები, გზაჯვარედინები, მოძრაობის მოწესრიგება და ა.შ.

ადამიანური მასშტაბი (Human Scale) – მეექვსე პრინციპის მიხედვით ყველაფრის საზომი ადამიანი უნდა იყოს და ურბანული სივრცის ყველა სფეროში ადამიანური მასშტაბი უნდა იყოს შენარჩუნებული. პრინციპი უზრუნველყოფს „ადამიანური განზომილების“ შეტანას თანამედროვე ურბანულ სივრცეში და ამით ადამიანისთვის კომფორტული, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს შექმნას.

შესაძლებლობათა მატრიცა – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ურბანულ გეგმას განიხილავს არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ, არამედ სოციალურსა და ეკონომიკურ გეგმას, შესაძლებლობათა სისტემას. ქალაქი პირადი, სოციალური და ეკონომიკური განვითარების სივრცეს ქმნის და ადამიანს დასაქმების, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის, განათლებისა და დასვენების მრავალ ვარიანტს სთავაზობს.

რეგიონული ინტეგრაცია – გულისხმობს ქალაქს, როგორც დიდ სოციალურ, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ ორგანიზმს და მოიაზრებს მას მთელი რეგიონის ნაწილად. ქალაქი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული რეგიონებთან, რაც მისივე მდგრადობისთვისაა აუცილებელი.

დაბალანსებული მოძრაობა – გონივრული ურბანიზმი ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც შედის ტროტუარები ფეხით მოსიარულეებისთვის, ბილიკები ველოსიპედისტებისთვის, საავტომობილო გზები, რკინიგზის ხაზები, მეტრო, გვირაბები. ძვირადღირებული სატრანსპორტო კომუნიკაციები თავმოყრილი უნდა იყოს სატრანსპორტო კვანძებში, რომლებიც საჯარო სივრცედ იქცევა და სადაც ძალზე მჭიდრო მრავალფუნქციური უბნები წარმოიქმნება ფეხით მოსიარულეთა მოსახერხებელი გადაადგილების სისტემით.

ინსტიტუციური ერთიანობა – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტური და ანგარიშვალდებული მმართველობის შემთხვევაში. ამ პრინციპის ეფექტურად განხორციელების აუცილებელი პირობაა ის, რომ თვითმმართველობა უნდა მუშაობდეს მკაცრ და რაციონალურ ინსტიტუციონალურ ფარგლებში. ქალაქის განვითარების მმართველმა სისტემამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ყოველი ქალაქისა და მისი რეგიონების განვითარების გეზი. ამ გეზის განსაზღვრაში მმართველ ორგანოებთან ერთად აქტიურად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობა.

კონფერენციას  – „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ აფინანსებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის – კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.

DSC_2496DSC_2492DSC_2491DSC_2484

 

ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს

პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები ერთმანეთს რომ ძალიან ჰგავს, ეს ამ არჩევნებზეც ბევრმა აღნიშნა. მსგავსების მიუხედავად, რით ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას და რამდენად უნდა ველოდოთ ელექტორატის გადანაწილებას? – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

ბატონო გრიგოლ, რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე ორი დღით ადრე დავინახოთ ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს? 

ბუნებრივია, არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა და ზუსტ გათვლას ვერ ვიტყვით, მაგრამ პრინციპი ვიცით. პრინციპი არის ის, რომ ისევ ორ ბანაკად არის დაყოფილი მთელი პოლიტიკური სპექტრი და წყალგამყოფი ხაზი ისევ გადის დასავლეთზე. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ – ტრაგედიაა. პოლიტიკაში რეალურად უნდა იყოს დისკურსი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, მაგალითად, ვის როგორი ეკონომიკური ფილოსოფია აქვს, სოციალური პოლიტიკა, როგორ უნდა მოეწყოს განათლების სისტემა, რა ტიპის სოციალური დაცულობა გვჭირდება და ასე შემდეგ. მე რასაც ვაკვირდები, ამ კუთხით წინსვლა გვაქვს, ამაზე საუბრობენ კანდიდატები, მაგრამ ყველა ერთმანეთს ჰგავს და მივდივართ წინ, ასე ვთქვათ, კუს ნაბიჯებით. ისევ არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაფერს პირიქით – დასავლეთს აბრალებს და ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში,  ამ პარტიებს აქაც აქვთ პოპულისტური გზავნილები. ევროპის ქვეყნებშიც ასეა: პოპულისტური პარტიები, ძირითადად, საუბრობენ კულტურულ იდენტობაზე, ერის გადარჩენაზე და არა იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს, მაგალითად, სოციალური მდგომარეობა.

რა ხდება ე.წ. დასავლურ ბანაკში, რა შეიცვალა? 

ყველა პარტია, როგორც აღვნიშნე, ერთმანეთს ჰგავს. რიგითი ამომრჩევლისთვის რთულია განსხვავების დანახვა. თუ ამომრჩეველს აინტერესებს პოლიტიკური იდეოლოგია, რთულია ეს იდეოლოგიური განსხვავება იპოვოს. ამიტომაც ამომრჩევლის 60 პროცენტი, ყოველ შემთხვევაში, ნახევარზე მეტი არ დადის არჩევნებზე და ახლაც არ მივა. მათ ამ ეტაპზე არ აქვთ არანაირი პოლიტიკური პოზიცია, რადგან ვერ ხედავენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც რეალურად რაღაცას შეცვლის. მე მესმის მათი, რადგან მართლა ძნელია დაინტერესდე ამ პოლიტიკით, რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში. ეს არის სავალალო მთელი ქვეყნისთვის…

ყველაზე დიდი პროტესტის ფორმა არის დღე არჩევნებზე არმისვლა. ამ ფონზე, თუ პარტიებს შორის პროცენტულ გადანაწილებაზე ვისაუბრებთ, როცა ამომრჩევლის უმრავლესობა არჩევანს არ აკეთებს, კომიკურ სურათს ვიღებთ. უმრავლესობა არის პოლიტიკურად ჩუმი, არ ვიცით, რა სურთ მათ. გავითვალისწინოთ ის, რომ ეს არის პოტენციურად რევოლუციური უმრავლესობა, დღეს ჩუმადაა, მაგრამ 2020 წელს შესაძლოა არ იყოს ჩუმად. თუ ისინი დააფიქსირებენ ერთ რომელიმე პოზიციას, მთელი ახალი მთავრობის ფორმირებას შეძლებენ. ამ „გაჩუმებული ამომრჩევლიდან“ ვინმე თუ წავა არჩევნებზე, გამორიცხული არაა, ხმა მისცეს, მაგალითად, ირმა ინაშვილს…

რატომ ირმა ინაშვილს და არა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს? ფიქრობთ, რომ ამ ძალებს, ანუ ე.წ. პრორუსულ ძალებს შორისაც შესაძლებელია გადანაწილდეს ამომრჩეველი? 

კი, რადგან ცალსახად ინაშვილი-თარხან მოურავის ალიანსი ბევრად უფრო აქტიურია ამ არჩევნებზე, ვიდრე ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა. მე რასაც ვისმენ, ზოგან ინაშვილის კანდიდატი ლიდერობს, მაგალითად, ჭიათურაში. ჭიათურაში, სადაც განსაკუთრებულია სოციალური პრობლემები და დაუცველი სამუშაო გარემო, მშენებლების პრობლემა და ასე შემდეგ, გასაგებიცაა, თუ რატომ შეიძლება უჭერდნენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. ჭიათურაში მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გამოიჩინა გულგრილობა და არაფერი გაუკეთებია, რომ მოცემულობა შეცვლილიყო. ამომრჩეველი, ზოგადად, მიდის რადიკალურ პოლიტიკურ ძალასთან პროტესტის გამო.

ბუნებრივია,  ყველა ამომრჩეველს არ სურს რუსეთი და ამის გამო არ მიდის „პატრიოტთა ალიანსთან“, უფრო პროტესტის გამო მიდიან. ზოგადად, პოპულისტური პარტიები დიაგნოზს სწორად სვამენ, მაგრამ ისინი ვერ არიან წარმატებული პოლიტიკაში. მათ არა აქვთ გამოსავალი, როგორ უნდა მოგვარდეს კონკრეტულად ესა თუ ის პრობლემა. მათ მხოლოდ მარტივი მითოლოგიური გზავნილები აქვთ.

რის გამო შეიძლება ჩაანაცვლოს ამომრჩეველმა ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა „პატრიოტთა ალიანსით“?

იმიტომ, რომ შესაძლოა ამომრჩეველმა ჩათვალოს, რომ ალიანსს გამარჯვების მეტი შანსი აქვს. „პატრიოტთა ალიანსს“ ფაქტია, რომ აქვს მეტი რესურსებიც, მაგალითად, ტელევიზია. თუ დააკვირდებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტშია, აქვს თავისი ტელევიზია და საინფორმაციო არხი. დღეს ეს წამყვანი ფაქტორია.

ფაქტია ისიც, რომ ჩვენ გვაქვს პერსონალური პოლიტიკა, ანუ ადამიანები ისევ ერთიანდებიან სახეების და არა იდეების ირგვლივ. ვინც ნინო ბურჯანაძის გამო იყო ბურჯანაძესთან, მისი პოლიტიკური განწყობა არ შეიცვლება. შეიცვლება იმ ამომრჩევლის განწყობა, ვისაც, ძირითადად, ბურჯანაძის კურსი მოსწონდა. ეს ამომრჩეველი ხედავს, რომ ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილს ერთნაირი თუ არა, მსგავსი შეხედულებები აქვთ საგარეო პოლიტიკაზე. ცხადია, ორივეს აქვს მავნებლური და მე ვიტყოდი სამარცხვინო დამოუკიდებულება განსაკუთრებით საგარეო კურსის მიმართ.

ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გაიზარდოს პრორუსული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა?

კი, ამას ველოდები, მაგრამ ეს შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ საკრებულოების დოენზე, ეროვნულ დონეზე – არა. ეროვნულ დონეზე მსგავს პოპულისტურ პარტიებს ისევ შთანთქავენ მთავარი პოლიტიკური ძალები. ვერ ვიტყვი, რომ ეს საშიშია და საფრთხეა. მესმის, რომ მათ აქვთ უაზრო იდეები და დიდი ნაწილი არის მავნებლური, მაგრამ ისინი არანაირ დროს არ იქნებიან გავლენიან დონეებზე. დემოკრატია არის ის, რომ მათ აზრსაც პატივი ვცეთ.

 

 

 

Exit mobile version