მთავარი,სიახლეები

„საცალმანქანო“ გზები აჭარაში

26.01.2018 • 3403
„საცალმანქანო“ გზები აჭარაში

სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობა მილიონობით ლარს ხარჯავს, მძღოლები კი ამ გზებს საშიშს უწოდებენ, დავიწროების გამო. მთავრობა ამტკიცებს, რომ სოფლებთან ან სოფლებში მისასვლელი გზების გაფართოებას ვიწრო ხეობამ და გზების მოსაზღვრედ კერძო მესაკუთრეების ინტერესებმა შეუშალა ხელი. თუმცა ბევრ სოფელში გზაზე ასფალტს ორივე ან ერთი მხრიდან აქვს დატოვებული გვერდულები, რომლებიც გზის გასაფართოებლად არ გამოუყენებიათ.

ახალმოასფალტებული გზა სოფელ ფუშრუკაულში აღმართს მიუყვება, გზა ვიწროა და მიხვეულ-მოხვეული. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის გამოჩენისას ფუშრუკაულის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, პერიოდულად მოძრაობას ანელებს, მანქანას აჩერებს და უკუსვლით მოძრაობას იწყებს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ შეარჩიოს ადგილი, სადაც ორი მანქანა ერთმანეთისთვის გვერდის ავლას შეძლებს. ამ დროს ხშირად გრძელი მანძილის გავლაც უწევს. თუ გაუმართლა მალე პოულობს შესაბამის ადგილს და გზას აგრძელებს.

„ცენტრალურ გზამდე ტორმუზზე ვზივარ,“ – გვიყვება რევაზ სურმანიძე. ის ამბობს, რომ ასფალტის დაგების შემდეგ სოფლამდე მისასვლელი ისედაც ვიწრო გზა, კიდევ უფრო დავიწროვდა და საშიში გახდა.

ფუშრუკაული ხულოს მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც მძღოლები ახალმოასფალტებულ გზას „საშიშად და სასაკლაოდ“ მოიხსენიებენ. იმავეს ამბობენ სხვა მუნიციპალიტეტების ბევრ სოფელში, სადაც ახალი გზა დააგეს.

„გზა მშვენიერია, ასფალტს ვეღირსეთ, მაგრამ ვიწროა. ნებისმიერი მოსახვევიდან ნებისმიერ წუთს შესაძლებელია საფრთხე გამოჩნდეს. განსაკუთრებით საშიშია, თუ საპირისპიროდ მომავალი ავტომანქანა სწრაფად მოძრაობს. ამ გზაზე 30-ით უნდა იარო, მეტით არ შეიძლება, მოსახვევებში ვერ შეხვალ. ბოლო სამ თვეში ოთხჯერ მქონდა საავარიო შემთხვევა. დაჯახების შემთხვევაც მქონდა. წარმოიდგინეთ, როცა გზა უკვე თოვლიანია და ცუდადაა გაწმენდილი, როგორი საშიშია მოძრაობა. დღეს მე რეისი არ გამიკეთებია, უამინდობის გამო თავი შევიკავე,“ – გვიყვება რევაზ სურმანიძე.

მისი თქმით, ეს გზა განსაკუთრებით იმ მძღოლებისთვის არის საშიში, რომლებიც სოფელში პირველად მოძრაობენ და, შესაბამისად, ინფრასტრუქტურას კარგად არ იცნობენ: „მოსახვევებში მაღალი სიჩქარით, მოულოდნელად შემოდიან“.

რევაზ სურმანიძე ამტკიცებს, რომ მოასფალტების პროცესში გზის გაფართოება შესაძლებელი იყო: „კომპანიამ იცით რა გვითხრა – ასეთი შეკვეთა მაქვს და ასე ვაკეთებო“.

ფუშრუკაული სხალთის ხეობის თემია. ხულოს ცენტრიდან სოფელ ფუშრუკაულამდე 13 კილომეტრია. სოფელი მაღალმთიანია. ფუშრუკაულის თემი ხუთ სოფელს და 280 ოჯახს აერთიანებს. წელს აჭარის მთავრობამ სოფლის გზის მხოლოდ 7,5 კილომეტრის მოასფალტების სამუშაოები შეისყიდა. ხულოს მერის წარმომადგენლის, ომარ აბაშიძის ინფორმაციით, ფუშრუკაულის თემში რაც დარჩა, მომავალში უნდა გაკეთდეს. მას ახალი გზა მოსწონს: „უკეთესიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც კარგია. მე ასე ვფიქრობ და სპეციალისტი არ ვარ, რომ შევაფასო“.

ფუშრუკაულის მოასფალტებული გზის სიგანე, მძღოლის ინფორმაციით, 4.0-4.20-მდე მეტრია.

მსგავსი ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებშიც, არა მხოლოდ შიდა, არამედ სოფლების დამაკავშირებელ ცენტრალურ გზებზეც. იმავეს ყვებიან მძღოლები შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლებში – ჭვანაში, თხილნარში, აგარაში, ზედა ჯოჭოში, განახლებაში, სამებაში, მახოსა და ზანაქედში. მათივე თქმით, გზა დაავიწროეს ქედის სოფლებში: აქუცაში, მერისში; ხულოში – სოფელ ძირკვაძეებში.

მოასფალტებული გზის სიგანე სოფელ თხილნარში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

მუნიციპალიტეტებში არის ისეთი რეაბილიტირებული გზებიც, რომლებიც შედარებით ფართოა და მოსწონთ კიდევაც – ასეა, მაგალითად, ქობულეთის სოფლებში.

კითხვაზე, ორი მანქანა გზაზე ერთმანეთის გვერდის ავლას შეძლებს? – სოფელ აგარის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ნუგზარ ჯიბლაძე ნახვრად ხუმრობით პასუხობს: „მძღოლს გააჩნია.“

„გზები დაავიწროეს, გული მისკდება ყოველი ასვლისა და ჩამოსვლისას. ორი მანქანა რომ შეხვდება ერთმანეთს, უფრო საშიშია, ან ერთმა უნდა დაიხიოს უკან, ან მეორემ,“ – გვიყვება ნათელა დიასამიძე სოფელ მერისიდან.

მძღოლები ყვებიან იმაზეც, რომ ახალრეაბილიტირებულ გზებს ხელახლა თხრიან კომპანიები, რომლებსაც სოფლებში გაზის მილები გაჰყავთ. ამ დროისთვის ზედა ჯოჭოში ახალგაყვანილი გზა „სოკარის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას გადაუთხრია. იგივე ვითარებაა თხილნარის ახალმოასფალტებულ გზაზეც. კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ზიანს, რომელიც გაზის მილების გაყვანით გზას მიადგა, იგივე კომპანია გამოასწორებს.

სატენდერო დოკუმენტების მონაცემებით, თხილნარი-მურმანეთის გზის სიგანე 3.0 – 5.0-მდე მეტრია. გარდა ამისა, ამ გზაზე არ არსებობს სპეციალური ნიშნები, რომლებიც მძღოლს გააფრთხილებდა გზის მოულოდნელად დავიწროების შესახებ. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ინფორმაციით, მონიშვნები სამუშაოების დასრულების შემდეგ გაკეთდება. ამ გზის თითქმის მთელ პერიმეტრზე სივრცე დატოვებულია მარჯვენა მხრიდან, რაც კომპანიამ გზის გასაფართოებლად არ გამოიყენა. აუთვისებელი სივრცეებია (მოხრეშილია) სოფელ ზანაქიძეებშიც. აქ მოსახლეობა ამბობს, რომ გზა მოასფალტების შემდეგ დავიწროვდა.

იმ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა და მძღოლები იწუნებენ, აჭარის მთავრობა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავს.

გზების, ხიდებისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის 2017 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 49 მილიონ 131 000 ლარი გაითვალისწინეს. აქედან 48 მილიონამდე ლარი საავტომობილო გზების რეაბილიტაციას და მათ მოვლა-შენახვას უნდა მოხმარებოდა. მილიონი ლარი ტექნიკის შესაძენად იყო გათვალისწინებული.

2016 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში 35 მილიონ 700 ათასი ლარი, 2015 წელს კი 25 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მომავალი წლის ბიუჯეტში სამუშაოების გასაგრძელებლად 54 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცდილობს გვაჩვენოს, რომ გზა სოფელ
ზანაქიძეებში ფართოა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გზების მოვლა-პატრონობა აჭარაში მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ევალება. გზების რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტების გამგეობებიც (ახლა უკვე მერიები). საგზაო დეპარტამენტი, გზებზე მოასფალტების სამუშაოების შესყიდვამდე, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის კონკრეტული გზის პროექტირებისა და ხაჯთაღრიცხვის სამუშაოებს.

მოცულობის შესახებ დოკუმენტის მიხედვით, რომლითაც შემდეგ გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შესაბამისი სამუშაოები დაუკვეთა, სოფლების გზის სიგანე მაქსიმუმ 4.5 მეტრია, რიგ მონაკვეთებში ის 3.0-მდეც კი ვიწროვდება. არის ისეთი გამონაკლისები, როცა გზების სიგანე კონკრეტულ მონაკვეთში 5.0 მეტრს აღწევს.

„ბათუმელებმა“ გზების სიგანე ტენდერით გათვალისწინებულ მონაცემებს შეადარა, უმეტეს შემთხვევაში მონაცემი ემთხვევა, თუმცა არის მცირე ცდომილებებიც. ამას ემატება ისიც, რომ მთავრობა შიდა სასოფლო გზების მოასფალტების სამუშაოებს თავად არ ასრულებს – შიდა გზებზე მხოლოდ ე.წ. მობეტონების სამუშაოებისთვისაა თანხა გამოყოფილი. ამ შემთხვევაში მთავრობა მასალას ყიდულობს და გადასცემს სოფლის მოსახლეობას. მის დაგებას სოფელი უზრუნველყოფს. ეს გზებიც ვიწროა. სოფელში ამბობენ, რომ არჩიეს გზის უფრო გრძელი მონაკვეთი დაეფარათ ბეტონით, ამიტომ სიგანეს ყურადღება აღარ მიაქციეს – მათთვის გადაცემული სამუშაო მასალები რაც შეიძლება მეტი მანძილის დასაფარად გამოიყენეს.

აჭარის სასოფლო და შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე შპს „გზაპროექტმა“ იმუშავა. ამ კომპანიამ 2016-2017 წლებში გზების დაპროექტებაზე დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერი ცხრაჯერ მოიგო და მთლიანობაში გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტისგან ორ მილიონამდე ლარის პროექტირების სამუშაოების შეკვეთა მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ „გზაპროექტი“ ამ მიმართულებით აჭარის მთავრობის ექსკლუზიური მიმწოდებელია.

სახელშეკრულებო პირობის მიხედვით, კომპანიას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი პროექტები უნდა მოემზადებინა. თუმცა, როგორც შემკვეთი, ასევე შემსრულებელი აღიარებს, რომ გზები სტანდარტებს არ შეესაბამება.

„გზაპროექტის“ დირექტორი პაატა დუმბაძე: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ გზები არასტანდარტულია, მაგრამ სხვანაირად ვერ დავხაზეთ. ეს გზები დასახლებულ პუნქტებში გადის. გზებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთები ესაზღვრება. არც ერთი მათ შორის არ დათმობს ერთ გოჯ მიწასაც კი. თავიდან გვეუბნებიან – კი ბატონო, გააკეთეთო, მაგრამ როგორც კი შეეხები, თითოეულ კვადრატულ მეტრ მიწას ჰყავს პატრონი. აჭარა მცირემიწიანი რეგიონია, ამიტომ ჩვენ ვერ დავაპროექტებდით ისე, რომ იქ ფართო გზები გაკეთებულიყო. სოფელ ხალაში ერთმა მოქალაქემ სასამართლოშიც კი გვიჩივლა.“

იდენტურია გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის პასუხი. ის ამბობს, რომ დეპარტამენტი იძულებულია უკვე არსებული გზების რეაბილიტაციაზე იმუშაოს და მის გაფართოებაზე ვერ იზრუნებს:

„ამ არასტანდარტული გზების პარალელურად, ალბათ, ისიც შესამჩნევია, რომ ყოველ ორას მეტრში არის შესაქცევი, ორმა სატრანსპორტო საშუალებამ ერთმანეთს გვერდი რომ აუაროს. გზა იგეგმება საწყისიდან ბოლო პიკეტამდე და დაუშვებელია ისეთი ტიპის გადახრები, რაც გარკვეულ მონაკვეთებში გზების გაფართოებას გულისხმობს. თუ გზა ერთ კონტურში არ არის მოქცეული, შექმნის შეფერხებებს. სადაც არის საშუალებები, ვაწესრიგებთ გვერდითა ინფრასტრუქტურას, ვაკეთებთ ე.წ. ჯიბეებს, გზის ასაქცევებს.“

არჩილ ჩიქოვანი არ უარყოფს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა გზა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რასაც ის მაღალმთიანი სოფლების რელიეფით ხსნის: „არსებული გზები ექსპლუატაციიდან ას წელზე მეტს ითვლის. კერძო საკუთრებაში ვერ შევიჭრებით და ვერც შევათანხმებთ მესაკუთრეებს. ისინი ფლობენ მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთებს გზის მარჯვენა და მარცხენა გვერდულთან… ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან დაგეგმარების დროსაც. საპროექტო სამუშაოებში ჩართული არიან ადგილობრივი წარმომადგენლობები, დეპარტამენტი, ასიდან 99 შემთხვევაში ვერ ვაღწევთ შეთანხმებას. ადგილ-ადგილ გაფართოება და შევიწროება უფრო საფრთხის შემცველია.“

მოსახლეობა კი ამბობს, რომ დეპარტამენტს მათი ნაკვეთების ხარჯზე გზების გაფართოების სანაცვლოდ მოლაპარაკებები არ უწარმოებია და არც კომპენსაცია შეუთავაზებია. საკომპენსაციო თანხა გზების გაფართოებისთვის არც ბიუჯეტში ყოფილა გათვალისწინებული:

ხელშეკრულებაში, რომელიც ითვალისწინებს პროექტის მომზადებას, მითითებულია, რომ სამუშაოებს დეპარტამენტის ტექნიკური სამსახური აკონტროლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაო ექსპერტიზას არ გადის, ისე როგორც ასფალტის დაგების სამუშაოების ჩაბარების შემთხვევაში. დეპარტამენტს არც ჩაბარებული სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნები აქვს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული. ამას სამთავრობო უწყებას შესყიდვების შესახებ კანონი ავალდებულებს (38-ე მუხლი).

საქართველოში უსაფრთხო გზების მნიშვნელობაზე, ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გზა სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. ეს მნიშვნელოვანია, ისე როგორც ის, რომ არ დაარღვიონ წესები მძღოლებმა და ქვეითებმა. გზების ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად მოწყობა კი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

„თუ მთავრობამ სცადა და ეს მაინც არ ხერხდება, მაშინ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ხიფათის შესამცირებლად, ძალიან მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული სიჩქარეები, დამონტაჟდეს სარკეები. როგორც ვიცით, ასეთ გზებს არც საპატრულო პოლიცია აკონტროლებს ინტენსიურად. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ვიდეოთვალი მაინც აამუშაონ და ამით აკონტროლონ სიჩქარე. მითუმეტეს, თუ ამ გზებზე არის ადგილები, სადაც ხშირად ხდება ავარია.“

ბათუმი-ახალციხის გზაზე ხშირი ავტოავარიით შეწუხებული მოსახლეობა ინფრასტრუქტურის გამართვასა და სარკეების მოწყობას გასული წლის ნოემბერში პეტიციით ითხოვდა, რომელსაც ოთხასამდე ადგილობრივი აწერდა ხელს, აჭარის მთავრობაში ამ მოთხოვნას უსაფუძვლო და არასერიოზული უწოდეს.

გზების შესახებ საქართველოს კანონით, საავტომობილო გზის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებითა და გაბარიტებით.

აჭარის მთავრობის მიერ გზების მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებს ხშირად იგებენ კომპანიები: „ტ.ტ“, „სამკუთხედი“, „გზები“, „გიგა 2015“ და „მარეთი 777“.

______________________

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: