კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ

29.01.2018 •
„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ

შოტლანდიელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის კომედიის – „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება რუსეთში კულტურის სამინისტრომ აკრძალა.

საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდზე, სტალინის სიკვდილზე, გადაღებული ფილმი  პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. ფილმი შოტლანდიელმა რეჟისორმა, არმანდო იანუჩიმ, ფრანგი სცენარისტის, ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შექმნა, რომელიც სტალინის მოულოდნელ სიკვდილს და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს.

სტალინის როლს ფილმში ედრიან მაკლაფლინი ასრულებს, ნიკიტა ხრუშჩოვს – სტივ ბუშემი, ლავრენტი ბერიას – საიმონ რასელ ბილი, სვეტლანა სტალინს კი – ანდრეა რაიზბორო.  ფილმის IMDB რეიტინგი ამ დროისათვის არის – 7.6.

ფილმ „სტალინის სიკვდილის” პოსტერი: საიმონ რასელ ბილი ბერიას როლში

პოლიტიკურ სატირად შეფასებული ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 20 ოქტომბერს შედგა ევროპასა და ამერიკაში.

მიუხედავად აკრძალვისა, რუსეთში ფილმი მაინც აჩვენეს 25 იანვარს კინოთეატრ „პიონერში“. „ბიბისის“ ჟურნალისტის ცნობით, მაყურებლებს შორის არ იგრძნობოდა ფილმის მიმართ პროტესტი და რაიმე სახის გაღიზიანება. მაყურებლების ერთი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ფილმი უბრალოდ აინტერესებდა და იმიტომ მივიდა, ზოგიერთი კი მიიჩნევდა, რომ რახან ფილმი კულტურის სამინისტრომ აკრძალა, აუცილებელია მისი ნახვა და ეს აკრძალვა ხალხის ინტერესსაც აორმაგებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დარბაზში რამდენიმე სავარძელი თავისუფალიც კი დარჩა და ვერ ვიტყვით, რომ ანშლაგი იყო.

„უკანონო” კინოჩვენება

კინოგაქირავების მოწმობა დოკუმენტია, რომლის გარეშეც რუსეთში კინოთეატრებს არ აქვთ უფლება, აჩვენონ ფილმი. მოსკოვის კინოთეატრმა ,,პიონერმა“ კულტურის სამინისტროსგან ვერ მიიღო კინოგაქირავების მოწმობა ფილმისთვის „სტალინის სიკვდილი“, მაგრამ მიუხედავად აკრძალვისა, მათ ფილმი მაინც აჩვენეს. რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანელი რეჟისორის კომედიის ჩვენება ოფიციალურად 23 იანვარს აკრძალა.

მას შემდეგ, რაც „პიონერმა“ „აკრძალული“ ფილმი აჩვენა, რუსეთის კულტურის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „კინოთეატრის წინააღმდეგ, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ აკრძალულ და დაწუნებულ ფილმს აჩვენებს,  ადმინისტრაციული კანონდარღვევის მუხლით აღიძვრება საქმე,” – ნათქვამია განცხადებაში.

კინოსკანდალის ისტორია

„სტალინის სიკვდილის“ პირველი, დახურული კინოჩვენება რუსეთში 18 დეკემბერს გაიმართა. 22 იანვარს კი ფილმის სპეციალური ჩვენება მოეწყო კულტურის სამინისტროში, რომელსაც ესწრებოდნენ:  კინორეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი, პროდიუსერი, ლეონიდ ვერეშაგინი და რუსეთის სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,  ელენა დრაპეკო.

მეორე დღეს მათ წერილობითი  თხოვნით მიმართეს კულტურის მინისტრს, ვლადიმირ მედინსკის, რომ სამინისტროს არ დაეშვა ფილმის საჯარო ჩვენება. რეჟისორები მიხალკოვი და ვლადიმირ ბორტკო, მწერალი იური პოლიაკოვი და სხვები წერილში აღნიშნავდნენ, რომ „ეს არის ღვარძლიანი და სრულიად უადგილო, თითქოს კომედია, რომელიც სინამდვილეში ჩირქს სცხებს ჩვენი წინაპრების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმზე გაიმარჯვეს“.

ფილმი ასევე შეაფასა რუსეთის კულტურის სამინისტროს იურისტთა ჯგუფმა, მათაც მოითხოვეს, რომ ფილმის კინოგაქირავების ნებართვა არ მიეცათ არც ერთი კინოთეატრისთვის.

კულტურის სამინისტროს იურისტების აზრით, ეს არის ფილმი, რომელიც ასახავს სტალინის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლების გადანაწილების პროცესს, რაც ექსტრემიზმის ნიშნებს შეიცავს.

„ფილმ „სტალინის სიკვდილის“ მიზანი შუღლის, მტრობის გაღვივება და რუსი (საბჭოთა) ადამიანის ღირსების შელახვაა,“ – ნათქვამია იურისტების განცხადებაში.

განცხადებებისა და მოწოდებების შემდეგ, 23 იანვარს, ფილმის პრემიერამდე ორი დღით ადრე,  რუსეთის კულტურის სამინისტრომ კინოთეატრებისთვის ფილმის გაქირავების  გაცემული მოწმობა უკან გაითხოვა და „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება აკრძალა, რაც პირველი შემთხვევაა თანამედროვე რუსეთის პრაქტიკაში.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა მინისტრ მედინსკის განცხადება: „ძველი თაობის ბევრი წარმომადგენელი ფილმს საბჭოთა წარსულის, ქვეყნის დამამცირებელ დაცინვად მიიღებს, ქვეყნის, რომელმაც ფაშიზმზე გაიმარჯვა“.

„ჩვენთან ცენზურა არ არის“, – იქვე აღნიშნავს რუსეთის კულტურის მინისტრი.

                                                           ცენზურას დამორჩილებული  კინოთეატრი

მართალია, „პიონერმა“ სამინისტროს მიერ 23 იანვარს აკრძალული კომედია 25 იანვარს მაინც აჩვენა და პრემიერა არ გააუქმა, მაგრამ კინოთეატრი მაინც მოექცა ცენზურის გავლენის ქვეშ: მას შემდეგ, რაც სამინისტრო დაუმორჩილებელ კინოთეატრს ადმინისტრაციული კანონის დარღვევის გამო საქმის აღძვრით დაემუქრა, მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კინოთეატრი „პიონერი“იძულებულია 27 იანვრიდან შეწყვიტოს ბრიტანული კომედიის „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ფილმი მხოლოდ ორ დღეს, 25 და 26 იანვარს აჩვენეს და გრძელდებოდა ბილეთების გაყიდვა შემდეგი სეანსებისთვისაც, თუმცა კინოთეატრის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაყიდული ბილეთების თანხას დაუბრუნებენ მაყურებელს და მათ მოუწოდებენ, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართონ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს.

„პიონერი“ იყო ერთადერთი კინოთეატრი რუსეთში, რომელიც არ დაემორჩილა რუსულ ცენზურას და აკრძალვის მიუხედავად მაინც აჩვენა კომუნისტური ეპოქის პოლიტიკური სატირა.

პარასკევს, 26 იანვარს, კინოთეატრში პოლიციელები გამოჩნდნენ, რომ ოფიციალურად დაეფიქსირებინათ აკრძალული კინოჩვენების ფაქტი, რაც აუცილებელი პირობაა ადმინისტრაციული კანონის დარღვევის გამო ბრალის წარსადგენად.

საქართველოს კინოთეატრების საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 29 იანვარს, დადგინდება მომავალი ერთი კვირის აფიშა და გაირკვევა, ზუსტად რომელ რიცხვში გაიმართება საქართველოს კინოთეატრებში აკრძალული ფილმის „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება.

რუსეთში კინოჩვენების აკრძალვის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო 23, 24, 25 და 26 იანვარს ავრცელებდა.

კადრი ფილმიდან  „სტალინის სიკვდილი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: