მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარედ, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრის შენობა გასული წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა თეატრის მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა.
საზაფხულო თეატრის ასაშენებლად ქედის მერიამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენს“ 84 997 ლარზე 7 აპრილს გაუფორმა.
მშენებლობის პროცესში პროექტში ცვლილებები შევიდა. შესყიდვების სახელმწიფო ვებვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტში ბოლო ცვლილება 15 დეკემბერს შეიტანეს – მშენებელს სცენის სახურავის მოწყობა ხელშეკრულებით გაწერილი თაბაშირ-მუყაოს ნესტგამძლე ფილების ნაცვლად ამსტრონგის ფილებით მოწყობა დაევალა.
ცვლილება შეეხო მშენებლობის პროექტსაც. თეატრთან ერთად მშენებელს საპირფარეშოს მოწყობაც ევალებოდა, თუმცა პროექტში შესული ცვლილებით, საპირფარეშო პროექტიდან ამოიღეს.
ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ პროექტით სველი წერტილის აშენება საჭირო აღარ არის, რადგან მახუნცეთის გენგეგმის მიხედვით, გაუმჯობესებული და თანამედროვე ტიპის საპირფარეშო უკვე მოეწყო. რაც შეეხება დაუსრულებელ მშენებლობას, მერის მოადგილე ამბობს, რომ მშენებელი კომპანია დაჯარიმდა:
„მშენებლობის პროცესში მშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ სახურავიდან თოვლის ჩამოცვენას პროექტით გათვლილი მასალები ვერ გაუძლებდა, დაზიანდებოდა და უკეთესი იქნებოდა მისი ჩანაცვლება გამძლე მასალისგან. ამ ცვლილებასთან ერთად პროექტიდან ამოვიღეთ საპირფარეშოს მოწყობაც, რამაც სახელშეკრულებო თანხის შემცირება გამოიწვია.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხდა შენობის ჩაბარება, კომპანია დაჯარიმდა, ჩვენ შეგვეძლო ხელშეკრულება შეგვეწყვიტა მშენებელი კომპანიისთვის, მაგრამ მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო იქნებოდა ტენდერის ხელახალი გამოცხადება, არა 2017 წლის ხარჯთაღრიცხვით, არამედ 2018 წლის მონაცემებით, რაც პროექტის მთლიან ღირებულებას შეცვლიდა. უახლოეს პერიოდში დასრულდება მშენებლობის პროცესი,“ – აცხადებს მერის მოადგილე.
საზაფხულო თეატრის პროექტში შეტანილი ცვლილებებით, სახელშეკრულებო თანხას 12 757 ლარი და 33 თეთრი გამოაკლდა.