რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული

თამარი თურაძე, მე-9 კლასის მოსწავლე

2014 წელი

დირექტორმა გადაწყვიტა ფორმები შეეკერა. აი, ისეთი სკოლას თავისი გერბი რომ ჰქონოდა. რამდენიმე კვირაში ფორმები მოვიდა – გოგოების იყო ნაცრისფერი, ცისფერი და ვარდისფერი ზოლებით, ბიჭების – შავი. ორივე ფორმას მარცხენა მხარეს ჰქონდა გამოსახული წიგნი და ზემოთ ცისარტყელა ეხატა. ბავშვები გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ასეთი ნიშანი ჰქონდეს ფორმას – ბარემ ზემოდან ლგბტ ხომ არ დავაწეროთო.

დირექტორმა მოიბოდიშა და ფორმები გააქრო.

მასწავლებლებიც ძალიან დარცხვენილები იყვნენ. რატომღაც მეც მრცხვენოდა. შემეზიზღა ლგბტ ადამიანები.

მას შემდეგ ბევრი სკოლა გამოვიცვალე. კარგად თავს ვერსად ვგრძნობდი. მათგან ერთ-ერთში, სადაც დირექტორმა ცისარტყელას ემბლემიანი ფორმები ჯერ შეგვიკერა და შემდეგ გადამალა, მეგობრობას მნიშვნელობა საერთოდ დაკარგული ჰქონდა. ბავშვები სულ იმას ცდილობდნენ, ვინმე დაებეზღებინათ ან ერთმანეთის საიდუმლოებები მოეყოლათ, რომ მერე ყველას ერთად დაგვეცინა. ამას მასწავლებლებიც ახალისებდნენ.

2017 წელი

ფეისბუქში გეი წყვილის ქოწინების ვიდეოს გადავეყარე. ძალიან ლამაზები იყვნენ. ბევრი მისალოცი კომენტარი ეწერა. აი, ისეთი სულ ბედნიერები იყავითო და რამე…

მეც გავაზიარე. საყვარლები-მეთქი, მივაწერ ინგლისურად.

-ფუუ რა საზიზღრობაა, დამხვდა სკოლაში მისულს მეორე დღეს ჩემი კლასელის კომენტარი.

– გავბრაზდი, რატომ გააკეთე-მეთქი.

– ნიშნისმოგებით მომიგო: მასეთ ადამიანებზე უარესი უნდა დამეწერა

– რამე დაგიშავეს ასე რომ ექცევი, თუ ქართული მენტალიტეტი გკარნახობს ამას-მეთქი. შევეცადე ნამუსზე ამეგდო.

– რა შუაშია, ყველა ქართველი მასე ფიქრობს და სწორადაც იქცევიანო – მითხრა.

– შენც მაგ ყველასავით ძველ დროში ხარ ჩარჩენილი – ამჯერად აღარ ვაპირებდი გაჩუმებას.

– აუუუუუუ. ნუთუ ვერ ხვდები, რომ ერთადერთი ხარ, ვინც მაგათ იცავს. ამიტომ გირჩევნია გაჩუმდე. იქეთ დამესახა თავს.

ზრ-ზრ-ზრ. სათქმელი ვერ დავასრულე, რადგან ზარი დაირეკა.

მაგრამ დღეს სამოქალაქო გვაქვს. მთელი დღე მოუთმენლად ველი ამ გაკვეთილს. მინდა  შეწყვეტილი თემა კლასთან განვაახლო, სხვების აზრი მოვისმინო. განსაკუთრებით მასწავლებლის მოსაზრება მაინტერესებს.

მე-6 გაკვეთილი

მაკა მასწავლლებელი შემოდის (სამოქალაქოს გვასწავლის). ფეხზე ვდგებით და ვესალმებით.

ბავშვებო მინდა თემა დამიწეროთ – „ვარ თუ არა ლიბერალი“. ჩვენ ყველა ერთხმად ვოხრავთ, რადგან კლასის 95%-ს არ უყვარს ეს საგანი და თემების დაწერაც ეზარებათ.

– აუ, რა მას! სხვა რამე მოგვეცით დასაწერად რა. მე ლიბერალი არ ვარ და არ მაწყობს ვიღაც ლგბტ ადამიანებზე დავწერო, მათ მიმართ როგორ ვარ განწყობილი.

– ხო რა მას, ამბობს მეორე. რა არი რო გამოდიან და აქციებს აწყობენ და მოგვიწოდებენ ჩვენნაირები გახდითო.

აჰა, ჩემი დროც მოვიდა იმის მოფიქრების გარეშე, თემა როგორ გამეხსნა.

აქციებს მაგისთვის არ აწყობენ. ისინი, უბრალოდ, ცდილობენ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ, – წამოვიძახე მე.

– მართლა?!  არ შეგვაწუხონ და ჩვენც არაფერს დავუშავებთ.

– ანუ შენ იმას გულისხმობ, რომ სახლში იყვნენ? – ვეკითხები მე და თან მასწავლებლის მხარდაჭერის იმედი მაქვს. სულ ცოტათი მაინც.

– ნუ ეცდებიან ერი გარყვნან, – ყვირის ჩემი კიდევ ერთი კლასელი.

საშინლად ვბრაზდები…

მეც იგივე ტონალობაში ვპასუხობ – ამას ერის გარყვნა არ ჰქვია. იცი მათ როგორ ექცევიან, როცა ქუჩაში გამოდიან? მათ უმიზეზოდ სცემენ. ზოგს კლავენ კიდეც.

უარესი უნდა დამართონ, შემაწყვეტინა ბიჭმა. ყველა ერთხმად ახმაურდა. ჩემი კლასელები იძახდნენ, რომ მოსაკლავები არიან. ჩემი ხმა იკარგება.

საშინლად უსუსური ვარ. გაბრაზებულიც. თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობ.

მინდა ყველას ზურგი შევაქციო და წამოვიდე. ვერ გავაკეთე. მაინც დავრჩი კლასში, ბოლომდე. ოღონდ არ მახსოვს მასწავლებელმა რა თქვა. ჩემმა სამოქალაქოს მასწავლებელმა.

არ გამიგია, როდის დაირეკა ზარი და როდის შემოვიდა სხვა მასწავლებელი. ჩემთან ძალიან ახლოს როცა მოვიდა მაშინ შევნიშნე.

„მომისმინე შვილო, ეგ, რასაც შენ მხარს უჭერ, სირცხვილია. ეგენი ავადმყოფები არიან და შენ ამაზე ხმამაღლა ნუ ილაპარაკებო“.

სახლში ჩემს გაზიარებულ ვიდეოს ისევ დავხედე. ვიღაც ქალი მლანძღავდა ლათინური შრიფტით:

-debilebi xart yvela rogor unda gayves kaci kacs colat  debilebi xart da matac debilebi arian gaiget tqve cmorebo amat daakvirdit imitom rom tqvenc asetebi xart  shtero cmoro

 

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ავარიის შედეგად 21 წლის კაცი თავზე ნაფლეთი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „კარფურთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა. ჰოსპიტალში დარჩა 45 წლამდე ქალიც, რომელმაც დაშავებული კაცის საავადმყოფოში გადაყვანის დროს უთხრა ექიმებს, რომ მუხლი სტკიოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით.

86 ათასი ლარი სკვერის შეღობვისთვის წითელი ქვებით

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, სასამართლოსთან მდებარე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 86 ათასი ლარი გასულ წელს გამოიყო. ერთ-ერთი სამუშაო, რის გამოც კომპანიამ ბათუმის მერიასთან დადებული პირობა ვერ შეასრულა, სკვერის შეღობვა იყო ტეშენიტური ქვებით [წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა].

თავდაპირველად ბათუმის მერია ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „დალა 73“-თან გააფორმა. ამ კომპანიას გასული წლის 5 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რაც მოიცავდა ნარჩენების გატანას, ქვაფენილის დემონტაჟს, ბაზალტის ბორდიურების მოწყობას ბეტონის საფუძველზე, გამწვანების ზოლში დეკორატიული სანათების მოწყობას, ნაგვის ურნებისა და ძელსკამების განთავსებას. კომპანიამ სამუშაოების გარკვეული ნაწილი შეასრულა, თუმცა ღობის მოწყობა ვერა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დალა 73“-მა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და ის ვადაგადაცილებული დღეების შესაბამისად 26 900 ლარით დაჯარიმდა. კომპანას 29 371 ლარი ჩაურიცხა მერიამ შესრულებული სამუშაოებისთვის თავის დროზე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია „დალა 73“ პირობის შეუსრულებლობის მიზეზად ტეშენიტური წარმოშობის წითელ ქვას ასახელებს, რომელიც მერიამ მოითხოვა და რომელიც, როგორც კომპანია აცხადებს, საქართველოში არ მოიპოვება. კომპანიას მერიისთვის წარუდგენია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილობითი პასუხი. სააგენტო წერს, რომ ტეშენიტური წარმოშობის წითელი ქვა საქართველოში არ მოიპოვება.

კომპანიამ „დალა 73“-მა მერიას აცნობა ისიც, რომ ასეთი ქვის ყიდვა მხოლოდ საზღვარგარეთ შეიძლება, მაგრამ მისი შემოტანა სამჯერ აღემატება პროექტით გათვალისწინებულ ღირებულებას. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ობიექტური გარემოებები არ იძლევა შესაძლებლობას განხორციელდეს ტეშენიტური წარმოშობის წითელი ფერის ქვის მოპოვება, ჩვენს მიერ ვეღარ მოხდება დარჩენილი სამუშაოების შესრულება. გთხოვთ, მიიღოთ სათანადო გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც კომპანიამ ბათუმის მერიას 2016 წლის 19 სექტემბერს გაუგზავნა.

ბათუმის მერიამ ახალი ტენდერის გამოცხადება გადაწყვიტა, თუმცა „წითელი ფერის ქვა“ სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ახალი ხელშეკრულება სკვერში მიმდინარე სამუშაოების დასრულებაზე მერიამ კომპანია „ქა-გისთან“ 2017 წლის 8 აგვისტოს გააფორმა. ამ ხელშეკრულებაში ნახავთ, რომ მერია ითხოვს მხოლოდ „რუხი ფერის გრანიტის ქვის ფილებს“.

ხელშეკრულების ღირებულება 37 900 ლარია.

ვინაიდან მერიამ წითელ ქვებზე უარი თქვა, შეღობვისთვის გამოყოფილ თანხაში დანაზოგი გაჩნდა – 18 729 ლარი.

რატომ მოითხოვა მერიამ სკვერის შეღობვა? რატომ უნდა ყოფილიყო მესერი წითელი ქვით მოპირკეთებული, ანუ მასალით, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება და რის საფუძველზე გადაწყდა ქვის ფერის შეცვლა? – ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ ამ კითხვებს ვერ უპასუხეს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ახლა უკვე ვიცე-მერმა, თენგიზ პეტრიძემ გვითხრა, რომ მოგვიანებით უპასუხებს კითხვებს. მერიის პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ სკვერების და ქუჩების კეთილმოწყობისთვის თანხას მერია რეგულარულად ითვალისწინებს და ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის კეთილმოწყობის ინიციატივას ბათუმის საკრებულომაც დაუჭირა მხარი.

 

შეღობილი სკვერი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან/ 19.12.2017/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები

ბათუმელი სტუდენტი სინგაპურში ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე

ბათუმელი თათია ბოლქვაძე, სინგაპურის შემდეგ სწავლას ამერიკაში, Wellesley College-ში გააგრძელებს, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია. თათიამ აშშ-ის უნივერსიტეტში სწავლისთვის სრული დაფინანსება მოიპოვა. ამერიკაში აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება. მანამდე კი სწავლას სინგაპურში, UWC  South East Asia კოლეჯში დაასრულებს, სადაც ორი წელია სწავლობს. „ბათუმელები“ თათიას სინგაპურში დაუკავშირდა და მას აზიურ ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე ესაუბრა.

„სინგაპურის კოლეჯის შესახებ მეგობრისგან გავიგე. აპლიკაცია გავგზავნე და შემარჩიეს. South East Asia-ს კოლეჯი ერთ-ერთი პრესტიჟული. ის პროგრამა, რომელსაც მე გავდივარ, საკმაოდ რთულია.

ეს არის გაერთიანება, რომელსაც მსოფლიოს 17 ქვეყანაში აქვს კოლეჯები და ყოველწლიურად არჩევენ აპლიკანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს ამ კოლეჯების ნაციონალური კომიტეტები და მეც მათ შემარჩიეს“, – გვიყვება თათია.

აპლიკაციაში, როგორც თათია გვეუბნება, წარმოაჩენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. „მაგალითად, არის შეკითხვები რასიზმზე, გენდერულ თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, თუ რამდენად ხარ განსხვავებულის მიმღები და, ზოგადად, როგორი მსოფლმხედველობა გაქვს. ბუნებრივია, ყურადღებას აქცევენ აკადემიურ მოსწრებასაც. ინგლისური ენის ცოდნას, რადგან თუ მიგიღებენ, კოლეჯში ამ ენაზე მოგიწევს სწავლა და რომ არ გაგიჭირდეს სწავლა, ენას კარგად უნდა ფლობდე“.

თათიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო აპირებს თუ არ აპლიკანტი სამშობლოში დაბრუნებას და მიღებული გამოცდილების, ცოდნის რეალიზებას საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ.

კოლეჯში მეგობრებთან

„ის დიპლომი, რომელსაც აქ ავიღებ, საკმაოდ რთული პროგრამის დაძლევას მოითხოვს. სულ ვირჩევთ ექვს საგანს, პირველი ენა, მეორე ენა, ჰუმანიტარული საგნები, სამეცნიერო საგნები, მათემატიკა და ხელოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ჩემი პირველი ენა არ არის, მაინც ეს ავირჩიე, რადგან აქ ყველაფერი ამ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ ინგლისურის გაუმჯობესება ვარჩიე. ლიტერატურის საკითხავად კი მშობლიური ენა მაქვს არჩეული“, – გვეუბნება თათია.

თათიას შეფასებით, სინგაპურის საგანმანათლებლო სისტემა ქართულისგან ბევრად განსხვავებულია. „ძალიან მაღალია პედაგოგების კვალიფიკაციაც. კლასში 15 სტუდენტი ზის და ყველა საგანზე სხვადასხვა ბავშვთან ხარ.  ბავშვები კლასში წრიულად სხედან და მთლიანად ჩართული არიან საგაკვეთილო პროცესში. აქცენტი გადატანილია გააზრებასა და ანალიზზე და არა დაზეპირებაზე“, – ამბობს თათია.

კოლეჯში სწავლის დროს, სამ საგანს უმაღლეს დონეზე იღებ, სამს კი სტანდარტულ დონეზე. თათია ამბობს, რომ უმაღლეს დონეზე ინგლისური, ისტორია და პოლიტიკა აიღო.  „აქ, ძირითადად, აზიის ისტორიას ვსწავლობთ, დასავლეთის ისტორიიდან შავკანიანთა უფლებების შესახებ ვისწავლეთ და აფრიკის ისტორიიდან აპარტეიდი“.

თათია ამბობს, რომ სინგაპურში სწავლამ და 17 წლის ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრებამ უცხო ქვეყანაში, მასში დიდი გარდატეხა გამოიწვია. „პირველ დღეებში ძალიან მიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი მშობლებს რჩევისთვის, მაგრამ რამდენიმე კვირაში ეს სირთულეებიც გადავლახე და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, ამერიკაში ყოფნის დროს ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება“.

თათიას თქმით, სინგაპურში მაღალ დონეზე დგას გენდერული საკითხი. უნივერსიტეტებში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ გოგონებს სამეცნიერო საქმიანობაში. არსებობს გოგონების მხარდამჭერთა კლუბებიც. გარდა ამისა, სინგაპურში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გარემოს დაცვით საკითხებზე და გლობალურ დათბობაზე.

სინგაპური

„სინგაპური ულამაზესი ქალაქია. ზოგჯერ მგონია, რომ აქ 22-ე საუკუნეა.  ბევრად წინ არიან განვითარებით. ქალაქში განსაკუთრებით დაცულია კულტურული მემკვიდრეობა, ვერსად ნახავთ ქუჩაში დაყრილ ნაგავს, ძალიან მაღალია სამოქალაქო თვითშეგნება.

ქალაქი ძალიან მწვანეა და არა ბეტონის, როგორც ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქალაქია, ნაკრძალებიც კი აქვთ გამოყოფილი. გარემოს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ“, – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს თათია.

თათია სინგაპურს აგვისტოს ბოლოს დატოვებს და აშშ-ში გაემგზავრება. ბოსტონთან ახლოს, პატარა ქალაქში იცხოვრებს. პირველ წლებში პოლიტიკის და განათლებას ისწავლის უნივერსიტეტში, კონკრეტულ მიმართულებას კი მოგვიანებით აირჩევს.

თათია ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ფიქრობს, რომ ამერიკულ ცხოვრებაც მისთვის ისეთივე განსაკუთრებული იქნება, როგორც ცხოვრება სინგაპურში.

„ძალიან მომწონს და მივეჩვიე აქაურობას, რომ არა ამერიკა, ალბათ კიდევ დავრჩებოდი ამ ქალაქში“, – გვეუბნება ის.

3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად

დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ  551 673 ლარი არის ტედერების და პროექტების ნაწილის 2018 წელში გადატანის გამო მიღებულ ეკონომია.

884 884 ლაღი გამოუყეს ქობულეთის მუნიციპალიტეტს. ამ თანხიდან 317 770  ლარი ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის რეაბილიტაციას მოხმარდება, 229 320 ლარი კი ქობულეთის წყალარინების პროექტზე დაიხარჯება.

სხვა მუნიციპალიტეტებზე კი თანხები ასე გადანაწილდა:

ბათუმის მუნიციპალიტეტი – 7 მილიონ 973 438 ლარი, მათ შორის მილიონ 431 748 შეადგინა ეკონომიამ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი –  556 753 ლარი, მათ შორის ეკონომიამ 60 263 ლარი შეადგინა.

ქედის მუნიციპალიტეტი – მილიონ 809 986 ლარი, ეკონომია – 69 487 ლარი.

შუახევის მუნიციპალიტეტი – 2 054 717 ლარი, ეკონომია – 76 162.

ხულოს მუნიციპალიტეტი – მილიონ 255  631 ლარი, ეკონომია – 114 442.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორატიო სისტემების მართვის დეპარტამენს კი მილიონ 255 631 ლარი გამოუყეს, აქედან ეკონომია არის 114 442 ლარი.

თანხა – 17 მილიონი ლარი, ძირითადად, აჭარის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს  მოხმარდება.

 

 

საახალწლო განათება ბათუმში [ფოტო]

ბათუმი საახალწლოდ მორთეს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ევროპის მოედანზე დგას, 25 დეკემბერს, საღამოს ცხრა საათზე, საზეიმოდ აინთება. წელს ბათუმის საახალწლო განათებაში, მათ შორის ნაძვის ხეების, ქუჩების, სკვერების მორთვასა და შემდგომ დემონტაჟში 1 მილიონ 509 ათასი ლარი დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს 25 დეკემბერს აანთებენ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

საახალწლო განათებები გორგილაძის ქუჩაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ევროპის მოედანი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

რაიანი – 6 წლის მილიონერი ფორბსის სიიდან

ფრანგული “Forbes”-ის მონაცემებით, 6 წლის რაიანი მსოფლიოში იუთუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომხმარებელია. 2017 წლის განმავლობაში იუთუბის საშუალებით მან 11 მილიონი დოლარი (9 მილიონი ევრო) გამოიმუშავა. როგორ? რაიანი, უბრალოდ, კამერის წინ ხსნიდა საჩუქრებს, რომელსაც წლის განმავლობაში ჩუქნიდნენ.

ChaineRyan ToysReview-ს სახელით დარეგისტრირებულ იუთუბის გვერდზე იტვირთება ვიდეოები, რომელშიც პატარა ბიჭი სათამაშოებით ერთობა, გამოწვევებში რთავს ბავშვებს, განიხილავს ახალი სათამაშოების ღირსება-ნაკლოვანებებს.

გვერდს, რომელზეც ბიჭის ვიდეოები იტვირთება, 2015 წლიდან დღემდე 8 მილიარდზე მეტი მნახველი ჰყავს.

როგორც The Independent” იუწყება, ბიჭის იუთუბის გვერდი მშობლებმა დაარეგისტრირეს და თვითონვე აკონტროლებენ. მშობლები ყოველდღიურად ტვირთავენ შვილის ვიდეოებს იუთუბიზე, მაგრამ მხოლოდ შაბათ-კვირას იღებენ, რომ ბავშვის განვითარების დღიური რიტმი არ დაირღვეს.


ფორბსის სიის პირველ ადგილზე DanTDM-ს ფსევდონიმით ცნობილი, ვიდეოთამაშების სპეციალისტი დანიელ მიდლტონია, რომელიც იუთუბის 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მომხმარებლად აღიარეს. მიდლტონმა იუთუბის საშუალებით ერთ წელიწადში 14 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

იუთუბით გამოიმუშავებს თანხას ასევე საქართველოში პოპულარული იუთუბ არხი Emili TV.  

ამავე თემაზე:

ინტერნეტით ფულის შოვნის სამი მეთოდი საქართველოში

ორი ნაძვის ხე, რომელიც ფეისბუქზე მხიარულების მიზეზი გახდა

საქართველოს ქალაქებში დადგმულ ნაძვის ხეებს შორის, ჯერჯერობით, ქობულეთის ნაძვის ხემ მიიქცია ყველაზე დიდი ყურადღება. მართალია, ამ ფოტოზე არა ნაძვის ხე, არამედ საახალწლოდ მორთული განათების ბოძია ასახული, მაგრამ ამას ხელი ფოტოს პოპულარობისთვის არ შეუშლია. ფეისბუქის ზოგიერთმა მომხმარებელმა დეკორაციას „ქობულეთის ნაძვის ხის სული“ უწოდა.

ქობულეთი

ქობულეთი წელს ჯერ კიდევ ნაძვის ხის დადგმამდე მოექცა ყურადღების ცენტრში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქობულეთში წელს ნაძვის ხე ბათუმისგან ითხოვეს.  ამ თემაზე ფეისბუქზე არა ერთი ხუმრობა იყო.

მხიარულების მიზეზი გახდა ქუთაისში, თეთრ ხიდთან, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, შემაღლებულ ადგილზე მინიატურული ნაძვის ხეც, რომელიც მოქალაქეებმა დადგეს ხუმრობით. წინა წლებში ამ ადგილას ქალაქის ერთ-ერთ ნაძვის ხეს დგამდნენ, თუმცა წელს ასე არ მოხდა.

ქუთაისი

ნაძვის ხეს მალე მიუდგეს თოვლის ბაბუაც.

 

კიდევ ერთხელ ზონალური საბჭოს დათხოვნაზე – ზურაბ პატარაძის „უახლესი პერიოდის გეგმები“

დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა საკითხებთან ერთად ზურაბ პატარაძე შეეხო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს დათხოვნის შესახებ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას:

„თქვენ იცით, რომ დედაქალაქში საერთოდ გაუქმდა ზონალური საბჭო.  გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან. თუ ეს საბჭო გააგრძელებს მუშაობას ამ ფორმით, ჩვენ მზად ვართ მასში მეტად იყოს ჩართული დარგის სპეციალისტები, მათ შორის არქიტექტორები. ჩვენ მათთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ დავეთანხმეთ მოსაზრებას, რომ ეს საბჭო არ უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ამის განხორციელებას, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმება“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დაახლოებით ორი თვის წინ, 31 ოქტომბერს, დახურულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ორგანიზაცია „ბათომს“ შეჰპირდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს დაითხოვდა და ახალ საბჭოს დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტებდა.

„ბათომში“ მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებას ძეგლებთან მიმართებაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ საბჭოს არაკომპეტენტურმა გადაწყვეტილებებმა ძველი ბათუმის იერსახე მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამავე თემაზე:  ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს

24 დეკემბერს გომარდულს, სავარაუდოდ, გახსნიან 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სავარაუდოდ კვირის ბოლოს, 24 დეკემბერს აჭარის მთავრობა ზამთრის კურორტ „გომარდულის“ გახსნას გეგმავს. ზურაბ პატარაძის თქმით, მიღწეულია  შეთანხმება, რაც კურორტს საგადასახადო ვალდებულებებისგან ათავისუფლებს და მისი გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

სააქციო საზოგადოება „გომარდული“ საგადასახადო დავალიანებების გამო დაყადაღებული იყო. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა.

„სანაცვლოდ ინვესტორთა ჯგუფი იქ უზრუნველყოფს გარკვეული სამუშაოების  ჩატარებას, საუბარია წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაზე. ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. გარდა ამისა, იქ უნდა აშენდეს ახალი კოტეჯები და რესტორანი,  იმისთვის, რომ ადგილზე ასულ ადამიანებს არ შეექმნათ კვების პრობლემა“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

მთავრობა აფინანსებს ასევე კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გაზის მიყვანის სამუშაოებსაც.

ქობულეთში ორიგინალურ ნაძვის ხეს გამოავლენენ

ორიგინალური ნაძვის ხის გამოვლენას ქობულეთის მუნიციპალიტეტი აპირებს. ნებისმიერ მსურველს ორიგინალური ნაძვის ხე შეუძლია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ქობულეთის მუზეუმში დატოვოს. გამარჯვებული 31 დეკემბერს გამოცხადდება, დღის სამ საათსა და 30 წუთზე, ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე.

„ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მათ, ვინც ქობულეთში არ ცხოვრობს, შეუძლია წარმოგვიდგინოს ორიგინალური ნაძვის ხე, ეს შეიძლება იყოს ქაღალდისგან, ან პლასტმასის ბოთლებისგან აწყობილი, არ აქვს მნიშვნელობა… კონკურსანტებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. ვინ იქნებიან ჟიურიში, ჯერ ცნობილი არ არის. ვერც იმას გეტყვით ჯერ, იქნება თუ არა ჟიურიში ქობულეთის მერი. ორიგინალური ნაძვის ხეების მიღების ბოლო ვადა 26 დეკემბერია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია ნიჟარაძემ, ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საკითხთა სამსახურის უფროსმა.

ჟიური სამ გამარჯვებულს დაასახელებს. ნათია ნიჟარაძის თქმით, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებით რამდენიმე ბანკი და აფთიაქი დააჯილდოვებს. რა იქნება პრიზი – ჯერ უცნობია.

საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში 31 დეკემბერს დღის პირველ საათზე დაიწყება – სანტა კლაუსების გარბენით. ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტიც დღის პირველ საათზე დაიწყება. სამ საათზე საბავშვო კონცერტი გაიმართება, ოთხ საათზე – შეხვედრა სანტასთან. ხუთ საათზე საახალწლო გოზინაყს მოამზადებენ.

საღამოს შვიდ საათზე ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე დიჯეი „რემბოს“ კონცერტი იგეგმება, რვა საათზე საახალწლო გამოფენის დათვალიერება, ათ საათზე ჯგუფი „ბანდეროლი“ იმღერებს.

ღამის თორმეტ საათზე ქობულეთში ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე იმღერებენ. დაგეგმილია გრანდიოზული ფოიერვერკიც. საახალწლო ღონისძიების წამყვანი ქობულეთში ნიკა წულუკიძე იქნება.

ამავე თემაზე:

ბათუმმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა

 

რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს

ხატია რომანაძე, სტუდენტი

„1 800 000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ“, – ეს ფრაზა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყვება ჩემს ცნობიერებას. კარგად მახსოვს, როგორ ვიზეპირებდი ამ ციფრებს: მილიონ რვაასი ათასი… მილიონ რვაასი ათასი… მაშინ, ალბათ ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა, არც ზეზვასა და მზიას დაჭყეტილთვალებიანი პორტრეტები მხიბლავდა ისტორიის წიგნის ფურცლებზე. მხოლოდ ერთი განზრახვა მამოძრავებდა – გამეგო, როგორ იყვნენ ეს შავკანიანი ადამიანები ევროპელები?! მაშინ, როცა „ევროპელი“ ჩემთვის თეთრ რასასთან ასოცირდებოდა.

კარგი,  გავიაროთ ეს ეტაპი…

ასაკის მატებასა და თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად ფრაზამ – „პირველი ევროპელები“, უფრო მეტი ხიბლი შეიძინა და საამაყოც კი გახდა ჩემთვის. ასე რომ, პირველ რიგში იცით რატომ ევროპა?! იმიტომ, რომ ზეზვა და მზია სწორედ იმ მიწაზე დააბიჯებდნენ… მოიცა გავიხსენებ… მმმ, ჰო, მილიონ რვაასი ათასი წლის წინათ, სადაც ახალა შეიძლება კახელი მიხო ღვინოს წურავს ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ან სულაც ხულოელ სულეიმანს ნიორი მოჰყავს, ევროპელმა ჰანსმა ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული წვნიანი რომ  მიირთვას სადილად.

დღეს ჩვენში ბევრს საუბრობენ ევროპაზე, ევროპულ ფასეულობებზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, რაც ძალიან კარგია. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გენში თავისთავად ზის, უბრალოდ, 70-წლიანმა მძიმე უღელმა გააქარწყლა და მიგვავიწყა.

და კიდევ, იცით რატომ ევროპა?! იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ეს ძალით თავსმოხვეული „ამნეზია“ და დავუბრუნდეთ ძველ, ჩვეულ გარემოს, ჩვევებს და ცნობიერებას, რაც ნამდვილად არ არის ჩვენთვის უცხო და მიუღებელი.

დღემდე იგრძნობა ჩვენში ანტიდასავლური პროპაგანდის კლანჭები, რომელიც ჩუმად და უმტკივნეულოდ მოედინება. ზოგჯერ ვერც კი ვიაზრებთ ისე აღმოვჩნდებით მარწუხებში, რომელიც მაგრად გვიჭერს და გვეუბნება, რომ დასავლური ფასეულობები გვართმევს ეროვნულობას, ადამიანობას, საფრთხე ექმნება ჩვენი შვილების მომავალს, რადგან ისინი ვერ ჩამოყალიბდებიან ნამდვილ ქართველებად და დაივიწყებენ მამა-პაპურ ტრადიციებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მითი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. თითქოსდა ევროკავშირის წევრობისთვის ეს კანონი აუცილებელი პირობაა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან მხოლოდ შვიდშია აღიარებული ამგვარი ქორწინების არსებობა. ასე, რომ ეს ძალდატანებითი აქტი ნამდვილად არ არის, ის მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერასა და სურვილზეა დამოკიდებული; თუ არ გვინდა, კანონს ძალით არავინ მიგვაღებინებს.

მიყვარს ევროპული თავისუფლების გემო, რაც ჯერ კიდევ გადმოცემით მსმენია და არ მიგემნია. მიყვარს ევროპული გახსნილობა, რაც ერთ უბრალო ღიმილშია გამოხატული. და მაინც ყველაზე მთავრი დაცულობის შეგრძნებაა, როცა იცი შენს უფლებებს ვიღაც აუცილებლად გამოესარჩლება, ან თუნდაც განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს და დაგსჯის. მიყვარს ევროპული რწმენის თავისუფლება, როცა ყოველ ადამიანს უფლება და შესაძლებლობა აქვს ილოცოს იქ, სადაც უნდა, ან სულაც უარყოს „სამჯერ მამა ღმერთი“ და, უბრალოდ, დარვინისეული თეორიის იწამოს. „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ – მიყვარს ევროპული სიჭრელე, როცა „მგელი და კრავი ერთად ძოვს ბალახს“, ან თუნდაც წინაპრებით აზიელი ან აფრიკელი ისე სარგებლობს დასავლური ფასეულობებით ევროპაში, როგორც რიჩარდ ლომგულის, „მეფე მზისა“ და ჯუზეპე გარიბალდის შთამომავლები სარგებლობენ.

ამ ხნის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუებულის პასუხი მოვისმინე: „რა ევროპა ბაბუ, ჩვენ რუსეთს ვეკუთვნოდით სულ“, „რა ევროკავშირი, ვინ შეგვიშვებს ჩვენ მანდ“ ან „ჩემ მანდარინს ევროპის ბაზარზე რა უნდა, „მეზობელ“ ბაზარზეც კარგად გასაღდება“. და ბევრი მსგავსი ფრაზა მსმენია მათგან, ვინც ჯერ კიდევ 37 მანეთად გადაფრენა-გადმოფრენას მისტირის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერთს მივხვდი, რომ ამ ხალხს „იმედი“ სჭირდება, ჰო იმედი გვჭირდება, რაც მილიონ რვაასი ათასი წლის წინათ შეიძლება სულაც არ ადარდებდათ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვინდა. იმედი იმისა, რომ გვექნება ცუდზე უფრო კარგი ცხოვრება, როცა  ქუჩაში გავივლით და აღარ დავინახავთ პურის ფულისთვის ხელგამოწვდილი ბავშვს, ყოველი სამოწყალოდ „გაგდებული“ თეთრი მისთვის არსებობისთვის ბრძოლასთან რომ ასოცირდება. მე მინდა, რომ იცავდნენ მათ უფლებებს – აჭმევდნენ, აცმევდნენ, ასწავლიდნენ და სრულფასოვან ადამიანად ზრდიდნენ.

დიახ მეგობრებო, ახლა გვირაბში ვართ ჩვენ და სანთლის შუქით ხელში, ვეხეთქებით სველ, სლიპინა კედლებს. ბოლოს სინათლეს ვხედავთ და იქეთკენ მივიწევთ ნელა, აუჩქარებლად, თუმცა თავდაუხრელად და დიდი იმედებით.

და ისევ ეს კითხვა, რატომ ევროპა?! აი იქ, ჰო კარგად დააკვირდი აბა, პასუხს დაინახავ, ბოლოში ცისარტყელაც მოსჩანს ხიდად გადებული.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

 

შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე

როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, ხოლო 1200 – მანამდე მერიის საკუთრებაში არსებული განათება.

ევროპის მოედანზე ყველა შენობის ფასადი განათდება გირლიანდებით. განათდება ასევე 11 ადმინისტრაციული ცენტრი, მოედნები და სკვერები, ზოგიერთ შემთხვევაში სკოლების მიმდიბარე ტერიტორიებიც.

„მაქსიმალურად გავითვალისწინეთ, რომ საახალწლო გარემო შეგვექმნა არა მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში, არამედ გადავნაცვლებულიყავით ქალაქის სიღრმეში. ვფიქრობთ, ახალი განათებებით ეს ძალიან კარგად მიიღწევა. ძირითადი ლოკაცია იქნება ქალაქის ცენტრში და ეს არის მიღებული პრაქტიკა  მსოფლიოში. ამის გარდა, გვექნება „მოძრავი“ საბავშვო ღონისძიებები, რაც მგონი მშობლებს გაახარებს. ყველაფერს არ დავასახელებ, შევინარჩუნებ ინტრიგას“, – თქვა ლაშა კომახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ლაშა კომახიძის თქმით, წელს „ერას მოედანზე ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ აქტივობას“, განსაკუთრებული აქცენტი კი ბავშვებზე გაკეთდება. საბავშვო ღონისძიებები იქნება მსხვილ ლოკაციებში: „ეს ყველაფერი წინასწარ დაანონსდება, იქნება ძალიან ხმამაღალი, მუსიკალურად გაფორმებული და საინტერესო“.

რაც შეეხება საკონცერტო შემსრულებლებს, ლაშა კომახიძე არ ასახელებს მათ ვინაობას და ამბობს, რომ „გვექნება შესანიშნავი კონცერტები, როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით“.

ბათუმის ბეტონის უბნები [ფოტორეპორტაჟი]

სამშენებლო კომპანიები თავიანთ პროდუქტს მომხმარებელს მომხიბვლელად სთავაზობენ  – „სახლი ბათუმში ზღვიდან ხუთ წუთში“. ეს შეთავაზება ყველაზე კარგად იყიდება.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორია ხედი ბათუმში ახალაშენებული ერთ-ერთი კორპუსიდან, რომელიც „ზღვიდან ხუთ წუთშია“.

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ჯერ აუთვისებელი ტერიტორია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ოზურგეთის მერი პატიმრის დედის მხარდაჭერაზე, რომელსაც C ჰეპატიტის გამოკვლევა სჭირდება

50 წლის ნინო ჩ. პატიმრის დედაა. ოზურგეთში ცხოვრობს, სახელდახელოდ შეჭედილ პატარა ქოხში, რომლის დაზიანებული, დამსხვრეული სახურავიდანაც ისევე წვიმს, როგორ გარეთ. 58 წლის მეუღლე ჰყავს, ნასამართლევი, ომის ვეტერანი. შვილი პატიმარია, ოთხი წელია სასჯელს იხდის და ორ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდება.

პატიმრის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ნინო ჩ. ოჯახის სოციალური მდგომარეობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ცოლ-ქმრის შემოსავალი ყოველთვიური სოციალური დახმარება – 120 ლარია. ნინომ და მისმა მეუღლემ ეს თანხა თვიდან თვემდე კვებისა და პატიმარი შვილის მოსანახულებლად უნდა იკმარონ.

ნინო ჩ.-ს ექვსი წლის წინ C ჰეპატიტი დაუდგინეს, დღემდე საფუძვლიანი მკურნალობის კურსი არ გაუვლია და ვერც C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. ნინო ოფიციალურად თბილისშია დარეგისტრირებული, მაგრამ ოზურგეთში ცხოვრობს. თბილისში რეგისტრაციის გაუქმება და ოზურგეთში რეგისტრირება გარკვეული მიზეზების გამო ნინო არ სურს.

ოზურგეთში ნინოს ეუბნებიან, რომ სახელმწიფო სერვისით დედაქალაქში, ჩაწერის ადგილზე უნდა ისარგებლოს. თბილისში ჩასვლის, დარჩენის, პირველადი გამოკვლევებისთვის მინიმუმ ორი კვირით დედაქალაქში დასარჩენი ხარჯები 120-ლარიანი შემოსავლიდან ოჯახმა წლებია ვერ დაზოგა. მთელი ამ ხნის მანძილზე ნინომ არ იცის რა მდგომარეობა აქვს, ამბობს, რომ თუ ვინმე არ დაეხმარა, თბილისში წასვლა-წამოსვლას და იქ დროებით დარჩენას საკუთარი სახსრებით კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.

C ჰეპატიტის პირველადი კვლევების ღირებულება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, 500 ლარი ღირს. თუ ნინო ჩ. პირველად გამოკვლევებს ოზურგეთში ან ლანჩხუთში ჩაიტარებს, მიიღებს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის 70%-იან დაფინანსებას, მაგრამ კვლევის ღირებულების 30%  (150 ლარი) თავად უნდა დაფაროს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

ხომ ვერ შეძლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ქალისთვის კვლევის თანადაფინანსებას? – ეს კითხვა ოზურგეთის ახალარჩეულ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს დაუსვა „ბათუმელებმა“.

„ახალმოსული ვარ, ჯერ ვერ გიპასუხებთ, მაძლევს თუ არა კანონი ამის უფლებას. იანვრიდან დამტკიცდება ახალი ბიუჯეტი და განვიხილავთ საკითხს, თუკი ახალი წლიდან შემოიტანს მოქალაქე განცხადებას“, – აცხადებს ოზურგეთის მერი.

ფიზიკურ მუშაობაში ნინოს ავადმყოფობა ხელს არ უშლის. დიდი სურვილი აქვს დასაქმდეს, მომვლელად, სეზონურ სასოფლო სამუშაოებზე ან დამლაგებლად, მაგრამ ავადმყოფობას არ მალავს, ამიტომ მისი დასაქმებისგან ყველგან თავს იკავებენ.

„მოხუცთა თავშესაფარია ოზურგეთში, ვცადე იქ მომვლელად მემუშავა, საბავშვო ბაღშიც დამლაგებლად, მაგრამ ვთქვი, რომ ჰეპატიტი მაქვს, რომც არ მეთქვა, ყველგან ფორმა 100-ს ითხოვენ და არაფერი იმალება. როგორ უნდა მოვიტყუო ასეთი დიაგნოზი. არადა, სამსახური ჩემთვის ჰაერივით იქნებოდა. შრომა შემიძლია, ფიზიკურად არ მიჭირს და ვზივარ სახლში, გასაქანი არ მაქვს. დიდი ბოდიში მომიხადეს ყველგან, მაგრამ C ჰეპატიტიანს ვერ დაგასაქმებთო,“ – ამბობს ნინო „ბათუმელებთან“.

პატარა ქოხი, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, სოფლის სახერხთან ახლოს დგას. ნინოს მეუღლე მხერხავებს ეხმარება და საუკეთესო შემთხვევაში, თუ შეკვეთა არის, დღიურად შვიდ-რვა ლარს გამოიმუშავებს. თუმცა, შეკვეთები სოფლის სახერხს იშვიათად აქვს. დღიური შვიდი-რვა ლარი 58 წლის ომის ვეტერანისთვის ფუფუნება არ არის.

ნინო გვიყვება, რომ როცა ჰეპატიტი დაუდგინეს, უთხრეს – მუდმივად მკაცრი დიეტის დაცვა იყო საჭირო, მაგრამ ჯანსაღი კერძების ინგრედიენტებში ბევრად მეტი ეხარჯებოდა და ხანგრძლივი დიეტა ვერ დაიცვა.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროგრამის” ფარგლებში ნინო სამედიცინო დახმარების სერვისით სარგებლობს, რაც ძვირადღირებულ გამოკვლევებსა და წამლებით დახმარებას ითვალისწინებს. ოღონდ ეს არ უკავშირდება C ჰეპატიტს – ნინოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს.

მძიმე ოჯახური პირობების მიუხედავად, პატიმრის დედა საპყრობილეში მყოფი შვილის მომავალზე ბევრს ფიქრობს და გეგმავს, რა შეიძლება გააკეთოს ოჯახმა შვილის გათავისუფლების შემდეგ. ნინოს პენსიონერმა დედამ მიწის ნაკვეთი აჩუქა, თხილის მცირე პლანტაციით. ოჯახმა პლანტაციაში ახალი ნერგები გაახარა და რამდენიმე წელიწადში მოსავალს ელოდება. ამბობს, რომ შვილს გათავისუფლებისას პატარა მეურნეობას მაინც დაახვედრებს. მართალია, თხილის მოსავლის თითქმის 80% წელს აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა, მაგრამ ოჯახს მომავლის იმედი აქვს.

გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ნინო ჩ.-ს თხილის პლანტაციის გასაწმენდად ხელსაწყოები: ელექტროცელი და ელექტროხერხი გადასცა.

პატიმრის დედა მოთმინებით ელოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას. ფიქრობს, რომ ყველაფერი შედარებით უკეთ იქნება, როცა იმკურნალებს. მაშინ თავისუფლად შეძლებს ძალა და ენერგია სამსახურში დახარჯოს, სადაც თუნდაც მცირე გასამრჯელოს გადაუხდიან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე

აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ დროისთვის სასწავლო განგაშის მოსაწყობად მზად არ არის: „ეტაპობრივად ყველა სკოლამ უნდა შეძლოს ეს“.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, განათლების ფონდმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შეიმუშავა ტრენინგ-კურსი  და ისინი ერთობლივად განახორციელებენ ამ მიმართულებით მუშაობას.

ინგა შამილიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტროს ექნება სრული სურათი, თუ სად, რა ინვენტარია საჭირო სკოლებისა და კულტურული დაწესებულებებისთვის: „თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყველა ამ დაწესებულებაში არსებობს სახანძრო დაფები და სქემები, მაგრამ დამატებით რა არის საჭირო, ჩვენ ამ ინფორმაციას შევაგროვებთ“.

ამ საკითხზე აჭარის განათლების მინისტრმა დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მხოლოდ ინვენტარი საკმარისი არ იქნება და აუცილებელია სამინისტრომ გაითვალისწინოს სწავლებაში ჩართულობის საჭიროება, სწორი რეაგირებისთვის: „მუდმივი გადამზადება უნდა მოხდეს“.

ინგა შამილიშვილის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის ყველა დაწესებულებაშია ერთი პასუხისმგებელი პირი, ვინც საგანგებო სიტუაციების სააგენტომ გადაამზადა. ინვენტარის ვარგისიანობას სწორედ ისინი გააკონტროლებენ.

რა შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მედიაგაშუქების შემდეგ

„არაფერი არ შეცვლილა, აღარ მინდა ლაპარაკი, დავიღალე,“ – ეს ხათუნა ბ.-მ გვითხრა. ის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. მის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა. ხათუნა არაა ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი, ვისი ისტორიაც მედიამ გაშუქდა. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ვისაც ვესაუბრეთ, ისევ გრძნობენ საფრთხეს ყოფილი ქმრებისგან, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, ზოგს შვილებთან დაშორება მოუწია, ზოგს პირიქით – შვილების დამოუკიდებლად გაზრდა უჭირს.

[red_box]„ყოფილმა ქმარმა მითხრა, გირაო რომ გადამახდევინე 5 ათასი ლარი, გამოართვი მთავრობას და ბავშვებს მოახმარეო“[/red_box]

ხათუნა ბ.-მ ყოფილი ქმრისგან ძალადობაზე მედიასთან მაშინ ისაუბრა, როცა ქმრის სახლში მისულს 11 წლის ბიჭი სასტიკად ნაცემი დახვდა. „9 საათზე დავტოვე და 11 საათზე ბიჭმა დამირეკა, დედიკო სასწრაფოდ მომაკითხეო. რომ მივედი, ჭიშკართან ფეხშიშველი გამოვიდა, ფეხსაცმელი ხელში ეჭირა… იქ არაფერი უთქვამს. როცა სახლში მივედით და ტანზე გაიხადა, მაშინ შევნიშნე, რომ ნაცემი იყო,“ – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ ხათუნა ბ.-მ. ძალადობის მსხვერპლი ქალი მოგვიყვა იმასაც, რომ 15 წლის გათხოვდა და ქორწინების მესამე დღიდან ქმარი სცემდა. „დანაც აქვს დარტყმული, ჩანგალიც, ჭიქაც…“ – ყვებოდა ის.

შვილის ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ხათუნას ფეისბუქპოსტზე სასიყვარულო მიმოწერები გამოჩნდა. ხათუნამ მაშინ ხელახლა მიმართა გამოძიებას და თქვა, რომ ამას მისი ყოფილი ქმარი აკეთებდა დაშანტაჟების მიზნით.

„სასამართლოში დაგვიბარეს, მეც დამკითხეს და ჩემი შვილიც. ბავშვმა მოსამართლეს უთხრა, ჩემი უფლებები დაიცავითო, გაოცდა მოსამართლე, მაგრამ არაფერი. ჩემს ყოფილ ქმარს გირაო გადაახდევინეს – 5 ათასი ლარი და გაუშვეს. სასამართლო პროცესი გაჩერდა, არ ვიცი რა ქნეს.

ყოფილი ქმარი და მისი ოჯახი ბავშვებსაც აღარ ეხმარებიან. „ერთხელ ტელეფონით ვესაუბრე. მითხრა, გირაო რომ გადამახდევინე ძალით – 5 ათასი ლარი, გამოართვი ახლა ის ფული მოსამართლეს და ბავშვებს მოახმარეო,“ – გვიყვება ხათუნა ბ. ის ახლა ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ამბობს, რომ ბავშვები სკოლას ხშირად აცდენენ, რადგან სკოლა შორსაა.

ხათუნა ბ.-ს სამოქალაქო დავაც აქვს ყოფილ ქმართან – ალიმენტის დაკისრებას ითხოვს და განქორწინებას. „ადვოკატმა 400 ლარი მომთხოვა, არ მაქვს ფული, რით გადავუხადო. ამიტომ გაჩერებულია საქმე. სამსახურს თუ ვიშოვი, აუცილებლად ვიდავებ სასამართლოში,“ – ამბობს ის.

რა გაარკვია გამოძიებამ ხათუნა ბ.-ს „ფეისბუქის“ გატეხვის საქმეზე? – ხათუნა ბ.-ს თქმით, გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა და პროკურატურასთან კომუნიკაცია აღარ აქვს. აქვს განცდა, რომ სამართალდამცველები არაფერს იძიებენ:

„რამდენჯერ უნდა დავრეკო, რამდენჯერ უნდა დამკითხონ. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე? აღარ მაინტერესებს უაზრო სიარული… ძალიან ვნანობ, არც ტელევიზიებისთვის არ უნდა მიმეცა ინტერვიუ. ამაზე სულ გაგიჟდა ჩემი ყოფილი ქმარი და სახლიდან ჩემი პირადი ნივთების გამოტანის უფლებაც არ მომცა. პოლიციასთან ერთად მივედი, მაგრამ პოლიციელებმა მითხრეს, არ გვაქვს უფლება ძალით შევიდეთ, განქორიწინებული არ ხართ ოფიციალურადო. მერე ჩემმა ყოფილმა ქმარმა დამირეკა, შევაგროვე შენი ნივთები ყველა ერთად და ცეცხლი გავუკიდეო…“

„ამ საქმის განხილვა დასრულებულია. როინ ჟ.-ს. პირობითი მსჯავრი შეუფარდა სასამართლომ,“ – გვითხრა ხათუნა ბ.-ს ადვოკატმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე თვის წინ დადგა, ხოლო მსჯავრდებულს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარი უკან დაუბრუნეს.

„მსხვერპლს, ძირითადად, აქვს მინიმალური როლი. მას შეიძლება არავინ არაფერი ჰკითხოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ აქვთ უნდობლობა სისტემის მიმართ,“ – ეს ანა არგანაშვილმა გვითხრა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა. ის სხვადასხვა ძალადობის ისტორიაზე მუშაობს და არ გაკვირვებია, როცა ვუთხარით, რომ მსხვერპლმა სასამართლო პროცესის დასრულების შესახებ არაფერი იცოდა.

ანა არგანაშვილის შეფასებით, სოციალურ სამსახურს, ასევე პროკურატურას ხშირად არ აქვს სათანადო ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. „სასჯელის ინტერესი უნდა იყოს არა მხოლოდ მოძალადის დასჯა, არამედ მსხვერპლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მისი ეკონომიკური გაძლიერება,“ – ამბობს ის.

[red_box]მსხვერპლი: „ზაფხულის შემდეგ ბავშვები აღარ მინახავს. ესაა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა?“[/red_box]

სალომე [სახელი შეცვლილია] წალკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, როცა 14 წლის დანიშნეს. ამბობს, რომ ქმარი 13 წლის განმავლობაში ძალადობდა და პირველად მაშინ დაარტყა, როცა ფეხმძიმე იყო. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ სალომეს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია. გასული წლის დასაწყისში იგი ყოფილ ქმარს გამოექცა და ორი მცირეწლოვანი შვილიც წამოიყვანა. იგი ბათუმში მშობლებთან დაბრუნდა.

გასული წლის ზაფხულში სალომემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ყოფილმა ქმარმა აქაც ჩამოაკითხა და ისევ იძალადა. პოლიციას სალომეს მშობლებმა დაურეკეს. სალომეს მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და წავიდა.

„მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მე დამკითხეს, ის – არა,“ – ამბობს სალომე.

მისი თქმით, პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას დეტალურად მოუყვა ბათუმსა და წალკაში სისტემური ძალადობის შესახებ. სალომე ახლა უფრო შვილებზე დარდობს. მცირეწლოვანი ბავშვები ყოფილმა ქმარმა წალკაში წაიყვანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ შვილები დედას მიაკუთვნა, თუმცა ვიდრე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდოდა, სალომეს ყოფილმა ქმარმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„ამ გადაწვეტილებას ველი, რომ ბავშვები დავიბრუნო. ბავშვები ახლა ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ არიან. ყველა ამბობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვაა მთავარი. ესაა საუკეთესო ინტერესების დაცვა? სოციალური სამსახურიდან ფსიქოლოგი იყო ორჯერ მისული ოჯახში და დასკვნა დაწერა, რომ ბავშვებს ორივე უნდათ – დედაც და მამაც, მეტი არაფერი. ზაფხულში გოგონამ ასეთი რამ მითხრა, შენ რომ გათხოვდე, მამა თავს მოიკლავს, ჩვენ ქუჩაში დავრჩებით, გავიყინებით და შიმშილით მოვკვდებითო… მერე ბიჭმა მითხრა, შენ მართლა მოინათლეო? მამამ ისე დაუხატა, რომ თითქოს მონათვლა საშინელება იყოს. ახლა ტელეფონზეც არ მალაპარაკებს ბავშვებს“, – გვიყვება სალომე.

რა შეცვალა შემაკავებელმა ორდერმა? – სალომე ფიქრობს, რომ ორდერი არაფერს ცვლის, რადგან ყოფილ ქმარს ისევ შეუძლია იძალადოს და მას არავინ იცავს.

„შემაკავებელი ორდერების შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება გამოცემული ორდერების აღსრულების მონიტორინგი. ისევ მსვერპლმა უნდა მიმართოს მორიგი ძალადობის შემდეგ პოლიციას. არსებობს შემთხვევები, როცა შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მოუკლავთ ქალი,“ – ამბობს ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.

„შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ აბრკოლებს სისხლისსამართლებრივ საქმეზე გამოძიების დაწყებას. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა ოჯახში ძალადობის, როცა სამართალდამცავი უწყება ამას უყურებს, როგორც ცალკეულ ფაქტს და არა სისტემური ხასიათის დანაშაულს. პრობლემაა ის, თუ როგორ აფასებს სამართალდამცავი უწყება მომხდარ ფაქტს. ბოლო წლებში გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი, რაც მისასალმებელია. მაგრამ გაზრდილი რაოდენობა აორმაგებს საჭიროებებს, რაც დაცვით ღონისძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით გვაქვს,“ – ამბობს ის.

ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“: „მედიაჩარევის შემდეგ ხდება ისე, რომ პოლიცია იღებს მყისიერ გადაწყვეტილებას და მერე ჩერდება. ოჯახში ძალადობას სჭირდება კომპლექსური რეაგირება და არა მყისიერი. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენს სამართალდამცვა ორგანოებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო მგრძნობელობა ამ თემის მიმართ. სასამართლო სისტემაშიც გვესმის, რომ კაცს გამოსწორების შანსი უნდა მივცეთ… მსხვერპლ ქალებთან არასწორ კომუნიკაციას ხშირად მივყავართ იქამდე, რომ მათ აღარ აქვთ სურვილი მისცენ ჩვენება მოძალადის წინააღმდეგ სასამართლოში.“

[red_box]კიდევ ერთი მსხვერპლი: „გამოძიება დაიწყო, მაგრამ არ ვიცი, რას გამოიძიებენ“[/red_box]

გამოძიება დაიწყო ნანას შემთხვევაშიც. მის შესახებ „ბათუმელები“ ოქტომბერში წერდა. ნანას თქმით, ის 13 წელი იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქმრისგან, რომელიც ახლა ციხეშია და სასჯელს იხდის. ნანამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოძალადე ქმარი ხშირად ურეკავდა ციხიდან და მასთან შეხვედრას აიძულებდა.

„დაახლოებით ორი კვირის წინ დამიბარეს პროკურატურაში. მითხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს და ჩვენება მივეცი. ციხიდან ის აღარ მირეკავს. უფრო სწორად ზარი შემოდის და მაშინვე იბლოკება,“ – ამბობს ის.

ფიქრობს თუ არა ნანა, რომ მას ყოფილი ქმრისგან საფრთხე აღარ ემუქრება? – „არ ვიცი რა იქნება, რას გამოიძიებენ. საფრთხის შეგრძნება ისევ მაქვს, რადგან ის ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა. ციხიდან მირეკავდა და მეუბნებოდა, დღეს აქ და აქ იყავი, იმას რატომ შეხვდიო“, – გვიყვება ნანა.

[red_box]„თუკი მსხვერპლი სოციალური კუთხით არ გაძლიერდა, მართლმსაჯულების მექანიზმი არასდროს იქნება ეფექტური“[/red_box]

„პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დაიწყეს ღონისძიებები, მაგრამ მსხვერპლი სოციალური კუთხით არ ძლიერდება. მართლმსაჯულების მექანიზმი იქნება არაეფექტური, თუკი არ მოხდება მსხვერპლის სოციალური კუთხით გაძლიერება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძეც თვლის, რომ ეფექტურ რეაგირებასა და მართლმსაჯულებაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, „როცა მსხვერპლს შეეძლება დამოუკიდებლად განაგრძოს ცხოვრება და ისევ ძალადობრივ გარემოში არ დაბრუნდება“.

ეკა სხილაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არც მოძალადის სარეაბილიტაციო პროგრამები არსებობს: „ყველა მსხვერპლს არ სურს განქორწინება, მათ სურთ ის, რომ ძალადობა არ მოხდეს. ქვეყანაში არ არსებობს მოძალადის ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები. მსხვერპლი მიჰყავთ თავშესაფარში და სამი თვის ამოწურვის შემდეგ ბრუნდებიან ძალადობრივ გარემოში. სამწუხაროდ, მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებული სერვისები პროგრესს არ განიცდის“.

რატომ აქვთ ქალებს განცდა, რომ სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა მათი ისტორიების გასაჯაროვების შემდეგ? – ანა არგანაშვილმა ამ კითხვის საპასუხოდ პოლიციის თანამშრომლები გაიხსენა, რომლებიც ამბობენ, რომ ქალმა პოლიციას კი მიმართა, მაგრამ შემდეგ პოლიციასთან თანამშრომლობა აღარ სურს.

„ხშირად მსმენია, რომ ქალები უარს ამბობენ თანამშრომლობაზე. რა ვქნათ, მათ აღარ უნდათ ინფორმაციის მოწოდებაო. მათ არავინ ეკითხება, რატომ ამბობენ უარს, რა აიძულებთ ამას. რეალური მიზეზი არის ის, რომ ქალს ისევ აქვს დაუცველობის განცდა, მის უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად არ არის… მეორე დღეს, როცა მისი ისტორიის შესახებ ყველამ გაიგო, არავინ ზრუნავს იმ საჭიროებებზე, რაც მათ აქვთ, ის მხოლოდ პოლიციელის წუთიერ რეაგირებას ხედავს…

„სტამბულის კონვენციის“ ამოქმედების შემდეგ, ვალდებულება სხვადასხვა უწყებას დაეკისრა, მაგრამ, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო სრულიად პასიურია. გენდერული მოტივით მოკლული ქალების შესახებ პროკურატურა, შსს და სახალხო დამცველი სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ. ციფრებში რომ ვერ ვთანხმდებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე კოორდინირებულ მუშაობასთან გვაქვს საქმე,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა.

რას ცვლის მედია გაშუქება? – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ მედია გაშუქების შემდეგ სახელმწიფო ორგანოები უფრო სწრაფად ახდენენ რეაგირებას, გარდა ამისა, იზრდება საზოგადოების ცნობირების დონე ოჯახში ძალადობაზე.

რა შეიცვალა მედიაში ისტორიების გაშუქების შემდეგ? – ეს შეკითხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც დავუსვით. გვითხრეს, რომ არ მოეწონათ, როცა საკუთარი ამბავი ტელევიზორიდან მოისმინეს. „მეგონა ამით რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი. ჟურნალისტებმა პოლიციელები უნდა აკონტროლონ, რომ ფაქტები არ გადამალონ,“ – გვითხრა ერთ-ერთმა.


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები

თამთა თავართქილაძე, მე-11 კლასის მოსწავლე

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა ცდილობდა დაახლოებოდა დასავლეთს, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელი იყო მოკავშირე, რომელიც საქართველოს განვითარებაში დაეხმარებოდა. ინსტიტუციურად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები იმიჯნება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პარალელურ რეჟიმში ცდილობდა და ცდილობს ამ ორგანიზაციებში შესვლას.

ინტეგრაციის პროცესების დაწყებიდანვე საქართველოში გამოჩნდა ანტიგლობალისტი, ანტიევროპული ხალხი, ორგანიზაციები და მედია. ისინი დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ და ცდილობენ მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას და დღემდე ავრცელებენ მითებს, რათა ქვეყნის დასავლური კურსი შეცვალონ.

არსებობს ხალხი, ვინც თვლის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს და რომ ეს ორგანიზაცია არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას. რეალობა კი ისაა, რომ 1999-2004 წლებში ევროკავშირი საქართველოს ჰუმანიტარული, ფინანსური და ტექნიკური მიმართულებებით ეხმარებოდა. ქვეყანაში სოციალური პრობლემების შედარებით დასტაბილურების შემდეგ ჰუმანიტარული მიმართულებით დახმარება შეწყდა, ხოლო დღემდე გრძელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

აღსანიშნავია 2008 წლის მოვლენებიც, როცა ამბობდნენ, რომ ევროპა ჩვენს ქვეყანას არაფრით დახმარებია. აგვისტოს ომის შემდეგ ბრიუსელმა დახმარების სახით 500 მილიონ ევრომდე გამოყო, რათა ქვეყანაში აღდგენილიყო ინფრასტრუქტურა, დაბალანსებულიყო ეკონომიკა და დახმარება აღმოგვეჩინა იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის. ომის მსვლელობისას კი საფრანგეთი აქტიურად ცდილობდა რუსეთის დათანხმებას ომის შეწყვეტაზე.

იყო მითები, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ეკონომიკურ სირთულეებს გამოიწვევდა, მაგრამ რეალურად ეს აბსურდია, რადგანაც ახალი ბაზრების გახსნა პირიქით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. გაზრდის ინვესტიციების რაოდენობასა და მშპ-ს. ამის დასტურია ისიც, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ვაჭრობის მაჩვენებელი ორციფრა ნიშნულებსაც აღწევდა.

ანტიდასავლური ორგანიზაციები ხვდებიან იმასაც, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ ერკვევა ეკონომიკურ საკითხებში, შესაბამისად, მათ „გასაბრუებლად“ განსხვავებული სტრატეგია შეარჩიეს და დაიწყეს მათი კულტურითა და ტრადიციებით მანიპულირება.

გავრცელდა მითები, რომ ევროკავშირი დააკარგვინებს ქვეყანას კულტურულ იდენტობას. სინამდვილეში კი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურული მრავალფეროვნებისა და ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობაა. ამას მოწმობს მისი დევიზიც – „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ და ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუცილებელია წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემა.

არც რელიგიური ხალხი გამორჩენიათ ანტიგლობალისტებს და შექმნეს მითი, რომ ევროპა მართლმადიდებლობის და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგია. ამ მითის გასაბათილებლად იმის თქმაც საკმარისია, რომ ევროკავშირს სხვადასხვა დროს შეუერთდა რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და მათ არანაირი პრობლემა არ შექმიათ რელიგიის გამო.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა მითი ერთსქესიანთა ქორწინებაზე, რომლის თანახმადაც ევროპასთან დაახლოება და ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას. სინამდვილე კი ისაა, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში ეს კანონი არ მიუღიათ.

შესაბამისად, საქართველოს მიერ აღებული დასავლური კურსი გამართლებულია, რადგანაც სწორედ ევროპა და დასავლეთი დაგვეხმარა ქვეყანაში ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებასა და დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში. ამიტომაც საჭიროა ბოლომდე ვიბრძოლოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. არ ვენდოთ მითებს, რომლებიც უკვე ითქვა და არ დავიჯეროთ, რომ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებამდე ეს არ შეგვიძლია, რადგანაც გერმანიაც და ბალტიის ქვეყნებიც საზღვრის პრობლემების დროს გაწევრიანდნენ ნატოში. არც ამ ტერიტორიებზე მოგვიწევს უარის თქმა, პირიქით, ევროპა და დასავლეთი ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან. ამ ორგანიზაციებში გაერთიანებით ქვეყანა უფრო განვითარდება და მიმზიდველი გახდება აფხაზებისა და ოსებისთვის. ასე კი ვინ იცის, იქნებ, საბოლოოდ მოვაგვაროთ კონფლიქტები.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ახვლედიანის ქუჩაზე შესაძლოა კიდევ ერთი კორპუსის დანგრევა გახდეს საჭირო

აჭარის მთავრობა ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მომიჯნავე კორპუსის დემონტაჟის საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, „მას შემდეგ, რაც ახვლედიანის ქუჩაზე დაზარალებული სახლის დემონტაჟი განხორციელდება, სასურველია ჩატარდეს მომიჯნავე სახლის ექსპერტიზა, რომლის კედელიც ასევე დაზიანებულია. და რადგან ეს სახლიც ძველია, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მისი დემონტაჟის საკითხიც“.

მერი ამბობს, რომ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ ბინებს  დაზარალებულ ცხრა ოჯახს რომ უქირავონ. მერია თითოეულ ბინას თვეში 700 ლარის ფარგლებში იქირავებს.

10 დეკემბერს ბათუმში მოხდა აფეთქება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ბუნებრივი გაზის მოწყობილობა. ამ აფეთქების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ცხრა ოჯახი დარჩა უსახლკაროდ.

ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები საზღვრების ცვლილების საკითხს განიხილავენ

ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები საზღვრების ცვლილების საკითხზე მუშაობენ. საუბარია ზოგიერთი ტერიტორიის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უკან დაბრუნებაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმს გადაეცა. ბათუმის საზღვრები სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, „განიხილება მაშინ გადაცემული ტერიტორიების ნაწილის დაბუნება“.

პროექტის პირველი ვარიანტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მზად მომავალი წლის იანვარში ექნება. ნადიმ ვარშანიძე არ აკონკრეტებს, რომელი ტერიტორიების დაბრუნების საკითხს განიხლავენ მუნიციპალიტეტები. საკრებულო ამ წინადადებასთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვასაც გეგმავს.

ბათუმის საზღვრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ხარჯზე გაფართოვდა.  პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა  მახინჯაურის, დაბა ჩაქვის ნაწილი (მდინარე ჩაქვის წყლამდე) და ბათუმის ადმინისტარციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში დასახლებული პუნქტები – ურეხი, მნათობსა და ფერიას შორის არსებული ტერიტორია, ასევე თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის ნაწილი, მდინარე მეჯინისწყლის სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია.

თავის არეში დაჭრილ 17 წლის მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა 

გუშინ, ხელვაჩაურელი 17 წლის მოზარდი, თავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობა სანადირო თოფით არის მიყენებული. კლინიკა „მედინაში“ ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია მოზარდი გადარჩეს. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.

რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველომ საბჭოთა წარსულის გააზრება – ინტერვიუ

რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველოს საზოგადოებამ საბჭოთა წარსულის გააზრება, როგორი იყო ქართველების როლი საბჭოთა რეჟიმის ფუნქციონირებაში, რა როლს ასრულებდა სტალინის სამშობლო „წითელი ტერორის“ განხორციელებაში? – გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის“ სტუმარია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარი დავით ჯიშკარიანი.
ინტერვიუს უძღვება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე თაკო ნინიძე.

ზონალური საბჭოს წევრები ასათიანის #8-ში ისტორიული სახლის შესაძლო დემონტაჟზე

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ისტორიული სახლის ნაცვლად ახალი რვასართულიანი სახლის აშენების წინადადებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ერთხელ უკვე თქვა უარი – სიმაღლის გამო.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ საბჭოს ახალ, „მოსაწონ პროექტს“ წარუდგენენ, ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეიძლება დაანგრიონ?  საბჭო მხოლოდ ახალი პროექტის გაბარიტებზე იმსჯელებს, თუ საკითხს ისტორიული შენობის გადარჩენის ჭრილში განიხილავს? – „ბათუმელები“ საბჭოს თითოეული წევრის პოზიციით დაინტერესდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს თავმჯდომარე, სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა ასლანიშვილია. მან პირველი განხილვის დროს ახალ პროექტს ლუკა ასათიანის რვაში მხარი არ დაუჭირა. ახლა კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ამ სახლთან მიმართებაში სუბიექტურად არ მიიღებს.

ლაშა ასლანიშვილი

„გადავწყვიტე, რეკომენდაციის მიღების მიზნით, პროექტი გადავაგზავნო რამდენიმე ორგანიზაციაში. ეს ორგანიზაციებია იკომოსი, ჩუბინაშვილის ხელოვნების ინსტიტუტი და ეროვნული სააგენტო, რომ არ ვიყოთ სუბიექტურები. ხშირად ერთი მხარეც და მეორეც, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც ძეგლს იცავს, არ არიან სპეციალისტები, ამიტომ  მართალი რომ ვიყო, პროექტს გავაგზავნი. მაინტერესებს, როგორც მოსაზრება, ასევე რეკომენდაცია, ანუ რა შეიძლება გავაკეთოთ“.

ლაშა ასლანიშვილის თქმით, სახლი არ ატარებს ძეგლის სტატუსს და ის არც „გეოგრაფიკს“ შეუტანია სარეკომენდაციო სიაში, ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ.

„ეს სიმაღლე ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ რუსთაველის ქუჩიდან მაღალი მასშტაბის შემოტანა იქნება ტენდენციური ამ ქუჩაზე, პლუს ამას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია გვერდით – #7-ში და #11-ში. გარდა ამისა, ეს შენობა შეიცავს ბათუმისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნიშნებს,“ – აცხადებს ლაშა ასლანიშვილი.

შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარეს, ჯერჯერობით, არ აქვს პასუხი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სახლთან დაკავშირებით: „ხომ მეუბნებიან – არ ხარ სპეციალისტი და როგორ წყვეტ ამ საკითხებსო, მე ხელოვნებათმცოდნეებისგან მომდის რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ვიღებ გადაწყვეტილებას. ეს პაქტიკა მინდა დავნერგო, ყველამ იცოდეს, რომ მარტო ჩემი, სუბიექტური გადაწყვეტილება არ არის და მე ვეყრდნობი სპეციალისტებს.“

ნებისმიერი პროექტის წარგენის შემთხვევაში ისტორიული სახლის დანგრევის წინააღმდეგი იქნება მირზა ცეცხლაძე – ზონალური საბჭოს წევრი, სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი.

მირზა ცეცხლაძე

„უარი ვთქვი ამ პროექტზე – მინდა, რომ ეს სახლი შენარჩუნდეს. დღეის მდგომარეობით ის ძეგლი არ არის, არც „გეოგრაფიკმა“ არ მიიჩნია სარეკომენდაციოდ  და არც სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი არსებობს, ამიტომ მას განვიხილავთ როგორც ძეგლის ზონაში არსებულ შენობას. მე კონსულტაცია ჩვენს ხელოვნებათმცოდნესთან გავიარე, რის შემდეგაც ჩამომიყალიბდა ხედვა, რომ იმ ძეგლებთან მიმართებაში უნდა შენარჩუნდეს არსებული შენობა. დემონტაჟის წინააღმდეგი ვარ და არც რაიმე სახით იერსახის შეცვლას დავთანხმდები,“ – ამბობს მირზა ცეცხლაძე.

ისტორიული სახლის დემონტაჟის წინააღმდეგია ნუგზარ ძნელაძეც, ზონალური საბჭოს კიდევ ერთი წევრი – ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია:

„წარმოდგენილი პროექტი ვერ აკმაყოფილებდა განაშენიანების კონტექსტს, რაც შეეხება არსებული შენობის ბედს, ალბათ საპროექტოს უნდა ემუშავა სხვა მიმართულებით დამკვეთთან ერთად, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ძველი. როგორც ჩანს, მისი მდგომარეობა არც ისე ავარიული და სავალალოა. აქედან გამომდინარე დამკვეთსა და პროექტზე მომუშავე ჯგუფსაც მოუწევთ ახალი მიდგომით მუშაობა. ისე, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას შენობის შენარჩუნება. უამრავი მეთოდი შეიძლება იყოს, რა ფორმატითაც შეიძლება ამ სიძველის შენარჩუნება“.

პირველი განხილვისას ახალ პროექტზე უარი თქვა საბჭოს წევრმა, ბათუმის მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ. მას ახალი რვასართულიანი სახლის პროექტი არ მოეწონა:

„მე რა შუაში ვარ ამ სახლის დანგრევა- არ დანგრევასთან დაკავშირებით. ახალი პროექტის ვიზუალი არ მომეწონა, თუ ახალ პროექტს შემოიტანენ, შევხედავ. კიდევ რა პრობლემაა. ამ სახლის გადარჩენა მნიშვნელოვანია თუ არა მაგაზე კომისიის თავმჯდომარემ უნდა ილაპარაკოს. მე მაგას ვერ გეტყვით. თუ ასე დადგება საკითხი, გავივლი კონსულტაციებს და მერე გადავწყვეტ. მე სამსახური მყავს და სამსახურთან გავდივარ კონსულტაციებს“.

ისტორიული სახლი დასანგრევად არც საბჭოს კიდევ ერთ წევრს – კახა შაშიკაძეს ემეტება, თუმცა არც მესაკუთრის უფლებები ავიწყდება. კახა შაშიკაძე საბჭოში აჭარის მთავრობას წარმოადგენს:

 

კახა შაშიკაძე

„საკითხი არ დგას ისე, თითქოს ეს სახლი განწირულია დასანგრევად, მე არ დავუჭირე მხარი ამ პროექტს, რადგან პროექტი არ მომეწონა. შესაძლებელია სამომავლოდ ისეთი პროექტი იყოს წარმოდგენილი, რომ საერთოდ არ მოხდეს ამ სახლის დემონტაჟი. მაინც და მაინც უნდა დაინგრეს? – ხომ შეიძლება ისეთი პროექტი წარმოადგინოს მესაკუთრემ, რომელიც არ ითვალისწინებს დანგრევას. დასანგრევად არც მე მემეტება, ბათუმისთვის დამახასიათებელი სახლია. გასაგებია, რომ მას არ გააჩნია ძეგლის სტატუსი, ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ გარკვეული ისტორია გააჩნია ამ შენობას. მე დავუჭერ მხარს პროექტს, რომელიც არ გაითვალისწინებს დანგრევას,“ – აცხადებს კახა შაშიკაძე.

კახა შაშიკაძის თქმით, საჭიროა მესაკუთრის უფლებების რეალიზებაც: „ის, რომ ამ სახლის მესაკუთრეა, სასჯელი არ უნდა იყოს მისთვის და თუ ეს პრივილეგიაა – ხელი უნდა შევუწყოთ. მას უნდა მივცეთ საშუალება, ისეთი პროექტი წარმოადგინოს, რომელიც დემონტაჟს არ გაითვალისწინებს… მაინც და მაინც რვა სართული რომ არ ააშენონ. როცა არ აქვს ძეგლის სტატუსი, ამას არც კანონი არ უკრძალავს და ვერ აუკრძალავ მესაკუთრეს, რომ განსახილველად თემა შემოიტანოს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული ვართ ქალაქის ბედით“.

პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ახალაძემ, ის ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსია.

ისტორიული ცნობების მიხედვით, სახლი ლუკა ასათიანის #8-ში მე-19 საუკუნეში აუშენებიათ. ამ სახლში, 1917 წელს ალექსანდრე თიროშვილს უცხოვრია. ალექსანდრე თიროშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

 

ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებული ბათუმიდან

ნიკა ფომენკო ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და აჭარის ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია. ნიკასთვის ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან როგორც გვეუბნება, საბუნებისმეტყველო საგნები ძალიან უყვარს და ამ მეცნიერებებში გარკვევას საკმაოდ დიდ დროს უთმობს.

ოლიმპიადა ორი ტურისგან შედგებოდა და როგორც ნიკა გვეუბნება, ორივე ნაწილი წერითი იყო.

„ოლიმპიადებში ადრეც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ პირველი ადგილი პირველად ავიღე. ვაპირებ ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაშიც მივიღო მონაწილეობა, რომელიც მომავალ წელს გაიმართება“.

ნიკა ფომენკო ამბობს, რომ მისი წარმატება სკოლის მასწავლებლის, ქეთევან ბასილაძის დამსახურებაა, თუმცა საკუთარ წვლილზეც საუბრობს: „საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, მინიმუმ ოთხ-ხუთ საათს ვუთმობ მეცადინეობას დღეში. ვცდილობ, სკოლის გარეშე ლიტერატურა მოვიძიო, ინტერნეტწყაროებზე ვეცნობი ინფორმაციებს. ძირითადად ქართულ ენაზე, თუმცა ვიყენებ ინგლისურენოვან ვებგვერდებსაც“.

ნიკას თქმით, დღეს სკოლაში არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გაკვეთილი უფრო ინტერაქტიულად და საინტერესოდ გააკეთო. „კარგი იქნება, სკოლას ელექტრონულ ლაბორატორიებთან რომ ჰქონდეს წვდომა. გარდა ამისა, სკოლას აკლია აღჭურვილობა, – კომპიუტერი, პროექტორები უნდა ჰქონდეს რომ უფრო კარგად წარმოადგინო მასალა“.

ნიკა ფიზიკით ბავშვობაში დაინტერესდა, როცა საბავშვო ენციკლოპედიების კითხვა დაიწყო. დაინტერესდა მიზიდულობის კანონით და ელექტრული წრედით. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რაკეტის სამოდელო წრეზეც დადის და რაკეტების მოდელებს ქმნის. „ჩვენი ნამუშევრების გამოფენაც იყო, სადაც ფიზიკის დიდი წიგნით დამაჯილდოვეს. ძალიან საინტერესო ამბებია ამ წიგნში,“-გვეუბნება ნიკა.

სკოლაში თუ იმუშავებდი ფიზიკის მასწავლებლად? – ვეკითხებით ნიკას. „ალბათ უფრო ნაკლებად,“-გვპასუხობს ის და დასძენს, რომ მისი მიზნები მედიცინას უკავშირდება. თუმცა ეს არ არის მისი საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან მას არჩევანის გაკეთება მედიცინასა და ფიზიკას შორის მოუწევს.

„მიყვარს ფიზიკა და ძალიან მინდა ცერნში მოვხვდე, მაგრამ, ექიმობისკენაც ვიხრები. ძალიან მიყვარს ბავშვები და მინდა, პედიატრი გამოვიდე. ვფიქრობ, ყურადღებიანი ექიმი ვიქნები,“-ამბობს ნიკა.

უყვარს სამეცნიერო და სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა, თავისუფალ დროს კი სპორტს უთმობს. „ეზოში რომ სპორტული მოედანია, იქ ვთამაშობ ხოლმე ფეხბურთს და ფრენბურთს,“-გვეუბნება ნიკა.

 

 

 

მეხანძრეები [ფოტორეპორტაჟი]

2017 წელი რთული იყო მეხანძრეებისთვის. მხოლოდ ბათუმში   რამდენიმე დიდი ხანძარი დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკული სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძარი იყო, რომლის დროსაც 11 ადამიანი დაიღუპა.

მეხანძრის პროფესია ერთ-ერთი საჭირო და სახიფათო პროფესიაა. მეხანძრე-მაშველები არიან ის ადამიანები, რომლებმაც  მთელი წელი დაუღალავად იშრომეს და ამ ხნის მანძილზე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

აჭარაში მეხანძრე-მაშველის საშუალო ხელფასი დაახლოებით  500 ლარია.

როგორია ამ ადამიანების სამუშაო გარემო, მათი ისტორიები? – “ბათუმელებს” სურდა რეპორტაჟი მოემზადებინა მეხანძრეების ყოველდღიურობაზე, მაგრამ თავისუფალ რეჟიმში ინტერვიუების ჩაწერა ვერ მოხერხდა. მიზეზი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შს სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ეს უწყება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვპირდა ინტერვიუების ჩაწერის უფლებას, თუ კითხვებს წინასწარ გავუგზავნიდით.

ინტერვიუს ამ ფორმატში ჩაწერაზე „ბათუმელებმა“ უარი განაცხადა.

აქვე გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომლის გადაღების უფლებაც, ასევე წინასწარ, საგანგებოდ შერჩეულ მეხანძრე-მაშველებთან მოგვცეს.

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩაქვის განყოფილებაში. ფოტოებზე იმ მეხანძრეების მხოლოდ ერთი ჯგუფია, ვინც ადამიანების გადასარჩენად ძალ-ღონეს არ იშურებს.

ასევე, გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ასახავს ხანძრის ჩაქრობის პროცესს სხვადასხვა დროსა და ადგილას.

 

მეხანძრე-მაშველები – ბესარიონ იოსებაშვილი და გიორგი ცინცაძე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩაქვის განყოფილებაში.

 

ხანძარი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

 

თამაზ მჟავანაძე და აბელ ჯაბნიძე

 

მერაბ დიასამიძე და მამუკა თურმანიძე

 

მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებისას – მელიქიშვილის ქუჩა/ბათუმი

მეხანძრე ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას.

ციხისძირში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია

ტრაილერების გადაადგილების გამო, ბათუმი-ქობულეთის გზაზე (ციხისძირის მონაკვეთზე) მოძრაობა შეფერხებულია. გზის მონაკვეთზე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეხაჯა ერთმანეთს, რის გამოც, ავტომანქანების გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით,  შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, „ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძრაობას დაარეგულირებს“.

ტრაილერების მოძრაობის გამო, გადაადგილება ციხისძირის გზაზე შეფერხებულია
ციხისძირი

საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გუშინ, 17 დეკემბერს, წლის დასასრულის აღსანიშნად თანამედროვე ფოტოგრაფების გამოფენა „შავი ზღვა“ და  „არტ საწარმოს“ მიერ დამზადებული ჩანთების გამოფენა მოეწყო. ამავე დღეს გალერეასთან ახლოს გაიხსნა ინსტალაცია „კარი“, რომელსაც იდეის ავტორი ახალი შესაძლებლობების, ახალი სივრცისა და თავგადასავლების სიმბოლოდ მოიაზრებს.

„კარის ინსტალაციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციამ შენობის ისტორიული კარი თანამედროვე ხელოვნების სივრცეს აჩუქა. მინდოდა, ყველა ძველი სახლის კარი ერთად გამოფენილიყო სადმე, როგორც ძველი ბათუმის შემონახული ნაწილი, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ კარის დადგმა მოხერხდა ღია სივრცეში. ერთი კაცი მოვიდა დღეს გამოფენაზე და გვითხრა: ეს კარი მწერალთა კავშირში, ალბათ, 500-ჯერ შემიღიაო – უკვე ამბავია.

გვინდა წელიწადის ყოველი დროის პირველი დღე, ყველა გამოფენა თუ თანამედროვე სივრცეში მოწყობილი ყველა საღამო კარის შეღებით დავიწყოთ, ეს იქნება ახალ სივრცეში გადადგმული სიმბოლური ნაბიჯი,“ – ამბობს იდეის ავტორი და თანამედროვე სივრცის მენეჯერი, ირაკლი ძნელაძე.

                 ირაკლი ძნელაძე და ინსტალაცია „კარი”

ირაკლის ფოტოები 17 დეკემბერს ფოტოგრაფ კახაბერ ემირაძის, ლევან კაკაბაძის, გიორგი ნაკაშიძის, ლაშა ფალავანდიშვილის, ამიკო ქავთარაძისa და სერაფიმე კაკაბაძის ფოტოებთან ერთად გამოიფინა თავისუფალ სივრცეში.

ირაკლი ძნელაძე აღნიშნავს, რომ ძველი თაობის შემდეგ აქ წარმოდგენილი ფოტოგრაფები არიან პირველები, რომლებმაც ქალაქი არატურისტული, მხატვრულ-დოკუმენტური კუთხით ასახეს. ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა – ზღვა, 17 დეკემბრის გამოფენის მთავარი გზავნილია.

ფოტოგამოფენა „შავი ზღვა“ მომავალი წლის იანვრამდე გაგრძელდება, იანვრის ბოლოს კი „თავისუფალი სივრცე“ წლის პირველ აქტივობას – ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივ გამოფენას გეგმავს.

გამოფენისა და ინსტალაციის გარდა წარმოდგენილი იყო „თავისუფალ სივრცესთან“ არსებულ არტსაწარმოში დამზადებული ორიგინალური ჩანთები, რომლებიც მომავალი წლიდან გაიყიდება. საწარმო აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 18 ათასი ლარით დააფინანსა. ამ თანხით სივრცემ საკერავი, საქარგი მანქანები, მასალა და ბევრი სხვა წვრილმანი შეიძინა. საწარმო დაამზადებს საავტორო ნამუშევრებისგან შექმნილ სუვენირებს: ჩანთებს, ქამრებს, ქუდებს და სხვა აქსესუარებს.

         „არტ-საწარმოში” დამზადებული საავტორო ჩანთები

როგორც ირაკლი ძნელაძე ამბობს, „თავისუფალი სივრცე“ მოახერხებს და ამ პროექტების წყალობით დამოუკიდებლად არსებობას შეძლებს მომავალში.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს არასამეწარმეო, იურიდიული პირია (აიპ) და 2014 წლიდან არსებობს. გამოფენების თემატიკას, ვორქშოპებს, საღამოებს და სხვა სახის ღონისძიებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ დაარსებიდან დღემდე სამოცზე მეტი გამოფენა, ოცზე მეტი ვორქშოპი და სხვადასხვა სახის ღონისძიება მოეწყო. შაბათობით სივრცეში დაწესებულია ბავშვთა დღე, აქ ისინი სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან და სწავლობენ ხატვას.

                       ფოტოები გამოფენიდან „შავი ზღვა”

 

რატომ ევროპა – არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მგავს

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე

დღეს  უფრო მეტად ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე, ნატოზე, ევროპულ ურთიერთობებზე და ღირებულებებზე, ვიდრე წლების წინ. რა შეიძლება იყოს ევროპით  ჩვენი ასეთი დაინტერესების, მისწრაფების მიზეზი?  ბუნებრივია, მტაცებლური მიზანი არ გვამოძრავებს, რადგან  ბუნებით მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ.  ზოგადად, ყველაფრის ადამიანებამდე, ადამიანურ გრძნობებამდე დაყვანა მიყვარს, ამიტომ შევეცდები ეს კულტურათაშორისი საკითხი ასე წარმოვაჩინო.

ადამიანს აქვს  ურთიერთობის სხვადასხვა ისტორიები და, შესაბამისად,  გამოცდილებაც ამ ურთიერთობების შესახებ, – თუ როგორ იგება, რატომ იგება ეს ურთიერთობები და რა გვანიჭებს სიამოვნებას ურთიერთობაში. წარმოიდგინეთ, შედიხართ ხალხით სავსე სივრცეში, რა თქმა უნდა, პირველი შთაბეჭდილება გექმნებათ იქ მყოფ ადამიანებზე მათი გარეგნული ნიშნებით, – სახის გამომეტყველება, თვალები, მანერები და ა.შ.  უყურებ და ცდილობ გაიგო, ვისთან შეიძლება გქონდეს საერთო, ვინ შეიძლება იყოს შენი ინტერესების და ღირებულებების მატარებელი, ვისთან ღირს საუბარი და მასთან დროს გატარება.

თუ ადამიანი არ იზიარებს შენს  შეხედულებებს ფუნდამენტურ საკითხებზე და ხვდები, რომ სხვადასხვა „განზომილებაში“ ხართ, ჯობს გაეცალოთ.

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაც რაღაც ადამიანურს ჰგავს. სახელმწიფოც ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთი პიროვნების ტყავში, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი და განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს.

აღმოსავლურ კულტურასთან ჩვენი გეოგრაფიული თუ სხვა სიახლოვის მიუხედავად, მაინც ევროპისკენ მივისწრაფვით წლებია. მაინც რა გვიზიდავს დასავლეთში? საუკუნეების წინ ევროპა, ალბათ, ქრისტიანული კულტურით უფრო გვიზიდავდა, რადგან ქართველი თავის იდენტობას ხომ ამაში ხედავდა. დღეს ფასეულობათა არეალი კიდევ უფრო გაფართოებულია ევროპასთან. მაგალითად სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და უფრო მეტი ჰუმანიზმი გვაერთიანებს მასთან.

თუ აქამდე არავინ გვასწავლიდა, რატომ არის ძალადობა ცუდი და რა არის საერთოდ ძალადობა, რომელსაც წლების განმავლობაში „ტრადიციას“, ზოგჯერ კი „ადათს“ ვეძახდით, დღეს, ევროპასთან ურთიერთობით კარგად გავაცნობიერეთ, რატომ არ უნდა იძალადო ქალზე, ბავშვზე და საერთოდ, ნებისმიერ ადამიანზე.

ახლა უფრო მეტად მესმის, რატომ უნდა დავიცვა როგორ ჩემი, ასევე სხვისი სიცოცხლის უფლება, რატომ უნდა შემეძლოს მოვისმინო განსხვავებული მოსაზრება და შემეძლოს განსხვავებულის მიღება. არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ რომ მე არ მგავს, ან არ მომწონს.

გვასწავლიან რომ ტოლერანტობა ქართველი ხალხის ხასიათშია. ალბათ არის ამაში სიმართლის მარცვალი, რადგან აღმაშენებელი, რუსთაველი, ილია და ვაჟა არსებობს ჩვენს ისტორიაში. ვერ ვიტყვით, რომ  ჩვენს ბუნებაში არ ზის მრავალფეროვნების მიმღებლობა, თუმცა საბჭოთა წლებმა, რომელშიც საბედნიეროდ ჩემს თაობას არ უცხოვრია, ამბობენ, რომ ჩვენი საზოგადოების ფასეულობებზე უხეში ლაქები დატოვა და ამ ჩრდილების მოშორებას ვცდილობთ ევროპასთან დაბრუნებით.

თანასწორობა – 21-ე საუკუნეა და თანასწორობის პრობლემაზე თითქოს აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც გვიწევს ამაზე საუბარი. საბჭოთა გავლენა რომ ვახსენე და კიდევ ვითომ ტრადიციები, ეს ხომ ისევ ცოცხლობს საზოგადოების რაღაც ნაწილში, ამიტომ არცთუ ისე იშვიათად გვიწევს სექსისტური, რასისტული ჰომოფობიური თუ ქსენოფობიური რიტორიკის მოსმენა. ყველაზე მეტად ის არ მომწონს, როცა ასეთ განწყობებს იმ ადამიანებში ვაწყდები, ვისშიც ყველაზე მეტად უნდა იყოს ცნობიერების სინათლე. მიმიხვდით ალბათ, მასწავლებლებს ვგულისხმობ. კარგია, რომ იცვლებიან ისინიც, თუმცა  გზა და გზა მაინც აზიანებენ ვიღაცის გონებას.

აღარ დავიწყებ იმის განხილვას, რომ  ჩვენი ევროპელობა „ზეზვა და მზიას“ პირველი ევროპელობითაც დასტურდება და სხვა ბევრი არქეოლოგიური არტეფაქტებით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი შინაგანი „მე“, ევროპელია და  ეს ევროპელობა ადამიანის სიყვარული, მისი უფლებების დაცვა და პასუხისმგებლობის აღებაა, როგორც საკუთარ მოვალეობებზე, ასევე ჩვენს უფლებებზე.

აი ამიტომ ვარჩევ ევროპას.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

განათლების მინისტრი ძალადობის მსხვერპლ მოზარდთან შეხვედრაზე: ყველა სკოლაში მივალ

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის ინიციატივის – „მოვუსმინოთ ბავშვებს“ ფარგლებში, მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მინისტრმა „მოსწავლეებისგან მოისმინა, თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის მიზეზებზე და პრევენციაზე“.

„ბათუმელები“ ინგა შამილიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მოუსმენია იმ მოზარდისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ „ბათუმელებთან“  ისაუბრა სკოლაში რამდენიმე მოსწავლის მხრიდან მასზე ძალადობასა და ჩაგვრაზე.

„თანდათანობით და ყველა სკოლაში მივალ, აბსოლუტურად,“ – გვიპასუხა მინისტრმა.

რადგან არსებობს ჩაგვრის კონკრეტული ფაქტი, ხომ არ აპირებთ პირადად შეხვდეთ ბულინგის მსხვერპლ მოსწავლეს? – ისევ ვკითხეთ მინისტრს, რაზეც ინგა შამილიშვილმა გვიპასუხა, რომ „არც ეგ არ არის გამორიცხული“.

მინისტრი ამბობს, რომ ისინი მოსწავლეებს გეგმის მიხედვით ხვდებიან და  „ყველგან უცებ ვერ მივლენ“.

 

 

როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები აჭარის საბავშვო ბაღებში

ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, წლის ბოლო სააღმზრდელო პროცესი  ბათუმის საჯარო ბაღებში 29 დეკემბერს ჩატარდება, რის შემდეგაც დაიწყება საახალწლო არდადეგები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში საახალწლო არდადეგები 26, ხულოსა და ქედაში კი 25 დეკემბერს დაიწყება.

ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.

ქედის ბაღების გაერთიანების დირექტორის, აიშე თებიძის თქმით,  ქედის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 16 იანვრამდე გაგრძელდება.

„ქვეყნის მასშტაბით,  ყველაზე ადრე სააღმზრდელო პროცესი ქედის ბაღებში განახლდა, შესაბამისად ამოვწურეთ პროგრამა, არდადეგები 25 დეკემბრიდან  16 იანვრამდე გაგრძელდება,“ – ამბობს აიშე თებიძე.

ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ია ხალვაშის თქმით კი, როდის განახლდება სასწავლო პროცესი ბაღებში, ჯერ დაზუსტებული არ აქვთ.

„ვფიქრობთ, 15 იანვრამდე გაგრძელდებს დასვენება,“-გვეუბნება ის.

ქედის საბავშვო ბაღების გარდა, ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული როდის განაახლებენ  სააღმზრდელო პროცესს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების  საბავშვო ბაღები.

ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, თვის ბოლოს დაზუსტდება  სასწავლო პროცესის დაწყების  თარიღი. რაც შეეხება ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს, გაერთიანების დირექტორის, ნატო შავიშვილის ინფორმაციით,  არდდეგების დაწყება 29 დეკემბრიდან იგეგმება და იანვრის შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება.

 

პროგნოზი: სამშაბათიდან ბათუმში მოსალოდნელია წვიმა

სამშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ბათუმში გაწვიმდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში – ითოვებს. ძლიერი წვიმა პარასკევს, 22 დეკემბერს იქნება.

აჭარის გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 10 -15 გრადუსი იქნება, ღამით 3- 8 გრადუსი სითბო. მთაში დღისით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, ღამით 0 – 5 გრადუსი ყინვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში იქროლებს ქარი – საშუალოდ 10-15 მეტრი წამში.

რატომ ევროპა – უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი

ხატია ზუხუბაია, სტუდენტი

სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილის მთავარი კითხვა მყარად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. პასუხიც ასეთი იყო, ვერ გაგვერკვია „უფრო“ საითკენ ვიხრებოდით. ვავლებდით კონტურებს, სადაც ვამტკიცებდით, რომ ევროპას მივეკუთვნებოდით, თუმცა თანაკლასელის მიერ შემოსაზღვრული საქართველო სხვა კონტინენტის ნაწილს უფრო ემსგავსებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ევროპა არა ტერიტორიული მოცემულობა, არამედ იდეაა, რომელიც ადამიანად ყოფნის უფლებას გაძლევს და შეგახსენებს, რომ შენ, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც გაუთავებლად მუშაობ, უხდი სახელმწიფოს გადასახადებს და ცდილობ განვითარებას, ისეთივე მნიშვნელოვანი ხარ (ან უნდა იყო სახელმწიფოსთვის), როგორიც შენი მდიდარი ან შენზე ნაკლებად ჭკვიანი მეზობელია.

ევროპისადმი გაუცხოება, რომელიც გამოიწვია თავდაპირველად რუსეთის იმპერიაში ყოფნამ, ხოლო შემდგომში უფრო დიდი ბოროტების, საბჭოთა კავშირის წევრობამ, დიდი შიშის წინაპირობა გახდა. შიშის, რომელიც გაუცნობიერებლად შემოიჭრა (თუ ,,შემოჭრეს“) ჩვენს ქვეცნობიერში და ,,ქართველობის დაკარგვა“ დაარქვეს. გვითხრეს და შემდგომში ჩვენც მყარად ჩავიბეჭდეთ გონებაში, რომ ევროპა ტრადიციებს ანადგურებს, მისთვის არ არსებობს სახელმწიფოთა იდენტობა და ისეთს, როგორიც ჩვენ ვართ მხოლოდ ერთმორწმუნე ძმა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო და, უბრალოდ, პატარა ქვეყნების დიდი გულშემატკივარი – რუსეთი მიგვიღებდა. რეალობის სწორად აღქმა და წარსული დროის გახსენება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვიჭირს. ნოსტალგია უწინდელი ცხოვრებისადმი, რომელიც, ძირითადად, გართობასა და მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება, დღესაც ერთგულს ტოვებს ძველი თაობის წარმომადგენლებს. თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, მხოლოდ მათ არ აქვთ ლტოლვა ძველი დროისადმი. ერთადერთ ხელჩასაჭიდად ამ დიდ ბრძოლაში სწორ პრიორიტეტებზე დაფუძნებული განათლება შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგობრივად, ეს უკანასკნელი ყველაზე გრძელვადიანი პროცესია და რაღაც ეტაპზე შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ უშედეგოც, ერთი დიდი უპირატესობა აქვს – საბოლოოდ, აუცილებლად ეყოლება სახელმწიფოს დიდი ძალა- საღადმოაზროვნე ახალი თაობის სახით.

სამართლებრივი თვალსაზრისით, ევროპა მოწინავეა კანონის უზენაესობის მხრივ. რა გვათქმევინებს ამას და ხომ არ გულისხმობს კანონის უზენაესობა ნორმებისადმი უსიტყვო მორჩილებას? პირველ რიგში, ამის თქმის საშუალებას ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და კანონთა განსაზღვრულობა გვაძლევს. მოსახლეობამ და პოლიტიკურმა ძალამაც იცის, რომ ხალხს აქვს ყველაზე დიდი ბერკეტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სახით. ისინი დაიცავენ კანონს, თუმცა თუ ხელისუფალი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წავა, ბოლომდე იბრძოლებენ თავიანთი უფლებების დასაცავად. რაც შეეხება კანონით ქვეყნის მართვას, ეს არ გულისხმობს   საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ ცვლილებაზე უპირობო მორჩილებას. პირიქით, კანონის უზენაესობის მთავარი იდეაა, შეიქმნას ისეთი ჩარჩო, რომელიც თანაბრად გაითვალისწინებს ხალხისა და სახელმწიფოს ერთობლივ ინტერესებს და დააბალანსებს რისკებს ქვეყნის მართვისას. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს, უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი. მხოლოდ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი მოგვანიჭოს და შეამჩნიოს, რომ ნორმებით ესა თუ ის საკითხი მოვაწესრიგეთ, თუ პრაქტიკულად იმუშაოს უფლებებმა და მოვალეობებმა და მოიცვას ყველა ის პრობლემა და სეგმენტი, რომელიც ხელს უშლის ქვეყანას განვითარების გზაზე. პრინციპი ,,კანონი რთულია, მაგრამ კანონია“ (Dura Lex, Sed Lex) დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ერთი პირის მიერ მართული სახელმწიფო და მისი მართვა ჩვენ მიერ შეთანხმებულ წესებსა თუ პრინციპებს მივანდოთ.

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გვარწმუნებს, რომ პოპულისტური შეძახილები და ,,ერის გამოფხიზლებისკენ“ მოწოდება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. დღეს განვითარებულ სახელმწიფოებშიც ბევრმა პოლიტიკოსმა გაითქვა სახელი დემოკრატიისა და თანასწორობის იდეის წინააღმდეგ რადიკალური მიდგომებით. მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფი დაბალი სოციალური ფენაა, რომლებსაც ან არ აქვთ წვდომა შემოდინებულ ინფორმაციაზე და ეყრდნობიან დეზინფორმაციის გამავრცელებელ პრესას ან/და მათზე მანიპულირებენ სენსიტიური თემებით, რაც შემდგომში  დიდ საპროტესტო ტალღას  აგორებს ევროპული ფასეულობებისა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის წინააღმდეგ.

საკითხს კიდევ უფრო ამძაფრებს ,,პროევროპული ძალების“ პოპულიზმიც, რადგან ხშირ შემთხვევაში მათაც არ აქვთ გააზრებული მათი იდეების განხორციელებადობა,  შედეგობრიობა, რაც მმართველ პოზიციაზე მოსვლის შემდეგ,  მოსახლეობის დიდი ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს.

ერთი მხრივ, სასიამოვნოა იდეის ტრენდულობა, ევროპისკენ სწრაფვის პოპულარიზაცია და ამის  სასარგებლოდ კამპანიების ორგანიზება, თუმცა, ჩემი აზრით, მოცემულ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება საღად გააზრებული, გაანალიზებული და ჩვენი თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული ევროპის მიღება, რომელიც მხოლოდ ფარატინა ფურცელზე გამოცხადებულ ევროკავშირის წევრობას კი არა, პროგრესულ, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს – გულისხმობს განვითარების ნებას მოქალაქეებში, სიახლისკენ და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვას, ნაკლებ დემაგოგიას პოლიტიკური ელიტების მხრიდან, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას თუ გადაწყვეტისას მოსახლეობის მეტ ჩართულობას,  სამართლიან არჩევნებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი ღიაა და მოიცავს ეფექტური სახელმწიფოს შექმნისა და განვითარების ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოზარდი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების სამსახურმა, მე-8 კლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანა. სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, მოზარდი კიბეზე ჩამოდიოდა, რა დროსაც მას ფეხი დაუსხლტა და წაიქცა.

„არ ვიცით, მოტეხილობა აქვს თუ არა, მშობელიც მოვიდა სკოლაში და ახლა სასწრაფომ გადაიყვანა,“-გვეუბნება დირექტორი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მოზარდს მუხლის არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობა.

ცეცხლწაკიდებული პალმა ევროპის მოედანზე [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პალმაზე ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს. რა გახდა პალმაზე ცეცხლის წაკიდების მიზეზი, სახანძროში ვერ აზუსტებენ.

თედო ჯორბენაძის ფოტო

 

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისწყალთან რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა; დაშავებულები სასწრაფო სამაშველო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა; გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“

დღეს, 17 დეკემბერს, „ოფროუდში“ აჭარის ღია პირველობის მე-3 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მონაწილეობას იღებდენ სპორტსმენები მთელი საქართველოდან და მეზობელი თურქეთიდან. ღონისძიების მასპინძელი აჭარის ოფროუდ ფედერაცია იყო.

შეჯიბრის ერთი ტური ჩატარდა ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე. მეორე – გონიოში, ხოლო მესამე, დასკვნითი ტური სოფელ ჭარნალში დღეს გაიმართა.

აჭარის ღია პირველობა ოფროუდში / ხელვაჩაური, ჭარნალი / 17.12.2017 / არჩილ კახაძის ფოტოები

აჭარის ოფროუდ ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, მირზა ნაკაშიძის თქმით, როგორც აღჭურვილობას, ასევე ტურნირის ორგანიზებასა და საჩუქრებს სრულად აფინანსებენ მონაწილეები და ერთეული კერძო კომპანიები. მირზა ნაკაშიძის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან მცირედი დახმარებაც კი, სპორტის ამ სახეობის განვითარებას  ხელს შეუწყობს და ის კიდევ უფრო მოცულობითი გახდება, რაზედაც უკვე მიდის მუშაობა.

მირზა ნაკაშიძე (უნიფორმით) და კონსტატნტინე ჯანაშია.
მირზა ნაკაშიძე (უნიფორმით) და კონსტანტინე ჯანაშია.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ჰპირდება, რომ მომავალი წლიდან ტურნირის ორგანიზებისთვის საჭირო თანხის ნაწილს გამოყოფენ. თუ კი ეს დაპირება შესრულდა, შეჯიბრი გახდება გაცილებით მასშტაბური, მრავალრიცხოვანი და პრესტიჟული.

მირზა ამბობს, რომ „გასულ წელს, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, დიდთოვლობისა და მეწყერის დროს ეხმარებოდნენ მიუვალ ადგილებში მყოფ მოსახლეობასთან მისასვლელად, მათ გამოსაყვანად თუ სასწრაფო დახმარების მისაწოდებლად. და ხშირად ამას საკუთარი ხარჯებით აკეთებდნენ. წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც უკვე ოფიციალურად დაეხმარებიან მუნიციპალიტეტს ექსტრემალურ პირობებში. შესაბამისად, გარკვეულ ხარჯსაც გაიღებს მუნიციპალიტეტი ამ მომსახურებაში.“

როგორც ფედერაციაში  მიაჩნიათ, სპორტის ამ სახეობის განვითარება, პირველ რიგში, ისევ სახელმწიფოს დაეხმარება, რადგან ეს იქნება დამატებით განსხვავებული ტიპის ტურისტების მოსაზიდად ჩადებული ინვესტიცია. საქართველო თუ მოხვდება მსოფლიოში ძალიან პოპულარული ექსტრემალური ტურიზმის რუკაზე, ეს ქვეყნის კიდევ უფრო ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამის დასტურია ის, რომ განსაკუთრებით ზაფხულში, ტურისტებში ძალიან პოპულარულია აჭარის მაღალმთიანეთში „ოფროუდტურები“, რომელიც, ამ ეტაპზე, ფედერაციის წევრებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროცაა და რომელსაც ისევ ტექნიკის ფორმაში მოსაყვანად ხარჯავენ.

აჭარის ოფროუდ ფედერაციაში 2018 წლისთვის მუშაობენ პროექტზე, რომელშიც უკვე რვა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ის მოიცავს თითქმის მთელი მაღალმთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებს – ბეშუმს, მწვანე ტბას, ჩირუხს, მთა ღომას და სხვა.

Exit mobile version