მთავარი,სიახლეები,სპორტი

აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“

17.12.2017 • 4575
აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“

დღეს, 17 დეკემბერს, „ოფროუდში“ აჭარის ღია პირველობის მე-3 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მონაწილეობას იღებდენ სპორტსმენები მთელი საქართველოდან და მეზობელი თურქეთიდან. ღონისძიების მასპინძელი აჭარის ოფროუდ ფედერაცია იყო.

შეჯიბრის ერთი ტური ჩატარდა ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე. მეორე – გონიოში, ხოლო მესამე, დასკვნითი ტური სოფელ ჭარნალში დღეს გაიმართა.

აჭარის ღია პირველობა ოფროუდში / ხელვაჩაური, ჭარნალი / 17.12.2017 / არჩილ კახაძის ფოტოები

აჭარის ოფროუდ ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, მირზა ნაკაშიძის თქმით, როგორც აღჭურვილობას, ასევე ტურნირის ორგანიზებასა და საჩუქრებს სრულად აფინანსებენ მონაწილეები და ერთეული კერძო კომპანიები. მირზა ნაკაშიძის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან მცირედი დახმარებაც კი, სპორტის ამ სახეობის განვითარებას  ხელს შეუწყობს და ის კიდევ უფრო მოცულობითი გახდება, რაზედაც უკვე მიდის მუშაობა.

მირზა ნაკაშიძე (უნიფორმით) და კონსტატნტინე ჯანაშია.

მირზა ნაკაშიძე (უნიფორმით) და კონსტანტინე ჯანაშია.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ჰპირდება, რომ მომავალი წლიდან ტურნირის ორგანიზებისთვის საჭირო თანხის ნაწილს გამოყოფენ. თუ კი ეს დაპირება შესრულდა, შეჯიბრი გახდება გაცილებით მასშტაბური, მრავალრიცხოვანი და პრესტიჟული.

მირზა ამბობს, რომ „გასულ წელს, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, დიდთოვლობისა და მეწყერის დროს ეხმარებოდნენ მიუვალ ადგილებში მყოფ მოსახლეობასთან მისასვლელად, მათ გამოსაყვანად თუ სასწრაფო დახმარების მისაწოდებლად. და ხშირად ამას საკუთარი ხარჯებით აკეთებდნენ. წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც უკვე ოფიციალურად დაეხმარებიან მუნიციპალიტეტს ექსტრემალურ პირობებში. შესაბამისად, გარკვეულ ხარჯსაც გაიღებს მუნიციპალიტეტი ამ მომსახურებაში.“

როგორც ფედერაციაში  მიაჩნიათ, სპორტის ამ სახეობის განვითარება, პირველ რიგში, ისევ სახელმწიფოს დაეხმარება, რადგან ეს იქნება დამატებით განსხვავებული ტიპის ტურისტების მოსაზიდად ჩადებული ინვესტიცია. საქართველო თუ მოხვდება მსოფლიოში ძალიან პოპულარული ექსტრემალური ტურიზმის რუკაზე, ეს ქვეყნის კიდევ უფრო ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამის დასტურია ის, რომ განსაკუთრებით ზაფხულში, ტურისტებში ძალიან პოპულარულია აჭარის მაღალმთიანეთში „ოფროუდტურები“, რომელიც, ამ ეტაპზე, ფედერაციის წევრებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროცაა და რომელსაც ისევ ტექნიკის ფორმაში მოსაყვანად ხარჯავენ.

აჭარის ოფროუდ ფედერაციაში 2018 წლისთვის მუშაობენ პროექტზე, რომელშიც უკვე რვა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ის მოიცავს თითქმის მთელი მაღალმთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებს – ბეშუმს, მწვანე ტბას, ჩირუხს, მთა ღომას და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: