რუსთაველის უნივერსიტეტში უსინათლოთა კონსულტირების ცენტრი გაიხსნება

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრი დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება.

ცენტრის გახსნა რუსთაველის უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის „ბლისტას“ მხარდაჭერით იგეგმება, რომელიც უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს დახმარებას გაუწევს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერებმა პირველი ტრენინგი მცირემხედველ ადამიანთა გადაადგილების, ორიენტაციისა და საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებაში 2017 წლის ოქტომბერში ჩაატარეს.

„ტრენინგში მონაწილე პირები დაეუფლნენ ტექნიკას, რომელიც უსინათლო ბავშვებთან მუშაობისას, მათი დამოუკიდებლობისა და სოციალიზაციის გასაზრდელად გამოადგებათ.

გაკვეთილები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. ტრენინგის ფარგლებში, თვალახვეული მონაწილეები  სივრცეში ორიენტირებასა და საყოფაცხოვრებო დავალებებს ასრულებდნენ“.

ტრენინგში განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები და საჯარო სკოლების მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.

დღეს, 16 თებერვალს, კი როგორც ბსუ-ს ადმინისტრაციაში გვითხრეს, ტრენინგის მონაწილეებმა გამოცდა ჩააბარეს. „შეასრულეს პრაქტიკული დავალებებიც, იმუშავეს უსინათლო ბენეფიციარებთან და დაამზადეს რელიეფური მაკეტები“.

ბათუმის მერია არამუნიციპალური ველოსიპედების პარკინგის ადგილების განსაზღვრაზე იმუშავებს

არამუნიციპალური ველოსიპედებისთვის პარკინგის ადგილების მოწყობის მოთხოვნით ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: ნათია აფხაზავამ, ნინო ჩხაიძემ და ასლან ჭანიძემ საკრებულოს მიმართეს. მათ საკრებულოს წარუდგინეს პეტიცია, რომელსაც ხელს 1350 ბათუმელი აწერს.

ბათუმის მერიაში ინციატივა მოიწონეს. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები არამუნიციპალური ველოპარკინგების მოსაწყობად ადგილების იდენტიფიცირებისთვის დაიწყენ მუშაობას. შემდეგ კი მოამზადებენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს, რის საფუძველზეც, მერია მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამის თანხას გაითვალისწინებს.

ამის შესახებ ლაშა კომახიძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად წერილობით აცნობა.

საკითხის განხილვა 15 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.

„მთავრობის ეკონომიკური გუნდი შრომის ინპექტირებას ეწინააღმდეგება“

რას ასრულებს და რას ვერა საქართველო შრომის უსაფრთხოების დაცვის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით? – ამის შესახებ დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, „დემოკრატიის სკოლაში“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლელა გვიშიანმა ისაუბრა.  მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ისეთი შრომითი პირობების შექმნას ავალდებულებს, სადაც შრომითი უფლებების ყველა კომპონენტი იქნება დაცული.

„პირველ რიგში, ეს არის დაშვების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ისეთი ორგანოს შექმნას, რომელსაც უპირობოდ ექნება დასაქმების ადგილზე შეამოწმოს შრომითი პირობები.

მეორე – ევროპული სტანდარტი ითხოვს, რომ შემოწმება არ იყოს მხოლოდ უსაფრთხოების თემით შემოფარგლული და ის უნდა მოიცავდეს შრომის უფლების რეალიზების ხარისხს მთლიანად, რაც გულისხმობს ისეთ დეტალებსაც, როგორიცაა, მაგალითად, შვებულების გაცემის, ბიულეტენის ანაზღაურების საკითხი და ა.შ.“ – განაცხადა შეხვედრაზე ლელა გვიშიანმა.

მისი თქმით, მესამე კომპონენტი, რომელსაც ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს, ისეთი ორგანოს შექმნაა, რომელსაც ექნება რეაგირების ეფექტური  მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც შრომის უსაფრთხოების სამსახური დასაქმების ადგილზე აღმოაჩენს გარკვეული ნორმების დარღვევას, მას უნდა ჰქონდეს  დამსაქმებლის დაჯარიმების, გაფრთხილების და საწარმოს გაჩერების შესაძლებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად.

„საქართველოს შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროში არსებულ ინსპექტირების დეპარტამენტს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი არ გააჩნია.  შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ შეამოწმებს დამსაქმებელს წინასწარი შეთანხმების გარეშე. შემოწმების თემა კი მხოლოდ უსაფრთხოებით ამოიწურება, რაც გულისხმობს ზედაპირულ შემოწმებას. მაგალითად: არის თუ არა საევაკუაციო გეგმა, უსაფრთხოა თუ არა ელექტროგაყვანილობა და ა.შ. ის არ იკვლევს შრომითი უსაფრთხოების პროცესს, – მაგალითად იმას, რამდენად არის დაცული დასაქმებულის ჯანმრთელობა, რაც ასევე პრობლემურია,“ – აღნიშნა ლელა გვიშიანმა.

მისივე თქმით, ინსპექტირების დეპარტამენტი ოთხი წელია ამოწმებს დასაქმების ადგილებზე შრომით უსაფრთხოებას, თუმცა  დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა მაინც იზრდება და წინა წლებთან შედარებით 22 პროცენტით არის გაზრდილი გარდაცვალების მაჩვენებელი.

მისი თქმით, დღეს მოქმედი სტანდარტების მიხედვით, დამსაქმებელს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების არათუ შესრულების, წაკითხვის ვალდებულებაც კი არ აქვს, „ინსპექციას კი არ გააჩნია მოქმედების ბერკეტი“.

„როცა დაინახა ევროკავშირმა, რომ არ სრულდება რეკომენდაციები, ეს რეკომენდაციები დაკონკრეტდა, რაც სახელმწიფოს ავალდებულებს ისეთი ორგანოს შექმნას, რომელსაც შრომითი უსაფრთხოების ყველა კომპონენტის შემოწმება და რეაგირება დაეკისრება,“ – ამბობს ლელა გვიშიანი.

დისკუსიის მონაწილეები

ლელა გვიშიანმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში შრომითი უსაფრთხოების აღქმა სამ სხვადასხვა თავში გვხვდება, მათ შორის ვაჭრობის თავშიც, რის თანახმადაც ევროკავშირი გვავალდებულებს ისეთი პროდუქცია გავიტანოთ ევროკავშირის ქვეყნებში, რომელიც არ იქნება იაფ მუშახელზე გათვლილი, იქნება ღირსეული შრომის პირობებში შექმნილი, სამართლიანი ანაზღაურებით. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტია, რაც გვაჩვენებს იმას, თუ როგორი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ,“ – განაცხადა ლელა გვიშიანმა.

მისი თქმით, შრომის კანონმდებლობის პროექტის განხილვის დროს სწორედ ეს სამი ფუნდამენტური საკითხი განიხილებოდა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იცავდნენ, ხელისუფლება კი ეწინააღმდეგებოდა.

„ძირითადი წინააღმდეგობა მოდიოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან. ისინი ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღებით ბიზნესი დაზარალდებოდა, თუმცა ბიზნესს არასდროს, არც ერთ პლატფორმაზე არ გაუჟღერებია ამის შესახებ. ეკონომიკური გუნდი კი ვერ ასახელებდა კონკრეტულ არგუმენტებს, თუ რაში გამოიხატებოდა ბიზნესის დაზარალება“.

არასამთავრობოების მხრიდან ასევე იყო მოთხოვნა, რომ შრომითი ინსპექტირება გავრცელებულიყო დასაქმების ყველა სფეროზე, რასაც ასევე არ ეთანხმება ხელისუფლება.

„მე რომ წლების განმავლობაში კომპიუტერთან ვზივარ, ეს შეიძლება გახდეს ჩემი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი წლების შემდეგ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავს შემთხვევებშიც უნდა იყოს დასაქმებულის უფლება დაცული. ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს კი სურთ, რომ კანონის სფერო გავრცელდეს მხოლოდ მომეტებული საშიშროების მქონე, მძიმე და მავნე პირობების მქონე სამუშაოზე, რომელსაც თავად განსაზღვრავს კანონის მიღების შემდეგ მთავრობა,“ – აღნიშნა ლელა გვიშიანმა.

ამ დროისთვის არსებობს მთავრობის მხრიდან მხოლოდ დაპირება, რომ კანონი მინიმუმ 11 სექტორზე გავრცელდება, მათ შორის მშენებლობაზე, მძიმე ინდუსტრიაზე და ა.შ. თუმცა კანონი არ ვრცელდება, მაგალითად, კვების მრეწველობაზე.

ლელა გვიშიანის თქმით, კანონი შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევაში აქამდე  მაღალ სანქციებს არ ითვალისწინებდა. საჯარიმო სანქცია 50 ლარიდან იწყებოდა და მაქსიმუმი 7 ათასი ლარი იყო, რაც ახალი კანონპროექტის შემთხვევაში გაზრდილია.

__________________________________________

ამავე თემაზე: 

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე 100-დან 50 000 ლარამდეა ჯარიმა – კანონპროექტი

 

 

ქედაში ახალი მუზეუმი აშენდება

ქედის ისტორიულ მუზეუმს ახალი შენობა ექნება. ქედის მერია წელს მშენებლობის პროექტს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან შეისყიდის.

ქედის მერი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ არსებული შენობა ძველია, მუზეუმისთვის  შეუსაბამო და არასაკმარისი ადგილის გამო ექსპონატების ნაწილი საგამოფენო სივრცეში არასათანადოდაა განთავსებული.

„მუზეუმი სამრეწველო ზონაშია განთავსებული. შენობა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ძველი და ამორტიზებულია.

პირველ ეტაპზე მშენებლობისთვის პროექტს შევისყიდით. ამის შემდეგ დაზუსტდება, რა თანხა დასჭირდება მუზეუმისთვის შენობის აშენებას. რაც შეეხება ზუსტ ადგილს, სად იქნება მუზეუმი, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, რამდენიმე ვერსია არის. ვფიქრობთ, ძველი ხიდის მიმდებარედ ან პარკში გაკეთდეს, ყოველ შემთხვევაში, ისეთ ადგილზე, რომ ტურისტული დატვირთვა ჰქონდეს,“ – ამბობს ქედის მერი.

18 წლის წინ გახსნილი ქედის ისტორიული მუზეუმი მაღალმთიანი აჭარის ძველი ყოფის ამსახველ ექსპონატებს ინახავს. მუზეუმში 4000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, ექსპონატების ნაწილი [შურდულის ქვები, თოხი] 8-10 ათასი წლის წინანდელია.

მთავარ ფოტოზე: ლევან გორგილაძე, ქედის მერი 

ენმ პროკურატურასა და აუდიტს მიმართავს: „ბათუმი თაუერი“ მშენებლობის ვადებს არღვევს

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აუდიტის სამსახურს და პროკურატურას მოუწოდეს, დაინტერესდნენ კომპანია „ბათუმი თაუერის“ საკითხით.

ენმ-ის განცხადებით, ბულვარში, ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გვერდით დაწყებული მშენებლობა „ბათუმი თაუერმა“ დიდი ხანია შეაჩერა.

„დარღვეულია მშენებლობის ვადები, თუმცა როგორც ვიცით, კომპანია არც ერთხელ არ დაჯარიმებულა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. ვფიქრობთ, კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, რადგან ფაქტია, რომ პირობების დამრღვევი კომპანია კომფორტულ მდგომარეობაშია და ბიუჯეტში ჯარიმის თანხები გადახდილი არ არის,“ – განაცხადა ასმათ დიასამიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა.

მისი თქმით, ამ თემით პროკურატურა და აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდნენ.

შპს „ბათუმი თაუერი“ კომპანია „რედკომ“ დააფუძნა 2012 წლის მაისში. შპს „ბათუმი თაუერის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში 2011 წელს.

რატომ შეაჩერა მშენებლობა „ბათუმი თაუერმა“? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც. სამინისტროს პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

ბათუმში სახანძრო უსაფრთხოებაზე კონფერენცია მიმდინარეობს

დღეს, 16 თებერვალს, კომპანია “ელ+” სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლებისათვის ბათუმში კონფერენციას მართავს. შეხვედრას სასტუმროებისა და  კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომპანიის თანამშრომლები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს უხსნიან, თუ როგორ უნდა დაიცვან ობიექტი ისე, რომ ხანძრის გაჩენის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

კონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა იმ თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პრეზენტაცია მოაწყვეს, რომელთა დამონტაჟებაც რეკომენდებულია სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში.

„საქსტატის სტატისტიკით ყოველწლიურად იმატებს რეგისტრირებული ხანძრების ოდენობა. ამას უნდა ვებრძოლოთ სრული სახანძრო აღჭურვილობის ქონით,“ – განაცხადა კომპანია “ელ+”-ის მენეჯერმა, თემო ხვედელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ობიექტებზე ხარისხიანი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები დაამონტაჟონ, რაც ხანძრის პრევენციის ერთ-ერთი გარანტიაა.

 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი, 41-ე დადგენილება  სახანძრო უსაფრთხოების ნორმების კონტროლზე.

ამ ნორმების დაცვა და კონტროლი კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.

კონფერენცია

ყოფილი პატიმარი: რომანს ვწერ ციხის წლებზე

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

„ბათუმობა“ შესაძლოა 28 აპრილს აღინიშნოს

ბათუმის მერია აპირებს საკრებულოს მიმართოს ბათუმობის დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატივით. თუ საკრებულო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ბათუმობა არა სექტემბრის დასაწყისში, არამედ 28 აპრილს აღინიშნება. „იმ შემთხვევაში, როცა 28 აპრილი არ დაემთხვევა შაბათ-კვირას, ქალაქის დღესასწაული აპრილის ბოლო შაბათს ან კვირას აღინიშნება, დასვენების დღეებში,“ – განმარტავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა და იგი მერმა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თარიღს დაუკავშირა.

მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში თუ 28 აპრილს. გამოკიტხვა უკვე დასრულდა და 556 ადამიანიდან 72 პროცენტმა ხმა „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნას მისცა.

„1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი „ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღეს აღნიშვნასთან დაკავშირებით. „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება,“ – აღნიშნულია ბათუმის მერის ფეისბუქგვერდზე. 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ღამით – 3-8 გრადუსი.

მთაში ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით კი – 0-5 ყინვა,“ – ამბობენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ამინდი აჭარაში 18 იანვრიდან შეიცვლება, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი – ითოვებს, თუმცა 19 თებერვალს, დილიდან, აჭარაში ისევ გამოიდარებს.

„გამჭვირვალობა“: ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუნიციპალიტეტების ვებგვერდების გამჭვირვალობისა და ინფორმატიულობის შესახებ კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია ბათუმის საკრებულოსა და მერიას გამჭვირვალობის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო აკრიტიკებს.

„ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილებები ბათუმის მერიისა და საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ; მიღებული აქტები შესაბამისობაშია მთავრობის N 219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.

თუმცა, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ვებგვერდებზე (www.batumi.ge da www.batumicc.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.

არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ან არასრულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების, ასევე მუნიციპალიტეტის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ;

არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები,“  – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ბათუმის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2014 წლის 31 იანვარს მიღებული დადგენილებებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებგვერდებზე.

_______________________________________

ამავე თემაზე: 

სამთავრობო უწყებები, საჯარო ინფორმაციის ვალდებულება და წვდომა

ბათუმში 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით,  17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. კერძოდ, ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას:

1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი;

2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ნებისმიერი ჩამოთვლილი მარშრუტით, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას დაუკავშირდებიან.

მოძრაობის სქემა უცვლელი რჩება ბათუმში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

გარდა ამისა, მერიის ცნობით, მოძრაობა ცალმხრივი გახდება გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე გაუქმდება.

ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ესტაკადა 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.

 

ბათუმი თურქულ სერიალში

პოპულარული თურქული სერიალის – „Sen Anlat Karadeniz“ მეოთხე სერიის ერთ-ერთი ეპიზოდი ბათუმში გადაიღეს.

ბათუმის პანორამული ხედების გარდა სერიალში ევროპის მოედანზე გადაღებული კადრებიცაა, რომელსაც ფონურ მუსიკად ქართული სიმღერა „დედა მიყვარს ძალიან“ ადევს.

თურქი რეჟისორის, ოსმან სინავის,  ბოლო ნამუშევარი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ცნობილმა თურქულმა არხმა  “ Atv“ -მა სერიალის ჩვენება იანვარში დაიწყო. მეოთხე სერია, რომელიც ნაწილობრივ ბათუმშია გადაღებული, ეთერში 14 თებერვალს გავიდა.

სერიალის სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის, ნეფესის ირგვლივ ვითარდება, რომელიც 16 წლის ასაკში ძალით გაათხოვეს, მოგვიანებით კი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ნეფესი ცდილობს, მოძალადე ქმარს გაექცეს.

სერიალში მთავარ როლებს ახალგაზრდა თურქი მსახიობები – ულაშ თუნა ასთეფე, ირემ ჰელვაჯიოღლუ, სინან თუზჩუ და სხვები ასრულებენ.

https://www.youtube.com/watch?v=r1EkufJArK4

 

ბათუმში კაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მელიქიშვილის ქუჩაზე დაახლოებით 40  წლის მამაკაცი დაჭრეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს დაჭრილმა უთხრა, რომ მას უცნობი პირი მოულოდნელად თავს დაესხა და წელსქვემოთ დანით დაჭრა. სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

საკრებულომ სკვერის სტატუსი ადგილს კორპუსის აშენების შემდეგ მიანიჭა 

ჯავახიშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ყოფილი შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთს ბათუმის საკრებულომ ივანე ჯავახიშვილის სკვერის სტატუსი მიანიჭა. სკვერის სტატუსი ამ ადგილს მრავალსართულიანი კორპუსის აშენების შემდეგ ექნება.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე ირაკლი პატარიძემ გამოიტანა, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ. საკრებულოს წევრობამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში.

„თუკი გინდოდათ სკვერი ამ ადგილას, კორპუსი რატომ ჩადგით შიგ? თქვენ მერის რწმუნებული იყავით ამ ადგილას,“ – მიმართა მომხსენებელს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ.

„მერის წარმომადგენელი არ იღებდა ამ გადაწყვეტილებას… ჩვენი სურვილია, რომ იქ იყოს სკვერი,“ – აღნიშნა ირაკლი პატარიძემ.

„საზოგადოებამ დააფიქსირა პროტესტი და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ,“ – თქვა საკრებულოს უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი მიქელაძემ.

ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აქ DS group-ი აშენებს. მშენებლობისთვის სწორედ აღნიშნული სკვერის ნაწილი [ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში] გამოიყენეს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე გამწვანებული ადგილი, დღეს უკვე სკვერი, რეესტრში სამ საკადასტრო ერთეულადაა დარეგისტრირებული. სამივე ნაკვეთი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაშია და ჯამში 2 550 კვ/მ-ია.

მთავარი ფოტო: სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომლის ნაწილზეც დღეს კორპუსი შენდება. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან. 

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ბანკი გაქურდეს – წაღებულია პრინტერი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქობულეთში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„ორშაბათს დილით ვნახეთ, რომ ბანკის ფანჯარა ჩამტვრეული იყო. როგორც ვიცი, წაღებულია ელექტროღუმელი და პრინტერი. ფული არ არის წაღებული,“ – გვითხრა ქობულეთის მერის რწმუნებულმა სოფელ ქობულეთში, სულხან შავიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბანკიდან მხოლოდ პრინტერი და ელექტროღუმელია წაღებული, ადასტურებს. დაწყებულია გამოძიება ქურდობის მუხლით. ამ დროისთვის დაკავებული არავინს არის.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ქობულეთელებთან

2018 წლის 15 თებერვალს სოფელ ქობულეთის კულტურის ცენტრში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც აჭარის ტელევიზიისა და „ბათუმელების“ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ მოსახლეობისთვის მათი მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა, მოსახლეობას კი ჰქონდა შესაძლებლობა წამოეწია ნებისმიერი თემა და პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ.

აღნიშნულ შეხვედრაზე სხვადასხვა სოციალური პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ის პრობლემაც, რომ სოფლის კულტურის ცენტრს, სადაც მიმდინარეობდა დისკუსია, არ აქვს გათბობა და არ არის მზად ზამთრის პერიოდში სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად.

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ფონდის -„ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით.

შეხვედრა ქობულეთში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

მაგდა მარუაშვილი, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი გადაცემა გაგაცნოთ, რადგან, დარწმუნებული ვარ, იმისთვის, რომ ჩვენი მისია შესრულდეს და ვიმუშაოთ საზოგადოებისთვის, მთავარი და აუცილებელი არის თქვენი მოსმენა. სამწუხაროდ, ხშირად არ გვეძლევა საშუალება რეგიონებს ვესტუმროთ და მოვისმინოთ თქვენი ამბები. „სოციალური მედიაპროექტი“ თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ძირითად ყურადღებას ვუთმობთ ყველა იმ სოციალურ პრობლემას, რომელიც ხდება ჩვენ ირგვლივ, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ვეხმაურებით საპროტესტო აქციებს, როდესაც კონკრეტულ ჯგუფს ესაჭიროება ჩვენი დახმარება, ხმის მიწვდენა ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის და ა.შ.

ვცდილობთ, ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვანი. ამ თემების მოფიქრებისა და ინიცირების წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი თქვენგანი.

დავით მახარაძე, სოფელ ქობულეთის მცხოვრები: მგონია, რომ პრობლემის განხილვისას უმჯობესი იქნება ქალაქ ბათუმის ჭრილიდან ამოხვიდეთ და მთლიანად აჭარა განიხილოთ. დავასახელებ ერთ პრობლემას, რაც პარკინგთანაა დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც მთლიანად აჭარა არ არის გათვალისწინებული. ვიცი, რომ დადგენილია წლიური გადასახადი ან თვეების მიხედვით, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგია, მაგრამ სოფლიდან ჩასულმა ადამიანმა, რომელიც, მაგალითად, ჩადის თვეში ერთხელ, რატომ უნდა გადაიხადოს იგივე ტარიფი. აი, ასეთი პრობლემების განხილვა,რომლებიც ბათუმელების გარდა სხვებსაც აწუხებს, ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მოგვაწოდებენ ინფორმაციას ჯანდაცვის სერვისების შესახებ. მოსახლეობამ არ იცის როგორ მოიქცეს, სად მივიდეს, ბევრისთვის გაურკვეველია ამ მხრივ რა შეღავათები არსებობს.

მაგდა მარუაშვილი: მადლობა, რომ ხედავთ ამ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოვიდეთ და მოვისმინოთ თქვენი პრობლემები, შემდეგ კი გავაშუქოთ. მიხარია, რომ გაქვთ ინიციატივა და პროტესტი, თქვენი პრობლემები ჩვენამდე მოიტანოთ.

გურამ მურვანიძე, ჟურნალი „ბათუმელები“: პარკირებას რაც შეეხება, ეს პრობლემა თითქმის ყველა ქალაქშია. პარკირების თანხის გადახდა საგადახდო აპარატებითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის კარგად არ არის მიწოდებული. არა მარტო სოფლებში, არამედ ქალაქშიც არ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ეს სერვისი.

სალომე ჯალიაშვილი: როგორც ვიცით, ქალთა მიმართ ძალადობა აქტუალური თემაა და მაინტერესებს, როგორ აშუქებთ ამ თემას ან საერთოდ თუ აშუქებთ.

მაგდა მარუაშვილი: ძალადობის თემაზე აქტიურად ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულება იყო ერთწუთიანი ვიდეორგოლები, რომლებშიც გაჟღერებული იყო აღნიშნული პრობლემა. ეს რგოლები იყო რადიოსა და ტელევიზიისთვის განკუთვნილი. ასე, რომ მსმენელს შეეძლო უამრავჯერ მოესმინა ამ თემის შესახებ და საკუთარ თავში აღმოეჩინა ეს პრობლემა.

ვცდილობდით, ეს თემა ისე მიგვეტანა მაყურებლამდე, რომ გასჩენოდათ კითხვები: როგორია ჩემი წვლილი ამ ყველაფერში, ვარ თუ არა ამ პრობლემის მაყურებელი გვერდიდან და შემიძლია თუ არა ჩავერთო ამ ყველაფერში. გარდა ამისა, გვქონდა გამოკითხვა, დავდიოდით ქუჩებში და გამვლელებს ვეკითხებოდით, თუ რა იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ. ვსაუბრობდით ფსიქოლოგებთან და ისინი გვიყვებოდნენ რა კეთდება ქალაქში იმისთვის, რომ ისინი დაცულად გრძნობდნენ თავს. მაგალითად, ამ თემაზე მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უფასო კლინიკა, სადაც ფსიქოლოგებთან ვიზიტი და დახმარების მიღებაა შესაძლებელი. ვიდეორგოლებში ასევე ვსაუბრობდით ზოგად ინფორმაციაზე, რა ითვლება ძალადობის ფორმად. შესაძლოა ამ ერთი წლის განმავლობაში დიდი არაფერი შეცვლილა, თუმცა მაინც შეინიშნება პროგრესი. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელიც კონკრეტულად ამ თემაზე იმუშავებს და ამ პრობლემის ირგვლივ გაერთიანდება უამრავი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

საინტერესოა, რამდენად გეხმარებიან სხვები იმისთვის,რომ ბავშვებს, თქვენ გქონდეთ საშუალება გაეცნოთ თანამედროვე ხელოვნებას, მუსიკას, თეატრს და ა.შ. ან თუნდაც მწერლებთან შეხვედრებს თუ აწყობთ?

შეხვედრა ქობულეთში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

ნაირა მახარაძე, სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი: ქობულეთის კულტურის სახლი სანამ გაიხსნებოდა, ამ დარბაზში (იგულისხმება სოფელ ქობულეთის კულტურის ცენტრი) ტარდებოდა ფესტივალები, კონცერტები. როცა იქ კულტურის სახლი გაიხსნა, ფაქტობრივად, აქ შეწყდა საქმიანობა.

ივანე ბაკურაძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: თქვენ თუ მიგიმართავთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის? მათ ბიუჯეტში აქვთ გაწერილი ზოგადად მწერლების ჩამოყვანის უზრუნველყოფა, თქვენ თუ დაინტერესებულხართ ამით, მოსწავლეებისთვის აუცილებელია მსგავსი ტიპის შეხვედრები, რაც განვითარების საშუალებას იძლევა.

ნაირა მახარაძე: არ მიგვიმართავს, თუმცა ბავშვები გვყავდა, მაგალითად, ოტია იოსელიანთან შეხვედრაზე, ახლა გეგმაში გვაქვს სხვა მწერალთან შეხვედრა, ასევე სკოლის ბავშვები მოდიან და შეხვედრებს აწყობენ.

ივანე ბაკურაძე: რამდენად ხშირად მოდიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები?

ნაირა მახარაძე: სამი დღის წინ გვყავდა რესურსცენტრის უფროსი, პროგრამით -„მოუსმინე მოსწავლეს“. ბავშვებს გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები, როგორია ბავშვის თვალით დანახული სკოლა. თუმცა ამას სისტემატიური ხასიათი არა აქვს. მინისტრი და მისი მოადგილეც იყვნენ ჩვენთან სკოლაში, გაესაუბრნენ ბავშვებს და სწორედ ამ გასაუბრების შედეგად გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და გაგვიკეთეს სტადიონი, რაც სასარგებლოა სკოლისთვის და მთლიანად, სოფლის ახალგაზრდებისთვის.

 

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში ზღვასთან მიწის ნაკვეთებს ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში მდებარე მიწის სამ ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. მიწის ნაკვეთები ქობულეთში ზღვასთან ახლოს, აღმაშენებლის გამზირსა და მეგობრობის ქუჩაზე მდებარეობს. ნაკვეთების საერთო ფართობი 71 197 კვ/მ-ია. გასაყიდად გამოტანილ ნაკვეთებზე 10 278 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობებიცაა განთავსებული.

თითოეულ ნაკვეთზე ცალკე აუქციონია გამოცხადებული, შესაბამისად, განსხვავებულია პირობები, რაც ქონების მომავალმა მესაკუთრემ/მესაკუთრეებმა უნდა შეასრულონ. სამივე ნაკვეთის საწყისი ფასი ჯამში 4 მილიონ 330 ათასი ლარია და მათზე 30 მილიონი აშშ დოლარისა და 28 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

ნაკვეთი 1

ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N313-ში მდებარე 9 212,9 კვ.მ შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული 37 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე 2 500 000 ლარად იყიდება. 

აუქციონის პირობებია:

[checklist]

  • საპრივატიზებო საფასურის გადახდა შემდეგნაირად: 2018 წლის 25 დეკემბრამდე – არანაკლებ 20%; 2019 წლის 1 ივლისამდე – არანაკლებ 40%; 2019 წლის 25 დეკემბრამდე –  არანაკლებ 40%;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, შესაბამისი უწყების მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმისა (გრგ) და საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია-სარემონტო სამუშაოების ჩატარების ან/და განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [რომელიც მოიცავს რეაბილიტაციის და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე რეკრიაციულ ზონას] მშენებლობის დაწყება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება; 20წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება;
  • მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები.

[/checklist]

ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზირი N313-ში მდებარე გასაყიდი ქონება
ნაკვეთი 2

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე 7 482 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული 1065,90 კვ.მ შენობა-ნაგებობების საწყისი საპრივატიზაციო ფასი 406 500 ლარია.

აუქციონის პირობები:

[checklist]

  • საპრივატიზებო საფასურის გადახდა შემდეგნაირად: 2018 წლის 25 დეკემბრამდე – არანაკლებ 20%; 2019 წლის 1 ივლისამდე – არანაკლებ 40%; 2019 წლის 25 დეკემბრამდე – არანაკლებ 40%;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრის, კვლევითი ლაბორატორიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, დერმატოლოგიის, ორთოპედ-ტრავმატოლოგიის ოთახების] რეკონსტრუქცია-რემონტის/მშენებლობის დაწყება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში დასრულება, ექსპლუატაციაში გაშვება, ამოქმედება და 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება; აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 3 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 15 საქართველოს მოქალაქის დასაქმება.

[/checklist]

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩა N42-ში მდებარე გასაყიდი ქონება
ნაკვეთი 3

ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N291-ში მდებარე 26 213 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასია 1 423 500 ლარი.

აუქციონის პირობებია:

[checklist]

  • საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე შესაბამისი უწყების მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმისა და საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება [მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს სასტუმროს – არანაკლებ 200 ნომერი, სპა ცენტრს, ბავშვთა გასართობ სივრცეს, ღია სპორტულ მოედანს, კვების ობიექტებს და ა.შ];
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაწყება, 48 თვის ვადაში დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში არანაკლებ 200 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმება, ხოლო სასტუმროს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, არანაკლებ 200 მოქალაქის დასაქმება პროფილის შენარჩუნების ვადით [20 წელი], სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.

[/checklist]

ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N291-ში მდებარე გასაყიდი ქონება / ფოტოები ელ/აუქციონის ვებგვერდიდან

 

მჭადისა და ქაფშიას კომბინაცია – ორი რეცეპტი ლაზური სამზარეულოდან

ქაფშიას, იგივე ხამსას, ძირითადად ზეთში წვავენ და ისე მიირთმევენ, თუმცა, ლაზურ სამზარეულოში ქაფშია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინგრედიენტი ცალკეული კერძისათვის. ასეთი კერძებია: ქაფშიის მჭადი – ქაფშიონი მჭკიდი და ქაფშიატაღანერი – მწვანილებში შემწვარი ქაფშია. თუ ქაფშია გიყვართ, ეს ორი რეცეპტი მისი სხვა გემოვნური თვისებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

მოცემული რეცეპტები ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის პროექტის – „კულტურათა დიალოგის ფესტივალის“ ფარგლებში იქნა მოძიებული.  

ქაფშიის მჭადი 

ფოტო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მიერ გამოცემული კალენდრიდან

მასალად საჭიროა:

0,5 კგ. მჭადის ფქვილი
300-400 გრ. დამარილებული ქაფშია
1/2 კონა პრასი
200 გრ. მწვანე ხახვი
200 გრ. კარაქი
1/2 კონა ოხრახუში
1 ცალი კარტოფილი
შავი პილპილი გემოვნებით.

მჭადის ფქვილს დავუმატოთ ძვალგამოცლილი ქაფშია, წვრილად დაჭრილი პრასა, ხახვი, ოხრახუში, გახეხილი კარტოფილი, შავი წიწაკა, კარაქი და კარგად მოვზილოთ. დავდოთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე და ჰაერღუმელში გამოვაცხოთ.

 

ქაფშიატაღანერი

ფოტო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მიერ გამოცემული კალენდრიდან

მასალად საჭიროა:

300-400 გრამი დამარილებული ქაფშია
1 კგ. ხახვი
1 კონა წითელი ჭარხლის ფოთლები
1 კონა ქინძი, 1 კონა პრასა
1 კონა ოხრახუში, 1 კონა რეჰანი
4-5 კბილი ნიორი
2 ცალი კარტოფილი
4-5 ცალი ბულგარული წიწაკა
4-5 ცალი პამიდორი
1 ჭიქა მჭადის ფქვილი
სუნელები გემოვნებით.

დამარილებულ ქაფშიას გამოვაცალოთ ძვალი. წვრილად დავჭრათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი, ავზილოთ კარგად და გამოვაცხოთ ზეთში.

მთავარ ფოტოზე: კერძები ლაზური სამზარეულოდან. 

 

ენმ-ის წევრი პროტესტის ნიშნად 6 მაისის პარკისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭებას ითხოვდა

ბათუმში მდებარე 6 მაისის პარკს სახელი გადაერქვა და ბათუმის ცენტრალური პარკი ეწოდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღეს, 15 თებერვალს, მიიღო, რაც  სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

პარკს “6 მაისი”  თავის დროზე 2004 წლის მოვლენების აღსანიშნავად ეწოდა – 2004 წლის 6 მაისს ე.წ. აჭარის რევოლუციის შემდეგ, ბათუმი ყოფილმა მმართველმა, ასლან აბაშიძემ დატოვა.

პარკის სახელის გადარქმევას საკრებულოში ენმ-ის წევრები შეეწინააღმდეგნენ.  

„ეს არ არის ნამდვილად უცებ მიღებული გადაწყვეტილება. მე იქ წლების განმავლობაში ვმუშაობდი და შემოდიოდა განცხადებები, სადაც ეწერა, 26 მაისის პარკის ადმინისტრაციას მივმართავო. საზოგადოების უმრავლესობამ ვერ გაითავისა, რომ ეს იყო 6 მაისის პარკი,“ – განაცხადა სხდომაზე ნატალია ზოიძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ენმ-ის პროსტესტის საპასუხოდ.

„ეს უსუსური არგუმენტია. სინამდვილეში თქვენ უარს ეუბნებით განახლებას და განვითარებას… აღიარეთ, რომ ბევრს აქვს ნოსტალგიები სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ცენტრალურ პარკს აღიქვამენ?“ – ასე შეეპასუხა ზოიძეს მირდატ ქამადაძე, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

პარკისთვის სახელის შეცვლას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმაც არ დაუჭირა მხარი. რაულ თავართქილაძე მიიჩნევდა, რომ საკითხი საზოგადოებამ უნდა განიხილოს და მხოლოდ „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ წერილობითი განცხადება საკრებულომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

საკრებულოს წევრებმა ერთმანეთს აბაშიძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დრო გაახსენეს. საბოლოოდ საკრებულოს წევრმა ენმ-დან ლევან ანთაძემ გამოთქვა ინიციატივა, პარკს ასლან აბაშიძის სახელი ეწოდოს.

„თქვენ სერიოზულად მოითხოვთ ამას, თუ ხუმრობთ?“ – იკითხა სულიკო თებიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ.

„კი, სერიოზულად,“ – დასძინა ლევან ანთაძემ, რომელიც ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, ვინც ამ ვერსიას კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულო ვალდებულია კენჭი უყაროს საკრებულოს ნებისმიერი წევრის ინიციატივას. საკრებულოს დეპუტატი ლევან ანთაძე აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრია. იგი ამ თანამდებობაზე 2008-2012 წლებში მუშაობდა.

ბათუმის საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებით, დღეიდან 6 მაისის პარკის სახელწოდება ბათუმის ცენტრალური პარკია.

ავტობუსის სპეციალურ სამალავში საზღვრის გადმოკვეთისას თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთიდან საქართველოში მომავალი ავტობუსის სპეციალურ სამალავში საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი და ერთი კაცი),  საზღვრის უკანონო გადმოკვეთისას დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, ფიზიკური დათვალიერებისთვის 12 თებერვალს, 02:46 საათზე შევიდა.

ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაკავებულ ქართველი მოქალაქეები არალეგალურად იმყოფებოდნენ თურქეთში (მათ აკრძალული ჰქონდათ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა) და ახლა ისინი საქართველოში მალულად დაბრუნებას ცდილობდნენ.

თურქეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაკავებულები საქართველოში დაადეპორტირეს.

ბათუმში 12 წლის გოგო გააუპატიურეს

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში 12 წლის გოგო გააუპატიურეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, გოგონაზე მეზობლად მცხოვრებმა იძალადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადე შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

 

საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს, სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.gov.ge თითოეული საგანისთვის  დამატებითი ნიმუშები მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ. ეს მაგალითები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.

ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს [ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია]. დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას [მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია] მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით [Gcat] ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

საატესტატო გამოცდების რეგისტრაციის თარიღი როგორც „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ჯერ დადგენილი არ არის. „ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“-ამბობენ ცენტრში.

აჭარის დასაქმების სააგენტო: ვაკანსიები პოლონეთში ლეგალურ დასაქმებაზე

აჭარის დასაქმების სააგენტო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის [IOM] პროექტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი [6 თვემდე] ლეგალური დასაქმება პოლონეთში.

IOM შერჩეულ კანდიდატებს ეხმარება დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს [სავიზო მოსაკრებელი – 60 ევრო, სამოგზაურო-სამედიცინო დაზღვევა – 30 ლარი, სამგზავრო ბილეთი, ასევე თანხა ანგარიშზე] ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი.

პოლონეთში მშენებლის, დამლაგებლის, მლესავის, მეფილე მომპირკეთებლის, კალატოზის, ელექტროტექნიკოსის, მშენებლის დამხმარეს, დურგლის/სახურავის ოსტატისა და დამლაგებლის [ქალი] ვაკანსიაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შედის ინგლისურის, ან რუსულის, ან პოლონური ენის ცოდნა [საუბარი, კითხვა, წერა] ელემენტარულ დონეზე. სათბურში ბოსტნეულის მწარმოებელი მუშის ვაკანსიაზე კი, მხოლოდ რუსული ენის ცოდნაც საკმარისია. გარდა ამისა, ხელოსნებს მოეთხოვებათ სპეციალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი [დიპლომი, სერტიფიკატი] და სამუშაო გამოცდილება [მინიმუმ 1 წელი].

დამლაგებლის ხელფასი თვეში 1800-2500 პოლონური ზლოტია [დაახ. 430-600 ევრო], დურგლის, ელექტროტექნიკოსის, კალატოზის, მეფილე მომპირკეთებლის, მლესავის, მშენებლის დამხმარეს ვაკანსიაზე კი 2500-3500 პოლონური ზლოტია [დაახ. 600 – 800 ევრო] ხელზე ასაღები.

როგორც დამსაქმებლების მიერ გაკეთებულ განაცხადებშია მითითებული, პირობებში გათვალისწინებულია საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვადასხვა ფორმით სამედიცინო დაზღვევა.

დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აჭარის დასაქმების სააგენტოს, ან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის ოფისს.

ამავე თემაზე:

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ბათუმი – ახალციხის გზაზე, სოფელ დიოკნისთან მეწყერმა გზა ჩაკეტა

ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე, 92-ე კილომეტრზე, სოფელ დიოკნისთან მეწყერი განვითარდა. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა.

ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გოდერძის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით, სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან არის შესაძლებელი, რაც შეხება ცენტრალურ გზაზე ჩამოსულ მიწის მასას, მისი თქმით, გზა იწმინდება და სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაიხსნება.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან 

შშმ პირთა უფლებები 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმაში

ავტორი: ესმა გუმბერიძე, აქტივისტი 

2018 წლის 24 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებათა 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მე-19 თავთან დაკავშირებით, რომელიც შშმ პირთა უფლებებს მოიცავს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, რადგან ისინი ბორჯომის შეხვედრაზე (2017 წლის 26-27 დეკემბერი) არ ყოფილან და იქ ამ საკითხების გავლა ვერ მოესწრო. თუმცა ვერც ამ შეხვედრაზე შევძელით  ბევრ რამეზე კონკრეტული შეთანხმება.

ადამიანის უფლებათა 2018–2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა დაიწყო 2017 წლის ოქტომბრიდან, როდესაც მისი პირველადი ვერსია გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციებში. გეგმა არის 2014-2020 წლების საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესასრულებლად გამიზნული ინსტრუმენტი. ის მოიცავს მრავალ უფლებას (მაგალითად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, გამოხატვის თავისუფლება) ასევე სხვადასხვა უმცირესობის დაცვისკენ მიმართულ თავებს (გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები).

საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გეგმასთან დაკავშირებული თავიანთი კომენტარები საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის 2017 წლის 10 ნოემბრამდე უნდა გადაეგზავნათ. 2017-2018 წლების დეკემბერ-იანვრის პერიოდში შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის 3 ოფიციალური შეხვედრა გაიმართა: 2017 წლის 14 დეკემბერს თბილისში, მთავრობის კანცელარიაში, ამავე წლის 26 დეკემბერს ბორჯომში და წელს, 24 იანვარს ისევ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში.

ახლა ვაპირებ ვისაუბრო 24 იანვრის შეხვედრის დროს განხილულ ძირითად საკითხებზე.

შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე გადასვლა

ძირითადი კამათი შეეხებოდა 2020 წლის ბოლოს რა შედეგი უნდა გვქონდეს. არასამთავრობოები ვითხოვდით, რომ შემუშავდეს როგორც შეფასების ინსტრუმენტი, ასევე  ამ ინსტრუმენტით ადამიანთა შეფასება და სტატუსის მინიჭება დაიწყოს; ასევე გადაფასდეს იმათი სტატუსის და ხელახლა მიენიჭოს, ვისაც უკვე აქვს. ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა კონკრეტული ოდენობისა და პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრაზე, თუ რამდენი ადამიანი ეყოლებათ შეფასება-გადაფასებული, რადგან ადამიანური და ფულადი რესურსი არ ჰყოფნით. ამასთან არ იციან, ზუსტად რამდენი ადამიანი მოვა ახალი სისტემის ფარგლებში სტატუსის მინიჭების და შეფასების მოთხოვნით. კიდევ ერთი პრობლემა: ვის, რა კატეგორიის პენსია უნდა დავუნიშნოთ/დავუტოვოთ და ვის მხოლოდ სერვისები.

შშმ პირთა სამომავლო საჭიროებებისა და უკვე არსებული სერვისების ეფექტურობის შეფასება

სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს პროცესი შეფასების ახალი სისტემის პარალელურად ვერ მოხდება, რადგან ჯერ ყველა რეგიონში უნდა გვყავდეს ახალი სისტემით შეფასებული შშმ პირები და თანაც ყველა ტიპის შეზღუდვით, მათი საჭიროებები რომ ვიკვლიოთ და ის, თუ არსებული სერვისებიდან რომელია საჭირო და გამოსადეგი და რომელი – არა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ახლო მომავალში, მათ შორის 2020 წლის შემდეგაც, არ გეგმავენ ზრდასრულთა რეაბილიტაციაზე თანხების გამოყოფას სახსრების შეზღუდულობის გამო. მათ აღნიშნეს, რომ ბავშვთა რეაბილიტაციისგან განსხვავებით, რომელსაც პრევენცია ან მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია, ზრდასრულთა რეაბილიტაცია მიმართულია მხოლოდ კონკრეტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გაუარესების თავიდან ასაცილებლად. USAID/აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს პროექტი, რომლითაც იგეგმება სარეაბილიტაციო კლინიკების შექმნა გრანტის თანხის ამოწურვის შემდეგ, რაც 4 წელიწადში მოხდება, ალბათ ვერ იქნება მდგრადი, რადგან ცოტა შშმ პირი თუ შეძლებს რეაბილიტაციაში თავისი სახსრებით ფულის გადახდას.

არასამთავრობო სექტორმა მოითხოვა, შეიქმნას სხვადასხვა სერვისის (მაგალითად, დღის ცენტრების, დამხმარე საშუალებების, ადრეული ჩარევის, შინ მოვლისა…) ერთიანი სტანდარტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისეთი სტანდარტი, რომელსაც დაემორჩილება ადგილობრივი თვითმმართველობებიც, როცა ისინი აფინანსებენ რამე სერვისს, რადგან უამრავი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული დღის ცენტრი ვერ აწვდის შესაბამისი ხარისხის მომსახურებას ბენეფიციარებს. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმმართველობებზე არ აქვთ ფორმალური ზედამხედველობის უფლება და  არაფორმალურად ისედაც ეცდებიან სტანდარტზე საუბარს.

დეინსტიტუციონალიზაციაზე (დიდკონტიგენტიანი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანსიონატებიდან, ასევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არამწვავე მდგომარეობაში, ძირითადად ოჯახის წევრთა უარის გამო მათთან თანაცხოვრებაზე ანდაც უსახლკარობის გამო ჩასახლებული ადამიანების გამოყვანა, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა შეძლონ დამოუკიდებლად ან მცირე ჯგუფებად ცხოვრება დახურულ და გეოგრაფიულად ადამიანების დასახლებებს მოწყვეტილ პანსიონატებს მიღმა) ჯანდაცვამ თქვა, რომ პირდაპირ დეინსტიტუციონალიზაციას ვერ ჩაწერენ რადგან დიდი ინსტიტუციებიდან ხალხის უმრავლესობას გასვლა არ უნდა, არიან შეშინებულები, მიუჩვეველნი დამოუკიდებელ ცხოვრებას. ამიტომ შემოგვთავაზეს, რომ ჩაწერდნენ სათემო მომსახურების გაძლიერებას და დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობას.

ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობოთა ინიციატივა იყო, ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილიყო ერთგვარი საკოორდინაციო საბჭო, სადაც შევიდოდნენ ასევე  პარლამენტისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები. ეს იქნებოდა ხელისუფლების სამივე შტოს შორის საკონტაქტო ჯგუფი ქმედუნარიანობის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობდა შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრას, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანას. თუმცა სამინისტრომ თქვა, რომ ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ამ ჯგუფის წევრთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე და ვერც ამ ჯგუფის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რადგან საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ჯანდაცვის სამინისტროს არ ექვემდებარება და მათზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ბოლოს დაგვთანხმდნენ, რომ კვლევა ჩაეტარებინათ რეფორმის ეფექტურობისა და მომავალში მის დასახვეწად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

არასამთავრობოებმა დააფიქსირეს, რომ ზრდასრული შშმ პირები და შშმ ბავშვთა მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფილი ანაზღაურებული სერვისები არ შეესაბამება მათ საჭიროებებს. ამაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკმაოდ ხშირია კლინიკების მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევა – ისინი თანხას ართმევენ ისეთ სერვისებში, პროცედურებში, გამოკვლევებში, რაც ანაზღაურებულია საყოველთაო ჯანდაცვით. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, შშმ პირთათვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი საკმაოდ ფართო და უნივერსალურია და ნებისმიერი შშმ პირის საჭიროებებს წესით უნდა ფარავდეს.

არც იმაზე გაგვცეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პასუხი, თუ დეტალურად როგორი იქნება გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის საქართველოში დანერგვის მაკოორდინირებელი ორგანო, რა წესით დაკომპლექტდება ის, რა ვადით, რა კრიტერიუმით აირჩევიან/დაინიშნებიან მასში შემავალი პირები, რამდენი ადამიანი იქნება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს ორგანო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება.

ბოლოს მე გამოვედი ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ პროცედურისა და დაავადების მკურნალობის კოდს, რომელიც ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ადამიანს შეეძლება შეიყვანოს პროცედურის/გამოკვლევის/მომსახურების დასახელება, რისი მიღებაც სურს, ასევე საკუთარი სტატუსი (მაგალითად, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, დევნილი, ვეტერანი…) აპლიკაციამ კი მიაწოდოს ინფორმაცია, ანაზღაურდება თუ არა ეს მომსახურება და რა პროცენტული წილით. ეს აგვარიდებს კლინიკების არაკეთილსინდისიერებას. ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა თქვა, რომ უნდა ჰკითხოს IT-ს, რამდენად განხორციელებადია ამგვარი აპლიკაციის შემუშავება.

ჩემს კიდევ ერთ შეთავაზებაზე – შშმ პირთა უფლებებისა და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის ეტიკეტის წესების შესახებ სწავლების კომპონენტი შეეტანათ სამედიცინო პერსონალის განგრძობადი განათლების ტრენინგმოდულებში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეცდებიან ამაზე იფიქრონ.

აქვე დავამატებ, რომ ბორჯომის შეხვედრის (წინ უსწრებდა 24 იანვრის შეხვედრას) გადამუშავებული გეგმის სამუშაო ვერსიაში მაინც არ მოხვდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩერებების გახმოვანების, ხოლო სმენის არმქონე პირთათვის ტაბლოზე თვალსაჩინო ადგილას დაწერის, ასევე ავტობუსების გარე გახმოვანებით აღჭურვის მოთხოვნა, რათა ხდებოდეს გაჩერებას მიმდგარი ავტობუსის ნომრის გამოცხადება, რასაც მე ვითხოვდი. ჩემს ამ ინიციატივებზე უარის თქმის საბაბად ის დასახელდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები შედის არა ცენტრალური მთავრობის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში. მაგრამ იბადება კითხვა: რატომ შეიტანეს გეგმაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლთა დატრენინგების საკითხი შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში? ან რაღატომ იქნა შეტანილი გეგმის პროექტში ცესკოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, მაშინ როცა ცესკო ასევე არ არის მთავრობის დაქვემდებარებაში?

ამჟამად ზემოთაღწერილი რამდენიმე შეხვედრის პროცესში გადამუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი უკვე გამოქვეყნებულია სამთავრობო ვებგვერდზე და ელოდება მთავრობის მიერ დამტკიცებას. ჩემი შეფასებით ვერაფერზე ვერ გამოიკვეთა კონკრეტული აზრი და შეთანხმების წერტილები ან თითქმის ვერაფერზე. საბოლოოდ ისიც ვერ გახდა ჩემთვის ცხადი, ამ საკითხებიდან რომელი რა ფორმით შევა სამოქმედო გეგმაში.

 

ავტორის შესახებ: ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტში და თსუ-ში.

 

უსაფრთხოების დამსხვრეული სარკეები გზის რთულ მონაკვეთზე ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება უსაფრთხოების სარკე ხულოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის რთულ მონაკვეთზე.

სოფლებსა და დაბაში განთავსებული სარკეების ნაწილი ჩამსხვრეულია, ზოგან კი ნიშანი საერთოდ სარკის გარეშეა დარჩენილი.

ეკა ბარამიძის ფოტო

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ მდგომარეობაში დაახლოებით ათი უსაფრთხოების სარკეეა. იგი ამბობს, რომ უსაფრთხოების სარკეებს რთულ მონაკვეთებზე მერია გაზაფხულისთვის გამართავს: „სარკეები ჩვენი შეძენილია, სამწუხაროდ გატეხეს თუ ქარხნული წუნის შედეგია ვერ ვიტყვი, დაახლოებით რვა სასწრაფო წესით შესაცვლელია, გაზაფხულიდან როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება გამოვყოფთ თანხას და მოხდება მათი გამართვა“.

 

საგზაო ნიშანი სარკის გარეშე.
საგზაო ნიშანი სარკის გარეშე.

სტიკერი ტრიბუნაზე – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე საკრებულოს ოპოზიციამ საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასის 100 ლარით გაზრდა მოითხოვა.

„მოშორდი ტრიბუნას, თქვენ არ გაქვთ მაგის ჩამოხევის უფლება“, – მიმართა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ საკრებულოს აპარატის უფროსს, რაულ ბოლქვაძეს. იგი საუბრის დროს საკრებულოს ტრიბუნაზე მიკრული საპროტესტო სტიკერის მოხსნას ცდილობდა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზის ტრიბუნაზე სტიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკრეს. განცხადებაში წერია, რომ 2013 წლიდან დღემდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2700 ლარიდან 4500 ლარამდე გაიზარდა, ბაღის აღმზრდელის ხელფასი კი, ისევ 330 ლარია.

ლევან ანთაძემ საკრებულოს აპარატის უფროსს განცხადების ჩამოხსნის საშუალება არ მისცა.

„არ არის სწორი, როცა საკრებულოს წევრი აპარატის უფროსს ეჭიდავება ტრიბუნასთან,“ – აღნიშნა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მიქელაძემ.

„აპარატის უფროსი პოლიტიკური ფიგურა არ არის,“ – თქვა ლევან ანთაძემ.

საბოლოოდ სტიკერი საკრებულოს ტრიბუნიდან ისევ აპარატის უფროსმა ჩამოხსნა, ოღონდ საკრებულოს თავმჯდომარის – სულიკო თებიძის ოფიციალური მითითების შემდეგ.

საკრებულო დღეს 21 საკითხის განხილვას აპირებს.

სააგენტო რამდენიმე ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ. N39 მდებარე შენობაზე აივნის; ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ე.წ. უშაკოვის აგარაკის სახურავისა და გონიოს ციხეში მდებარე სუვენირების მაღაზიის სახურავის რეაბილიტაციის პროექტებს შეისყიდის.

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. დოკუმენტაციის შესაძენად 2 000 ლარია გათვალისწინებული. ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდგომში ამ პროექტების საფუძველზე ჩატარდება.

სარეაბილიტაციო პროექტები, ტენდერის პირობების შესაბამისად, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა მომზადდეს. პრეტენდენტს კი უნდა გააჩნდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში მინიმუმ სამი ურბანული სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადების გამოცდილება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი / ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. N39
ქობულეთი, სოფ: ციხისძირი. ე.წ. უშაკოვის აგარაკი / სააგენტოს ფოტოები

სკოლაში ბავშვის ცემის ფაქტი დადასტურდა – მასწავლებელი გაუშვეს

სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მათემატიკის მასწავლებლის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.  მასწავლებელს მეშვიდეკლასელი ბიჭის ცემაში ადანაშაულებდნენ. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.

როგორც სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისციპლინურმა კომიტეტმა მასწავლებლის მიერ ბავშვის ცემის ფაქტი დაადასტურა. „7 თებერვალს ვიმსჯელეთ და მასწავლებელი სკოლიდან გავუშვით. კანონში როგორც არის მითითებული, იმის მიხედვით ვიმოქმედეთ. სპონტანურად, ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია“ – ამბობს დირექტორი.

მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის შესახებ „ბათუმელებმა“ ინფორმაცია შვიდ თებერვალს გამოაქვეყნა. მაშინ სკოლის დირექტორი ამბობდა, რომ მათემატიკის მასწავლებელმა,  რომელიც ამავე დროს მე-7 კლასის კლასის დამრიგებელიცაა, მოსწავლეს ფარდის ჩამოგდების გამო სცემა.

 

„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება

აჭარაში წითელას შემთხვევათა რაოდენობა ისევ იზრდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში წითელას 182 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა ბათუმზე მოდის.

მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების,  გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს. „მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ წითელა!“ – აღნიშნულია ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზში.  აქვე ვკითხულობთ:

„• წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებითმაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები).

• წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევამთავრდება სიკვდილით.“

წითელას სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

გავრცელების გზა: წითელა ჰაერწვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ვისთვის არის სავალდებული აცრა – წითელას 149 შემთხვევა აჭარაში

რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან 

 

სახალხო დამცველი: ბათუმის გენდერული საბჭოს წევრის გამონათქვამები სექსისტურია

სახალხო დამცველი ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, არჩილ მამულაძის შეფასებებს ეხმაურება. არჩილ მამულაძესთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ დღეს, 14 თებერვალს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.

არჩილ მამულაძე ასევე მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ„მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის, განსაკუთრებით კი საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მხრიდან გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელება და ქალის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.

მსგავსი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ორგანოს წევრისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და თანასწორობის პრინციპის დანერგვა წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც ქალის გენდერულ როლად ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებს მოიაზრებს და აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს არჩილ მამულაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას“.

 

სარეკრეაციო ზონაში სასტუმროები და საეკლესიო ობიექტები არ უნდა აშენდეს – პეტიცია საკრებულოს

მოქალაქეები ბათუმში სარეკრეაციო ზონაში დასაშვები სახეობებიდან რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და საეკლესიო ნაგებობების ამოღებას პეტიციით ითხოვენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მათ მოსაზრებას ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში იზიარებს, თუ ასეთი მშენებლობა მწვანე ნარგავების ხარჯზე იგეგმება. საკრებულო ამ საკითხის კენჭისყრას ხვალ, 15 თებერვლის სხდომაზე გეგმავს.

ბათუმის საკრებულოს 50-ე მოქმედი დადგენილებით განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, სარეკრეაციო ზონაში პარკების, სკვერების, ბულვარებისა და დეკორატიული გაფორმების მქონე მცირემასშტაბიანი ობიექტების გარდა, დასაშვებია კაფეების, რესტორნების, სასტუმროებისა და საეკლესიო ობიექტების მშენებლობა. დადგენილებიდან სწორედ ამ ობიექტების რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის დასაშვებობის შესახებ ჩანაწერის ამოღებას ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – ნინო ჩხაიძე, ნათია აფხაზავა და ასლან ჭანიძე. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი პეტიციით სწორედ მათ მიმართეს.

„სარეკრეაციო ზონაში მსგავსი ტიპის მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს, ის ამცირებს ერთის მხრივ საჯარო სივრცის სარგებლობის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ რეკრეაციულ სივრცეს“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორების მოსაზრებით, ამ დროისთვის მწვანე ნარგავების რაოდენობა ქალაქის მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ რეკრეაციულ ზონაში დასაშვები სახეობების ჩამონათვალიდან ამოსაღებია: კაფეები, რესტორნები, სასტუმროები და საეკლესიო ნაგებობები.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილის მიხედვით, მერი ლაშა კომახიძე ამ ცვლილებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება და შესაძლებლად მიიჩნევს 2012 წლის 14 სექტემბრის #50-ე დადგენილებაში იმგვარი ცვლილება შევიდეს, რითაც სარეკრეაციო ზონაში შეიზღუდება ისეთი  ობიექტის მშენებლობა, რაც მწვანე ნარგავების შემცირების ხარჯზეა დაგეგმილი.

„სხვა მხრივ მერია ვერ გაიზიარებს პეტიციის ავტორთა ინიციატივას, სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე მთლიანად მოხდეს კაფეების, რესტორნების, სასტუმროების და საეკლესიო ობიექტების მშენებლობების აკრძალვა, ვინაიდან სარეკრეაციო ტერიტორიები თავისი შინაარსით „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს დასახლებულ ან დაუსახლებელ ტერიტორიას, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია, რომელიც მოიცავს  ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს. ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებული იქნას ადამიანთა დასვენებისთვის და მათი რეკრეაციული მოთხოვნების შესაბამისად“, – ნათქვამია ბათუმის მერის წერილში.

დადგენილების პროექტში, რომლის განხილვაც საკრებულომ ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა, პეტიციით მოთხოვნილი ობიექტები სარეკრეაციო ზონაში დასაშვები სახეობებიდან ამოღებულია. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დადგენილებას მხარს არ დაუჭერს.

საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განმარტებით, საკრებულო ვალდებული იყო შემოსული პეტიციის შესაბამისად დადგენილების პროექტი მოემზადებინა და სხდომაზე გაეტანა, საკრებულოს ბიურომ  შესაბამისი დასკვნა მოამზადა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე სხდომამდე არ ამხელს რა წერია დასკვნაში და არც საკუთარ პოზიციას გვიზიარებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პეტიციას 1350 მოქალაქე აწერს ხელს.

მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ბათუმში 20-მდე ადამიანი მივიდა

ამ წუთებში ბათუმში, მთავრობის სახლთან მშენებლობებზე დაღუპული მუშების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები შრომის პოლიტიკის გამკაცრებას და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 2011- 2017 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1209 ადამიანი დაიღუპა, ან დაშავდა. დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევების მიღმა მედიისთვის შეუმჩნეველი რჩება სამუშაო ადგილებზე არსებული მავნე პირობების გამო განვითარებული პროფესიული დავადების შემთხვევები.

აქცია სახელწოდებით 1209 ბათუმის პარალელურად თბილისშიც გაიმართა. აქციის ორგანიზატორი აუდიტორია #115-ია.

აქციის ორგანიზატორების შეფასებით, ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. აქციაზე შეკრებილი ადამიანები სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ:

“აქციის მიზანია ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა. მოგეხსენებათ, ხუთი დღის წინ, თბილისში, მშენებლობიდან 26 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა მშენებარე ობიექტიდან. საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული. არც არსებობს რაიმე ორგანო, რომელიც ამას შეამოწმებს სამშენებლო კომპანიებში, მაღაროებში და ა.შ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უწევთ სადაზღვევო კომპანიებთან, საწარმოებთან სასამართლო დავები და ა.შ.

დღევანდელი შეკრებია მიზანი ისიც არის, რომ რეპრეზენტაცია განსაკუთრებით მუშებს უჭირთ, ვინაიდან ეშინიათ სამსახურიდან გათავისუფლების, ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. ამიტომ ახალგაზრდები, უფრო უნდა ვიყოთ აქტიურები და აგრესიულები…”- ამბობს აქციის მონაწილე, აქტივისტი, გოჩა სურგულაძე.

შრომითი უფლებების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შექმნისა და მათი აღსრულების მექანიზმების დანერგვის ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებითაც.

აქტივისტი, გოჩა სურგულაძე ქმედითი შრომის ინპექციის შექმნის შესახებ

 

 

 

ბათუმის საკრებულოს რიგითი წევრი 200 ლარით მეტს მიიღებს

ბათუმის საკრებულოში ხვალ, 15 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე საკრებულოს იმ წევრების უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე იმსჯელებენ, რომლებსაც საკრებულოში რაიმე თანამდებობა არ უკავიათ. ამ დრომდე საკრებულოს თანამდებობის არმქონე პირი, უფლებამოსილების განხორციელების ხარჯის სახით, თვეში 400 ლარს იღებდა. დაგეგმილი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ეს თანხა 600 ლარამდე გაიზრდება.

კანონმდებლობით საკრებულოს იმ წევრისთვის , რომელიც არ არის თანამდებობის პირი ხარჯების ასანაზღაურებლად გაცემული თანხა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს  მაქსიმალური ოდენობის 15 პროცენტს.

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი ამ დროისთვის 4500 ლარია. ბათუმის 25 წევრიან საკრებულოში 15 თანამდებობის პირია: თავმჯდომარე, ორი მოადგილე, ხუთი კომისისიის თავმჯდომარე, ოთხი ფრაქცია და სამი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

ამავე თემაზე: ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარი იქნება

 

 

ბათუმის მერია ყინულის სასახლის ტერიტორიას საკუთრებაში აჭარის მთავრობას გადასცემს

ტერიტორიას, სადაც ბათუმის ყინულის სასახლე მდებარეობს, მათუმის მერია საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცემს. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი 15 თებერვალს სხდომაზე ბათუმის საკრებულომ უნდა განიხილოს.

მერიის ინფორმაციით, ბათუმში, ლ. ასათიანის N27-ში მდებარე 7832,9 კვ/მ საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობებიდან, ნაგებობა N3 [მცირე ზომის სპორტული დარბაზი] ამ მომენტისთვის არის გამოთავისუფლებული. კერძოდ, მოხსნილია აეროპნევმატური მემბრანა და დარბაზიდან მერიის საწყობში გატანილია ინვენტარი.

აჭარის მთავრობა არსებული ყინულის სასახლის ტერიტორიაზე ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის აშენებას გეგმავს. შესაბამისი განკარგულების პროექტში აღნიშნულია, რომ ყინულის არენის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ის სარგებლობაში გადაეცემა ა[ა]იპ „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს.“

არსებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ამ ტერიტორიაზე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელშიც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება. საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, ეს დარბაზი გადაკეთდება ყინულის არენად. დღეს არსებული ყინულის სასახლე კი დაიშლება. პარალელურად აშენდება საცურაო აუზიც.

ამავე თემაზე:

ყინულის ლომები ბათუმიდან

 

Exit mobile version