მოქალაქეები ბათუმში სარეკრეაციო ზონაში დასაშვები სახეობებიდან რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და საეკლესიო ნაგებობების ამოღებას პეტიციით ითხოვენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მათ მოსაზრებას ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში იზიარებს, თუ ასეთი მშენებლობა მწვანე ნარგავების ხარჯზე იგეგმება. საკრებულო ამ საკითხის კენჭისყრას ხვალ, 15 თებერვლის სხდომაზე გეგმავს.
ბათუმის საკრებულოს 50-ე მოქმედი დადგენილებით განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, სარეკრეაციო ზონაში პარკების, სკვერების, ბულვარებისა და დეკორატიული გაფორმების მქონე მცირემასშტაბიანი ობიექტების გარდა, დასაშვებია კაფეების, რესტორნების, სასტუმროებისა და საეკლესიო ობიექტების მშენებლობა. დადგენილებიდან სწორედ ამ ობიექტების რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის დასაშვებობის შესახებ ჩანაწერის ამოღებას ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები – ნინო ჩხაიძე, ნათია აფხაზავა და ასლან ჭანიძე. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი პეტიციით სწორედ მათ მიმართეს.
„სარეკრეაციო ზონაში მსგავსი ტიპის მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს, ის ამცირებს ერთის მხრივ საჯარო სივრცის სარგებლობის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ რეკრეაციულ სივრცეს“, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორების მოსაზრებით, ამ დროისთვის მწვანე ნარგავების რაოდენობა ქალაქის მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ რეკრეაციულ ზონაში დასაშვები სახეობების ჩამონათვალიდან ამოსაღებია: კაფეები, რესტორნები, სასტუმროები და საეკლესიო ნაგებობები.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილის მიხედვით, მერი ლაშა კომახიძე ამ ცვლილებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება და შესაძლებლად მიიჩნევს 2012 წლის 14 სექტემბრის #50-ე დადგენილებაში იმგვარი ცვლილება შევიდეს, რითაც სარეკრეაციო ზონაში შეიზღუდება ისეთი ობიექტის მშენებლობა, რაც მწვანე ნარგავების შემცირების ხარჯზეა დაგეგმილი.
„სხვა მხრივ მერია ვერ გაიზიარებს პეტიციის ავტორთა ინიციატივას, სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე მთლიანად მოხდეს კაფეების, რესტორნების, სასტუმროების და საეკლესიო ობიექტების მშენებლობების აკრძალვა, ვინაიდან სარეკრეაციო ტერიტორიები თავისი შინაარსით „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს დასახლებულ ან დაუსახლებელ ტერიტორიას, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია, რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს. ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებული იქნას ადამიანთა დასვენებისთვის და მათი რეკრეაციული მოთხოვნების შესაბამისად“, – ნათქვამია ბათუმის მერის წერილში.
დადგენილების პროექტში, რომლის განხილვაც საკრებულომ ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა, პეტიციით მოთხოვნილი ობიექტები სარეკრეაციო ზონაში დასაშვები სახეობებიდან ამოღებულია. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დადგენილებას მხარს არ დაუჭერს.
საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განმარტებით, საკრებულო ვალდებული იყო შემოსული პეტიციის შესაბამისად დადგენილების პროექტი მოემზადებინა და სხდომაზე გაეტანა, საკრებულოს ბიურომ შესაბამისი დასკვნა მოამზადა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე სხდომამდე არ ამხელს რა წერია დასკვნაში და არც საკუთარ პოზიციას გვიზიარებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პეტიციას 1350 მოქალაქე აწერს ხელს.