მთავარი,სიახლეები

ვისთვის არის სავალდებული აცრა – წითელას 149 შემთხვევა აჭარაში

09.02.2018 • 3154
ვისთვის არის სავალდებული აცრა – წითელას 149 შემთხვევა აჭარაში

ბოლო მონაცემებით წელს აჭარაში წითელას 149 შემთხვევა აღირიცხა. მონაცემები მზარდია და შემთხვევათა რაოდენობა კლებისკენ არ მიდის – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ცენტრის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას:

„აცრა შესაძლებელია პოლიკლინიკებში. ვისაც არ ახსოვს და არ არის დარწმუნებული, გაკეთებული აქვს თუ არა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს აცრა.“

წითელას აცრა კეთდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. წითელა 100-პროცენტიანი გადამდებობით ხასიათდება და დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილს შეადგენენ ის ბავშვები, ვისაც აცრა გამოტოვებული აქვს ან მოზრდილი მოსახლეობა, რომელსაც თავის დროზე აცრა არ ჩაუტარებია, ან კიდევ 0-დან ერთ წლამდე ბავშვები, ვინც ჯერ ვერ მოასწრო წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარება და კონტაქტის გამო მოხდა დაავადების გადადება.

ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში ამბობენ, რომ აცრა არა მარტო 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის უფასოა: „თუმცა თუ პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ჩვენთან არ არის რეგისტრირებული ან კერძო დაზღვევა აქვს, სასურველია მიმართოს მისი ოჯახის ექიმს, იმ დაწესებულებას, სადაც არის რეგისტრირებული და იქ ჩაიტაროს აცრა. სხვა პოლიკლინიკაში მისთვის უბრალოდ კონსულტაციაა ფასიანი, აცრა კი ყველასთვის უფასოა,“ – გვითხრა დალი დავითაძემ, ცენტრის დირექტორმა.

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების,  გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები.

წითელას სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

წითელა ჰაერწვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

ამავე თემაზე: რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: