მთავარი,სიახლეები

„ბათუმობა“ შესაძლოა 28 აპრილს აღინიშნოს

16.02.2018 • 3303
„ბათუმობა“ შესაძლოა 28 აპრილს აღინიშნოს

ბათუმის მერია აპირებს საკრებულოს მიმართოს ბათუმობის დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატივით. თუ საკრებულო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ბათუმობა არა სექტემბრის დასაწყისში, არამედ 28 აპრილს აღინიშნება. „იმ შემთხვევაში, როცა 28 აპრილი არ დაემთხვევა შაბათ-კვირას, ქალაქის დღესასწაული აპრილის ბოლო შაბათს ან კვირას აღინიშნება, დასვენების დღეებში,“ – განმარტავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა და იგი მერმა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თარიღს დაუკავშირა.

მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში თუ 28 აპრილს. გამოკიტხვა უკვე დასრულდა და 556 ადამიანიდან 72 პროცენტმა ხმა „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნას მისცა.

„1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი „ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღეს აღნიშვნასთან დაკავშირებით. „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება,“ – აღნიშნულია ბათუმის მერის ფეისბუქგვერდზე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: