მთავარი,სიახლეები

ერთი დღე ჭიათურულად: როგორ თრგუნავენ პროტესტს?

13.03.2018 • 2079
ერთი დღე ჭიათურულად: როგორ თრგუნავენ პროტესტს?

ავტორი: ესმა გუმბერიძე

მძიმე სოციალური პირობების გამო, ბანკის ვალების, ჯანმრთელობის დარღვევების, მკურნალობისთვის საჭირო თანხების… გამო მუშები პროტესტის შემთხვევაში დათმობაზე მიდიან, თუკი ხელმძღვანელობა უმნიშვნელოდ მაინც უმატებთ ხელფასს. ერთ–ერთი აქტივისტი ამბობს: „მედიაში ყოველთვის შუქდება, რომ მუშები ითხოვენ სამუშაო პირობების/უსაფრთხოების გაუმჯობესებას. რეალობაში კი ისინი, ძირითადად, ხელფასისთვის თუ იბრძვიან“.

ხშირია გაფიცვის მსურველ მუშებზე ზეწოლა: ინდივიდუალური დაბარებები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებთან და მუქარა, რომ გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში ხელმძღვანელობა იპოვის გზას, როგორ დაითხოვოს სამსახურიდან, დააკლოს ხელფასი ან არ მისცეს დანამატი. იყო შემთხვევა, როცა დანამატის მოთხოვნით გაიმართა გაფიცვა. გაფიცვის შედეგად ხელმძღვანელობა დაჰპირდათ, რომ მისცემდა დანამატს ხელფასის 50-100 პროცენტის ოდენობით. გაფიცვაში მონაწილე მუშებს ხელფასის 50%-იანი დანამატი მისცეს, დანარჩენებს – 100%–იანი. გაფიცვის მონაწილეებს ხელფასებიდან რაღაცები გამოუქვითეს, შესაბამისად მათ ვერაფერი იხეირეს. ამ გზით მუშებს აჩვენებენ, რომ პროტესტის გამო ისჯებიან, სხვები კი, ვინც მორჩილია, მოიმკიან გაფიცვის დადებით შედეგებს.

გაფიცვაში მონაწილეობის გამო თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა კანონით აკრძალულია, მაგრამ კანონის დარღვევას ვერავინ აღმოფხვრის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საკუთარი სიმართლის სასამართლოს გზით დამტკიცებას კი წლები სჭირდება. საქმის განხილვის ვადების გაწელვა, დამსაქმებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრება, გადაწყვეტილების ნებით აღუსრულებლობა და აღსრულების ეროვნული ბიუროსგან იძულებითი აღსრულების დალოდება… დამსაქმებელს არსად ეჩქარება, აქვს ფული და ჰყავს პროფესიონალი იურისტები, მუშა კი სანამ საქმე განიხილება, უმუშევარი რჩება. არადა ჰყავს ოჯახი, აქვს ვალები.

ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის გარდა სამუშაო ადგილებს პრაქტიკულად არავინ ქმნის. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ისაა, რომ სახელმწიფოს არც კი აქვს რამე ხედვა, რა მიმართულებით შეიძლება ჭიათურისა და სხვა მსგავსი ქალაქების განვითარება. სახელმწიფო არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ალტერნატივა უნდა გააჩინოს ჭიათურაში, ქალაქი რომ არ დაიცალოს და ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდეს. ან რა მოხდება მადნის ამოწურვის შემდეგ…

დავუბრუნდეთ დასაქმებული მუშებისთვის სასამართლო გზით უფლებების დაცვისთვის არსებულ, ხშირად გადაულახავ ბარიერებს. სასამართლო გარჩევას დრო სჭირდება და კვალიფიციური იურისტი, რის უზრუნველყოფაც მუშას უჭირს. ბოლო დროს პროფკავშირების გაერთიანებამ შექმნა ფონდი იმ მუშათა დასახმარებლად, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფონდში 700 ათასზე მეტი ლარია, თუმცა დამალული ინფორმაცია იმის შესახებ, ამ ფონდიდან რომელ დარგს რა თანხა ერგება, რომელი მიმართულების მუშები უფრო მეტად საჭიროებენ ამ თანხებს, რომელ დარგებზე უფრო მეტი იხარჯება და ა.შ. ვერ გავარკვიე, რა არგუმენტები აქვს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ამ ინფორმაციის დასაფარად.

ჭიათურა დღეს. ფოტო: მარიამ ხარშილაძე

[red_box]ერთი დღე ჭიათურულად: პროფკავშირები [/red_box]

კიდევ ერთი გამოწვევაა პროფკავშირებისადმი საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი მოლოდინები და წარმოდგენები. საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო, რომელსაც ერთადერთი პარტია მართავდა, იყო ასევე ერთადერთი დამსაქმებელიც და პროფკავშირების ხელშემწყობიც. პროფკავშირებს არ შეეძლოთ სახელმწიფოსადმი დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნების წამოყენება. სახელმწიფო იყო მუშების საქმიანობის ეკონომიკური ბენეფიციარი და მათი ინტერესების/უფლებების დამცველი (პირობითად). ის თვითონვე ადგენდა და უზრუნველყოფდა შრომის პირობებს ისე, როგორც მას  მიაჩნდა საჭიროდ. შესაბამისად, ერთადერთი ფუნქცია, რაც პროფკავშირებს ჰქონდა, იყო დასაქმებულების სერვისებით უზრუნველყოფა (მაგ. საკურორტო დასვენება, საახალწლო საჩუქრები, სანატორიული ტიპის მკურნალობის საგზურების დარიგება).

დღესაც პროფკავშირთა წევრები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდი ახსოვთ, პროფკავშირებისგან ითხოვენ მეტ მატერიალურ ბენეფიტს, რაც ასევე მათი სიღარიბით არის განპირობებული და არაიმდენად იურიდიულ კონსულტაციებსა თუ სასამართლოში საქმის წარმოებაში დახმარებას, სამუშაო პირობების/გარემოს, შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ადგილის შეძლებისდაგვარად სანიტარული ნორმების დაცვით მოწყობას, ჰიგიენისთვის საჭირო პირობების ლობირებასა და ადვოკატირებას; შრომითი უფლებებისა და სამუშაო გარემოს სტანდარტების დარღვევის საქვეყნოდ გაშუქებას, შრომით უფლებებთან დაკავშირებულ (მაგ. მინიმალური სახელფასო განაკვეთის დაწესება, სამუშაო დროის ზუსტი განსაზღვრა და ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება) საკანონმდებლო ინიციატივათა მომზადებას. დასაქმებულებს ყოველივე ამის ნაკლებად სჯერათ და სამომავლო არაგარანტირებულ და აბსტრაქტულ უფლებებს ურჩევნიათ დღეს ხელშესახები, თუნდაც მცირეოდენი, მატერიალური/ფულადი დახმარება.

პროფკავშირის ერთ-ერთი ქალი წევრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სარვამარტოდ რამეს გამოიმეტებენ დასაქმებული ქალებისთვის. შესაბამისად, ის პროფკავშირები, რომლებიც ფულად შემწეობებსა და სერვისებს არ სთავაზობს წევრებს, ნაკლებადაა პოპულარული.

დამსაქმებელი ამით სარგებლობს. კომპანიის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს წევრმრავალ და, შესაბამისად, უფრო წარმომადგენლობით და წონიან პროფკავშირებში თავისთვის სასურველი, უფრო მორჩილი, მიმღებელი მენეჯმენტის მოყვანას სათავეში სხვადასხვა კორუფციული და არადემოკრატიული მეთოდით. მაგალითად, ეხმარებიან მათთვის სასურველ კანდიდატს, პროფკავშირის წევრებს შეჰპირდეს და შემდეგ უზრუნველყოს საახალწლო/სადღესასწაულო საჩუქრები (მაგალითად, ტკბილეული) ან საქართველოს კურორტებზე დასვენების საგზურებს (ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, დასაქმებულები ხშირად ყიდიან კიდეც).

პროფკავშირების წევრებიც ირჩევენ საწარმოს ხელმძღვანელთა მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს. შემდეგ სიმშვიდეს ისინი უზრუნველყოფენ: ეუბნებიან მუშებს, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, ვერ შესრულდება მათი მოთხოვნები, კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს მეტის მოცემის შესაძლებლობა, რომ პროფკავშირი უძლურია, არ აქვს ფული, სასამართლო წარმოებაში ან, ზოგადად, ბრძოლაში რომ დაეხმაროს. ის დასაქმებულები, რომლებიც პროფკავშირების ასეთ კონფორმიზმს აპროტესტებენ, უმცირესობაში, გარიყულნი რჩებიან. თუკი ისინი შეძლებენ ცალკე პროფკავშირის შექმნას, რაც ჭიათურაში მოხდა, სადაც 3 პროფკავშირი მოქმედებს 1 საწარმოში, საწარმოს ხელმძღვანელობა მათს პროფკავშირს არ აღიარებს. არ შედის დამოუკიდებლად შექმნილ პროფკავშირთან კოლექტიურ მოლაპარაკებაში, არ უფორმებს კოლექტიურ ხელშეკრულებას. მას უფორმებს მხოლოდ „ტრადიციულ“ პროფკავშირს. მის წევრებს აძლევს გარკვეულ ფასადურ შეღავათებს, რითიც წევრებს ართმევს ახლადშექმნილ, ოპოზიციურ, პროფკავშირს. ყველანაირად ცდილობს გამოყოფილი პროფკავშირის უძლურების ჩვენებას, არ შედის მასთან მოლაპარაკებებში.

„ტრადიციული“ პროფკავშირის წევრებიც ხშირად ვერ იაზრებენ, რომ ის ფასადური შეღავათებიც არის იმ ახალი პროფკავშირის შექმნის შედეგი, საწარმოში 2 ან 3 პროფკავშირს შორის არსებული კონკურენციის შედეგი, იმის შედეგი, რომ დამსაქმებელი ცდილობს, ხელი შეუშალოს თანამშრომლების ახალ პროფკავშირში გაწევრიანებას და იმიტომ იმ ძველსაც ეთანხმება და მოდის იმ მინიმალურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე მაინც, ანდაც იაზრებენ, მადლობელნიც არიან იმ ახალი პროფკავშირის ამ ფუნქციისა, მაგრამ ვერ რისკავენ იქ გაწევრიანებას. დამსაქმებელი ასევე აქტიურად ცდილობს მისთვის მიუღებელ პროფკავშირებში დაპირისპირების გაღვივებას, რათა შემდგომ დაანაწევროს. პროფკავშირის შიგნით არსებული ენერგია იხარჯება ურთიერთდაპირისპირებაზე, ახალ გამოყოფაზე და არა – დამსაქმებელზე ზემოქმედებაზე.

სხვათა შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი მოძრაობისადმიც მსგავსი მიდგომები აქვს ხელისუფლებას. მმართველ ელიტას ურჩევნია, ჰყავდეს  რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია, რომლებიც მათ თემში „სიჩუმის“ გარანტიას მისცემენ, რისთვისაც ელიტა მზადაა, სერვისების მისაწოდებლად ყველა სახელმწიფო შესყიდვა (დღის ცენტრების მომსახურება, ეტლების, უსინათლოთა ხელჯოხებისა და მისთ.) მხოლოდ მათთან ან მათ მიერ რეკომენდებულ დაწესებულებებთან განახორციელოს. თუკი ამ მსხვილ ორგანიზაციებს ვინმე გაუპროტესტებს საქმიანობის სტილს და ცალკე ორგანიზაციას დააფუძნებს, სახელმწიფო ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელ აქტივისტებთან მუშაობას  იწყებს, რათა მათაც რაიმე სერვისი შექმნან, რომლის სახელმწიფო შესყიდვაზეც შეიძლება, კონკურსში ჩართონ. სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში კი ორგანიზაცია ბოლომდე ვეღარ არის დამოუკიდებელი და ვეღარ ითხოვს სახელმწიფოსგან ისე მკაცრად სისტემურ ცვლილებებს.

სახელმწიფოსთან მოთანამშრომლე ორგანიზაციებიც ხანდახან აწყობენ საპროტესტო აქციებს. სახელმწიფო მოხელეები ვარდებიან რა უხერხულობაში, რომ  შშმ პირები „ინვალიდები, ავადმყოფები“ გამოდიან ქუჩაში, იბარებენ ორგანიზაციათა ხელმძღვანელობას. მათ უხსნიან, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა კონვენციით იმხელა ვალდებულებები აქვს აღებული, რომ მათს შესრულებას ვერაფრით შეწვდება. სამაგიეროდ სთავაზობენ რომელიმე სერვისის დაფინანსების გაზრდას ან ახალი სერვისის შემუშავებას, რათა შემდეგ თვითონვე მიიღონ ამ სერვისის განსახორციელებლად ტენდერში მონაწილეობა ან თავიანთ მოკავშირეებს მიაღებინონ.

ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს ჰპირდებიან თემს შიგნით მშვიდობას. ამავდროულად, როცა მცირერიცხოვანი ორგანიზაცია თავისი აქტიურობით მიაღწევს იმას, რომ სახელმწიფო მის რომელიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, იმ ახალი მომსახურების მიწოდება მაინც იმ მრავალრიცხოვან სახელმწიფოსთან მოთანამშრომლე ორგანიზაციას დაევალება. ამიტომ შშმ პირთა იმ წრეებში, რომლებიც აქტივიზმში ჩართულნი არ არიან, ვრცელდება აზრი, რომ სწორედ იმ წევრმრავალმა ორგანიზაციებმა იბრძოლეს. მცირერიცხოვან აქტივისტებს კი ვერავინ ხედავს.

ავტორის შესახებ: 

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბერიძე

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/121319/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/121020/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: