განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმში სკოლებს სამინისტროს ნაცვლად მერია ააშენებს

13.03.2018
ბათუმში სკოლებს სამინისტროს ნაცვლად მერია ააშენებს

ბათუმის სკოლების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადადის. ბათუმში არსებული სკოლების  რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ბათუმის მერია იქნება პასუხისმგებელი. მერიაში ეს საკითხი განათლების პოლიტიკისა და კულტურის სამსახურს დაექვემდებარება.

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიაში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ  სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია,  მთლიანად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში გადადის.

„შესაბამისად, საჭიროა ახალი რესურსი, რომელიც იქნება მუდმივად კავშირზე განათლების სამინისტროსთან, რადგან სამინისტრომ უნდა განსაზღვროს სკოლის მშენებლობის პარამეტრები და სტანდარტთან შესაბამისობა,“- ამბობს ლაშა კომახიძე.

აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ  სკოლის მშენებლობების ვალდებულებასთან ერთად მერიაში გადავა თანხაც, რომელიც სამინისტროს სკოლების მშენებლობისთვის ჰქონდა გათვალისწინებული.

„თუ სკოლა შენდება ხულოში, ეს თანხა გადაერიცხება ხულოს მუნიციპალიტეტს, თუ შენდება ბათუმში, ბათუმის მერიას გადაერიცხება თანხა აჭარის ბიუჯეტიდან“- განმარტეს  სამინისტროს პრესსამსახურში.

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ან ახლის მშენებლობაა წელს ბათუმში დაგეგმილი, ბათუმის მერიაში ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

„იყო საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჯერ არც ნორმატიული აქტი მინახავს და არც გადაწყვეტილება, რომ რაიმე გითხრათ როგორ მოხდება ბიუჯეტის გამოყოფა.

მე როგორც ვიცი, მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო დაასრულებს დაწყებული სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობას. მერია როდიდან გადაიბარებს ამ საკითხს, ჯერ უცნობია,“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე.

აჭარის განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს მერიას ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსისა და 23-ე საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი გადაეცემა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, მარტში, ბიუჯეტის კორექტირების დროს მერიას შეუძლია მოითხოვოს აჭარის ბიუჯეტიდან სკოლების მშენებლობის თანხა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: