მთავარი,სიახლეები

ნათია სირაბიძე: არასდროს გადავდგამ ნაბიჯს, რომელიც ჩემს ავტორიტეტს შელახავს

13.03.2018 • 3952
ნათია სირაბიძე: არასდროს გადავდგამ ნაბიჯს, რომელიც ჩემს ავტორიტეტს შელახავს

13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. აჭარიდან კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი ნათია სირაბიძეა, ამჟამად სამშენებლო კომპანიის დირექტორი, ახლო წარსულში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნათია სირაბიძემ გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ დღეს აუდიტორიას აქვს უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე იყო აქამდე და კომისიის წევრებს ზოგადი ხედვა გააცნო, თუ რის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს საზმაუს რეიტინგი და მისდამი ნდობა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონებში გაძლიერებასა და ახალგაზრდებისათვის საინტერესო თემატიკის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.

გასაუბრებაზე ნათია სირაბიძემ აღნიშნა, რომ თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსახურებად მიიჩნევს აჭარის ტელევიზიისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭების საქმეში მონაწილეობას:

„ათი წლის განმავლობაში იდგა საკითხი, აჭარის ტელევიზია ყოფილიყო აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი. როცა ვიყავი აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მე შევძელი დამერწმუნებინა მთავრობა, მიეცათ სტატუსი აჭარის ტელევიზიისთვის. რა თქმა უნდა, ამაში ჩართული იყო მთავრობის თავმჯდომარე“.

გასაუბრებაზე შეახსენეს, რომ ის ვალდებული იყო  მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში და ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კონსულტაცია აჭარის მთავრობის წევრებთან და არჩევის შემთხვევაში, რამდენად მოახერხებს, იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მაშინ როცა „ოცნების“ ხელისუფლებაში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

„თუ კი, როცა ვიყავი საჯარო მოხელე, არ მოვექეცი პარტიული ზეგავლენების ქვეშ… საკონსტიტუციო სასამართლოშიც ვმუშაობდი პრესსამსახურში [„ნაციონალური მოძრაობის“ დროს]… პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არანაირად არ ვიქნები, რადგან მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი და არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შელახავს მას“, – თქვა ნათია სირაბიძემ.

„ტაბულას“ რედაქტორმა, სალომე უგულავამ ნათია სირაბიძეს ჰკითხა, სამეურვეო საბჭოს წევრი რომ იყოს, დაუჭერდა თუ არა მხარს ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ საზმაუსთვის 400 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკის გადაცემას.

„გააჩნია პირობებს, ბევრი მეცენატი გადასცემს ხოლმე თავის ქონებას. გააჩნია როგორი სიტუაციაა, თუ ვენდობით მენეჯმენტს, რატომაც არა“, – აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

„ბერა ივანიშვილს ცალკე მდგომ მეცენატად აღიქვამთ?“ –  ჩაეკითხა მას სალომე უგულავა.

„გააჩნია მოცემულობას, გააჩნია რა სანდოობით სარგებლობენ თანამშრომლები… დღეს შეიძლება არ დავთანხმებულიყავი“, – განაცხადა ნათია სირაბიძემ.

დღეს კომისიამ ბესიკ ლილუაშვილსაც მოუსმინა, კიდევ ერთ კანდიდატს აჭარიდან.

დღესვე, 13 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. შემდეგ ეტაპზე აჭარიდან კონკურსში მონაწილე ორივე კანდიდატი გადავიდა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: ზაზა შათირიშვილი და სხვები საზმაუს სამეურვეო საბჭოს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: