მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერი გაჩეხილ ხეებზე: ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული ხეები

12.03.2018
ქობულეთის მერი გაჩეხილ ხეებზე: ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული ხეები

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, ამბობს, რომ ხეები, რომლებსაც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ჩეხავენ, კერძო საკუთრებაშია, ხოლო კერძო საკუთრებაში ხის მოჭრა, მისი თქმით, 2014 წლის 10 იანვრის 146-ე დადგენილებით არის ნებადართული.

„უნიჭოდ გადაღებული ფოტო და ვიდეო, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის წარმომადგენელმა გაავრცელა, რომ არ დადებულიყო სოციალურ ქსელში, საერთოდ არ მიექცეოდა ამას ყურადღება. ყველა ხე, რომელიც იქნა მოჭრილი, არის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე,“ – ამბობს ქობულეთის მერი.

ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ხეების გარკვეული ნაწილი მოჭრილია გზის გასწვრივ. „ბათუმელების“ კითხვაზე,  არის თუ არა გზაზე არსებული ხეები კერძო საკუთრებაში, მირიან ქათამაძე პასუხობს: „ფოტოზე, ფერით, კერძო საკუთრებაა თუ სახელმწიფო, არ დგინდება. უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთის საკუთრება სწორად რომ დაადგინოთ, ამისთვის საჭიროა საჯარო რეესტრის მონაცემებს კარგად გაეცნოთ.

ყველა ხე, რომელიც არის მოჭრილი ამ ტერიტორიაზე (კვირიკეში), არის მოჭრილი მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის შესახებ გაცემულია შესაბამისი ადგილ-წარმოშობის ცნობა“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა კვირიკეში ქარსაცავი ზოლი გაჩეხილი, მირიან ქათამაძე ამბობს, რომ არა.

„არ არის მოჭრილი და ესეც არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არ არის ქარსაცავი ზოლის სტატუსით მოსარგებლე, ეს არის საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, რომლებიც მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ მოეჭრა, კანონმდებლობის გათვალისწინებული წესის დაცვით. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნულის შესახებ გავეცით ცნობა,“- ამბობს ქობულეთის მერი.

მირიან ქათამაძის განმარტებით, ხეები, რომლებიც გზის გასწვრივ გაიჩეხა, კერძო საკუთრებაშია.

ამავე თემაზე: ივანიშვილის ხის გასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში [ფოტო] 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: