„აღარ აჩვენოთ გველები, ტურისტები არ მოვლენ“ – რას ჰყვებიან ადამიანები ანგისის დასახლებიდან

„აღარ აჩვენოთ გველები არსად,“ – ამას თითქმის ყველა მეორე გეტყვით ანგისის დასახლებაში. ჟურნალისტის გამოჩენა აქ უკვე არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ მერიამ ტერიტორია შეწამლა და გველები აღარ არიან. უმრავლესობა კი ვერ მალავს, რომ გველი დღესაც ნახა სახლის ეზოში, ჭიშკართან ან მდინარისპირას…

აქ ახლა იმას დარდობენ, რომ ფოტოები ანგისის დასახლების ქვეწარმავლებზე მთელმა ქვეყანამ ნახა და ტურისტები არ ეყოლებათ. ვინაობის გამხელის გარეშე თუ ვინაობის დასახელებით ანგისელებმა თხოვნა დაგვაბარეს მერიასთან – „იქნებ, მდინარის კალაპოტი მოწესრიგდეს და შეიწამლოს, ნაგვის ბუდეა და გველი ასე მარტივად არ მოისპობა.“

„აგერ ქვა რომაა დიდი, აი, მაქ იკრიბებიან გველები. მაქაა მაგენის სადგური,“ – გვიყვება მიხეილ მალაყმაძე. მისი თქმით, მუდმივად მოდიოდნენ მოსახლეობაში ქვეწარმავლები მდინარე მეჯინისწყლიდან.

„მდინარის გაღმა რომ სახლია, მაგასთან გუშინწინ იყო შესული დიდი გველი, მოკლეს,“ – გვითხრა მიხელ მალაყმაძემ.

„გადაიღეთ ეს კალაპოტი, რა დღეშია, ნაგვის ბუდეა. ბუდეში გველი იქნება, აბა, რა იქნება. სანამ კალაპოტი არ მოწესრიგდება, გველი აქ ყოველთვის იქნება. ეს მდინარე პირდაპირ ზღვაში ჩადის, ესეც პრობლემაა“, – ამბობს ნუკრი საითაძე.

ნუკრის თქმით, ბათუმის მერიამ გასულ წელს შეწამლა მდინარის კალაპოტი და გველი ნაკლებად იყო. წელს კი მდინარე ამ დრომდე არ დაუსუფთავებიათ.

„არავითარი გველი არ არის აქ. ბავშვებმა იხუმრეს რაღაც და ფოტოები დადეს… მერე მერია მოვიდა, შეიწამლა აქაურობა და გველი საერთოდ აღარ არის,“ – გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა. მას ვუთხარით, რომ მისი მეზობლები ყოველდღიურად ახლაც ნახულობენ გველებს. „ერთი, ვნახავ, ტურისტებს როგორ მიიღებენ“, – მოგვიჭრა მან მოკლედ.

ვინაობის გამხელა არც იმ ქალმა ისურვა, რომელთანაც გველი პირველ სართულზე მდებარე ოთახში შევიდა, ამბავს კი მოგვიყვა:

ქვეწარმავალი, რომელიც ანგისის დასახლებაში მოქალაქეებმა დააფიქსირეს

„გაქირავებული მაქვს ის ოთახი, არაა ახლა მდგმური. ქალი შევიდა ოთახში, კარი მიიხურა და გველიც შეიყოლა… არ ვიცი, როგორ მოხდა. ატყდა კივილი, გველი, გველიო და მოკლეს, ფოტო არ გადაგვიღია“.

რატომ არის მდინარის კალაპოტი, რომელიც ბულვარიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა, მოუწესრიგებელი და როდის აპირებს კალაპოტის დასუფთავებას მერია? – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე „ბათუმის წყალი“ მუშაობს.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში განმარტეს, რომ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მათი კომპეტენცია მხოლოდ სანიაღვრე არხებიდან შლამის გატანაა.

ხელახლა მიმართვის შემდეგ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ მდინარის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან სანდასუფთავების სამსახურმა უნდა დაასუფთავოს.

„მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი, რაც ქალაქის ტერიტორიაზეა, ყოველდღიურად სუფთავდება დღეში ორჯერ. ყოველ წუთში იქ ვერ იქნებიან ჩვენი თანამშრომლები,“ – გვიპასუხეს სანდასუფთავების პრესსამსახურში.

პრესსამსახურის უფროსმა, ირინე ბერიძემ რამდენიმე წუთში დაგვირეკა და გვითხრა, რომ ამ დროისთვის მართლაც არის ნაგავი მდინარის კალაპოტში. მისი თქმით, ისინი რეგულარულად აჯარიმებენ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც კალაპოტს ანაგვიანებს. რამდენი პირი დაჯარიმდა ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტის დანაგვიანებისთვის – ეს ინფორმაცია სანდასუფთავების სამსახურმა ვერ მოგვაწოდა.

 

 

 

 

შარშან ყველაზე მეტი – 371,7 მილიონი ლარი „საქართველოს ბანკმა“ მოიგო

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2017 წელს ჯამში 869 მილიონ 798 ათას 259 ლარის წმინდა მოგება ნახეს. კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი წმინდა მოგება, 371 მილიონი ლარი, „საქართველოს ბანკმა“ მიიღო, ხოლო „სილქ როუდ ბანკმა“ წელი 495 ათასი ლარის ზარალით დაასრულა.

2017 წელს, წმინდა მოგების მიხედვით, კომერციული ბანკების პირველ ხუთეულშია: „საქართველოს ბანკი“ – 371,7 მილიონი ლარი, „თიბისი ბანკი“ – 295,6 მილიონი, „ლიბერთი ბანკი“ – 52,3 მილიონი, „ქართუ ბანკი“ – 36,8 მილიონი და „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 20,2 მილიონი ლარი.

კომერციული ბანკების ტოპ ხუთეული წმინდა მოგების მიხედვით 2017 წელს [მილიონი ლარი]:


წყარო: ეროვნული ბანკი
დანარჩენი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2017 წელს [მილიონი ლარი]:
წყარო: ეროვნული ბანკი

ბოლო 5 წელში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 2 მილიარდ 953 მილიონ 233 ათასი ლარის წმინდა მოგება ნახეს. ბანკების წმინდა მოგება 2013 წლიდან, საერთო ჯამში, ყოველწლიურად იზრდება. გასულ, 2017 წელს, ბანკებმა 480 მილიონ 666 ათასი ლარით მეტი მოიგეს, ვიდრე 2013 წელს.

ამავე თემაზე:

ვემსახურები ბანკს

ვემსახურები ბანკს

ეს ჩვეულებრივი ანკარაა – სპეციალისტი ბათუმის გარეუბანში გამოჩენილ გველებზე

ბათუმის გარეუბანში, ანგისაში, გამოჩენილი ქვეწარმავლები ბოლო დღეებია განხილვის თემაა. ფეისბუქზე გველის არა ერთი ფოტო გავრცელდა ანგისაში მცხოვრებთა მიერ გადაღებული. რა ჯიშის სახეობის გველებია გამოსახული ფოტოებზე და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი გველის დანახვაზე? – ამ თემაზე კომენტარი თბილისის ზოოლოგიური პარკის ეგზოტარიუმის განყოფილების უფროსს, კონსტანტინე ფხაკაძეს ვთხოვეთ, მანამდე კი, სპეციალისტს ფოტოები გადავუგზავნეთ.

კონსტანტინე ფხაკაძე ამბობს, რომ ფეისბუქში გავრცელებულ ფოტოებზე ანკარაა გამოსახული, რომელიც შხამიანი არ არის:

კონსტანტინე ფხაკაძე

„ეს არის ჩვეულებრივი ანკარა, რომელიც ბინადრობს ჭაობიან, წყლიან ადგილებში და შხამიანი არ არის. ეს სახეობა იკვებება პატარა მღრღნელებით, ამფიბიებითა და მწერებით. თუ მის დაჭერას შეეცდებიან, ანკარამ შეიძლება უკბინოს ადამიანს, მაგრამ შხამიანი არ არის.

აჭარაში ძირითადად გვხვდება მცურავი ანკარა და გველგესლა. ამათგან შხამიანი მხოლოდ გველგესლაა, რომელიც უფრო მთიან რეგიონებშია გავრცელებული.

გველების გამოჩენა დაკავშირებულია ტემპერატურასთან, უკვე დათბა და გველებმა გამოიღვიძეს. გველები იზამთრებენ სარდაფებში, სხვენებში, გაუქმებულ ჭებში… ზოგადად, დაბიძნურება სადაც დიდია, იქ თაგვიც მრავლდება და, შესაბამისად, გველიც, რადგან თაგვი გველისთვის საკვებია. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაში გველი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოველია, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მღრღნელებს. თუ სისუფთავეს შევინარჩუნებთ და აქეთ-იქით დაყრილი არ იქნება სხვადასხვა საგანი, გველსაც ნაკლები თავშესაფარი ექნება.

დაჭაობებული ადგილები მათი სახლია. გარდა ამისა, შეიძლება ადამიანებმა ააშენონ ისეთ ადგილას სახლი, სადაც გველები ბინადრობდნენ. ამ შემთხვევაში გველი კი არ ჩნდება მათ სახლებთან, არამედ მათი სახლი ჩნდება გველის სახლთან.

გველთან შეხვედრისას ადამიანი, პირველ რიგში, არ უნდა ეცადოს გველის დაჭერას. კბენის შემთხვევები ძირითადად არის ხელზე.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ გველის დანახვისას, ერთი ნაბიჯით უნდა დაიხიოთ, უნდა გაერიდოთ. გველი თავდასხმაზე არ იფიქრებს, თუ ძალიან ახლოს არ არის ადამიანი მასთან და ეს თავდასხმად არ მიიღო.

გველის წინააღმდეგ იყენებენ გოგირდს, მაგრამ ეს ადამიანისთვისაც საშიშია, თუ, მაგალითად, თვალში მოისვა ხელი ადამიანმა ან თუ ალერგიულია… თუ ადამიანი არასწორად გააკეთებს რამეს გოგირდის გამოყენების დროს, შეიძლება უფრო დაზიანდეს, ვიდრე გველის დანახვით.

გველებს ანადგურებენ კატები, კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და მტაცებელი ფრინველები.“

_______________________

ამავე თემაზე: მიმართვის შემთხვევაში მერია ქვეწარმავლებს დაიჭერს და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებს

როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის დროს

წიგნების მიხედვით შექმნილი 5 სერიალი, რომლებიც უნდა ნახოთ

2017 წელი სერიალების მოყვარულებისთვის კარგი წელი იყო, ამ წელს ხუთი საკულტო წიგნის ეკრანიზაცია ვიხილეთ, რომლებმაც გამოსვლისთანავე უამრავი მაყურებელი მიიზიდა.

[red_box]ამერიკელი ღმერთები[/red_box]

სერიალი „მხევლის წიგნი“ კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. წიგნი 1985 წელს დაიწერა და დღემდე აქტუალურ, ანტიუტოპიურ ტექსტად მიიჩნევა.

„მხევლის წიგნი“ 2017 წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად აღიარეს და პრემია „ემი“ გადასცეს. მსახიობები: ელიზაბეტ მოსი, ენ დაუდი და ალექსის ბლედელი კი, საუკეთესო მსახიობებად დაასახელეს.

სერიალის წარმატება, გარდა მსახიობთა ოსტატობისა, წიგნის პოპულარობითაც იყო განპირობებული.

[red_box]ბაბილონი-ბერლინი[/red_box]


სერიალი „ბაბილონი-ბერლინი“ პოპულარული გერმანელი მწერლის, ფოლკერ კუჩერის წიგნების მიხედვითაა გადაღებული. სერიალის რეჟისორებსა და სცენარისტებს ვარსკვლავური წარსული აქვთ, ისინი ისეთ ცნობილ ფილმებზე მუშაობდნენ, როგორიცაა: „გაიქეცი, ლოლა გაიქეცი“, „პარფიუმერი“, „მშვიდობით ლენინ“ და ა.შ.

სერიალში მოქმედება 1920-1930-იან წლების გერმანიაში ხდება და დაძაბულ ათწლეულს აღწერს. ფილმის მთავარი გმირი პოლიციის კომისარია, რომელიც მძიმე დანაშაულებს ხსნის.

სერიალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება გარემოს ეფექტურად ჩვენება და კოსტიუმებია: კადრებში კარგად ჩანს ამ პერიოდის გერმანიის უცნაური ატმოსფერო, არქიტექტურა, ყოველდღიურობა და ყოფითი საგნები.

[red_box]გზანი წამებისანი[/red_box]

სერიალში რუსეთის 1914-1917 წლების რევოლუციის ამბები და ინტელიგენციის ბედია ნაჩვენები. თეთრი ოფიცრები, წითელი კომისრები,  ანარქისტები და დეკადენტური მოძრაობა. ფილმის მთავარი გმირები დები არიან, რომლებიც წამების გზას გადიან.

[red_box]ის გრეისია[/red_box]

ისევ მარგარეტ ეტვუდის წიგნის ეკრანიზაცია.

გრეის მარკსს ბრალდება მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა ეს არავის სჯერა და გადაწყვეტილია, რომ ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს, თუმცა ფილმის მთავარი გმირის გადარჩენას  ექიმი საიმონ ჯორდანი ცდილობს, რომელიც გრეისს აიძულებს ყველაფერი დეტალურად გაიხსენოს.

[red_box]ამერიკელი ღმერთები[/red_box]


სერიალი ნილ გეიმანის რომანის მიხედვითაა შექმნილი. მწერალი თავადაც  მონაწილეობდა ფილმის სცენარის შექმნის პროცესში. ფილმის მთავარი გმირი ციხიდან თავისუფლდება და ცხოვრების გადაფასებასა და საკუთარი მომავლის დაგეგმვას ცდილობს, თუმცა არაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და იწყება ეპატაჟური, შავი იუმორით სავსე კრიმინალური ისტორიები. ფილმში თანამედროვე ამერიკის პოლიტიკის, მათ შორის ტრამპის მიდგომების  ხაზგასმული კრიტიკა ისმის.

პატარაძე ბათუმის პორტზე: გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის

„ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა სახის მანიპულაციას. დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმით, რომ ინვესტორებმა იმუშაონ ჩვენს რეგიონში“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც დღეს თქვეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბათუმის პორტს მიზანმიმართულად აკოტრებს და პორტის ხელში ჩაგდებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია ცდილობს.

ზურაბ პატარაძე: „ეს არის აბსურდული განცხადება, უსაფუძვლო და პროვოკაციული. მინდა შევახსენო მათ, რომ წავიდა ის დრო საქართველოდან, როცა ხდებოდა ბიზნესის რეკეტირება, დაყაჩაღება, წილების გადაფორმება. ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული, ეს არის ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა.“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან რამდენჯერმე დარეკა ასტანაში, მაგრამ მისი თქმით, კომპანიასთან სატელეფონო საუბრის თემა მხოლოდ მოშიმშილე ადამიანები იყვნენ.

„მე მივიღე უპირობო გარანტია, რომ შემცირება და რეორგანიზაცია არ ჩატარდება ბათუმის პორტში და ეს პროცესები აღარ მიმდინარეობს. მე მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომლებიც შიმშილობენ, შეწყვიტონ ეს აქცია. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკების მაგიდაზე და აჭარის მთავრობა შეასრულებს მედიატორის როლს… დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ქართული მხარისათვის და, რა თქმა უნდა, ინვესტორისთვისაც,“ – აღნიშნავს ზურაბ პატარაძე.

ზურაბ პატარაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა ირაკლი მოწყობილის შესახებ, რომელიც ბათუმის პორტში დირექტორის მრჩევლად მუშაობს. ირაკლი მოწყობილი ზურაბ პატარაძესთან დაახლოებული პირია და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს აღნიშნეს, რომ ირაკლი მოწყობილი ბათუმის პორტში ზურაბ პატარაძის დავალებებს ასრულებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის დიდი ტერიტორია, კომპაქტურია ულამაზესი ბათუმი და მთელი რეგიონი. ბევრ ადამიანს ვიცნობთ და თუ ვიცნობთ ვინმეს, ეს არ არის დანაშაული. გამორიცხულია ვინმეს ჩართულობა, გამორიცხულია აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლის ჩართულობა ამ საკითხში, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, – გვიპასუხა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის პორტის ექვსი თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს. ისინი პორტის ხელმძღვანელის უპირობოდ გადადგომას ითხოვენ.

ამ თემაზე:

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

 

 

ხუცუბანში ხის დასაცავად გამართული აქციის ორი წევრი დააკავეს

პოლიციამ ხუცუბანში გამართული აქციის ორი მონაწილე დააკავა.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დაკავებული არიან რეზო ხარაზი და სოლომონ ბაჯელიძე.

„ორი ადამიანია დაკავებული პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით,“- გვითხრეს შს სამინისტროში.

აქცია ხუცუბანში დღეს, 4 თებერვალს, ენმ-ის წევრებმა გამართეს და სოფლიდან გიგანტური ევკალიპტის გატანა გააპროტესტეს. ისინი ამბობდნენ, რომ ხე უკანონოდ გადაჰქონდათ, თუმცა ხუცუბნის თემში გამგებლის წარმომადგენლის თქმით, ხე კერძო საკუთრებაშია მოთხრილი და მისი გადატანა კანონიერად ხორციელდება.

ხუცუბანში აქციას დაპირისპირებაც მოჰყვა. 

მანდატურები მოსწავლეებს ახალი წესით შეამოწმებენ – პროექტი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებების პროექტი, რომელიც სკოლებში მოსწავლეების შემოწმებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, „პირადი გასინჯვა“, „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს მანდატურები აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით განხორციელდეს“, – ამბობს კვირიკაშვილი. მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება, განათლებისა და შს სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა.

საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში მანდატური ვალდებული იქნება შეადგინოს წერილობითი ოქმი, მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ. „რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“.

„პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების, შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ამ ცვლილების მიხედვით, სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება.

ცვლილებების პროექტი უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

დაპირისპირება ხუცუბანში გიგანტური ევკალიპტის გამო [live]

შეხლა-შემოხლა მოჰყვა 4 აპრილს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში  გიგანტური ევკალიპტის გატანას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ხის გადატანას აპროტესტებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქციას მართავენ. მათი თქმით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, თუმცა შს სამინისტროში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ვიდეო მაუწყებლობა აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”:

გიგანტური ევკალიპტი ხუცუბნიდან ვერ გააქვთ

„აქ ვართ ჩვენც და ხეც“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძემ. ენმ-ის წევრები დღეს, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმყოფებიან და გიგანტური ევკალიპტის გადატანას აპროტესტებენ.

ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ხის ტრანსპორტირება უნებართვოდ ხდება და მათი მოთხოვნის მიუხედავად გადამზიდავმა კომპანიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ნებართვა: „ჩვენ ვითხოვთ, რომ ხე დაბრუნდეს უკან და არ წაიღოს ივანიშვილმა“.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია აქ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად გამოიძახეს, თუმცა კონკრეტულად ვინ – არ აზუსტებენ.

ბონდო თედორაძე ამბობს, რომ გზას არა აქცია, არამედ გიგანტური ხე კეტავს. ხუცუბნის თემში გამგებლის წარმომადგენლის, ზვიად თამაზაშვილის თქმით კი, ხის გადატანას ენმ-ის აქცია აყოვნებს: „წარმოუდგინეს საბუთი, კერძო საკუთრებაშია მოთხრილი ხე, მაგრამ არ უნდათ წაკითხვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მან.

წაიკითხეთ ამ თემაზე „ბათუმელების“ მიერ მომზადებული მასალების სერია: გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილისთვის 

 

 

ბათუმის თოჯინების თეატრი ლონდონში მიემგზავრება

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ცხრა წარმომადგენელი 5-12 აპრილს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. დელეგატები ერთკვირიან პროფესიულ ვორქშოპში მიიღებენ მონაწილეობას და მოინახულებენ ლონდონის ცნობილ დიდ და პატარა თოჯინების თეატრებს: Little Angel-ს, Puppet-ს და Theatre Barge-ს.

პროექტის ფარგლებში თეატრის წარმომადგენლები Liceum Theatre-ში დისნეის ლეგენდარულ სპექტაკლს „Lion King“-ს დაესწრებიან.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ჩხაიძე: „დიდ ბრიტანეთში სახელოსნოს მუშაკები, მხატვრები, სცენოგრაფები, სადადგმო ნაწილის გამგე, კონსულტანტი და ჩვენ, დირექცია მივემგზავრებით. თეატრის წარმომადგენლები  ლონდონის თოჯინების თეატრებს მოინახულებენ, სადაც ჩვენ მსგავსად, ადგილზევე, სახელოსნოში მზადდება თოჯინები, მხატვარ-დეკორატორები გაეცნობიან ახალ მასალებს“.

დიდი ბრიტანეთის თოჯინების თეატრები კერძო დასებისგან შედგება და აკადემიურ თეატრებად არ მიიჩნევა, თუმცა აკადემიურ თეატრებზე მეტი შემოსავალიც აქვთ.

„ჯუდით ჰოუფსი, ცნობილი ბრიტანელი მეთოჯინე, რომელმაც დისნეის თოჯინების სპექტაკლ Lion King-ზე მუშაობდა, ორ დღეს დაგვითმობს ვორქშოპზე და უშუალოდ აჩვენებს ჩვენს მეთოჯინეებს, როგორ მზადდება მათ სახელოსნოში თანამედროვე მასალებით თოჯინები. ჩვენი თეატრის სახელოსნოში თოჯინები, ძირითადად, ეპოქსიდით მზადდება, რაც მიღებული მასალაა, მაგრამ თოჯინების დამზადების ეს კუსტარული ტექნოლოგია შეიძლება ბოლომდე უსაფრთხოც კი არ იყოს.

ჩვენთვის უმთავრესი ახალი, უსაფრთხო მასალების ათვისებაა, რადგან ეს საბავშვო თეატრია და უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სანამ ბავშვი ნახავს სპექტაკლს, მანამ მხატვარი და არაერთი ადამიანი ეხება სახელოსნოში.

გიორგი ჩხაიძე,  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

2019 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას ბრიტანეთის საბჭოსთან. ვაპირებთ ცალკე სპექტაკლები და პროდუქცია შევქმნათ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ეს ის თეატრია, სადაც ყველას უნდა შეეძლოს მოსვლა. თეატრი ამ ეტაპზე ადაპტირებული არ არის, შენობა კულტურული ძეგლია და აქამდე ამის საშუალება არ გვქონდა. მცირე რეკონსტრუქცია ჩატარდება, გარეთ დამონტაჟდება ახალი, ღია სალარო და პანდუსიც. პანდუსი ამ წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სპექტაკლების მომზადებას კი უკვე 2019 წლიდან დავიწყებთ“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმომადგენელთა ლონდონში გამგზავრებას თეატრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს 27 000 ლარით.

 

“ზვავი” ხულოს თეატრში

ხულოს პროფესიული დრამატული თეატრი ახალი  პროექტისთვის ემზადება. 6 აპრილს ხულოს თეატრში საერთაშორისო თეატრალური პროექტის ფარგლებში ხუთი რეჟისორი ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან თურქი დრამატურგის – თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესას, „ზვავს“ დადგამენ.

სპექტაკლს წარმოადგენენ რეჟისორები: ირაკლი გოგია და ოთო ქათამაძე – საქართველოდან, მაქსიმ კოზოლუპი – უკრაინიდან, ირადა გოზალოვა – აზერბაიჯანიდან და რომან შიდლოვსკი –  ბელორუსიიდან. სპექტაკლის მხატვარი მარიკა კვაჭაძეა, რეჟისორის ასისტენტი კი – გიორგი ყაულაშვილი.

თუნჯერ ჯუჯენოღლუ ცნობილი დრამატურგი და მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. დრამატურგი ამჟამად საქართველოში იმყოფება და ხულოში რეპეტიციებს  ესწრება.

პიესა „ზვავი“ მთაში მცხოვრებ ადამიანთა შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც  წლის განმავლობაში მხოლოდ სამი თვე აქვთ ხმამაღლა საუბრის უფლება, დანარჩენ დროს კი დუმან, რადგან ეშინიათ, რომ თუ ახმაურდებიან, მთის წვერზე მდებარე ზვავი დაიძვრება.

„სიჩუმე მეტაფორაა,  ხმის ამოღება – შეწინააღმდეგება ადათ-წესებისა და კანონების წინაშე სასტიკი დანაშაული, ვინც კანონებს წინ აღუდგება, მთა შერისხავს, ზვავი დაიძვრება… რატომ ხულოში? იმიტომ, რომ ხულო ერთ-ერთი მაღალი და მჭიდროდ დასახლებული რაიონია საქართველოში, მთა არ უნდა დაიცალოს, მთის ხელშეწყობის მიზნით მსგავსი სახის ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამიტომ ხულოს პროფესიულ თეატრში საერთაშორისო აქტივობების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,” – ნათქვამია ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის დრამატული თეატრი ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე პროფესიული თეატრია მსოფლიოში. პროექტის ორგანიზატორები არიან ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი და თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი.

ხულოს მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს – თანამშრომელს სამსახურში არ აბრუნებს

შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობიდან 2014 წლის 7 ნოემბერს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა მოხელემ ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 20 ივნისს შუქრი აბულაძის გათავისუფლება უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ხულოს მერიას მისი სამსახურში აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება დაავალდებულა. შუქრი აბულაძე ისევ უმუშევარია. მისთვის არც განაცდური ხელფასი ჩაურიცხავთ.

შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების უფროსად მუშაობდა. ხულოს მაგისტრატმა სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ხულოს გამგეობის სასარგებლოდ მიიღო. შუქრი აბულაძემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სადაც მიიჩნიეს, რომ გათავისუფლების საფუძველი ფაქტობრივ გარემოებით გამოკვლეული არ იყო და საკითხი განსახილველად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუბრუნეს.

ხულოს მერიის იურისტი, ირაკლი ხაჯიშვილი განმარტავს, რომ საკითხის დაბრუნების შემდეგ ხულოს გამგეობამ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილობით მიმართა და სთხოვა, შეესწავლა შეესაბამებოდა თუ არა შუქრი თურმანიძის დიპლომი უმაღლეს განათლებას. მერიის იურისტის თქმით, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი შეუსაბამო აღმოჩნდა და ყოფილი საჯარო მოხელის გათავისუფლებაც გამგეობამ კანონიერად მიიჩნია.

შუქრი აბულაძემ სარჩელი უზენაეს სასამართლოში წაიღო. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 20 ივნისს მისი გათავისუფლება არაკანონიერად მიიჩნია, ხულოს მერიას გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

გადაწყვეტილების გამოტანიდან დღემდე ცხრა თვეზე მეტი გავიდა, ყოფილი საჯარო მოხელე ხულოს მერიას დღემდე არ დაუსაქმებია, შესაბამისად, მისთვის არც სამი წლის განაცდური თანამდებობრივი სარგო [თვეში 810 ლარი] ჩაურიცხია.

მერიის იურისტი – ირაკლი ხაჯიშვილი ამბობს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, თანამშრომლის  აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მისთვის განაცდურის ჩარიცხვა ვერ მოხდებოდა. იგი დასძენს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებას არ იძლევა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა პირის უფლების შელახვა, რადგანაც აღნიშნულ პოზიციაზე ახლა თამუნა ქედელიძე მუშაობს. ის ამ პოზიციაზე 2015 წლის 25 მაისს დაინიშნა.

„აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მიბმულია ერთმანეთთან. საჯარო მოხელეთა მობილობის წესის შესაბამისად დაწყებული გვაქვს მობილობა. ვმუშაობთ, რომ ტოლფას თანამდებობაზე მოხდეს აღდგენა,“ – გვითხრა ირაკლი ხაჯიშვილმა.

კითხვაზე ხომ არ დააგვიანა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მერიამ და რას უპირებენ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს? გოჩა მელაძე, ხულო მერმა გვითხრა: „იურისტები აქტიურად მუშაობენ ამ საკითხებზე, გავდივართ პროცედურებს, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა კანონის დაცვით შესრულდება, კანონის მოთხოვნას აღვადგენთ. არასდროს არ ვყოფილვარ დაინტერესებული ვინმეს სამსახური დაეკარგა, ან  პირიქით, მაქსიმალურად ყველა თანამშრომელს სჭირდება გაძლიერება და ხელშეწყობა“.

„9 თვე მეტისმეტი დროა გონივრული ვადისთვის. ამდენი დრო არ უნდა სჭირდებოდეს ადმინისტრაციულ ორგანოს იმისთვის, რომ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი ძველ პოზიციაზე აღადგინოს, ან ტოლფასი თანამდებობა შესთავაზოს. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ გათავისუფლებული თანამშრომელი რეზერვში უნდა ჩაირიცხოს,“ – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ნინო სიორიძე განმარტავს, რომ რეზერვში ჩარიცხვის დღეს უნდა დაიანგარიშოს ხულოს მერიამ, რამდენი უნდა გადაუხადოს მოხელეს, ვინც მერიას სასამართლო მოუგო. „ამას გარდა, მას უნდა ჩაერიცხოს დამატებით 6 თვის კომპენსაცია, წელთა ნამსახურეობის და წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, თუკი კანონით ერგებოდა ეს. რადგან მერია რეზერვში არ რიცხავს მოქალაქეს, მას შეუძლია მიმართოს აღსრულების ბიუროს. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია,“ – ამბობს ნინო სიორიძე.

რა ხდება რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის თქმით, რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა ორი წელია. ამ პერიოდში ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს ტოლფასი თანამდებობა უნდა შესთავაზოს. თუ ასეთი თანამდებობა არ მოიძებნა, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი ისევ გარეთ რჩება.

ეს წესი კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესული ცვლილებების შემდეგ ამოქმედდა.

რისკს, რომ რეზერვში ჩარიცხული ყოფილი თანამშრომელი შესაძლოა სამსახურში ვერ აღდგეს და სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შესრულდეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აპროტესტებს. ეს ორგანიზაცია ამ საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასაც აპირებს.

 

 

„ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა“ – რაზე წუხან შუახევში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს  დისკუსიათა  ციკლს პროექტის – „მედია და საზოგადოება”  შეხვედრის ფარგლებში. მორიგი, მეშვიდე  დისკუსია 4 აპრილს,  შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.  ახალგაზრდების მოსაზრებები  ამჯერად აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა  გიორგი  ლელაძემ და „ბათუმელების“ კორესპონდენტმა,  ეკა  ბარამიძემ მოისმინეს.

შეხვედრის  პროცესში ჟურნალისტები აცნობენ  საზოგადოებას თავიანთი მედიასაშუალებების  მიზნებს,  მუშაობის  სპეციფიკასა და პრინციპებს,  შემდეგ კი მოსახლეობის  მოსაზრებებსა და პრობლემებს  გამოკვეთენ, რაც  საშუალებას  აძლევს მოსახლეობას, მიაწვდინონ ხმა  მედიას და შემდგომ სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებელ  პირებს. დისკუსიის მოდერაციას უწევდა ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

დისკუსია შუახევში. გიორგი ლელაძე და ასლან ჭანიძე

ეკა ბარამიძე, „ბათუმელები“: ჩვენთვის მთავარია, თითოეული თქვენგანის პრობლემა გავაშუქოთ და  ვაჩვენოთ საზოგადოებას. გვინდა, რომ აქტიურები იყოთ, დაგვანახოთ, რა პრობლემები აქვს თქვენს სოფელს, აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს.

გიორგი ლელაძე, „ჰეშთეგი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი: ხშირად გვეუბნებიან – „რა აზრი აქვს ჩვენს კომენტარს, მაინც არაფერი  შეიცვლება“. ასეთი განწყობით მართლაც არაფერი შეიცვლება, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს სიტყვას ძალა არა აქვს, ეს ძალიან ცუდია. თქვენს სიტყვას აქვს ძალა და ეს ძალა უნდა გამოიყენოთ.

გურანდა  ჯაყელი, შუახევის ახალგზრდობის ცენტრის წევრი: ბევრს არა აქვს იმის მოტივაცია, რომ სოფელში იცხოვროს, რადგან აქ ცხოვრება ერთფეროვანია. მეგობრებთან ერთადაც ვერ გახვალ, არ გვაქვს სკვერები, სადაც ადამიანი დაისვენებს და თავს კარგად იგრძნობს. მაგალითად, სკოლაში გვაქვს ქიმიის ლაბორატორია, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი ხსნარები, რითაც ცდებს ჩავატარებთ.

ანა  შავაძე,  შუახევის ახალგზრდობის ცენტრის წევრი: სოფელში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პირველ რიგში, ნორმალური გზა არ არის და მეწყერსაშიშ ზონაში ვართ. ასევე, წყლის ნაკლებობას განვიცდით. სოფელი დაცარიელებულია, ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა.

ალეკო კეკელიძე, შუახევის ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი:  კარგი იქნება, გადაცემებში შუახევის ღირსშესანიშავ ობიექტებზეც თუ გაკეთდება აქცენტი.

ზებურ ხიმშიაშვილი, შუახევის ახალგზრდობის ცენტრის წევრი: ჩემი აზრით, მაღალმთიან აჭარაში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც  ტურისტებსაც დააინტერესებს, მიიზიდავს და ამის მასმედიით გავრცელება კარგი წყაროა იმისთვის, რომ მეტი გაიგონ, თუ რისი ნახვა შეუძლიათ საქართველოში. ალბათ, ბევრმა ბათუმელმაც კი არ იცის, რა ხდება ხულოსა თუ შუახევში, რა ობიექტებია აქ.

შეხვედრა შუახევში

სოფელ ნიგაზეულში არის სელიმ ხიმშიაშვილის ციხე-სიმაგრე. ამ ობიექტამდე მისასვლელი გზა არ გვაქვს, რატომ არ უნდა იყოს ასეთ ადგილამდე მისასვლელი გზა მოწესრიგებული?  ტურისტები დადიან, მაგრამ იშვიათად. მაგალითად, მე თუ მივდივარ ყაზბეგში და ვიღაცამ მითხრა, რომ იქ ცუდი პირობებია, აღარ გამიჩნდება წასვლის სურვილი.

ლუკა ფუტკარაძე, შუახევის ახალგაზრდობის ცენტრის წევრი: მე ვიცი, რომ ხშირად გაუკეთებიათ გზა, მაგრამ მოვლა სჭირდება. ჩემი აზრით, მოსახლეობის მოტივაცია უნდა იყოს, რომ  გზას მოუფრთხილდეს და მოაწესრიგოს. გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდე, რომ ვიღაცა მოვა და გააკეთებს, ჩვენც უნდა მოვინდომოთ და მონაწილეობა მივიღოთ.

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე, „ბათუმელები“: აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ყველაზე მეტად პრობლემური ეროვნულ გამოცდებზე არის ინგლისური ენა. გამოცდებზე უმრავლესობა უცხო ენაში იჭრება. ამ მიმართულებით თქვენ თუ გექმნებათ პრობლემა?

ლუკა ფუტკარაძე:  ადრე ამერიკიდან ჩამოჰყავდათ მოხალისე მასწავლებელი და ახლა აღარ არის. კარგი იქნება, თუ კიდევ განხორციელდება ასეთი პროექტები. ჩვენთან  სკოლაში არიან ინგლისური ენის პედაგოგები.

________________________

დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით.  

„აკვარიუმი“ – სალომეა ბაუერის ნამუშევრების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

13 აპრილს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ქართველი არტისტის  სალომეა ბაუერის ნამუშევრები გამოიფინება, სახელწოდებით „აკვარიუმი“.

„თანამედროვე ხელოვნების სირცვის“ განმარტებით, გამოფენაში წარმოდგენილ ფერწერულ შემოქმედებაში არტისტი ხაზს უსვამს ადამიანს, როგორც ძირითად ობიექტს.

„ის გამოფენის ძირითად სათქმელს აღწერს როგორც „სტოპ-კადრის“ მომენტს, პაუზას, სადაც გამახვილებულია ყურადღება მომხდარის მიზეზსა და შედეგზე.

სალომეა თავის ნამუშევრებში გადმოსცემს მისთვის ახლო ადამიანების ისტორიებს, რამაც მას უკარნახა სიუჟეტების შექმნა“.

 გამოფენა საღამოს, 18:00 საათზე გაიხსნება. 

„პრემიის ჩარიცხვამდე ქუჩას არ დავხვეტთ“- ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

ქობულეთში სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობაზე უარს აცხადებენ მანამ, სანამ ყოველკვარტალური პრემია არ ჩაერიცხებათ. დღეს ქობულეთის გამგეობასთან მეეზოვეებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ქობულეთს არ დაასუფთავებენ, სანამ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

მეეზოვეების ხელფასი 280 ლარია, პრემიის სახით ისინი სამ თვეში ერთხელ ხელფასის 100 პროცენტს იღებდნენ. წელს მეეზოვეებს ქობულეთში ჯერ არც ხელფასი მომატებიათ და ვერც პრემიას მიიღებენ.

ნატალია რამიშვილი ამბობს, რომ შვიდი წელია ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში მუშაობს და ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან პრემია ვერ მიიღო.

„ჩვენ ვითხოვთ კუთვნილ კვარტალურ პრემიას. 7 წელია ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე ყველა სამ თვეში ვიღებდით პრემიას. გარდა ამისა, ვითხოვთ კვირაში ერთ დასვენების დღეს. კანონით გვეკუთვნის დასვენება, მაგრამ ვერ ვისვენებთ, არ გვეუბნებიან რატომ არ გვასვენებენ. სანამ პრემია არ ჩაირიცხება, სამსახურში არავინ გამოვა. ყველა გაფიცულია, არც ერთმა მეეზოვემ არ დახვეტა ქუჩა,“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოიძებნა მეეზოვეების პრემიისთვის თანხა ბიუჯეტში.

ქობულეთის სანდასუფთავებაში 211 ადამიანი მუშაობს. ა(ა)იპ-ის დირექტორი, სულიკო ბლადაძე ამბობს, რომ მის თანამშრომლებს არ მოსწონთ პრემიის გაუქმების და წლის განმავლობაში ხელფასზე გადანაწილების გადაწყვეტილება.

„რომ ამოქმედდა მუხლი, პრემიები დანამატებში უნდა გადასულიყო, პრემია გაუქმდა და ხელფასზე გადანაწილდა, ანუ რაც ეკუთვნოდათ წელიწადში პრემია, ის უნდა გადანაწილდეს ხელფასზე. ამბობენ, რომ ეს არ მოსწონთ. ქობულეთის მერი ხვდება აჭარის ფინანსთა მინისტრს, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, დააკონკრეტებენ ყველაფერს და პასუხს იტყვიან,“ – ამბობს სულიკო ბლადაძე.

დასუფთავების სამსახური ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ-ია.

რაც შეეხება კვირაში შვიდი დღე მუშაობას, სულიკო ბლადაძე ამბობს, რომ მეეზოვეები ისვენებენ, თუმცა:  „შეიძლება რვა დღეში ერთხელ დაისვენონ… ადრე ერთი ქუჩა იყო – აღმაშენებელი, რომელიც ლაგდებოდა, ახლა გაიზარდა ქუჩების რაოდენობა. დაახლოებით 80-მდე ქუჩა ლაგდება, ქუჩები, გადასახვევი, ეზოები, მწვანე ზოლები…“

კითხვაზე, ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ ქობულეთის დასუფთავებას მეტი თანამშრომელი სჭირდება, სულიკო ბლადაძე ამბობს, რომ თანამშრომელთა რაოდენობა საკმარისია, თუმცა სეზონურად 70 ადამიანს იმატებენ.

ქობულეთის გამგეობის წინ გამართულ აქციას ესწრებოდა ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალი პრემიების ფონზე მეეზოვეებს უსამართლოდ ექცევიან:

„ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პრემიის პუნქტი, რომლითაც ამ ადამიანებს ეძლეოდათ კვარტალში ერთხელ პრემია  და საახალწლოდ მეცამეტე ხელფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა პრემიის იმედად დაგეგმეს კრედიტები, სხვადასხვა  საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა და წელს არავის გახსენებია დასუფთავების თანამშრომლები. ეს ადამიანები მინიმალური ხელფასის ამარა დატოვეს. არც დასვენების დღე აქვთ, კვირაში ერთ დღეს ითხოვენ დასვენებას“.

____________

მთავარ ფოტოზე: მეეზოვეების გაფიცვა ქობულეთში. ბონდო თედორაძის ფოტო

2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 160 ადგილზე 19 786-მა აბიტურიენტმა გააკეთა განაცხადი. პირველადი არჩევანი ბათუმის უნივერსიტეტზე 2 029 აბიტურიენტმა გააკეთა.

წელს რუსთაველის უნივერსიტეტს 36 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს მიღება.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რეგისტრაციის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია:  ფინანსები, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ტურიზმი, მენეჯმენტი, ისტორია, მშენებლობა, არქიტექტურა და ფსიქოლოგია.

ბსუ-ს ინფორმაციით, წელს ყველაზე ნაკლებმოთხოვნადი პროგრამებია თურქეთისმცოდნეობა, ფრანგული ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, სასურსათო ტექნოლოგიები.

როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, ვითარება უკეთესობისკენ იცვლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით და გაზრდილია მოთხოვნა ქიმიასა და ფიზიკაზე.

ენმ: ბათუმის პორტსა და ტერმინალს ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს

„ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ბათუმის პორტი და ტერმინალი,“ – აცხადებს გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბათუმის პორტისა და ტერმინალის მართვის უფლებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს. გია აბულაძე ამბობს, რომ პორტის მოქმედ მენეჯმენტზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს.

ბათუმის პორტში მესამე დღეა თანამშრომლების ერთი ჯგუფი შიმშილობს. 

„თქვენ ნახავთ სულ მოკლე დროში, რომ ივანიშვილის კომპანია ხელში ჩაიგდეს ბათუმის პორტსა და ტერმინალს… პორტს უკვე მეორე წელია უნდა მართვის უფლების გასხვისება ყაზახურ კომპანიაზე, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ ეს არ მოხდეს. ცენტრალური ხელისუფლებიდან პროცესს მართავს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და მისი წარმომადგენელი ბათუმის პორტში არის ლევან გურგენიძე [საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. ამჟამად ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის მოადგილე]. ბათუმის პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დავალებებს ასრულებს ირაკლი მოწყობილი [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად პორტის დირექტორის მრჩეველი]. რეორგანიზაციაც არის ამ პროცესთან დაკავშირებული. ხელისუფლებას სურს, რომ მტკივნეული პროცესი ახალი კომპანიის შემოსვლამდე დაასრულოს.

ცნობილია სტატისტიკა, რომ პორტში ყოველწლიურად მცირდება ტვირთბრუნვა, სერიოზული პრობლემა აქვს შექმნილი კომპანიას და წელსაც ზარალს პროგნოზირებენ. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ დაანონსა, რომ თითქოს ბათუმის პორტში აშენდება სასუქების ტერმინალი. ამით რეალურად მოამზადეს ნიადაგი, რომ შემოვა ახალი კომპანია, რომელიც კომპანიაში ჩადებს ფულს და გაზრდის ტვირთბრუნვას. სინამდვილეში შემოვა კომპანია, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული და ივანიშვილს ეკუთვნის. საუბარია ორ კომპანიაზე, ამიტომ დეტალურად ახლა ვერ ვიტყვით, რომელი კომპანია ჩაიგდებს ხელში ბათუმის პორტს,“ – თქვა გია აბულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რა ადასტურებს იმას, რომ ბათუმის პორტისა და ტერმინალის მენეჯმენტზე ხელისუფლება ახდენს ზეწოლას? – „თუ დააკვირდებით მენეჯმენტის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, ისინი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვიღაცები მართავენ ამ პროცესს, რომ ამ პროცესზე მთლიანად პასუხისმგებლობას მენეჯმენტი არ იღებს… ზეწოლაზე ღიად მენეჯმენტმა უნდა ისაუბროს,“ – გვიპასუხა გია აბულაძემ.

„ჩვენი ინფორმაციით, მმართველი გუნდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. აქციის მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ ყაზახურ მხარეს სურს გაყიდოს პორტის მართვის უფლება. რას იტყვი ამის შესახებ? რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას გუშინ დაუსვა.

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არსებულ სიტუაციას სამართლებრივად აფასებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები,” – მოგვწერა პასუხად “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” მმართველმა დირექტორმა ბიზნესის მხარდაჭერის დარგში კუანიშ ჟოლდასოვმა.

ამ თემაზე:

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

რა ხდება ბათუმის პორტში – შიმშილობის მესამე დღე

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. პორტის 8 თანამშრომელი მესამე დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 3 აპრილს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა პირობა დადო, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება, მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადადგეს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი.

რას შეცვლის პორტში დირექტორის შეცვლა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” პორტის მცირე მექანიზაციის ჯგუფის უფროსს, თენგიზ სურმანიძეს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შიმშილობს. სურმანიძე ამბობს, რომ დირექტორის “ადამიანურ მიდგომებთან აქვს პრობლემა”.

“12 წელია ეს კომპანია ფლობს ნავსადგურს და მსგავსი სიტუაცია აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო. ის შემთხვევაც დირექტორის გადადგომით დასრულდა. დირექტორის გადადგომას იმიტომ ვითხოვთ, რომ ეს არის დირექტორის პირადი, ხისტი და არასწორი დამოკიდებულების მიზეზი. სხვა არაფერი. ამიტომ გვჯერა, რომ დირექტორის გამოცვლით სიტუაცია დასტაბილურდება,” – ამბობს თენგიზ სურმანიძე.

ამავე თემაზე –  ენმ: ბათუმის პორტსა და ტერმინალს ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს

3 აპრილს, ღამით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ კრიმინალური პოლიცია გამოიძახა იმ მოტივით, რომ მუშები პორტიდან გემის გასვლას უშლიდნენ ხელს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.

ვინ და რატომ უშლიდა ხელს პორტიდან გემის გასვლას, ამ კითხვაზე მუშების პასუხი ასეთია:

“ნავსადგური არის გაფიცული და ითქვა, რომ ყველა სამსახური არის გაჩერებული. გუშინ შეეცადა ადმინისტრაცია, რომ ყულევის ნავსადგურის ბუქსირებით  გაეყვანა გემი. სოლიდარობის ნიშნად სანავსადგურო გემების თანამშრომლებმა გამოხატეს თავიანთი აზრი.  ეს აზრი ის იყო, რომ არ დაემორჩილნენ ისინი განკარგულებას, რომ გემი ყოფილიყო გაყვანილი,” – გვითხრა თენგიზ სურმანიძემ.

რაც შეეხება გაფიცულების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ პორტი შესაძლოა გაკოტრდეს, რადგან ადმინისტრაციის ინფორმაციით, „2018 წელს პორტის პროგნოზირებული ზარალი დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი იქნება“, დასაქმებულები ამბობენ, რომ მენეჯერები ფუფუნებაში ხარჯავენ პორტის შემოსავლებს და მათი ხელფასის წილი ამ ხარჯებში მიზერულია.

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის და პორტის მოშიმშილე თანამშრომლების შეხვედრა 4 აპრილს, დილას.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
04.04.2018

კომერციულმა ბანკებმა საქართველოში ბოლო ხუთ წელში 2,9 მილიარდი ლარი მოიგეს

ბოლო 5 წელში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 2 მილიარდ 953 მილიონ 233 ათასი ლარის წმინდა მოგება ნახეს. ბანკების წმინდა მოგება 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. გასულ, 2017 წელს, ბანკებმა 480 მილიონ 666 ათასი ლარით მეტი მოგება ნახეს, ვიდრე 2013 წელს.

კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2013-17 წლებში:
კომერციული ბანკების წმინდა მოგება / წყარო: ეროვნული ბანკი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ ჯამში უკვე შეადგინა 158 მილიონ 562 ათასი ლარი [ბანკების წმინდა მოგება იანვარში იყო 68 მილიონ 547 ათასი ლარი, ხოლო თებერვალში – 90 მილიონ 15 ათასი ლარი.]

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება დათვლილია ბანკების მიერ მიღებულ მოგებას [მოგება – გადასახადების გადახდამდე და გაუთვალისწინებელ ხარჯებამდე] გამოკლებული გადასახადები და ხარჯები.

გადასახადების გადახდამდე და გაუთვალისწინებელ ხარჯებამდე კი ბანკების მოგებამ, 2013 წლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 3,5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ბანკების აპარატის შენახვას მოხმარდა ჯამში 2,5 მილიარდი ლარი.

2013 წლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით, კომერციულმა ბანკებმა საქართველოს ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით გადაიხადეს 338 მილიონ 252 ათასი ლარი, რაც მათ მიერ ამავე პერიოდში მიღებული წმინდა მოგების 11,4 პროცენტია.

საქართველოში დღეს 16 კომერციული ბანკია.

ამავე თემაზე:

ვემსახურები ბანკს

სროლა YouTube-ს სათავო ოფისში: დაჭრილია 4 ადამიანი, სროლაში ეჭვმიტანილი ქალი მკვდარია

დაახლოებით საათნახევრის წინ Youtube-ს სათავო ოფისის ტერიტორიაზე, რომელიც კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ბრუნოში მდებარეობს, სროლა იყო. როგორც BBC-ი იუწყება, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

სან ბრუნოს პოლიციის ცნობით სროლაში ეჭვმიტანილი ქალი შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სუიციდი ჩაიდინა.

Associated Press-ის ცნობით, სან-ფრანცისკოს მთავარი ჰოსპიტალი სროლის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს მკურნალობს, მათგან ერთ-ერთის, 36 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

The Guardian-ი წერს, რომ პოლიციას არ აქვს დეტალები თავდასხმის მოტივის შესახებ. მათივე ცნობით, სან-ბრუნოს პოლიციის უფროსმა, ედ ბარბერინიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მოტივი ეფიქრა, იქ მეორე მსროლელიც იყო, მაგრამ გამოძიება მაინც გაგრძელდა.

როგორც Euronews-ი წერს, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების შეფასებით, ეს არ არის ტერორისტული აქტი.

 

შსს: ბათუმის პორტში კრიმინალური პოლიცია ადმინისტრაციამ გამოიძახა

ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. შს სამინისტროს ცნობით, პოლიცია პორტის ადმინისტრაციამ გამოიძახა.

„ადმინისტრაციამ გააკეთა შეტყობინება, რომ მუშებს თვითნებურად გადაჰყავდათ პატარა ხომალდები და გასასვლელს ხერგავდნენ, რომ გემს ვერ მოეხერხებინა პორტის დატოვება.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროში.

ბათუმის პორტში მეორე დღეა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით 8 თანამშრომელი შიმშილობს. ამის მიზეზი ადმინისტრაციის მიერ დაანონსებული რეორგანიზაცია გახდა, რის შედეგადაც პორტში დასაქმებულთა გადაცემა სხვა ფირმისთვის იგეგმებოდა აუთსორსინგის გზით. პორტში დასაქმებულებს ეს იდეა არ მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებით ისინი სამსახურებს დაკარგავენ.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ რეორგანიზაცია არ მოხდებოდა, თუმცა პორტში დასაქმებულებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გააგრძელეს. 

ბათუმის პორტის მოგება გასულ, 2017 წელს, მხოლოდ 900 ათასი დოლარი იყო, 2018 წელს კი შესაძლოა ნავსადგურმა  1 მილიონი დოლარის ზარალი ნახოს. ამის შესახებ “ბათუმელებს” საზღვაო ნავსადგურის მმართველმა დირექტორმა ბიზნესის მხარდაჭერის დარგში, კუანიშ ჟოლდასოვმა უთხრა. მის მიერვე მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის შედეგებით, პორტში ნავთობის ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2016 წელთან შედარებით 36%-ით შემცირდა (3.6-დან 2.3 მილიონამდე ტონა წელიწადში). 2018 წლისთვის ნავთობის გადაზიდვების მოცულობის პროგნოზი კი 1.1 მილიონი ტონაა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში [21:33] ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შენობის წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. უცნობია, რა მიზნით იმყოფებიან სამართალდამცავები პორტის შენობაში, სადაც ამ დროისთვის პორტში დასაქმებული 8 თანამშრომელი შიმშილობს.

პორტის დაცვის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, პოლიცია ადმინისტრაციამ გამოიძახა.

„ორი საპატრულო ეკიპაჟი იყო და ერთი პიკაპი. ეტყობა, რომ თანამდებობის პირები არიან, ისეთი მანქანებით არიან მოსული”, – უთხრა  „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა გაფიცულმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, პორტში საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსიც მივიდა.

______________________

ამავე თემაზე: 

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ 

რა ხდება ბათუმის პორტში 

სამეცნიერო კლუბი სკოლის მოსწავლეებისთვის

ბათუმის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სამეცნიერო ცდები ჩაატარონ. ამერიკული კუთხის ტექნიკური მენეჯერის, ზურა მესხიძის განმარტებით, ახალი მასალები მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ცდები ჩაატარონ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე ნანოტექნოლოგიების მიმართულებით.

„ამერიკულ კუთხეში გვექნება კლუბი, Technology Time, რომელიც კვირაობით ორ საათზე იმუშავებს. კლუბს ეყოლება ტრენერი, რომელიც ბავშვებს ცდების ჩატარებას ასწავლის. კლუბში მუშაობა მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც შეუძლიათ“, – გვეუბნება ზურა მესხიძე.

მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ როგორც ინჟინერიის და რობოტექნიკის, ასევე ნანოტექნოლოგიების მიმართულებითაც.

„მაგალითად, როცა ატომს სწავლობენ ქიმიაში, ატომის აგებულება, ბმები მაგნიტებით არის ნაჩვენები და ეს მოსწავლეს თავისი ხელით შეუძლია გააკეთოს, დააკვირდეს პროცესს. ვიზუალურად ეს გაცილებით მარტივი აღსაქმელია, ვიდრე თეორიულად ნასწავლი.

არის ე.წ. ნიუტონის კომპლექტი, სადაც ნახავენ მოსწავლეები, ვთქვათ, ქარის წისქვილებს, ელექტროსადგურებს და ა.შ  შეუძლიათ გააკეთონ ელექტრული წრედები, ინჟინერია ვისაც აინტერესებს, მათაც შეუძლიათ ნაგებობების და მექანიზმების აგება, არქიტექტურა ვისაც აინტერესებს, ისინი კუბიკებით გააკეთებენ ნაგებობებს“, – გვეუბნება ზურა მესხიძე.

ცდებში მონაწილეობა მოსწავლეებს რვა წლის ასაკიდან შეუძლიათ.

ბათუმში ამერიკული კუთხისთვის საცდელი მასალები საქართველოში ამერიკის საელჩომ შეიძინა.

თურქეთში ტელეკომპანია ТРТ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში ტელეკომპანია ТРТ -ეს ახალი ამბებისა და სპორტის დეპარტამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ალი ახმედ ბიოკენს სასამართლომ 9 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობის ბრალდებით.

თურქული მედიის ცნობით, პროკურატურა 15 წლით ითხოვდა მისთვის თავისუფლების აღკვეთას.

სასამართლო პროცესს ანკარაში ბიოკენი და მისი ადვოკატები ესწრებოდნენ. „არაფერი გამიკეთებია ჟურნალისტიკის გარდა, მე ვემსახურებოდი ქვეყანას და ვითხოვ გამართლებას,“ – განაცხადა პროცესზე ბიოკენმა.

ბიოკენი არ არის ერთადერთი თურქი ჟურნალისტი, რომელიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა „ფეტოსთან“ თანამშრომლობის ბრალდებით.  სხვადასხვა ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად, თურქეთში 30-ზე მეტი ჟურნალისტია საპყრობილეში.

2 აპრილს თურქეთში სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა. 

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო ძალებს გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ძალების უკან მუსლიმი იმამი ფეთულა გიულენი და მისი ორგანიზაცია „ფეტო“ დგას.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო „ფეტოსთან“ კავშირისა და ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით.

ადამიანების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თურქეთი არაერთხელ გააკრიტიკეს დაპატიმრებების პროცესში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა პროსტიტუციის გარეშე

გიორგი გ. ერთ-ერთია, ვისაც პროკურატურა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავება. გიორგი გამონაკლისია იმ კუთხით, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

პროსტიტუცია ქართული კანონმდებლობით მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – ჯარიმით ისჯება, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა კი, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. სამართალდამცველებმა სწორედ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს გიორგი გ. ის ანგისას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მესაკუთრის შვილია.

„სამართლებრივი თანმიმდევრობა ასეთია: ჯერ უნდა დადასტურდეს პროსტიტუცია, რომ შემდეგ ვინმეს მიედავო პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაზე,“ – მიიჩნევს ადვოკატი, ედიშერ მახარაძე. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროსტიტუციისთვის არათუ გიორგი გ.-ს სასტუმროში, არამედ ბათუმის რომელიმე სხვა სასტუმროში, სადავო პერიოდში არავინ დაუჯარიმებიათ.

„მე ოფიციალურად გამოვითხოვე ინფორმაცია სასამართლოსგან რამდენიმე თვეზე, რომელზეც ედავებიან გიორგის, რომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ჰქონდა ადგილი მის სასტუმროში. ამ პერიოდში ადმინისტრაციული სახდელი არც ერთ ადამიანს არ დადებია პროსტიტუციისთვის, ანუ არავინ დაჯარიმებულა. ეს უკანონო ბრალია. არ ვიცი, ეს ვის ინტერესებში შედის – პროკურატურის თუ პოლიციის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აჩვენებს კომპეტენციის პრობლემას,“ – გვითხრა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ.

ადვოკატი სასამართლო პრაქტიკაზეც აკეთებს აქცენტს. იგი აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით, ძირითადად, ამ მუხლით დაწყებული საქმეები სასამართლოში ბრალის აღიარებით და საპროცესო შეთანხმებებით სრულდება.

„ასე არ მოხდა ახლა. ვნახოთ, რა განაჩენი დადგება,“ – დასძენს ადვოკატი.

ბრალდებული გიორგი გ. სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული. გიორგი ამბობს, რომ სასტუმრო ადრეც და ახლაც იჯარით ჰქონდა გაცემული და თავად სასტუმროს არ მართავს.

სასამართლოს უკვე მისცეს ჩვენება პროკურატურის მოწმეებმა. ადვოკატის თქმით, ძირითადად ქალებმა, რომლებმაც თქვეს, რომ ფულის მიღების სანაცვლოდ კონკრეტული სასტუმროს ნომერში სექსი ჰქონდათ.

„მოწმეებს არ უთქვამთ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციას უხდიდა ვინმე ფულს სექსუალური ურთიერთობის მიღების სანაცვლოდ. მოწმეებმა თქვეს, რომ ისინი ადმინისტრაციას უხდიდნენ ფულს მხოლოდ ოთახის ქირაში. სასტუმროში ოთახის გაქირავება კი, ჯერჯერობით, დასჯადი არ არის,“ – აღნიშნავს ედიშერ მახარაძე.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მხოლოდ მოწმე პოლიციელის ჩვენება მოისმინა, ვინც გამოძიების ეტაპზე ერთ-ერთი ქალი გამოკითხა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს.

 

 

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხანძარი ჩააქრეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის #130-ში, მრავალბინიანი სახლის მეოთხე სართულზე ხანძარი ჩააქრეს.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დახმარება გამოიძახეს ამ სახლის მეხუთე სართულზე, სადაც   „კვამლის გამო შეწუხდნენ“. საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

 

მთავარი ფოტო: როინ გუნდაძე / ხანძარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [#130]

„ათინათი“-ში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

დღეს, 3 აპრილს, სტუდია „ათინათი“-ში მოეწყო სააღდგომოდ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

პატარების თვალწინ შექმნილი ულამაზესი ექსპონანტები მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი სააღდგომო სუფრის დასამშვენებლად შეიძინეს.

სტუდია „ათინათი“ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის შეხვედრებისთვის ემზადება, რომელიც 16-22 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება. ნაკრები 3-13 აპრილის ჩათვლით ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე გადის შეკრებას.

ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 14 აპრილს გაემგზავრება.

ნაკრების შემადგენლობა:
№1 – ამბროლავა კახა (მეკარე)
№23 – დავითაშვილი მიხეილ (მცველი)
№7 – დუმბაძე ვიტალი (ფორვარდი)
№21 – ფილიმონოვი გრიგორი (ფორვარდი)
№8 – გეფერიძე ამირანი (მცველი)
№4 – ღონღაძე ზაზა (ფორვარდი)
№20 – ილიენკო ანდრეი (მეკარე)
№3 – ჯეირანაშვილი გიორგი (მცველი)
№5 – კავკასიძე პაატა (ფორვარდი)
№2 – ხარიზოვი სემიონი (ფორვარდი)
№19 კოზიულინი არტიომი (ფორვარდი)
№6 – კურბატოვი არტიომი (მცველი)
№12 მინასიანი დავითი (მცველი)
№16 – ობოლგოგიანი ოლივერი (ფორვარდი)
№22 – ოგანეზიანი დავითი (ფორვარდი)
№9 – ოგანეზიანი გია (ფორვარდი)
№24 – შალუნოვი მიხაილი (ფორვარდი)
№17 – შვეცოვი ივანი (ფორვარდი)
№25 – სმეტანინი დიმიტრი (ფორვარდი)
№18 – ცომაია რევაზი (მცველი)
№13 – ვასილჩენკო ალექსანდრე (ფორვარდი)
№15 – ვედიაპინი თემური (ფორვარდი)
№10 – ჟუჟუნაშვილი ალექსანდრე (ფორვარდი)
მთავარი მწვრთნელი: სვანიძე როლანდი
მწვრთნელის ასისტენტი: ჯეირანაშვილი გოჩა

სახელმწიფოს განაჩენი 6 წლის გიორგის, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება

გიორგი 6 წლისაა. მას დაბადებიდან სხვადასხვა დაავადება აქვს – უჭირს მეტყველება, გადაადგილება, ჭამა… გიორგის არასდროს უვლია საბავშვო ბაღში. მას ბათუმში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრში დარჩენაზეც უარი უთხრეს.

რას სთავაზობს გიორგის სახელმწიფო? – საბოლოო პასუხი, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მივიღეთ, არის ის, რომ გიორგი უნდა დაელოდოს, როდის გამოჩნდება ვინმე, ვინც მას მინდობის წესით მიიღებს.

„დღის ცენტრის დირექტორი მეუბნებოდა, ბავშვი როცა 6 წლის გახდება, მოიყვანე და დავიტოვებთო. ახლა გიორგი 6 წლისაა, მაგრამ მის დატოვებაზე იმავე დირექტორისგან კატეგორიული უარი მივიღე. მითხრა, რომ კანონი შეიცვალა და ეპილეფსიით დაავადებული ბავშვის დატოვების უფლება აღარ აქვს,“ – გვითხრა გიორგის დედამ, მარინა ჭაღალიძემ.

მარინა მარტოხელა დედაა. დედა-შვილის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა.

„სააგენტოში მეუბნებიან, რომ არ მოიძებნა პირი, ვინც გიორგის მინდობით აღზრდაში აიყვანს. ელოდებიან, როდის გამოჩნდება პირი, რომელიც შშმ ბავშვს მინდობით აღზრდაში აიყვანს. მე მინდა ვიმუშაო და ბავშვს მივხედო. თუ ეს მოხერხდება, აღარ მენდომება მინდობით ბავშვის გადაცემა… ძალიან გვიჭირს. ნაქირავები ბინაც შევიცვალე და ახლა ამის გამო სოციალური შემწეობა შეჩერებული მაქვს. მეც სამკურნალო ვარ… მხოლოდ პენსიას ვიღებ და უფასო სასადილოდან მომაქვს საჭმელი. ბავშვს კიდევ იმდენი რამ უნდა… ძალიან დავიღალე. მეშინია არ დავეცე,“ – ამბობს მარინა ჭაღალიძე.

„ამ ბავშვს ვერ დავიტოვებთ დღის ცენტრში, რადგან, პირველ რიგში, ეს იქნება ბავშვის უფლების დარღვევა,“ – აღნიშნავს ნანა საყვარელიძე, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ ხელმძღვანელი. იგი განმარტავს, რომ 2015 წელს კანონი შეიცვალა და შშმ ბავშვები დაიყო საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე დაავადების მქონე პირებად. ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გიორგის მისაღებად ცენტრში შესაბამისი პირობები არ აქვს, რადგან გიორგის დაავადებები „ძალიან მძიმედ“ არის შეფასებული.

„მაგალითად, ძალიან მძიმე კატეგორიის ბავშვს, როგორიც გიორგია, დღეში მინიმუმ ერთი მომვლელი სჭირდება. ჩვენთან კი ერთი მომვლელი უვლის 6 ბავშვს. გარდა ამისა, უნდა მუშაობდეს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, უნდა არსებობდეს ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია… გიორგის ამ ეტაპზე არ აქვს ვაუჩერი სახელმწიფოსგან და რომც ჰქონდეს, ჩვენ მას ვერ დავიტოვებთ, რადგან რამე რომ მოხდეს, ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს,“ – გვითხრა ნანა საყვარელიძემ.

რას სთავაზობს 6 წლის გიორგის და მის დედას სახელმწიფო? – სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გიორგის ადგილზე მოვლა სჭირდება და ის დღის ცენტრით ვერ ისარგებლებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ მომსახურების მიღება მოქალაქეს ბათუმის მერიაში შეუძლია. ბათუმის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ადგილზე მოვლის პროგრამა მხოლოდ უსინათლო და ეტლით მოსარგებლე პირებს ეხება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში ვერ დაგვიზუსტეს, კონკრეტულად რა პროგრამით შეიძლება ისარგებლონ გიორგიმ და მისმა დედამ –  მარინა ჭაღალიძემ. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ შშმ ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი უფრო მეტი გამოჩნდება, ვიდრე აქამდე, რადგან დაფინანსება ამ კუთხით წელს გაზარდეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ,,მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის პროგრამა“ 2015 წლიდან ხორციელდება. ეს გულისხმობს 7-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ბინაზე. პროგრამა მხოლოდ თბილისში [43 ბენეფიციარი], თელავსა და ზუგდიდში [10-10 ბენეფიციარი] ხორციელდება.

სახელმწიფო თითოეულ ბენეფიციარზე, ვისაც ბინაზე მოვლა სჭირდება, თვეში 300 ლარს ხარჯავს. სააგენტოში არ აქვთ პასუხი, რის გამო არ გამოჩნდა აქამდე ბათუმში ან საქართველოს სხვა ქალაქში რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ სერვისს შექმნიდა და სახელმწიფოსგან თვეში 300-ლარიან ვაუჩერს მიიღებდა:

„ამ ეტაპზე შესაბამისი მოთხოვნით არ მოუმართავთ აჭარიდან ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სერვისისთვის საჭირო მოთხოვნებს და ჰყავთ კვალიფიციური კადრი სერვისის მიწოდებისთვის. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო მომსახურებისა და ღონისძიებების განხორციელებას კვალიფიციური ადამიანური რესურსითა და შესაბამისი  სპეციალისტებით და ამასთან, დააკმაყოფილებს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის  წლის სახელმწიფო პროგრამის” მოთხოვნებს, შეუძლია მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირდეს სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში და განახორციელოს აღნიშნული სერვისი,“ – წერილობით აცნობეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

სოციალური სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე ბენეფიციარის მოვლაში იგულისხმება:

„ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერება და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობა; ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე, ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად მომვლელის – განვითარების სპეციალისტის – და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტების: ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის, სოციალური მუშაკის – მომსახურებას. ასევე ექიმები მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში აკვირდებიან ბავშვის განვითარებას, ქცევას, კვების რეჟიმს.“

 

პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები მმართველი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ. დღეს, 3 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, მოლაპარაკება მხარეებს შორის არ შედგა.

“არ გვაინტერესებს დირექტორმა რა თქვა, მოვითხოვთ, რომ გადადგეს. მოლაპარაკებას მხოლოდ იმ ადამიანთან გავმართავთ, ვინც მის ნაცვლად მოვა,” – ასეთია მოშიმშილეთა  პოზიცია ამ დროისთვის. ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

თავის მხრივ, ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ.

“ნავსადგურის მმართველი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით მოაგვაროს შექმნილი ვითარება. ასევე არსებული საკითხების განსახილველად სთავაზობს ერთობლივი ჯგუფის შექმნას, მედიაციას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუმენტებს. ნავსადგურის ადმინისტრაცია კოლექტივთან და პროფკავშირთან ატარებს გაცნობით შეხვედრებს ნავსადგურში მიმდინარე ღონისძიებებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ”, – ნათქვამია პრესრელიზში.

კონფლიქტი და დაძაბულობა პორტის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის 29 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ამ დღეს პორტის პროფკავშირებიდან (რომელშიც გაწევრიანებული არიან პორტში დასაქმებულები) ადმინისტრაციამ წერილი მიიღო.

წერილში პროფკავშირები ითხოვდა – სამსახურში აღედგინათ გათავისუფლებული პენსიონერები, მიეცათ დასაქმებულთათვის სადღესასწაულო პრემია, გადაეხედათ სადაზღვევო პაკეტისთვის, გაზრდილიყო პორტში დასაქმებულთა ხელფასები და, რაც მთავარია, შეჩერებულიყო რეორგანიზაცია – პორტს არ გადაეცა სხვადასხვა განყოფილება აუთსორსინგზე.

მოლაპარაკებების გამართვის მიუხედავად, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 2 აპრილს, დილით, პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ, 12 ადამიანმა კი შიმშილობა დაიწყო. 3 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში 8 ადამიანი შიმშილობს.

ბათუმის ნავთობტერმინალსა და საზღვაო ნავსადგურს 49 წლის ვადით  “Batumi Industrial Holding Ltd”-ი ფლობს. ამასთან, “ბათუმის პორტის” აქციების 100%-ის მართვის ექსკლუზიური უფლება  “ბათუმის ნავთობტერმინალს” ეკუთვნის.

ამავე თემაზე:

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

 

ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი

გარე დაკვირვების წესში ცვლილება შედის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი მაჩაბლის განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, დაკვირვების მექანიზმი მოქნილი ხდება. მისი თქმით, ცვლილების საჭიროება  პილოტირებამ აჩვენა, რომელიც გასულ წელს ორ რეგიონში ჩატარდა. ცენტრის დირექტორი ასევე საუბრობს მექანიზმზე, რომელიც დირექტორს საშუალებას აძლევს, სკოლიდან გაუშვას პედაგოგი, რომელიც პროფესიულად ვერ ვითარდება.

ბატონო გიორგი, რაში გამოიხატება გარე დაკვირვების გამარტივება?

ცვლილებები ძირითადად შეეხო მონაწილეებს. თუკი ადრე გარე დაკვირვებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, ახლა გარე დაკვირვების შეფასება მხოლოდ ერთ დამკვირვებელს, ცენტრის წარმომადგენელს შეეძლება. გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელსაც აკვირდება. გარე დამკვირვებელი შეიძლება იყოს როგორც პედაგოგი, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ოღონდ წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება. თუმცა გაკვეთილზე დასწრება შეუძლია როგორც რესურსცენტრის წარმომადგენელს, ასევე ფასილიტატორს.

გაკვეთილის შეფასებაში შეიცვალა რამე? ადრე 32 ქულით ფასდებოდა გაკვეთილი.

არა, იგივეა. მაქსიმალური შეფასების ქულა არის 32, მინიმალურის – 24 ქულა. მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა მოიხსნა, რადგან ამ დაკვირვებას არ აქვს განმავითარებელი, განმსაზღვრელი შეფასების ფუნქცია.

თუკი გარე დაკვირვება არ შეფასდება დადებითად, რა ხდება მაშინ?

გარე დაკვირვება, ეს არის აუცილებელი აქტივობა, რომელიც საჭიროა შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.

როგორც ვიცი, ახალი კომპონენტია ის, რომ მასწავლებელს შედეგის გასაჩივრების უფლება ეძლევა.

დიახ, ეს ერთ-ერთი სიახლეა. რადგან შეფასებაში მხოლოდ ერთი დამკვირვებელი მონაწილეობს, მასწავლებელს უფლება აქვს, გაასაჩივროს თუკი არ ეთანხმება დასკვნას. ამისთვის მან ცენტრს უნდა მიმართოს. გასაჩივრებისთვის ის 50 ლარს გადაიხდის, მაგრამ თუკი საჩივრის განხილვის შემდეგ მომჩივანის სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თანხა პედაგოგს უკან დაუბრუნდება.

როგორც ვიცით, გარე დაკვირვებაში პედაგოგი კრედიტქულასაც იღებს. როდის შეუძლია მას გარე დაკვირვების გაკვეთილის გამეორება, თუკი პირველი შეფასება არ იქნება დადებითი?

მომდევნო წელს შეუძლია დარეგისტრირება და გარე დაკვირვების მოთხოვნა. თუკი იმავე წელს მოისურვებს, მაშინ ხარჯები პედაგოგმა თვითონ უნდა დაფაროს.

სქემაში შესული ცვლილებების მიხედვით, პედაგოგი არ კარგავს ერთხელ მიღებულ სტატუსს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი არ გაივლის გარე დაკვირვებას? სტატუსი ხომ ისედაც უნარჩუნდება?

დიახ, მასწავლებელი სტატუსს არ კარგავს, მაგრამ  აუცილებელი აქტივობების ჩამონათვალი შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია ის, რომ დააკვირდებიან პედაგოგების პროგრესს, თუ რას აკეთებენ ისინი თავიანთი სტატუსის ფარგლებში. დირექტორებს მიეცემათ სერიოზული ბერკეტი, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ამა თუ იმ პედაგოგის სკოლაში დარჩენის თაობაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორს უფლება ეძლევა მასწავლებელი სკოლიდან გაუშვას?

დირექტორს შეუძლია შეაფასოს ამა თუ იმ მასწავლებლის პროგრესი ან რეგრესი, იგივე შეფასების ჯგუფის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუკი დაფიქსირდება, რომ არავითარი პროგრესი არ არის მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში და პედაგოგი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს, დადგება მისი სკოლიდან გაშვების საკითხი.

მასწავლებლის  პროფესიული განვითარების შეფასება დირექტორსაც შეუძლია, რადგან მას აქვს ამის ბერკეტები. დირექტორებს უტარდებათ ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების  სერიოზული კურსები, ე.წ. ლიდერობის აკადემია, რომლის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ როგორ მართონ სასწავლო პროცესი.

ამ „შესაბამის შესრულებაში“ შედის გარე და შიდა დაკვირვებაც?

რა თქმა უნდა. ეს იქნება სრული სურათი, შევაფასოთ ესა თუ ის პიროვნება, როგორ ზრუნავს საკუთარი თავის და მოსწავლის განვითარებაზე. მათ შორის გათვალისწინებული იქნება  მათი მოსწავლეების შედეგიც.

ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში იქნება ის, თუ როგორ ზრუნავს ის თავის და მოსწავლეების განვითარებაზე.

მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში რჩება პრაქტიკოს მასწავლებლად, ან თუნდაც უფროს მასწავლებლად, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის განვითარებაზე ნაკლებად ზრუნავს. რამდენი ხანი შეიძლება იყოს მასწავლებელი პრაქტიკოსის სტატუსით?

ასეთი ვადა განსაზღვრული არ არის, მაგრამ პრაქტიკოსს, სქემის მიხედვით, აქვს განსაზღვრული კონკრეტული და აუცილებელი შესასრულებელი პირობები. ადრე სამი წელი ჰქონდა ამისთვის, ახლა ეს ვადები მოიხსნა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრი პედაგოგი ვერ აბარებდა საგნობრივ გამოცდას. სახელმწიფომ გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მოუხსნა მათ. ახლა არც მათ სტატუსს ემუქრება რამე. თუ საგნის გამოცდის ჩაუბარებლობა არ არის პედაგოგის განვითარების მაჩვენებელი, მაშინ რა საზომი რჩება მისი პროფესიონალიზმის განმსაზღვრელად?

მე ეჭვი მეპარება, რომ მასწავლებელი, რომელიც ვერ აბარებს თავის საგანს, კარგი მასწავლებელი იყოს. თუ გარკვეული ეტაპების შემდეგ პედაგოგს არ ექნება პროფესიული წინსვლა, სამინისტრო მუშაობს და იქნება ძალიან კონკრეტული, იურიდიულად გამართული მექანიზმი, რომელიც კანონშიც შევა და სკოლას მიეცემა შესაძლებლობა, დაემშვიდობოს ასეთ მასწავლებელს. ჩვენ გავუხსნით კარს ახალგაზრდებს, გაიზრდება კონკურენცია  და ასეთ პედაგოგებს ექნებათ ადგილის შენარჩუნების პრობლემა.

ასე, რომ ვალდებულებების მოხსნა არ ნიშნავს, რომ მათ აღარ იზრუნონ განვითარებაზე.

ფაქტია, რომ სკოლა ვერ უშვებს პედაგოგს, რომელიც  წლებია სკოლაშია, მაგრამ ვერც გამოცდას აბარებს და ვერც სტატუსს იცვლის.

ამ მიმართულებითაც ვამუშავებთ პოლიტიკას განათლების სამინისტროსთან ერთად. ვმუშაობთ საპენსიო პოლიტიკის განსაზღვრაზე, თუ როგორ  დავაფასოთ ღვაწლმოსილი პედაგოგები და, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ეს ცვლილებაც განხორციელდება.

„ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ საპენსიო პოლიტიკაზე  სამინისტროში არ მსჯელობენ.  

ჩვენ შეხედულებებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ამაზე შიდა სტრუქტურული მუშაობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს საკითხებიც დარეგულირდება. ეს არის კომპლექსური საკითხი და მიდგომა  კომპლექსურად უნდა შევიმუშავოთ.

 

 

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები სარფში

28-31 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, დღეს გაავრცელა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების: მ.შ-სა და ა.შ-ს  ფიზიკური დათვალიერებისას, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ოქროს ნაკეთობათა წონამ ჯამში 623,64 გრამი, ვერცხლის ნაკეთობებმა კი,  821,83 გრამი შეადგინა.  საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება, საერთო ჯამში, 38,840.29 ლარია.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აშშ-ის არქივში დაცული საიდუმლო დოკუმენტები აფხაზეთთან დაკავშირებულ არეულობაზე 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მალე 29 წელი შესრულდება.  საბჭოთა კავშირის სადამსჯელო საჯარისო ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 29 წლის წინ, გამთენიისას დაარბიეს.

ორი წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს.

დოკუმენტები, რომლებიც წლების განმავლობაში გრიფით – საიდუმლო ინახებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში, გამოითხოვა IDFI-ს პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივმა.

დოკუმენტები ეხება არამარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია.

ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელშიც განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე მოვლენები, 1989 წლის 6 აპრილის მოხსენებაა სათაურით – „პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით“. ეს მოხსენება სახელმწიფო დეპარტამენტში 6 აპრილს გაუგზავნიათ, მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოდან.

დოკუმენტის შემდგენი წერს:

[red_box]აფხაზეთის კომპარტიის თავმჯდომარე: სტატუს-კვოს შეცვლა[/red_box]

15 მარტს აფხაზეთის კომპარტიის პირველმა მდივანმა ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც მოითხოვდა აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას ან პირდაპირ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადაცემას. იუწყება ქართველი დისიდენტი (ეს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 17% არის ეთნიკურად აფხაზი).

ქართული დამოუკიდებლობის ზოგიერთი წამყვანი აქტივისტი მიიჩნევს, რომ ადლეიბას ქმედებას მოსკოვიდან მფარველობენ, ქართული ეროვნული მოძრაობის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დასაზიანებლად. აქტივისტების აზრით, ადლეიბა ვერ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე.

ზოგიერთმა ქართველმა აქტივისტმა თქვა, რომ ისინი ხედავდნენ ადლეიბას პოლიტიკურ ოპორტუნისტად და არა აფხაზ ნაციონალისტად. მეორე მხრივ, მოსკოველმა ინტელექტუალმა თქვა, რომ როგორც ქართველი მეგობრისგან გაიგო, ადლეიბამ პეტიციას ხელი იძულებით მოაწერა. უარი რომ ეთქვა, პეტიციონერები ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებას მოაწყობდნენ, რომ მის წინააღმდეგ მიეცათ ხმა არჩევნებში სახალხო დეპუტატთა კონგრესზე (5 აპრილს “იზვესტიამ” დაადასტურა, რომ ადლეიბა აირჩიეს).

[red_box]ქართველი ნაციონალისტები მოსკოვის ხელს ხედავენ[/red_box]

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) წყაროებზე დაყრდნობით, 25 მარტს, ათობით ათასი ქართველი მარშირებდა თბილისის ცენტრში მთავრობის სახლთან. როგორც ისინი ამბობდნენ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია საქართველოსგან აფხაზეთის ჩამოცილებისკენ.

[red_box]სროლა აფხაზეთში მასობრივ დემონსტრაციაზე[/red_box]

შეტყობინებების თანახმად, ქართველმა აქტივისტებმა, მათ შორის მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ და გიორგი ჭანტურიამ, სოხუმში (აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქი) 31 მარტს ორგანიზება გაუწიეს პროქართულ დემონსტრაციას იმის საჩვენებლად, რომ აფხაზეთის გამოყოფას მოსახლეობაში სუსტი მხარდაჭერა აქვს. პირველ აპრილს, სოხუმის გარდა აფხაზეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა პროქართული დემონსტრაციები, მათ შორის ლესელიძეში.

შეტყობინებების თანახმად, აფხაზების ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ავტობუსს, სადაც ისხდნენ პროქართველი დემონსტრანტები. ქართულ დისიდენტურ წყაროებზე დაყრდნობით, ლესელიძეში დემონსტრანტების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევდა. როგორც იუწყებიან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი კრიტიკულადაც.

ქართველი აქტივისტები ირწმუნებიან, რომ თავდასხმა, ადგილობრივი (გუდაუთას) რაიკომის პირველი მდივნის ოზგანის მიერ იყო ორგანიზებული. იგივე წყაროები ირწმუნებიან, რომ აქვთ ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ ხვდება ოზგანი იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს (ჩვენ არ გვინახავს ეს ფოტოები და არ შეგვიძლია დავადასტუროთ მათი ნამდვილობა).

„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ წყაროებზე დაყრდნობით, როგორც იუწყებიან, 4 აპრილს რამდენიმე ათეული ათასი დემონსტრანტი  შეიკრიბა თბილისის მთავრობის სახლთან. შეტყობინების თანახმად, 5 აპრილს მათი რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა. დაახლოებით 100-მა ადამიანმა, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) ლიდერმა გიორგი ჭანტურიამ და ახლად შექმნილი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა, ირაკლი წერეთელმა შიმშილობა დაიწყეს. შეტყობინების თანახმად, დემონსტრანტები  მოითხოვდნენ:

– ადლეიბას გადადგომას;

– ოზგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას;

– და “მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის” დასრულებას

[red_box]როგორც იუწყებიან, თბილისი პარალიზებულია[/red_box]

როგორც იუწყებიან, თბილისი აპრილში “უმეტესწილად” პარალიზებული იყო.

უნივერსიტეტმა, ისევე როგორც სკოლების უმეტესობამ და ინსტიტუტებმა, ჩვენი წყაროების ცნობით, შეაჩერეს მუშაობა. დაიხურა მეცნიერებათა აკადემია და როგორც იუწყებიან, დაახლოებით ნახევარი რესპუბლიკის გადაზიდვებისა შეჩერებულია. თბილისის საავიაციო ქარხნისა და ელექტროსადგურის მუშები გაიფიცნენ; ანალოგიურად თბილისის ელექტროსადგურისა.

იუწყებიან, რომ 5 აპრილის მდგომარეობით, ქართულ მედიას თითქმის არ გაუშუქებია დემონსტრანტები. შეტყობინების თანახმად, სოხუმის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებიც გაიფიცნენ, 2 აპრილს ცეცხლის გახსნის ინციდენტის გასაპროტესტებლად.

აკადემიკოსმა სახაროვმა (დაცულია) 3 აპრილს ნატოს ელჩს შეატყობინა, რომ იმ ქართულმა წყაროებმა, რომელთაც იგი სანდოდ მიიჩნევდა, შეატყობინეს, რომ აპრილის პირველი უქმეებისთვის, თბილისიდან აფხაზეთში გაიგზავნა ჯარისკაცები, რათა თავიდან აეცილებინათ ეთნიკური დაძაბულობის ნიადაგზე იქ წარმოქმნილი შესაძლო ეთნიკური დაპირისპირება. ქართული დისიდენტური წყაროებიც იმავეს იუწყებიან. 

სახაროვმა ასევე დასძინა, რომ, როგორც გაიგო, სოხუმში, 31 მარტს ანტიქართული დემონსტრაცია გაიმართა და მან პარალელი გაავლო აფხაზეთში არსებულ სიტუაციასა და მთიან ყარაბაღში, 1987 წლის ბოლოს არსებულ სიტუაციებს შორის, ანუ მანამ, სანამ ყარაბახის კრიზისი გამძვინვარდებოდა.

მოხსენების ავტორი ტექსტის ბოლოს ადრესატებს მოუწოდებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეჭვგარეშეა საქართველოში გარკვეული დაძაბულობა ეთნიკურობის ნიადაგზე, ისინი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას, რადგან ინფორმაციის წყაროები წარსულში მიდრეკილნი იყვნენ ფაქტების გაზვიადებისკენ.

“ეროვნული მოძრაობა”, ფოტოს ავტორი: გივი ნახუცრიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:

აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ

სასწრაფოდ იყიდება მიწის ნაკვეთი

ქ.ბათუმიდან 6 კმ-ში. ზღვიდან 2 კმ-ში (ბ.ნ.ზ.)სარიტუალო დარბაზ ,,სამოთხე”-დან დაახლოებით 500/600 მეტრში.შემოღობილი ბაღი ციტრუსის ნარგავებით, მოასფალტებული გზა, ბუნებრივი გაზი. სახლის აშენების პერსპექტივით.

2000 კვ/მ. გაფორმებულია საჯარო რეესტრში.

ფასი: 1 კვ/მ. 53  ლარი.

მობ: 574 07 55 48

 

ადამიანით ვაჭრობის მორიგი შემთხვევა გონიოში – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს ტრეფიკინგის საქმეს. პროკურატურის ვერსიით, ადამიანით ვაჭრობის შემთხვევა ამჯერად გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა. ბრალდებული დ. რ. ბრალს არ აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის ივლისში ბათუმში მოტყუებით ჩამოიყვანა უზბეკეთის მოქალაქე და იგი იძულებით სექსინდუსტრიაში ჩააბა, ანაზღაურებას კი, თვეების განმავლობაში თვითონ იღებდა.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე. ვერც ერთი მოწმე ამას ვერ დაადასტურებს,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, გელა ჩივაძე. მისი თქმით, ბრალდებული და პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეული ქალი გონიოში, ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ, დაზარალებულს კი, ქირის გადახდა არ სურდა.

„ის გოგო როცა ბათუმში ჩამოვიდა, დ-სთან მივიდა სახლში. შეთანხმებული იყვნენ, რომ 150-150 დოლარს გადაიხდიდნენ სახლში. თვეების განმავლობაში დაზარალებული ამ ქირას ვერ იხდიდა და მხოლოდ ამ თანხის დაბრუნებას ითხოვდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,“ – აღნიშნავს ადვოკატი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მოატყუა უზბეკეთის მოქალაქე, რომ მას რესტორანში მზარეულად ამუშავებდა. პროკურატურას სასამართლოში 18 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის, პოლიციელები.

რატომ მიმართა დაზარალებულმა პოლიციას, თუკი ბრალდებული მისგან მხოლოდ საცხოვრებლის ქირის გადახდას ითხოვდა? – ადვოკატმა გვითხრა, რომ დეტალებზე ახლა ვერ ისაუბრებს, რადგან სასამართლო პროცესი დახურულია. „დანარჩენს სასამართლო დაადგენს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ადასტურებს არაფერს,“ – გვითხრა მან.

ტრეფიკინგის საქმეზე დღეს, 3 აპრილს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ყველა მტკიცებულების, რასაც პროკურატურა ამ პროცესზე წარმოადგენს, სადავოდ მიჩნევას მოითხოვს. ამ შემთხვევაში სასამართლოს ყველა მოწმის ჩვენების მოსმენა მოუწევს.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. ადვოკატი გელა ჩივაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „ბრალდებული შეუძლოდ გახდა“.

აქვს თუ არა პროკურატურას დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ტრეფიკინგის რომელიმე სხვა შემთხვევაზე? „სხვა მიმდინარე საქმე არ გვაქვს,“ – გვითხრა დახურულ პროცესზე შესვლამდე საქმის პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ.

საქართველოში 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 26 517-ით ნაკლები ავტომობილი შემოვიდა

იმოქმედა თუ არა აქციზის ფასების გაზრდამ ავტომობილების იმპორტზე? – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში შემოტანილია 61 496 მსუბუქი ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 26 517 ავტომობილით ნაკლებია.

ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა უმნიშვნელო კლებაა ფასში. თუ 2016 წელს ავტომობილების იმპორტმა ჯამში 477 040 200 აშშ დოლარი შეადგინა, გასულ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 476 671 600 აშშ დოლარი იყო.

ამ მონაცემებს უხეშად თუ შევადარებთ, საშუალოდ, 2016 წელს შემოტანილი ერთი ავტომობილის ფასი 5 420 დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს გაცილებით მეტი – 7 751 დოლარი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ორ თვეს [იანვარი-თებერვალი], საქართველოში შემოტანილია 7 418 მსუბუქი ავტომობილი, რაც 5 069 ავტომობილით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის იანვარ-თებერვალში.

მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდა. შესაბამისად, გაძვირდა ავტომობილების განბაჟების ტარიფიც.

მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთი გაიზარდა ავტომანქანის ასაკისა და ძრავის მოცულობის მიხედვით. ავტომობილის განბაჟება კი მოიცავს აქციზისა და საბაჟო გადასახადს. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანის აქციზის გადასახადი გასამმაგდა, თუმცა ჰიბრიდული ავტომობილებისთვის კი აქციზის გადასახადი შემცირდა.

გამოთვალე რა ღირს მანქანის განბაჟება

საქართველოში შემოტანილი ავტომობილის განბაჟება აუცილებელია 60 დღის განმავლობაში. თუმცა მეპატრონეს შეუძლია ეს ვადა კიდევ 30 დღით გაახანგრძლივოს. 60-დან 90-დღემდე კი გადასახდელი იქნება 1 ლარი ყოველ ერთ დღეზე. 90 დღის განმავლობაში ავტომობილი თუ არ განბაჟდება, მეპატრონემ უნდა მოახდინოს მისი რეექსპორტი, ანუ გაიტანოს ქვეყნიდან.

როგორ უნდა გაიგოთ მარტივად, თუ რა ღირს თქვენი ავტომობილის ან მოტოციკლის [მოპედის] განბაჟება? – ამისთვის შემოსავლების სამსახურს აქვს ავტო/მოტო განბაჟების გამომთვლელი, სადაც შეგყავთ მონაცემები და პროგრამა ფასს ავტომატურად ანგარიშობს. გამოთვლილ თანხას კი ემატება 200 ლარი [დეკლარირებული ავტომობილის გაფორმების მომსახურება – 150 ლარი, საბაჟო დეკლარაციის შევსება – 30 ლარი და საექსპერტო შემოწმების აქტი – 20 ლარი].

გადასახადია ასევე შიდა ტრანზიტულ სარეგისტრაციო ნიშანზეც, რომელიც გაიცემა დროებით და მოქმედებს ქვეყნის შიგნით. ტრანზიტის საფასური – ერთი სრული დღით სარგებლობისათვის – 1 ლარია.

ავტოგანბაჟების გამომთვლელი იხილეთ ბმულზე.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილის განბაჟებისას საქართველოს მოქალაქეები შეღავათებით არ სარგებლობენ.

იმპორტირებული ავტომობილები გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ბათუმის პორტის მიმდებარედ / „ბათუმელების“ ფოტო
Exit mobile version