მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„პრემიის ჩარიცხვამდე ქუჩას არ დავხვეტთ“- ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

04.04.2018 • 3971
„პრემიის ჩარიცხვამდე ქუჩას არ დავხვეტთ“- ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

ქობულეთში სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობაზე უარს აცხადებენ მანამ, სანამ ყოველკვარტალური პრემია არ ჩაერიცხებათ. დღეს ქობულეთის გამგეობასთან მეეზოვეებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ქობულეთს არ დაასუფთავებენ, სანამ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

მეეზოვეების ხელფასი 280 ლარია, პრემიის სახით ისინი სამ თვეში ერთხელ ხელფასის 100 პროცენტს იღებდნენ. წელს მეეზოვეებს ქობულეთში ჯერ არც ხელფასი მომატებიათ და ვერც პრემიას მიიღებენ.

ნატალია რამიშვილი ამბობს, რომ შვიდი წელია ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში მუშაობს და ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან პრემია ვერ მიიღო.

„ჩვენ ვითხოვთ კუთვნილ კვარტალურ პრემიას. 7 წელია ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე ყველა სამ თვეში ვიღებდით პრემიას. გარდა ამისა, ვითხოვთ კვირაში ერთ დასვენების დღეს. კანონით გვეკუთვნის დასვენება, მაგრამ ვერ ვისვენებთ, არ გვეუბნებიან რატომ არ გვასვენებენ. სანამ პრემია არ ჩაირიცხება, სამსახურში არავინ გამოვა. ყველა გაფიცულია, არც ერთმა მეეზოვემ არ დახვეტა ქუჩა,“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოიძებნა მეეზოვეების პრემიისთვის თანხა ბიუჯეტში.

ქობულეთის სანდასუფთავებაში 211 ადამიანი მუშაობს. ა(ა)იპ-ის დირექტორი, სულიკო ბლადაძე ამბობს, რომ მის თანამშრომლებს არ მოსწონთ პრემიის გაუქმების და წლის განმავლობაში ხელფასზე გადანაწილების გადაწყვეტილება.

„რომ ამოქმედდა მუხლი, პრემიები დანამატებში უნდა გადასულიყო, პრემია გაუქმდა და ხელფასზე გადანაწილდა, ანუ რაც ეკუთვნოდათ წელიწადში პრემია, ის უნდა გადანაწილდეს ხელფასზე. ამბობენ, რომ ეს არ მოსწონთ. ქობულეთის მერი ხვდება აჭარის ფინანსთა მინისტრს, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, დააკონკრეტებენ ყველაფერს და პასუხს იტყვიან,“ – ამბობს სულიკო ბლადაძე.

დასუფთავების სამსახური ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ-ია.

რაც შეეხება კვირაში შვიდი დღე მუშაობას, სულიკო ბლადაძე ამბობს, რომ მეეზოვეები ისვენებენ, თუმცა:  „შეიძლება რვა დღეში ერთხელ დაისვენონ… ადრე ერთი ქუჩა იყო – აღმაშენებელი, რომელიც ლაგდებოდა, ახლა გაიზარდა ქუჩების რაოდენობა. დაახლოებით 80-მდე ქუჩა ლაგდება, ქუჩები, გადასახვევი, ეზოები, მწვანე ზოლები…“

კითხვაზე, ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ ქობულეთის დასუფთავებას მეტი თანამშრომელი სჭირდება, სულიკო ბლადაძე ამბობს, რომ თანამშრომელთა რაოდენობა საკმარისია, თუმცა სეზონურად 70 ადამიანს იმატებენ.

ქობულეთის გამგეობის წინ გამართულ აქციას ესწრებოდა ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალი პრემიების ფონზე მეეზოვეებს უსამართლოდ ექცევიან:

„ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო პრემიის პუნქტი, რომლითაც ამ ადამიანებს ეძლეოდათ კვარტალში ერთხელ პრემია  და საახალწლოდ მეცამეტე ხელფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა პრემიის იმედად დაგეგმეს კრედიტები, სხვადასხვა  საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა და წელს არავის გახსენებია დასუფთავების თანამშრომლები. ეს ადამიანები მინიმალური ხელფასის ამარა დატოვეს. არც დასვენების დღე აქვთ, კვირაში ერთ დღეს ითხოვენ დასვენებას“.

____________

მთავარ ფოტოზე: მეეზოვეების გაფიცვა ქობულეთში. ბონდო თედორაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: