განათლება,მთავარი,სიახლეები

ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი

03.04.2018 • 91083
ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი

გარე დაკვირვების წესში ცვლილება შედის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი მაჩაბლის განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, დაკვირვების მექანიზმი მოქნილი ხდება. მისი თქმით, ცვლილების საჭიროება  პილოტირებამ აჩვენა, რომელიც გასულ წელს ორ რეგიონში ჩატარდა. ცენტრის დირექტორი ასევე საუბრობს მექანიზმზე, რომელიც დირექტორს საშუალებას აძლევს, სკოლიდან გაუშვას პედაგოგი, რომელიც პროფესიულად ვერ ვითარდება.

ბატონო გიორგი, რაში გამოიხატება გარე დაკვირვების გამარტივება?

ცვლილებები ძირითადად შეეხო მონაწილეებს. თუკი ადრე გარე დაკვირვებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, ახლა გარე დაკვირვების შეფასება მხოლოდ ერთ დამკვირვებელს, ცენტრის წარმომადგენელს შეეძლება. გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელსაც აკვირდება. გარე დამკვირვებელი შეიძლება იყოს როგორც პედაგოგი, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ოღონდ წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება. თუმცა გაკვეთილზე დასწრება შეუძლია როგორც რესურსცენტრის წარმომადგენელს, ასევე ფასილიტატორს.

გაკვეთილის შეფასებაში შეიცვალა რამე? ადრე 32 ქულით ფასდებოდა გაკვეთილი.

არა, იგივეა. მაქსიმალური შეფასების ქულა არის 32, მინიმალურის – 24 ქულა. მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა მოიხსნა, რადგან ამ დაკვირვებას არ აქვს განმავითარებელი, განმსაზღვრელი შეფასების ფუნქცია.

თუკი გარე დაკვირვება არ შეფასდება დადებითად, რა ხდება მაშინ?

გარე დაკვირვება, ეს არის აუცილებელი აქტივობა, რომელიც საჭიროა შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.

როგორც ვიცი, ახალი კომპონენტია ის, რომ მასწავლებელს შედეგის გასაჩივრების უფლება ეძლევა.

დიახ, ეს ერთ-ერთი სიახლეა. რადგან შეფასებაში მხოლოდ ერთი დამკვირვებელი მონაწილეობს, მასწავლებელს უფლება აქვს, გაასაჩივროს თუკი არ ეთანხმება დასკვნას. ამისთვის მან ცენტრს უნდა მიმართოს. გასაჩივრებისთვის ის 50 ლარს გადაიხდის, მაგრამ თუკი საჩივრის განხილვის შემდეგ მომჩივანის სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თანხა პედაგოგს უკან დაუბრუნდება.

როგორც ვიცით, გარე დაკვირვებაში პედაგოგი კრედიტქულასაც იღებს. როდის შეუძლია მას გარე დაკვირვების გაკვეთილის გამეორება, თუკი პირველი შეფასება არ იქნება დადებითი?

მომდევნო წელს შეუძლია დარეგისტრირება და გარე დაკვირვების მოთხოვნა. თუკი იმავე წელს მოისურვებს, მაშინ ხარჯები პედაგოგმა თვითონ უნდა დაფაროს.

სქემაში შესული ცვლილებების მიხედვით, პედაგოგი არ კარგავს ერთხელ მიღებულ სტატუსს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი არ გაივლის გარე დაკვირვებას? სტატუსი ხომ ისედაც უნარჩუნდება?

დიახ, მასწავლებელი სტატუსს არ კარგავს, მაგრამ  აუცილებელი აქტივობების ჩამონათვალი შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია ის, რომ დააკვირდებიან პედაგოგების პროგრესს, თუ რას აკეთებენ ისინი თავიანთი სტატუსის ფარგლებში. დირექტორებს მიეცემათ სერიოზული ბერკეტი, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ამა თუ იმ პედაგოგის სკოლაში დარჩენის თაობაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორს უფლება ეძლევა მასწავლებელი სკოლიდან გაუშვას?

დირექტორს შეუძლია შეაფასოს ამა თუ იმ მასწავლებლის პროგრესი ან რეგრესი, იგივე შეფასების ჯგუფის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუკი დაფიქსირდება, რომ არავითარი პროგრესი არ არის მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში და პედაგოგი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს, დადგება მისი სკოლიდან გაშვების საკითხი.

მასწავლებლის  პროფესიული განვითარების შეფასება დირექტორსაც შეუძლია, რადგან მას აქვს ამის ბერკეტები. დირექტორებს უტარდებათ ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების  სერიოზული კურსები, ე.წ. ლიდერობის აკადემია, რომლის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ როგორ მართონ სასწავლო პროცესი.

ამ „შესაბამის შესრულებაში“ შედის გარე და შიდა დაკვირვებაც?

რა თქმა უნდა. ეს იქნება სრული სურათი, შევაფასოთ ესა თუ ის პიროვნება, როგორ ზრუნავს საკუთარი თავის და მოსწავლის განვითარებაზე. მათ შორის გათვალისწინებული იქნება  მათი მოსწავლეების შედეგიც.

ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში იქნება ის, თუ როგორ ზრუნავს ის თავის და მოსწავლეების განვითარებაზე.

მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში რჩება პრაქტიკოს მასწავლებლად, ან თუნდაც უფროს მასწავლებლად, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის განვითარებაზე ნაკლებად ზრუნავს. რამდენი ხანი შეიძლება იყოს მასწავლებელი პრაქტიკოსის სტატუსით?

ასეთი ვადა განსაზღვრული არ არის, მაგრამ პრაქტიკოსს, სქემის მიხედვით, აქვს განსაზღვრული კონკრეტული და აუცილებელი შესასრულებელი პირობები. ადრე სამი წელი ჰქონდა ამისთვის, ახლა ეს ვადები მოიხსნა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრი პედაგოგი ვერ აბარებდა საგნობრივ გამოცდას. სახელმწიფომ გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მოუხსნა მათ. ახლა არც მათ სტატუსს ემუქრება რამე. თუ საგნის გამოცდის ჩაუბარებლობა არ არის პედაგოგის განვითარების მაჩვენებელი, მაშინ რა საზომი რჩება მისი პროფესიონალიზმის განმსაზღვრელად?

მე ეჭვი მეპარება, რომ მასწავლებელი, რომელიც ვერ აბარებს თავის საგანს, კარგი მასწავლებელი იყოს. თუ გარკვეული ეტაპების შემდეგ პედაგოგს არ ექნება პროფესიული წინსვლა, სამინისტრო მუშაობს და იქნება ძალიან კონკრეტული, იურიდიულად გამართული მექანიზმი, რომელიც კანონშიც შევა და სკოლას მიეცემა შესაძლებლობა, დაემშვიდობოს ასეთ მასწავლებელს. ჩვენ გავუხსნით კარს ახალგაზრდებს, გაიზრდება კონკურენცია  და ასეთ პედაგოგებს ექნებათ ადგილის შენარჩუნების პრობლემა.

ასე, რომ ვალდებულებების მოხსნა არ ნიშნავს, რომ მათ აღარ იზრუნონ განვითარებაზე.

ფაქტია, რომ სკოლა ვერ უშვებს პედაგოგს, რომელიც  წლებია სკოლაშია, მაგრამ ვერც გამოცდას აბარებს და ვერც სტატუსს იცვლის.

ამ მიმართულებითაც ვამუშავებთ პოლიტიკას განათლების სამინისტროსთან ერთად. ვმუშაობთ საპენსიო პოლიტიკის განსაზღვრაზე, თუ როგორ  დავაფასოთ ღვაწლმოსილი პედაგოგები და, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ეს ცვლილებაც განხორციელდება.

„ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ საპენსიო პოლიტიკაზე  სამინისტროში არ მსჯელობენ.  

ჩვენ შეხედულებებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ამაზე შიდა სტრუქტურული მუშაობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს საკითხებიც დარეგულირდება. ეს არის კომპლექსური საკითხი და მიდგომა  კომპლექსურად უნდა შევიმუშავოთ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: