მთიანი აჭარა,სიახლეები

„ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა“ – რაზე წუხან შუახევში

04.04.2018 • 2252
„ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა“ – რაზე წუხან შუახევში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს  დისკუსიათა  ციკლს პროექტის – „მედია და საზოგადოება”  შეხვედრის ფარგლებში. მორიგი, მეშვიდე  დისკუსია 4 აპრილს,  შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.  ახალგაზრდების მოსაზრებები  ამჯერად აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა  გიორგი  ლელაძემ და „ბათუმელების“ კორესპონდენტმა,  ეკა  ბარამიძემ მოისმინეს.

შეხვედრის  პროცესში ჟურნალისტები აცნობენ  საზოგადოებას თავიანთი მედიასაშუალებების  მიზნებს,  მუშაობის  სპეციფიკასა და პრინციპებს,  შემდეგ კი მოსახლეობის  მოსაზრებებსა და პრობლემებს  გამოკვეთენ, რაც  საშუალებას  აძლევს მოსახლეობას, მიაწვდინონ ხმა  მედიას და შემდგომ სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებელ  პირებს. დისკუსიის მოდერაციას უწევდა ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

დისკუსია შუახევში. გიორგი ლელაძე და ასლან ჭანიძე

ეკა ბარამიძე, „ბათუმელები“: ჩვენთვის მთავარია, თითოეული თქვენგანის პრობლემა გავაშუქოთ და  ვაჩვენოთ საზოგადოებას. გვინდა, რომ აქტიურები იყოთ, დაგვანახოთ, რა პრობლემები აქვს თქვენს სოფელს, აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს.

გიორგი ლელაძე, „ჰეშთეგი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი: ხშირად გვეუბნებიან – „რა აზრი აქვს ჩვენს კომენტარს, მაინც არაფერი  შეიცვლება“. ასეთი განწყობით მართლაც არაფერი შეიცვლება, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს სიტყვას ძალა არა აქვს, ეს ძალიან ცუდია. თქვენს სიტყვას აქვს ძალა და ეს ძალა უნდა გამოიყენოთ.

გურანდა  ჯაყელი, შუახევის ახალგზრდობის ცენტრის წევრი: ბევრს არა აქვს იმის მოტივაცია, რომ სოფელში იცხოვროს, რადგან აქ ცხოვრება ერთფეროვანია. მეგობრებთან ერთადაც ვერ გახვალ, არ გვაქვს სკვერები, სადაც ადამიანი დაისვენებს და თავს კარგად იგრძნობს. მაგალითად, სკოლაში გვაქვს ქიმიის ლაბორატორია, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი ხსნარები, რითაც ცდებს ჩავატარებთ.

ანა  შავაძე,  შუახევის ახალგზრდობის ცენტრის წევრი: სოფელში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პირველ რიგში, ნორმალური გზა არ არის და მეწყერსაშიშ ზონაში ვართ. ასევე, წყლის ნაკლებობას განვიცდით. სოფელი დაცარიელებულია, ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა.

ალეკო კეკელიძე, შუახევის ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი:  კარგი იქნება, გადაცემებში შუახევის ღირსშესანიშავ ობიექტებზეც თუ გაკეთდება აქცენტი.

ზებურ ხიმშიაშვილი, შუახევის ახალგზრდობის ცენტრის წევრი: ჩემი აზრით, მაღალმთიან აჭარაში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც  ტურისტებსაც დააინტერესებს, მიიზიდავს და ამის მასმედიით გავრცელება კარგი წყაროა იმისთვის, რომ მეტი გაიგონ, თუ რისი ნახვა შეუძლიათ საქართველოში. ალბათ, ბევრმა ბათუმელმაც კი არ იცის, რა ხდება ხულოსა თუ შუახევში, რა ობიექტებია აქ.

შეხვედრა შუახევში

სოფელ ნიგაზეულში არის სელიმ ხიმშიაშვილის ციხე-სიმაგრე. ამ ობიექტამდე მისასვლელი გზა არ გვაქვს, რატომ არ უნდა იყოს ასეთ ადგილამდე მისასვლელი გზა მოწესრიგებული?  ტურისტები დადიან, მაგრამ იშვიათად. მაგალითად, მე თუ მივდივარ ყაზბეგში და ვიღაცამ მითხრა, რომ იქ ცუდი პირობებია, აღარ გამიჩნდება წასვლის სურვილი.

ლუკა ფუტკარაძე, შუახევის ახალგაზრდობის ცენტრის წევრი: მე ვიცი, რომ ხშირად გაუკეთებიათ გზა, მაგრამ მოვლა სჭირდება. ჩემი აზრით, მოსახლეობის მოტივაცია უნდა იყოს, რომ  გზას მოუფრთხილდეს და მოაწესრიგოს. გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდე, რომ ვიღაცა მოვა და გააკეთებს, ჩვენც უნდა მოვინდომოთ და მონაწილეობა მივიღოთ.

ეკა ბარამიძე

ეკა ბარამიძე, „ბათუმელები“: აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ყველაზე მეტად პრობლემური ეროვნულ გამოცდებზე არის ინგლისური ენა. გამოცდებზე უმრავლესობა უცხო ენაში იჭრება. ამ მიმართულებით თქვენ თუ გექმნებათ პრობლემა?

ლუკა ფუტკარაძე:  ადრე ამერიკიდან ჩამოჰყავდათ მოხალისე მასწავლებელი და ახლა აღარ არის. კარგი იქნება, თუ კიდევ განხორციელდება ასეთი პროექტები. ჩვენთან  სკოლაში არიან ინგლისური ენის პედაგოგები.

________________________

დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: