რა ხდება ბათუმის პორტში – შიმშილობის მესამე დღე


ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. პორტის 8 თანამშრომელი მესამე დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 3 აპრილს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა პირობა დადო, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება, მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადადგეს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი.

რას შეცვლის პორტში დირექტორის შეცვლა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” პორტის მცირე მექანიზაციის ჯგუფის უფროსს, თენგიზ სურმანიძეს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შიმშილობს. სურმანიძე ამბობს, რომ დირექტორის “ადამიანურ მიდგომებთან აქვს პრობლემა”.

“12 წელია ეს კომპანია ფლობს ნავსადგურს და მსგავსი სიტუაცია აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო. ის შემთხვევაც დირექტორის გადადგომით დასრულდა. დირექტორის გადადგომას იმიტომ ვითხოვთ, რომ ეს არის დირექტორის პირადი, ხისტი და არასწორი დამოკიდებულების მიზეზი. სხვა არაფერი. ამიტომ გვჯერა, რომ დირექტორის გამოცვლით სიტუაცია დასტაბილურდება,” – ამბობს თენგიზ სურმანიძე.

ამავე თემაზე –  ენმ: ბათუმის პორტსა და ტერმინალს ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს

3 აპრილს, ღამით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ კრიმინალური პოლიცია გამოიძახა იმ მოტივით, რომ მუშები პორტიდან გემის გასვლას უშლიდნენ ხელს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.

ვინ და რატომ უშლიდა ხელს პორტიდან გემის გასვლას, ამ კითხვაზე მუშების პასუხი ასეთია:

“ნავსადგური არის გაფიცული და ითქვა, რომ ყველა სამსახური არის გაჩერებული. გუშინ შეეცადა ადმინისტრაცია, რომ ყულევის ნავსადგურის ბუქსირებით  გაეყვანა გემი. სოლიდარობის ნიშნად სანავსადგურო გემების თანამშრომლებმა გამოხატეს თავიანთი აზრი.  ეს აზრი ის იყო, რომ არ დაემორჩილნენ ისინი განკარგულებას, რომ გემი ყოფილიყო გაყვანილი,” – გვითხრა თენგიზ სურმანიძემ.

რაც შეეხება გაფიცულების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ პორტი შესაძლოა გაკოტრდეს, რადგან ადმინისტრაციის ინფორმაციით, „2018 წელს პორტის პროგნოზირებული ზარალი დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი იქნება“, დასაქმებულები ამბობენ, რომ მენეჯერები ფუფუნებაში ხარჯავენ პორტის შემოსავლებს და მათი ხელფასის წილი ამ ხარჯებში მიზერულია.

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის და პორტის მოშიმშილე თანამშრომლების შეხვედრა 4 აპრილს, დილას.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
04.04.2018

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი