მთავარი,სიახლეები

პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ

03.04.2018
პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები მმართველი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ. დღეს, 3 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, მოლაპარაკება მხარეებს შორის არ შედგა.

“არ გვაინტერესებს დირექტორმა რა თქვა, მოვითხოვთ, რომ გადადგეს. მოლაპარაკებას მხოლოდ იმ ადამიანთან გავმართავთ, ვინც მის ნაცვლად მოვა,” – ასეთია მოშიმშილეთა  პოზიცია ამ დროისთვის. ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

თავის მხრივ, ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ.

“ნავსადგურის მმართველი კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და ნავსადგურის ადმინისტრაცია იღებს ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით მოაგვაროს შექმნილი ვითარება. ასევე არსებული საკითხების განსახილველად სთავაზობს ერთობლივი ჯგუფის შექმნას, მედიაციას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუმენტებს. ნავსადგურის ადმინისტრაცია კოლექტივთან და პროფკავშირთან ატარებს გაცნობით შეხვედრებს ნავსადგურში მიმდინარე ღონისძიებებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ”, – ნათქვამია პრესრელიზში.

კონფლიქტი და დაძაბულობა პორტის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის 29 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ამ დღეს პორტის პროფკავშირებიდან (რომელშიც გაწევრიანებული არიან პორტში დასაქმებულები) ადმინისტრაციამ წერილი მიიღო.

წერილში პროფკავშირები ითხოვდა – სამსახურში აღედგინათ გათავისუფლებული პენსიონერები, მიეცათ დასაქმებულთათვის სადღესასწაულო პრემია, გადაეხედათ სადაზღვევო პაკეტისთვის, გაზრდილიყო პორტში დასაქმებულთა ხელფასები და, რაც მთავარია, შეჩერებულიყო რეორგანიზაცია – პორტს არ გადაეცა სხვადასხვა განყოფილება აუთსორსინგზე.

მოლაპარაკებების გამართვის მიუხედავად, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 2 აპრილს, დილით, პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ, 12 ადამიანმა კი შიმშილობა დაიწყო. 3 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში 8 ადამიანი შიმშილობს.

ბათუმის ნავთობტერმინალსა და საზღვაო ნავსადგურს 49 წლის ვადით  “Batumi Industrial Holding Ltd”-ი ფლობს. ამასთან, “ბათუმის პორტის” აქციების 100%-ის მართვის ექსკლუზიური უფლება  “ბათუმის ნავთობტერმინალს” ეკუთვნის.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/127206/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: