მთავარი,სიახლეები

ბათუმის თოჯინების თეატრი ლონდონში მიემგზავრება

04.04.2018
ბათუმის თოჯინების თეატრი ლონდონში მიემგზავრება

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ცხრა წარმომადგენელი 5-12 აპრილს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. დელეგატები ერთკვირიან პროფესიულ ვორქშოპში მიიღებენ მონაწილეობას და მოინახულებენ ლონდონის ცნობილ დიდ და პატარა თოჯინების თეატრებს: Little Angel-ს, Puppet-ს და Theatre Barge-ს.

პროექტის ფარგლებში თეატრის წარმომადგენლები Liceum Theatre-ში დისნეის ლეგენდარულ სპექტაკლს „Lion King“-ს დაესწრებიან.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ჩხაიძე: „დიდ ბრიტანეთში სახელოსნოს მუშაკები, მხატვრები, სცენოგრაფები, სადადგმო ნაწილის გამგე, კონსულტანტი და ჩვენ, დირექცია მივემგზავრებით. თეატრის წარმომადგენლები  ლონდონის თოჯინების თეატრებს მოინახულებენ, სადაც ჩვენ მსგავსად, ადგილზევე, სახელოსნოში მზადდება თოჯინები, მხატვარ-დეკორატორები გაეცნობიან ახალ მასალებს“.

დიდი ბრიტანეთის თოჯინების თეატრები კერძო დასებისგან შედგება და აკადემიურ თეატრებად არ მიიჩნევა, თუმცა აკადემიურ თეატრებზე მეტი შემოსავალიც აქვთ.

„ჯუდით ჰოუფსი, ცნობილი ბრიტანელი მეთოჯინე, რომელმაც დისნეის თოჯინების სპექტაკლ Lion King-ზე მუშაობდა, ორ დღეს დაგვითმობს ვორქშოპზე და უშუალოდ აჩვენებს ჩვენს მეთოჯინეებს, როგორ მზადდება მათ სახელოსნოში თანამედროვე მასალებით თოჯინები. ჩვენი თეატრის სახელოსნოში თოჯინები, ძირითადად, ეპოქსიდით მზადდება, რაც მიღებული მასალაა, მაგრამ თოჯინების დამზადების ეს კუსტარული ტექნოლოგია შეიძლება ბოლომდე უსაფრთხოც კი არ იყოს.

ჩვენთვის უმთავრესი ახალი, უსაფრთხო მასალების ათვისებაა, რადგან ეს საბავშვო თეატრია და უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სანამ ბავშვი ნახავს სპექტაკლს, მანამ მხატვარი და არაერთი ადამიანი ეხება სახელოსნოში.

გიორგი ჩხაიძე,  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

2019 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას ბრიტანეთის საბჭოსთან. ვაპირებთ ცალკე სპექტაკლები და პროდუქცია შევქმნათ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ეს ის თეატრია, სადაც ყველას უნდა შეეძლოს მოსვლა. თეატრი ამ ეტაპზე ადაპტირებული არ არის, შენობა კულტურული ძეგლია და აქამდე ამის საშუალება არ გვქონდა. მცირე რეკონსტრუქცია ჩატარდება, გარეთ დამონტაჟდება ახალი, ღია სალარო და პანდუსიც. პანდუსი ამ წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სპექტაკლების მომზადებას კი უკვე 2019 წლიდან დავიწყებთ“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმომადგენელთა ლონდონში გამგზავრებას თეატრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს 27 000 ლარით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008