მთავარი,სიახლეები

ადამიანით ვაჭრობის მორიგი შემთხვევა გონიოში – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

03.04.2018
ადამიანით ვაჭრობის მორიგი შემთხვევა გონიოში – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს ტრეფიკინგის საქმეს. პროკურატურის ვერსიით, ადამიანით ვაჭრობის შემთხვევა ამჯერად გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა. ბრალდებული დ. რ. ბრალს არ აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის ივლისში ბათუმში მოტყუებით ჩამოიყვანა უზბეკეთის მოქალაქე და იგი იძულებით სექსინდუსტრიაში ჩააბა, ანაზღაურებას კი, თვეების განმავლობაში თვითონ იღებდა.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე. ვერც ერთი მოწმე ამას ვერ დაადასტურებს,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, გელა ჩივაძე. მისი თქმით, ბრალდებული და პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეული ქალი გონიოში, ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ, დაზარალებულს კი, ქირის გადახდა არ სურდა.

„ის გოგო როცა ბათუმში ჩამოვიდა, დ-სთან მივიდა სახლში. შეთანხმებული იყვნენ, რომ 150-150 დოლარს გადაიხდიდნენ სახლში. თვეების განმავლობაში დაზარალებული ამ ქირას ვერ იხდიდა და მხოლოდ ამ თანხის დაბრუნებას ითხოვდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,“ – აღნიშნავს ადვოკატი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მოატყუა უზბეკეთის მოქალაქე, რომ მას რესტორანში მზარეულად ამუშავებდა. პროკურატურას სასამართლოში 18 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის, პოლიციელები.

რატომ მიმართა დაზარალებულმა პოლიციას, თუკი ბრალდებული მისგან მხოლოდ საცხოვრებლის ქირის გადახდას ითხოვდა? – ადვოკატმა გვითხრა, რომ დეტალებზე ახლა ვერ ისაუბრებს, რადგან სასამართლო პროცესი დახურულია. „დანარჩენს სასამართლო დაადგენს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ადასტურებს არაფერს,“ – გვითხრა მან.

ტრეფიკინგის საქმეზე დღეს, 3 აპრილს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ყველა მტკიცებულების, რასაც პროკურატურა ამ პროცესზე წარმოადგენს, სადავოდ მიჩნევას მოითხოვს. ამ შემთხვევაში სასამართლოს ყველა მოწმის ჩვენების მოსმენა მოუწევს.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. ადვოკატი გელა ჩივაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „ბრალდებული შეუძლოდ გახდა“.

აქვს თუ არა პროკურატურას დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ტრეფიკინგის რომელიმე სხვა შემთხვევაზე? „სხვა მიმდინარე საქმე არ გვაქვს,“ – გვითხრა დახურულ პროცესზე შესვლამდე საქმის პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: