შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობიდან 2014 წლის 7 ნოემბერს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა მოხელემ ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 20 ივნისს შუქრი აბულაძის გათავისუფლება უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ხულოს მერიას მისი სამსახურში აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება დაავალდებულა. შუქრი აბულაძე ისევ უმუშევარია. მისთვის არც განაცდური ხელფასი ჩაურიცხავთ.
შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების უფროსად მუშაობდა. ხულოს მაგისტრატმა სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელის სარჩელი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ხულოს გამგეობის სასარგებლოდ მიიღო. შუქრი აბულაძემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სადაც მიიჩნიეს, რომ გათავისუფლების საფუძველი ფაქტობრივ გარემოებით გამოკვლეული არ იყო და საკითხი განსახილველად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუბრუნეს.
ხულოს მერიის იურისტი, ირაკლი ხაჯიშვილი განმარტავს, რომ საკითხის დაბრუნების შემდეგ ხულოს გამგეობამ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილობით მიმართა და სთხოვა, შეესწავლა შეესაბამებოდა თუ არა შუქრი თურმანიძის დიპლომი უმაღლეს განათლებას. მერიის იურისტის თქმით, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი შეუსაბამო აღმოჩნდა და ყოფილი საჯარო მოხელის გათავისუფლებაც გამგეობამ კანონიერად მიიჩნია.
შუქრი აბულაძემ სარჩელი უზენაეს სასამართლოში წაიღო. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 20 ივნისს მისი გათავისუფლება არაკანონიერად მიიჩნია, ხულოს მერიას გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.
გადაწყვეტილების გამოტანიდან დღემდე ცხრა თვეზე მეტი გავიდა, ყოფილი საჯარო მოხელე ხულოს მერიას დღემდე არ დაუსაქმებია, შესაბამისად, მისთვის არც სამი წლის განაცდური თანამდებობრივი სარგო [თვეში 810 ლარი] ჩაურიცხია.
მერიის იურისტი – ირაკლი ხაჯიშვილი ამბობს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, თანამშრომლის აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მისთვის განაცდურის ჩარიცხვა ვერ მოხდებოდა. იგი დასძენს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებას არ იძლევა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა პირის უფლების შელახვა, რადგანაც აღნიშნულ პოზიციაზე ახლა თამუნა ქედელიძე მუშაობს. ის ამ პოზიციაზე 2015 წლის 25 მაისს დაინიშნა.
„აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მიბმულია ერთმანეთთან. საჯარო მოხელეთა მობილობის წესის შესაბამისად დაწყებული გვაქვს მობილობა. ვმუშაობთ, რომ ტოლფას თანამდებობაზე მოხდეს აღდგენა,“ – გვითხრა ირაკლი ხაჯიშვილმა.
კითხვაზე ხომ არ დააგვიანა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მერიამ და რას უპირებენ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს? გოჩა მელაძე, ხულო მერმა გვითხრა: „იურისტები აქტიურად მუშაობენ ამ საკითხებზე, გავდივართ პროცედურებს, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა კანონის დაცვით შესრულდება, კანონის მოთხოვნას აღვადგენთ. არასდროს არ ვყოფილვარ დაინტერესებული ვინმეს სამსახური დაეკარგა, ან პირიქით, მაქსიმალურად ყველა თანამშრომელს სჭირდება გაძლიერება და ხელშეწყობა“.
„9 თვე მეტისმეტი დროა გონივრული ვადისთვის. ამდენი დრო არ უნდა სჭირდებოდეს ადმინისტრაციულ ორგანოს იმისთვის, რომ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი ძველ პოზიციაზე აღადგინოს, ან ტოლფასი თანამდებობა შესთავაზოს. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ გათავისუფლებული თანამშრომელი რეზერვში უნდა ჩაირიცხოს,“ – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.
ნინო სიორიძე განმარტავს, რომ რეზერვში ჩარიცხვის დღეს უნდა დაიანგარიშოს ხულოს მერიამ, რამდენი უნდა გადაუხადოს მოხელეს, ვინც მერიას სასამართლო მოუგო. „ამას გარდა, მას უნდა ჩაერიცხოს დამატებით 6 თვის კომპენსაცია, წელთა ნამსახურეობის და წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, თუკი კანონით ერგებოდა ეს. რადგან მერია რეზერვში არ რიცხავს მოქალაქეს, მას შეუძლია მიმართოს აღსრულების ბიუროს. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია,“ – ამბობს ნინო სიორიძე.
რა ხდება რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ? – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის თქმით, რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა ორი წელია. ამ პერიოდში ადმინისტრაციულმა ორგანომ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს ტოლფასი თანამდებობა უნდა შესთავაზოს. თუ ასეთი თანამდებობა არ მოიძებნა, უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი ისევ გარეთ რჩება.
ეს წესი კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესული ცვლილებების შემდეგ ამოქმედდა.
რისკს, რომ რეზერვში ჩარიცხული ყოფილი თანამშრომელი შესაძლოა სამსახურში ვერ აღდგეს და სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შესრულდეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აპროტესტებს. ეს ორგანიზაცია ამ საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასაც აპირებს.