მთავარი,სიახლეები

ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად

06.07.2018 • 3865
ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად

საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ 2016 წელს, უსასყიდლოდ და უზუფრუქტის წესით, ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თბილისის ქუჩის #31-ში, ორსართულიანი შენობა გადასცა. დეპუტატები შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავენ.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ – „თანალმობა“ აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში დაასრულებდა შენობის რეაბილიტაციას და მოაწყობდა სარეაბილიტაციო ცენტრს. გარდა ამისა, ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, რომ ამ ყველაფერში 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ კი დაასაქმებდა საქართველოს ოც მოქალაქეს.

როგორც ირკვევა, ორგანიზაციამ დათქმულ ვადაში აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და მთავრობას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების გადავადება სთხოვა.

„…მოგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი არაკომერციულია და მისი მიზანია შშმ პირთა, ასევე მიუსაფარ ბავშვთა რესოციალიზაცია. პროექტის განსახორციელებელი ფულადი რესურსის მოზიდვა უნდა განხორციელდეს დამფუძნებელთა შენატანით, ასევე ერთ-ერთ წყაროდ გვესახება ქველმოქმედება“, – ნათქვამია წერილში, რომლითაც დეპუტატის შვილმა და ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზვიად ყურშუბაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა. რამაზ ბოლქვაძეს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მან კიდევ ერთწლიანი ვადა სთხოვა.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დეპუტატების ორგანიზაციის თხოვნა გაითვალისწინა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღი 12 თვით გადაუვადა.

„თანალმობა“ დეპუტატმა ფატი ხალვაშმა 2015 წლის მარტში დააფუძნა, თანადამფუძნებლები არიან მისი კოლეგა კობა ნაკაიძე, ასევე დეპუტატის ძმა, ბიზნესმენი ნიაზ ხალვაში, შვილი – ზვიად ყურშუბაძე.

ფატი ხალვაში ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია. ვიდრე ის კოლეგასთან – კობა ნაკაიძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად ორგანიზაციას დააფუძნებდა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში თავად მონაწილეობდა იმ კონვენციების განხილვაში, რომელთა დამტკიცების შემდეგაც კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დღის ცენტრებისთვის, თითოეულ შშმ პირზე გარკვეულ დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ …ამ საკითხების განხილვის დროს აღმოვაჩინე, რომ იყო დღის ცენტრებიც. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცოდი, რომ დღის ცენტრები არსებობდა, ეს არის დღის ცენტრი შშმ პირებისთვის – 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც თანხას გამოყოფს სახელმწიფო. ვინაიდან მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ჩავთვალე თავი მოვალედ შემესწავლა რა მდგომარეობა იყო ქობულეთში. იქ ამ პერიოდისთვის არ ყოფილა და ახლაც არ არის დღის ცენტრი, მსგავსი მომსახურებით. ამიტომ გადავწყვიტე რაღაც მომეფიქრებინა, რადგან აღმოჩნდა, რომ 250-ზე მეტ ბავშვს სჭირდებოდა ამ მიმართულებით დახმარება“, – ამბობს დეპუტატი.

ფატი ხალვაშის თქმით, ვიდრე ამ პროექტის წამოწყების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან მოიარა სხვა დღის ცენტრები და შესაბამისი კონსულტაციები აჭარის მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრთან, ნუგზარ სურმანიძესთანაც გაიარა.

დეპუტატი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ შენობას ბიზნესის შემოწირულობების ხარჯზე არემონტებს:

„დღის ცენტრებს, ძირითადად, საზოგადოება და ბიზნესსექტორი აფინანსებს, ორგანიზაცია NDI-მ გამიწია კონსულტაცია, რომ ვინაიდან ეს არ არის კომერციული პროექტი, შეგიძლიათ სხვადასხვა ჯგუფს გააცნოთ პროექტი და დახმარება სთხოვოთო. ბიზნესსექტორი ორგანიზაციას სამშენებლო მასალებითა და ფიზიკური შრომითაც დაეხმარა.“

დეპუტატის ინფორმაციით, „თანალმობა“ დღის ცენტრის გახსნის შემდეგ  სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებადაც მიმართავს. კანონმდებლობით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ თითოეულ შშმ ბავშვს [დღის ცენტრის მიერ გაწეულ მომსახურებას], სახელმწიფო დღეში 18 ლარით აფინანსებს.

დღის ცენტრის გახსნა სახელმწიფოსა და ბიზნესის დახმარებით, რატომ არ უქმნის უხერხულობას, მით უმეტეს, როცა ეს თემა საზოგადოებისთვის სენსიტიურია და მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად შეიძლება გამოდგეს; შეძლებდა თუ არა სხვა პირი იგივე წარმატებით სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ ქონების მიღებას მსგავსი მიზნებისთვის ? – დეპუტატ ფატი ხალვაშს ეს კითხვები აკვირვებს.

„ … მე ყველაფრით ვაჭრობა არ შემიძლია, ეს არ არის ისეთი დიდი პროექტი, რომ მასები მოიცვას და პოლიტიკური იყოს. ეს არის ძალიან სენსიტიური და საჭირო თემა. მივესალმები თუკი ამას ვინმე გაუწევს ლობირებას და გააკეთებს. თქვენ ალბათ გაცნობილი არა ხართ იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც არსებობს იმ ოჯახებში, სადაც, მაგალითად, ტყუპები შეეძინათ და ორივე შეზღუდული შესაძლებლობისაა. როცა დავიწყე შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მძიმე ტვირთია“, – უთხრა ფატი ხალვაშმა „ბათუმელებს“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ შენობის გადაცემა უსასყიდლოდ ან სხვა სახის მხარდაჭერა უმჯობესია ხორციელდებოდეს კონკურსის წესით, თავიდანვე იყოს ცნობილი ამის შესახებ, რადგან შესაძლებელია სხვასაც აინტერესებს/უფრო მეტი გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით, ან სულაც  უკეთესი შეთავაზება აქვს:

„ამის [კონკურსის] გამოცხადებას წინასწარი კვლევა და ინფორმირება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ემსახურება რომელიმე ჯგუფს, ვგულისხმობ ქონების მიმღებს და არა მომხმარებელს ცხადია, აქ კიდევ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი, მაგალითად, ეს ა(ა)იპი როდის არის დაფუძნებული და დაფუძნებიდან  რა ვადაში აქვს მიღებული ქონება. თუ ეს ა(ა)იპი არ არის გამოცდილების მქონე და წლების განმავლობაში ნამუშევარი არ აქვს ამ მიმართულებით, ანუ ეს ხდება დროის მცირე მონაკვეთში, ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ეს თემა წინასწარვე იყო შეთანხმებული“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: