„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხზე ნავით გასეირნებისას ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ექვსი ტურისტი მდინარემ გაიტაცა. როგორც მერის წარმომადგენელმა გვითხრა, ნავით ადგილობრივები ასეირნებდნენ ტურისტებს.
სოფლის მცხოვრებლის თქმით, ეს იყო ტურისტების ორი ოჯახი.
ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის თქმით, უკვე იპოვეს ორი ადამიანი, რომლებიც ცოცხლები არიან.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, რომელთა ცხედრებიც სამაშველო სამსახურმა უკვე იპოვა.
მარადიდში კვლავ მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთ ადგილობრივ პირს ეძებენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტურისტებს ნავით მდინარეზე გასეირნების სერვისს ადგილობრივები სთავაზობდნენ. ეს სერვისი სოფელში გასულ წელს შეიქმნა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მდინარის ნაპირას
განახლება: დაიღუპა ოთხი ადამიანი. მაშველებმა დაღუპულების ცხედრების მდინარიდან ამოტანა შესძლეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 9-10 ივნისს, ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები შემდეგი რიგითობით ჩატარდება:
ქართული ენა და ლიტერატურა – 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ზოგადი უნარები – 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ინგლისური ენა – 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
რუსული ენა – 9 – ივლისი (პირველი სესია)
ფრანგული ენა – 10 – ივლისი (მეორე სესია)
გერმანული ენა – 10 – ივლისი (პირველი სესია)
მათემატიკა – 13 – ივლისი (მეორე სესია)
გეოგრაფია – 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ისტორია – 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
ლიტერატურა – 19 ივლისი (პირველი სესია)
ბიოლოგია – 20 ივლისი (მეორე სესია)
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 23 ივლისი (მეორე სესია)
სამოქალაქო განათლება – 24 ივლისი (პირველი სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 25 ივლისი (პირველი სესია)
ქიმია – 25 ივლისი (პირველი სესია)
პირველადი მონაცემებით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უნივერსიტეტებში 43 ათასზე მეტ ადგილზეა მიღება გამოცხადებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 531 ათას 400 ლარია.
საპიკნიკე ადგილები დანდალოს თაღოვან ხიდთან [საპარკინგე ზონის გარეშე] და ზამლეთში, ნენიის ხიდთან მოეწყობა.
საპიკნიკე ადგილების მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში კი წინადადებების მიღება 2018 წლის 24 ივნისს დაიწყება და 29-ში შეწყდება.
საპიკნიკე ადგილი დანდალოს თაღოვან ხიდთან / ფოტომონტაჟისაპიკნიკე ადგილი დანდალოს თაღოვან ხიდთან / ფოტომონტაჟი
საპიკნიკე ადგილი ზამლეთში, ნენიის ხიდთან / ფოტომონტაჟისაპიკნიკე ადგილი ზამლეთში, ნენიის ხიდთან / ფოტომონტაჟი
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ძალადობის მსხვერპლი ქალები – ყველა თანხმდება იმაზე, რომ ძალადობის მსხვერპლს ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალმა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს და ხელახლა არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია პროფესიული გადამზადება, თუმცა სახელმწიფო ფონდისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავშესაფარში მყოფი არც ერთი ქალი არ ჩართულა პროფესიული გადამზადების რომელიმე პროგრამაში.
„თავად ქალებმა არ ისურვეს,“ – აცხადებენ მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდში. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ამგვარი მიდგომით სახელმწიფოს საკუთარი პასუხისმგებლობა მსხვერპლ ქალზე გადააქვს.
ამ შეკითხვაზე სახელმწიფოს პასუხი არ აქვს. პროფესიული გადამზადების პროგრამებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადამიანით ვაჭრობის [ტრეფიკინგის] მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი სთავაზობს, თუმცა ბიუჯეტის ხარჯზე არა. პროგრამას დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.
„ჩვენ არ გვიწარმოებია კვლევა, რის გამო თქვეს უარი. ბენეფიციარების სურვილის გარეშე ვერაფერს ვიზამთ,“ – ამბობს ამ ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ირმა ალადაშვილი.
„როდესაც ქალებზე გადააქვთ პასუხისმგებლობა, ეს ნაკლებად ემსახურება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და არის ქალების შესაძლებლობების დაკნინების მცდელობა. ამის უკან დგას გზავნილი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ძალადობა გამოვლილი ქალის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მაგრამ თავად ქალი ამბობს უარს. ეს გზავნილი იმთავითვე მცდარია: რომელი ქალი იტყვის უარს რეალურ ეკონომიკურ გაძლიერებაზე? – არცერთი. შეუძლებელია ამ ქალების ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებას ვინმე უკეთ ხედავდეს, ვიდრე თავად ეს ქალები, რადგან ამ გაძლიერების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და სრულფასოვან თვითრეალიზებას. თუ რაიმე შეთავაზებაზე ამბობს ქალი უარს, მაშასადამე, ეს მის გაძლიერებას არ ემსახურება. სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ ვალდებულება გაარკვიონ, რატომ ამბობს ქალი უარს შეთავაზებაზე,“- მიიჩნევს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.
მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში მსხვერპლთა თავშესაფარში მოხვედრილი ქალებიდან 10 დასაქმებულა: 3 დამლაგებლად, 3 მეეზოვედ, 2 მზარეულის თანაშემწედ, 1 მიმტანად და ერთიც – სასტუმროს ადმინისტრატორად. ბათუმის თავშესაფარში, მაგალითად, 2016 წელს სულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 16 ქალი ცხოვრობდა.
რატომ არ ისურვეს ამ ქალებმა პროფესიული გადამზადება უფასოდ და, შესაბამისად, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღება? – ფონდში გვითხრეს, რომ ქალებმა, რომლებიც თავშესაფრებში იმყოფებოდნენ, ჟურნალისტთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.
ირმა ალადაშვილი, მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: „ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ქალები, რომლებიც თავშესაფარში ხვდებიან, არავის აქვს განათლება. მათ უმრავლესობას აქვს პროფესია. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ვინც პროფესიულ გადამზადებას გადის თავშესაფარში ცხოვრების პერიოდში, ეს მისთვის მეორე პროფესიის მიღება გამოდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ბენეფიციარებისთვის უფრო პრიორიტეტულია დასაქმება და შემოსავლის წყაროს გაჩენა, ვიდრე პროფესიული გადამზადების კურსებში ჩართვა. ფონდის ყველა თავშესაფარში ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია ძიძის მომსახურება, რაც მათთვის ხელშემწყობი პირობაა როგორც დასაქმების, ასევე პროფესიული გადამზადებისთვის.“
რატომ შეიძლება ირჩევდეს ძალადობის მსხვერპლი დამლაგებლობას და არ ანიჭებდეს უპირატესობას სხვა, მაღალანზღაურებად სამსახურს?
„შესაძლოა, დამლაგებლად იმიტომ იწყებდეს მუშაობას, რომ ეს მისთვის პირველ სამუშაო გამოცდილებას წარმოადგენდეს ან არ ჰქონდეს სხვა სამსახურისთვის შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ასევე, შესაძლებელია, რომ მას ჰქონდეს განათლება თუმცა არ ჰქონდეს გამოცდილება, რაც შემაფერხებელი გარემოება შეიძლება აღმოჩნდეს პროფესიით დასაქმებისთვის. ამასთან, წლების მანძილზე პირზე განხორციელებულმა ძალადობამ იმდენად იმოქმედოს, რომ მას მაღალანაზღაურებადი სამუშაოსთვის საჭირო უნარები შეუსუსტოს: როცა 5 და 10 წელი ძალადობრივ გარემოში ცხოვრობ და არ გეძლევა შესაბამისი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა, რთულია წლების შემდეგ პირდაპირ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძიება“, – განმარტავს ირმა ალადაშვილი.
[red_box]რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?[/red_box]
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დღეს მსხვერპლ ქალს პროფესიულ გადამზადების კუთხით არაფერს სთავაზობს.
მსხვერპლი ქალების პროფესიული გადამზადების პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. დღემდე ამ პროგრამით 40 ბენეფიციარი გადამზადდა, მაგრამ მათგან დასაქმებული მხოლოდ ექვსია.
„ზოგი იცვლის რეგიონს, ზოგი ბრუნდება ოჯახში, რა იყო მიზეზი, რატომ ვერ დასაქმდნენ, ამაზე კვლევა არ გვიწარმოებია. ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სასურველი მიმართულებით მიიღონ პროფესიული განათლება,“ – გვითხრა ნინო ჩიხლაძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.
რატომ ახორციელებს პროფესიულ გადამზადებას საია და არა თავად სახელმწიფო? – საიას იურისტმა გვითხრა, რომ „სახელმწიფო ბაზაზე მსგავსი პროგრამა არ ხორციელდებოდა, ხოლო პრაქტიკაში მაგალითი ბევრია, როგორ ხვდებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები ისევ ძალადობრივ გარემოში. ამის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ მათ სათანადო პროფესიული ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ“, – ამბობს ნინო ჩიხლაძე, პროექტის კოორდინატორი საიაში.
„არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მოქნილია. ჩვენთან ტენდერი შეიძლება შედგეს, შეიძლება – ჩავარდეს, ამას დრო სჭირდება,“ – გვიპასუხა იგივე კითხვაზე ირმა ალადაშვილმა, მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სახელმწიფო ფონდი წელს მზარეულის უფასო კურსებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, დაბალია ამ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა მაჩვენებელი. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი საქართველოს ხუთ ქალაქშია: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ხუთივე თავშესაფარში მყოფ ქალს, სადაც დარჩენის მაქსიმალური ვადა ცხრა თვეა, პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართვის საშუალება აქვს. სტატისტიკის მიხედვით, აქტივობა ამ მიმართულებით შედარებით მაღალი მხოლოდ თბილისშია.
„ზოგადი ფონი, მენტალიტეტი, საზოგადოებრივი აზრი მაინც უბიძგებს მას, რომ უნდა შეინარჩუნოს ოჯახი. ეს, სამწუხაროდ, აისახება მათ გადაწყვეტილებაზე, რომ დაბრუნდნენ იმავე ოჯახებში. მართალია, თავშესაფრებში დასაქმებული პროფესიონალები ძალიან ბევრს მუშაობენ ბენეფიციარებთან, რათა მათ შეძლონ მოძალადისგან თავის დაღწევა, თუმცა ეს არც ისე იოლია – საქმე ეხება მათი ოჯახის წევრს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბრუნდებიან ძალადობრივ გარემოში“, – გვიყვება სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი, ირმა ალადაშვილი.
„მნიშვნელოვანია ეს ციფრები გავაანალიზოთ კონტექსტში და არა იზოლირებულად. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში მინიმუმ 10-ჯერ და თორმეტჯერ მეტი ქალია განთავსებული. როცა ასეულობით მსხვერპლზეა საუბარი და აქედან სულ რაღაც 5-6 სარგებლობს პროფესიული გადამზადების და დასაქმების სერვისით, ეს ნიშნავს, რომ ეს სერვისი არ მუშაობს. სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ამ სერვისის არსებობისთვის გამოყოფილი თანხაც მეტი ვარაუდით არაეფექტურად იხარჯება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი.
[red_box]მესამე სექტორი: გადამზადება ხდება ფორმალურად[/red_box]
„ეს ციფრები, რომლებიც თქვენ ფონდისგან მიიღეთ, მეტყველებს იმაზე, რომ პროფესიული გადამზადება მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი.
ანა არგანაშვილის აზრით, პროფესიული გადამზადება პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან და თუ მსხვერპლ ქალს გადამზადების შემდეგ შესაბამისი დასაქმების მოლოდინი არ ექნება, ის ამაზე უარს იტყვის. ანა ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე, რომელთა ვალდებულებაა მსგავსი მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებაზე ზრუნვა.
„პრობლემა ფინანსებში კი არაა, მის ეფექტურად ხარჯვაში. კოორდინაციის სერიოზული პრობლემა არსებობს. ცალკეა სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, ცალკეა მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამა, ცალკეა პროფესიული განათლება. ერთ მაგიდასთან რომ დასხდნენ ეს უწყებები, გაცილებით უკეთესი სურათი იქნება. ჯერ უნდა შეირჩეს სამუშაო ადგილი და შემდეგ უნდა იყოს შეთავაზება პროფესიულ განათლებაზე, პროფესიული განათლება უნდა პასუხობდეს ქალის საჭიროებებს, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და იყოს ღირსეული შრომის შესაძლებლობების წინაპირობა“, – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
ნინო ჩიხლაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორი: „მნიშვნელოვანია არსებობდეს თავშესაფრის შემდგომი პროგრამები, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. თავშესაფრის დატოვების შემდეგ არანაირი პროგრამა აღარ არსებობს, მათ არ აქვთ სამსახური, ამ მხრივ ხელშეწყობა იშვიათად ხდება.“
[red_box]სახელმწიფო ფონდი: თავშესაფრიდან გასული ქალები ისევ ხვდებიან თავშესაფარში[/red_box]
ზუსტი ციფრი ვერ დაგვისახელა, მაგრამ მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის იურისტი ადასტურებს, რომ თავშესაფრიდან გასული მსხვერპლი ისევ ხვდება თავშესაფარში. ირმა ალადაშვილი ამ მოცემულობას არ უკავშირებს იმას, რომ პროფესიული გადამზადების გარეშე დატოვეს ქალებმა თავშესაფარი. მიაჩნია, რომ ქალებს, რომლებიც თავშესაფარში ხელახლა ხვდებიან, „ორმაგად გაძლიერებული“ ხდებიან.
„უკან დაბრუნებული ბენეფიციარებიც გვყავდა. თუმცა თავშესაფარში ცხოვრების გამოცდილებამ და ფსიქოლოგიური დახმარების და რეაბილიტაციის პროგრამებმა უზრუნველყო მათი გაძლიერება იმგვარად, რომ თავშესაფრის დატოვების შემდგომ მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ჰქონდათ საპასუხო რეაქცია და შეძლეს დროულად თავის დაღწევა. შეიძლება ისინი ჩვენთან ისევ ბრუნდებიან, მაგრამ ორმაგად გაძლიერებული ხდებიან,“ – აღნიშნავს ირმა ალადაშვილი, მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი.
ირმა ალადაშვილის თქმით, ძალადობის მსხვერპლ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სახელმწიფო ფონდის პრიორიტეტია:
„ამ კუთხით ეკონომიკური გაძლიერების სახელმძღვანელო შევიმუშავეთ, ამაში ექსპერტები იყვნენ აქტიურად ჩართულები და ეს ყველა თავშესაფარს აქვს დაგზავნილი… სახელმძღვანელოს ვერ გაჩვენებთ, ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია“.
სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურებისთვის ფოტოკონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა იყოთ მეზღვაური, გქონდეთ ნაოსნობაში გადაღებული ფოტო და ეს ფოტო გაგზავნოთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფეისბუქგვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.
კონკურსის გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. მეზღვაური, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს, დაჯილდოვდება. ფოტოკონკურსის გამარჯვებული 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეზე გახდება ცნობილი.
წელს მეზღვაურებისთვის IMO -ს სოციალური კამპანიის მთავარი მესიჯი არის #GoodDayatSea looks like … [კარგი დღე ზღვაზე ჰგავს…]. სწორედ ამ ჰეშთეგით ქვეყნდება ფოტოები სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.
ქართველი მსმენელი უკვე შეეჩვია იმას, რომ ტურისტულ სეზონზე საქართველოში მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები ჩამოდიან, გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია. გთავაზობთ იმ კონცერტების ჩამონათვალს, რომელთაგან ყველას თუ არა, რამდენიმეს მაინც ღირს დაესწროთ.
RÓISÍN MURPHY
თბილისში ირლანდიელი მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი, 90-იანებში ელექტრონული პოპ კოლექტივის Moloko-ს ვოკალისტიRÓISÍN MURPHYგამოვა. იგი საქართველოში ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ის ფარგლებში ჩამოდის, რომელიც 22-24 ივნისს იმართება. ფესტივალზე დასასწრები სრული დღის ბილეთის ფასი – 70 ლარია, 3-დღიანი აბონემენტისა კი – 170.
https://www.youtube.com/watch?v=lPTUuef3h4o
ტომ ოდელი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსი, რომელიც 24 ივნისს, ასევე TBILISI OPEN AIR-ის ფარგლებში ეწვევა დედაქალაქს, ბრიტანელი მომღერალიტომ ოდელია,რომლის კომპოზიციაც Another Love წლებია არ კარგავს პოპულარობას მსოფლიოს მასშტაბით. ტომ ოდელის მუსიკალური შემოქმედების შეფასებისას, „ტელეგრაფის“ მუსიკალური კრიტიკოსი წერს, რომ შესრულების მანერით, ვოკალითა და მკვეთრი ტონებით, ოდელი შესაძლოა სწორედ ის ელემენტი იყოს, რომელიც აქამდე 70-იანი წლების ელტონ ჯონის ექსტრავაგანტულობასა და „ქოლდფლეის“ ეპიკურ ემოციონალიზმს შორის აკლდა.
ელტონ ჯონი
30 ივნისსა და პირველ ივლისს „შავი ზღვის არენაზე“ სწორედ ზემოთ ხსენებული ელტონ ჯონი ჩაატარებს კონცერტს. ინგლისელი პოპვარსკვლავი, პიანისტი და კომპოზიტორი ტურნეს ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა. მისი კონცერტი შეკვეთილში შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო, რადგან მომღერლის ბენდის წევრმა ოპერაცია გაიკეთა. ელტონ ჯონმა წელს გამოსამშვიდობებელი ტურნე დააანონსა. ტურნე – Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის 8 სექტემბერს აშშ-ში დაიწყება და მის ფარგლებში ხუთ კონტინენტზე 300 შოუ გაიმართება. ტურნე 2021 წელს დასრულდება, ამიტომ თუ სერ ელტონ ჯონის გულშემატკივარი ხართ, უმჯობესია მისი მოსმენა სწორედ შეკვეთილში მოასწროთ, თუ არა და 2021 წლამდე ჯერ კიდევ გაქვთ დრო. შეკვეთილში ელტონ ჯონის კონცერტზე ბილეთები კვლავ ხელმისაწვდომია, ბილეთების ფასი 120 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს, ადგილის მიხედვით.
რობერტ პლანტი
19 ივლისს Black Sea Arena-ზე, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში ინგლისელი მუსიკოსი, Led Zeppelin-ის ვოკალისტი რობერტ პლანტი გამოვა. ამ კონცერტზე ბილეთები აპრილიდან იყიდება და tkt.ge-ს მონაცემებით ამჟამად ბილეთის ფასი 250-დან 400 ლარამდეა. რაც შეეხება უფრო იაფფასიან ბილეთებს, ვებგვერდის მონაცემებით, ყველა ასეთი ბილეთი უკვე გაყიდულია.
Cigarettes After Sex
27 ივლისს, თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Summer Set-ის ფარგლებში ცნობილი ამერიკული მუსიკალური ჯგუფი Cigarettes After Sex –იმღერებს. Summer Set-ი თბილისის ზღვაზე ჩატარდება. Cigarettes After Sexამერიკული ჯგუფია ტეხასიდან, Ambient Pop-ის განხრით. მათ ჟანრში შედის, ასევე: Dream pop და Slowcore. ჯგუფი 2008 წელს დაარსდა და ის ოთხი მუსიკოსისგან შედგება. ბენდის დამფუძნებელი და ლიდერია ვოკალისტი გრეგ გონზალესი. მასვე აბარია ელექტროგიტარა, აკუსტიკური გიტარა და ბასი.
WhoMadeWho
27 ივლისს, თბილისში,ამავე კონცერტზე გამოვადანიური ჯგუფი კოპენჰაგენიდან – WhoMadeWho. ჯგუფის მუსიკა Indie Rock-ს და Dance Punk-ის ჟანრს მიეკუთვნება. ჯგუფი 2003 წელს ჩამოყალიბდა და და ის სამი მუსიკოსისგან შედგება. Summer Set-ზე დარჩენილია 50-60 ლარიანი ბილეთები.
The Chemical Brothers
პირველსექტემბერს,რუსთავის ავტოდრომზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, ელექტრონული მუსიკის ბრიტანული დუეტის The Chemical Brothers–ის კონცერტი იგეგმება. ჯგუფი 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ისტორიაში საკმაოდ გავლენიან მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება და 360 ლარს აღწევს. ჯგუფი საქართველოში “ისთერნ ფრომოუშენსს” ჩამოჰყავს.
გარდა ამ ჩამონათვალისა, წელს საქართველოში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯგუფი/მუსიკოსი ჩამოდის. მათ შესახებ “ბათუმელები” ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 522 ადამიანი დაჯარიმდა. ჯარიმები ასე გადანაწილდა: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 418; დარღვეულია დგომის მეთოდი – 5; ნიშანში დგომა – 94; ტროტუარზე დგომა – 2; დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 3.
ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს. ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აშენების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საკურორტო ქალაქში. ნებართვა მშენებლობაზე უკვე გაცემულია.
„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე ყოფილ სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 კვადრატული მეტრი, დაირეგისტრირა.
ინვესტორის მიერ შეძენილი ფართობი 24 678 კვადრატული მეტრით მეტია თავად ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარკი 46 845 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ინვესტორი ფინჭვნარში დამატებით ითხოვს პლაჟის ტერიტორიას. ამასთან დაკავშირებით ჯერ მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია.
ინვესტორი, რომელმაც პირობიანი აუქციონის წესით ქობულეთის ფიჭვნარში , ზღვასთან ახლოს, პარკის მიმდებარედ პარკზე დიდი ტერიტორია შეისყიდა და 116,80 მეტრი სიგრძის შენობის მშენებლობის უფლებაც მიიღო, ამჯერად პლაჟს ითხოვს.
პარკის გაგრძელებაზე ტერიტორიის გასხვისებას ადგილობრივები აპროტესტებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაგეგმილი მშენებლობა ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავს, რაც ცუდად აისახება გასხვისებული ფართობის მოპირდაპირედ მცხოვრებლებისთვის, რომლებიც დამსვენებლებზე ოთახებს საკუთარ სახლებში აქირავებენ.
მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ქობულეთის მერმა ეს საპროტესტო აქცია შეაფასა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქულების დაწერის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ აქცია ადგილობრივებმა გამართეს.
„კრისტალ ბილდინგმა“ უკვე მოაწყო პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე პროექტის ესკიზი სპეციალურ ბანერზე იყო წარმოდგენილი.
ზურაბ პატარაძემ პროექტი შეაფასა, როგორც „უპრეცედენტო, დიდი და მნიშვნელოვანი“, იმ მოტივით, რომ ამ ინვესტიციამ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ შეხვედრაზე აღნიშნა ისიც, რომ ხვდება მოსახლეობას ქობულეთში და გულისტკივილს გამოხატავენ იმის გამო, რომ აქ მშენებლობა იმ ტემპით არ მიდის, რა ტემპითაც ბათუმში.
„ბევრი ქობულეთელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ, ძირითადად, აღმშენებლობითი პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ, დიდი სასტუმრო კომპლექსები, ძალიან დიდი სხვადასხვა პროექტი ხორციელდება და ქობულეთში ინვესტიციები იმდენად უხვად არ არის, დიდი სასტუმრო კომპლექსები არ შენდება. იყო თხოვნა, იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს, რომ ქობულეთშიც გაგრძელდეს და განხორციელდეს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ პრეზენტაციის შემდეგ.
აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, გასხვისებულ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და დამხმარე [გასართობი] შენობები. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 220 ნომერი, არანაკლებ 300 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები.
კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. საერთო ჯამში კი კომპანიამ პროექტის ფარგლებში 200 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამ სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.
მთავრობის ინფორმაციით, კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიაზე რამდენიმე სარეკრეაციო ნაგებობის განთავსების პირობაც აიღო, თუმცა არ არის ცნობილი რა ტიპის სარეკრეაციო ნაგებობებზეა საუბარი. დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ ინვესტორის მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე ბევრი მრავალწლოვანი ხეა, მათ შორისაა ნაძვები და ფიჭვებიც. მათგან რამდენი შეეწირება სამშენებლო პროცესს ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. 71 523 კვადრატულ მეტრზე ძველ შენობებს მხოლოდ 10 278 კვადრატული მეტრი ეკავა, დანარჩენი კი მწვანე ზონა იყო.
ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, რომელზეც კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს, „კრისტალ ბილდინგი“ სამშენებლოდ 7322 [კ1 – 0,3] კვადრატულ მეტრს აითვისებს. საუბარია მრავალფუნქციურ კოპლექსზე, რომლის სიმაღლეც 116, 80 კვადრატული მეტრი იქნება.
გარდა ამისა, აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კიდევ რამდენიმე დამხმარე შენობა და საცურაო აუზი უნდა ააშენოს, რაც სამშენებლოდ გამოსაყენებელ ფართობს დამატებით გაზრდის.
აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთია იმ 21 ობიექტს შორის, რომელიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, მთავრობამ 2006 წელს გაასხვისა. 2016 წელს ქონების ნაწილი, მათ შორის ეს ტერიტორიაც ქობულეთში, აჭარის მთავრობამ ახალი შეთანხმებით დაიბრუნა და შემდეგ „კრისტალ ბილდინგზე“ გაასხვისა.
კიდევ ერთი დეტალი ამ ამბიდან
პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ბანერზე ეწერა, რომ ინვესტორი 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ეს ციფრი რამდენჯერმე დაასახელეს როგორც ფინანსთა მინისტრმა, ასევე ზურაბ პატარაძემ. სხვა ციფრებია აუქციონით გათვალისწინებულ პირობებში, კერძოდ, აჭარის მთავრობამ უკვე „კრისტალ ბილდინგის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები სამ ნაწილად გაასხვისა – 29 322 კვადრატული მეტრი 1 468 000 ლარად [20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], 37 502 კვადრატული მეტრი მასზე დამაგრებული რვა შენობით 2 მილიონ 550 000 ლარად [ესეც 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით], ხოლო 4 699 კვადრატული მეტრი „კრისტალ ბილდინგს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა. ქობულეთის მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ნაკვეთზე ინვესტორი მოაწყობს პარკინგს და გადასასვლელს, რაშიც მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
არის 41 მილიონი აშშ დოლარი 200 მილიონი ლარი? – ფინანსთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე ამბობს, რომ „ეს არის ინვესტორის განზრახვა“.
ვინ არის ინვესტორი
„კრისტალ ბილდინგი“ 2015 წელს აზერბაიჯანის ორმა მოქალაქემ დააფუძნა. დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად 25 წლის ელვინ მამმადლი, აზერბაიჯანის მოქალაქე დანიშნეს, ამ დროისთვის კომპანიას ვანო ლომიძე ხელმძღვანელობს.
ვანო ლომიძე არის ასევე შპს „აგრარ გაზის“ ასი პროცენტის მფლობელი. რეესტრის მონაცემებით, 2013 წელს ის იყო შპს „ენერგო ინვესტის“ დირექტორი, რომლის ასივე პროცენტს რუსეთის მოქალაქე თენგიზ ძიძიგური ფლობდა. ვანო ლომიძე ფლობს ასევე შპს „ჯავას“ ორმოც პროცენტს. რეესტრის 2015 წლის მონაცემებით, ვანო ლომიძე შპს საქართველოს ელექტრონულ-ინდუსტრიული კომპანიის დირექტორად და თანამფლობელად ფიქსირდება.
ძველ ბათუმში არაერთი სახლია, რომელთა სადარბაზოებსაც გულგრილად გვერდს ვერ აუვლით. ზოგ სახლს ფასადის დეკორის სიუხვეზევე ეტყობა, რომ სადარბაზოც ლამაზი ექნება, თუმცა ბევრ ძველ სახლში სადარბაზოები შელესილია და ისტორიის კვალი აღარ იკითხება. ქვემოთ მოცემულ მისამართებზე მოხატულობა და ჩუქურთმები შედარებით კარგადაა შემონახული, თუმცა რესტავრაცია სჭირდება. ეს სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ირაკლი აბაშიძის ქ. №3
ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოა. კედლებზე დაზიანებული ფერწერული ნახატებია შემორჩენილი, კედლის ერთ მხარეს ჯერ ისევ ჩანს ნახატი პორტით და ნავებით, მეორე ნახატზე ტაძრის გამოსახულებას ვხედავთ, თუმცა საღებავი ჩამოკაწრული და დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შენახული ჭერის მხატვრობა და ჩუქურთმები. მნახველის ყურადღებას იპყრობს სადარბაზოს მოხატულობა და ფერის სიუხვე.
მემედ აბაშიძის ქ. №27
ეს ორსართულიანი, კლასიცისტური სტილის საცხოვრებელი სახლია. ძეგლის სტატუსის მქონე შენობას მნიშვნელოვანი როლი აქვს უბნის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახის შექმნაში. სადარბაზოს ვიტრაჟიანი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა შემორჩენილია კიბის მოაჯირის დეკორატიული ელემენტები და სადარბაზო კედლის ჩუქურთმები.
ლუკა ასათიანის ქ. № 20/მარჯანიშვილის ქ. №8
ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე მდგარი, ორსართულიანი სახლის არქიტექტურა კლასიცისტურ-ბაროკოული სტილითაა გამორჩეული. სახლის გარე ფასადიცა და სადარბაზოც ნაძერწი დეტალებით უხვადაა დატვირთული. შენობა XX საუკუნის დასაწყისის ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
რუსთაველის ქ. №13
ბათუმში, ამ შენობაში, როგორც აბრა იუწყება, 1913 წელს ამერიკის საკონსულო იყო განთავსებული. ახლა საცხოვრებელი სახლია. საკმაოდ დაზიანებული და დაბინძურებულია სადარბაზოს მოჩუქურთმებული ნაწილი. როგორც კიბის საფეხურზე დატანებული დაფა მოწმობს, შენობა 1904 წელს აუგიათ.
ქობულეთში, სოფელ დაგვაში, 11 წელი შენდებოდა კულტურის სახლის შენობა, რომელიც ქართული სოფლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და გრანდიოზულ ნაგებობად შეიძლება ჩაითვალოს.
კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა ის მალევე ჩამოაშორეს პროექტს. მშენებლობის გაგრძელება ბერძენმა ინჟინერმა გადაიბარა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პროექტი. ასე გაჩნდა შენობის ფასადზე ბერძნული აკროპოლისის ელემენტები. კულტურის სახლის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა. 650 ადამიანზე გათვლილი სააქტო დარბაზით ის გახდა ყველაზე დიდი კულტურის სახლი, რომელიც აჭარაში ოდესმე აშენებულა. იმ პერიოდში დაგვას კოლმეურნეობა ერთ-ერთ მდიდარ კოლმეურნეობად მიიჩნეოდა. სოფელში ბერძნები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ.
დაგვის კულტურის ცენტრის ჰოლი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ჯემალ ტარიელაძეს, რომელიც 42 წელი მუშაობდა დაგვას კულტურის სახლის დირექტორად, არ ახსოვს იმ ფილმის სახელი, რომელიც პირველად აჩვენეს აქ, მაგრამ ახსოვს, რომ კინოჩვენებაზე დარბაზი გადაჭედილი იყო, ნემსი არ ჩაეტეოდაო, – იხსენებს.
კულტურის სახლში 17 სახელოვნებო წრე ფუნქციონირებდა. ყოფილი დირექტორი იხსენებს, რომ უზარმაზარი შენობის სანახავად, რომელსაც აკროპოლისის ელემენტებით შემკული ფასადი აქვს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდა ხალხი.
კულტურის სახლში იმართებოდა კონცერტები, ანსამბლები გასტროლებზე ჩამოდიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ, თუმცა განსაკუთრებით ბევრი ხალხი ინდურ ფილმებზე გროვდებოდა.
„მეზობელი სოფლებიდან მოდიოდნენ აქ ინდური ფილმების სანახავად. დარბაზი რომ ივსებოდა, ფანჯრის რაფებიდან დაწყებული, კიბეებით დამთავრებული ყველგან ხალხი იჯდა. ტევა არ იყო,“ – იხსენებს ჯემალ ტარიელაძე.
ახლა შენობა ავარიული და განადგურებულია. უმეტეს ოთახებში გადაადგილება სახიფათოა. მხოლოდ ორი ოთახია, რომელშიც სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს.
როგორც ჯემალ ტარიელაძე ამბობს, კულტურის სახლის განადგურების პროცესი 90-იან წლებში დაიწყო. „ზოგჯერ ჩემს კაბინეტში მეძინა, ვინმეს რამე რომ არ მოეპარაო,“ – იხსენებს. მისი თქმით, პირველი, რაც კულტურის სახლიდან მოიპარეს, ხავერდის მძიმე, წითელი ფარდები იყო.
ამ კიბეებს მეორე სართულზე აჰყავხარ, საიდანაც სააქტო დარბაზის ლოჟაში ხვდებიიქ, სადაც ბევრი წლის წინ ლოჟა იყო, ახლა ლენინის მტვერდადებული ბიუსტია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიდაგვის კულტურის სახლის სააქტო დარბაზის ჭერის ფრაგმენტი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიდაგვის კულტურის სახლი, სააქტო დარბაზი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიპირველი, რაც 90-იან წლებში დაგვის კულტურის სახლიდან მოიპარეს, ხავერდის წითელი ფარდები იყო. მას შემდეგ ამ ფანჯრებზე ფარდები აღარ ყოფილა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიდაგვის კულტურის ცენტრის ფასადი ბერძნული აკროპოლისის ელემენტებითაა შთაგონებული ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათასამდე ლარია გათვალისწინებული. ახალი საბავშვო ბაღი თამარის დასახლებაში 210 აღსაზრდელს მოემსახურება.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, შენობაში ახლა წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემებს აწყობენ. მთავრობის ინფორმაციით შენობის ფასადი გრანიტის ფილებით შეიფუთება, ეზოში კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.
მთავრობისვე ინფორმაციით, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 48 საბავშვო ბაღს აერთიანებს.
ქობულეთელ ბოშა გოგონებს თუ შეხვდებით, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, გეტყვიან, რომ სწავლა უნდათ. აქ და ამ თემში სკოლა ჯერ არც ერთ გოგოს არ დაუმთავრებია, მაგრამ ზოგიერთმა მეცხრე კლასის ატესტატი აიღო. აი, სწორედ ისინი გეგმავენ პროფესიულ სასწავლებელში სწავლას. რატომ? – მათი პასუხი საქმიანია, არ სურთ დედების გაკვალულზე სიარული. მოკლედ, ბოშა გოგონები გელაურიდან თავიანთ მომავალს სხვაგვარად ხედავენ. მათ დიდი ბრძოლები ელით – ტრადიციებსა თუ დისკრიმინაციასთან.
ლილი და ლარისა
ლილი და ლარის ალიმოვები
ლილი 14 წლისაა, ლარისა – 65-ის. სოფელ გელაურში, ბოშების უბანში თუ დაინახავ ლილის, იქვე ახლოს აუცილებლად იქნება ლარისაც. ლილი ლარისას შვილიშვილია. მხიარული ბებია და შვილიშვილი ერთად ხშირად სეირნობენ. ლილი სულ სიცილით ყვება, როგორ არ უნდა მის ბაბუას მოკლე კაბა რომ ჩაიცვას, მაგრამ ბებო უჭერს მხარს ამ საკითხში. სწორედ ამიტომ ისეთი კაბა აცვია, როგორიც მოსწონს მას და არა ბაბუას.
ლარისა: „ბებერი ქალი ხომ არაა, ასე იყოს. მომწონს ასე რომ აცვია, ახალგაზრდა გოგოა. ბაბუას არ მოსწონს. მე მხარს ვუჭერ. ჩემი მეორე შვილიშვილი, მონიკა ასე არ ჩაიცვამს. ჩვენთან ასეთი წესია, გოგო რომ თხოვდება, გრძელი კაბა უნდა ჩაიცვას. შარვალი არ შეიძლება. მონიკა უკვე გათხოვდა“.
ლარისა კატეგორიული წინააღმდეგია, მაგალითად, ლილის დაქორწინების და ამ საკითხშიც ერთსულოვანია თავის შვილიშვილთან. „14 წლის არის, ჯერ ბავშვია. პატარა გოგომ არაფერი არ იცის“.
როგორ არის გადანაწილებული ბოშა ოჯახში ქალისა და კაცის როლები? – ამ კითხვას ლარისა შელამაზების გარეშე პასუხობს: „ვაჭრობა, ყველაფერი, საჭმელი, გოგოები აკეთებენ. ბიჭები რას აკეთებენ? – არაფერი, მარტო დადიან. მაგრამ ზოგჯერ კი ეხმარებიან [გოგოებს]“.
შეკითხვაზე: პასპორტი გაქვთ, ცოტა განაწყენდა – „ბრადიაგა“ ხომ არ ვარ, პასპორტი რომ არ მქონდესო.
ლარისა: მე 22 წლის გავთხოვდი. ახლა 65 წლის ვარ. პენსიონერი. 6 შვილი მყავს – სამი გოგო, სამი ბიჭი და 20 შვილიშვილი. ჩემი შვილები ყველა გელაურში დასახლდნენ. ადრე ვვაჭრობდი. ცოტას ახლაც ვვაჭრობ. პენსია მაქვს და დახმარება. ახლა ვაჭრობა არ არის. ადრე იყო ცხოვრება კარგად, ყველაფერი იყო, ახლა არაფერი არ არის.
ლარისას სკოლაში არ უსწავლია. არც ის იცის, მისი მშობლები სად ცხოვრობდნენ საქართველოში ჩამოსვლამდე. ახლა სკოლაში მისი შვილიშვილები სწავლობენ – ერთი ბიჭი დამამთავრებელ კლასში, ხოლო ერთიც – პირველში. ლილიმ სკოლაში სულ ექვსი წელი ისწავლა. მერე სკოლიდან გამოვიდა – უსინათლო და-ძმა ჰყავს და ამბობს, რომ მათზე ზრუნვა მისი ვალდებულებაა. ზოგიერთი ბოშა გოგოსგან განსხვავებით ლილის არ შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში. ატესტატი არ აქვს და იმიტომ.
14 წლის ლილის დროს მშობლები უკონტროლებენ. „თუ მშობლები მეტყვიან სახლიდან გარეთ არ გახვიდეო, ვერ გახვალ. რომ გახვიდე რა მოხდება? – თუ გახვალ ჩხუბობენ“.
მარიშკა
ადრე 19 წლის ბოშა აუცილებლად გათხოვილი იქნებოდა, მე არ გავთხოვდი. არც ვაპირებ. უნდა ვისწავლო, ჩემი ჯიბის ფული რომ მქონდეს.
მარიშკა ასლანოვა
სკოლა მე-9 კლასიდან მივატოვე. ახლა 19 წლის ვარ. ქობულეთის კოლეჯში ვისწავლე სტილისტობა – სამთვიანი კურსი მქონდა. რაღაც პროექტი იყო – ტრენინგებზე წამიყვანეს, ჯერ თბილისში რამდენჯერმე, შემდეგ პოლონეთში ვიყავი. გველაპარაკებოდნენ სწავლაზე. ვისწავლე, მაგრამ შეჭრა კარგად არ ვიცი. სამთვიანზე კარგად ვერ ვისწავლე, ამიტომ სწავლის გაგრძელება მჭირდება.
მარიშკას დედა
მე მინდა, რომ თავისი საქმე ჰქონდეს, თავისი მომავალი. თავის ჯიბეზე ექნება რაცხა. მე აღარ მეტყვის, დედა ეს მინდა, ის მინდა, წავა და თვითონ იყიდის, თავის თავს მიხედავს. მე 14 წლის გავთხოვდი და რა ვნახე კარგი – „სუმკა“ და ბაზარი. სახლში საქმე – საჭმელი, დალაგება და გადის დრო. ჩემს შვილს არ ვამუშავებ, სანამ ქალიშვილია და სახლშია. რომ გათხოვდება… დედამთილთან რომ მიდიხარ, უნდა იმუშავო…
მარიშკას ბიძა
თუ ისწავლის, თავისთავს მიხედავს. წინ წასვლა იქნება თუ რაცხა, მაგის ტვინზე იქნება. რომ გათხოვდება, დედამისივით კი არ წავა სავაჭროდ. დღე და ღამე, წვიმაში და მზეში რომ დადიან ლუკმაპურისთვის. თავისი ხელობა ექნება. მთავარია, სამუშაო იყოს.
მარიშკა
მთელი დღე სახლში ვარ – ვრეცხავ, ვალაგებ. როცა დრო მაქვს, ნათესავებთან გავალ, მზესუმზირას შევჭამ. ქართველი მეგობრები ბევრი მყავს, სტუმრადაც დავდივართ ერთმანეთთან. ასე ვერთობი… დედას ვუთხარი, რომ მივეხმარებოდი მუშაობაში, მაგრამ უარი მითხრა – ისწავლე და ისე იმუშავეო. ვერ წარმომიდგენია, რომ იგივე სამუშაო შევასრულო, რასაც დედაჩემი ასრულებს – მე სტილისტობა მინდა. ასე ყოფნა სისულელეა.
დედა
თუ სამუშაო ექნება, მანქანაც ეყოლება და ყველაფერიც ექნება. მეც აღარ ვივლი ბაზარში.
მარიშკა
ახლა სკოლაში ჩავეწერეთ ექვსი ბოშა გოგო და „პრავაზე“ გვინდა სწავლა. შეიძლება მასწავლებელი აქ მოვიდეს, [გელაურის] სკოლაში.
დედა
ექვსი შვილი მყავს, სამი შვილიშვილი. დღეში მინიმუმ 70 ლარი მჭირდება. არც ერთი შვილი არ მუშაობს. ქირით არის ერთი სიძე, მაგრამ ჩემთან არიან დილიდან საღამომდე. მეორე გოგოც სტუმრად მყავს, ქუთაისში გათხოვდა და ზაფხულობით აქ ჩამოდის. მძიმეა დედის საქმე. მე რასაც გავყიდი, იმას საჭმელში ვხარჯავ. დღეში გვჭირდება10 პური. მოგებაზე ჩვენ ვერ ვმუშაობთ… ამ სახლში დედამთილი ცხოვრობს, ორი მაზლი და ჩემი ოჯახი. სახლი რომ მქონდეს, სხვაგან წავიდოდი და ვიცხოვრებდი ჩემს შვილებთან ერთად, მშვიდად და არა ასე, ერთად.
ბებია
ეს ჩემი სახლია. მე ვიყიდე. 59 წლის ვარ, 50 წელია აქ ვცხოვრობ. ჯერ პენსიას არ ვღებულობ, არც არაფერს. უკვე ვეღარ ვმუშაობ, მაგიტომ რომ ავად ვარ… ბოშების ცხოვრება არასდროს შეიცვლება. ადრე ბათუმში დავდიოდი, ვვაჭრობდი „დუხებით“, ხალხს ვიცნობდი. ძველი ცხოვრება, „ციგანის“ როგორც იყო შარშან [ძველად], ისეც არის ახლა: პატარობიდან ვაჭრობა ქუჩაში.
მარიშკა და მისი ბებია
დედა
ჩვენ დახმარება გვჭირდება. ადრე 1000 ლარს ვიღებდი წელში და ბაღნებისთვის ვყიდულობდი რაღაცებს. მრავალშვილიანი დედა ვარ. ახლა შემიჩერეს – შვილები გაგეზარდაო. თბილისში ბევრი კარგი კანონია, ბათუმშიც. ხალხს ეხმარებიან. ჩვენ თვიდან თვემდე ვიღებთ კაპიკებს. თბილისში რომ არის კანონები, აქ რატომ არ არის იგივე კანონი?
როცა არ იცი, რომ შეგიძლია უფასოდ ისწავლო
„ატესტატი მაქვს“ – პირველი წინადადება ეს იყო, რაც მან გვითხრა. ლიზა მელიასლანოვას ასევე აქვს ბევრი დრო, ყოველ შემთხვევაში, ახლა. ადრე ასე არ იყო – თავისი და-ძმებისთვის რომ მოევლო, მეცხრე კლასიდან გამოიყვანეს. ახლა ისინი გაიზარდნენ და თავად ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გახდეს სტილისტი.
მიიჩნევს, რომ ახლა ის პერიოდი დაუდგა, როცა შეუძლია იფიქროს მხოლოდ საკუთარ თავზე. აქვს თავისუფლება და ახალი მიზანი – იშოვოს სამსახური და ცხოვრება მოიწყოს. მხოლოდ ამ გეგმების შესრულებას მოსდევს ფიქრები ოჯახის შექმნაზე. დაქორწინებას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ „ნორმალურ ადამიანს შეხვდება“.
ლიზას, ისე, როგორც ბოშების სრულ უმრავლესობას, ვისაც ვესაუბრეთ, მიაჩნიათ, რომ ადრე გათხოვება არ შეიძლება. როცა ეკითხები – რატომ? გპასუხობენ: „ახლა სხვა კანონია“.
ლიზა მელიასლანოვა
ბოშებში, მათ შორის გელაურშიც, ჯერ კიდევ არის გოგოს მოტაცების ტრადიცია, მაგრამ „მოტაცებაც მაშინ ხდება, თუ გოგოს და ბიჭს უყვართ ერთმანეთი“. „სხვა შემთხვევაში, პატარა გოგოს არ გაათხოვებენ. თუ გოგო არ იქნება თანახმა, არც მაშინ გაათხოვებენ“, – ასე ჩამოაყალიბა ლიზამ სრულწლოვნებამდე ქორწინებაზე თავისი შეხედულება.
ქორწინებაზე საუბრისას ლიზა კიდევ ერთ აკრძალვაზე გვიყვება: „მესამე-მეოთხე თაობის ნათესავების შეყვარება აკრძალულია, მით უფრო, თუ ერთად ვიზრდებით“. გელაურში მცხოვრებ ბოშებზე ლიზა ამბობს, რომ „აქაური ბიჭები ბიძაშვილები, ესე იგი, ჩემი ძმები არიან“.
გარდა ამისა, ძალა დაკარგა აკრძალვამ – ბოშა „სხვაზე“ არ უნდა გათხოვდესო. გელაურში გეტყვიან, რომ ბევრი გოგო გათხოვდა ქართველზე და ბევრი ბიჭი დაქორწინდა არაბოშაზე.
რადგანაც ლიზა ჯერ გათხოვებას არ აპირებს და ვერც სტილისტობის კურსის მიყვანა შეძლო ბოლომდე, ცდილობს დრო სხვაგვარად გაიყვანოს: „ვდგები დილით, ვსაუზმობ, სახლს ვალაგებ, ვრთავ მუსიკას, მეგობრები მოდიან, ფილმს ვუყურებთ. როდესაც დედა ბრუნდება სამუშაოდან, ოჯახის საქმეს თავს ვანებებ და ვსეირნობ“.
საუბრის დასასრულს ლიზა ასე ამხნევებს საკუთარ თავს: „მე მაქვს სტილისტობის მონაცემები, ასევე შემიძლია კერვა, სადილის მომზადება, მაგრამ გადავწყვიტე სტილისტობა, რადგან მიყვარს ეს საქმე. აუცილებლად გავხდები სტილისტი“.
გელაურში ცხოვრობს 24-25 ბოშა ოჯახი, დაახლოებით 350 ადამიანი. აქაურ ბოშებს, თითქმის ყველას, აქვს საკუთრება. სახლები არ აქვთ მათ, ვინც ოჯახიდან გადის და ცალკე იწყებს ცხოვრებას.
კოლეჯი „ახალი ტალღა“ – აქ შეიძლება გოგოებმა ისწავლონ
მაია წულუკიძე, კოლეჯ „ახალი ტალღის“ ღონისძიების მენეჯერი ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო ბოშა გოგონების განწყობა კოლეჯში სწავლის გაგრძელების შესახებ. მაია ამბობს, რომ ამ გოგონებს დაეხმარება:
„ჩვენთან მიღება არის წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო. საგაზაფხულო მიღება უკვე დამთავრდა. შემდეგი მიღება იქნება სექტემბერში და სწავლა დაიწყება ოქტომბერში. ჩვენთან სტილისტობა ისწავლება ცხრა თვის განმავლობაში. ამ ცხრა თვეში არის თეორიული და პრაქტიკული კურსი, სრული ჩართულობა. კურსდამთავრებულებს ჩვენ ვასაქმებთ. ჯერ პრაქტიკაზე ვუშვებთ და თავის გამოჩენის შემთხვევაში დასაქმდებიან. ბევრ სალონთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული.
ეს გოგონები სექტემბერში უნდა მოვიდნენ ჩვენთან. აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მე-9 ან მე-12 კლასის ატესტატი. პროფესიული ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, ძალიან მარტივი უნარებია ჩასაბარებელი“.
„ისინიტრადიციებსადათავისუფლებასშორისმერყეობენ“
ლენა პროშიკიანი, ეთნიკურობისა და მულტიკულტურულიზმის შესწავლის ცენტრის ბოშათა საკითხების კოორდინატორი:
მე ვიმუშავე ოთხ გოგოსთან, რომლებიც გალაურში ცხოვრობენ. მათ კოლეჯში სტილისტობის სამთვიანი მოკლე კურსი გაიარეს. სწორედ ამის შემდეგ რადიკალურად გადაწყვიტეს, რომ მათი სამსახური ქუჩაში არ იქნება. ზუსტად იციან, რა უნდათ – უნდათ პროფესიული განათლების მიღება; არ იციან ამის მიღწევა როგორ შეიძლება, მაგრამ იციან, რომ გასაყიდი საქონლით სავსე ჩანთას არ მოიკიდებენ.
მათი ცხოვრება არც თუ ისე მრავალფეროვანია – ტრადიციებსა და თავისუფლებას შორის მერყეობენ. ზოგი იცვამს მოკლე კაბას და შარვალს, არადა, ეს ამ თემში კარგ ტონად არ ითვლება.
კულტურა და ტრადიციაა – ქალს არ უნდა ეცვას შარვალი, ვიწრო კაბა, არ უნდა ეცვას ისე, რომ მისი სხეული ჩანდეს, თავშალი უნდა ჰქონდეს გათხოვილ ქალს. როგორც კი გოგონა გადის სახლიდან, ის ატარებს თავისი ოჯახის სახეს. როცა გოგონას ასე აცვია და სხვა კაცები უყურებენ, რა თქმა უნდა, თვალში ხვდებათ – რას ჰქვია ბოშა გოგონას ასე აცვია.
გოგონები იძახიან, რომ როცა გათხოვდებიან, მაშინ ჩაიცვამენ გრძელ კაბას, ბოშას თუ გაყვა, თორემ ქართველს თუ გაყვა, ალბათ არასდროს ჩაიცვამს გრძელ კაბას.
გოგონებმა ერთბაშად თუ გადაწყვიტეს, რომ აი, ჩვენ ხვალიდან ყველანი ვიცვამთ შარვალს, რა თქმა უნდა, ბაბუები ამ პროცესს გააჩერებენ, მათ ზეგავლენა აქვთ ახალგაზრდებზე. თემში უფროსის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, მაქსიმუმ 5-10 წელი და ეს ყველაფერი დაიკარგება. სამწუხაროდ, ის ფრიალა ყვავილებიანი კაბები აღარ არის. ფაქტობრივად, ყველაფერი იკარგება.
სამწუხაროდ, ამ გოგონების განათლება არის ნულს ქვემოთ. უნდა ისწავლონ არა მხოლოდ პირველი სამი კლასი, არამედ უფრო მეტი. მშობლებმაც უნდა გაიგონ, რომ ეს მათი შვილებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე პრობლემაა სახელმწიფო ენის არცოდნა. ვერც ერთი პროფესიული კოლეჯი ვერ მიგიღებს, თუ ვერ ჩააბარე გამოცდა.
საქართველოს ხუთივე რეგიონში კომპაქტურად დასახლებული ბოშები ერთნაირი წესით ცხოვრობენ. მამაკაცი, თუ ის პატივს სცემს ოჯახს, ცოლს, გადის სავაჭროდ ცოლთან ერთად.
მაგრამ არის სხვა ფაქტორიც – ძალიან ხშირად 16-25 წლის გოგონები იძახიან – „ნეტა, მიგვიღებენ“, ან „ვის რაში ვჭირდებით“. ანუ საზოგადოება როგორ მიიღებს მათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დისკრიმინაციის კუთხით ძალიან ეშინიათ. არის შიშის და უნდობლობის ფაქტორი. ჰგონიათ, რომ მათ ატყუებენ.
პროფესიული განათლება ამ თემში ახალი ხილია. მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა ძალიან გამიჭირდა ამის ახსნა. როცა გაიგეს ეს რა არის, პირველ გაკვეთილზე მივიდნენ, მერე გაიაზრეს, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს, სხვანაირად დროსტარებაც შეიძლება და ფულის კეთებაც. შეიძლება არ გახვიდე ქუჩაში და მოწყალება არ ითხოვო, ან არ ათრიო მძიმე ჩანთა. ეს მომენტი გარდამტეხი იყო ამ გოგონებისთვის და ვფიქრობ, რომ თემში ეს გოგონები არიან სამაგალითოები – მათ გადახარშეს ეს ინფორმაცია, რაც მიიღეს. დაინახეს, რომ შეუძლიათ დასაქმდნენ სხვანაირად და არ იყვნენ ვაჭრობის ან მოწყალების იმედად. ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს სხვებზეც.
რაც შეეხება ოჯახში თანასწორობას, – ბოშების ოჯახში ცოლი ვაჭრობს და ოჯახს არჩენს, მაგრამ ცოლი გამომუშავებულ თანხას აბარებს ქმარს. მამაკაცი წყვეტს, ხვალ რამდენი თანხა სჭირდება ოჯახს საჭმლისთვის. ყველაფერს წყვეტს კაცი.
მეორე როლი მამაკაცის ასეთია: როცა ქალი გადის სავაჭროდ ან მოწყალების მიზნით, მამაკაცი რჩება ოჯახში. ბოშა ოჯახი არის მრავალშვილიანი და კაცი ამ შემთხვევაში უვლის ბავშვებს. ბავშვების უმეტესობა ბაღში არ დადის და, სამწუხაროდ, ამ კუთხით ინტეგრაცია ფერხდება.
ბოშა ოჯახში ყველაფერი დედამთილი, დედამთილი და დედამთილია. როცა სრულფასოვანი ოჯახია [ქმარი ცოცხალია], თუ დედამთილი ასაკშია, ფული ბარდება დედამთილს. ის ანაწილებს თანხას ოჯახში.
დედამთილს შეუძლია დაავალოს რძალს, რომ წავიდეს და მოწყალება ითხოვოს. მამამთილი არ ეტყვის რძალს, წადი და იმათხოვრეო…
მაგრამ ახლა გოგონები მარიშკას მსგავსად სხვაგვარად უყურებენ თავიანთ მომავალს. მით უფრო, რომ შერეული ოჯახების ტენდენცია წამოვიდა. ჩემ გარშემო ყველა – ჩემი მამიდაშვილი, ბიძაშვილი არის გათხოვილი სხვა ეროვნების კაცზე. მე ქვემო ქართლის ბოშებს ვეკუთვნი. თბილისშიც ანალოგიური სიტუაციაა. ყველა ცდილობს თემიდან გავიდეს გარეთ, ამას ერთადერთი მიზეზი და მიზანი აქვს – აღარ უნდათ ცხოვრება ასე გაჭირვებაში.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“
ბათუმის მერია საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა წელს გაფართოვდა და პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიც ისარგებლებენ.
პროგრამა თორმეტდღიან სარეაბილიტაციო კურსს მოიცავს და ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის ბიუჯეტი 304 ათას 170 ლარია, მასში 584 ადამიანი ჩაერთვება.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
· სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ხუთი და მეტი შვილი), შშმ პირებისა და ომში დაზარალებულ პირთა რეაბილიტაცია ურეკში;
· მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციართა მომსახურება ურეკში;
· ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, შშმ პირების, ომში დაზარალებულთა და თანმხლები პირების მომსახურება ურეკში;
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განაცხადით უნდა მიმართონ მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს [ლუკა ასათიანის ქ. #25]. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს: (0422) 24 63 02.
6 ივნისიდან ამოქმედდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის ახალი სქემები, მათი რაოდენობა და მოძრაობის ინტერვალი დამტკიცდა.
ამავე დადგენილებით, ბათუმის მერია ვალდებულია ერთი თვის ვადაში საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ასევე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი.
კონკურსის პირობებზე ანუ იმ კრიტერიუმების/სტანდარტების დადგენაზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქში სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი, მერია უკვე მუშაობს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი წესები შეამცირებს სამარშრუტო მიკროავტობუსების, შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობას. ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55.
ამასთან, ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ეს რაოდენობა პირველი ივლისიდან 250-მდე შემცირდება.
დადგენილების მიხედვით, ქალაქში 2018 წლის პირველი ივლისიდან ახალი სქემითუნდა იმოძრაონ შემდეგმა მიკროავტობუსებმა: №№ 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.
რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში, შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ბმულზე.
ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ფერდსამაგრი კედლები და გაბიონები 64 ადგილზე მოეწყობა. ფერსამაგრი კედლებისა და გაბიონების მოწყობის მიზანი სტიქიის დროს საცხოვრებელი სახლების დამეწყვრის რისკის შემცირებაა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის თანხა აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 116 ადგილზე საყრდენი კედლებისა და ფერდსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად პროექტი უკვე შეძენილია. ობიექტები უკვე განხორციელდა გვარას ადმინისტრაციულ ერთეულში. სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება.
დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ღია სცენაზე, ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ წარმოგიდგენთ სპექტაკლს „სამი გოჭი “.
დასაწყისი: 18 საათზე. დასწრება თავისუფალია.
ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. დასის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტუღუშია.
ბათუმში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, გია აბულაძე აცხადებს, რომ პროექტი არ არის გამჭვირვალე, სახელმწიფო რესურსებს კერძო ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ, რაც აჩენს კორუფციის ეჭვებს: „აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა“.
„პროექტის დამკვეთმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვაწოდა დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც კითხვებს აჩენს პროექტის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი ექსპერტის დასკვნა, სადაც ასახულია მნიშვნელოვანი შენიშვნები, რაზედაც პროექტის ავტორების მიერ გაცემული პასუხები არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულზე მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია, რაზედაც უკვე თვეებია პასუხს არ გვიგზავნიან“, – აცხადებს გია აბულაძე.
გია აბულაძე
გია აბულაძის თქმით, როგორ მოხდება ნატანის შევსება, ამის ამსახველი კვლევები და დასკვნები საქმეში არ დევს: „ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საბოლოო პროექტის და სამუშაოების შესყიდვის დოკუმენტების წარმოდგენა, თუმცა დღემდე გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს ცვლილებები. ამ დროს ვხედავთ, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია სამუშაოებისათვის საჭირო ინერტულ მასალებს ზღვიდან იღებს ნაცვლად იმისა, რომ მას ვალდებულება აქვს, სხვა ადგილიდან შემოიტანოს, ნაპირსამაგრი სამუშაოები წარმოებს სამშენებლო ნარჩენებით, როცა იქ ქვა-ღორღი უნდა იყრებოდეს.“
ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე, პროექტით ხელოვნური პლაჟი უნდა მოეწყოს. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება.
პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. პლაჟის შესაქმნელად ქვიშა-ხრეშის ამოღება ბათუმის კონცხთანაა დაგეგმილი [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია]. ამასთან, ახალი ბულვარიდან ახალშექმნილ პლაჟზე რომ მოხვდე, საჭირო იქნება ნაპირსამაგრ ნაგებობაზე გადასვლა, რისთვისაც სპეციალური გადასასვლელი ხიდები მოეწყობა. სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით ასეთი 12 საფეხმავლო ხიდის აშენებაა დაგეგმილი.
ბათუმის ბულვარში მდებარე შენობაში, რომელშიც თავის დროზე ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, ფართობები საცხოვრებელ ბინებად გაიყიდება. შენობა სამი წლის წინ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ სასტუმროს გახსნის პირობით გაასხვისა შპს „ბათუმი თაუერზე“. მოგვიანებით შენობის გვერდით ახალი მშენებლობა წამოიწყეს.
„ბათუმი თაუერში“ აცხადებენ, რომ ახალ შენობაში სასტუმრო და კაზინო იმუშავებს, მაღლივი კორპუსი კი მთლიანად საცხოვრებელ ბინებად გაიყიდება. კომპანიაში გვითხრეს ასევე, რომ გაყიდვები უკვე დაწყებულია, თუმცა საცხოვრებელი რეზიდენცია, სასტუმრო და კაზინო, 2019 წლის ზაფხულში გაიხსნება.
ოფიციალურ დოკუმენტებში „ბათუმი თაუერად“ რეგისტრირებული და თავის დროზე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად გამოცხადებული შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე, 2015 წლის მარტში გაყიდა. შპს „ბათუმი თაუერმა“ ქონება 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შეიძინა. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“.
„სახელწიფოს აქვს კონკრეტულად გაწერილი ის პირობები, რითაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამ შენობის სასტუმროდ გადაქცევა – ეს არის ეკონომიკის სამინისტროს პირობა, რაც აუქციონზე იყო გამოტანილი და პლუს, ამ მიზნით უნდა იყოს დახარჯული 15 მილიონის ინვესტიცია, 36 თვის განმავლობაში“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მაშინ კომპანიაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმდინარე წლის თებერვალში, „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
„კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება – 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის პირველი სექტემბერი“, – განაცხადეს მაშინ სამინისტროში.
სტამბულში დასრულდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ ჭიდაობაში, ფინალურ ბლოკში 2 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა. საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 3-2 მოუგო თურქ ჩენგიზ არსლანს. ეს მის კარიერაში მეოთხე ევროპული ოქროს მედალია.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფოტოსაქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფოტო
ფინალურ ბლოკში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) მინიმალური ანგარიშით დაამარცხა უკრაინელი ვიქტორ პეტრიკი და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიდეო, რამაზ ზოიძის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ფინალში თურქ ჩენგიზ არსლანთან 72 კგ:
„საქართველოს რკინიგზამ“, რომელიც სახელმწიფო საწარმოა, აუდიტის სამსახურს შემოწმებაზე უარი უთხრა. აუდიტმა სასამართლოს მიმართა და საქართველოს რკინიგზა 1000 ლარით დააჯარიმეს. რკინიგზამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ორივე ინსტანცია მოიგეს და „საქართველოს რკინიგზის“ შემოწმებისთვის საჭირო პროცედურებს აგრძელებენ.
„საქართველოს რკინიგზამ“ ჩვენთან სასამართლო პროცესი ორჯერ წააგო, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციოში“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში. – „2015 წელს ჩავატარეთ რკინიგზის დეპარტამენტის შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რკინიგზამ შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მიუთითა, რომ აუდიტს არ ჰქონდა მათი შემოწმების უფლება, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ სახელმწიფოსგან პირდაპირ დაფინანსებულ უწყებას. პირველმა ინსტანციამ უთხრა, რომ შემოწმებას ექვემდებარებიან, გაასაჩივრეს სააპელაციოში. სააპელაციომაც დაუდასტურა, რომ აუდიტის სამსახურს რკინიგზა უნდა შეემოწმებინა. გავიდა ერთი წელი და აუდიტმა გადაწყვიტა სხვა მიმართულებით შეემოწმებინა რკინიგზა – გამოითხოვა გარკვეული ინფორმაცია. რკინიგზამ განაცხადა, რომ აუდიტს არ ჰქონდა შემოწმების უფლება. აუდიტის პასუხი იყო, რომ ორი ინსტანციის სასამართლოში ჰქონდათ საქმე მოგებული, მაგრამ რკინიგზამ დოკუმენტები არ გასცა. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში – რომ არ გვაძლევს დოკუმენტებს, რაც საჭიროა წინამოკვლევის სამუშაოსთვის. მოვიგეთ, თუმცა რკინიგზამ გაასაჩივრა სააპელაციოში. რამდენიმე დღის წინ სააპელაციოც მოვიგეთ“.
აუდიტის სამსახურში განაცხადეს, რომ შესაბამისი პროცედურების დაცვით აგრძელებენ მუშაობას: „ვიცით, რომ მოვიგეთ და ჩვენი გეგმით მივდივართ“.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“ კი, 5 ივნისს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აუდიტთან დაკავშირებით აღნიშნულია:
„რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით 1000 ლარიან ჯარიმის დაკისრებას, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ 2018 წლის 26 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხსენებული „დადგენილება“, რამდენადაც „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის“ დანაწესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს აუდიტის ობიექტს. უმთავრესად კი უნდა ითქვას, რომ „დადგენილების“ გასაჩივრების მთავარი მიზანია, საქართველოს სასამართლოს მიერ დადგინდეს პრაქტიკა და განისაზღვროს, თუ რამდენად ვრცელდება ზემოთხსენებული კანონი „საქართველოს რკინიგზასა“ და მის მსგავს სამართლებრივი სტატუსის მქონე იურიდიულ პირებზე. ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული „დადგენილების“ თაობაზე არ ჩაგვბარებია. ვიმედოვნებთ, სასამართლოს მიერ დადგინდება პრაქტიკა და განიმარტება კანონის სადავო ნორმა“.
ამ განცხადებით „საქართველოს რკინიგზა“ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა Hub Georgia-ს მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:
„გვსურს გამოვეხმაუროთ Hub Georgia-ს მიერ მედიაში გაკეთებულ ცილისმწამებლურ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს… მოვუწოდებთ, Hub Georgia-ს შეწყვიტოს რკინიგზის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას გავატაროთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, – აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“.
HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Business Media Georgia-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, მისი აზრით, „საქართველოს რკინიგზამ“ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის შემოწმებას თავი აარიდა და განაცხადა, რომ „არსებობს არაერთი საქმე, რომელიც რკინიგზის ხელმძღვანელების დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს და დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას უკავშირდება“. ერთ-ერთ ასეთ საქმედ კი დაასახელა რკინიგზის შესვლა ბათუმის ნავთობტერმინალის მართვაში.
სს „საქართველოს რკინიგზა“, რომელსაც რამდენიმე შვილობილი კომპანიაც გააჩნია, 100%-ით წარმოდგენილია „საპარტნიორო ფონდში“, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. ეს არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე.
„საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს“, – აღნიშნულია ფონდის ვებგვერდზე.
საიას ბათუმის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, კომპანიას, რომლის 50%-ზე მეტ წილს სახელმწიფო ფლობს, უფლება არ აქვს უარი უთხრას სახელმწიფო აუდიტს შემოწმებაზე. მეტიც, მას აქვს ვალდებულება ხელი არ შეუშალოს აუდიტის სამსახურს საქმიანობაში.
აუდიტის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არ არის პირველი, რომელმაც საწარმოში სახელმწიფო აუდიტის შესვლაზე უარი განაცხადა:
„დაახლოებით ოთხი წლის წინაც იყო შემთხვევა, შპს „მექანიზატორს“ პრეტენზია ჰქონდა, რომ „რახან ვართ ა[ა]იპ-ის დაფუძნებული, ამიტომ არ გვეკუთვნის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეგვამოწმოს“… ამ შემთხვევაშიც სასამართლოში იყო საქმე და ეს კომპანიაც დაჯარიმდა 1000 ლარით. სასამართლომ დაავალდებულა „მექანიზატორი“ საწარმოში დაეშვა აუდიტი“.
შპს „მექანიზატორიც“ სახელმწიფო საწარმოა, რომლის 100% წილს ა[ა]იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფლობს. აღნიშნული ა(ა)იპ-ი [ყოფილი ფონდი] კი, როგორც სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, 2013 წლის იანვარში დაფუძნდა.
11 ივნისს სტუდია “ათინათი” გეპატიჟებათ სტუდიის დაარსებიდან ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე – “მზესთან ერთად დავიბადე”.
დასაწყისი: 19:00 საათი.
[highlight color=” red “]ბილეთის ფასი: 10 ლარი[/highlight]
დაგვირეკეთ: 557 21 16 04
მისამართი: ბათუმის მუსიკალური ცენტრი.
ათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრადათინათელები აქტიურად ემზადებიან თქვენთან შესახვედრად
„აჭარის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დავამტკიცეთ მანამ, ვიდრე აჭარის 2018 წლის ბიუჯეტში მოხდებოდა გასული წლის ეკონომიის ასახვა. ამას დაემთხვა ასევე გაზრდა სახელფასო ფონდის, რაც საჯარო მოხელის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის საჭირო თანხის „კატასტროფული მატება“ ამის შედეგი იყო. ახლა რომ შევადაროთ, რეალურად ეს ასე არ არის“, – ამბობს გია რომანაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
„უმაღლესი საბჭო ხელფასებისთვის საჭირო თანხას 105 900 ლარით ზრდის“, – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ მიმდინარე წლის 21 მაისს დაწერა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი ბიუჯეტში ცვლილებები, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ცხრა დღის შემდეგ, 30 მაისს დაამტკიცა.
„შარშან რამდენიმე ადგილი იყო ვაკანტური, მათ შორის რამდენიმე თვე ჩემი თანაშემწის ადგილიც. აქედან გამომდინარე წარმოიშვა ეკონომია 70 ათას ლარამდე, რაც ხელფასებში უნდა გაცემულიყო. ამ ეკონომიის ხარჯზე კონდეცირება-გაგრილების სისტემები მოწესრიგდა, მაგრამ რეალურად ეს თანხა ჩვენ 2018 წელში გვჭირდებოდა ხელფასებში – ჩატარდა კონკურსები და ვაკანტური ადგილები აღარ დარჩა. მეც ავიყვანე თანაშემწე, დაინიშნენ სხვა თანამდებობებზეც… ამას დაემატა ახალი კანონი საჯარო მოხელის შესახებ [რანგირებები, კვალიფიკაციები] რის გამოც, სადღაც 30 ათასი ლარის ფარგლებში გაიზარდა სახელფასო ფონდი უმაღლეს საბჭოში. ის ეკონომია, ეს 30 ათასი ლარი და საერთო ჯამში სადღაც 107 ათას ლარამდე გამოვიდა სხვაობა. ეს გამოიწვია იმან, რომ შედარება გაკეთდა 2017 წლის ფაქტიურ დანახარჯებსა და 2018 წლის დაგეგმილ თანხებს შორის. ეს იყო მიზეზი“, – განმარტავს გიორგი რომანაძე.
მისივე განცხადებით, ახალი კანონის თანახმად, გასული წლის საკასო [ფაქტობრივი] დანახარჯები რაც იქნებოდა, იქედან გამომდინარე უნდა დაგეგმილიყო 2018 წლის ბიუჯეტი, მაგრამ „ ვინაიდან შარშან ჩვენ ნაკლები გვქონდა დახარჯული და 2018 წელში ეს 70 ათასი ლარი საჭირო იყო, ამიტომ მოხდა ბიუჯეტის გაზრდა. თორემ, რომ გადავხედოთ სახელფასო ფონდს წლების განმავლობაში, იგი არ იცვლება, ერთადერთი, საჯარო მოხელის შესახებ კანონმა გამოიწვია სახელფასო ფონდის ცვლილება და რაც არის ასე დარჩება 2019-შიც, 20-შიც და ასე გაგრძელდება.“
„ბათუმელები“ შეეცადა ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ არსებული ციფრებით შეედარებინა უმაღლესი საბჭოს 2017, 2018 და მომავალი 2019 წლის [პროექტი] სახელფასო თანხები. ეს, მიუხედავად უმაღლესი საბჭოს ჩართულობისა, ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა.
„ის, რომ ავიღოთ 2-3 ციფრი და შევადაროთ ერთმანეთს, ეს რეალურ სურათს, ფიანსურად არ ქმნის. ხელფასების გაცემის კუთხით, ერთ-ერთი რთული წელი იყო 2017, ვინაიდან ამ წლის პირველი ივნისიდან გარკვეული თანამშრომლები შტატიდან გადავიდნენ შტატგარეშედ, შესაბამისად, ბიუჯეტშიც შეიცვალა შრომის ანაზღაურების მუხლი და შტატგარეშეებისთვის გადატანილი იქნა თანხა სხვა მუხლში, მათზე ხელფასები რომ გაცემულიყო. ამასთან, ივნისამდეც მუშაობდნენ სხვები შტატგარეშედ და ისინი ცალკე მუხლიდან იღებდენენ ხელფასს, ამათთგანაც ზოგი გადავიდა შტატში, იყო ვაკანტური ადგილები, ეკონომია სახელფასო ფონდში და ა.შ. დეტალების დასაზუსტებლად უმჯობესია მოგვწეროთ და წერილობით გაგცემთ პასუხს“, – გვითხრა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა.
აჭარის ბიუჯეტში 30 მაისს შესული ცვლილებების შედეგად, უმაღლეს საბჭოში, წელს, ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 3 428 200 ლარი იმ 117 პირისთვის, ვინც შტატშია [მათ შორის დეპუტატებიც].
გარდა ამისა, როგორც უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, ჰყავთ შტატგარეშე თანამშრომლებიც, რომელთა რაოდენობა ცვალებადია და ამ წლის პირველი ივნისისთვის მათი რაოდენობა იყო 90 [აქედან 55 კაცი ფრაქციებში, 35 კი მძღოლები, დამლაგებლები და სხვა ტექნიკური პერსონალი].
შტატგარეშე თანამშრომლებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის ცალკე 878 290 ლარია გათვალისწინებული. ეს მუხლი აჭარის ბიუჯეტში ცალკე არ ჩანს.
თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ დღეს უმაღლეს საბჭოში საშუალოდ 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული [საბჭოში ამბობენ, რომ ეს რიცხვი თვეების მიხედვით ცვალებადია] და მათი ხელფასებისთვის ჯამში წელს, 4 306 490 ლარია გაწერილი. ანუ, უმაღლესი საბჭოს მთლიანი ბიუჯეტის 85%-ზე მეტი, ხელფასებს მოხმარდება.
2019 წლისთვის კი, საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტით, შტატში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 3 433 200 ლარია გათვალისწინებული, ანუ, 5 000 ლარით მეტი, ვიდრე დღესაა გაწერილი ბიუჯეტში. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ლარი გამოიყოფა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასისთვის, როგორც უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, ეს მაშინ დაზუსტდება, როცა აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ.
უმაღლეს საბჭოში გვითხრეს, რომ გასულ წელს სახელფასო ფონდი იანვრის დასაწყისში იყო 3 464 000 ლარი, თუმცა ცალკე იყო თანხა გაწერილი შტატგარეშე თანამშრომლებისთვისაც. შტატით დასაქმებულებზე გასულ წელს ხელფასებად გაიცა ჯამში 3 262 200 ლარი, დანარჩენი თანხა კი, როგორც საბჭოში განმარტეს, გადავიდა სხვა მუხლში შტატგარეშეების ხელფასისთვის და იყო ეკონომიაც. შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გასულ წელს 842 550 ლარამდე დაიხარჯა.
და ბოლოს, ჩვენი და უმაღლესი საბჭოს „ზეპირი დაანგარიშებით“, 2017 წელს უმაღლეს საბჭოში [შტატიანი და უშტატო თანამშრომლების] ხელფასებში რეალურად დაიხარჯა 4 104 750 ლარი; მიმდინარე 2018 წლისთვის კი გაწერილია 4 306 490 ლარი [ანუ, 201 740 ლარით მეტი, ვიდრე შარშან ფაქტობრივად დაიხარჯა]. საბჭოში აცხადებენ, რომ ეს თანხა სრულად არც წელს დაიხარჯება და ექნებათ ეკონომია.
ნიუ იორკის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კავკასიის ციფრული ფოტოკოლექცია გამოაქვეყნა, რომელიც ბიბლიოთეკაში 1930 წლიდან ინახებოდა. ჯორჯ კენანის კავკასიის ფოტოკოლექცია 274 ფოტოს აერთიანებს. კენანი (1845-1924) ამერიკელი ჟურნალისტი მკვლევარი და მოგზაური იყო.
ამერიკელი ჟურნალისტი კავკასიაში 1870 წელს ჩამოვიდა. სწორედ ამ პერიოდში შეაგროვა მან საქართველოს ფოტოებიც. ნიუ იორკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ კენანის ფოტოკოლექციაში ნახავთ 1870-1878 წლებით დათარიღებულ კადრებს, რომლებზეც თბილისი, სამეგრელო, კახეთი და ქუთაისია ასახული. კოლექციაში დაცულია დიმიტრი ერმაკოვის, ილია აბულაძისა და ჯორჯ კენანის ფოტოები.
კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ 1878 წელს ჯორჯ კენანი ვაშინგტონში მდებარე საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის კორესპონდენტი გახდა. იგი ძირითადად ომის თემებს აშუქებდა.
ჯორჯ კენანი. ამერიკელი მკვლევარი, მოგზაური და ჟურნალისტი / ფოტო: New York Public Library
კენანი National Geographic-ის საზოგადოების ერთ-ერთიდამაარსებელია, რომელსაც 1888 წელს ჩაეყარა საფუძველი. National Geographic-ის 1913 წლის ოქტომბრის ნომერში მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა მოგზაურობის შესახებ, პუბლიკაციის რამდენიმე გვერდი საქართველოსა და მთლიანად კავკასიას ეთმობა.
ნიუ იორკის ეროვნული ბიბლიოთეკის კავკასიის კოლექციიდანზოგიერთი ფოტო შეიძლება გეცნოთ, ზოგსაც შესაძლოა პირველად ხედავდეთ.
პურის გამყიდველი
ხილის გამყიდველი, კინტო
ქართველი ქალები (კახეთი)
ქართველი ქალი (თბილისი)
ქალები დაირით
ქართველი და სომეხი ქალები
გლეხი
ღარიბი სომეხი ქალები (თბილისი)
თბილისი, ერევნის მოედანი (ახლანდელი თავისუფლების მოედანი)
ვერცხლის გამყიდველები
თბილისი, „შაითან ბაზარი“, ახლანდელი მეიდანი, გორგასლის მოედანი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში გელაურის და კარიერის დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. გასულ წელს დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება ასევე გელაურის დასახლებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე.
გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოპოვის, ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის ქუჩებს, ასევე მოეწყო მინი სპორტული მოედანი. კარიერისა და გელაურის დასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 3 600 000-მდე ლარი დაიხარჯება. 2018 წელს ქალაქ ქობულეთში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჯამში 7 311 128 ლარია გათვალისწინებული. კეთილმოეწყობა 10 ქუჩა. ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე.2018 წელს ქალაქ ქობულეთში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჯამში 7 311 128 ლარია გათვალისწინებული.კეთილმოეწყობა 10 ქუჩა. ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.
„ისე შენი დედას შ… რამდენი შენ სიმართლეს ლაპარკობ,“ – ეს კომენტარი სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოქალაქე გია ფაცურიას მისამართით დაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა. დღეს, 6 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონფლიქტს განცხადებით გამოეხმაურა.
ტექსტი განცხადებიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლე ცაბუტაშვილი ბოდიშს იხდის:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოთქვამს წუხილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის სოციალურ ქსელში მომხდარი ინციდენტის გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიესალმება და ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელი ფორმების გამოყენებას. საჯარო სივრცეში აზრის დაფიქსირებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა.
თამაზ ცაბუტაშვილი
დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას ხშირად თან სდევს კრიტიკა, მათ შორის, ზოგჯერ დაუსაბუთებელიც. შესაბამისად, სასამართლოს წევრებს მართებთ გარკვეული კრიტიკის მიღება და დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ, განცხადებებზე არაკორექტული ფორმით რეაგირებისაგან თავის შეკავება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აუცილებლად მოხდება ხსენებული ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თამაზ ცაბუტაშვილი კი თავის მხრივ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას მის მიერ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო“.
ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, კაფე „ვაინ თაიმის“ მფლობელი ტროტუარს რკინის კონსტრუქციით ისე ღობავს, რომ იქ ფეხით მოსიარულეებისთვის ვიწრო ადგილი რჩება, პარალელურად, დარჩენილ ნაწილს უფრო ავიწროვებს აქ განთავსებული ქოთნის ყვავილები. მით უმეტეს იქ გავლა გაუჭირდება ეტლით მოსარგებლეს.
ადგილზე გვითხრეს, რომ ტროტუარის ათვისებასთან დაკავშირებით ნებართვა მერიისგან აქვთ, ხოლო კითხვაზე, კაფეს წინ ტროტუარის ათვისებული ნაწილის სიგანე ჯდება თუ არა მერიის მიერ დადგენილ ზომებში, ასე გვიპასუხეს: „ რას გეტყვით იცით , ქუთაისის ქუჩაზე გაიარეთ.“
ქუთაისის ქუჩაზე და ზოგადად, ქალაქში ტროტუარების ათვისებაზე იმ ფორმით, რომ იქ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ, „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა.
გამსახურდიას #36 -ში ორსართულიანი სახლი სადაც რესტორანი „ვაინ თაუნია“ განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლზე რკინის კონტრუქციის მიმატების წინადადება სააგენტოს საბჭომ განიხილა და შესაბამისი თანხმობაც გასცა.
ბათუმში კაფეებისა და რესტორნების მიერ ტროტუარების ათვისების კონტროლი კი, შეესაბამება თუ არა ათვისებული ფართობები გაცემულ ნებართვას, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის პრეროგატივაა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი უკვე ოფიციალურად გახსნილად გამოცხადა, თუმცა ქობულეთში ჯერ კიდევ ემზადებიან. აქ ამბობენ, რომ სეზონი ცოტა უფრო გვიან იწყება, ვიდრე ბათუმში, სამაგიეროდ, უფრო დიდხანს გრძელდება.
საკურორტო სეზონის წინ ქობულეთში სამშენებლო ბუმი პლაჟზეც შეინიშნება. ბუნგალოების მეპატრონეები, რომლებიც სეზონურ ბიზნესს ეწევიან, ძველ კონსტრუქციას ამაგრებენ, ცვლიან შენობების იატაკს, ჭერს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.
პლაჟზე გაფართოების სურვილი თითქმის ყველა ბუნგალოსა თუ სხვა ტიპის კვების ობიექტის მეპატრონეს აქვს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათგან ზოგი ახერხებს ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურებისგან ნებართვის მიღებას, ზოგი კი – ვერ.
ქობულეთში პირსი, რომელიც პლაჟიდან იწყება და თამარის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მდებარე რესტორან „ატლანტიდას“ უკავშირდება, ერთადერთი არ არის, რომელიც ქობულეთის პლაჟს ორ ნაწილად ჰყოფს. რესტორნის მიმდებარედ პლაჟზე გასეირნებისას გზის გასაგრძელებლად სწორედ ამ დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ მოგიწევთ გავლა.
პირსი ქობულეთში
ერთსართულიანი ბეტონის შემინული შენობა ტერასით, რომელიც პირდაპირ პლაჟზე ბეტონის ბოძებზე დგას, რესტორან „ატლანტას“ მეპატრონეს აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულებითა და ქობულეთის გამგეობის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით აუშენებია, პროექტი ნაპირგამაგრების სამსახურთანაც შეუთანხმებიათ:
„ჩემი ვალდებულება იყო პირსის აღდგენა, რაშიც ნაპირგამაგრების რეკომენდაციებიც გავითვალისწინე. ფაქტობრივად, ყოველ სეზონზე საჭიროებს გარკვეულ სამუშაოებს, ზამთარში ტალღა ისეთი სიმაღლიდან ეცემა, რომ ყოველ ჯერზე თავიდან აზიანებს, რაც სერიოზულ ხარჯებს უკავშირდება,“- ამბობს რესტორნის მეპატრონე, რამაზ როსებაშვილი.
იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირსი და შენობასთან დამაკავშირებელი ხიდი პლაჟს გარკვეულწილად კეტავს: „თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს გავლა, შენობაში შემოსვლა, ფოტოების გადაღება ისე, რომ შეუძლიათ საერთოდ არ ისარგებლონ რესტორნის სერვისით, ანუ ამისთვის შეკვეთის მიცემა და ფულის გადახდა აუცილებელი არ არის“.
იმაზე, რომ პლაჟის ჩაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრეს. პლაჟზე ერთ-ერთ მოიჯარეს, შპს „ჰავანას“ საიჯარო წინადადებაზე სწორედ ამ მოტივით უთხრეს უარი. მოიჯარე უკვე არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით არსებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.
კლუბი „ჰავანა“. ამ დროისთვის აქ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. კლუბი დაკეტილია.
ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტეს, რომ მოიჯარეს აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების მიხედვით ძველი პირსის ორივე ნაწილის აღდგენს ვალდებულება ჰქონდა როგორც ტექნიკურად, ასევე ფუნქციური დატვირთვის თვალსაზრისით. შესაბამისი სამშენებლო ნებართვა შენობის მშენებლობასა და პირსის მოწყობაზე ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა.
პლაჟზე ხიდის მსგავსი გასასვლელი აუშენებია თემურ ჭყონიას სასტუმროსაც. ნაგებობას, რომელიც პლაჟზე ბეტონის მაღალ ბოძებზე დგას, კაფეს ფუნქცია აქვს და ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმროს „ჯორჯია პალასის“ ნაწილია. კაფეს გასწვრივ კი, სასტუმროს თეთრი ქოლგები და შეზლონგებია განთავსებული.
„ჯორჯია პალასის“ ვერანდა
შედარებით მსუბუქი კონტრუქციის მქონე კაფეები, ისევე როგორც დიდი რესტორნები, სრული დატვირთვით მხოლოდ საკურორტო სეზონზე მუშაობენ. მათი მფლობელები დიქტოფონთან საუბარს თავს არიდებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ ქობულეთის მერია შეიმუშავებდა პლაჟის და ზოგადად, სანაპიროს განვითარების ერთიან კონცეფციას და ამ კონცეფციის მიხედვით დადგინდებოდა ერთიანი წესები ყველასთვის.
ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ სანაპიროს განვითარებაზე მუშაობენ. ამ დროისთვის ჩაქვის განაშენიანების გეგმის შესაბამისად განიხილება საზღვაო ტრანსპორტის განვითარების წინადადება, რომელიც ჩაქვში, პლაჟზე, არაერთი პირსის მშენებლობას გულისხმობს.
ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, დღევანდელი გათვლებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროა. შესაბამის ტენდერში შერჩეული 4 კომპანიიდან გამარჯვებულს 25 ივნისის შემდეგ შეარჩევენ. მანამდე კომპანიებმა დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინონ. გამარჯვებისთვის ორი თურქული, ერთი პოლონური და ერთი ბერძნული კომპანია იბრძვის.
„ამჯერად ვინც ხარისხიან და დაბალფასიან პროექტს წარმოადგენს, ის გაიმარჯვებს. პროექტის დიზაინი შვედური კომპანიის მიერ იყო მომზადებული და ამის გათვალისწინებით მომზადდება მშენებლობის პროექტი. გამარჯვებულს ექნება ერთი-ორი თვე სამუშაოების დაგეგმისთვის და სექტემბრიდან, ჩვენი გათვლებით, დაიწყება ნაგავსაყრელის მშენებლობა. ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას აქვს ნაგავსაყრელის მშენებლობის გამოცდილება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გია ხალვაშმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანია „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორმა.
ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას ეს კომპანია კურირებს.
„ჰიგიენა 2009“-ს დირექტორის განცხადებით, ნაგავსაყრელის მშენებლობა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში [±2 თვე] უნდა დასრულდეს.
7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრელის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი. უშუალოდ ნარჩენების განთავსების პოლიგონის [უჯრედების] აშენებისთვის კი, რაზეც ამჯერად ტენდერია გამოცხადებული, საერთო თანხიდან 4 მილიონამდე ევროა გათვალისწინებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპენსაციების გაცემა დასრულებულია, დანარჩენი თანხა კი ბათუმისა და ქობულეთის არსებული ნაგავსაყრელების დახურვას მოხმარდება, რაზეც ცალკე გამოცხადდება ტენდერი.
„როცა ახალი ნაგავსაყრელი აშენდება და დაიწყებს ნარჩენების მიღებას, პარალელურად დავიწყებთ ბათუმისა და ქობულეთის ნაგავსაყრელების დახურვას. ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წლიდან ფუნქციონირებს და სპეციალისტების მიერ შესასწავლია, თუ რა სახიფათო ნივთიერებებია იქ. სპეციალისტები მოგვცემენ რეკომენდაციას, თუ როგორ დავხუროთ არსებული პოლიგონი. ალბათ 1-1,5 მეტრი სიმაღლის მიწა დაიყრება, უნდა მოხდეს რეკულტივაცია-გამწვანება, შემოღობვა, შესვლა აკრძალული იქნება რამდენიმე წელიწადს მაინც, ვიდრე რეკულტივაციის პროცესი არ დასრულდება.“ – ამბობს გია ხალვაში.
წარმოშობის მიხედვით სქოლიოზი ორგვარია: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ სქოლიოზს საფუძვლად უდევს ზურგის ტვინისა და მისი გარსების განვითარების ანომალიები, ასევე ხერხემლის მალათა განვითარების დეფექტები.
შეძენილი სქოლიოზი ხშირად ვითარდება ადრეულ ასაკში განვითარებული რაქიტის, ბავშვთა დამბლის, დამწვრობის შემდგომ დაჩენილი ნაწიბურისა და პლევრიტის ფონზე. ცალკე გამოყოფენ ე. წ. იდიოპათიკურ სქოლიოზს, რომლის განვითარების მიზეზი უცნობია.
ხერხემლის დეფორმაციის სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ დაავადების 4 ხარისხს. IV ხარისხის გამრუდება ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
ამ პრობლემის რადიკალური გადაჭრა მე-2, მე-3 და მე-4 ხარისხის სქოლიოზის შეჩერება თანამედროვე ევმინოვის მეთოდებს შეუძლია, რომელიც გთავაზობთ ვარჯიშების პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ ნერვულ-კუნთოვანი აპარატის გამაგრებაში.
ევმინოვის მეთოდებით აჭარაში მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ მუშაობს, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, N107-ში მდებარეობს.
ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ადგენენ ხერხემლის გამრუდების ხარისხს. გამოკვლევის სურათი იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი ბრუნდება უკვე სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი თავისი რეკომენდაციებით.
დადებითი ეფექტი პირველივე დღეებში შესამჩნევი ხდება. ტანადობის დარღვევისა და სქოლიოზის დროს სამკურნალო ფიზკულტურა და ფიზიოთერაპიის პროცედურა ტარდება ინდივიდუალურად შემუშავებული კომბინირებული ორთოპედიული მეთოდებით.
ხერხემლის გასაჭიმი ვარჯიში
პროფილაქტიკა მიზანშწონილია წელიწადში ოთხჯერ მაინც, განსაკუთრებით-ბავშვის ინტენსიური ზრდის პერიოდში ჰარმონიული ფიზიკური განვითარების მიზნით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N107 ან დაგვირეკეთ: 599 30 75 56.
ხულოს სასპორტო სკოლის ინფორმაციით, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძემ, რომელიც ამავე სკოლაში ვარჯიშობს, 63 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბათუმში, ხულოსა და ქუთაისის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე რამდენიმე კაფეს, სკამები და მაგიდები ისე აქვს განლაგებული ტროტუარზე, რომ შეუძლებელია ეტლით მოსარგებლემ გაიაროს. მზიან ამინდში, როცა ტროტუარზე განლაგებული კაფეები ხალხით ივსება, ამ მონაკვეთში ფეხით გავლაც შეუძლებელია.
ხულოს ქუჩა
ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისისა და ხულოს ქუჩებზე რამდენიმე ოქმია დაწერილი, თუმცა კაფეების მეპატრონეებს არსებული სიტუაცია არ გამოუსწორებიათ.
„განმეორებით გვყავს დაჯარიმებული ქუთაისის ქუჩის კაფეები. 2017-2018 წლებში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ,“ – ამბობს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, თენგიზ მესხიძე.
მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური კვირის მანძილზე მინიმუმ ხუთ ოქმს მაინც წერს, ბათუმში, ტროტუარზე უკანონოდ განთავსებული სკამებისა და მაგიდების გამო.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150¹ მუხლის მესამე ნაწილით კაფეებისა და ბარების წინ სკამების, მაგიდებისა და საჩრდილობლების უნებართვოდ განთავსება 500 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირზე კი ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია. განმეორების შემთხვევაში – 1500 ლარი.
ჩვენ ვწერთ ოქმს, მივდივართ სასამართლოში. სასამართლო უმეტეს შემთხვევაში ცნობს სამართალდარღვევად, მაგრამ დამრღვევს არ აჯარიმებს, ადმინისტრაციულ ფულად სახდელს არ ადებს. მერე ჩვენ ისევ მივდივართ, ვაჯარიმებთ და ა.შ. ამასობაში ზაფხულიც გადის. ზამთარში კიდევ აღარ დებს არავინ სკამებს და მაგიდებს. კანონი რომ ცოტა გამკაცრდეს, უფრო მეტი ჯარიმა რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა,“ – ამბობს თენგიზ მესხიძე.
ტროტუარი ქუთაისის ქუჩაზეტროტუარი ქუთაისის ქუჩაზექუთაისის ქუჩაქუთაისის ქუჩახულოს ქუჩა
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის პროექტირებაზე საერთაშორისო ღია ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ გამოაცხადა. აჭარის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 50 მილიონი ევროა გათვალისწინებული.
„აჭარის წყლის ალიანსის“ ინფორმაციით, ტენდერის მიზანია „აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამისთვის დეტალური პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა, სატენდერო პროცედურების წარმართვის, სამუშაოთა ზედამხედველობისა და თანხმლები ღონისძიებების შესყიდვა“.
„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთია დაფინანსებული. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, ხოლო 10 მილიონი ევრო [KFW-ს და ევროკავშირის] გრანტი.
მთლიანი თანხის 10%, ანუ 5 მილიონი ევრო გათვლილია საკონსულტაციო მომსახურებისთვის. ორ კონსულტანტს კი ზემოაღნიშნული ტენდერით გამოავლენენ, სადაც მომსახურების თანხას თავად ტენდერში მონაწილე კომპანიები დაასახელებენ. ტენდერი 2018 წლის 29 ივნისს დასრულდება.
„აჭარის წყლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ ტენდერით შერჩეულ კომპანიებს ევალებათ, აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის:
[checklist]
დეტალური პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა;
ტენდერის გამოცხადება მშენებლობაზე და გამარჯვებულის გამოვლენა;
შემდგომში კი მშენებლობის ზედამხედველობა.
[/checklist]
ეს იქნება პროგრამის პირველი ეტაპი.
„შესაძლოა ამ თანხით [50 მილიონი ევრო] მთლიანად მოეწყოს სისტემა, ან საჭირო დარჩეს თანხის დამატება. ამ შემთხვევაში საქართველოსა და აჭარის მთავრობებს მოუწევთ, იზრუნონ საჭირო თანხის მოძიებაზე,“ – აცხადებენ „ალიანსში“.
პროგრამა მოიცავს აჭარის დაბებსა და სოფლებს და არ მოიცავს ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქობულეთს.
„ბრალად გედებათ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია,“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ბრალდებულს, როცა იგი ბრალდების არსს კითხულობდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობის მორიგ შემთხვევაზე არსებითი განხილვა დაიწყო. ამ საქმეში დაზარალებული დედასთან ერთად შვილებიც არიან – 12 და 13 წლის გოგონები, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვეს, რომ კონფლიქტის დროს, დედის დაცვის გამო, მამამ მათაც სცემა.
პროკურატურის ვერსიით, გაგა ხ. 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე ძალადობდა ცოლზე. მოსამართლემ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი წაიკითხა. ყველა ეპიზოდში აღნიშნულია, რომ ბრალდებული „ეჭვიანობის ნიადაგზე“ სცემდა ცოლს. ერთ-ერთ ეპიზოდში კი, ბრალდებულმა ცოლს ავტომანქანაში ფეხი ჩაარტყა.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ,“ – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს. იგი მეორე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულის ადვოკატმა, ლევან ცეცხლაძემ კი თქვა, რომ საქმეში მხოლოდ ცრუ ჩვენებებია. „იმედი გვაქვს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება,“ – დასძინა ადვოკატმა.
ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა და მისი მტკიცებულებად დაშვება მოითხოვა. დასკვნის მიხედვით ფიზიკური დაზიანება ჰქონდა ბრალდებულსაც. მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნია მოსამართლემ.
„დაპირისპირების დროს ცოლმა დაარტყა დანა ზურგში ქმარს, ამით ეს მტკიცდება,“ – გვითხრა ადვოკატმა ლევან ცეცხლაძემ.
მოსამართლის დარბაზში შემოსვლამდე ბრალდებულის ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონფლიქტს საფუძველი ჰქონდა“ და „ჟურნალისტებმა ამას უნდა მიაქციონ ყურადღება.“ მათი თქმით, ცოლი სისტემატურად ღალატობდა ქმარს.
„ერთ ღამეს მივიდა გაგა ცოლის ძმის ბინაში, სადაც ბოლო დროს ეს ქალი რჩებოდა და იქედან კაცის ლაპარაკის ხმა გაიგონა,“ – გვიყვება ბრალდებულის ოჯახის წევრი, – „კარი არ გაუღეს… მერე შევიდა ბინაში, იქ აღარ იყო ვინმე. ეტყობა, გადაძვრა ის კაცი აივნიდან ან დამალა ქალმა… განქორწინება უნდოდათ, მაგრამ ეს ქალი ქონებას ითხოვდა, შვილების წილი მომეცითო. ახლა შვილებიც წაიყვანა და წავიდა.“
სასამართლოს მორიგ სხდომაზე ჩვენებას მისცემენ დაზარალებული ქალი და არასრულწლოვანი გოგონები. დღევანდელ პროცესზე არავინ დაუკითხავთ, რადგან პროკურორ პაატა ცეცხლაძეს მოწმე წარმოდგენილი არ ჰყავდა.
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას ელოდება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, შინაპატიმრობა ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
„უნდა მოეკლა ადგილზე, ეს იქნებოდა უკეთესი…“ – ჩაილაპარაკა ბრალდებულის ახლობელმა, როცა იგი მოსამართლის გასვლის დროს პატივისცემის ნიშნად ფეხზე წამოდგა.
მახინჯაურში, ზღვის პირას, ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჩეხავენ. ხეები ამ ტერიტორიაზე მაშინაც გაჩეხეს, როცა მომიჯნავე ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის რამდენიმე ხე გადაიტანეს. ეს ტერიტორია შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია, რომელსაც ეს და ასევე ყოფილი სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 ათას ლარად გადასცა.
ამ ინვესტორმა ვერც ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ვერც საპრივატიზებო საფასური გადაიხადა. შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს სახით 1 001 325 ლარის გადახდა დაეკისრა.
„სტატოტელმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ახალი კომპანია – „MRMU INTERNATINAL“-ი მზად არის გახდეს „სტატოტელის“ პარტნიორი და უზრუნველყოს პროექტის სრულად დაფინანსება საპრივატიზებო ვალდებულების შესაბამისად იმ პირობით, თუ… სამინისტრო შპს „სტატოტელის“ პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს“.
კომპანია პროექტის შესასრულებლად ახალი ვადების დაწესებას და საპრივატიზებო საფასურის დაფარვის ვადის გადაწევასაც ითხოვდა.
შეთანხმება შედგა. აჭარის მთავრობამ შპს „სტატოტელს“ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა – 1 001 325 ლარი აპატია. ასევე გადაუვადა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადები. შესაბამის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2017 წლის 6 დეკემბერს მოაწერა ხელი.
აქედან 5 დღეში კი, 2017 წლის 11 დეკემბერს, „სტატოტელის“ მთლიანი 100% წილი, მისმა დამფუძნებელმა „კაპიტალ ჰოლდინგმა“ 1 ლარად მიჰყიდა ლონდონში დაფუძნებულ „MRMU INTERNATINAL“-ს. შესაბამისად, „სტატოტელის“ მიერ აღებული ვალდებულება ამ კომპანიაზე გადავიდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია „სტატოტელს“ ქონების შეძენის საფასურის ნაწილი, 1 706 250 ლარი გადახდილი აქვს და ახალი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსაც ასრულებს.
„MRMU INTERNATINAL“-ის ერთ-ერთი დირექტორი და წარმომადგენელი საქართველოში არის ზურაბ ნასყიდაშვილი. ზურაბ ნასყიდაშვილი შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ დირექტორიცაა და ამ კომპანიის წილის 33%-საც ფლობს.
„ხეებს არ ვჭრით, ვასუფთავებთ ნარჩენებისაგან. მშენებლობას ვიწყებთ, პირველი ეტაპი შეთანხმებული გვაქვს [ბათუმის] მერიასთან. იქ ისეთი, რაც ბუნებას აზიანებს, არ ხდება, პირიქით, მაქსიმალურად შენარჩუნებულია ლანდშაფტი, გამწვანება. ახლა ვასუფთავებთ ტერიტორიას, რომ გეოლოგიური დასკვნები მივიღოთ. პროექტი გვაქვს, რა თქმა უნდა, რაც გვინდა, რომ შევიტანოთ მერიაში დასამტკიცებლად, მაგრამ საბოლოო ტექნიკური მონაცემები გვინდა მიწის. სულ 3 თუ 4 დიდი ხეა მოჭრილი, აქედან ერთი საერთოდ მეწყერს ჰქონდა ჩამოტანილი, იქ ვერ იდგებოდა, ბეტონის ნაგებობაა იქ. რაც შეეხება „MRMU INTERNATINAL“-ს ინგლისური კომპანიაა, ინგლისური ინვესტიციაა, მე ვარ, უბრალოდ, ამ ინგლისური კომპანიის დირექტორი და ჩვენს მფლობელობაშია ეს ქართული კომპანია „სტატოტელი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზურაბ ნასყიდაშვილმა.
ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018ყოფილი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები იჩეხება / 5.06.2018