მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

5 მილიონი ევრო – ტენდერი აჭარის სოფლების წყალმომარაგებაზე 

05.06.2018
5 მილიონი ევრო – ტენდერი აჭარის სოფლების წყალმომარაგებაზე 

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის პროექტირებაზე საერთაშორისო ღია ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ გამოაცხადა. აჭარის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 50 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

„აჭარის წყლის ალიანსის“ ინფორმაციით, ტენდერის მიზანია „აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამისთვის დეტალური პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა, სატენდერო პროცედურების წარმართვის, სამუშაოთა ზედამხედველობისა და თანხმლები ღონისძიებების შესყიდვა“.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთია დაფინანსებული. აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, ხოლო 10 მილიონი ევრო [KFW-ს და ევროკავშირის] გრანტი.

მთლიანი თანხის 10%, ანუ 5 მილიონი ევრო გათვლილია საკონსულტაციო მომსახურებისთვის. ორ კონსულტანტს კი ზემოაღნიშნული ტენდერით გამოავლენენ, სადაც მომსახურების თანხას თავად ტენდერში მონაწილე კომპანიები დაასახელებენ. ტენდერი 2018 წლის 29 ივნისს დასრულდება.

„აჭარის წყლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ ტენდერით შერჩეულ კომპანიებს ევალებათ, აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის:

[checklist]

  • დეტალური პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა;
  • ტენდერის გამოცხადება მშენებლობაზე და გამარჯვებულის გამოვლენა;
  • შემდგომში კი მშენებლობის ზედამხედველობა.

[/checklist]

ეს იქნება პროგრამის პირველი ეტაპი.

„შესაძლოა ამ თანხით [50 მილიონი ევრო] მთლიანად მოეწყოს სისტემა, ან საჭირო დარჩეს თანხის დამატება. ამ შემთხვევაში საქართველოსა და აჭარის მთავრობებს მოუწევთ, იზრუნონ საჭირო თანხის მოძიებაზე,“ – აცხადებენ „ალიანსში“.

პროგრამა მოიცავს აჭარის დაბებსა და სოფლებს და არ მოიცავს ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქობულეთს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: