ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. „ორი კაცი და ერთი ქალია დაშავებული. ერთი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, მესამე დაშავებული კი „მედცენტრში“ გადაიყვანეს“.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ზღვისპირა ქალაქები ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ბათუმისგან განსხვავებით ქობულეთში ის ადამიანები არჩევენ დასვენებას, ვისაც სურს ყველაფერი ძალიან ახლოს ჰქონდეს: ზღვა, ბუნგალოები, სასტუმრო და გასართობი ადგილები.
ვნახოთ, როგორია ქობულეთში ზაფხულის დღეები. წავედით.
ქობულეთის ქვიშიან სანაპიროზე
მართალია ცოტათი მოიღრუბლა, მაგრამ ქობულეთის ქვიშიან პლაჟზე ასეთ ამინდშიც კი ნახავთ ზღვაში მობანავე დამსვენებლებს. ამინდის ცვალებადობა ზღვაზე ჩამოსულებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
ბავშვები ნაპირზე თბილ ქვიშაში ეფლობიან, მერე ტალღებისკენ გაქანდებიან და ქვიშას ერთიანად ჩამოირეცხავენ.
სანაპიროზე უამრავი კაფე-ბარი, ბუნგალო და რესტორანია. სადმე ერთგან შევჩერდეთ, სადაც სივრცე ღიაა და ქათქათა, ისეთი, როგორიც ზღვისპირა კაფე უნდა იყოს.
ბანაობის, გარუჯვისა და ველოსიპედით სეირნობის შემდეგ მსუბუქი ალკოჰოლით შეზავებული კოქტეილით გაგრილების დრო დგება, სანამ აუცილებლად დასაგემოვნებელი აჭარული ხაჭაპური გამოცხვება, „კუბა ლიბრე“ ვწრუპოთ და დავაკვირდეთ, როგორ ამზადებენ ბიჭები სხვა სტუმრებისთვის ფერად-ფერად კოქტეილებს.
სჯობს დავივიწყოთ ყველა დიეტა, ცომეულთან გაწყვეტილი კავშირები და ღირსეულად შევეგებოთ მის აღმატებულება დაბრაწულ აჭარულ ხაჭაპურს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა აკრძალვას, მით უფრო ისეთს – საკუთარ თავს თვითონ რომ ვუწესებთ.
საით გავწიოთ?
როცა მზესა და ზღვაზე ნებივრობა მოგბეზრდებათ, აუცილებლად დაიწყებთ რაიმე სხვა ადგილების ძებნას ქალაქთან ახლომახლოს.
ქობულეთთან ახლოს, სოფელ ციხისძირში VI-IX საუკუნეების, ისტორიული ციხე-ქალაქი – პეტრა მდებარეობს. ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე პეტრას აკროპოლისი ბიზანტიური წყაროების მიხედვით, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს ააგეს. პეტრა ლაზიკის უმნიშვნელოვანესი საზღვაო-სავაჭრო ცენტრი იყო. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, რუსთაველმა ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის ციხეში, პეტრას ციხე-სიმაგრე იგულისხმა. არავინ იცის ეს ამბავი ტყუილია თუ მართალი, მაგრამ ჩვენი ნებაა, შეგვიძლია გვჯეროდეს ლამაზი თქმულებების, არაფერს ვკარგავთ.
უზარმაზარ, კლდოვან ტერიტორიაზე განფენილი ციხის ნაშთებზე აცოცდებით და დიდხანს აღარ დაბრუნდებით უკან: ნახავთ მწვანე მინდორს და ლაჟვარდისფერ ზღვას ერთად, ისეთს, როგორსაც ხალხმრავალ პლაჟებზე ვერ წააწყდებით.
ქობულეთის ღვინის მარანი
ყველა პატარა მოგზაურობაც კი სასიამოვნოდ გაბრუებთ, თუმცა აჭარაში ჩამოსხმული ღვინით ოდნავი გაბრუება სულ სხვაა. ქობულეთიდან სულ 10 წუთის სავალზე, სოფელ გვარაში, აგროსერვის ცენტრის ღვინის მარანია მოწყობილი, სადაც დიდი ენოთეკა აქვთ და მსურველს შეუძლია საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება. ამ მარნის ტერიტორიაზე ვაზია გაშენებული და რთველისას ტურისტებსა და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ყურძნის დაკრეფა-დაწურვაში მიიღონ მონაწილეობა.
მარანი ყოველდღიურად მასპინძლობს ტურისტებს და წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში შაბათ-კვირასაც მზადაა სტუმრების მისაღებად. პერიოდულად აქ ჩურჩხელების ამოვლების დღეები და თონის პურის ცხობის მასტერკლასები იმართება.
შთაბეჭდილბებით სავსე დღეს აუცილებელია ჭიქა ღვინით გამხნევება, მთავარია არ აგერიოთ: ხორცთან წითელ ღვინოს მიირთმევენ, თევზთან – თეთრს.
მთელი ქვეყანა ერთ პარკში
შეიძლება უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ საქართველოში, შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგრჩათ სასიამოვნო დღეების დასაგროვებლად. როგორც არ უნდა იყოს მინიატურების პარკი მაინც გაოცებულს დაგტოვებთ უამრავი პატარ-პატარა, ისტორიული შენობებით და ძეგლების მინიატურებით. იქნებ არ გაქვთ ნანახი დადიანების სასახლე, ან სოფელი ჩაჟაში – სვანეთში. არაფერია, მინიატურების პარკში ჯერ კიდევ მოუნახულებელი ადგილების მაკეტებს შეგიძლიათ დააკვირდეთ და მთელი საქართველო ერთ საათში მოიაროთ ფეხით.
„ციცინათელა” – გასართობი პარკი დიდებისა და პატარებისთვის
ქობულეთთან ახლოს ციცინათელას ატრაქციონებია. საღამოობით აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა, ბავშვებისთვის უსაყვარლეს ადგილზე დიდებიც კარგად ერთობიან, რადგან „ციცინათელაში“ საბავშვო ატრაქციონების გარდა ექსტრემალური ატრაქციონებიცაა.
როცა ბინდდება და უზარმაზარ პარკში ყველა ატრაქციონი ფერადად ნათდება, აქაურობა ჯადოსნურ სასახლეს ემსგავსება, სადაც ყველა ბედნიერია, მუსიკა უკრავს და ჰაერში ნაყინის სუნი ტრიალებს.
ნაკრძალი დუმფარებიანი ტორფნარითა და წყლის ფრინველებით
ჭაობი თქვენთვის მხოლოდ ცუდ ასოციაციებს და ბაყაყების ყიყინს უკავშირდება? ცდებით. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში ისპანის ტორფნარი უნიკალურ, ჭარბტენიან ეკოსისტემას ქმნის, რის შედეგადაც აქ წყლის ფრინველები და უნიკალური წყალმცენარეებია გავრცელებული.
კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას პარკები ადგილებია, რომლებსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარსადგენად ამზადებენ.
ქობულეთის დაცული ტერიტორია / ფოტო: ქობულეთის დაცული ტერიტორიები
წყლის ფრინველი / ფოტო: ქობულეთის დაცული ტერიტორია
აღკვეთილი, მდინარე „შავი ღელე” / ფოტო: ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ზღვაზე დასვენების გარდა ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა შესაძლებელია ქობულეთთან ახლოს, კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ ნაკრძალებში, სადაც მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს.
ფეხით სეირნობის, ველური ბუნებით ტკბობის პარალელურად, მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებში ადგილობრივი კერძების, ბორანოს, სინორისა და იახნის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. ეს უკანასკნელი მხოლოდ ქობულეთში მზადდება, დეკეულის ხორცი საგულდაგულოდ იკმაზება ნიგვზითა და სანელებლებით.
მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებში მდებარე საოჯახო რესტორნებში ასევე მოგართმევენ ადგილზე დამზადებულ აჩმასა და ბაქლავას – აჭარის მონახულება ამ კერძების დაგემოვნების გარეშე არ ღირს.
აჭარული ბაქლავა
ქობულეთში მხოლოდ ზღვის, მზისა და გარუჯვისთვის ჩამოსვლას არ გირჩევთ. მას შემდეგ რაც პლაჟზე ნებივრობა მოგბეზრდებათ, აიკიდეთ ზურგჩანთა და გაუყევით გზას მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებისკენ, ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას, რომელიც მთელი წელი გაგყვებათ და ქალაქის ხმაურში ყოველთვის გაგახსენებთ თავს ველურ ბუნებაში გატარებული გრილი, სასიამოვნო, ტყის ჰაერით სავსე დღეები.
კინტრიშის ეროვნული პარკი/ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტომტირალას ნაკრძალი. შქერის ყვავილობა
აჭარაში საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც რეგიონის ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან, დღეს, 15 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არმაზ ახლედიანის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ.
„საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა შესთავაზეს პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის შემოგვთავაზეს ჩვენც. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ეს არის მისი პირველი რიგის ვალდებულება, შესაბამისად, ამათგან უნდა მოისმინოს კანდიდატები. ჩვენ და ევროპულმა საქართველომ დღეს უკვე ღიად წარვადგინეთ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა, როგორც ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა. იმედს ვიტოვებ, რომ „ბურჯანაძე-დემოკრატების“ პოზიციაც იქნება იგივე, და გამოდის, რომ ქართული ოცნების გარდა უმაღლეს საბჭოში მხარს უჭერენ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურას. დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი კირთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
ენმ-ის აჭარის ორგანიზაციაში თვლიან, რომ „არის საკმაოდ დიდი შანსი პრეზიდენტმა წარადგინოს არმაზ ახვლედიანი, იმიტომ რომ ყველა ის საჯარო განცხადება, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ცხადყოფს იმას, რომ პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის, მოწადინებულია კარგი კანდიდატი წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს. ამიტომ მოხდა არმაზის ირგვლივ, ასე ვთქვათ, გაერთიანება. თორნიკე რიჟვაძესა და არმაზ ახვლედიანს შორის არჩევანის გაკეთება პრეზიდენტს არ უნდა გაუჭირდეს“.
განიხილავდა თუ არა ენმ საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტისთვის წარსადგენად?
„ჩვენ კარგად ვიცით ვინ იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ყველაზე კარგი კანდიდატი, გვყავს კიდეც ჩვენი კანდიდატი. მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, რა ვითარებაშიც ახლა ვართ [ახლა არ გვაქვს არჩევნები, უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს კანდიდატი], თან ვართ ოპოზიციაში, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციის შედეგად იქნა შერჩეული ნეიტრალური და ძლიერი პოლიტიკური წონის კანდიდატი. თორემ ჩვენი კანდიდატურა არის ლევან ვარშალომიძე, არჩევნების დროსაც გვყავდა დაყენებული და იმედია მომავალშიც დავაყენებთ მის კანდიდატურას,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.
გიორგი კირთაძის თქმით, „საინიციატივო ჯგუფში ძირითადად შედიან მალხაზ ნაკაშიძე, კახა ფალავანდიშვილი, ჯემალ ცეცხლაძე, ირაკლი ჯიჯავაძე, ჯელალ ქიქავა, სოფო მეგრელაძე და სხვები. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ტექნიკურად წარდგენას აკეთებს „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არმაზ ახვლედიანის კანდიდატურას კი, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც არის რეგიონში წარმოდგენილი, გარდა „ქართული ოცნებისა“ და მგონი „პატრიოტთა ალიანსისა“, ღიად უჭერს მხარს“.
„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია. ის ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი 6 ივლისს დაასახელა. ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტს „ქართულმა ოცნებამ“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა შესთავაზა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნდა გამართოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი, თუ ვისი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები უმაღლეს საბჭოში და დახურულ კარს მიღმა თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდა.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
შინაგან საქმეთა სამინისტომ ბათუმში ჯგუფური იძულების ბრალდებით ორი პირი დაკავა. გამოძიების მიხედვით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ.
„ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს“, – ნათქვამია შსს-ს 15 ივლისს გავრცელებულ რელიზში.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამ დაკავებულების გარდა, პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით კიდევ ერთი ძებნილი დააკავა:
„დაკავებულმა თანამზრახველ მ.ა.-სთან ერთად ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხმარებლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 4 800 თურქული ლირა გამოსძალა. სამართალდამცველებმა მ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, მიმალვაში მყოფ ა.ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ა.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებს პოლიცია.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკის მოწყობა აქვს დაგეგმილი. საჭირო კარვებისა და ინვენტარის დამზადებისთვის კი სააგენტოს ბიუჯეტიდან 114 500 ლარია გამოყოფილი.
მუზეუმ-ნაკრძალში რომაული ბანაკისათვის კარვებისა და ინვენტარის დამზადების სამუშაოებს სააგენტო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2018 წლის 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს 2015 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ: ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, 5 ხის ნივთის დამზადებისა და 10 000 ლარის ოდენობით ხის სამუშაოების გამოცდილება, რომლებზეც წარმოდგენილი უნდა იქნას ფოტომასალა და შესაბამისი დოკუმენტაცია [ხის სამუშაოებში იგულისხმება ხისგან ნივთების დამზადება].
რომაული ბანაკი, გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მოეწყოს.
რომაული სამხედრო ბანაკი /ანალოგიები / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩხერის ხიდის, გონიოს ციხის კოშკებისა და გონიოს არქეოლოგიური უბნების
რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზეც გამოაცხადა ტენდერი, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა. სააგენტოს დოკუმენტაციის შესადგენად 30 ათასი ლარი ქონდა გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.
გონიოს ციხის ერთ-ერთი კოშკურა / სააგენტოს ფოტოჩხერის ხიდი / სააგენტოს ფოტო
მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ, ამჯერად ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ამოთხარეს. ტვირთის წონა დაახლოებით 1100 ტონაა. ხე მახინჯაურიდან შეკვეთილში ზღვით უნდა გადაიტანონ.
კომპანიაში, რომელიც ევკალიპტის ხის გადატანაზე მუშაობს, გვითხრეს, რომ ხის ზღვამდე მისატანად, 2 კილომეტრამდე მანძილია დარჩენილი, ამ გზაზე კი ხის აღმართში ატანაც მოუწევთ. ევკალიპტის ზღვის ნაპირამდე მიტანას, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.
ევკალიპტის ხე გადააქვთ სპეციალური მისაბმელით [ლაფეტით], რომელსაც 256 საბურავი აქვს.
დაახლოებით ერთი თვის წინ ციხისძირიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ტიტას ხე გადაიტანეს, რომელიც 1000 ტონამდე იწონიდა.
აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი დღეს შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. გასული წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.
შეკვეთილში გადასატანი ევკალიპტის ხე მახინჯაურში / 13.07.2018მისაბმელს, რომლითაც ხე გადააქვთ, 256 საბურავი აქვს / 13.07.2018ტვირთი, რომელიც მისაბმელზე უნდა დადონ, ხესთან ერთად 1100 ტონამდე იწონის / 13.07.2018როგორც ადგილზე გვითხრეს ევკალიპტის ხე ზღვამდე ამ გზით უნდა გაიტანონ / ამ ადგილზე ბათუმის შემოვლითი ახალი გზაც უნდა გაკეთდეს / მახინჯაური / 13.07.2018ტერიტორია სადაც ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს / მახინჯაური / 13.07.2018
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ – მიმდინარე წლის 10 ივლისიდან შევიდა ძალაში. კომერციულ ბანკებს მიეცათ 6 თვე, რათა მათი საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ.
„კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც კოდექსის მოქმედების სფეროში ჩართული პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ“ – ნათქვამის ეროვნული ბანკის განცხადებაში.
აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, საქმიანობისას იმოქმედონ ეთიკის, მინიმუმ, შემდეგი პრინციპების დაცვით:
[checklist]
იმოქმედონ პატიოსნად, კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით საზოგადოების, მომხმარებლების [საბანკო პროდუქტის მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი, შემდგომში – მომხმარებელი], დამსაქმებლების, დასაქმებულების, საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართ;
პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ საბანკო პროფესიისა და მომხმარებლის ინტერესები;
პროფესიული საქმიანობისას იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილითა და დამოუკიდებელი განსჯით;
იმოქმედონ და მოუწოდონ სხვებსაც, იმოქმედონ პროფესიონალურად და ეთიკურად, რაც დადებითად აისახება მათზე და ზოგადად, საბანკო პროფესიაზე;
ხელი შეუწყონ საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის კეთილსინდისიერებასა და მდგრადობას საერთო საზოგადოებრივი სარგებლისთვის;
იზრუნონ საკუთარი და სხვების პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.
[/checklist]
კოდექსის მიხედვით, კომერციული ბანკი ვალდებულია, შექმნას კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების ეფექტური შესრულებისთვის საჭირო გარემო; კოდექსის/ბანკის შიდა დოკუმენტის ეფექტური შესრულების მიზნებისათვის შექმნას [ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულს ფუნქციურად შეუთავსოს] შესაბამისი სტრუქტურული ერთეული; განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგება კოდექსის ფარგლებში დაფიქსირებულ ინციდენტებთან, დარღვევებთან, საჩივრებთან და გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.
ამასთან, „კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გატარებულ იქნეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და კომერციული ბანკის შიდა სტანდარტების დოკუმენტით განსაზღვრული ზომები. ეროვნული ბანკი, გარდა სანქციის დაწესებისა, უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი მითითება/გაფრთხილება, დააწესოს შეზღუდვები და ინდივიდუალური მოთხოვნები“.
ეროვნული ბანკის განცხადებით, „აღნიშნული დოკუმენტი მომავალშიც დაექვემდებარება განახლებას კოდექსის ჩარჩოსთან დაკავშირებით დამატებითი ინტერპრეტაციებისა და დაზუსტებების გაკეთების საჭიროების შემთხვევაში“.
საქართველოში დღეს 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის პირველ ხუთ თვეში 362 მილიონ 467 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10 მილიონ 422 ათასი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი და შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ბანაობა აკრძალულია.
„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სამი ადამიანი გარდაიცვალა ავარიის დროს, რომელიც დღეს, 14 ივლისს, ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი ტყუპი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ბავშვების დედა, რომელიც ამავე ავტომობილში იმყოფებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 13 ივლისს, გვიან ღამით, სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს.
შსს ინფორმაციით, ქალის ცხედარი მოქალაქემ აღმოაჩინა. გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ ეცოდინებათ: „ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა“.
15 ივლისს, კვირას, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციას უმასპინძლებს
„ადამიანის რეპროდუქცია და თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები“
ორგანიზატორები:
[checklist]
გინეკოლოგიური ქირურგიის ევროპული აკადემია (EAGS) (პროფ. ვ. ტანოსი)
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა (პროფ. არსენ გვენეტაძე)
თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი
[/checklist]
პირველად საქართველოში, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში, წარმოდგენილი იქნება სიახლე-ბუნებრივი „სელექცია“ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობაში.
მომხსენებელი: პროფ. ვ. ომბლეტი (ბელგია)
ევროპის წამყვანი რეპროდუქციული კლინიკების გამოცდილებას ქართველ და უცხოელ კოლეგებს ასევე გაუზიარებენ:
პროფ. ა. გვენეტაძე (საქართველო)
პროფ. ა. ბაშირი (ისრაელი)
პროფ. ვ. ომბლეტი (ბელგია)
პროფ. ვ. ტანოსი (კვიპროსი)
პროფ. ს. ალ-ახრასი (ეგვიპტე)
პროფ. რ. კამპო (ბელგია)
კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის დასაწყისი: 2018 წლის 15 ივლისი 08:30 სთ. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, I სართული, აუდიტორია 107
ბათუმში შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანთან, ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურმა 40-მდე პალმის ხე ამოიღო. აღნიშნულ სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ პალმები დაავადებულია და თუ მათი მკურნალობა არ მოხდება, ყველა გახმება.
გამწვანების სამსახურის აგრონომის ემზარ ნაგერვაძის თქმით, პალმის ხეებს დაზიანებული აქვს ფესვები, რის გამოც ისინი სამკურნალოდ გადაიტანეს.
„ნიადაგში გაჩენილია მახრა, რომელიც აზიანებს მცენარის ფესვებს. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე არარაციონალურად მოხდა მცენარეების დარგვა, დროულად არ შეიწამლა მცენარე, ნიადაგი გამოიფიტა და დაიბუდა მახრამ.
მახრას შეჭმული აქვს მცენარის ფესვების ბაზალური ნაწილი, სადაც ახალი ფესვები უნდა წარმოიქმნას. ამიტომ, რომ არ ამოგვეღო, ცოტა ხანში ყველა პალმა გახმებოდა. ნაწილი პალმების დამუშავდა და ქოთნებშია გადატანილი, ნაწილი მუშავდება“ – ამბობს აგრონომი.
„ალბათ ამ მცენარეების დარგვაზე არაპროფესიონალი აგრონომი მუშაობდა“ -გვეუბნება აგრონომი.
აგრონომის თქმით, ქალაქის სკვერებში ნიადაგის დიდი ნაწილი დაავადებულია, რაც საფრთხეს უქმნის მცენარეებს. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ვარშანიძე ამბობს, რომ ამოღებული პალმები სანარგეებშია გადატანილი.
„უნდა მოხდეს ნიადაგის გაჯანსაღება რომ არ გამრავლდეს მწერები და სოკოები. ამაზე კომპლექსურად მიდის მუშაობა, ნიადაგი მუშავდება როგორც ბიოლოგიური ასევე ქიმიური პრეპარატებით“.
გამწვანების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ამ ტერიტორაზე არსებულ ყველა ხე-მცენარეს გადარგავა დასჭირდება, რადგან მახრა მათ ფესვებსაც უქმნის საფრთხეს.
„მახრა მთლიანად ქალაქის სკვერებშია გავრცელებული. ამიტომ, ნიადაგს ყველგან დამუშავება სჭირდება. 2018 წლისთვის შხამქიმიკატები რომელიც ნიადაგის გასაჯანსაღებლად არის საჭირო შეძენილია. 2019-ში კი მათი რაოდენობა გაორმაგდება“ – ამბობს დავით ვარშანიძე.
მისივე თქმით ქალაქში ხე-მცენარეების დარგვა სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს „და არა იმის მიხედვით, ვის რა ხე მოსწონს“.
მერიაში აცხადებენ, რომ შარტავას ქუჩაზე გაზონიდან ამოღებულ პალმებს ფესვები დაავადებული აქვს ფოტო: მანანა ქველიაშვილი
„ამისთვის უნდა იყოს მერიაში კონსილიუმი, უნდა შევჯერდეთ იმაზე, თუ არ მცენერეები შეესაბამება ჩვენს გარემოს. ქალაქის ნარგავობა არის სხვა, ზღვისპირა განაშენიანებას აქვს თავისი სპეციფიკა და ამის გათვალისწინებით უნდა დაირგოს შესაბამისი მცენარეები.
ისეთი ხე-მცენარეები უნდა შეირჩეს რომელიც აიტანს დაჭაობებულ, დატკეპნილ ნიადაგს. აქ უნდა იმუშაონ დენდროლოგებმა და არა არაპროფესიონალებმა. ჩემი გადასახედიდან ამ მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობაა, ამიტომ ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ ერთად“ – ამბობს ემზარ ნაგერვაძე.
დავით ვარშანიძე კი პალმების არასწორ დარგვაზე საუბარობს: „პალმის ხეები ხშირად ისეთ ქუჩებზეა დარგული, სადაც წესით არ უნდა იყოს. მაგალითად ბაგრატიონის ქუჩაზე პალმას არაფერი ესაქმება. ნახეთ რა მდგომარეობაშია, ავარიების შედეგად ხშირად ზიანდება. ეს ხეები ძვირადღირებულია და დაზიანების შემთხვევაში, მათი ჩანაცლების საშუალება არ გვაქვს“.
დღევანდელი ჟიული შარტავას გამზირი, როგორც ხეივანი, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. მაშინ ხელისუფლებას არაბმა შეიხმა 10 ათასი ძირი პალმა აჩუქა და ხეივანსაც 2010 წელს, მისი სახელი ეწოდა.
შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანის ნაწილს ჯერ გმირთა ხეივანი [2013 წელს] ეწოდა, მოგვიანებით კი ხეივნის გასწვრივ ქუჩას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან [იუსტიციის სახლიდან] გენერალ ა. აბაშიძის ქუჩამდე [ლეონიძის ქუჩის დასაწყისამდე] ეწოდა ჟიული შარტავას გამზირი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრებ ნაკაშიძეების ოჯახთან, მათი საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის ნებაყოფლობით დათმობაზე, ამ დრომდე ვერ შეთანხმდა. სახლი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო აღებაშია. მესაკუთრეები აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ქონების სანაცვლოდ მათ არარეალურ ფასს სთავაზობს. ახალი გზის მშენებლობა დაწყებულია და ნაკაშიძეების სამეზობლოში რამდენიმე სახლი უკვე დაანგრიეს.
თამარ ნაკაშიძე
„ჩვენი სამსართულიანი სახლი არაობიექტურად შეაფასეს. აქ ორი, მე და ჩემი დის ოჯახი ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ისეთ კომპენსაციას გვთავაზობენ, რომ სანაცვლოდ ალტერნატიულ საცხოვრებელს ვერ ვიყიდით. გვინდა შევიძინოთ მიწის ნაკვეთი და ავაშენოთ სახლი. როგორც ვცხოვრობდით ისე გვინდა ვიცხოვროთ. მეზობლად ხალხს ოთხმაგად გაუუმჯობესდათ ცხოვრება და ჩვენ რა დავაშავეთ… ამ დღეებში დეპარტამენტშიც ვიყავით, მინისტრსაც შევხვდით და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებსაც. ეს ბანკიც ამბობს, რომ არავინ დარჩეს უკმაყოფილო და დაჩაგრული. გვეუბნებიან, რომ გადახედავენ და შეისწავლიან ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ შედეგი არ ჩანს“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე, ქონების ერთ-ერთი მესაკუთრე.
„ბათუმელები“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. „მოლაპარაკების ეტაპი ნაკაშიძეების ოჯახთან ამოწურულია დღეის მდგომარეობით და მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს ექსპროპრიაციას. დეპარტამენტი მიმართავს შუამდგომლობით სამინისტროს, ჩაინიშნება კომისიის სხდომა და უკვე ეკონომიკის სამინისტრო იმსჯელებს დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება-არმინიჭებაზე. რაც შეეხება ნაკაშიძეებთან შეხვედრას, უწყებებში ბუნებრივია ყველა მოქალაქეს ხვდებიან და თუ იქნება [ამა თუ იმ საკითხზე] კანონთან შესაბამისობა, ასეთ შემთხვევაში მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მიხეილ უჯმაჯურიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა.
თამარ და მირანდა ნაკაშიძეების სახლი, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო უნდა დაინგრეს / მიმდებარე სახლების დანგრევა კი დაწყებულია / 13.07.2018
„ექსპროპრიაციითაც გვემუქრებიან, მაგრამ ჩვენ ვერანაირად ვერ დავთმობთ მამა-პაპისეულ ქონებას. ეს არ არის მუქთად შეძენილი და აშენებული. 70 წელია ვშრომობთ და ვაკოწიწებთ და ასე ერთი ხელის მოსმით რატომ უნდა განახევრდეს ქონება? ნახევარი სახლია ფაქტობრივად შეფასებული. სირცხვილია“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე.
„ექსპროპრიაციის შემთხვევაში, როდესაც ქონება გადმოდის სახელმწიფოს სახელზე სასამართლოს გზით, კიდევ ერთხელ მოხდება მესაკუთრისთვის შეთავაზება წერილობით იმ თანხის, რასაც თავიდანვე ვთავაზობდით. თუ მესაკუთრე კვლავ უარს განაცხადებს თანხის მიღებაზე, ამ შემთხვევაში მოხდება დეპონირება ნოტარიუსის ანგარიშზე, თუმცა, მესაკუთრეს რჩება უფლება, რომ სასამართლოს გზით იდაოს და, შესაბამისად, სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ბუნებრივია, ორთავე მხარე უნდა დაემორჩილოს. ან იქნება იგივე თანხა დატოვებული, ან თუ სასამართლო გაზრდის ოდენობას, დეპარტამენტი იხელმძღვანელებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, – ამბობს მიხეილ უჯმაჯურიძე.
ნაკაშიძეების სახლი მეზობლად დანგრეული სახლის [დამცავი ბადის] უკან / 13.07.2018ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაწყებულია. ამ გზის მშენებლობის გამო ნაკაშიძეების გარდა დეპარტამენტი, როგორც ამ უწყებაში გვითხრეს, კიდევ ერთ მესაკუთრესთან ვერ შეთანხმდა. თუმცა, დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ მზად არიან „ნებაყოფლობით გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება, უმტკივნეულოდ და ყოველგვარი სასამართლო დავის გარეშე მოვრიგდეთ“.
მიხეილ უჯმაჯურიძეს ვკითხეთ იმის შესახებაც, აქვს თუ არა დეპარტამენტს უფლება ნაკაშიძეების შემთხვევაში მორიგდნენ და გაზარდონ კომპენსაციის ოდენობა.
„ეს არ არის გზების დეპარტამენტის კომპეტენცია, ეს არის სასამართლოს კომპეტენცია, შესაბამისად, ასეთ საკითხზე დეპარტამენტი არ მსჯელობს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს“, – გვითხრა დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსმა.
ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში შვიდი ვაკანსიაა. როგორც სკოლის დირექტორი, ზურაბ ზაქარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მასწავლებლის ვაკანსიები სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდამ განაპირობა.
„800 მოსწავლე გვყავდა და დაგვემატა 200 მოსწავლე. ამან გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ვაკანსიები“ – გვეუბნება დირექტორი.
ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ საგნების მასწავლებლებისთვის:
მუსიკა (1-9 კლასები) 15 საათი კვირაში
მათემატიკა (1-12 კლასები) 10 საათი კვირაში
დაწყებითი კლასების მასწავლებელი 14 საათი კვირაში
ხელოვნება და შრომითი სწავლება (1-9 კლასები) 15 საათი
ფიზიკა (8-12 კლასები) ცხრა საათი კვირაში
ქართული ენა და ლიტერატურა (1-12 კლასები) ცხრა საათი კვირაში
ფიზიკური აღზრდა (1-12 კლასების ჩათვლით) 12 საათი კვირაში
როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩევიან. „სკოლაში მომუშავე ყველა პედაგოგი საათობრივად დატვირთულია, ამიტომ ისინი საათებს ვეღარ დაიმატებდნენ. კონკურსში მონაწილე პედაგოგი უნდა იყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული, უნდა ჰქონდეს პედაგოგის საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული და ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობა დიპლომის მიხედვით“ – ამბობს ზურაბ ზაქარაძე.
განცხადებები მიიღება სკოლის კანცელარიაში 10-დან 17 საათამდე, სამუშაო დღეებში. დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში აპლიკანტი გადადის კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრება.
კონკურსანტმა უნდა წარადგინოს: განაცხადი; სამოტივაციო წერილი; პირადობის მოწმობის ასლი; ავტობიოგრაფია/CV; შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; მასწავლებლის სქემით განსაზღვრული სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.
დეტალები იხილეთ ფოტოზე:
_________________
მთავარი ფოტო ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდიდან
ზაფხულის სეზონზე, აჭარაში ნაწლავური აშლილობების მატება ფიქსირდება, თუმცა ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი დინამიკით – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აჭარაში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა ივნისს, ჯამურად 1400-ს აღწევს.
წელს ივნისის თვეში შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე, გასულ თვეებში. შემთხვევათა მატება პიკს აღწევს ივლისსა და აგვისტოში, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში.
დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია:
• წყლისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოება, საკვების თერმულად დამუშავებისა და შენახვის სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა
• პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების სათანადოდ, ხშირი დაბანა
ბათუმის მერიაში ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია.
მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში, 2018 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია.
ნებართვის მაძიებელთა მიერ საკონკურსო კომისიაში წარდგენილი მიკროავტობუსების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება ბათუმში, გოგოლის ქ. N1-ში [„მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორია], 2018 წლის 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
აღნიშნული პერიოდში კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელ პირებს დამატებით, ზუსტად ეცნობებათ მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასების დროის განრიგი სამარშრუტო ხაზების მიხედვით.
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სანებართვო მოსაკრებელი ერთ სამარშრუტო ხაზზე, თვეში 5 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ერთ სამარშრუტო ხაზზე გაიცემა ერთი ნებართვა.
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდა, რომლებზეც მოძრაობის ახალი სქემები და ინტერვალები საკრებულომ დაამტკიცა.
კონკურსის შემდეგ ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55.
ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობის ახალი სქემები კი შეგიძლიათიხილოთ ბმულზე.
სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება, მაგალითად ,კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა.
კონკურსის ახალი პირობები და სხვა კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს დადგენილებაში.
დღეს, არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ კომპანიას აქვს.
„პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო, იმიტომ, რომ გარკვეული მოლოდინის შექმნა, იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ემსახურება საზოგადოებას ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არის განჭვრეტადი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი. …მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ. ჟურნალისტებმა მას გიორგი კვირიკაშვილისა და ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჰკითხეს.
„მინდა გავასაჯაროო ის ემოცია, რაც იყო ფაქტიურად დღესაც, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრის დროს. ეს ემოცია არის ის, რასაც მეც ვიზიარებ და არაერთხელ დამიფიქსირებია. სხვათა შორის ამის თაობაზე ბათუმში გავაკეთე განცხადება პრემიერ-მინისტრის გადადგომის მეორე დღეს. იგივე კითხვა ისმის ბატონი პატარაძის მიმართულებით. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ერთსულოვნად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, ერთნაირად გამოხატეს აღშფოთებაც და შეშფოთებაც პრემიერ-მინისტრის და რეგიონის ხელმძღვანელის პოლიტიკიდან ასე წასვლის თაობაზე,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაზე და თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა:
„რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მე ვდგევარ იმ პოზიციაზე და ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ერთ-ერთი, არააქტიურად ჩართული ნაწილია და მიმაჩნია, რომ ის სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო, ის ტრაგიკული ისტორიები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით რუსთაველზე, არ იყო მარტო სარალიძის, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ მიაღწიოს სამართალს. ამიტომაც მე ვიზიარებ საზოგადოების შეხედულებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგმელი,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს მიხეილ ბატიაშვილის დასახელებას საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე:
„მისი სახელი პოლიტიკური წრეებისთვის შეიძლება მაინცდამაინც ცნობილი არ არის, მაგრამ მე მიმუშავია მასთან რიგ პროექტებზე, მხარს ვუჭერ მას, როგორც განათლების მინისტრს და იმედი მაქვს, რომ ექნება წარმატება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. ბათუმში პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაა. ამ ეტაპზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა დასახელებული.
აჭარის ტურიზმის დეპარტემნტის ინფორმაციით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23 პროცენტით გაიზარდა.
„2018 წლის, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების 808, 437 ვიზიტი განხორციელდა“ – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტორების მატებაა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, დელფინარიუმში, საბაგიროზე, მტირალას ეროვნული პარკსა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემში.
„2018 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორები 20 პროცენტით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც 6 თქვეში 91 098 ადამიანი სტუმრობდა.
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
აქედან, მხოლოდ ივნისში ბაღში სტუმრების რაოდენობამ 28 პროცენტით მოიმატა, რაც 37 287 ვიზიტორს ითვალისწინებს. 2017 წელს კი, ბოტანიკურმა ბაღმა 296 723 სტუმარს უმასპინძლა“.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმში ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, 22 პროცენტით მეტ, ანუ 40 866 სტუმარს უმასპინძლეს.
გონიოს ციხე
„დელფინების შოუზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ ივნისში 27 438 შეადგინა, რაც 29 პროცენტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს“ – ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში.
6 თვეში 72 პროცენტით მეტი, სულ 19 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო-აფსაროსის ციხეს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ივნისში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 15 658 ვიზიტორი გაეცნო, რაც წინა წლის მონაცემებზე 26 პროცენტით მეტია.
მტირალას ეროვნული პარკი
ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის საბაგიროთი 100 023 ადამიანმა ისარგებლა 6 თვეში, რაც 16-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
მტირალას ეროვნულ პარკში ექვსი თვის განმავლობაში 20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს, რაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 48 პროცენტით მეტია.
„ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე მას უნდა შევხვდე, აქ ვარ და, ბუნებრივია, შევხვდები, მას არ ვიცნობ. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებული იქნა იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში და, ბუნებრივია, უნდა გავესაუბრო ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია. ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნებიან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურის წარდგენამდე უნდა გაითვალისწინოს რეგიონის შეხედულელები და მოსაზრებები ამ თემაზე.
შეკითხვაზე – ჰყავს თუ არა მას საკუთარი კანდიდატურა, გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ის კანდიდატურის შერჩევის პროცესშია.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს, რომელთაც დღეს პრეზიდენთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ისინი უმაღლეს საბჭოში არ შეუშვეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს შემდეგაა ვაკანტური, როცა ეს პოსტი ზურაბ პატარაძემ დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს, ანუ პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.
შუახევში კინოკლუბი გაიხსნება, რომლის ფარგლებში ფილმების ჩვენება და განხილვა მოეწყობა. კინომოყვარულთა კლუბი შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით იქმნება.
შუახევის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ამირან ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კინოჩვენებებისთვის ადგილს სულ მალე შეარჩევენ.
„ფილმები, რომლებსაც კინოჩვენებებისთვის შევარჩევთ, იქნება ძირითადად სოციალურ პრობლემებსა და აქტუალურ თემებზე, ანუ იმ თემატიკის ფილმები, რაც შემდეგ საინტერესო დისკუსიისა და განხილვის საგანი შეიძლება გახდეს კინოკლუბის წევრებში“ – ამბობს ამირან ხიმშიაშვილი
კინოკლუბის წევრობა შეუძლია მოსწავლეებს, სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს. ასაკობრივი შეზღუდვა კლუბის წევრობაზე არ არის.
კინოკლუბის წევრობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი.
ბათუმში, ადლიის დასახლებაში მოქალაქეები ხშირად უჩივიან სფეციფიკურ, უსიამოვნო სუნს. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის ნაგავსაყრელია განთავსებული, ბოლო 6 წელია აქ ქალაქის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობაც ფუნქციონირებს. უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზად ამ დრომდე მხოლოდ ნაგავსაყრელი სახელდებოდა, „ბათუმის წყალმა“ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არის გოგირდ-წყალბადის სუნი და აპირებს მის გაუნებელყოფას.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია რა იწვევს ამ სუნს, რა ზეგავლენას ახდენს ის გარემოზე და რა მეთოდით მოხდება მისი გაუნებელყოფა.
მუნიციპალურ შპს „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე კვარტალურად ატარებენ სუნის ლაბორატორიულ შემოწმებას და „ამ შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ სუნი გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დასაშვებ ნორმაშია და არ სცილდება დადგენილ ზღვრებს. ხშირად მოსახლეობა სუნის მიზეზად ასახელებს გამწმენდ ნაგებობას, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სუნი, ძირითადად მაინც, არის გამოწვეული ნაგავსაყრელიდან“.
„ბათუმის წყალს“ ვკითხეთ აქვთ თუ არა შესაძლებლობა ლაბორატორიულად მოახდინონ ნაგავსაყრელის სუნის იდენტიფიცირება ადლიაში და აქვთ თუ არა შესაბამისი მონაცემები.
„ვინაიდან ჩვენ ექსპლუატაციას ვუწევთ კონკრეტულ ობიექტებს, ფინანსები მხოლოდ ამისთვისაა გამოყოფილი და ნაგავსაყრელზე ლაბორატორიულ გამოკვლევას სუნზე ვერ ჩავატარებთ. არც ჩაგვიტარებია“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.
მიუხედავად ამისა, „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ „ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არსებული გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფის მიზნით სამოქმედო გეგმას ადგენს, რაშიც გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია MACS-იც არის ჩართული“.
„ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არსებული გოგირდ-წყალბადის სუნის გაუნებელყოფისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია შევარჩიოთ ის მეთოდი, რომელიც მიესადაგება ჩვენს გამწმენდ ნაგებობას და მოხდეს გოგირდ-წყალბადის სუნის ემისია. ამ მიზნით ჩვენ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ვცდილობთ მოვიძიოთ ინფორმაცია, ექსპერტიც არის ჩართული. ვფიქრობთ, გამწმენდი ნაგებობის აუზებიდან მოხდეს ბიოგაზის დაჭერა და შემდგომში მისი გამოყენება, თუმცა ეს იქნება დიდბიუჯეტიანი პროექტი და სჭირდება სოლიდური თანხა. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.
უნდა ყოფილიყო თუ არა გოგირდ-წყალბადის სუნის გაუნებელყოფის მექანიზმი ჩადებული თავიდანვე, როცა გამწმენდი ნაგებობა აშენდა? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმის წყლისგან“ ვერ მივიღეთ.
რაც შეეხება „აუზებიდან ბიოგაზის დაჭერას“ და შესაბამის მეთოდს, პრესსამსახურმა, დეტალების დასაზუსტებლად მარიკა გვიანიძესთან, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა მარიკა გვიანიძეს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სადოქტოროს დაცვა აქვს და მომავალი კვირის ორშაბათამდე არ სცალია.
„ბათუმის წყალში“ ვერ აკონკრეტებენ გოგირდ-წყალბადის სუნის გაუნებელყოფისთვის დაახლოებით რა თანხა იქნება საჭირო, თუმცა ამბობენ, რომ პროექტი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება: „ბიოგაზის დაჭერის პროექტი მთელ მსოფლიოში არის ძვირი პროექტი, მთლიანობაში ყველაფერი არის დასათვლელი… ამასთან, ვერც იმას გეტყვით, თუ ვინ დააფინანსებს“.
ადლიის გამწმენდი ნაგებობის ერთ-ერთი აუზი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
„ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესასწავლად და სამომავლო პროექტების დასაგეგმად სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ინჟინერ-ექსპერტი კონრად ბუხაუერი იმყოფებოდა. მიზანს, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე დენიტრიფიკაციისა და ფოსფორის ქიმიური დალექვისთვის შესაბამისი კუაგულანტის მოძიების საკითხი წამოადგენდა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია ანაერობული აუზებიდან ბიოგაზის დაჭერისა და გამოყენების პროექტის მომზადება, რისთვისაც ექსპერტი დეტალურ ანგარიშს მოამზადებს. ანგარიშში მოცემული იქნება ინფორმაცია სამომავლო პროექტების ღირებულების შესახებ“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
ანაერობულ აუზებზე ბიოგაზის დაჭერის მეთოდოლოგიის შემუშავების შემდეგ, კი „ბათუმის წყალი“ დეტალური დიზაინური პროექტის შემუშავებაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებს.
ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. პროექტი ავსტრიულმა კომპანიამ Posch&Partner Hydro Ingenieure შექმნა, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 17 მილიონი ევროთი დააფინანსა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან შეხვედრისშემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას შეხვდა.
უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ:
„ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ივანიშვილის შემოთავაზებული სისტემა მიუღებელია და ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ კანდიდატს, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება ჩვენს მოსახლეობასთან. ის გაითვალისწინებს მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს რეალური პოლიტიკური პროცესი, როდესაც ადამიანები მოდიან თანამდებობებზე, გააჩნიათ საკუთარი ხედვა თუ როგორ გადაწყვიტონ რეგიონის პრობლემები და ანგარიშს უწევენ მოსახლეობას და არა რომელიმე ერთ ოლიგარქს. პრეზიდენტის პოზიციას რაც შეეხება, მისთვისაც გაუგებარია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მისი მხრიდანაც უარყოფითად შეფასდა ეს პოლიტიკური პროცესი.“
გია აბულაძემ ასევე აღნიშნა, რომ მათ ამ ეტაპზე პრეზიდენტისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურა არ შეუთავაზებიათ განსახილველად, თუმცა არ არის გამორიცხული ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელონ.
კითხვაზე – დაუჭერს თუ არა მხარს რიჟვაძის კანდიდატურას, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯერ უფრო ახლოს უნდა გაეცნოს „ახალი კანდიდატის დამსახურებას“: „…უმრავლესობამ უკეთ იცის. მე არა ვარ ის ოპოზიცია, რომელიც, ასევ ვთქვათ, იაფად ავლენს თავის ოპოზიციონერობას,“ – აღნიშნა მან.
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი ცინცქილაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს: „ოპოზიციურ პარტიებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთი ორი დღის განმავლობაში გვექნება ჩვენ მოლაპარაკებები და ღირსეულ კანდიდატს წარვადგენთ. ორი დღის შემდეგ იქნება ნათელი, რაზე შევთანხმდებით“ – განაცხადა მან.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნდა გამართოს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი, თუ ვისი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა.
შეხვედრა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან უკვე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მათ მიერ დასახელებულ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„პრეზიდენტმა დასვა კითხვები, ამომწურავი პასუხები მიიღო. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა კანდიდატის შერჩევა. 40 წუთში ამომწურავი პასუხები მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა და ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება შესაბამისი იქნება. მისი რეპლიკები და მისი პასუხებიც იყო იმედისმომცემი. ვფიქრობ, დაუჭერს მხარს ჩვენს კანდიდატურას“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს საკუთარ კანდიდატურაზე არაფერი უთქვამს.
ილია ვერძაძე
კანდიდატის დასახელებამდე კანონი პრეზიდენტის კონსულტაციებს ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან. სავალდებულო არაა პრეზიდენტმა ის დაასახელოს კანდიდატად, ვინც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან უმრავლესობის ფავორიტია.
„ვფიქრობ, როგორც მოიქცა პრეზიდენტი ზურაბ პატარაძის შემთხვევაში, ასე მოიქცევა თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებაშიც. კანონში არის შესაძლებლობა პრეზიდენტმა წარმოადგინოს ვინც მას უნდა, მაგრამ სწორი იქნება მან პატივი სცეს უმრავლესობის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.
გიორგი მარგველაშვილი ახლა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციას ხვდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.
_________
მთავარ ფოტოზე: აჭარის უმაღლესი საბჭო. მანანა ქველიაშვილის ფოტო
სოფელ ჭვანაში 70 ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაყოფილია სამ უბნად: ქვედა (სოფლის ცენტრი), ყორნალის და წყალნარის (ზემოსანები) უბანი. სოფლის ცენტრში განლაგებულია სოფლის ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საფეხბურთო მოედანი, საბავშვო მოედანი და სოფლის სახლი. სოფლის ორი უბანი დღემდე გარე განათების გარეშეა, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ჭვანას პრობლემის მოგვარების გზა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ შესთავაზა.
ორი – ყორნალის და წყალნარის უბნები სოფელ ჭვანას ცენტრიდან3 და 2,5 კილომეტრით არის დაშორებული. ყოველდღიურად ამ ორი უბნის ყველა ასაკისა და სქესის მოქალაქე საღამოს საათებში თავს იყრის სოფლის ცენტრში. სოფლის ცენტრიდან მოსახლეობა გადაადგილებისთვის იყენებს საფეხმავლო გზას, რომელიც მანძილს (სიგრძე: ყორნალის უბანი – 1000 მეტრი, ხოლო წყალნარის უბანი – 800 მეტრი), სახლამდე მისასვლელ გზას საკმაოდ ამცირებს.
საღამოს და ღამის საათებში დაბალი ხილვადობის გამო მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილება უძნელდება, მით უფრო, რომ გზაზე ხშირად ხედავენ გარეულ ცხოველებს (ტურა, მგელი), რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ უბნებისკენ მიმავალი სამანქანო გზის ერთი მხარე ტყეზე გადის, ხოლო მეორე მხარეს ხევია, რომლის არც ერთი მონაკვეთი განათებული არ არის, მოსახლეობა ფეხით გადაადგილებისას ირჩევს უმოკლეს საფეხმავლო გზას, რომელიც ასევე არ არის განათებული.
გარეგანათების არარსებობა – ჭვანისთვის ეს საკითხი მთავარ პრობლემად დაასახელეს სოფლის საერთო შეკრებაზეც, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა ჭვანის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით
ჭვანაში გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ღია საგრანტო კონკურსში. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. ეს კონკურსი სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ თემის ინტერესების დაცვაზე მიმართული ინიციატივები.
სოფელ ჭვანას საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, კახა ქათამაძის თქმით, როგორც კი მათთვის გახდა ცნობილი „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ, პროექტის მომზადება გადაწყვიტეს. სოფელს ამ საქმეში დაეხმარა და კონსულტაციები გაუწია „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“.
კახას მიაჩნია, რომ სოფელი მხოლოდ მუნიციპალიტეტის იმედად არ უნდა იყოს და პრობლემების მოგვარებაზე თავადაც უნდა იზრუნოს.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი ითვალისწინებდა თანდაფინანსების მოპოვებას [15%-ი]. სოფლის მოსახლეობამ მიმართა შუახევის მერიას განცხადებით და სთხოვა მუნიციპალიტეტს თანადაფინანსების გამოყოფა. შუახევის მერიამ წერილობით დაადასტურა, რომ პროექტის დაფინასების შემთხვევაში გამოყოფდა 3890 ლარს, რითაც სადენებს, ნათურებს და სხვა საჭირო ნივთებს შეიძენდნენ.
ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – დაფინანსდა პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 11 462.50 ლარია: სოფლის მოსახლეობის შრომით მონაწილეობა და ფინანსური შენატანი [445 ლარით], შუახევის მერიის მიერ გამოყოფილი თანადაფინანსება [3890 ლარი] და დონორისგან მიღებული დაფინანსება [7127.50 ლარი]. ამ თანხით სოფელი იღებს ვალდებულებას ჭვანის ორ უბანში – ყორნალის და წყალნარის უბანში მიმავალი საფეხმავლო გზის გარე განათების სისტემა მოეწყოს.
თანამშრომლობა სოფელ ჭვანასა და ა(ა)იპ „მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს“ შორის 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო პროექტის ფარგლებში – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ [დონორი – „Bread for the World“]. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, საერთო კრებაზე აირჩია მოსახლეობამ სოფლის საინიციატივო ჯგუფი ხუთკაციანი შემადგენლობით. ამავე კრებაზე გამოავლინა სოფელმა სამი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც, დასახლების აზრით, მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს სოფლის განვითარებას.
საინიციატივო ჯგუფის უშუალო მოვალეობაში შედიოდა, კავკასიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმის მომზადება და მისი სისრულეში მოყვანა მუნიციპალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით.
პირველ შემთხვევაშიც, ჭვანის მოსახლეობის მონაწილეობით და ფინანსური შენატანით, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ გაწეული ფინანსური დახმარებით (სოფელს გადაეცა 3000 ლარის ღირებულების 14 300 ტონა ცემენტი) და შუახევის მერიის ფინანსური მხარდაჭერით (სოფლის განცხადების საფუძველზე მიაწოდა 2400 ლარის ღირებულების 70 მ3 ქვა ღორღი) პროექტის ფარგლებში სოფლის ორ უბანში – ყორნალსა და წყალნარში დაიგო 150 მეტრი სიგრძის სოფლის შიდა გზა.
მორიგ პროექტში გამარჯვება ჭვანისთვის ნამდვილი წარმატება. ეს არის პირველი პრეცედენტი აჭარაში, როცა სოფელმა დამოუკიდებლად მოიპოვა ფინანსური სახსრები და მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით იწყებს პროექტის განხორციელებას – სოფლის საერთო პრობლემის მოგვარებას.
აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც დღეს, 13 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარე საკითხზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ უნდათ. „ჩემზე საშვი დაშვებულია, თუმცა ჩათვალეს, რომ მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე კარებს გარეთ უნდა დარჩნენ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან.
„რაღაც მოჭარბებულ საშიშროებას ხედავენ, როგორც ჩანს. მე მინდა პრეზიდენტს ვუთხრა, რაც მაქვს სათქმელი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო. მე ვფიქრობ, რომ მან დამინახა. თუ არ დამინახა, მიაწოდეთ ხმა, რომ ჩვენ გვინდა მასთან შეხვედრა“, – განაცხადა მედეა ვასაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა.
მურმან დუმბაძე 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, იგი ბათუმის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, თუმცა მან „ოცნება“ 2014 წელს დატოვა.
„ქართული ოცნების“ წევრი იყო მედეა ვასაძეც, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მან პარტია 2015 წელს დატოვა. 2016 წელს მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით იწვიმებს. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
13-14 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:
დღისით: 25-30 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 23-28 გრადუსი
ღამით: 12-17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 26,6 გრადუსია, შაბათს, 14 ივლისს, ტალღის სიმაღლე იქნება 15-20 დმ (3-4 ბალი).
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.
მოქალაქე დავით ჯიხვაშვილი გორგასლის ქუჩაზე ისტორიული სახლის გამაგრების სამუშაოებს უნებართვოდ აწარმოებს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. გარდა ამისა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მსჯელობენ იმაზეც, რომ ეს სახლი შესაძლოა ძეგლის სტატუსსაც იმსახურებდეს.
სამშენებლო სამუშაოებს ძეგლის დაცვის ზონაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ითანხმებს, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, იმ ტიპის სამუშაოები, რაც ძეგლის დაცვის ზონაშია დაწყებული, მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა შეითანხმოს.
ამ სამსახურის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გორგასლის #35-ში მიმდინარე შესაძლო უნებართვო მშენებლობაზე გასულ შაბათს მიმართა და გადამოწმება სთხოვა. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, ზედამხედველობის განყოფილებამ დაუყოვნებლივ გადაამოწმა მითითებული მისამართი და მეპატრონე გააფრთხილა, რომ შეეჩერებინა უნებართვო მშენებლობა.
ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას განმარტებით, გორგასლის #35-ში მიმდინარე უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით მეპატრონე დღეს მეორედ გააფრთხილეს და სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს:
„დავიბარეთ ეს კაცი ჩვენთან, იყო მოსული და გვითხრა, რომ გააჩერებს მშენებლობას, ვიდრე ნაბართვას არ მიიღებს. მას ჯერ ჩვენთვის არ მოუმართავს შეთანხმებაზე, ამბობს, რომ სახლის იატაკი ჩავარდნილია და გამაგრება სჭირდება. მარტო იატაკის აღდგენას ვაპირებ, სხვას არაფერსო. ეს არის სამუშაოები, რომელიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. ჩვენ ამ ეტაპზე ვაჩარებთ სამუშაოებს, თუ წარმოადგენს პროექტს, ვიმსჯელებთ, თუ არ წარმოადგენს და გააგრძელებს სამშენებლო პროცესს, დავაჯარიმებთ.“
ორსართულიანი ისტორიული სახლის იატაკი მართლაც ჩამოშლილია, ნაწილობრივ ჩამოშლილია ჭერიც, თითქმის ჩამოშლილია პირველი სართულის კედლებიც. რატომ არ მიმართა მეპატრონემ მერიას სახლის გამაგრების ნებართვის მისაღებად? ამ თემაზე თავად დავით ჯიხვაშვილს მედიასთან საუბარი არ სურს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, იმის თაობაზე, რომ სახლს აქვს ძეგლის ნიშნები და შესაძლოა ის ძეგლის სტატუსს იმსახურებდეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა:
„ამასთან დაკავშირებით მე და სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი ვიყავით ადგილზე სიტუაციის შესწავლის მიზნით. დავათვალიერეთ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ იმ სამუშაოების მიმდინარეობის სამართლებრივი საფუძვლები, აღმოჩნდა, რომ სამუშაოები მერიასთან არ არის შეთანხმებული,“ – განმარტა მირზა ცეცხლაძემ.
მისივე ინფორმაციით, სააგენტომ უკვე დაიწყო ძეგლის ნიშნების მქონე შენობის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა-დამუშავება და ღირებულების განსაზღვრა. სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მომავალი კვირისთვის უკვე ხელთ ექნებათ შეფასება, გააჩნია თუ არა ამ ობიექტს ისტორიული ან კულტურული ღირებულება. ამის შემდეგ სააგენტო მასალებს ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნის, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
ბათუმის ამერიკულ კუთხეში თანამედროვე 3D დიზაინის შექმნის, 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის კურსები ტარდება. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც კომპიუტერის საბაზისო ცოდნა გააჩნიათ (იგულისხმება ინტერნეტში მუშაობა, სწრაფი ღილაკები, საოფისე პროგრამები, მარტივი დიზაინების აწყობა).
შეხვედრები გაგრძელდება 17-20 ივლისის ჩათვლით (12:00 სთ-16:00 სთ)
3D – New Ways Camp გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნისთვის, დაპროექტებას, დიზაინის აწყობას, ბეჭდვასა და მათ გამოყენებას. სამგანზომილებიანი ობიექტების ვირტუალურ რეალობაში ნახვა შესაძლებელია VR – სათვალეების გამოყენებით. სესიების განმვალობაში ახალგაზრდები დაეუფლებიან სპეციალურ მიდგომებს, პროგრამულ უზრუნველყოფებს, ონლაინ- პლატფორმებს, ხელსაწყოებსა და მათ გამოყენების გზებს.
ისინი ასევე შეძლებენ შექმნან საკუთარი პროდუქტი.
მსურველებს შეუძიათ დაუკავშრდნენ ამერიკუ კუთხეს ფეისბუქ გვერდის პირად მიმოწერაში. ონლაინ რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 16 ივლისის 18:00 სთ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 13 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდება. შეხვედრის თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა იქნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს მისთვის სასურველი კანდიდატი.
კანდიდატის დასახელებამდე, კანონი პრეზიდენტის კონსულტაციებს ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან. სავალდებულო არაა პრეზიდენტმა ის დაასახელოს კანდიდატად, ვინც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან უმრავლესობის ფავორიტია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში შეხვედრებს დღის 12 საათიდან დაიწყებს. თავდაპირველად პრეზიდენტი პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე მათთვის სასურველი კანდიდატი – თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს უკვე დაასახელეს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალვე შეხვდება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურ ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ პოლიტიკურ ძალას სასურველი კანდიდატი საჯაროდ ჯერ არ დაუსახელებია. პრეზიდენტი ცალ-ცალკე მოისმენს დამოუკიდებელი დეპუტატების – პეტრე ზამბახიძის [ევროპული საქართველო], გიორგი ოქუაშვილის [პატრიოტთა ალიანსი] და გიორგი ცინცქილაძის [დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო] პოზიციებს.
პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატს უმაღლესმა საბჭომ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უნდა დაუჭიროს მხარი. თუ უმაღლესი საბჭო კანდიდატს დაიწუნებს, პრეზიდენტი ისევ ორ კვირაში უმაღლეს საბჭოს იგივე ან სხვა კანდიდატს წარმოუდგენს. თუ ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებაზე უარს იტყვის, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტში უმაღლესი საბჭოს დათხოვნის მოთხოვნით შევიდეს.
ბათუმის მერიამ კვარიათისა და გონიოს პლაჟები 41 სექტორად დაყო, რომელთაგან ზოგ სექტორში დასაშვები იქნება ბუნგალოსა თუ სხვა დროებითი ნაგებობის განთავსება, ზოგ სექტორში კი – არა. ამ სექტორებს მერია მომავალში შესაბამისი პირობებით იჯარით გასცემს.
„ბათუმელებმა“ ქალაქის მერიიდან გამოითხოვა რუკები, რომლებზეც ეს სექტორებია დატანილი. ყოველი სექტორის სიგრძე განსაზღვრულია 100 მეტრით ზღვის ნაპირის გასწვრივ. ამასთან, ზოგ სექტორში დასაშვებია დროებითი კონსტრუქციის [ბუნგალო, კაფე-ბარი] განთავსდება, ზოგ სექტორში მხოლოდ შეზლონგების, ზოგან კი ორთავეს ერთად.
ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული რუკები საბოლოოა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ სამუშაო დოკუმენტებია.
დროებითი ნაგებობებისა და განთავსების ადგილები კვარიათისა და გონიოს პლაჟებზე:
კვარიათისა და გონიოს პლაჟებზე ბუნგალოებისა და კაფე-ბარების განთავსება კანონით აკრძალულია, თუმცა გასულ წლებში მათ განთავსებაზე ნებართვები მაინც გაიცემოდა. პლაჟებზე დღეს მოქმედი ასეთი ობიექტი ყველა უნებართვოა.
ბათუმის მერიამ მიმდინარე სეზონის გახსნამდე პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხა – პლაჟის ნაკვეთებზე აუქციონები არ გამოუცხადებია, ამ ნაკვეთებზე ბუნგალოებისა და კაფე-ბარების განთავსების დასაშვებობის საკითხი კი, ამ დრომდე განხილვის საგანია.
ბათუმის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში უნდა შევიდეს ცვლილება და გონიო-კვარიათის პლაჟზე დასაშვები უნდა გახდეს ბუნგალოებისა და სხვა დროებითი ნაგებობების განთავსება.
რატომ არ მოაგვარა მერიამ ეს საკითხი სეზონის გახსნამდე? – ამ კითხვაზე მერიის ოფიციალური პასუხი ასეთია: „აუქციონის გამოცხადება დამოკიდებულია დადგენილებაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებაზე. მუშაობა რამდენიმე თვეა დაწყებულია და ეს პროცესი ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობდა. მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“.
ორი რუსი ტურისტი გოგოს ძარცვას და ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა გიორგი ბ.-ს ედავება. შემთხვევა ქობულეთში, ბობოყვათში, ე.წ. სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ბრალდებული ტაქსის მძღოლია. ის ამბობს, რომ მომსახურების თანხა -150 ლარი არ გადაუხადეს და რუს გოგოებთან მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა. გოგოების თქმით კი, ტაქსის მძღოლი მეგობართან ერთად იმყოფებოდა მანქანაში და მათ სექსი მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი, მობილური ტელეფონი და ფული – 120 ლარი ძალით წაართვეს.
გამომძიებელმა ზურაბ ირემაძემ დღევანდელ პროცესზე დეტალურად აღწერა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც მან დაზარალებულ გოგოებთან ერთად ჩაატარა.
ექსპერიმენტის დროს გოგოებმა აღნიშნეს, რომ თავდაპირველად ისინი ქობულეთიდან ბათუმში ჩამოვიდნენ, ვახშამი რესტორანში გადაიფიქრეს და მარკეტში ნაყიდი საკვები ისევ ბათუმში, ჭადრაკის სახლის მიმდებარედ ტაქსიში მიირთვეს.
იმავე ტაქსის მძღოლმა დაზარალებულები ქობულეთში წაიყვანა.
„როცა ბობოყვათში ჩამოვედით, მითხრეს, ზღვის პირას გავიდეთო. მერე თქვეს, ისევ ბათუმში დავბრუნდეთო, თენდებოდა უკვე… ვუთხარი, რაც მოგემსახურეთ, ჯერ იმის გადამიხადეთ-მეთქი. ნასვამი იყო ორივე. ჩვენ მხოლოდ სიტყვიერად წავკამათდით, მგზავრები მანქანიდან ჩამოვსვი და წამოვედი.
მეორე დღეს, მანქანის დალაგების დროს აღმოვაჩინე, რომ იქვე მობილური ტელეფონი ეგდო,“ – ამბობს ბრალდებული.
მობილური ტელეფონი ბრალდებულმა თავად მიიტანა პილიციის განყოფილებაში, როცა მას დაურეკეს და უთხრეს, რომ გამოძიებაა დაწყებული. რაც შეეხება ფულს, რის ძარცვაზეც ტურისტები საუბრობენ, ამოღებული არ არის.
„როცა თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით, რატომ არ ჰკითხეთ დაზარალებულს, სად იყო სექსუალური ძალადობის მცდელობა?“ – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა ქეთევან ადამიამ.
გამომძიებელმა თქვა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამ თემაზე არ უსაუბრიათ.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც წერია, რიმ დაზარალებულებს ფიზიკური დაზიანება არ ჰქონიათ.
ბრალდებულს გამოძიება ძარცვასთან ერთად ფიზიკურ ძალადობას ედავება.
„ისინი ამას აცხადებდნენ, რომ სექსუალური ძალადობის მცდელობა იყო, მაგრამ გამოძიების ეტაპზე ეს არ დადასტურდა,“ – უთხრა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ „ბათუმელებს“ კითხვაზე: რატომ არ განახორციელა პროკურატურამ დევნა სექსუალური ძალადობის კუთხით.
ადვოკატის, ქეთევან ადამიას მტკიცებით, არც ფიზიკურ ძალადობას ჰქონია ადგილი.
„ამის მტკიცებულება საქმეში არ არსებობს… პოლიცია ტურისტების მხარეს დადგა და რაღაც გაამუქა. ჩვენ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს,“ – ამბობს ის.
გიორგი ბ. ბრალს არ აღიარებს. ის ათი ათასი ლარი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამართლოს გათავისუფლებული.
სანდასუფთავების ინფორმაციით, დღეს ბათუმში მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო მოქალაქე 100 ლარით დაჯარიმდა.
შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან ივლისამდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი – საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის.
მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად გახდებიან ფაქტის შემსწრე ან ორი მოწმე დაადასტურებს დანაგვიანების ფაქტს და პიროვნების ვინაობას, ან კიდევ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი კამერის ჩანაწერი. ვრცლად ამ თემაზე.
ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებით, მძღოლებმა, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სპეციალური ნებართვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა მიიღონ.
საკონსულო ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქციასგამოეხმაურა, რომელიც ბათუმში 10 ივლისს გაიმართა. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ.
„როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე თურქეთშიც მგზავრთა გადაყვანა ექვემდებარება კონკრეტულ ნებართვებს. რამოდენიმე საქართველოს მოქალაქემ, რომლებიც შესაბამისი ნებართვის არ მქონე კერძო სატრანსპორტო საშუალებებით ეწეოდნენ კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანას, სახმელეთო მგზავრთა გადაყვანის რიგით 2918 ადმინისტრაციული კანონის თანახმად, თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმებული იქნა 1002 თურქული ლირის ოდენობით და აეკრძალა 15 დღის განმავლობაში გადაადგილება. მსგავსი რეგულაციები არსებობს საქართველოშიც და ჯარიმა განისაზღვრება 5000 ლარით. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი პრობლემები, მოგმართავთ თხოვნით, რომ თავი შეიკავოთ კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის არმქონე მსუბუქი ავტომობილებით, მიკროავტობუსებითა და მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისგან“ – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.
საკონსულოს განცხადებით, 1995 წელს თურქეთისა და საქართველოს რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებული საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის ხელშეკრულების მეექვსე პუნქტში – მგზავრთა გადაზიდვა – მითითებულია, რომ ხელშეკრულების ერთი მონაწილე მხარის გადამზიდველმა უნდა განახორციელოს რეგულარული რეისები ან ტრანზიტული მომსახურება მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვების საფუძველზე, რომელიც გაცემულია მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
„გადამზიდავმა უნდა აიღოს ერთწლიანი ნებართვა, რათა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს რეგულარული რეისები და რეგულარული ტრანზიტული მიმოსვლა. მგზავრთა რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მგზავრთა კომერციული გადაყვანის განსახორციელებლად შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უწყებიდან შესაძლებელია ერთწლიანი ნებართვის აღება. თურქეთში ამ დოკუმენტის აღება შესაძლებელია თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში,“ – აცხადებენ თურქეთის საკონსულოში.
კითხვაზე, კონკრეტულად რა დოკუმენტებია საჭირო ასეთი ნებართვის მისაღებად და რა ღირს ნებართვა, ამაზე საკონსულოში ვერ გვიპასუხეს, თუმცა გვითხრეს, რომ სამინისტროს უახლოესი წარმომადგენლობა ქალაქ ტრაპზონში მდებარეობს.
ხელშეკრულებაში, რომელიც 1995 წლიდან ივნისიდანაა ძალაში, ტერმინების განმარტებაში აღნიშნულია, რომ ტერმინი – „სატრანსპორტო საშუალება“ მგზავრთა გადაყვანის დროს ნიშნავს ავტობუსს ან ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გააჩნია არა უმცირეს 8 დასაჯდომი ადგილი მძღოლის ადგილის ჩაუთვლელად. ქართველი მძღოლები, რომელთაც ტურისტები გადაჰყავთ თურქეთში, ამბობენ, რომ მათ ექვსადგილიანი მინივენები ჰყავთ.
„ჟილინის არხის საქმეზე“ ლაშა ბოლქვაძეს და არჩილ ვანაძეს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 12 ივლისს, განაჩენი გამოაცხადა – სასამართლომ ორივე მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.
ლაშა ბოლქვაძეს და არჩილ ვანაძეს 2015 წელს წაუყენეს ბრალი, როცა ისინი ბათუმის მერიის ეკონომიკურ სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდნენ.
არჩილ ვანაძე ახლაც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია, ლაშა ბოლქვაძე კი, ხულოს მერის მოადგილედ მუშაობს.
დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარი გახდა. ეს კომპანია ასრულებდა თავდაპირველად ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
კომპანიამ ავანსად გადახდილი თანხიდან მხოლოდ 264 265 ლარის სამუშაოს შესრულება შეძლო. სხვა სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა.
„არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მე შევასრულე არაჯეროვნად და გულგრილად ჩემი მოვალეობა,“ – მიმართა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ვიდრე იგი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
დღევანდელი პროცესის გადადებას პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე ითხოვდა, რადგან ის საქმეში რამდენიმე საათის წინ ჩაერთო და საბოლოო სიტყვისთვის არ იყო მზად. ამ საქმის პროკურორი დავით ჭარბაძე შვებულებაშია.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან მხარეები 14 ივნისის სხდომაზე შეთანხმდნენ საბოლოო პროცესის თარიღზე.
წინასწარი პატიმრობა ქურდობისთვის მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ორ ბრალდებულს შეუფარდა. მათ ჯგუფურად ბათუმში მყოფი სომეხი ტურისტების გაქურდვა ედებათ ბრალად.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბათუმში, ფრანგული შადრევნის მიმდებარედ, სომხეთის ორმა მოქალაქემ მანქანა გააჩერა და სასეირნოდ წავიდა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მანქანას თავდაპირველად სიგნალიზაცია გაუთიშეს, შემდეგ კი, მანქანის კარი გახსნეს და ჩანთა წაიღეს. ტურისტებს ჩანთაში დაახლოებით 5 ათასი დოლარი ჰქონდათ.
ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით მიიმალნენ. ავტომანქანის ნომერი იქვე მყოფმა ტაქსის მძღოლმა დაიმახსოვრა და პოლიციას 112-ზე უთხრა, ვიდრე ტურისტები მანქანას დაუბრუნდებოდნენ და გაიგებდნენ, რომ გაქურდეს.
ქურდობის ჩადენიდან ბრალდებულები სამ დღეში დააკავეს. ისინი ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ.
ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას ასუფთავებენ. ამ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ტექნიკურ დეტალებს ჯერ კიდევ აზუსტებენ.
როგორც მერიაში გვითხრეს, ტერიტორია ძალიან დაბიძურებული იყო, საჭირო გახდა ბალახის გაცელვა და იქედან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. აქ, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ წლებია ამ ტერიტორიას მოქალაქეები ტუალეტის დანიშნულებითაც იყენებენ, რის გამოც ხშირად შემოღობილი ტერიტორიიდან მძაფრი სუნი მოდის.
მერიაში ამბობენ, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე თავისუფალი ტერიტორიის დაბინძურებაზე მოქალაქეებს მათთვის არ მიუმართავთ, დასუფთავება მერიის ინიციატივა იყო.
ამ ნაკვეთის უშუალო მესაკუთრე ბათუმის მერიაა. რეესტრის დოკუმენტებით ხელოვნების უნივერსიტეტის შენობა 4735 კვ/მ-იას, მიწის ნაკვეთი კი, ჯამში, 3518 კვ/მ-ია.
რაც შეეხება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს, ის მისამართს იცვლის და გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი კოლეჯის შენობაში განთავსდება. შენობას, სადაც ჯერ კიდევ ხელოვნების უნივერსიტეტია ფუნქციონირებს, 2011 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რისთვისაც 6 499 499 ლარი დაიხარჯა.