მთავარი,სიახლეები

მორიგ ტიტას ხეს, რომელიც ენმ-ს არ მიჰყიდეს, ივანიშვილის პარკისთვის ამზადებენ [ფოტო, ვიდეო]

16.06.2018 • 5234
მორიგ ტიტას ხეს, რომელიც ენმ-ს არ მიჰყიდეს, ივანიშვილის პარკისთვის ამზადებენ [ფოტო, ვიდეო]

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, მრავალწლოვანი ტიტას ხე გადასატანად თითქმის გამზადებულია. ხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

კომპანიაში, რომელიც ხეს გადასატანად ამზადებს, გვითხრეს, რომ ტვირთის წონა მთლიანობაში 1000-მდე ტონა იქნება.

ტიტას ხის გადატანა სამ-ოთხ დღეში დაიწყება და მას ჩაქვიდან შეკვეთილში ზღვით წაიღებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2018 წლის აპრილში სახელმწიფო უწყებებს წერილობით მიმართა, რომ ამ ტიტას ხეს თავად შეიძენდნენ.

ფრაქციაში ამბობენ, რომ ამ და სხვა ხეების შეძენასთან დაკავშირებით მთავრობას არაერთხელ მიმართეს.

„როგორც წერილობით გაცნობეთ, ჩვენ მზად ვართ შევისყიდოთ ხეები იმაზე მაღალ ფასში, ვიდრე სახელმწიფო ასხვისებს ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება ივანიშვილზე არაერთი ხის გასხვისება, მათ შორის ციხისძირში.
გთხოვთ, გადმოგვცეთ საკუთრებაში ციხისძირში მდებარე ხე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გადავიხდით იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა. მზად ვართ, ადგილზე გაჩვენოთ ჩვენ მიერ შერჩეული ხე, რომლის შეძენაც გვსურს“, – აღნიშნულია ფრაქციის წერილში.

ფრაქციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან წერილობითვე უპასუხეს, სადაც აღნიშნულია, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა გაერთიანება – ფრაქცია, ვერ გახდება სახელმწიფო ქონების შემძენი“.

სააგენტოს პასუხი ფრაქციას

ტიტას ხე ისე გადააქვთ, რომ ის არც აუქციონის და არც სხვა რაიმე ფორმით არ გაყიდულა. ადრე „ბათუმელებს“ ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ტიტას ხე ციხისძირში კერძო კომპანიის საკუთრებაშია. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ამტკიცებს, რომ ხე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეა და ის ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ მიაქვს.

იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ტიტას ხე ამოიღეს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები], აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე შეიძინა.

ამ ნაკვეთებიდან რამდენიმე ხე ადრეც ამოიღეს და შეკვეთილში გადაიტანეს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს და ფერდობი თითქმის გადათხრილია.

ციხისძირი, ტიტას ხე [ცენტრში], რომელიც შეკვეთილში გადააქვთ / 14.06.2018

გადასატანი ტვირთი მთლიანობაში 1000-მდე ტონას იწონის / შეკვეთილში გადასატანი ტიტას ხე ციხისძირში / 14.06.2018

ბათუმი-თბილისის მაგისტრალი [მარჯვნივ] და ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში შემავალი გზა [მარცხნივ], საიდანაც ხეები გაიტანეს / ტიტას ხე გადასატანად მზადაა / 14.06.2018

ტიტას ხეს ციხისძირიდან 3-4 დღეში გადაიტანენ / 14.06.2018

ამ ტერიტორიიდან, რომელიც მთავრობამ ბიძინა ივანიშვილს უპირობოდ მიჰყიდა, ხეები შეკვეთილში ადრეც გადაიტანეს / 14.06.2018

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. გასული წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/124675/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: