Batumelebi | რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი  რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი  – Batumelebi

რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი 

„მინივენით მგზავრების გადაყვანა არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას,“ – აცხადებს საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი, იურისტი პაატა კოპალეიშვილი. მას ვთხოვეთ განმარტება ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებაზე, რომელიც დღეს გააავრცელეს ქართველი მძღოლების პრეტენზიებთან დაკავშირებით.

ტურისტული კომპანიების მძღოლებმა დღეს, 10 ივლისს საპროტესტო აქცია სწორედ ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან გამართეს. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. ამ დროისთვის 16 მინივენი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

თურქეთის საკონსულომ განმარტა, რომ „ვისაც არ აქვს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი, მათთვის შეუძლებელია თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების განხორციელება“. საკონსულოში დამატებით კომენტარზე უარი გვითხრეს. „ბათუმელებს“ სურდა პასუხი მიეღო კითხვებზე: რას გულისხმობს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი და რატომ არ ითხოვდა აქამდე მსგავს დოკუმენტს თურქეთის პოლიცია.

იურისტი პაატა კოპალეიშვილი კონკრეტულ ნორმატიულ აქტზე მიუთითებს – „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.

„ეს შეთანხმება 1995 წელს არის რატიფიცირებული და ამ დოკუმენტის მიხედვით, ზოგადად, რეგულირებას სამგზავრო გადაზიდვებში ექვემდებარება 8+1 სამგზავრო ადგილების მქონე სამგზავრო ტრანსპორტი, ანუ მინივენები და კომერციული დანიშნულებით გამოყენებადი ტაქსები ამ რეგულაციის ფარგლებში არ ხვდება. რვა ადგილზე მეტი ადგილის მქონე ტრანსპორტს მინიმუმ ერთწლიანი ნებართვის აღება სჭირდება.

როგორც ჩანს, თურქეთში გააქტიურდა ეს თემა. შეხედეს, რომ კარგავენ კლიენტს და თურქეთის მთავრობა უფრო მწვავედ რეაგირებას მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვიდრე ჩვენი. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, თურქეთში შეიმუშავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მექანიზმი და ამის შესაბამისად მოქმედებს პოლიცია,“ – ამბობს იურისტი პაატა კოპალეიშვილი.

იურისტის თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შერეული კომისიის შექმნას, რომელიც მეთვალყურეობის ხელშეკრულების შესრულებას, მიმდინარე საკითხების შესრულებას და გაუთვალისწინებელი საკითხების გადაწყვეტას. კომისია ეკონომიკის სამინისტროში უნდა არსებობდეს.

არსებობს თუ არა მსგავსი კომისია საქართველოში და განიხილავს თუ არა იგი ქართველი მძღოლების პრობლემას – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს მიმართა. ამ საკითხზე უწყების განმარტება ჯერ არ გვაქვს, შესაბამისად,  მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი