მთავარი,სიახლეები

„თურქეთში ტურისტების გადაყვანის დროს მანქანები ჩამოგვართვეს“ – აქცია საკონსულოსთან

10.07.2018
„თურქეთში ტურისტების გადაყვანის დროს მანქანები ჩამოგვართვეს“ – აქცია საკონსულოსთან

მძღოლები საპროტესტო აქციის გამართვას დღეს თურქეთის საკონსულოსთან გეგმავენ. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა.

„პრობლემა ეხება ათობით მძღოლს, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან მუშაობენ. თურქეთის პოლიცია მათ ტურისტების საქართველოდან გადაყვანის საშუალებას არ აძლევს. მძღოლები 1500 ლირით არიან დაჯარიმებული, ხოლო მინიბასები საჯარიმოზეა გადაყვანილი,“ – ამბობს ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი, ირაკლი ბარამიძე.

მძღოლები და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დღეს თურქეთის კონსულთან მოითხოვენ შეხვედრას. მათი მოთხოვნაა ქართველ მძღოლებს, ვისაც საქართველოდან თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, მუშაობის საშუალება მისცენ.

„რამდენიმე დღის წინ ტრაბზონში მიმყავდა უცხოელი ტურისტები, ერთდღიანი ტური იყო,“ – გვიყვება ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ დავასახელოთ. -„სარფის საბაჟოზე გავედით ჩვეულებრივად და თურქეთის მხარეს გაგვაჩერა საგზაო პოლიციამ. გვითხრა, რომ საბუთებში „მინიბასი“ უნდა ეწეროს და არა „მინივენი“. ჩვენი კანონმდებლობით ავტობუსს თავისი პარამეტრები აქვს და მინივენი ავტობუსის კატეგორიაში არ გადის. დამაჯარიმეს 1000 ლირით და მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს. საჯარიმოდან მანქანის გამოყვანის ფასი დამატებით 500 ლირაა. აღმოჩნდა, რომ ჩემს მდგომარეობაში სხვა ტურისტული კომპანიების მძღოლებიც არიან. საჯარიმოზე სულ 14 მინივენი იდგა. ის მძღოლებიც ჩემ მსგავსად დააჯარიმეს. პოლიციამ იქვე გამოიძახა ტაქსი და წაიყვანა ჩემი მგზავრები. ტურისტებს დამატებით თანხის გადახდა მოუწიათ,“ – ამბობს ის.

„ბათუმელები“ განმარტებისთვის საქართველოში თურქეთის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს სწავლობენ. საელჩოს განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მთავარ ფოტოზე: დაჯარიმებული ავტომანქანები თურქეთში საჯარიმო ავტოსადგომზე. ფოტო „ბათუმელებს“ დაჯარიმებულმა მძღოლმა მოაწოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: