მთავარი,სიახლეები

გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

11.07.2018 • 5820
გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გონიო-კვარიათის პლაჟზე უნებართვოდ დადგამთ ბუნგალოს ან კაფე-ბარს და აამუშავებთ? – როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ არ გაგიმართლათ, შესაძლოა მოვიდნენ ბათუმის მერიიდან, გაგაფრთხილონ ან/და შემდეგ დაგაჯარიმონ. მიუხედავად ამისა, მუშაობას მაინც გააგრძელებთ.

აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა. თვითნებურად აშენებული ბუნგალოს მფლობელს კი იქამდე შეუძლია საქმიანობის გაგრძელება, სანამ მერია აუქციონს არ გამოაცხადებს იმ ნაკვეთზე, სადაც ბუნგალო დგას. აუქციონის გამოცხადებას და გამარჯვებულის გამოვლენას კი იმდენი დრო დასჭირდება, რომ მიმდინარე სეზონი დასრულდება კიდეც.

წლევანდელი სეზონისგან განსხვავებით, გონიო-კვარიათის პლაჟი, გასულ წლებში, აუქციონის წესით [ნაკვეთები], იჯარით გაიცემოდა. წინა წლებში დროებითი მოსარგებლეები იჯარის ქირასაც იხდიდნენ… ახლახან კი „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ გონიო-კვარიათში ბუნგალოსა და სხვა კვების ობიექტების განთავსება, კანონით წინა წლებშიც დაუშვებელი იყო. საქმე იმაშია, რომ გონიო-კვარიათის ტერიტორია წარმოადგენს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას [ლსზ] და იქ ასეთი ობიექტების განთავსება, საკრებულოს 2012 წლის შესაბამისი დადგენილებით, აკრძალულია.

ამის მიუხედავად, ბუნგალოები და კაფე-ბარები პლაჟზე მიმდინარე სეზონზეც უკვე ფუნქციონირებენ. სწორედ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ყველა ასეთი ობიექტი, რაც აღნიშნულ ზონაშია განთავსებული, საკრებულოს დადგენილებიდან გამომდინარეა უნებართვო.

გონიო-კვარიათში ბუნგალოებისა და სხვა კვების დროებითი ობიექტების განთავსების დასაშვებობაზე მუნიციპალიტეტი ახლა მუშაობს. შესაბამის ცვლილებას კანონში კი, დაახლოებით ერთი თვე მაინც დასჭირდება. შემდეგ უნდა გამოცხადდეს აუქციონები, რასაც ასევე დასჭირდება გარკვეული პროცედურები და დრო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზეც, ეს ობიექტები გონიო-კვარიათში უკანონოდ გააგრძელებენ მუშაობას.

„დაწყებულია წარმოება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში შენობების დასაშვები სახეობების ჩამატებასთან დაკავშირებით. საუბარია კვების ობიექტებსა და დროებით ნაგებობებზე. ამას სჭირდება საჯარო წარმოება, რომელიც არის დაახლოებით 30-დღიანი პროცესი. პროექტი გამოქვეყნდა საჯაროდ და თუ ვინმეს ექნება შენიშვნები, მოხდება მათი გათვალისწინება. თუ დაინტერესებულმა მხარეებმა არ წარმოადგინეს შენიშვნები, ამ შენიშვნების წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ, საკრებულოს მომავალ სხდომაზე გავა საკითხი დასამტკიცებლად“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მირიან მეტრეველმა.

მირიან მეტრეველის თქმით, დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური ზონებისა და სექტორების მიხედვით ჩაატარებს აუქციონს, დადგენილი იქნება კონკრეტული პირობები და ნაკვეთები იჯარით გაიცემა. მერიაში ჯერ არ იციან, პლაჟზე ნაკვეთები მხოლოდ სეზონურად [ერთი სეზონისთვის] გაიცემა თუ რამდენიმე წლით.

რაც ზუსტად არის ცნობილი, მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟი 41 სექტორად დაყო, რომლებზედაც აპირებს აუქციონის გამოცხადებას. „ამ სექტორებში თუ არის ბუნგალო ან კვების ობიექტი განთავსებული, ყველა არის უნებართვო, ზოგს იქ კუსტარულადაც აქვს გაკეთებული. აუქციონის შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ლოგიკურად, როცა სექტორი გავა აუქციონზე იჯარით გასაცემად და ვიღაცა არალეგარულადაა იქ შესული, მას მოუწევს იმ ადგილის დატოვება. ან თვითონ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამას ვერ გეტყვით“, – აცხადებს მირიან მეტრეველი.

რამდენი უნებართვო ობიექტი ფუნქციონირებს დღეს გონიო-კვარიათში? – ამ კითხვის პასუხად ბათუმის მერიის ა[ა]იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ „ყველა არა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის უკანონო“.

სააგენტში დაგვპირდნენ, რომ აღნიშნულ ზონაში განთავსებული ობიექტების შესახებ ზუსტ მონაცემებს მოგვაწვდიდნენ, თუმცა შემდეგ გვითხრეს, რომ ამას ჯერ ვერ ახერხებენ.

„გონიო-კვარიათში განთავსებული ობიექტები ჩვენი სამსახურის მიერ გადამოწმდა, მოხდა იდენტიფიცირება არსებული ბუნგალოების, ვის ეკუთვნის, როგორ… იქ არის ობიექტები, რომლებზედაც ნებართვა ადრე გაცემული აქვს ხელვაჩაურის ყოფილ გამგეობას, ზოგიერთზე ნებართვა გაცემულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ზოგი ობიექტი უნებართვოა. ახლა მიმდინარეობს ამ მონაცემების დამუშავება და ერთ კვირაში მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, რათა შეცდომაში არ შევიდეთ“, – გვითხრა დავით ჩხარტიშვილმა, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

იხდიან თუ არა გადასახადს ქალაქის ბიუჯეტში იმ ობიექტების მფლობელები, რომლებიც გონიო-კვარიათში უნებართვო საქმიანობას ეწევიან? – ბათუმის მერიაში ამასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „რახან დაკავებული აქვთ ბათუმის მერიის კუთვნილი ტერიტორია, მუნიციპალური სერვისების სააგენტომ გადაამოწმა და მიღებული მონაცემების დამუშავების შემდეგ დაეკისრება მათ [ობიექტების მფლობელებს]  ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდა“.

რატომ არ მოაგვარა მერიამ ეს საკითხი სეზონის გახსნამდე? – ამ კითხვაზე მერიის ოფიციალური პასუხი ასეთია: „აუქციონის გამოცხადება დამოკიდებულია დადგენილებაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებაზე. მუშაობა რამდენიმე თვეა დაწყებულია და ეს პროცესი ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობდა. მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“. 

„ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბერის დადგენილებით, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში [ლსზ] უძრავი ქონების [ობიექტების] დასაშვები სახეობებია:

[checklist]

  • პარკები; ბაღები; სკვერები; ბულვარები;
  • სანაპირო პლაჟები; დეკორატიული გაფორმების ობიექტები;
  • მცირე არქიტექტურული ფორმები [საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები,
    დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა];
  • საწყალოსნო ობიექტები [ნავსადგომები, პირსები, ელინგები];
  • გასახდელები, საშხაპეები, საზოგადოებრივი ტუალეტები;
  • პლაჟის ინვენტარის ღია საწყობები;
  • სამაშველო სამსახურის სადგურები;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები.

[/checklist]

ბათუმის მერია ახლა სწორედ იმაზე მუშაობს, რომ ამ ჩამონათვალს დაემატოს:

[crosslist]

  • ბუნგალო და კვების სხვა დროებითი ობიექტები.

[/crosslist]

 ამ თემაზე:

მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: