“ვახშამი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია” – ქობულეთის მერის განმარტება

“ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში მუნიციპალური ღონისძიება და არც ერთი თეთრი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ღონისძიებაზე არ გახარჯულა საბიუჯეტო სახსრებიდან. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად  შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმ გზით, რომ გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, ჩემი არ გჯერათ,” – უთხრა “ბათუმელებს” ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.

ქობულეთის მერს რესტორან „ხალაგრანდში“ გამართულ ვახშამთან დაკავშირებით დავუსვით კითხვები. მირიან ქათამაძე ამბობს, რომ რესტორანში ვახშამი საპატიო ქობულეთელებისთვის მოაწყვეს და მასზე ხალხი პარტიული ნიშნით არ მიუწვევიათ.

“ჩვენ წარმატებულ ქობულეთელებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ვხვდებით ხშირად. ასეთ შეკრებებში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებიც მონაწილეობენ და მონაწილეობენ ასევე ჩვენი გუნდის წევრებიც. განსაკუთრებული ამაში არაფერი არაა. ის, რომ ეს ღონისძიება თითქოსდა საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდა, ტყუილია,” – ამბობს მირიან ქათამაძე.

“ბათუმელების” კითხვაზე, ვინ დაფარა რესტორანში გამართული 140-კაციანი  სუფრის ხარჯი, რომელიც 6300 ლარი დაჯდა, მირიან ქათამაძე პასუხობს:

“ჩვენი პირადი სახსრებით გადავიხადეთ. როგორც მეგობრები იკრიბებიან ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ეს საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული არაა. ეს არის პირადი სახსრებით გამართული ღონისძიება”.

ვახშამი რესტორან “ხალაგრანდში” 22 ოქტომბერს გაიმართა. ვახშამს ქობულეთელები, ქობულეთის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის წევრები – ფატი ხალვაში, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

 

ამავე თემაზე:

„რჩეული ქობულეთელები იყვნენ სუფრაზე“ – დეპუტატი არჩევნებამდე 5 დღით ადრე გამართულ ვახშამზე

საქართველოს ფოსტის სერვისცენტრში მომხმარებელი თიბისის ბანკის მომსახურებასაც მიიღებს

საქართველოს ფოსტის მომხმარებელი თიბისი ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში შეძლებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის მომხმარებელი  შეძლებს, ერთ სივრცეში გააგზავნოს ან მიიღოს გზავნილები და ამავდროულად, ისარგებლონ თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის სერვისებითა და პროდუქტებით. ასევე,  საქართველოს ფოსტის სერვისცენტრშივე განახორციელებს სასურველ ფინანსურ ოპერაციებს. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლის დროის დაზოგვა,  საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პირველ ეტაპზე, საბანკო სერვისები საქართველოს ფოსტის რამდენიმე სერვის ცენტრში იქნება ხელმისაწვდომი, 2019 წლის განმავლობაში კი სიახლე ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვის ცენტრში დაინერგება.

 „ჩვენი გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლა საბანკო სექტორთან, კომპანიის მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა, სადაც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების წარმატებული საფოსტო ოპერატორების პრაქტიკა. ვფიქრობ, თანამშრომლობას ექნება მრავალი მიმართულება, არ შემოიფარგლება მხოლოდ საფოსტო და ფინანსური პროდუქტებით. ქვეყანაში ორი წამყვანი დარგის მსხვილი წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება სასარგებლოა მეტი ინოვაციის ინიცირებისთვის. თიბისი ბანკის გუნდი გამოირჩევა ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინტერესო ხედვით, საქართველოს ფოსტის სამომავლო გეგმები კი პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ სიახლეებთან.“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ,“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.

„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ფოსტასთან, ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორთან, რომელიც მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს მომსახურებას. ჩვენ, ორივე კომპანიას ბევრი საერთო გვაქვს – ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს  თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება და საქართველოს ფოსტა და თიბისი ბანკი ერთობლივად არაერთ  საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის დაიცვას და უზრუნველყოს მათი უფლება, შეუფერხებლად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

თიბისი ბანკი საქართველოში პირველი ბანკია ყველა საკვანძო პარამეტრის გათვალისწინებით. ბანკ რესპუბლიკას შემოერთების შემდეგ, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, თიბისი ბანკის მთლიანი საბანკო აქტივები შეადგენს 37.1%-ს, სასესხო პორტფელი – 38.3%-ს, სადეპოზიტო პორტფელი კი – 39.5%-ს. თიბისი ბანკი ემსახურება საცალო, მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ სეგმენტსა და 2.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს. თიბისი ბანკს საქართველოს მასშტაბით 7,200 თანამშრომელი ჰყავს. ბანკის ფილიალების რაოდენობა კი 152-ს შეადგენს (თიბისი კრედიტის ჩათვლით).

თიბისი ბანკის აქციები 2014 წლიდან ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში

სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე “საქართველოს ფოსტიდან” უკანონოდ გათავისუფლებული გუგული შამილაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს ფოსტას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით 2017 წლის პირველი აგვისტოდან ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გუგული შამილაძე საქართველოს ფოსტაში 1990 წლიდან იყო დასაქმებული. 2011 წლიდან კი მუშაობდა საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში კურიერის პოზიციაზე.

პროფკავშირების ინფორმაციით, გასული წლის 8 მაისს შამილაძეს დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ სერვისების გაუმჯობესებისა და ფოსტის სწრაფად ჩაბარების მიზნით, კურიერს უნდა ჰქონდეს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის წარსადგენად მას 1 თვის ვადა განუსაზღვრეს. გუგული შამილაძე მუშაობდა ხელვაჩაურში, სადაც არ არის ავტოსკოლა, ამასთან მუშაობდა კვირაში 6 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 6 საათამდე, ხოლო შაბათს – 3 საათამდე. ამის გათვალისწინებით, ის ვერც ბათუმში ვერ შეძლებდა ავტოსკოლაში სწავლას.

2017 წლის 28 ივნისს საქართველოს ფოსტამ შეატყობინა, რომ A კატეგორიის მართვის მოწმობის ვერ წარდგენის გამო ის გათავისუფლებულია სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი ნაწილის “ვ” პუნქტის საფუძველზე (კვალიფიკაციის შეუსაბამობა).

პროფკავშირების ინფორმაციით, ხელვაჩაურის სერვისცენტრში დასაქმებული იყო 3 კურიერი, მათგან 2 ქალი. ორივე დასაქმებულ ქალს მოსთხოვეს 1 თვის ვადაში აეღო „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა მაშინ, როდესაც იმავე სერვისცენტრში დასაქმებული კაცისთვის იგივე მოთხოვნა არ წაუყენებიათ.

მოპასუხეს არ ჰქონდა იმის არგუმენტაცია, თუ რატომ არ მოსთხოვა იმავე სერვისცენტრში დასაქმებულ კაცს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სხვა სერვისცენტრში დასაქმებულ კაცებს წაუყენეს იგივე მოთხოვნა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.

დისკრიმინაციის გამოსარიცხად საქართველოს ფოსტამ განმარტა, რომ ისინი მოპედების შესყიდვას აპირებენ და რომ მხოლოდ მოპედების მეშვეობით გადაადგილდებოდნენ კურიერები. თუმცა პროფკავშირებმა სასამართლოს წარუდგინა საქართველოს ფოსტის ვებგვერდიდან ამოღებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა დროს გამოცხადებული იყო ფეხით მოსიარულე კურიერის ვაკანსიები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ცნო საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი სქესის ნიშნით და მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა.

 

„რჩეული ქობულეთელები იყვნენ სუფრაზე“ – დეპუტატი არჩევნებამდე 5 დღით ადრე გამართულ ვახშამზე

რესტორან „ხალაგრანდში“ 140-კაციანი სამთავრობო სუფრა 6300 ლარი დაჯდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გადაიხადა ვახშმის თანხა, რომელსაც საქართველოს პარალმენტის წევრები – ფატი ხალვაში, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

„ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს რესტორანში გამართულ სუფრაზე „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი იყო შეკრებილი, ვახშმის თანხა კი ბიუჯეტიდან გადაიხადეს. „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქობულეთის მერმა კი გვითხრა, რომ შეხვედრაზეა და „როგორც კი გათავისუფლდება, დაგვირეკავს“.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, კობა ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ხალაგრანდში“ სუფრა რჩეული ქობულეთელებისთვის გაიმართა.

„ეს იყო ცნობილი ქობულეთელების შეხვედრა. არავითარი პარტიული, არავითარი პოლიტიკური შეხვედრა არ ყოფილა. ეს ყოველწლიურად ტარდება ხოლმე შემოდგომაზე. გადაამოწმეთ, შარშანაც იყო, შარშანწინაც იყო. მომავალ წელს არჩევნები არაა და მომავალ წელსაც იქნება. იქ პარტიული მუშაკები არ იყვნენ. პენსიონერები იყვნენ, ახალგაზრდებიც იყვნენ, შუა თაობაც იყო.

ბატონო კობა, რა ნიშნით შეარჩია მასპინძელმა ის ადამიანები, ვინც სუფრაზე მოხვდნენ?

„რჩეული ქობულეთელები“ არის ესეთი დაჯილდოება, რომელსაც რამდენიმე წელია „აჭარა პს“-ის ჯემალ მეგრელიძე ხელმძღვანელობს. ირჩევა ყოველ წელს ათი რჩეული ქობულეთელი. შემდეგ არიან დამსახურებული მოღვაწეები, შრომის ვეტერანები, აღიარებული სპორტსმენები. ვინც არის, ასე ვთქვათ, რჩეული ქობულეთელები, სამ-სამი თაობის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც იყო ამ სუფრაზე, როგორც ვიცი…

თორნიკე რიჟვაძეს იმ დღეს ჰქონდა ჩაქვის მოსალხეობასთან შეხვედრა. ჯერ იყო ოჩხამურში შეხვედრა, შემდეგ იყო ჩაქვში და, უბრალოდ, მერმა სთხოვა, თუ დრო გექნებათ, დაგპატიჟებთო და ცოტა ხნით ამოვიდა. დიდხანს არ გაჩერებულა, წავიდა.

სუფრა რა დაჯდა?

მაგას ვერ გეტყვით, ლოჯისტიკის საკითხებში მე ჩართული არ ვიყავი.

ვინ გადაიხადა თანხა?

ვერ გეტყვით. მე სამი წელია მპატიჟებენ და თანხა არ ვიცი, დაგიზუსტებთ. მე არ გადამიხდია ვიცი და ვინ იხდის ამ სუფრებს, არ ვიცი. ალბათ არიან ბიზნესმენები, როგორ ხდება მაგის გადახდა, არ ვიცი. საერთოდ, ქობულეთის მერმა დაგვპატიჟა ყველა, ალბათ მერს ეცოდინება. მე მერმა [მირიან ქათამაძე] დამპატიჟა.

კიდევ ვინ იყო თქვენ გარდა სუფრაზე?

ფატი ხალვაში იყო, მუხრან ვახტანგაძე და პარლამენტარებიდან ჩვენ ვიყავით. დანარჩენი ახლა, ცნობილი სახეები – სულიკო ინაიშვილი, ოთარ მჟავანაძე ძველი თაობიდან. ნუგზარ გოგიტიძე. იმ ათი რჩეული ქობულეთელიდან ყველა იყო.

მთავარი ფოტო: newsweekadjara.com

„მე მაგი ბოროტება არასდროს მქონია“ – ანზორ ბოლქვაძე ხულოს მერის გადადგომასა და არჩევნებზე

„ჩემი სურვილით გავხდი ხულოს შტაბის უფროსი,“ – გვითხრა პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ. იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც გაურკვეველ ვითარებაში ხულოს არჩეული მერი და მისი მოადგილე სამსახურიდან წავიდნენ. გოჩა მელაძე მერობის პარალელურად საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა. ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს ვკითხეთ, თავად გაუჩნდა შტაბის ხელმძღვანელობის სურვილი, თუ შესთავაზეს.

„სულ თავიდან მე ვიყავი შტაბის უფროსი, მერე მერებს ჩააბარეს შტაბები. გოჩა თავისი სურვილით წავიდა შტაბიდანაც და ისევ მე გავხდი… შტაბის ხელმძღვანელობა რა არის, ზედმეტი ბრძოლა, ხალხთან ურთიერთობა, ხელფასს ვიღებ ამაში, დანამატს თუ რას? რაც არის ჩემი ენერგია, უნდა ჩავდო ამაში,“ – აღნიშნა ანზორ ბოლქვაძემ.

რატომ გაგიჩნდათ ისევ შტაბის უფროსობის სურვილი? – დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ კითხვითვე გვიპასუხა: „საიდან მომეყვანა აბა? ჩემი რაიონია, ქედიდან მომეყვანა? ბათუმიდან?“

პარლამენტარი გამორიცხავს გავლენებს ხულოში და იმას, რომ მისი გავლენის გამო დატოვა გოჩა მელაძემ თანამდებობა.

„არასწორი ინფორმაციაა. რა გავლენა მაქვს მე? ამდენია წელია ვარ, ვინ გავუშვი? მე მაგი ბოროტება არასდროს მქონია. მე არ ვიცი, რატომ წავიდა გოჩა მელაძე, მას ჰკითხეთ, ჩემგან მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს არ ეკლო. მე ვარ ხალხის დაქირავებული კადრი, რა მაქვს გასაყოფი: ოდესმე გამგებლობა მინდოდა თუ რა. სხვა გამგებლებიც არიან, ჰკითხეთ ოდესმე რამე დაპირისპირება თუ მქონია მათთან. მე ყველასთან კარგად ვარ. თქვენ არ მიცნობთ? როდის ვერ გამონახეთ საერთო ენა ჩემთან?“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

ხულოს შტაბის უფროსს ასევე ვკითხეთ კოორდინატორების შესახებ. ანზორ ბოლქვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებით დაგვიდასტურა, რომ კოორდინატორები იმდენივეა, რამდენიც გასულ არჩევნებზე ჰყავდა პარტიას.

„ქართულ ოცნებაში“ „ბათუმელებს“ 23 ოქტომბერს უთხრეს, რომ ცალკე კოორდინატორები პარტიას არ ჰყავს, რადგან ის დამოუკიდებელ კანდიდატს მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.

„კოორდინატორები იმავე რაოდენობით გვყავს, კი… რამდენია ახლა არ ვიცი, ეს პარტიის გენერალურ მდივანს დაურეკეთ და ის გეტყვით, ვინ ფასიანია და ვინ – უფასო, იმან იცის, მე არ მაქვს ინფორმაცია,“ – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.

 

 

შემოსავლების სამსახური სარფში შემომსვლელი და გამსვლელი გვირაბების რეკონსტრუქციას გეგმავს

საქართველოს შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ შემომსვლელი და გამსვლელი გვირაბების რეკონსტრუქციას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოებისთვის საჭირო პროექტის შესაძენად სამსახურმა 45 ათასი ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა.

როდის დაიწყება სამუშაოები, რა დრო დასჭირდება მის დასრულებას და რა თანხა იქნება საჭირო რეკონსტრუქციისთვის? – ამ პროექტის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი [გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს თურქეთის მხარესაც].

რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროექტი, სატენდერო პირობის თანახმად უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • შემომსვლელი გვირაბი – წარმოადგენს კარკასული ტიპის, მიწისზედა ერთსართულიან მიშენებას. საორიენტაციო გაბარიტული ზომები: სიგრძე – 20-25მ, სიგანე – 12მ; სიმაღლე: 4,5 მ. [სავარაუდოდ, მოხდება არსებული მიშენების დემონტაჟი]; გამსვლელი გვირაბი – არსებული საფეხმავლო გვირაბის დაგრძელება. გაბარიტული ზომები: სიგრძე – 20მ, სიგანე – 12მ; სიმაღლე: 4,5 მ];
  • საავტომობილო პარკინგი;
  • მდინარის ჯებირის მოწყობა;
  • მდინარის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა.

[/checklist]

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2018 წლის 30 ოქტომბერს და პირველ ნოემბერს დასრულდება. მოთხოვნილი საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა შემოსავლების სამსახურს  ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა მიაწოდოს.

———

სარფში განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი 2011 წლის 31 მაისს გაიხსნა. იმავე დღეს საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის შეთანხმებას, რომლის თანახმად, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრის გადალახვა პირადობის მოწმობებითაც შეუძლიათ.

სატენდერო დოკუმენტებიდან
მდინარე და მიმდებარე ტერიტორია სარფის გამშვებ პუნქტთან / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

 

თორნიკე რიჟვაძე – განათლებული ახალგაზრდობა რეგიონში მეტი ეკონომიკის, მეტი ტურიზმის და მეტი განვითარების წინაპირობა იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“-ს სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. დაბა ხულოში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აჭარის მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს. კოლეჯი სტუდენტების პირველ ნაკადს გაზაფხულიდან მიიღებს.

თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“-ს სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“-ს სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

,,განათლება ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ მუნიციპალიტეტებშიც. დღეს გვქონდა შესაძლებლობა დაგვეთვალიერებინა კოლეჯის მიმდინარე მშენებლობა, სადაც ადგილობრივი სტუდენტები დაეუფლებიან პროფესიულ განათლებას. კოლეჯში აგრარული, სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა სპეციალობა იფუნქციონირებს, რაც სრულად პასუხობს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სასურველ პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარების საქმეში. განათლებული ახალგაზრდობა რეგიონში მეტი ეკონომიკის, მეტი ტურიზმის და მეტი განვითარების წინაპირობა იქნება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გარდა პროფესიული სასწავლებლის, ხულოში რამდენიმე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ხულოს საჯარო სკოლას.

თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“-ს სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“-ს სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას სასპორტო სკოლას თანამედროვე სპორტული ინვენტარი  გადასცა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს რეგიონში 5 საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 19 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, საგანმანათლებლო მიმართულებით პროექტების მხარდაჭერა, ისევე როგორც სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვა, მომავალშიც გაგრძელდება.

კოლეჯი სტუდენტების პირველ ნაკადს გაზაფხულიდან მიიღებს.
კოლეჯი სტუდენტების პირველ ნაკადს გაზაფხულიდან მიიღებს.

რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს

წელს პირველად საჯარო სკოლები მშობლებთან კონტრაქტს გააფორმებენ. მსგავსი გამოცდილება მშობლებს და სკოლებს აქამდე არ ჰქონიათ.

„ბათუმელები“ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას გაეცნო, რომელიც ყველა სკოლაში იდენტურია. სკოლებში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების პირობები თითქმის იმეორებს ზოგადი განათლებისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

რას ცვლის სკოლებისა და მშობლების პასუხისმგებლობაში აღნიშნული კონტრაქტი და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი კონტრაქტს დაარღვევს ან ხელს არ მოაწერს?

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე  გვეუბნება, რომ ამის თაობაზე ინსტრუქცია არ მიუღია. „არც ის ვიცი, ვალდებულია თუ არა მშობელი მოაწეროს ხელი ხელშეკრულებაზე“.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება რაიმე ისეთ პასუხისმგებლობას არ აკისრებს სკოლასა და მშობელს, რომელიც აქამდე არ არსებობდა, ურთიერთობის ეს ოფიციალური ფორმა მეტად გაზრდის მშობლის პასუხისმგებლობას. „უნდა ვცადოთ, რომ გაიზარდოს მშობლის შეგნების დონე“, – გვეუბნება დირექტორი.

ნატალია მგელაძე მიიჩნევს, რომ ეს კონტრაქტი დაეხმარება მშობლების შესახებ ინფორმაციის მოძიებაშიც: „ბევრი გვყავს ისეთი მშობელი, რომელიც არ ვიცით სად ცხოვრობს, არ პასუხობს ტელეფონს და ა.შ.“

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი მოსწავლე დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს ან ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, მაგალითად, დააგვიანებს ან არ დაესწრება გაკვეთილებს, ან აღმოაჩნდება ისეთი ნივთი, რომლის ტარება არ არის მიზანშეწონილი?

დირექტორი ამბობს, რომ ასეთ დროს მოსწავლის მიმართ ოქმი დგება და ამ ინფორმაციას აწვდიან მშობელსაც.

„ცოტა ხნის წინ ცივ იარაღთან დაკავშირებით გამოვიძახეთ პოლიცია. დავუკავშირდით მშობელსაც. შინაგანაწესში არ წერია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება, მსგავსი რამ არც ხელშეკრულებაშია, ამიტომ ასეთი დეტალები, ვფიქრობ, კიდევ უნდა გავიაროთ“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

ხელშეკრულებაში არც ბულინგის შემთხვევების მართვაზეა საუბარი, ანუ რა პასუხისმგებლობა აქვს სკოლას და რა მშობელს. ეს პრობლემაც, დირექტორის თქმით, ინფორმაციის გაცვლით უნდა მოწესრიგდეს.

„ბათუმელების“ კითხვაზე – რა მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან ჩანაწერად ხელშეკრულებაში, ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მშობელს აკისრებს პასუხისმგებლობას, არ შელახოს სკოლის ავტორიტეტი, არ შეურაცხყოს სკოლის რომელიმე თანამშრომელი. „ეს ყველაფერი დააფიქრებს მშობელს. „მეტი მე რა ვქნა“ და „ახლა სკოლამ მიხედეთ“ – ასეთი დამოკიდებულებაც შეიცვლება“, – ფიქრობს ნატალია მგელაძე.

რა მიიჩნევა ხელშეკრულების დარღვევად? – დირექტორს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. „ჩვენ მშობლებს ვერ დავსჯით, უბრალოდ, მივუთითებთ საჭიროებებზე და მათ შესრულებაზე“.

ხელშეკრულებაში ბუნდოვანია ჩანაწერი იმის შესახებაც, რა პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას, თუ ვერ უზრუნველყო ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმოება, ტექნიკურ-მატერიალური ბაზით კლასების აღჭურვა და ა.შ.

ხელშეკრულებაში დისციპლინარული სახდელის სახით ორჯერ არის ნახსენები „სკოლიდან გარიცხვა“. თუმცა რა უფლებები აქვს ამ დროს მოსწავლეს ან მშობელს საკუთარი სიმართლის დასაცავად, უცნობია.

„მქონდა ერთი-ორი შემთხვევა, როცა მშობელი გადმოვიდა შეტევაზე და ამბობდა, რომ ჩემს პირად ინტერესებში იყო ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა. მე ვეუბნებოდი – „მომიწესრიგე სიტუაცია“. თუ მშობელი ვერ აგვარებს შვილთან ურთიერთობას, მაშინ სკოლამ უნდა ჩართოს სოციალური მომსახურების სამსახური – როცა მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სასწავლო პროცესზე დასწრებას, ბავშვის უფლება ირღვევა. ამის შესახებ მშობელმა უნდა იცოდეს და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა“.

დირექტორის თქმით, ხელშეკრულებაში წერია, რომ სკოლა ვალდებულია მოსთხოვოს მშობელს ან მეურვეს ბავშვის უფლებების დაცვა და პირობების შესრულება.

„ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება საბოლოოდ ამ ხელშეკრულებებს, მაგრამ ვცდით და გვინდა, რომ ამის შესახებ მშობლებსაც გააზრებულად მივაწოდოთ ინფორმაცია“, – ამბობს მგელაძე. მისი თქმით,  იმ მშობლებს, რომლებსაც ხელშეკრულება გააცნო, რადიკალური შენიშვნები და პრეტენზიები ჯერ არ გამოუხატავთ.

დირექტორი ამბობს, რომ ყველა მშობლის ინფორმირებას და ხელშეკრულების გაფორმებას წლის ბოლომდე მოახერხებს.

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტში დანისპარაულის სკოლის დირექტორსაც ესაუბრა. ბადრი მგელაძე ამბობს, რომ ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ჯერ  მშობლებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისი თქმით, სკოლაში „პრობლემური ქცევის“ მოსწავლეები არ ჰყავს და, შესაბამისად, ვერც ამ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას ხედავს.

„პატარა სკოლაა, 89 მოსწავლე გვყავს. სოფელში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ რომელიმე მოსწავლე რაიმეში იყოს შემჩნეული“.

დირექტორის აზრით, ბავშვების მიმართ სადამსჯელო ზომების მიღება გაუმართლებელია. „სიმკაცრე არ არის გამოსავალი, ბავშვი უნდა აღზარდო“, – გვეუბნება ის. რაც შეეხება მშობლების პასუხისმგბელობას, დირექტორი ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით მშობლების აქტიურობა გაზრდილია.

ხელშეკრულების თაობაზე ვესაუბრეთ ბათუმის 26-ე  საჯაროს სკოლის დირექტორს – თამარ გოგიშვილის სკოლაში 470 მოსწავლეა. დირექტორი გვეუბნება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება უკვე გააფორმა ყველა მშობელთან ან მეურვესთან.

მისი თქმით, კონტრაქტის შინაარსთან დაკავშირებით მშობლებს კითხვები არ გასჩენიათ: „ჩემს სკოლაში ბევრი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სწავლობს, მშობლების დიდი ნაწილი თურქეთშია სამუშაოდ წასული და მათთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, ამიტომ ამან შეიძლება გააჩინოს გარკვეული პრობლემები. თუმცა ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციას ვახერხებთ“.

დირექტორის აზრით, აღნიშნული კონტრაქტი „მთლად ფორმალურიც არ არის“ და პასუხისმგებლობის გაზრდას ხელს შეუწყობს.

 

103 სტუდენტი, რომლებმაც აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება მიიღეს (სია)

აჭარის განათლების სამინისტრომ  „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები გამოავლინა. საკონკურსო კომისიამ 103 სტუდენტი დაასახელა გამარჯვებულად. მათ შორის, პირველი საფეხურის 90 და მეორე საფეხურის 13 სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობდა 2015, 2016 და 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული 117  სტუდენტი. მათ შორის პირველი საფეხურის 104 და მეორე საფეხურის 13 სტუდენტი.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებდა შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

  • სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი – ოთხი ან მეტი შვილი;
  • დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
  • სოციალურად დაუცველი – 100 000 ქულა ან ნაკლები.

იხილეთ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების სახელობით სია კატეგორიების მიხედვით.

 

ანგისა და ადლია – ბათუმში ცათამბჯენების ახალი დასახლება ჩნდება (ფოტო)

ადლიასა და ანგისაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების დათვალიერებისას შეიძლება რეალურად მოგვეჩვენოს ამერიკულ თრილერებში ასახული სიუჟეტები და დავიჯეროთ მაღლივი სახლების სახურავებიდან სახურავებზე გადასვლის შესაძლებლობა.

ამ, ერთ დროს ორსართულიან დასახლებაში, ერთმანეთის მიყოლებით შენდება მაღლივი მრავალბინიანი სასტუმრო და აპარტოტელი, ასევე საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივებს, რომლებიც ჯერ კიდევ ორსართულიან სახლებში ცხოვრობენ, ახალი მშენებლობები სულაც არ ახარებთ. ისინი ამბობენ, რომ ახალმა „დიდმა სახლებმა“ მათი საცხოვრებელი გარემო გააუარესა.

ეს ანგისის დასახლებაა. ფოტო ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მიმდინარე მშენებლობის მაღლივი სართულიდან გადაიღო და ვებგვერდზე განათავსა იმ მიზნით, რომ მომხმარებელს გასაყიდი ბინებიდან კორპუსის უკანა ხედი აჩვენოს, წინა ხედი კი ზღვაზე გადის. ასეთი ორსართულიანი დასახლება ესაზღვრებოდა ბათუმის ახალ ბულვარს – გამწვანებული ეზოები, ორსართულიანი სახლები ზღვასთან. ეს ის არის, რაც იყო, ახლა კი იმაზე მოგიყვებით, როგორ იცვლება ეს განაშენიანება და რა იქნება აქ მომავალში.

ადლიისა და ანგისის დასახლებაში, მეორე ზოლში, მე-15 სართულამდე არსებულ ბინის მეპატრონეებს სახლთან ზღვა ახლოს ექნებათ, თუმცა ფანჯრიდან მის დანახვას ვერ შეძლებენ. ზღვის ხედს მხოლოდ ისინი ინარჩუნებენ, ვინც ბინა პირველ ზოლში აშენებულ მრავალბინიან კორპუსებში შეიძინა ან მომავალში შეიძენს.

პირველ ზოლში, შერიფ ხიმშიაშვილის #30-ში კომპანია „ელთ ბილდინგი“ თხუთმეტსართულიან აპარტოტელს აშენებს. შენობას ერთი მხრიდან – ზღვის მხარეს, ბათუმის ახალი ბულვარი ესაზღვრება, მეორე მხრიდან კი – ანგისის დასახლება, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებით.

ხიმშიაშვილის #30, კომპანია „ელთ ბილდინგი“ მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს

ხიმშიაშვილის ქუჩიდან კორპუსი სკოლა ლიცეუმ „თაობას“ ესაზღვრება. ფოტოზე ჩანს, რომ კომპანიამ კედელი ზედ სკოლის ფანჯრებთან ააშენა. ყრუ კედელი საკლასო ოთახებს ესაზღვრება. სკოლაში ამბობენ, რომ კორპუსმა კლასები ჩააბნელა.

სკოლა, რომლის ფანჯრებსაც ყრუ კედელი ამოუშენეს.

ამ უბნებში წამოწყებული მშენებლობის პარამეტრების განსაზღვრა რთულია, რადგან უმეტეს შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის. ვერანაირ ინფორმაციას ვერ იპოვი იქ, სადაც სასტუმროებს აშენებენ და ვერც იქ, სადაც მრავალბინიან საცხოვრებელი სახლები შენდება. საინფორმაციო ბანერის განთავსებას მშენებლობის ადგილზე ტერიტრორიის შემოღობვის დღიდან კანონით სავალდებულოა, ბანერზე მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ნებართვის გამცემ ორგანოზე, ნებართვის გაცემის, მშენებლობის დაწყება-დასრულების თარიღებსა და მშენებლობის მასშტაბებზე. თუმცა ჩვენი თემა დღეს ის არ არის, თუ რატომ ვერ ამჩნევენ ბათუმის მერიაში ამ კანონდარღვევას, არამედ ის, თუ რა ხდება დასახლებაში.

სამშენებლო ობიექტზე მყოფი პირები კითხვებს არ პასუხობენ. განსხვავებულია იქვე განთავსებული გაყიდვების ოფისისა და მუშებისგან მიღებული ინფორმაციაც.

ხიმშიაშვილის #74-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს „NK GROUP“-ი. კომპანიამ თავდაპირველად მერიას შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა შეათანხმა. შვიდივე სართული აშენებული და მოპირკეთებულია კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ მშენებლობის სიმაღლეში გაზრდა გადაწყვიტა, რადგან სახურავზე ხიმინჯები ისევ აჰყავთ.

კომპანიის გაყიდვების ოფისში გვითხრეს, რომ მშენებლობა დასრულებულია, ამიტომაც არ არის საინფორმაციო დაფა ადგილზე განთავსებული. კითხვაზე, რატომ არის ხიმინჯები ამოყვანილი დასრულებული შენობის სახურავზე, გვიპასუხეს: „მაგას მოვჭრით, ჰო, ჰო, უნდა მოვჭრათ“. მშენებლობაზე დასაქმებული მუშა კი გვიხსნის, რომ სახლს კიდევ უნდა დააშენონ, მაგრამ არ იცის, რამდენი სართული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ კომპანიას სართულის დაშენების ნებართვა არ აქვს. გარდა ამისა, შეთანხმებული პროექტის დარღვევისთვის ის ერთხელ უკვე დააჯარიმეს.

NK GROUP-ის მშენებლობა ბათუმში

კომპანია NK GROUP-ი  2015 წელს რუსეთის მოქალაქემ, კახაბერ ქათამაძემ დააფუძნა.

ამ შენობაზე განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, რომელიც ისეა განთავსებული, რომ მასზე ინფორმაციის ამოკითხვა რთულია, აქ საზოგადოებრივ ობიექტს შპს „რელაოსი“ აშენებს. ასეთი კომპანია რეესტრში ვერ ვიპოვეთ, არც მშენებლობის ნებართვის ასლია გამოკრული და არც მშენებლობის მასშტაბზეა მონაცემები. თუმცა ე.წ. რენდერით თუ ვიმსჯელებთ, ნებართვა ექვს სართულზე უნდა იყოს გაცემული. გაიზრდება თუ არა მასშტაბები, ეს მომავალში გამოჩნდება. საინფორმაციო დაფაზე იკითხება ისიც, რომ მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს. ამ მშენებლობის მოპირდაპირედ ერთმანეთის მიყოლებით სამი მშენებლობაა წამოწყებული.

ხიმშიაშვილის #80-ში ორსართულიანი სახლების წინ ღია სივრცე სამშენებლო კომპანიებმა მაღლივი სამშენებლო პროექტებით უკვე აითვისეს. აქ ტერიტორია შემოღობილია და ერთმანეთის მიყოლებით იწყება ან დაგეგმილია მშენებლობა.

ხიმშიაშვილის #80-ში, ამ შენობის გვერდით, კიდევ ერთ მაღლივ შენობას შპს „რუმი“ აშენებს. იქვე გაყიდვების ოფისი რომ არ იყოს, ვერ გაიგებ, ვინ რა ფუნქციური დატვირთვის და რა პარამეტრების შენობას აშენებს – სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის. კომპანიის გაყიდვების ოფისში გვითხრეს, რომ შენობა 14-სართულიანი იქნება. ამ კორპუსთან, მარჯვნივ, დაბალი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებია.

შპს „რუმის“  ვებგვერდზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის რენდერებიდან ჩანს, თუ როგორი განაშენიანება ჰქონდა ამ ქუჩას მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის დაწყებამდე.

სახლის მარჯვნივ ორი ორსართულიანი სახლი ჩანს. ახლა ამ ქუჩის პირველ ზოლზე ასეთი სახლების ნახვა გაგიჭირდებათ.

შპს „სი ემ ეს მეზღვაური“ ხიმშიაშვილის #85-ში მრავალბინიან სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ამ დროისთვის ერთი კარკასი შენდება, თუმცა რენდერის მიხედვით, დაგეგმილი პროექტი სამ კარკასს ითვალისწინებს. მშენებლობის გვერდით ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელსაც მესაკუთრე არ ჰყიდის.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

სახლი ხიმშიაშვილის #83-ში, რომელსაც მესაკუთრე არ ჰყიდის, ორი მაღლივი მშენებლობის შუაშია მოქცეული. კომპანიები აქ ბინის შეძენის მსურველებს უხსნიან, რომ ეს პატარა სახლი მათ საცხოვრებელ გარემოს ვერ შეუცვლის, რადგან ახალი რეგულაციებით მას მაღალი სართულების დაშენების უფლება აღარ ექნება, „მაქსიმუმ ორი სართული დააშენოს“.

ამ მაღლივი სახლების უკან კი ჯერ კიდევ შენარჩუნებული ორსართულიანი დასახლებაა. ეს ფოტო თავად კომპანიებმა გადაიღეს და ვებგვერდზე რეკლამის მიზნით განათავსეს, მომხმარებელს რომ აჩვენონ მათი სახლების უკან ხედი, სადაც გამწვანებული საცხოვრებელი ზონა იშლება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეა.

„სი ემ ეს მეზღვაურის“ მიმდინარე მშენებლობიდან გადაღებული ფოტო: შენობის უკანა ხედი, წინა მხარე კი ზღვაზე გადის.

ამ უბანში კიდევ არის ორსართულიანი სახლები მაღალი კორპუსების გვერდით. პატარა სახლებს მესაკუთრეები არ ჰყიდიან. თუმცა არის უკვე დაცარიელებული და დასანგრევად გამზადებული სახლებიც, მათ ადგილებზე კი მაღლივი კორპუსების, სასტუმროებისა და აპარტოტელების მშენებლობაა დაგეგმილი:

ამ ყვითელი სახლის გვერდით, მარცხენა მხარეს, ორსართულიანი სახლია ნახევრად დანგრეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ორივე მხარეს მაღლივ კორპუსს ააშენებენ.
ნახევრად დანგრეული სახლი ადლიაში. ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობაა დაგეგმილი.
ათიათასობით ჰექტარი ახალი ბულვარის გასწვრივ, პირველ ზოლში, შპს „ორბს“ ეკუთვნის. კომპანია აქ მაღლივ მრავალფუნქციურ კომპლექსს გეგმავს.
ეს, თითქმის დასრულებული მშენებლობები, „ორბის“ ნაკვეთს ესაზღვრება

 

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის ტრენინგი ჩატარდა

2018 წლის 23-24 ოქტომბერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, შავი და კასპიის ზღვის პროექტის ფარგლებში, საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის (MLC 2006) ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი, რომელსაც  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშროლები და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჩაატარეს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტებმა. ტრენინგზე განხილულ იქნა საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენცია, როგორც მეზღვაურთა უფლებების დაცვის ინსტრუმენტი.

ტრეინინგი, რომელსაც ესწრებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშროლები და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები
ტრენინგს ესწრებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშროლები და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები

კერძოდ: კონვენციის სტრუქტურა, მინიმალური მოთხოვნები მეზღვაურებისთვის, მეზღვაურთა დასაქმების პირობები, კვება, ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო დახმარება, სოციალური დაცვა და MLC 2006 კონვენციის შესაბამისად ინსპექტირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

„MLC 2006 კონვენცია მიღებულ იქნა 2006 წლის თებერვალში, 94-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციის მიერ მე-10 საზღვაო სესიაზე. ამ კონვენციით გადასინჯული და კონსოლიდირებულია 37 არსებული კონვენცია და მათთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

ეს კონვენცია თავს უყრის საზღვაო სანაოსნოში შრომის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს ერთი ახალი კონვენციის სახით, რომელიც შედგენილია ახალი ფორმატით და, საჭიროებისამებრ, მოიცავს ცალკეულ განახლებებს თანამედროვე რეალიების ასახვისა და დებულებების თანამედროვე ენით ჩამოყალიბებისათვის. იგი მსოფლიოს 1.2 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით.“

არქეოლოგიურმა მუზეუმმა ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე საველე კვლევა-ძიება განაახლა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა საველე კვლევა-ძიება განაახლა ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიზე; სამუშაოები ორ უბანზე მიმდინარეობს:

პირველი უბანი: ნამჭედურის გორა ნამოსახლარი (ნამჭედური I)

 ამ ეტაპზე ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე მიმდინარეობს გვიან კლასიკური ხანის კულტურული ფენის შესწავლა, რომელიც დამტვრეული ბათქაშების გროვებითაა წარმოდგენილი და გაუთხრელი ფართობის მიმართულებით ვრცელდება. in situ მდგომარეობაში შემორჩენილია ბათქაშებიანი იატაკისა და კედლის მცირე ფრაგმენტი. ისინი საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობის ერთიან კომპლექსს უკავშირდება, რომლის საზღვრების დადგენა და რეკონსტრუქცია სამუშაოების გაგრძელების შემდგომ გახდება შესაძლებელი. კულტურულ ფენაში მცირე რაოდენობით ჩნდება ქვევრის, დერგის, ამფორისა და სხვა სახის ჭურჭლის ფრაგმენტები. აღმოჩენილია კვირისტავიც.

მეორე უბანი: ნამჭედური II. მდებარეობს ნამჭედურის გორა-ნამოსახლარის (ნამჭედური I) ჩრდილოეთით დაახლოებით 250-300 მ-ის დაშორებით (ნამჭედური I)

შესწავლილია ელინისტური და კლასიკური ხანის კულტურული ფენები. აქაც წარმოდგენილია ხის კონსტრუქციაზე მოტკეპნილი ბათქაშებიანი იატაკი, მოკირწყლული მოედანი. აღმოჩნდა თიხის სასმისები, ქვევრების, ქოთნების, დერგების, კრამიტის ფრაგმენტები (ამფორებისა და შავლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები). სხვა ნაკეთობებიდან გამოიყოფა ბადის ქვის საძირავები, ნამგლის კაჟის ჩასართი და თვალადი მძივი.

ორივე ნამოსახლარი წარმოადგენს მრავალფენიან ძეგლს. მათი გეგმაზომიერი კვლევა შესაძლებლობას იძლევა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით იქნას შესწავლილი საზოგადოების განვითარების ცალკეული ეტაპები გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურიდან (ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი) დაწყებული, ელინისტური ხანის (ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრული) ჩათვლით.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“ – საია ბაღების დირექტორების ფარულ ჩანაწერებზე

„თუ დადგინდება, რომ ეს ჩანაწერები ნამდვილია, მაშინ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, კონკრეტულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორთან ფარული სატელეფონო ჩანაწერი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 24 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. ჩანაწერების მიხედვით, ბაღების დირექტორები „ოცნების“ მხარდამჭერებს აგროვებენ.

ანნა მდინარაძის განმარტებით, თუკი ჩანაწერი ავთენტურია, ირღვევა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის პერიოდში სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დაქვემდებარებული პირის ჩაბმა საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას, ან არჩევას, არის აკრძალული“. თუკი დარღვევა დადგინდება, საბავშვო ბაღების დირექტორებს 2-2 ათასი ლარით დააჯარიმებენ.

ვინ უნდა მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე?

„სამართალდარღვევის ოქმი უნდა შეადგინოს საოლქო კომისიამ, ხოლო შემდეგ ოქმის კანონიერებას ადგენს სასამართლო. ავთენტურობას რაც შეეხება, ჩანაწერს ექსპერტიზა უნდა ჩაუტაროს იმ მხარემ, რომელიც სადავოდ მიიჩნევს მის ნამდვილობას,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ.

„თუკი საჩივარი შემოვა, განვიხილავთ,“ – ამბობს ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ციალა შავაძე.

რატომ სჭირდება საჩივარი უკვე გახმაურებულ შემთხვევას? – ციალა შავაძემ გვიპასუხა, რომ მოკვლევის პროცესშია და ჯერ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია.

„ნაციონალური მოძრაობა“ საჩივრის შეტანას ბათუმის საოლქო კომისიაში დღის ბოლომდე აპირებს.

საბავშვო ბაღების დირექტორების ჩაწერაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია ბათუმის მერიას, რომლის დაქვემდებარებაშიცაა საბავშვო ბაღების გაერთიანება. საია-ში განმარტავენ, რომ მერიამ დისციპლინური სამართალწარმოება უნდა დაიწყოს.

 

„საბავშვო ბაღების დირექტორები „ოცნებისთვის“ სიებს აგროვებენ“ – ფარული ჩანაწერები ბათუმში

„სამ საათზე მოვიტან მხარდამჭერების სიებს… ნაციონალი არა, არ გვყავს,“ – ეს ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის, რომელიც დღეს, 24 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. პარტიის წარმომადგენელი ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან ურეკავდა. ბაღის დირექტორები ნანული ერემაშვილი, როენა ბოლქვაძე და ფატი შარაშიძე ჩანაწერში მხარდამჭერების სიების დროულად წარმოდგენის პირობას დებენ.

„შტაბი არ ვიცი, მე გაერთიანებიდან დამირეკეს, რომ მოიტანე სიებიო,“ – ამბობს ჩანაწერში როენა ბოლქვაძე. სატელეფონო ჩანაწერებში ბაღების დირექტორები არ აკონკრეტებენ, მხოლოდ თანამშრომლების სია შეაგროვეს, თუ სხვა პირებისაც. სამივე ბაღის დირექტორი ჩანაწერში ამბობს, რომ სიებს ბაღების გაერთიანებაში „ლიას“ დაუტოვებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ლია მოქიაზე, რომელიც ბაღების გაერთიანებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. ლაშა კომახიძემ მხარდამჭერების სიების წარმოდგენა ბაღების გაერთიანებას მისცა, ბაღების გაერთიანება კი სიებს იბარებს. ეს ყველა საბავშვო ბაღში ხდება, ჩვენ, უბრალოდ, სამს გავესაუბრეთ,“ – განაცხადა ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ.

სატელეფონო ჩანაწერში საუბარია სიების ფორმატზეც. ბაღების დირექტორები აკონკრეტებენ, რომ სიებში მითითებული არაა საარჩევნო უბნები, სადაც ბაღის თანამშრომლები ხმას აძლევენ. „მხოლოდ სახელი-გვარია მითითებული და მათი ტელეფონის ნომრები,“ – ისმის ჩანაწერში.

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა… ყურადღება მიაქციეთ, ერთ-ერთი დირექტორი ამბობს, რომ სამუშაო საათებში, დღის სამ საათზე მიიტანს სიას ოფისში. მეორე დირექტორი კი ადასტურებს, რომ ამ სატელეფონო გასაუბრების დროს მასთან იმყოფება „ოცნების“ კოორდინატორი, ვინმე რუსუდანი. მე მოვუწოდებ ბაღის დირექტორებს, შეწყვიტონ უკანონო დავალებების შესრულება,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე.

„ჩანაწერების შესახებ არაფერი ვიცი, ეტყობა, რაღაც პროვოკაციაა,“ – ასეთია ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა შამილიშვილის რეაქცია ფარულ ჩანაწერებზე. მისი თქმით, ბაღების დირექტორები მას გუშინ დაუკავშირდნენ.

„მითხრეს, რომ ვიღაცამ დაურეკა და რაღაც სიები ითხოვა. დირექტორებს გაუკვირდათ, რა სიებს გვთხოვენო… მე გარკვევა ვცადე, უკან გადავრეკე იმ ნომერზე, საიდანაც დირექტორებს დაურეკეს, მაგრამ აღარ მიპასუხეს,“ – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გამორიცხავს ბაღების დირექტორებისთვის პოლიტიკური დავალების მიცემას და მხარდამჭერების შეგროვებას.

„ეს გამორიცხულია. დირექტორებს მსგავსი დავალება არ აქვთ…. ჩემთვის უცნობია ეს ჩანაწერები. გავეცნობი და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს,“ – აღნიშნა მამუკა შამილიშვილმა.

საბავშვო ბაღების დირექტორების სატელეფონო ჩანაწერებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია ბათუმის მერიას.

უდიო ჩანაწერი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. ენმ-ს თქმით, ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორმა „ოცნებისთვის“ მხარდამჭერთა სიების შეგროვებაზე მუშაობა დაადასტურა. ჩანაწერების ავთენტიკურობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. 

ბათუმში ყინულის სასახლე ადგილს იცვლის

ბათუმშიარსებული ყინულის სასახლის დემონტაჟი  მალე დაიწყება. სად გადაიტანენ ყინულის სასახლის კონსტრუქციას და რა სპორტული სახეობისთვის იქნება ის განკუთვნილი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არსებული სასახლის ადგილზე კი საცურაო აუზი აშენდება. იქვე არსებული დარბაზი, რომელიც ახლა აშენდა და სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა, ყინულის არენად გადაკეთდება. დღეს ბათუმის ყინულის სასახლეში 700-მდე სხვადასხვა ასაკის მოციგურავე, ჰოკეისტი თუ მოყვარული დადის, ძირითადად ბავშვები.

„ნოემბრის თვეში უნდა დაიწყოს ყინულის სასახლის დემონტაჟი. ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა მთავრობა დაგვპირდა, რომ არსებულ მოედანს სხვაგან გადაიტანენ და ახალიც აშენდება. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ორი ყინულის მოედანი გვქონდეს. გადატანას მინიმუმ სამი თვე მაინც დასჭირდება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბადრი აბაშიძემ, ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. მისივე თქმით, იმ სამი თვე ბათუმში ყინულის მოედანი არ იქნება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყინულის არსებული სასახლის კონსტრუქციას სხვა ტერიტორიაზე გადაიტანენ, რომელშიც აუცილებლად განთავსდება სპორტული ობიექტი. იმის შესახებ, თუ სად გადაიტანენ ამ კონსტრუქციას და განთავსდება თუ არა მასში ყინულის მოედანი, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის:  „დემონტაჟის დაწყებამდე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ სად გადაიტანენ, ასევე სპეციალისტებთან ერთად გადაწყდება სპორტის რა სახეობა განთავსდება ამ ობიექტში“.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში გადაწყდა. სამუშაოების ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა. „მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს ისეთი კონსტრუქცია და იმ ფორმით, რომ მასში საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყოს შესაძლებელი. ოლიმპიადის შემდეგ, გაგრძელდება მშენებლობა და დასრულებულ სახეს მიიღებს 2020 წლის ბოლოს. რაც შეეხება თანხას, კომპანიას საწყის ეტაპზე გადავუხდით საბოლოო ღირებულების 20%-ს, ხოლო დანარჩენ თანხას დავფარავთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,“ – გვითხრეს მაშინ შპს „სტადიონში“.

კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. მშენებლობას კვლავ „ანაგი“ გააგრძელებს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს.

„ახლა ვემზადებით, რომ დავიწყოთ სამუშაოების მორიგი ეტაპი – საცურაო აუზის მშენებლობა და არსებული დარბაზის გადაკეთება ყინულის არენად. ის ინვენტარი, რაც ოლიმპიადის ჩასატარებლად იქნა შეძენილი, გამოსადეგარია ყინულის არენისთვის და დამატებით კიდევ იქ მოეწყობა ყინულის მოედნის ტრიბუნები – ჯამში 1500 კაცზე. ყინულის არენა უნდა დასრულდეს 2019 წლის პირველი აპრილისთვის, ხოლო საცურაო აუზი 2020 წლის პირველი აპრილისთვის. ამ დროისთვის არც პროექტი შეცვლილა და არც თანხის ოდენობა“, – გვითხრა მირზა ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა.

თავის დროზე საუბარი იყო იმაზე, რომ ახალი საცურაო აუზი და ყინულის არენა ბათუმის მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს გვითხრეს, რომ „სამშენებლო პროცესის დასრულებამდე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ვინ განახორციელებს ამ სპორტული ობიექტების მოვლა-პატრონობას“.

ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის ეტაპების დასრულების დადასტურების საექსპერტო მომსახურებაზე შპს „სტადიონმა“ 2018 წლის 23 ოქტომბერს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 23 ათასი ლარია. ძირითადი სამუშაოები 23 ეტაპისგან შედგება. მირზა ბოლქვაძის თქმით, ჯერ არც ერთი ეტაპი არ არის დასრულებული.

—————

ბათუმის ყინულის სასახლე გასართობ-გამაჯანსაღებელი ცენტრის სტატუსით 2007 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ყინულის სასახლე გოგებაშვილის ქუჩაზე იყო განთავსებული, შემდეგ ახალ ბულვართან, მოგვიანებით კი ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში გადაიტანეს. 2014 წლის 31 იანვარს ბათუმში, ყინულის სასახლის ბაზაზე, შეიქმნა სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. ამჟამად ყინულის სასახლეს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრის სარგებლობაშია.

ამავე თემაზე: 

15 ათასი ლარი ყინულის სასახლის მემბრანის გასარეცხად

მთავარი ფოტო: ბათუმის ახალი ყინულის არენის ვიზუალი / ფოტო შესყიდვების ვებგვერდიდან

„ძირითადად ბათუმში ვიქნები“ – კურორტ „გოდერძის“ უფროსის ახალი მოადგილე

„შეთავაზება მას შემდეგ მივიღე, როცა ხულოს მერის მოადგილის პოსტი დავტოვე“, – გვითხრა ლაშა ბოლქვაძემ, რომელიც შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ეს კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და კურორტ „გოდერძის“ განვითარებას კურირებს.

„ბათუმელებმა“ ლაშა ბოლქვაძეს ჰკითხა, როდის მიიღო შეთავაზება და ვისგან. მისი თქმით, შეთავაზება კომპანიის დირექტორისგან – მალხაზ მახარაძისგან მიიღო.

ლაშა ბოლქვაძე ბოლო 4 წლის განმავლობაში ხულოს მერიაში მუშაობდა. ბოლოს ის ხულოს მერის მოადგილე იყო და მერთან, გოჩა მელაძესთან ერთად, როგორც თავად აცხადებს, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

ხულოს მერი თავდაპირველად შვებულებაში გავიდა. ხულოს მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის მედიაში გაჟღერების შემდეგ გოჩა მელაძე სამსახურში დაბრუნდა, მოადგილე – ლაშა ბოლქვაძე გაათავისუფლა, ახალი მოადგილე დანიშნა და თავადაც განცხადება დაწერა წასვლის შესახებ. თუ ხულოს მერი ამას არ გააკეთებდა, ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელიც ვერ ეყოლებოდა სამართლებრივად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე.

რის გამო წამოვიდა ლაშა ბოლქვაძე ხულოს მერიიდან? – ხულოს მერის ყოფილი მოადგილე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს ოჯახური პირობების გამო გააკეთა. „მეორე შვილი შემეძინა, ჩემი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, ხულოდან რთული იყო… „Goderdzi Resorts“-ის ოფისი ბათუმშია, შესაბამისად, ძირითადად ბათუმში ვიქნებით, გოდერძიზეც მოგვიწევს ხშირად ასვლა,“ – გვითხრა ლაშა ბოლქვაძემ.

ხულოს მერიამდე ლაშა ბოლქვაძე ბათუმის მერიაში მუშაობდა. მას არჩილ ვანაძესთან ერთად გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავებოდა გახმაურებული „ჟილინის არხის საქმეზე“. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 ივლისს ლაშა ბოლქვაძე და არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ მიიჩნია.

ამ თემაზე:

ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები

„ივანიშვილისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“- ბაზიერს მიმინოს დაჭერისთვის აჯარიმებდნენ

„რამდენიმე დღის წინ მიმინო დავიჭირე და მოვიდნენ, ეს აკრძალულია, 1000 ლარით გაჯარიმებთო. რაც აკვნიდან გადმოვვარდი, სულ მიმინოებს ვიჭერ, ბაბუაც ამას აკეთებდა. 12 წლის ვიყავი, როცა პირველი ჯილდო მივიღე, როგორც ბაზიერმა. ბოლოს თბილისობაზე მომცეს მედალი,“ – ეს  ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბარამიძემ მოგვიყვა სასამართლოს ფოიეში.

30 სექტემბერს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზურაბ ბარამიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. გარემოსდამცველებმა მიმინოს დაჭერა ბაზიერობისთვის „გარეული ცხოველის დატყვევებად“ შეაფასეს, ხოლო დატყვევებული მიმინო გაუშვეს.

ბაზიერობა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი„თუ მიმინო არ დავიჭირე, ბაზიერი საიდან ვიქნები?“ – კითხულობს ზურაბ ბარამიძე. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ის მოგვიყვა, როგორ იჭერს და შემდეგ წვრთნის მიმინოს ნადირობისთვის, ასევე ჩემპიონატში მონაწილეობისთვის.

„ხაფანგით მიმინოს დაჭერა მარტივია, მერეა რთული, რომ შეგეჩვიოს… თავიდან პატარა ჩიტს ვიჭერ, მაჭო ჰქვია, იმის ხმაზე მოდის მიმინო, ტყუვდება და ჩემ მიერ წინასწარ დაფენილ ბადეში ეხვევა… მერე მუდმივად ხელზე მიზის და თოკით მყავს გამობმული, სადღაც ერთი კვირა. უკვე სამ დღეში ეტყობა, გეჩვევა თუ არა. სულ უნდა ეფერო, კარგად მოექცე. რამდენიმე დღეში მიხვდები, გიმეგობრდება თუ არა. თუ არაფერი გამოდის, ისევ უკან ვაბრუნებ. ცნობილია, რომ მიმინო საკვებად არ გამოიყენება…

აქამდე არავინ დაუჯარიმებიათ, პირველად მესმის. გარეული ცხოველები ივანიშვილსაც ჰყავს, რა გამოდის, მისთვის შეიძლება და რიგითი ადამიანებისთვის არა?“ – გვითხრა ზურაბ ბარამიძემ.

ბაზიერის ამბავი მოსამართლე ირაკლი შავაძემ განიხილა. სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის სახელმაც გაიჟღერა ზვიგენთან და პინგვინებთან ერთად.

„ბაზიერობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის, რომ კანონმდებლობაში ბაზიერობის რეგულაცია არ არის, ეს ბატონი ზურაბის ბრალი არ არის…. საქართველოში არიან პირები, ვისაც ჰყავს გარეული ცხოველები სახლში. საინტერესოა, რატომ არ მოხდა მათ მიმართ რეაგირება?“ – იკითხა სასამართლო პროცესზე საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ. ის სასამართლოში ზურაბ ბარამიძის ინტერესებს იცავდა.

„მოგვაწოდეთ ინფორმაცია და მოვახდენთ რეაგირებას,“ – უპასუხა შენიშვნას გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა ქიქავამ. მას საია-ს იურისტმა შეახსენა, რომ ასეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ზვიგენი ჰყავს და პინგვინებიც.

„ოფიციალურად შემოიტანეთ და განვიხილავთ,“ – მოკლე რეპლიკით სცადა უხერხული დიალოგის დასრულება დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

საია-ს იურისტმა სასამართლო პროცესზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაზიერობა სპორტია, რომელიც იმავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ კუთხით ცალკე საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს.

„დადგენილი ფაქტია, რომ მან მიმინო დაიჭირა. ჩვენ არ ვიცით, რისთვის სჭირდებოდა მას ეს. წარმოედგინა მაშინ დოკუმენტი, რომ მიმინო ბაზიერობისთვის სჭირდებოდა,“ – თქვა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა ქიქავამ.

„ბუნებაში არის ასეთი უწყება, რომელიც მსგავს ნებართვას გასცემს?“ – იკითხა მოსამართლემ.

„მიემართა სამინისტროსთვის ჯერ. წარმოდგენილი არ არის რაიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მოქალაქემ შესაბამისი ნებართვის მისაღებად სამინისტროს მიმართა,“ – აღნიშნა ლანა ქიქავამ. მას საია-ს იურისტმა შეახსენა, რომ მტკიცების ტვირთი მასზეა, როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელზე და მას უნდა წარმოედგინა სასამართლოსთვის ნებართვის ფორმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვერ თქვა დაზუსტებით, კონკრეტულად რა სახის ნებართვა უნდა აეღო მოქალაქეს ბაზიერობისთვის და რომელი უწყებიდან. გარემოს დაცვის სამინისტრო ნებართვებს ნადირობის კუთხით გასცემს.

„მე მაინტერესებს, როდის აქეთაა მიმინო ცხოველი?“ – იკითხა პროცესზე მოქალაქე ზურაბ ბარამიძემ. მას მოსამართლემ განუმარტა, რომ კანონმდებლობის მიხედვით მიმინოც ცხოველთა სამყაროს ეკუთვნის.

მოსამართლემ გადაწყვეტილება მალევე გამოაცხადა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ ზურაბ ბარამიძეს შენიშვნა მისცა, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაზე კი უარი თქვა. მოსამართლემ განმარტა, რომ მიმინოს დაკავება დადგენილი ფაქტია, რაც სამართალდარღვევად უნდა მივიჩნიოთ.

„გასაგებია, რომ ცალკე რეგულაცია ბაზიერობაზე არ არსებობს, მაგრამ მინისტრის 2013 წლის ბრძანება ნადირობის ნებართვებზე უნდა გავრცელდეს ამაზეც“, – დასძინა მოსამართლემ.

ბაზიერების შეჯიბრი ნოემბერშია დაგეგმილი. ზურაბ ბარამიძემ ჯერ არ იცის, დაიჭერს თუ არა ისევ მიმინოს. წუხს იმის გამო, რომ მონაწილეობას შეჯიბრში ვეღარ მიიღებს. „რომც დავიჭირო, გაწვრთნას ხომ დრო უნდა?“ – გვითხრა მან პროცესის დასრულების შემდეგ.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით  იწვიმებს, ზოგან – ძლიერად.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევრიდან კი გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2  – 7 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 19.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 15-20 დმ [4-5 ბალი].

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში  ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი, მაღალმთაში – თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5- ბალიანი შტორმი.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას? [გამოკითხვა]

28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში.

გამოკითხვის საბოლოო შედეგებს „ბათუმელები“ არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

გამოკითხვაში მონაწილეს შეუძლია მონიშნოს სამი პასუხი.


რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას

რატომ არ რეაგირებს განათლების სამინისტრო 15 წლის მოსწავლის გათხოვებაზე

„გამოძიების პროცესში დადგენილი ფაქტების შესაბამისად მოხდება რეაგირება,“ – ასე უპასუხეს აჭარის განათლების სამინისტროში ჩვენს შეკითხვას ქობულეთში 15 წლის გოგოს გათხოვების შესახებ. სამინისტროს ვკითხეთ, რა რეაგირება მოჰყვება სკოლის დირექტორის დამოკიდებულებას, რომელმაც პოლიციისთვის ამბის შეტყობინებას ქორწილში მისვლა არჩია.

სოფელ ლეღვაში სკოლის მოსწავლის დაქორწინების შესახებ პირველად საზოგადოებამ გუშინ, 22 ოქტომბერს TV25-ის  სიუჟეტიდან გაიგო. ამ შემთხვევაშიც მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ დაიწყო გამოძიება. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მიმართულებით გამოძიება არ მუშაობს.

გამოძიებამ შესაძლოა დაადგინოს ან გამორიცხოს სკოლის დირექტორის მხრიდან დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის დადგენამდე შესაძლოა განათლების სამინისტრომ გამოარკვიოს, ჩაიდინა თუ არა სკოლის დირექტორმა სამართალდარღვევა. სკოლის დირექტორს ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდებას მთავრობის 2015 წლის დადგენილება ავალდებულებს. რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა სამართალდარღვევაა, რაც შესაბამისი სანქციით ისჯება.

„საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მანდატურის სამსახური, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, თავშესაფრები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე გაანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან, სააგენტოსთან თანამშრომლობით აწარმოონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ლეღვას სკოლის დირექტორი მანონი მამულაიშვილი საქართველოს განათლების სამინისტრომ დანიშნა მოვალეობის შემსრულებლად. შესაბამისად, მისი საკითხი ამ უწყებამ უნდა მოიკვლიოს. საქართველოს განათლების სამინისტროს პრესცენტრში კი გვიპასუხეს, რომ საკითხზე კომენტარი აჭარის განათლების სამინისტროში უნდა გააკეთონ.

წელს ბავშვთან დაქორწინების ეს მეხუთე ფაქტია სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აჭარაში. სააგენტოს ბათუმის ფილიალში გვითხრეს, რომ აქამდე 4 შემთხვევა შუახევში, ხელვაჩაურსა და ბათუმში გვქონდა. სააგენტო არ მუშაობს და არც გამოძიება დაწყებულა ზოგიერთ შემთხვევაზე, რომელიც მედიაში მანამდე გაჟღერდა. მაგალითად, „ბათუმელები“ 11 აპრილს წერდა ასევე ქობულეთში 14 წლის გოგოს გათხოვების შესახებ. ამ შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა, არც სოციალური მუშაკების ჩამონათვალშია ეს საქმე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრის ინფორმაციით, წელს ადრეული ქორწინების 86 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს – 98. ესაა ფაქტები, როცა სოციალურ მუშაკებს დახმარებისთვის მიმართეს.

22 ოქტომბერს გახმაურებულ ისტორიაში 21 წლის ბიჭი დაქორწინდა 15 წლის გოგოსთან. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი თანაცხოვრებაში არ იმყოფებიან,“ – ეს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ თქვა მას შემდეგ, როცა მოზარდის ქორწილის შესახებ გაიგო. ცოტნე ანანიძე უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„მათ ჰქონდათ ჩანიშნული ნიშნობა, ხარჯების დაზოგვის მიზნით ნიშნობა გადაზარდეს საქორწილო რიტუალში,“ – თქვა დეპუტატმა.

მომხდარში ტრაგედიას ვერ ხედავს იმ სკოლის დირექტორი, სადაც გოგო გათხოვებამდე სწავლობდა. მან  ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, რომ სოცსააგენტოს არასრულწლოვანი მოსწავლის ქორწინების შესახებ არ შეატყობინა, რადგან გოგო მისი სკოლიდან სხვა სკოლაში გადავიდა. დღეს, 23 ოქტომბერს, ლეღვას სკოლის დირექტორმა, მანონი მამულაიშვილმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ხაზი გაუსვა გოგოს მშობლების გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.

„გოგოს მშობელმა გამოძიებას უკვე უთხრა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ მე ამის შესახებ არ ვიცოდი. 17 სექტემბერს ის სკოლაში არ მოსულა. რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ ბებიასთან ერთად არის დასასვენებლად წასულიო. ოქტომბრის დასაწყისში მშობელმა მობილობა მოითხოვა და მერე გაირკვა, რომ გოგო გათხოვდა…“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

როცა დირექტორი სამართალდამცველებს არ აწვდის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და პირიქით – არასრულწლოვანი მოსწავლის ქორწილს ესწრება, ეს ხომ არ აჩვენებს იმას, რომ მოზარდის ქორწილი დირექტორისთვის მისაღებია? – მანონი მამულაიშვილმა ჩვენს ამ შეკითხვას პროვოკაციული უწოდა და გვირჩია არასრულწლოვნების სხვა პრობლემებით დავინტერესდეთ.

„ქორწილში მისვლა მგონი არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე ვიყავი ჩემი თანამშრომლის ქორწილში. ამ გოგოს დედა მასწავლებელია. მივედი ერთი საათით და წამოვედი… ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვთან დაქორწინება ჩემთვის მისაღებია. მე შეიძლება პროტესტიც გამოვხატე და შეიძლება არც მომწონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი გადაიტანა იმ ოჯახმა, საიდანაც გათხოვდა ეს გოგო. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა ხდება საქართველოში და სკოლის დირექტორები ვერ მოაწესრიგებენ ამას… ამხელა განგაშიც, არ ვიცი. უფრო მეტი რაღაცები ხდება, ძალიან ბევრი არასრულწლოვანი არის ჩართული ცუდ საქმეებში და ის გააშუქეთ, მაგაზე ილაპარაკეთ,“ – აღნიშნა მანონი მამულაიშვილმა.

სკოლის დირექტორი ჩვენმა მორიგმა შეკითხვამაც გააღიზიანა: გაქვთ თუ არა ინფორმაცია სკოლის სხვა მოსწავლეებზე, რომლებიც დაოჯახებას აპირებენ?

„წინასწარ ასეთ ინფორმაციას ვის აწვდიან, ეს მითხარით, მე გისვამთ უკან კითხვას… წინასწარ რომ ეს ვიცოდეთ, დირექტორიც მიიღებს ზომას და მშობელიც. რამდენიმე დღის წინ ჩვენს სოფელში მეათეკლასელი გოგო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. იმ ფონზე ეს დაქორწინება არ შეიძლება ჩავთვალო იმხელა ტრაგედიად, სიკვდილს ყველაფერი ჯობია, ჩემი პოზიცია ესაა“, – გვიპასუხა ლეღვას სკოლის დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 15 წლის გოგოსთან დაქორწინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.“ დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

140-ე მუხლით დაწყებული და გახსნილი საქმეების შესახებ კონკრეტული მონაცემი არ აქვს გამოქვეყნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოფიციალური სტატისტიკა შსს-ს სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე [სსკ-ის 138, 139, 140, 141] ერთიანად აქვს ინტერნეტგვერდზე მოცემული.

ამ მონაცემის მიხედვით, სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი ქვეყანაში 35 პროცენტით გაიზარდა. 2017 წელს სქესობრივი ხასიათის დანაშაულის 149 შემთხვევა დაფიქსირდა და გაიხსნა 102.

2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით კი, 202 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან გაიხსნა – 87.

78 წლის მზია: ჩემს ამბავს თუ დაწერთ, ხალხი დამეხმარება, შვილიშვილს წიგნი რომ ვუყიდო? 

78 წლის მზია ღლონტი ყოველდღე მიდის ბათუმის აეროპორტში და ოპერატორს ერთსა და იმავე კითხვას უსვამს – რომელ საათზე იქნება რეისი? მზია არსად მიფრინავს. ის ტურისტებს ელოდება. განსაკუთრებით უხარია, როცა მგზავრებს შორის ბავშვებს ხედავს. მზია საბავშვო ფერად ჟურნალებს ყიდის და თავს ამით ირჩენს. 78 წლის ხანდაზმულისთვის პენსიის გარდა ჟურნალების გაყიდვიდან აღებული მცირე თანხა, ერთადერთი შემოსავალია.

“ბათუმში ქირით ვცხოვრობ. ისე, ოზურგეთიდან ვარ. მეუღლე დიდი ხანია არ მყავს. შვილები გარდამეცვალენ. ორი შვილიშვილი მყავს. ერთი თურქეთში მუშაობს, მეორე სკოლის მოსწავლეა, მეთორმეტე კლასშია. ოზურგეთში ცხოვრობს მარტო. დიდია უკვე და ამბობს არ მეშინიაო. აბიტურიენტია. უნარების მოსამზადებელი წიგნი ვერ ვუყიდე. ჩემს ამბავს რომ დაწერთ, როგორ ფიქრობთ, ხალხი დამეხმარება, რომ წიგნი ვუყიდო?” – გვკითხა მზიამ.

ბათუმის აეროპორტის გარდა მზია ჟურნალებს ყიდის დიდ მარკეტებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. “ხელვაჩაურში სასამართლოსთან ბევრი ხალხი იყრის ხოლმე თავს და იქ როცა ჩავდივარ, ყოველთვის მეყიდება ჟურნალები,” – ამბობს მზია ღლონტი.

მზიას ისტორია თავდაპირველად ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში დაიდო. მზია ამბობს, რომ სულო ჩებინოვი, რომელმაც ის აღმოაჩინა, ძალიან დაეხმარა. ტელეფონი უყიდა და დაჰპირდა, რომ თანხით, რომელსაც ადამიანები მის დასახმარებლად ჩარიცხავდნენ, ვალებს დაუფარავს.

ვალი კი ორ ადგილას აქვს, 38 ლარი ქობულეთში – “ჟურნალები წამოვიღე, გავყიდე, მაგრამ ფული შემომეხარჯა და ვეღარ ჩავუტანეო,” – წუხს. და კიდევ 30 ლარი ბათუმის ბაზარში – იქაც ჟურნალების გადასახადი.

მზია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ისტორია გასაჯაროვდა, გზაში მძღოლები მანქანას უჩერებენ და ჟურნალებს ყიდულობენ.

თავშესაფარში წასვლა არასდროს უცდია. ამბობს, რომ არც უნდა.

“თავისუფლება მირჩევნია. როცა მინდა, მაშინ მივდივარ ჩემი შვილის საფლავზე. თავშესაფარში რომ წავიდე, ასე თავისუფალი ვერ ვიქნები”, – ამბობს მზია.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დაიწყო

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვის სამუშაოები დაწყებულია. ობიექტზე ამ ეტაპზე სახურავის ლითონის კონსტრუქციას ამონტაჟებენ. მონტაჟი, არსებული გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია.

სტადიონის მშენებლობა მეათე თვეა მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი მშენებლობის ზედამხედველობა 20 დღის წინ დაიწყო.

„ლითონის სახურავის მონტაჟი მომავალი წლის თებერვლამდე უნდა დასრულდეს, თუმცა გააჩნია როგორი ამინდი იქნება. ამ ეტაპისთვის დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოების 90 პროცენტი, დარჩენილია მხოლოდ მეორე იარუსის ტრიბუნები. ასევე დასრულებულია ბლოკის წყობის [გადატიხვრები, ოთახები, კედლები, ფასადები] სამუშაოების 70 პროცენტი. პარალელურად, მიმდინარეობს ისეთი სამუშაოების დაგეგმვა, როგორიცაა ელექტრომექანიკური სამუშაოები და სადღაც ნოემბრის ბოლოსთვის ამ სამუშაოების დაწყებაც იქნება შესაძლებელი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მირზა ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შპს „სტადიონი“ კურირებს. მშენებლობას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

„ანაგს აქვს ფინანსური გეგმა-გრაფიკი, რაც ამ ეტაპისთვის გადაჭარბებით მიმდინარეობს,“ – აცხადებს მირზა ბოლქვაძე. მისივე ინფორმაციით, მშენებარე ობიექტზე, 2 ოქტომბრიდან, უკვე შესულია მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველი კომპანიაც – შპს „სიემსი“.

„როცა ლითონის სახურავის მონტაჟი დასრულდება, მშენებელი კომპანია შეადგენს რიგით მეექვსე ოქმს, რომლითაც დადასტურდება ნულოვან ნიშნულს ზემოთ მიწისზედა მზიდი კონსტრუქციული სისტემის დასრულების სამუშაოები. მშენებლობის წინა ხუთი ეტაპი დასრულებულია და წარმოდგენილია შესაბამისი ოქმები და ჩაბარებულია. ბოლო მეექვსე ეტაპი კი, შიდა გათვლებით, 2019 წლის 21 იანვრამდე უნდა დასრულდეს,“ – ამბობს მირზა ბოლქვაძე.

რაც შეეხება მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, მირზა ბოლქვაძის თქმით, „ზედამხედველი კომპანია ყოველდღიურად უწევს მეთვალყურეობას მშენებლობას და ადასტურებს თითოეული ფარული სამუშაოს შესრულების აქტს. როცა „ფორმა 2“-ს წარმომიდგენს ზედამხედველი კომპანია და „ანაგი“,  მათ უნდა წარმოგვიდგინონ ფარული სამუშაოს აქტები და სხვა სამუშაოების შესრულების შესაბამისი დოკუმენტაცია – ეს იქნება ლაბორატორიული შემოწმების აქტები თუ მასალების სერტიფიკატები. ამ კუთხით კი, შპს „სიემსს“, როგორც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, „ფორმა 2“ ამ დროისთვის არ დაუდია. ამ ფორმას კონკრეტული სამუშაოს დასრულების დროს მშენებელი ადგენს და ზედამხედველი ადასტურებს ან აძლევს შენიშვნებს.“

„ბათუმელებს“ კომპანია „სიემსში“ უთხრეს, რომ ზედამხედველობის პარალელურად ეცნობიან იმ აქტებს, რომლებიც 2 ოქტომბრამდე შესრულებულ სამუშაოებზე არის შედგენილი: „ვიდრე არ დასრულდება გარკვეული სამუშაოს ეტაპი და არ წარვადგენთ შესაბამის დოკუმენტებს, მანამდე ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ან რაიმე ხარვეზის არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციას ვერ გავცემთ“.

2018 წლის ოქტომბრამდე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ტექნიკურ ზედამხედველობას ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ნაცვლად, თავად შპს „სტადიონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორები ახორციელებდნენ.

ბათუმის საფეხბურთო  სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ანაგთან“ 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე]. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 48 702 526 ლარი.

რაც შეეხება ზედამხედველ კომპანიას, ხელშეკრულება „სიემსთან“ 2018 წლის 27 სექტემბერს 2 388 580 ლარზეა გაფორმებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ზედამხედველი კომპანიისთვის ჯერ არცერთი თეთრი არ არის გადახდილი.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / 23.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბათუმის სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ვერ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის ფინალურ თამაშებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

შემწეობის შეწყვეტის გამო მოქალაქემ სოციალურ სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

სოციალური შემწეობის შეწყვეტის გამო ბათუმში მცხოვრებმა ნანა მგელაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლოში უჩივლა. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.

დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა – ნანა მგელაძემ მოსამართლეს წერილი გამოუგზავნა და აცნობა, რომ თავის ადვოკატს ვეღარ უკავშირდება. „ვერ ვუკავშირდები, არაა ბათუმში და მოვითხოვ საქმის გადადებას“, – ამოიკითხა მოსამართლემ წერილიდან და დასძინა, რომ ეს დასაბუთება არ არის.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტმა, გულო დილავერიძემ მოსარჩელის გარეშე პროცესის გაგრძელება მოითხოვა. „არაერთი საჩივრით მოგვმართა, მას დამოუკიდებელად შეეძლო თავის დაცვა, საჩივრები თავად დაწერა და ადვოკატი ბოლო ეტაპზე აიყვანა“, – უთხრა მან მოსამართლეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტის ინფორმაციით, ნანა მგელაძეს მას შემდეგ შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, როცა მისი ძმა ბოტანიკურ ბაღში დასაქმდა, ხოლო ოჯახმა ამის შესახებ სოცმუშაკებს არ შეატყობინა.

„ბოლო შემოწმებით ამ ოჯახს შემოსავლები გაეზარდა, 90 ათასი ქულა ჰქონდა,“ – ამბობს გულო დილავერიძე.

„შეიძლება თქვენ მოწყენილი გაქვთ კიდეც, მაგრამ მიზანშეწონილად მიგვაჩნია გადადება… მერე საქმე რომ წააგოს, იტყვის, მოსამართლემაც არ მომისმინაო,“ – მიმართა სააგენტოს იურისტს მოსამართლემ და სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორი სათამაშოებით ერთობიან თქვენი შვილები საბავშვო ბაღში – ხარისხი არ კონტროლდება

საბავშვო სათამაშოებს, რომელთა შესყიდვაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარს ხარჯავს, მძიმე მეტალების შემცველობაზე არავინ ამოწმებს. ორგანიზაციაში, რომელიც წინა წლებში იკვლევდა ბავშვების სათამაშოების ხარისხს, აცხადებენ, რომ სათამაშოები, რომლებიც საბავშვო ბაღებში შეაქვთ, მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ ყიდულობენ აჭარაში მოქმედი ბაღების გაერთიანებები სათამაშოებს ბაღებისთვის. ექვსივე მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ მათ სათამაშოების ხარისხზე ინფორმაცია არ აქვთ. 

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, სულ ახლახან, ათი ათას ლარად ახალი საბავშვო ბაღისთვის ტენდერი გამოაცხადა სათამაშოებზე. სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს ტყვიას და სხვა მეტალებს. თუმცა, როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი გვეუბნება, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ბაღების გაერთიანებამდე არ აღწევს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება წლის ბოლომდე კიდევ 150 ათას ლარზე  აპირებს ტენდერის გამოცხადებას. მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ ბოლომდე არც ამ შემთხვევაშია დარწმუნებული, მიაწვდის თუ არა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ევროპული სტანდარტის ანუ უსაფრთხო სათამაშოებს.

ტენდერის გზით უკვე შეძენილი სათამაშოების შესყიდვის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სათამაშოები ჩინეთშია წარმოებული. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე სათამაშოების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთული არ არის.

„სატენდერო პირობებში გვიწერია, რომ სათამაშოები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, თუმცა საბოლოოდ მის ხარისხს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ“, – გვითხრა ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მამუკა შამილიშვილმა. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტი მან საბაჟოზე წარადგინა. „ჩვენამდე კი ეს დოკუმენტი არ აღწევს“, – ამბობს შამილიშვილი.

„შარშან გადავწყვიტეთ საღებავზე ანალიზის გაკეთება, მივმართე სამხარაულის ბიუროს, სადაც გვითხრეს, რომ ნიმუში უნდა გადაგვეგზავნა თბილისში, იქედან კი გერმანიაში ან შვეიცარიაში გაიგზავნებოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მსგავს შემოწმებას ვერცერთი ლაბორატორია ვერ აკეთებს. ეს იყო თვეებში გაწელილი პროცესი და ტენდერის ვადებში ვერანაირად ვერ ჩავჯდებოდით“.

შამილიშვილის თქმით, სათამაშოების შემოწმების ერთადერთი გზა, გარეგნული დათვალიერებაა. „ძირითადად ვამოწმებთ წონის მიხედვით. უხარისხო სათამაშოები არის უფრო მსუბუქი, სუნიც მძაფრი აქვს. კომისია წარმოდგენილ ნიმუშებზე მსჯელობს და რაზეც ვთანხმდებით, შემდეგ ის შემოგვაქვს. სხვანაირად სტანდარტს ვერ ვიჭერთ.“

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის აზრით, ხარისხიანი პროდუქციის შემოტანაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, შესაბამისად, საბაჟოზე უნდა შემოწმდეს პროდუქცია ყველა სტანდარტის შესაბამისად, „ასე უფრო დაცულები ვიქნებით“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნათელა გოგიტიძე ამბობს, რომ სათამაშოების ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჯერ სტანდარტი ოფიციალურად დადებული არ აქვს. „ჩვენ კი ცარიელი ხელებით ვერაფერს შევეჭიდებით“, – გვეუბნება ის. მისი ინფორმაციით, სათამაშოების ყველაზე დიდი რაოდენობა ჩინეთიდან შემოდის და ძალიან რთულია მისი ხარისხი ბოლომდე აკონტროლო.

„მე, პირადად, როცა სატენდერო მოთხოვნები გავართულე, არავინ წამოვიდა ამ მოთხოვნებზე და სამჯერ ჩამივარდა ტენდერი. როცა ტენდერის გარეშე ვყიდულობდი, მაგალითად, 5 ათას ლარად ვიყიდე ხის სათამაშოები, რომლებიც უფრო მეტად ეკოლოგიურია, მაგრამ როცა ტენდერით ხდება შესყიდვა, იქ ხარისხს ვერ ვაკონტროლებთ“.

ნათელა გოგიტიძე ამბობს, რომ ახლახან 13 ათას ლარზე გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც ათი საბავშვო ბაღის მომარაგებას აპირებს სათამაშოებით. „შემომტანს მოვთხოვე ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ის მეუბნება, რომ დოკუმენტი საბაჟოზე წარადგინა, თუმცა ჩვენამდე ეს დოკუმენტი არ აღწევს. ვფიქრობ, ხარისხთან დაკავშირებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის სახელმწიფომაც“.

ქედის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ამბობს, რომ სათამაშოების შესყიდვის დროს აქცენტს ხის სათამაშოებზე აკეთებს. ძირითადად კი, ქართული წარმოების პროდუქციას ყიდულობს.

„გვაქვს პლასტმასის სათამაშოებიც, მაგრამ ვცდილობთ ცოტა ვიყიდოთ და ხარისხიანი. უფრო მეტად ხის ფაზლებს ვყიდულობთ“, – გვეუბნება ის და დასძენს, რომ 2019 წლისთვის 5 ათასი ლარის ფარგლებში კიდევ აპირებს სათამაშოების შეძენას: „ამჯერადაც ხის სათამაშოები უნდა შევიძინოთ“.

ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ბადრი ირემაძის თქმით, ტენდერით შესყიდულ სათამაშოებს აწერია, რომ დასაშვებია ბავშვებისთვის.

„მძიმე მეტალებს შეიცავს თუ არა არ ვიცით, მაგრამ ეტიკეტზე ხარისხის ნიშანი მითითებული აქვს“.

მისი თქმით, სათამაშოები, ძირითადად, უკრაინაშია წარმოებული. „გაერთიანებაში ჩვენ არ გვაქვს ხარისხის დოკუმენტი, რადგან სათამაშოები ბაღებში ნაწილდება და ალბათ იქ უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტი. ვფიქრობთ, სათამაშოები სახიფათო არ უნდა იყოს“.

რა ხარისხის სათამაშოები შემოაქვთ მომწოდებლებს, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არც ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში ფლობენ. გაერთიანების ხელმძღვანელი ლია ხალვაში ამბობს, რომ სათამაშოები თანხის უქონლობის გამო სამი წელია არ შეუსყიდიათ: „წინა წლებში კი, რაც შევიძინეთ, იმის  ხარისხი არავის შეუმოწმებია. არც სახელმწიფოსგან მიგვიღია მითითება, რომ მოხმარებიდან ამოვიღოთ“.

ლია ხალვაში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2019 წლის ბიუჯეტში სათამაშოების შესაძენად თანხას გამოუყოფენ, შეეცდება, ეს სათამაშოები ხარისხის დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტის – „მომხმარებელი.გე“-ს ცნობით, თბილისის სათამაშოების მაღაზიებში ათი სახის სათამაშოზე 2016 წელს ჩაატარეს ლაბორატორიული შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ სათამაშოებში დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა მავნე ნივთიერება  დი-2-ეთილჰექსილფტალატი, რომელიც საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. „მომხმარებელი.გე“-ს კოორდინატორის, ვახტანგ კობალაძის თქმით, საბავშვო ბაღებშიც იმავე ხარისხის სათამაშოები შედის, რაც გაყიდვების ქსელშია.

„ქვეყანაში არ არსებობს კანონი, საბაჟო არ არის ვალდებული, რომ სათამაშოების უსაფრთხოება შეამოწმოს, არანაირი ნორმები არ არსებობს უსაფრთხოების… ნორმატიული აქტი განხილვაშიც კი არ არის, პირველადი ვარიანტიც კი არ არის გასაჯაროებული. როგორც გეგმით აქვთ გათვალისწინებული, 2019 წელს უნდა მიიღონ ნორმატიული აქტი, მაგრამ ეს როდის ამოქმედდება, ცალკე თემაა“.

ვახტანგ კობალაძის თქმით, გარანტია არ არსებობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქციაზე დატანებულია ევროპული ხარისხის ნიშანდება – CE.

„ჩვენ რაც შევამოწმეთ, ყველა სათამაშოს ჰქონდა ეს ევროპული ნიშანდება, რომელიც სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა სახის პროდუქციაზე, მაგრამ შედეგები მაინც ნეგატიური იყო“.

ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებობს ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია საღებავებისა და სათამაშოების ხარისხის შემოწმება, თუმცა ლაბორატორია, ჯერჯერობით, აკრედიტებული არ არის.

„ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია, როგორ კონტროლდება ქვეყნის სხვა რეგიონებისა თუ დედაქალაქის საბავშვო ბაღებში შეტანილი სათამაშოების ხარისხი.

მნიშვნელოვანია, რომ ტყვიას შეიძლება შეიცავდეს არა მარტო სათამაშოები, ჭურჭელიც, განსაკუთრებით კი, ფაიფური. მძიმე მეტალებით, მათ შორის ტყვიით დაბინძურებული სათამაშოები სავალალო შედეგებს იწვევს ბავშვებში.

დასხივების მაღალი დონის შედეგად, ტყვია ზიანს აყენებს ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც კომის, კონვულსიებისა და სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ბავშვებს, რომლებიც ინტოკსიკაციის შემდეგ გადარჩნენ, აზროვნების დაქვეითება და ქცევითი დისფუნქციები აღენიშნებათ.

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობაზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) დაიწყო საქართველოში მცხოვრებ ათ წლამდე ბავშვებში სისხლის კვლევა, რომლის შედეგებიც 2019 წლისთვის გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/295469/

სალომე ზურაბიშვილი – საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად

საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი და შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს.

„გამოვყოფდი შშმ ქალებსა და იმ შშმ ბავშვების დედებს, რომლებიც, პრაქტიკულად, სახლში ჩაკეტილები არიან, გარეთ ვერ გადიან. მრავლადაა სოციალური, ეკონომიკური პრობლემები. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში სხვადასხვა მიმართულება უნდა დავსახოთ ამ პრობლემისადმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არა მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება, მასთან ერთად არსებული მოქმედი სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისინი ამა თუ იმ პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.

მთავარია, ერთი მთლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება და არა ამ პრობლემებზე ნაწილ-ნაწილ პასუხები. გარკვეული ნაბიჯები სწორად არის გადადგმული, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა დაწყებულია, აუტისტებისთვის, შშმ პირებისთვის არსებობს გამაჯანსაღებელი რეაბილიტაცია თბილისის ზღვაზე, მაგრამ საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია და უნდა გავარკვიოთ, საით მიდის ქვეყანა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. როგორც პრეზიდენტი, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჩავუდგე სათავეში, რომ ის სხვანაირად ამოქმედდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმში ატრაქციონებს და ატრაქციონთან მისასვლელ გზას ითხოვენ

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უკვე რამდენიმე თვეა ბათუმის მერიის მიერ განთავსებულ ატრაქციონს კერძო კომპანიამ რკინის ღობე შემოავლო და ბავშვებს ამ ატრაქციონებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ამის შესახებ მოქალაქემ საკრებულოს ღია კარის სხდომაზე ისაუბრა და საკრებულოს ამ საკითხის მოსაგვარებლად მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა:

„ან იქ შეუშვან ბავშვები, ან ახალი ატრაქციონები დაგვიდგან.“

კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორია კერძო კომპანიამ შემოღობა. 2018 წლის იანვარში ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ ტერიტორია კომპანიამ უნებართვოდ შემოღობა და მერიამ უკვე გააფრთხილა კომპანია ღობის მოშლასთან დაკავშირებით:

„მერია მიიჩნევს, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და შესაბამისად, იქ განთავსებული ატრაქციონების გადატანა არ იგეგმება, დარჩება ადგილზე და როგორც სარგებლობდა ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა და ბავშვები ამ ატრაქციონებით, ისევ ისე ისარგებლებენ,“ – ამბობდნენ მერიაში. თუმცა ასე არ მოხდა. ტერიტორია დღემდე შემოღობილია და იქ განთავსებული ატრაქციონებით ბავშვები ვერ სარგებლობენ.

შემოღობილი ატრაქციონი გოგებაშვილის ქუჩაზე

ბათუმის მერიაში ადასტურებდნენ იმასაც, რომ ტერიტორია კერძო კომპანიის საკუთრებაა. რატომ განათავსეს მაშინ თავის დროზე ატრაქციონები კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე? – ამ კითხვაზე პასუხი მერიას არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის სულხან ევგენიძის თქმით, ეს ატრაქციონი მწყობრიდანაა გამოსული და ბავშვებისთვის „ისედაც უსარგებლოა“. კომპანიის მეპატრონე კი მზადაა ბავშვებს ახალი ატრაქციონი დაუდგას სხვა ადგილზე:

„ბაქოს 74-ში არის სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზეა, მიმდებარე ტერიტორია კი გაუფორმებელია. ამ ადგილზე ვაპირებთ არამხოლოდ ატრაქციონის, სკვერის გაკეთებასაც, რასაც ასვე ითხოვს მოსახლეობა. ასევე გვინდა ეს სკვერი შემოვღობოთ, რომ ბავშვებისთვის უსაფრთხო იყოს.“

ატრაქციონების ნაკლებობაზე სხვა უბნებშიც ჩივიან. ბათუმის საკრებულოს ღია კარის სხდომაზე დამსწრე მოქალაქეების უმრავლესობამ სხვა პრობლემებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ საკითხად დღის წესრიგში ატრაქციონების დამატებისა და ძველის ახლით შეცვლის საკითხი დააყენა. რამდენიმე უბნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, რომ ბავშვები ატრაქციონებზე სათამაშოდ სხვა ეზოებში მიდიან, რა დროსაც ხშირად მარტო გადაადგილდებიან, რაც მათთვის უსაფრთხო არ არის. რამდენიმე უბნის წარმომადგენლებმა კი  მერიას მიმართეს და დაზიანებული ატრაქციონების გამოცვლა სთხოვეს.

სულხან ევგენიძის თქმით, მერია მომავალ წელს რამდენიმე ათეული ახალი ატრაქციონის განთავსებას, ხოლო რამდენიმეს გამოცვლას გეგმავს, თუმცა ციფრები ჯერ დაზუსტებული არ არის. ახალი ატრაქციონებისთვის თანხას მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

ამ თემაზე:

მერიამ შპს საკუთრების შემოღობვისთვის დააჯარიმა – კომპანიის საჩივარი

ქობულეთის შემოვლითი გზის 13 კმ მონაკვეთის განათებაზე 3 373 235 ლარი დაიხარჯება – უსაფრთხოება

ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილი-გვარას მონაკვეთის განათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი დაიხარჯება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვა შეარჩია კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს. რაც შეეხება ამავე გზის გვარადან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება; შიდა სატენდერო პროცედურები დაწყებულია და კომპანია, რომელიც გზის განათებაზე იმუშავებს, მალე შეირჩევა. ამ მონაკვეთის განათებისთვის საჭირო თანხა დაზუსტებული ჯერ არ არის.

შერჩეულ კომპანიებს, შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მიეცემათ ერთთვიანი მოსამზადებელი ვადა, რომლის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები უშუალოდ გზის განათებაზე.

ქობულეთის შემოვლითი გზა დაახლოებით 32 კმ-ია, რომლის პირველი [13 კმ-დე] მონაკვეთი 2014 წელს გაიხსნა, მეორე კი – 2018 წლის ივნისში. არც ერთ მონაკვეთზე განათების სისტემა დღემდე არ არის დამონტაჟებული.

„ახალი მაგისტრალები მთელს სიგრძეზე, ნატახტარიდან რომ დავიწყოთ, თავის დროზე ისე დაპროექტდა, რომ განათება არც ერთ მონაკვეთზე არ იყო გათვალისწინებული და ცალკე, დამატებით კეთდება“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის მთლიან მონაკვეთზე მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედებულია „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები.

გზის უსაფრთხოების კუთხით განათებასთან და კამერებთან ერთად აუცილებელია ზოლებს შორის გამყოფი ბარიერი, რაც ამ გზაზე არ არსებობს. გზა ორზოლიანია, დაშვებული სიჩქარე კი – 90 კმ/სთ.

„ქობულეთის შემოვლითი გზა როცა პროექტდებოდა, ტექნიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა მოხდა და აზიის განვითარების ბანკში, რომელიც აფინანსებდა ამ მშენებლობას, იქ დამტკიცდა. 2010 წელში, როცა შედგა ეს პროექტი, იმ პერიოდისთვის ინტენსიურობას აკმაყოფილებდა ეს ორზოლიანი გზა და გათვლილი იყო 30 წელზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ისევ უნდა შემდგარიყო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და თუ საჭიროება მოითხოვდა, დაპროექტდებოდა დამატებით კიდევ ორზოლიანი გზა. დაპროექტებიდან თითქმის 10 წელი გავიდა და ვიდრე ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება, შეიძლება კიდევ გაიზომოს და დადგეს საჭიროება დამატებითი ზოლის აშენების. არსებული გზის პროექტი ისეა შედგენილი, რომ გათვალისწინებულია დამატებით კიდევ ორზოლიანი გზის აშენების შესაძლებლობა“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამ ეტაპზე, დეპარტამენტის ინფორმაციით, არც დასაბუთება არის და არც ფინანსები, რათა ქობულეთის შემოვლითი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდეს.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდება ქუთაისის შემოვლითი ორზოლიანი გზა. მიზეზად ამ მონაკვეთზე ხშირი ავარიები დასახელდა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის გამო, ახალი გზა ცალმხრივი გახადეს. ამჯერად კი, მის პარალელურად, კიდევ ერთი ორზოლიანი გზა აშენდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება ქობულეთის შემოვლით გზაზეც, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. ამ გზაზე ავარიებს რამდენიმე ადამიანიც ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისთვის და სხვა კანდიდატებისთვის

„კოორდინატორი არ გვყავს,“ – ეს პასუხი რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბიდან მივიღეთ. შტაბებში ამბობენ, რომ მცირე ფინანსური რესურსის პირობებში არ ჰყავთ კოორდინატორები, რომლებიც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ამომრჩეველთან კარდაკარ იმუშავებენ და ამაში ხელფასს მიიღებენ.

ბოლო წლებში პოლიტიკურ ექსპერტებს ხშირად აღნიშნავენ კოორდინატორების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. იყო შეფასებებიც, რომ არჩევნები კოორდინატორებმა და მათმა აქტიურობამ მოიგო. გვინახავს ფოტო და ვიდეომასალაც წინა არჩევნებზე, მაგალითად, როგორ აკონტროლებდნენ ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლას კოორდინატორები სპეციალური სიების მიხედვით. კოორდინატორები ხშირად ამომრჩეველს, ვისაც წინასწარ ესაუბრნენ, კენჭისყრის დღეს სახლში აკითხავდნენ და უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ საარჩევნო უბნამდე და უკან.

წელს არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას კოორდინატორების მსგავსი აქტიურობა არ დაუფიქსირებია. „ბათუმელებმა“ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბში იკითხა, რამდენი კოორდინატორი ჰყავთ და რა ფინანსური რესურსი იხარჯება ამ მომსახურებისთვის.

გრიგოლ ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის და დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ ფასიანი კოორდინატორი არ ჰყავთ და არჩევნების მოსაგებად მათ პარტიული ორგანიზაციის წევრები ეხმარებიან.

„კოორდინატორი გვყავს, მაგრამ ხელფასს არ ვუხდით,“ – გვითხრა შალვა ნათელაშვილის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ზურაბ ლომიამ. მისი განმარტებით, კოორდინატორებად წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები მუშაობენ და ასეთია ქვეყნის მასშტაბით სულ 72.

„კოორდინატორები არიან ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც ადგილზე საკრებულოს წევრებიც არიან,“ – გვითხრა დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკნაველიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატს თითოეულ საარჩევნო უბანზე თითო მოხალისე ჰყავს, რომელსაც პარტია წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალით და საწვავით ამარაგებს.

რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისთვის? – ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შტაბი არ ამხელს. „მიმდინარეობს რეგისტრაცია და ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით,“ – მოგვწერეს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შტაბის პრესცენტრიდან.

სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“, თუმცა პარტიის პრესცენტრში ჩვენი მიმართვიდან მეორე დღეს გვიპასუხეს, რომ პარტიას კოორდინატორები არ დაუქირავებია სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა. დანარჩენი რა იხარჯება და როგორ, გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი აუდიტის ანგარიშებში,“ – გვითხრეს „ქართულ ოცნებაში“.

აუდიტის სამსახურს სალომე ზურაბიშვილმა ბოლო ანგარიში 19 ოქტომბერს ჩააბარა. ანგარიშში აღწერილია 3-დან 16 ოქტომბრამდე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ გაწეული ხარჯები. ამ დოკუმენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კოორდინატორების შრომის ანაზღაურების ხარჯი არ ჩანს.

________________

მთავარი ფოტო: კოორდინატორი საარჩევნო უბანთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

 

 

სექტემბერში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 26 პროცენტით გაიზარდა

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 26 პროცენტითაა გაზრდილი.

სექტემბერში საქართველოში სულ 814 871 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა, მათგან 428 633 ადამიანი საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს ხანს დარჩა, 197 885 კი ტრანზიტით იმყოფებოდა.

სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან საქართველოში ყველაზე მეტი, 198 453 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

ვიზიტორთა რაოდენობით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – ამ ქვეყნიდან სექტემბერში 166 707 ვიზიტორი შემოვიდა.

მესამე ადგილზეა სომხეთი – 147 919 ვიზიტორი.

სექტემბერში შემოსული ვიზიტორების სტატისტიკის თანახმად მეოთხე ადგილზეა თურქეთი – 103 731 ვიზიტორი. გასული წლის სექტემბერთან შედარებით ამ ქვეყნიდან ვიზიტორების 13-პროცენტიანი კლება აღინიშნება.

მეხუთე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები – 58 338, მეექვსე ადგილზეა ირანი – 31 321 ვიზიტორი [გასული წლის სექტემბერთან შედარებით აღინიშნება 40-პროცენტიანი კლება], მეშვიდე ადგილზე კი უკრაინაა – 23 159 ვიზიტორი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერთან შედარებით წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა 38 პროცენტითაა გაზრდილი.

რაც შეეხება სექტემბერში აჭარაში სამივე ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის მონაცემებს, 2018 წლის ზაფხულში, სამი თვის მონაცემების თანახმად, აჭარაში სულ 759 415 ვიზიტორი შემოვიდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის 9 თვის მონაცემების თანახმად აჭარაში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

[checklist]

  • თურქეთი – 680 672 ვიზიტორი
  • აზერბაიჯანი – 171 646 ვიზიტორი
  • რუსეთი – 103 980 ვიზიტორი
  • ისრაელი – 57 170 ვიზიტორი
  • უკრაინა – 39 904 ვიზიტორი [/checklist]

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ტურისტების პროცენტული მატება აღინიშნება სამიზნე ევროპული ქვეყნებიდან. ყველაზე მეტი, 102-პროცენტიანი მატებაა ესტონეთიდან. წელს ამ ქვეყნიდან აჭარაში 1204 ვიზიტორი შემოვიდა, გასულ წელთან შედარებით 91-პროცენტიანი მატებაა გერმანიიდან – 5871 ვიზიტორი და 54-პროცენტიანი – ისრაელიდან – 57 170 ვიზიტი.

_____________

მთავარ ფოტოზე: ტურისტები ბათუმში. ლელა დუმბაძის ფოტო 

 

ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია თურქეთიდან და ისრაელიდან ხდება

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის სექტემბერში სხვადასხვა უცხო ქვეყნიდან საქართველოს 280 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, სულ 126 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა თურქეთიდან, ისრაელიდან დეპორტირებული იქნა საქართველოს 40 მოქალაქე, გერმანიიდან კი – 31.

ასევე, სექტემბერში, საქართველოს 12 მოქალაქე იქნა დეპორტირებული საფრანგეთიდან, 11 – რუსეთიდან და ცხრა – შვედეთიდან.

როგორც გასული, აგვისტოს თვის მონაცემებით ირკვევა, საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია ყველაზე ხშირად თურქეთიდან და ისრაელიდან ხდება, თუმცა აგვისტოში მესამე ადგილზე იყო ავსტრია, საიდანაც საქართველოს 40 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. სექტემბერში კი ავსტრიიდან საქართველოს მხოლოდ სამი მოქალაქის დეპორტაციას ჰქონდა ადგილი.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოს არც ერთი მოქალაქის დეპორტაციას არ ჰქონია ადგილი აშშ-ში, აგვისტოში კი ამ ქვეყნიდან საქართველოს მხოლოდ 1 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

ბინის ქურდობაზე გირაოთი გათავისუფლებულმა სხვა ბინა გაქურდა

„არ მსურს დავესწრო სასამართლო პროცესს,“ – ეს წერილი ქურდობაში ბრალდებულმა მერაბ ს.-მ მოსამართლეს ციხიდან გამოუგზავნა. წერილის შინაარსი სხდომის დაწყებისთანავე თავად მოსამართლემ წაიკითხა.

ბათუმში რამდენიმე ბინის გაქურდვაში ბრალდებულს არც ადვოკატი ჰყავს. გამოძიების ვერსიით, მერაბ ს. სხვადასხვა „მორგებულ გასაღებს“ ამზადებდა და ბინებს ქურდავდა.

ქურდობის ბოლო შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, მერაბ ს.-მ ტურისტების მიერ რუსთაველის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში „მორგებული გასაღებით“ შეაღწია. ბინიდან ბრალდებულმა ძვირფასეულობა და ფული წაიღო, დაახლოებით 7 ათასი ლარი. მერაბ ს.-ს პოლიციელები ბინაშივე დაადგნენ თავს, როცა ის ძვირფასეულობას პარკში ალაგებდა.  11 სექტემბერს მერაბ ს.-ს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რუსთაველის ქუჩაზე ბინის გაქურვის დროს მერაბ ს. სასამართლოს მანამდე ორი თვით ადრე ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გირაოთი ჰყავდა გათავისუფლებული. 2018 წლის ივლისში იგივე მერაბ ს. სხვა ბინაში შეღწევას კიდევ ერთ პირთან ერთად ცდილობდა. პოლიციელებმა ჯგუფი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე დააკავა, ვიდრე მერაბ ს. ბინის გაქურდვას დაიწყებდა.

ამჟამად მერაბ ს.-ს წინააღმდეგ ორი საქმე ერთდროულად მიმდინარეობს. ივლისში ჩადენილ ქურდობას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს, სექტემბერში მომხდარს – თამარ ბეჟანიშვილი, თუმცა არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს სავალდებულო წესით ადვოკატი დაუნიშნა.

რადგან ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ მოვიდა და არც ადვოკატი ჰყავს, მოსმართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შეცვლის საკითხი განიხილა. პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.

„პირიქით, ახლადაღმოჩენილი გარემოებაა ის, რომ ის წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულებისთვის. ის იდენტური ხასიათის დანაშაულს ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენ ბრალი დავამძიმეთ,“ – აღნიშნა პროკურორმა.

მერაბ ს.-ს ახლა უკვე ედავებიან ქურდობას მე-4 მუხლის გ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ქურდობის ჩადენას იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მერაბ ს.-ს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ელის.

მერაბ ს. ბოლოს ქურდობისთვის 2006 წელს გაასამართლეს, თუმცა მან 2016 წელს ამნისტიით მოახერხა ციხიდან გამოსვლა. პროკურატურის ვერსიით, მერაბ ს.-მ პატიმრობის შემდეგ რამდენიმე ბინა გაქურდა ბათუმში „მორგებული გასაღებით“, თუმცა ბოლო შემთხვევაში გამოძიება ბრალდებულს მხოლოდ ერთი ბინის გაქურდვას ედავება.

 

გრიგოლ ვაშაძის ოთხი შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის  კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 23 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვა დაუსვა საჯაროდ.

ვაშაძის თქმით “რამდენიმე კვირაა რაც ქვეყანა შეძრა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა” და მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბრობს საზოგადოება და ოპოზიცია,  “არც ერთი სიტყვა არ გაგვიგია პრეზიდენტობის სამთავრობო  კანდიდატისაგან”.

“მისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მარიხუანას პლანტაციად გადაქცევას და ასევე, ეთანხმება პუტინს და მედვედევს იმაში, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო,” – აცხადებს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებზე:

[checklist]

  • პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრობისას, რატომ არ მისცა მან ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას?
  • რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანონო, შეიარაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება-წამება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, უკანონო გარიგება დათუნა სარალიძის საქმეზე და მის მკვლელებზე ხელის დაფარება?
  • რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს კომპანია „ომეგას“ დარეკეტებაზე და ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვაზე, რისი სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორები ივანიშვილი და ფარცხალაძე იყვნენ?
  • რატომ არ გამოეხმაურა რა პოზიცია აქვს ივანიშვილის კანდიდატს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მედიაში ნაჩვენებ ე.წ. ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სასახლეებზე, რომლებიც მათ შეიძინეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეკლარირებულ შემოსავლებს და სავარაუდოდ შეძენილია კორუფციის გზით?

[/checklist]

“ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის  კანდიდატს სალომე ზურაბიშვილი ჯერ არ გამოხმაურებია.

როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებამ გაზარდა მისი მოხმარების შემთხვევები არასრულწლოვნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორია ამ მხრივ ვითარება სკოლებში და რა პრევენციულ ზომებს ატარებს სკოლების ადმინისტრაცია იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა არ მოიხმარონ მარიხუანა. იციან თუ არა მოზარდებმა, რა შეიცვალა რეალურად კანონში მას შემდეგ, რაც მარიხუანას მოწევა აღარ არის დასჯადი.

მაგალითად, ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ მოზარდის მხრიდან მარიხუანას შენახვის ფაქტი  დააფიქსირეს სკოლაში. „მოსწავლეს ხელში ეჭირა მარიხუანას გარკვეული ოდენობა. ვფიქრობ, მისი არ იყო მოსაწევი, რადგან სპორტსმენია და სიგარეტსაც არ ეწევა. სავარაუდოდ, სხვისი ჰქონდა და არ გაამხილა, თუმცა ჩვენ პოლიციას მაინც მივმართეთ“, – ამბობს დირექტორი ირინე ვადაჭკორია.

მისი აზრით, პოლიციის ჩარევა იმიტომ იყო საჭირო, რომ მოზარდებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ.

„მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით კლასსაათებსაც ვატარებთ და ვცდილობთ ვაჩვენოთ ფილმები, გამოვიყენოთ სხვადასხვა რესურსი, რომ მოსწავლეებმა გაიგონ რა უარყოფითი მხარეები აქვს მარიხუანას მოხმარებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირინე ვადაჭკორიამ.

მე-16 სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია გვეუბნება, რომ ერთი თვის წინ მისი სკოლის ყოფილი მოსწავლე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაც მიიღო, ძალიან ცუდად გამხდარა, რის გამოც გვერდით მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია იყო ჩარეული, მაგრამ პოლიცია ჩვენ არაფერს გვეუბნება“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სხვა სკოლაში გადავიდა, „შესაბამისად, რა მოხდა რეალურად, ჩვენთვის უცნობი დარჩა.“

თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ კანონში შესული ცვლილების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია სკოლებს არ აქვთ.

„მარიხუანასთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებებზე ზუსტი განმარტებები მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს არ აქვთ, შესაბამისად, ვერ აძლევენ მოსწავლეებს სრულყოფილ და სრულფასოვან განმარტებებს. ამიტომ, იურისტებისა და სპეციალისტების დახმარება აშკარად აუცილებელია.

ვინც დაინტერესებულია, ის ცდილობს მედიიდან მიიღოს ინფორმაცია და აუხსნას მოსწავლეებს რა ცვლილება განხორციელდა რეალურად კანონში – რომ შენახვა და მოხმარება საჯარო სივრცეში ისევ არის დასჯადი, მაგრამ როცა ეუბნები არ სჯერათ, იღიმიან“.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსაწევის გამო მოზარდების გადაყვანის მინიმუმ სამი შემთხვევა დაფიქსირდა წელს. ერთ-ერთი გამოძახება ბათუმის მე-4 საჯარო სკოლიდან ჰქონდათ. „ერთიც, ექსკურსიაზე იყვნენ გასული მოსწავლეები და იქედან გადავიყვანეთ“.

მეოთხე სკოლის დირექტორი მარიხუანას მოხმარების ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ „მოსწავლეს სხვა პრობლემა ჰქონდა“.

„ბათუმელები“ ბათუმის პირველ, მეორე და მე-13 საჯარო სკოლის დირექტორებსაც ესაუბრა. მათი თქმით, მოსწავლის მხრიდან მარიხუანას შენახვის ან მოხმარების ფაქტი არ გამოუვლენიათ, თუმცა მოზარდების ინფორმირების საჭიროებას ხედავენ.

„ზოგადად, ვამოწმებთ ხოლმე. აღმოგვიჩენია თამბაქოც და ისეთი ნივთიც, რომელიც სკოლისთვის შეუფერებელია, მაგრამ კონკრეტულად მარიხუანას აღმოჩენისთვის ჩხრეკა არ ჩაგვიტარებია“, – გვეუბნება პირველი სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე.

დირექტორი გვეუბნება, რომ აპირებს არაფორმალური შეხვედრის მოწყობას სპეციალისტებთან, რომლებიც ამ თემაზე გაესაუბრებიან მოზარდებს. „დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებსაც აქვთ ბევრი კითხვა და ვერ ბედავენ, რომ დასვან“.

მეორე სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარების ფაქტზე ინფორმაციას მის ყურამდე არ მიუღწევია, „თუმცა საშიშროება არსებობს. უფროსკლასელები, ძირითადად, სკოლის გარეთ ეწევიან ხოლმე“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, იმისთვის, რომ მოზარდებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია, მარიხუანას თუ სხვა მოსაწევის უარყოფით მხარეებზე და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე, მათთან ხშირი საუბარი აუცილებელია.

მე-13 სკოლის დირექტორის, დავით ჩხაიძის თქმით, სკოლაში ჩხრეკაზე ორი პირია პასუხისმგებელი. ისინი მხოლოდ საეჭვო გარემოებების შემდეგ ამოწმებენ მოსწავლეებს. „თუმცა, მოწევის ფაქტი არ გამოვლენილა“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს აღარ ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუმცა არსებობს კონკრეტული შეზღუდვები, მაგალითად, სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება დასჯადია, თუ მას მოიხმარენ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ვის ირჩევ პრეზიდენტად – ტესტი პროგრამების მიხედვით

ერთ კვირაში საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. „ბათუმელები“ გთავაზობთ ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოკლედ გაეცნოთ პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატის მოსაზრებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და არჩევანი გააკეთოთ მხოლოდ მათი პოზიციის მიხედვით. მაშ ასე, გაეცანით კანდიდატების ხედვას, მიეცით ხმა თქვენთვის უფრო მისაღებ მოსაზრებას და შეამოწმეთ, ემთხვევა თუ არა ტესტის პასუხი არჩევანს, რომელსაც 28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების დღეს გააკეთებთ.

_______________________

ტესტი მომზადებულია netgazeti.ge-ს მიერ მომზადებულ ახალ ამბებსა და  EECMD-ის [აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის] პროექტზე დაყრდნობით.

რატომ არის ოქტომბერი ვარდისფერი და ვის ელიან სკრინინგზე ექიმები

სარძევე ჯირკვლის კიბო გავრცელებული დაავადებაა. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი“ საქართველო რამდენიმე წელია, რაც ჩაერთო. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. კამპანიაში ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ონკოლოგები, მამოლოგები, ონკოლოგიური კლინიკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთვებიან.

კლინიკა „ნიუ პლაზმა“ მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებების სახით მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია.

ძუძუს კიბოს პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ყველა ქალმა ჩაიტაროს სკრინინგი.

სკრინინგის შესახებ კითხვებს კლინიკა „ნიუ პლაზმას“ დირექტორი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე პასუხობს:

რა არის სკრინინგი?

სკრინინგი არის პროფილაქტიკური ღონისძიება, რაც გულისხმობს ძუძუს კიბოს აღმოჩენას მილიმეტრულ დონეზე. მაშინ, როცა ის არავის არ აწუხებს და შეუძლებელია ეჭვის შეტანა რაიმე სახის სიმპტომებით.

„სკრინინგი“ სიტყვასიტყვით „გაცხრილვას“ ნიშნავს. სკრინინგული გამოკვლევები ადამიანებს ამა თუ იმ დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციაში ეხმარება.

სკრინინგი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ დიაგნოსტიკისგან, როცა ადამიანი მოდის ჩივილით. როგორც სახარებაშია ნათქვამი, „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ“ – ამ გადასახედიდან, ჯანმრთელებს სწორედ რომ სკრინინგი სჭირდებათ.

რა სახის გამოკვლევები არსებობს?

არსებობს მამოგრაფია, ექოსკოპია და მამოლოგის კონსულტაცია. მამოგრაფია უტარდება ყველა პეციენტს, ექოსკოპია – მეოთხედს, ხოლო მამოლოგი სინჯავს პაციენტს და აძლევს მიმართულებას, თუ რა სახის კონსულტაცია უნდა ჩაიტაროს მან.

ადრეული დიაგნოსტიკისთვის დღეისათვის კიბოს სკრინინგის ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ პროგრამებად მიჩნეულია:

[checklist]

  • პაპ-ტესტი – საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის
  • მამოგრაფია ძუძუს კიბოსთვის
  • კოლონოსკოპია – ნაწლავის კიბოსთვის
  • დერმატოსკოპია მელანომის და კანის კიბოსთვის

[/checklist]

რატომ არ იტარებენ ადამიანები სკრინინგს? კიბოს მიმართ შიშით ხომ არ არის ეს განპირობებული?

დიახ, ხშირად ადამიანებს ეშინიათ მამოგრაფიის პროცედურის. რეალურად კი მამოგრაფია ხანმოკლე, მარტივი, უმტკივნეულო პროცედურაა. ის შიშველ მკერდზე ტარდება სპეციალური აპარატით, რამდენიმე წამს გრძელდება და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ზოგს დიაგნოზის გაგების შიში აქვს, ზოგს -საზოგადოებაში არსებული სტიგმის. არც ერთი მათგანი საშიში არ არის. საშიში სკრინინგის შიში უფროა, ვიდრე დიაგნოზის გაგება. სკრინინგის გარეშე პაციენტი კარგავს შანსს, ადრეულ სტადიაზე ჩაიტაროს მკურნალობა და გამოჯანმრთელდეს. მნიშვნელოვანია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ  სკრინინგი მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროცედურაა.

სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით  სიტუაციას, როდესაც ადამიანი ყოველმხრივ  ინფორმირებულია სკრინინგის შესახებ და მაინც არ მიდის მამოლოგთან კონსულტაციაზე.

მე მიმაჩნია, რომ კვლევაზე მისვლის გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის გრძნობიდან უნდა გამომდინარეობდეს. პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, სიცოცხლის და  ახლობლების მიმართ.  ძუძუს კიბო არ არის ერთი ადამიანის დაავადება. როცა შეგიძლია ერთი კვლევით დაიცვა  ირგვლივ მყოფნი, რატომ არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი?

გასათვალისწინებელია ფინანსური ნაწილიც, რადგან ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება გაცილებით მცირე  ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ბოლო სტადიის მკურნალობა.  ამიტომ ინფორმაციის სწორად მიწოდებაა აუცილებელი ადამიანებისთვის. უფრო მეტი საუბარია საჭირო  კიბოს შესახებ, შიში უნდა დავძლიოთ და წლის განმავლობაში ერთი ვიზიტი განვახორციელოთ მამოლოგთან, ისევ საკუთარი თავისთვის, ახლობლებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის.

რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი სკრინინგში ჩართვა?

ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოს სკრინინგი   40-50 წლიდან იწყება, რადგან კვლევებით დადგენილია, რომ რისკი ამ  ასაკიდან მატულობს. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი  25 წლიდან იწყება.

ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, მხოლოდ გამოკვლევის დღეს არ უნდა გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები: კრემი, პუდრი და დეოდორანტი.  ძუძუს გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს.

სკრინინგი საშუალებას იძლევა, დროულად იქნეს აღმოჩენილი უკვე არსებული ავთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ სამომავლოდ კიბოსგან დაცვას არ უზრუნველყოფს. ძუძუს კიბო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნე, შესაძლოა გაჩნდეს გეგმურ მამოგრაფიულ გასინჯვებს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია მუდმივი კონტროლი.

ქობულეთის მერიის უარი მოხუცებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ

თავშესაფრის მოწყობაზე ქობულეთის მერიამ მოხუცებს უარი უთხრა. ამ საკითხზე მომზადებული პეტიცია საკრებულომ განუხილველი დატოვა და პირდაპირ მერიის მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო, სადაც წერია, რომ „თავშესაფრის მოწყობის საჭიროება ქობულეთში არ არსებობს“.

აჭარაში სადღეღამისო თავშესაფარი მოხუცებისთვის მხოლოდ ბათუმშია, სადაც მუდმივად მოხუცების რიგია. თავშესაფარში მოსახვედრად რიგში დგანან მოხუცები ქვეყნის მასშტაბითაც. გასული წლის ბოლოს ასეთი მოხუცი ოფიციალური მონაცემებით ასამდე იყო. დღეს, 22 ოქტომბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ზუსტად 104 მოხუცი ითხოვს თავშესაფარს.

ორგანიზაცია „ღირსეული სიბერის“ მონაცემებით, 22 მოხუცი ითხოვდა თავშესაფარს ქობულეთში გასული წლის ბოლოს, როცა „ბათუმელებმა“ მოამზადა სტატია „გთხოვთ, მომათავსოთ თავშესაფარში“. მაშინ ჩვენ ქობულეთში კონკრეტულ მოხუცებს შევხვდით და ვესაუბრეთ. ისინი ღიად აფიქსირებდნენ თავშესაფარში მოთავსების სურვილს. 2017 წლის ზაფხულში ქობულეთის საკრებულოს თავშესაფრის მოწყობის პეტიციით „ღირსეულმა სიბერემ“ მიმართა. [ეს ორგანიზაცია ხანდაზმულთა ინტერესებს იცავს, თუმცა ამ დროისთვის ორგანიზაცია ვეღარ მუშაობს – ფინანსური მხარდაჭერის არქონის გამო.]

„ქობულეთის მერია ამ მოხუცებს არ იმჩნევს,“ – ასე აფასებს „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე პეტიციაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის უარს.

„ჩვენ შევხვდით მირიან ქათამაძეს. ის დაგვპირდა პრობლემის შესწავლას, თუმცა არაფერი გამოვიდა… ჩვენ დაფინანსებასაც არ ვთხოვდით მერიას. საუბარი იყო შენობის გადმოცემაზე, თუნდაც სოფლად, სადაც მოვაწყობდით თავშესაფარს, გვექნებოდა ეზო… სოციალური სააგენტო თითო ბენეფიციარს დღეში 16 ლარს უხდის, ეს თანხა არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელი იყო ფასიანი მომსახურების შექმნაც პარალელურად. შენობის გადმოცემა კი არა, გვითხრეს, რომ საჭიროება არ არსებობსო. როგორც ჩანს, ხანდაზმულთა პრობლემა მაგათ ინტერესებში არ შედის, არ თვლიან აქტუალურად…

ბოლოს ხათუნა მამასახლისს შევხვდი, სოციალური სამსახურის უფროსს. მან მითხრა, რომ მხოლოდ 5 მოხუცზე დადასტურდა თავშესაფრის საჭიროება. ხუთიც რომ იყოს, რას პასუხობენ ამ მოხუცებს? ზოგადად, მოხუცების რაოდენობა ცვალებადია, ვისაც თავშესაფარი სურს. იმ 22 მოხუციდან ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გერიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს, ზოგს ანასეულის თავშესაფარში რიგის მიხედვით მოუწია ადგილი და ზოგიც ისევ ელოდება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი ამ მოხუცებს არ იმჩნევს,“ – გვითხრა ნანა კალანდაძემ.

„პრობლემატური თუა განთავსება, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. პრობლემა თუ არ შექმნილა, საიდან უნდა ვიცოდე? სოციალური მომსახურების სააგენტომ დაბეჯითებით გვითხრა, რომ თუკი არსებობს ასეთი მოხუცი, მოხდება მისი განთავსება თავშესაფარშიო,“ – ამბობს ხათუნა მამასახლისი, ქობულეთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. თავშესაფრის პეტიციაზე ეს სამსახური მუშაობდა ქობულეთის მერიაში.

პეტიცია ქობულეთის საკრებულოში გასული წლის აგვისტოში შევიდა. მას შემდეგ, რაც ნახევარი წელი გავიდა და პეტიციის ავტორებმა პასუხი ვერ მიიღეს, საკრებულოს საჯარო ინფორმაციით მიმართეს.

„პასუხი მივიღეთ 2018 წლის მარტში,“ – გვიყვება არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი. იგი თავშესაფრის პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო. – „პასუხიდან ირკვევა, რომ საკრებულოს ინფორმაცია მერიიდან გამოუთხოვია, მერიას კი უპასუხია, რომ თავშესაფრის საჭიროება ქობულეთში არ არის. თავის მხრივ, მერიას ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტომ მიაწოდა. სააგენტოს ინფორმაციით, მოხუცებმა, რომელთა მონაცემებიც „ღირსეულმა სიბერემ“ წარმოადგინა, უარი თქვეს თავშესაფარში მოთავსებაზე. საკრებულომ იმსჯელა თუ არა საერთოდ ამ პეტიციის შესახებ, წერილიდან არ ჩანს“.

არჩილ ხახუტაიშვილი პრობლემას ხედავს ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებაში – „საჭიროება არ დგას“. იგი რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს, რაც შესაძლებელია გაეკეთებინა მუნიციპალიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად. „ცალკე მსგავსი თავშესაფრის მოწყობა და მისი დაფინანსება მუნიციპალიტეტს გაუჭირდებოდა, ალბათ, მაგრამ ესეც არ უთქვამთ. ეს რომ ეთქვათ, გასაგები იქნებოდა,“ – აღნიშნა არჩილ ხახუტაიშვილმა.

ქობულეთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მონაცემებით, მათ საბოლოოდ „ღირსეულმა სიბერემ“ 8 მოხუცის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისწავლა თითოეული შემთხვევა. ორი მათგანი მოთავსდა სამედიცინო ცენტრის გერიატრიულ განყოფილებაში, 4 არ მიეკუთვნებოდა თავშესაფრის მაძიებელთა კატეგორიას, დანარჩენ ორზე კი, რომლებსაც მართლა რეალურად სჭირდებოდა თავშესაფარი, უარი თქვეს, საბოლოო თანხმობა მათგან არ იყო…“, – გვითხრა ხათუნა მამასახლისმა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თავშესაფრებში, პირველ რიგში, ხვდებიან უსახლკარო, შშმ და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოხუცები.

რას ნიშნავს ტერმინი „არ მიეკუთვნება თავშესაფრის მაძიებელთა კატეგორიას“? – სამსახურის უფროსის განმარტებით, ამ მოხუცებს არ სურდათ თავშესაფარში წასვლა. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი გვითხრეს, რომ ეს არასწორი ტერმინია. სააგენტოს ქობულეთის ორგანიზაციის უფროსის, თემურ ჭანტურიშვილის თქმით, მოხუცებმა თავშესაფარზე უარი თქვეს და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება სააგენტოს არ მოუთხოვია.

„მხოლოდ ერთმა მოხუცმა დააფიქსირა, რომ წავა თავშესაფარში, თუკი ის ქობულეთში მოეწყობა, სხვაგან არსად… რეალურად მათ შესაძლოა სჭირდებათ ეს თავშესაფარი, მაგრამ უარს ამბობენ. თუ უარზეა, ძალით ვერაფერს იზამ“, –  ამბობს თემურ ჭანტურიშვილი.

თქვეს თუ არა რეალურად უარი მოხუცებმა თავშესაფარში მოთავსებაზე? – პეტიციის ავტორებს მოხუცები აღარ უნახავთ. „ღირსეული სიბერის“ თანამშრომელი, მარი ჟღენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოხუცებმა სხვა ქალაქებში მდებარე თავშესაფრებზე თქვეს უარი.

„რეალურად მოხუცების უმრავლესობას სურს, რომ თავისივე ქალაქში დარჩეს. ამიტომაც მოვითხოვეთ ჩვენ თავშესაფარი ქობულეთში. მე უახლოეს დღეებში ვაპირებ ამ მოხუცების მონახულებას. არ მჯერა, რომ მათ თავშესაფარზე უარი თქვეს,“ – გვითხრა მარი ჟღენტმა.

რატომ ითხოვეს მოხუცებმა თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რატომ უთხრეს უარი სახელმწიფო ორგანიზაციას? ხათუნა მამასახლისი, ქობულეთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი: „მე გეტყვით ერთ შემთხვევას – ბაბუა იყო და ოჯახის წევრებთან ჰქონდა კონფლიქტი, მას ცოლის შერთვა სურდა. შემდეგ ამოიწურა ეს კონფლიქტი და უარი თქვა თავშესაფარზე. დანარჩენი სააგენტოს ჰკითხეთ…“

თემურ ჭანტურიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „მე არ ვიცი, რა თქვეს მოხუცებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ მოგვაწოდეს სია, მივიდნენ სოციალური მუშაკები ადგილზე და თქვეს უარი…“

სად მოათავსებს ქობულეთი მოხუცებს, თუკი ისინი თავშესაფარში მოთავსების სურვილს გამოხატავენ? – თემურ ჭანტურიშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ მიმართავს ცენტრალურ ფილიალს და ადგილი გამოიძებნება.

რატომ არ იმსჯელა საკრებულომ მოხუცებისთვის ქობულეთში თავშესაფრის მოწყობაზე? – დავით მჭედლიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს არ ახსოვს, თქვა თუ არა ამ საქმის განხილვაზე უარი საკრებულომ. „გადავამოწმებ, დავაზუსტებ და გეტყვით“, – გვითხრა მან, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

 

Exit mobile version