სევდა, ყავა და „სახლი მოჩვენება“ – 8 ფოტო პრეზიდენტის არჩევნებიდან

არჩევნების დღეს ჟურნალისტები და მოქალაქეები არაერთ საინტერესო და სახალისო ფოტოს იღებენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ რამდენიმე, ჩვენი აზრით განსაკუთრებით დასამახსოვრებელ ფოტოს, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან.

ეს 2018 წელის არჩევნებზე აჭარაში გადაღებული ყველაზე პოპულარული ფოტოა. როგორც ჩანს, საარჩევნო უბანზე მოწყენილობაა. ფეისბუქზე ფოტოს „პანაშვიდიც“ უწოდეს.

ბათუმის #46 საარჩევნო უბანზე. ჰაკი ვარშანიძის ფოტო.

საქართველოს პრეზიდენტი ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე. 28.10.2018. ფოტო: მარი ნიკურაძე / OC Media

როგორ დავეხმაროთ უფროსებს ხმის მიცემაში – ფოტოინსტრუქცია.

საარჩევნო უბანი ბათუმში. არჩილ კახაძის ფოტო.

ეს საარჩევნო უბანი ხულოს მუნიციპალიტეტის პატარა სოფელში, თაგოში იყო. საარჩევნო უბანზე შესვლა მხოლოდ იმ კიბით იყო შესაძლებელი, რომელსაც ფოტოს მარჯვენა მხარეს ხედავთ. ერთი შეხედვით, სახლმა შეიძლება კადრიც გაგახსენოთ მისტიკური თრილერიდან.

საარჩევნო უბანი სოფელ თაგოში, ხულოში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ყავა არჩევნების დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საარჩევნო კომისიაში მუშაობს.

ფოტო თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან. ავტორი: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ფოტოების მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი არჩევნებია საქართველოს ისტორიაში.

საარჩევნო უბანი ხულოს მუნიციპალიტეტში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

არჩევნები დასრულდა, „ბამბანერკაში“ ბოლო ორი ცალი შოკოლადი დარჩა და წილისყრის პროცესი მიმდინარეობს. მალე აქ ხმების დათვლა დაიწყება.

ხულოს #1 უბანი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გურიაში, ოზურგეთის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კანდიდატების გადახაზვა არ იკმარა, მან არ დაიზარა და ყველა კანდიდატს გადააწერა – „არა“.

„არა!“ ფოტო: „ბათუმელები“, ჯაბა ანანიძე

_________

ფოტოების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციასთან/ავტორთან შეთანხმებით. 

როგორ მკურნალობენ სქოლიოზს სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტაში”

სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ ბათუმში უკვე 5 წელია არსებობს. ცენტრში მკურნალობენ: სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალთაშუა თიაქარს, რადიკულიტს, სპონდილოზს და ხერხემლის სხვა დაავადებებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ მკურნალობა მიმდინარეობს ვარჯიშის გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, რა თქმა უნდა, თუ პაციენტები დროულად, დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართავენ ცენტრს.

განსაკუთრებული მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხელხემლის დაავადებებს სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტაში” მკურნალობენ, შემდეგია:

[checklist]

  • ვარჯიში პროფილაქტორზე (პროფილაქტორი სპეციალური სავარჯიშო დაფაა, რომელზეც ხერხემალს თანდათანობით ჭიმავენ სხვადასხვა ვარჯიშის გზით);
  • ელექტროფორეზი;
  • სამკურნალო მასაჟი;

[/checklist]

მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც დგინდება ხერხემლის გამრუდების ხარისხი. პაციენტის ხერხემლის ფოტო იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი ბრუნდება უკვე სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი რეკომენდაციებით.

„ვიტა“ მონაწილეობს აჭარის არ კანონით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში–„სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსის მიწოდება“.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: .ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, #107.

ან დაგვირეკეთ: 599 307556;

 Facebook: vita.scolios

საქართველოს რკინიგზამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნინგსიას კომერციის დეპარტამენტთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზა ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტისა და ჩინური ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სატვირთო მატარებლების მიმოსვლის განვითარების სფეროში თანამშრომლობა და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება .ინჩუანიდან.თბილისში და უკუმიმართულებით.

ოფიციალური დელეგაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მიიღო. ქართული და ჩინური მხარეების ერთობლივი ღონისძიება სასტუმრო ,,ბილტმორშიგაიმართა.  

ღონისძიებას დაესწრნენ ბიზნეს სექტორის წარმოადგენლები, რომლებიც ექსპორტსა და იმპორტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში/დან  ახორციელებენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სატრანსპორტო, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და  ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე, კერძოდ, მომხმარებლებისთვის ახალი სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობების შეთავაზებაზე, ტვირთების მოზიდვასა და სერვისების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრიდან თვენახევრის განმავლობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე, გოგოლისა და სერგი მესხის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.

მერიის ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სატრანსპორტო მოძრაობა, მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 703 ათას 999 ლარს შეადგენს. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

„ჯივილის“ ორმაგი აქცია ერთგული მომხმარებლებისთვის გაგრძელდა

ბავშვთა ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „ჯივილში“  გრძელდება ორმაგი აქცია: #აიღე 2 ერთის ფასად და #70 % ფასდაკლება.

#ჯივილშიუკეთესია

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქუჩა N88.

რამდენიმე ათეულ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ასამდე ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია ამ დასახლებაში მცხოვრებმა პირებმა მოაწოდეს.

ალექსანდრე ჯაბნიძეც აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს. პენსიონერია და ოჯახში მის გარდა კიდევ ხუთი ადამიანი დარჩა სოციალური დახმარების გარეშე. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. ჯაბნიძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობა ოჯახს მეოთხე თვეა არ მიუღია. „ქულა მოვიდა მაღალი, თუმცა ოჯახში ძალიან გვიჭირს, პატარა ბავშვებიც გვყავს“.

ალექსანდრე ჯაბნიძე ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. „შაქრიანი დიაბეტი მაქვს, წამლებისთვის ფული არ მყოფნის და ახლა ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, ჩემი პენსიაა“. მისი აზრით, სოციალური ქულების გადამოწმება ალბათ იმან გამოიწვია, რომ შვილიშვილები მასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.

სოციალური შემწეობა შეუწყდა ნანული ბოლქვაძის ოჯახსაც. ნანული ამბობს, რომ ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. „ბავშვები ობლები არიან, მამა არ ჰყავთ, ოჯახის შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა. ვერ ვიხდით გადასახადებს, არ გვაქვს შეშა. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ“.

სოციალურ შემწეობას ვერც მანანა ბერიძე იღებს. ოჯახში მასაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. მანანა ამბობს, რომ ოჯახს სხვა შემოსავლები, ფაქტობრივად, არ აქვს და მეზობლების დახმარების იმედად არის. „საჭმელი სოციალური სასადილოდან მოგვაქვს და ამით ვარსებობთ“.

მანანა ბერიძის თქმით, ქულების შედეგები ჯერ კიდევ არ არის მოსული და თუკი სოციალურ შემწეობას მაინც არ აღუდგენენ, ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მარინა ბერიძეც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, მისი თქმით, ყოფილი 25 ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების დიდ ნაწილს, სოციალური დახმარება რამდენიმე თვეა შეუჩერეს.

მარინა ბერიძის თქმით, შემწეობაშეწყვეტილ ოჯახებს გადასახადების გადახდის პრობლემები აქვთ.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, შუქის ფულის გადახდაც კი ვერ მოვახერხეთ, დავალიანებები გვაქვს დაგროვილი და, ზოგადად, მძიმე ვითარებაა“.

 

 

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდა 55 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს ინფორმაცით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვის აქვს მეორე ტურში მოგების შანსი – „შედეგს განაპირობებს ზიზღი“

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იქნება ახლა ოქროს საბადო“, – ამბობს პოლიტოლოგი და „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია მეორე ტურზე საუბრის დროს. მისი აზრით, ორივე პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად იმუშავებს. პოლიტოლოგთან ინტერვიუ გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრით დავიწყეთ: რა აჩვენა პროცენტებმა? იყო თუ არა ეს მოულოდნელი?

ბატონო კორნელი, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგი? 

მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დაკვირვება მიუთითებდა, რომ მეორე ტური მოსალოდნელი იყო, იმდენად პოლარიზებული იყო საზოგადოება, მასმედიაც… სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში დამაზიანებელი აღმოჩნდა მის მიერ წარმოებული კამპანია და ის შეცდომები, რომლებიც დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა. ამ ფონზე გასაგები იყო, რომ მეორე ტურს ვერ ავცდებოდით.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, გრიგოლ ვაშაძემ 37,74 პროცენტი მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 38,63. რა აჩვენა თქვენთვის ხმების ამგვარმა გადანაწილებამ? 

ამან აჩვენა ის, რომ ეს არჩევნები შესაძლოა დიდად მნიშვნელოვანი არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საკმაოდ შეკვეცილია პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მაგრამ ეს არჩევნები რეალურად იყო ტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არჩევნები იყო მნიშვნელოვანი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. „ნაცმოძრაობას“ ხელახლა უნდა დაემტკიცებინა, რომ ის არის პირველი ოპოზიციური პარტია და არა „ევროპული საქართველო“. ოპოზიციას ასევე უნდა ენახებინა საზოგადოებრივი აზრის ცვლილება –  რამდენად მზად არის საზოგადოება 2020 წელს ცვლილებებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ შეერყა იმიჯი და გამორიცხული არაა 2020 წლისთვის სრულიად ახალი ხელისუფლება მოვიდეს საქართველოში. ჯერ არ ჩანს კონკრეტულად რა კონფიგურაციით და როგორ. ზოგადად, თუ გადავხედავთ ქართველი ამომრჩევლის საარჩევნო ქცევას ბოლო 27 წლის განმავლობაში, ჩანს ერთი კანონზომიერება – ქართველი ამომრჩეველი ორზე მეტჯერ ერთ პარტიას არ აძლევს ხმას. ზუსტად ის პერიოდია, როცა შეიძლება მსგავსი რაღაც მოხდეს ქართულ პოლიტიკაში.

რა სტრატეგიას ელოდებით „ქართული ოცნებისგან“? 

ახლა უფრო მთავარია, როგორ მიაღწევს „ქართული ოცნება“ 2020 წლამდე ისე, რომ არ დაიშალოს. ზოგადად, ქვეყნის ინტერესშია ის, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს თუ მოიგებს 2020 წლის არჩევნებს, ის მაინც დარჩეს, როგორც პოლიტიკური პარტია და მან არ გაიზიაროს, მაგალითად, „მოქალაქეთა კავშირის“ გამოცდილება.

ფაქტია, რომ ამ არჩევნების შემდეგ იქნება სერიოზული ცდუნება, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ბიუროკრატიულ აპარატში დაიწყებს მოძრაობას სხვა მიმართულებით. ცნობილი ამბავია: როცა გემი იძირება, ეკიპაჟი მას ტოვებს. ეს მომენტი დადგება, რადგან ბიუროკრატია, როგორც წესი, ცდილობს, თადარიგი დაიჭიროს. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი რყევები იქნება. ჯერ ისედაც იყო განსხვავებული შეხედულებები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და ეს ბზარი კიდევ უფრო გაიზრდება.

მანამდე მეორე ტურის მოგების ცდუნება აქვს „ქართულ ოცნებას“. რა შემთხვევაში აქვს სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურის მოგების შანსი? 

„ქართულ ოცნებას“ სხვა გზა აღარ  აქვს, მან მაქსიმალური უნდა გააკეთოს, რომ პრესტიჟი დაიცვას. „ოცნებამ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა მხარი დაუჭირა ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, საერთოდ არ დაეჭირა მხარი არც ერთი კანდიდატისთვის და პირდაპირ გადაელოცა ეს ადგილი ოპოზიციისთვის. ფაქტობრივად, ახლა მოხდა გაზომვა „ქართული ოცნების“ რეიტინგის 2020 წლის არჩევნებისთვის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები. რეალურად მხარი რომ არ დაეჭირათ, ეს გაზომვაც ვერ მოხდებოდა. თანაც, საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც კარგად გამოჩნდებოდა ეს ნაბიჯი, ახლა უკვე შარში არიან.

ამ ვითარებაში რაზე შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნება“? 

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ 50 პროცენტზე მეტი ამომრჩევლებისა ისევ არ მიდის არჩევნებზე. ვერც „ოცნება“ და ვერც „ნაცმოძრაობა“ ვერ ახერხებს უმრავლესობის მიმხრობას. ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა ისევ ნიჰილისტურადაა განწყობილი. მეორე ტურისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადმობირებას. 5 პროცენტის გადმობირებაც რომ შეძლოს რომელიმემ, ეს უკვე შედეგს დადებს.

შესაძლებელია ამის მიღწევა ორ კვირაში ანუ მეორე ტურამდე? 

ეს დამოკიდებულია რესურსებზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ რესურსებზე. ფინანსური რესურსები „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი აქვს, ვიდრე „ნაცმოძრაობას“, ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორები არ გადაწყვეტენ არჩევნების მეორე ტურის შედეგს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ზიზღი – ვის მიმართ უფრო ნაკლები ზიზღი ექნება ამომრჩეველს, ის მოიგებს მეორე ტურსაც. ჩვენთან ხომ კანდიდატს ვირჩევთ არა პროგრამების მიხედვით, არამედ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. ცუდსა და უარესს შორის კი, ყველაფერს განაპირობებს ზიზღი. ერთი ამბობს, რომ მე შესაძლოა ცუდი ვარ, მაგრამ მეორე ჩემზე უფრო ცუდია.

სამწუხაროდ, ჩვენთან სხვა ფაქტორები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სოციალური გარემო, ეკონომიკა, ან საგარეო პოლიტიკა, ეს არავის აინტერესებს…

მიგაჩნიათ, რომ „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ ხმა იქნება გადამწყვეტი. თუმცა, მაგალითად, დავით ბაქრაძემ, რომელმაც ხმების 10 პროცენტი აიღო, თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ დასჭირდება?

დავით ბაქრაძემ რომ ეს თქვა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მისცემს ხმას ის ამომრჩეველი გრიგოლ ვაშაძეს. ამომრჩეველი, რომელმაც აირჩია ბაქრაძე, სრულიად შესაძლებელია, არ იყოს კეთილგანწყობილი გრიგოლ ვაშაძის მიმართ, რადგან მის უკან დგას მიხეილ სააკაშვილი. ეს სერიოზულ როლს ითამაშებს. შესაბამისად, ამ არჩევნებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება არა იმ ამომრჩეველს, რომელიც მობილიზებულია, არამედ იმ ხალხს, რომელიც არჩევნებზე არ დადის. ეს ოქროს საბადოსავითაა რაღაცნაირად, გამოუყენებელი რესურსია და 5 პროცენტის მობილიზაციაც რომ მოახდინო, უკვე იგებ არჩევნებს.

არსებობს თუ არა, მაგალითად, არჩევნების გაყალბების საფრთხე? 

გაყალბება ძალიან გაჭირდება, რადგან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად ადევნებენ თვალს საარჩევნო პროცესს . გარკვეული დარღვევები იქნება, ბუნებრივია, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი. გაყალბებაზე წასვლა ნიშნავს თვითმკვლელობას. თანაც ამ პოლარიზებულ გარემოში ეს შესაძლოა, პირიქით, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. ამან შესაძლოა საერთოდ სასაკლაოზე გაუშვას „ქართული ოცნება“ თავის ლიდერებიანად. სჯობს, აღიარო წაგება, წახვიდე და ამით შეინარჩუნო  იმის შანსი, რომ დარჩე პოლიტიკაში, როგორც ოპოზიციური პარტია, ვიდრე გააყალბო და ამით მოისპო საკუთარი თავი და მომავალიც. მგონია, რომ ამაზე არავინ წავა.

ქართველმა ამომრჩეველმა ამ შედეგით აჩვენა, რომ მას პოლიტიკური ბალანსისთვის მინიმუმ მეორე პოლიტიკური ძალა სჭირდება. შესაძლოა, ამ პროცესში გამოჩნდეს კიდევ ერთი-ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს იმ ამომრჩევლების ინტერესების გამოხატვას, ვისაც არჩევნებზე მისვლა აღარ სურს.

 

 

ოქტომბრის ბოლო დღეები ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ოქტომბრის 21 საათიდან 30 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 3 დღეს მოსალოდნელია  უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

BIAFF-ის ორგანიზებით ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

ჩიკაგოში, 9-12 ნოემბერს, პოლონური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან – Society for Arts თანამშრომლობით.

ქართული კინოს დღეები ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში. თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით: „სხვისი სახლი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „საშიში დედა“- რეჟისორი ანა ურუშაძე და „ბრმა პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

ქართული კინოკლასიკა წარმოდგენილია შემდეგი ფილმებით: მიხეილ კობახიძის „მუსიკოსები“, „ქოლგა”, „ქორწილი“; გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და გიო მგელაძის „არა, მეგობარო”.

PFFA – ამერიკაში პოლონური კინოს ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია Society for Arts (ჩიკაგო). ფესტივალი 1989 წელს დაარსა კრისტოფერ კამიშევმა (კინო/არტ მენეჯერი და ფილანტროპი).

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი Society for Arts-თან უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობს. ორგანიზაციის პრეზიდენტი კრისტოფერ კამიშევი ორჯერ იყო ბათუმში ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული და მრავალი წელია BIAFF-ს უწევს კონსულტაციასა და მხარდაჭერას დოკუმენტური კინოს სექციის პროგრამირების და პოლონური კინოს პრეზენტაციის კუთხით.

ქართული კინოს დღეებს ჩიკაგოში BIAFF-ის კინოფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და მენეჯერი ზვიად ელიზიანი, რამდენიმე ქართველ რეჟისორთან ერთად წარადგენენ.

პროექტის მხარდამჭერებია: Society for Arts [აშშ], საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ვინ ლიდერობს აჭარის ოლქებში – ყველა უბნის მონაცემები დათვლილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 689 უბანი [99%]. 29 ოქტომბრის 11:30 საათის მონაცემებით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ზღვარი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლებიდან, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმა – 614 964 [38,66%] მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, შემდეგ ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე – 599 662 ხმა [37,7%], მესამეზე კი დავით ბაქრაძე – 174 555 ხმა [10,97%].

აჭარაში, ცესკოს მონაცემებით, ყველა უბანი დათვლილია. ბათუმისა და ქობულეთის ოლქებში მიღებული ხმების მიხედვით ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე, შემდეგ ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო ქედის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს უბნებში ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ ადგილზე კი გრიგოლ ვაშაძეა. ამასთან, ქედის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 50,61% მოაგროვა.

ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ მიღებული ხმები აჭარაში ოლქების მიხედვით [წყარო: ცესკო]   

ბათუმი

N2 – დავით ბაქრაძე – 5 299 (8,58%)
N5 – გრიგოლ ვაშაძე – 27 676 (44,82%)
N10 – შალვა ნათელაშვილი – 2 427 (3,93%)
N25 – დავით უსუფაშვილი – 1 602 (2,59%)
N36 – ზურაბ ჯაფარიძე –1 286 (2,08%)
N48 – სალომე ზურაბიშვილი – 20 919 (33,88%)

ქედა

N2 – დავით ბაქრაძე – 1 350 (13.6%)
N5 – გრიგოლ ვაშაძე – 3 010 (30.31%)
N10 – შალვა ნათელაშვილი – 214 (2.16%)
N25 – დავით უსუფაშვილი – 84 (0.85%)
N36 – ზურაბ ჯაფარიძე – 28 (0.28%)
N48 – სალომე ზურაბიშვილი – 5 026 (50.61%)

ქობულეთი

N2 – დავით ბაქრაძე – 2 678 (8.01%)
N5 – გრიგოლ ვაშაძე –  14 277 (42.69%)
N10 – შალვა ნათელაშვილი –  892 (2.67%)
N25 – დავით უსუფაშვილი –  287 (0.86%)
N36 – ზურაბ ჯაფარიძე – 188 (0.56%))
N48 – სალომე ზურაბიშვილი – 14 084 (42.11%)

შუახევი

N2 – დავით ბაქრაძე – 1 079 (12.7%)
N5 – გრიგოლ ვაშაძე – 2 985 (35.13%)
N10 – შალვა ნათელაშვილი – 129 (1.52%)
N25 – დავით უსუფაშვილი – 107 (1.26%)
N36 – ზურაბ ჯაფარიძე – 19 (0.22%)
N48 – სალომე ზურაბიშვილი – 3 997 (47.04%)

ხელვაჩაური

N2 – დავით ბაქრაძე – 2 298 (10.74%)
N5 – გრიგოლ ვაშაძე – 8 573 (40.07%)
N10 – შალვა ნათელაშვილი – 805 (3.76%)
N25 – დავით უსუფაშვილი – 390 (1.82%)
N36 – ზურაბ ჯაფარიძე – 137 (0.64%)
N48 – სალომე ზურაბიშვილი – 8 661 (40.48%)

ხულო

N2 – დავით ბაქრაძე – 2 144 (16.76%)
N5 – გრიგოლ ვაშაძე – 3 801 (29.71%)
N10 – შალვა ნათელაშვილი – 190 (1.49%)
N25 – დავით უსუფაშვილი – 103 (0.81%)
N36 – ზურაბ ჯაფარიძე – 26 (0.2%)
N48 – სალომე ზურაბიშვილი – 6 349 (49.62%)

ამ თემაზე:

პრეზიდენტის არჩევნები აჭარაში [განახლებადი]

 

მთავარი ფოტო: ბათუმის 54-ე საარჩევნო უბანი / 28.10.2018

 

გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში არჩევნები მოიგო

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან შემოსული ხმების გადათვლა თითქმის დასრულებულია. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისია მხოლოდ ერთი უბნიდან ელოდება მონაცემებს.

ოლქის პირველადი მონაცემებით გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში პრეზიდენტის არჩევნები ხმათა უმრავლესობით – 24, 30 პროცენტით მოიგო.

მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი – 19, 22 პროცენტი.

2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ბათუმში სულ 143 372 ამომრჩეველია რეგისტირებული.

ვინ იგებს არჩევნებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში

ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, შვიდიდან ხუთ უბანზე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს.

  • #40 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 114 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 53 ხმა
  • #36 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 157 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 110 ხმა
  • #41 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 158 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 52 ხმა
  • #45 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 156 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 120 ხმა
  • #46 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 116 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 110 ხმა
  • #10 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 225 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 131 ხმა
  • #40 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 114 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 53 ხმა

რაც შეეხება ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქს, ცესკოს ვებგვერდზე ამ დროისათვის [2:40] მხოლოდ ოთხი ოქმია გამოქვეყნებული. ხმები ასე ნაწილდება:

  • #3 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 183 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 175 ხმა
  • #28 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 134 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 102 ხმა
  • #34 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 182 ხმა;  გრიგოლ ვაშაძე – 105 ხმა
  • #51 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 145 ხმა;  გრიგოლ ვაშაძე – 87 ხმა

აჭარის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის გარდა, ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. უკვე ცნობილია პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ხულოში, სადაც ხმათა უმრავლესობა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში ცხოვრობს.

გაფრთხილება: ეს არ არის არჩევნების საბოლოო მონაცემები. ხმების დათვლა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და ოქმები ეტაპობრივად იტვირთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

______________

მთავარ ფოტოზე: საარჩევნო უბანი, პრეზიდენტის არჩევნები აჭარაში. 

8 უბნის მონაცემების თანახმად ქედაში არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს

ქედის #80 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით ქედაში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს ვებგვერდზე რვა უბნის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებული, ყველა უბანზე არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს.

  • #11 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 138 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 65 ხმა
  • #13 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 164 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 84 ხმა
  • #17 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 198 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 75 ხმა
  • #19 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 75 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 27 ხმა
  • #21 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 142 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 42 ხმა
  • #28 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 172 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 59 ხმა
  • #29 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 220 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 155 ხმა
  • #47 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 56 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 53 ხმა

ცესკოს მონაცემებით, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში  დაფიქსირდა – 64.74 %.

გაფრთხილება: ეს არ არის არჩევნების საბოლოო მონაცემები. ხმების დათვლა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და ოქმები ეტაპობრივად იტვირთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

ამავე თემაზე: 

ხულოში ათიდან 9 უბანს სალომე ზურაბიშვილი იგებს

შუახევში 8 უბნიდან 6 უბანში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

შუახევში 8 უბნიდან 6 უბანში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

შუახევის #82 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით, ამ მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილმა რვა უბნიდან ექვს უბანში არჩევნები მოიგო.

[checklist]

  • #12 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 51 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 30 ხმა
  • #16 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 186 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 98 ხმა
  • #25 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 63 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 33 ხმა
  • #33 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 46 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 28 ხმა
  • #41 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 93 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 67 ხმა
  • #42 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 101 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 42 ხმა
  • #46 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 99 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 55 ხმა
  • #47 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 56 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 53 ხმა

[/checklist]

გაფრთხილება: ეს არ არის არჩევნების საბოლოო მონაცემები. ხმების დათვლა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და ოქმები ეტაპობრივად იტვირთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

ამავე თემაზე: 

ხულოში ათიდან 9 უბანს სალომე ზურაბიშვილი იგებს

ხულოში ათიდან 9 უბანს სალომე ზურაბიშვილი იგებს

ხულოს #84 ოლქში ათი უბნის პირველადი მონაცემების თანახმად არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხმები ასე ნაწილდება:

[checklist]

  • #24 საარჩევნო უბანი [დანისპარაული]: სალომე ზურაბიშვილი – 142 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 134 ხმა
  • #1 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 248 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 223 ხმა
  • #37 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 60 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 131 ხმა
  • #22 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 101 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 34 ხმა
  • #44 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 41 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 16 ხმა
  • #42 საარჩევნო უბანი [ხიხაძირი]: სალომე ზურაბიშვილი – 140 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 78 ხმა
  • #43 საარჩევნო უბანი [კალოთა]: სალომე ზურაბიშვილი – 50 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 10 ხმა
  • #39 საარჩევნო უბანი [ღორჯომი]:  სალომე ზურაბიშვილი – 161 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 49 ხმა
  • #41 საარჩევნო უბანი [ღორჯომი, სტეფანაშვილები]: სალომე ზურაბიშვილი – 201 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 19 ხმა
  • #5 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 105 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 91 ხმა

[/checklist]

განახლება: ხულოს #84 ოლქში პრეზიდენტის არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა აიღო სალომე ზურაბიშვილმა – 6349 ხმა. 3801 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, 2144 ხმა კი – დავით ბაქრაძემ.

საერთო ჯამში ხულოში არჩევნებზე სულ 12 999 ამომრჩეველი მივიდა. პროცენტულად ხმები ასე გადანაწილდა:  49,6% სალომე ზურაბიშვილი, 29,7% – გრიგოლ ვაშაძე. 

__________

არჩევნები ხულოში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბათუმში ორი კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ორი კაცი დაჭრეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭრილობები მიყენებულია ცივი იარაღით: „ერთს ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა, მეორეს დაზიანებული აქვს ხელი“.

ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ინცინდენტი საარჩევნო უბანთან ახლოს არ მომხდარა. ფაქტზე დაწყებულია გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებადმძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბათუმის 8 უბანზე არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ოქმების ატვირთვა მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვებგვერდზე ატვირთულია 5 ოქმი. ოქმების მიხედვით, არჩევნები ამ უბნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე მოიგო.

ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 249 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 177.

#57 საარჩევნო უბანზე ვაშაძეს 271-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, სალომე ზურაბიშვილს – 217-მა.

ბათუმის #72 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 210 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი 173 ხმა.

#78 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 234 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი 216 ხმა.

ბათუმის #102 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 287-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, სალომე ზურაბიშვილს – 51-მა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე იგებს ბათუმის #67 საარჩევნო უბანზეც. ვაშაძემ აქ 335 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 160 ხმა.

კიდევ ერთ, ბათუმის #59 საარჩევნო უბანზე მოიგო არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ, 326 ხმით. ამავე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 195 ხმა მიიღო.

ბათუმის #9 საარჩევნო უბანი კი პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოგო. ხმები ასე გადანაწილდა: 237 ხმა – სალომე ზურაბიშვილი, 208 ხმა – გრიგოლ ვაშაძე.

გაფრთხილება: ეს არ არის არჩევნების საბოლოო მონაცემები. ხმების დათვლა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და ოქმები ეტაპობრივად იტვირთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

_______

ფოტოზე: პრეზიდენტის არჩევნები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“,  ცაგო კახაბერიძე 

 

 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები აჭარაში – რამდენიმე უბნის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის ცნობით, უკვე დათვლილია რამდენიმე უბანი აჭარაში.

პირველადი მონაცემებით, ბათუმის #9 საარჩევნო უბანი პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოგო. ხმები ასე გადანაწილდა: 237 ხმა – სალომე ზურაბიშვილი, 208 ხმა – გრიგოლ ვაშაძე.

ბათუმის #51-ე საარჩევნო უბანზე კი გრიგოლ ვაშაძემ 249 ხმით გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი 177 ხმით.

ოქმი

გრიგოლ ვაშაძე იგებს ბათუმის #67 საარჩევნო უბანზეც. ვაშაძემ აქ 335 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 160 ხმა.

ოქმი

კიდევ ერთ, ბათუმის #59 საარჩევნო უბანზე მოიგო არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ, 326 ხმით. ამავე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 195 ხმა მიიღო.

სალომე ზურაბიშვილმა მოიგო არჩევნები ხულოს #1 საარჩევნო უბანზე. ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 248 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 223 ხმა.

ოქმი

ქობულეთის #39 საარჩევნო უბანზე არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 182 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 105 ხმა.

ქობულეთის #3 საარჩევნო უბანზე არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, მან – 183 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 175 ხმა.

ოქმი

ქობულეთის #1 უბანს პირველადი მონაცემებით იგებს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი – 199 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 168 ხმა.

ოქმი

_________________

გაფრთხილება: ეს არ არის არჩევნების საბოლოო მონაცემები. ხმების დათვლა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და ოქმები ეტაპობრივად იტვირთება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში – 36.47 %.

რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4 %-ს.

სიებით მობილიზებული პირები საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსებსა და მანქანებში [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 28 აგვისტოს, „ბათუმელებმა“ მიკროავტობუსები, რომელშიც სავარაუდოდ კოორდინატორები ისხდნენ, არაერთ საარჩევნო უბანთან შენიშნა მაგალითად ბათუმში,  #62-ე უბანზე, რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, “ბათუმელების” ჟურნალისტი მანქანას მაშინ მიუახლოვდა, როცა ერთ-ერთი ქალი ტელეფონზე საუბრობდა ტექსტით: “ლევანი იყო, ისინი ცოლ-ქმარი არიან”.

სიებით მობილიზებული ადამიანები ბათუმის 62-ე უბანზე

მიკროავტობუსი 62- უბანთან
მიკროავტობუსი 54-ე უბანთან
მიკროავტობუსი 68-ე უბანთან

ასევე, დღის განმავლობაში თეთრი და ლურჯი მიკროავტობუსები დგას ბათუმში 54-ე და 68-ე უბნებთან.

გარდა ამისა, მანქანებში უცნობი პირები იყვნენ მობილიზებული სიებით ოზურგეთში, #8 და #3 უბნებთან. “ბათუმელების” კითხვაზე, თუ რა სქემით მუშაობენ, ისინი არ საუბრობენ:

ჯაბა ანანიძის ფოტო
ჯაბა ანანიძის ფოტო

ამავე თემაზე:

ჟურნალისტების მიმართ აგრესიული უცნობი პირები სიებით საარჩევნო უბნებთან

მონაწილეობდა თუ არა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამომრჩევლის მობილიზებაში

ბათუმის #18 საარჩევნო უბანზე დღეს, 28 ოქტომბერს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე საარჩევნო უბანთან მდგარ მიკროავტობუსთან შენიშნეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ე.წ. კოორდინატორები ისხდნენ.

თეთრი მიკროავტობუსი მთელი დღის განმავლობაში #18 საარჩევნო უბანთან იდგა. „ბათუმელები“ მიკროავტობუსში მსხდომ რამდენიმე ქალს ესაუბრა, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ თავიანთი უბნელები მოჰყავდათ საარჩევნო უბანზე.

მიკროავტობუსში მხდომი ქალები ამბობდნენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არ იყვნენ. „უბრალოდ, ჩვენი უბნიდან ასე დავდივართ ყველა არჩევნებზე. ვქირაობთ მარშრუტკას და მიგვყავს და მოგვყავს უბნელები. ზოგი მოხუცია, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ასე დავდივართ“ – გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

მიკროავტობუსში მსხდომმა ქალებმა უარყვეს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამომრჩეველთა მობილიზებაში იყო ჩართული: „ტიტე ამ უბანში ცხოვრობს, თუმცა ჩვენთან ერთად არ მოსულა. იქნებ სხვა მარშრუტკით მოვიდა, რა იცით?!“

მონაწილეობდა თუ არა ამომრჩევლის მობილიზებაში, ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრსაც ვკითხეთ. ტიტე აროშიძემ აღნიშნა, რომ ხმა ნამდვილად #18 უბანზე მისცა, რადგან ამავე უბანში ცხოვრობს, თუმცა ამომრჩევლის მობილიზებაში მონაწილეობას უარყოფს.

„ჩემს კორპუსთან ვარ ეზოში, მეზობელი ავარიაში მოხვდა და მის მანქანას ვათვალიერებდი. საარჩევნო პროცესებთან მე შეხება არ მაქვს“ – გვითხრა მინისტრმა.

ტიტე აროშიძე

 

 

„როგორ გაბედე ჩემი მეუღლისთვის საჩივრის დაწერაო“ – #17 საარჩევნო უბანთან პოლიციაა

ბათუმის #17 საარჩევნო უბანთან პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საარჩევნო უბანი დაიხურა და უბანზე მყოფ ენმ-ის წარმომადგენელს ფანჯრიდან, ქუჩიდან დაემუქრნენ.

„როგორ გაბედე ჩემი მეუღლისთვის საჩივრის დაწერაო – ასე მითხრა“ – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.

უბანზე მცირე ხნით ჩოჩქოლი ატყდა. „ყუთს მიაქციეთ ყურადღება!“, „დახურეთ ფანჯარა“ – გაისმა რესპლიკები საარჩევნო უბანზე.

ენმ-ის წარმომადგენელმა საარჩევნო უბანზე დღეს ორი საჩივარი დაწერა.

საარჩევნო უბნის გარეთ მყოფმა სამმა პოლიციელმა უცნობი პირი შენობას გაარიდეს, უბნის თავმჯდომარე კი პოლიციას დაუკავშირდა და შენობასთან მოვიდა დამატებით სხვა ეკიპაჟიც.

ამ წუთებში კომისია აგრძელებს მუშაობას.

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

დღეს, 28 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის და პუშკინის ქუჩების კვეთაში.

ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი თავის ქალის დახურული დაზიანებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

___________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო 

 

„მანდარინი ვჭამეთ“ – მარკირებიანი ამომრჩეველი ბათუმის #62 უბანზე

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი მურმან ქარცივაძე ამბობს, რომ არჩევნების დასრულებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ საარჩევნო უბანში მარკირებიანი პირები მივიდნენ და ხმის მიცემას ცდილობენ.

„ჯერ სამი პირი შემოვიდა და ვნახეთ, რომ მარკირება ჰქონდათ გაკეთებული. გავაბრუნეთ უკან, მივიდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან და იქედან უკვე 5-6 ადამიანი მოვიდა ისევ, რომლებსაც ასევე ხელზე ემჩნეოდათ მარკირება.

ამბობდნენ, მანდარინი ვჭამეთ და იმის კვალიაო. ყველამ ერთად როგორ ჭამეთ მანდარინი, ბაღჩიდან მოდიხართ მეთქი – ვუთხარი“ – ამბობს მურმან ქარცივაძე.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძე ამბობს, რომ #62-ე უბანზე ერთ ამომრჩეველს მართლაც აღენიშნებოდა ნათება ხელზე, მაგრამ ეს მისვე თქმით, „წამალი აღმოჩნდა და ხელის დაბანის შემდეგ მოქალაქემ ხმა მისცა“.

ციალა შავაძის თქმით, სხვა ამომრჩეველს მსგავსი ნიშნები არ ჰქონდა.

მურმან ქარცივაძის თქმით, მას საჩივარი არ დაუწერია.

საჩივრები გურიაში: „დამკვირვებლები ერთ ადგილას დაჯექით და ისე დაგვაკვირდითო“

ხმების დათვლის დაწყებამდე ოზურგეთში სულ სამი საჩივარი დაიწერა. სამივეს ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“ და აქედან ორი საჩივარი ოზურგეთის #6 უბანზე მოდის.

#6 უბანში დაწერილი ერთ-ერთი საჩივარი დამკვირვებლებისთვის კონკრეტული ადგილის დაკავების იძულებას შეეხება. საჩივარში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მიუთითა, რომ კომისიის მდივანმა დამკვირვებლებს სკამზე დაჯდომა და პროცესზე დაკვირვება ერთი კონკრეტული ადგილიდან მოსთხოვა.

კანონის მიხედვით, დამკვირვებელს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს. მან კენჭისყრის პროცესს არ უნდა შეუშალოს ხელი.

„არაფერი არ ყოფილა. მდივანმა უთხრა, დაბრძანდით, ქალბატონოო. მგონი, არაა აგი ცუდი მიმართვა,“- უსამართლოდ მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარს ოზურგეთის #6 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ხათუნა ლომთაძე.

საჩივარს კომისიის  მდივანიც გაუღიზიანებია:

„ადგილს მითითებდაო, რა ვუთხარი ცუდი, თავზე დამადგა და ვუთხარი ყველა დამკვირვებელს, აგერაა სკამები და დაბრძანდით-მეთქი. წავიდა მერე, მობრუნდა, საჩივარი დაგვიწერა და კიდე წავიდა… მე ვუთხარი, ღიმილის მომგვრელია-მეთქი,“- გვიყვება კომისიის მდივანი, ეკატერინე ჭელიძე.

კომისიის მდივანი

ამავე უბანზე კიდევ ერთი საჩივარი კენჭისყრის დაწყებამდე დაიწერა – კომისიამ დაგვიანებით მისულ დამკვირვებელს დალოდება სთხოვა, ვიდრე მდივანი საკონტროლო ფურცლის შევსებას დაასრულებდა. აქაც კომისიის მდივნის გადაწყვეტილება გახდა სადავო.

„ვინც გარეთ იყო და გველოდა, იმათ არ დაუწერიათ საჩივარი, ისევ „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა… რეალურად ერთად შემოვედით ყველა იმ ორი დამკვირვებლის გარდა, ვინც დაიგვიანა. მდივანმა თქვა, დავასრულებ საკონტროლო ფურცლის შევსებას და შემოუშვიო,“- აღნიშნა „ბათუმელებთან“ გასაუბრების დროს ხათუნა ლომთაძემ, ოზურგეთის მეექვსე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.

“სამართლიანი არჩევნების” კიდევ ერთი საჩივარი რეგისტრატორის მხრიდან თვითნებურად ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმას ეხება. ეს მე-20 უბანზე დაფიქსირდა. ამავე ორგანიზაციის ოზურგეთის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, მაკა მალაყმაძეს კი, პრობლემა მე-5 უბანზე კოორდინატორების ფოტოგადაღების დროს შეექმნა. მას კოორდინატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საჩივრები ოზურგეთის საოლქო კომისიას ჯერ არ განუხილავს. ამისთვის კომისიას ორდღიანი ვადა აქვს.

 

მობილიზებული ჯგუფების აქტიურობა შარაბიძეებში, ორ საარჩევნო უბანთან

შარაბიძეებში, #87 და #94 საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ჯგუფების აქტიურობა შეინიშნება.

„ბათუმელებს“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანთან ახლოს მდგარ შენობაში, ხელისუფლების მხარდამჭერებს აღებული აქვთ ოთახი, სადაც ამომრჩევლებს, რომელთაც წინასწარ შეთანხმებული კანდიდატი შემოხაზეს, ფულს უხდიან.

ადგილზე მყოფმა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა – შენობასთან მიახლოებისას მას უცნობმა მამაკაცმა უთხრა, რომ „არასწორად იქცეოდა“ და „აქედან უნდა წასულიყო“.

#87 და #94 საარჩევნო უბნებთან ადგილზე მისული ამომრჩევლის ორმაგი აღრიცხვა მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებში დამკვირვებლის სტატუსით მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ინიშნავენ მომხრეთა აქტივობას გვარის გასწვრივ აღნიშვნით, ხოლო უბნებს გარეთ კოორდინატორები აქტიურობენ.

52 ათასი ამომრჩეველი და 15 საჩივარი – საოლქო კომისიის მონაცემები

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, სულიკო შვენთიძის განცხადებით, საღამოს 17:00 საათის მონაცემებით, 52 017 ამომრჩეველმა  გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36,28 პროცენტს შეადგენს.

„ამ დროისთვის ოლქში სულ 15 საჩივარია შესული. აქედან, ოთხი საჩივარი საიას მიერ არის დაწერილი, ერთი „სამართლიანი არჩევნების“, ერთიც სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ დაიწერა და დანარჩენი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი საჩივრები“ – აცხადებს სულიკო შვენთიძე.

შვენთიძის თქმით, ამომრჩეველთა რაოდენობა წინა [ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნების ამავე დროის მონაცემებთან შედარებით 11-12 ათასით მეტია.

ბათუმის #88 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეჩერდა – 89 წლის უსინათლო პენსიონერის პროტესტი

ბათუმში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეჩერების მიზეზი მოქალაქის პროტესტი გახდა. უსინათლო პენსიონერი, 89 წლის ნოდარ კვიჭიძე კართან დადგა და უბანზე არავის უშვებდა. იგი ამბობდა, რომ მას გადასატანი ყუთით სურდა ხმის მიცემა, ყუთი არ მიუტანეს და ამიტომაც, სხვების დახმარებით მოვიდა საარჩევნო უბანზე.

იგი აცხადებდა, რომ ახლა პროტესტის ნიშნად არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში.

ადგილზე იმყოფებოდა ოლქის თავმჯდომარეც. მისი თქმით, მოქალაქეს მათთვის არ მოუმართავს გადასატანი ყუთის მოთხოვნით.

საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა პოლიციელებმა მოქალაქის გაყვანა ვერ შეძლეს. საარჩევნო უბანზე მოვიდა პენსიონერის შვილი, რომელმაც მამის წაყვანა შეძლო.

ჟურნალისტების მიმართ აგრესიული უცნობი პირები სიებით საარჩევნო უბნებთან

28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებმა და დამკვირვებლებმა შენიშნეს სიებით აღჭურვილი პირები, რომლებიც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიასთან გაჩერებულ მანქანებში სხედან და ხალხის ნაკადს აკვირდებიან. კითხვას, რომელ კანდიდატს წარმოადგენენ და რას საქმიანობენ საარჩევნო უბანთან, ისინი ან არ, ან კიდევ აგრესიით პასუხობენ.

ბარცხანის დასახლებაში მდებარე #41 საარჩევნო უბანთან დღეს TV 25-ის გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  „ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი ჩვენი კამერის გამორთვას იმ დროს ითხოვდა, როცა ოპერატორი მიკროავტობუსში სიების არსებობის შესახებს კადრებს იღებდა. ირწმუნებოდნენ, რომ ისინი პანაშვიდზე მიდიოდნენ და სწორედ წამსვლელების შესახებ აგროვებდნენ ინფორმაციას“ – ავრცელებს ინფორმაციას TV 25.

დღეს იგივე ტიპის პრობლემა ჰქონდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს მე-20 საჯარო სკოლაში გახსნილ #44 საარჩევნო უბანთან. ავტომობილში მყოფი პირები, ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა მათი საქმიანობით საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრესიულად მოექცნენ და დაემუქრნენ, სამართალდამცავების თანდასწრებით.

ასევე, #62 და #55 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდგარ მანქანასთან ხალხმრავლობა იყო, „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვას, რა სიებში ხდებოდა ამომრჩევლების შეყვანა, აგრესიით უპასუხეს და თქვეს, რომ აქ ჟურნალისტები „საინტერესო ინფორმაციას ვერ მიიღებდნენ“.

პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებზე ე.წ. კოორდინატორების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსიდა. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არჩევნების გასაშუქებლად მყოფ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს, რომელიც საარჩევნო უბანთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში მყოფ კოორდინატორებს ესაუბრებოდა, ნუგზარ ურუშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანის მფლობელია, ჟურნალისტს კატეგორიულად მოსთხოვა ადგილის დატოვება. „ჩემს კერძო საკუთრებასთან ახლოს ნუ მიდიხართ, ვინ გეკითხება ჩემს მგზავრებს რომ ელაპარაკებით!“ – განაცხადა მან. აღნიშნული ავტომანქანა რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფება საარჩევნო უბანთან ახლოს.

რამდენი საჩივარი და შენიშვნა დაწერა საიამ ბათუმში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმში, საარჩევნო უბნების გახსნიდან 12:00 საათამდე ცხრა საჩივარი  და სამი შენიშვნა დაწერა.

საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ დარღვევებს. „დილით ეს შეეხებოდა წილისყრის პროცედურების დარღვევას და ასევე იმას, რომ გადასატან საარჩევნო ყუთს არ მიყვებოდნენ ის კომისიის წევრები, რომლებსაც შეხვდათ ფუნქცია, რომ გაყოლოდნენ ყუთს“ – გვეუბნება საია აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე.

მისივე ინფორმაციით, ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა უბანზე არ მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი ფანარი, #14 უბანზე კი ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე მიეცა ხმის მიცემის უფლება.

საიას ინფორმაციით, #41-ე საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ, ხოლო #6-ე უბანზე ამომრჩეველმა კონვერტი ძირითადი საარჩევნო ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში ჩააგდო.

რაც შეეხება შენიშვნებს, ანნა მდინარაძის თქმით, ერთი შენიშვნა დაიწერა ქობულეთში, წყავროკას საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში იყო ბეჭდური წუნი და საიამ მოითხოვა, რომ ეს ხარვეზი აღმოეფხვრათ.

„მეორე შენიშვნა დაიწერა იმაზე, რომ სამაგიდო სიები არ იყო დალუქული მესამე შენიშვნა, საჩივრის შემდეგ, გაუმართავ ფანართან დაკავშირებით გავაკეთეთ“.

ბათუმის ციხეში გახსნილ უბანზე 4 ბრალდებულის გარდა ყველამ მისცა ხმა

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ერთ-ერთი საარჩევნო უბანი – N105, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 [ბათუმის] დაწესებულებაშია გახსნილი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დავით ბაციკაძის ინფორმაციით საარჩევნო სიაში 74 ამომრჩეველია. აქედან სიაში 4 ბრალდებულია, 58 – დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელი, ხოლო 12 – საუბნო კომისიის წევრი [სპეცსია].

საუბნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის [14:15 საათისთვის] ხმა უკვე მისცა 74-დან 70-მა ამომრჩეველმა: „დარჩენილია ამომრჩეველთა სიაში მყოფი 4 ბრალდებული, რომლებიც უბანზე ხმის მისაცემად ჯერ არ მოსულა და ველოდებით“.

ამავე თემაზე:

აჭარაში 12 საათისთვის 50 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა

მთავარი ფოტო: ბათუმის ციხე, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საჩივარი: უბნის გახსნას პოლიციელი ესწრებოდა

ბათუმის #25 საარჩევნო უბანზე სულ ექვსი საჩივარი დაიწერა.

ერთ – ერთ საჩივარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი წერს, რომ უბნის გახსნის პროცედურას პოლიციელი ესწრებოდა.

უბნის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პოლიციელმა თავმჯდომარეს გადააბარა საარჩევნო ინვენტარი, რის შემდეგაც უბანი დაუყონებლივ დატოვა.

ამავე უბანზე დაწერა დღეს საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მარკირების შესამოწმებელი აპარატის უმოქმედობის გამო.

_________

მთავარ ფოტოზე: #25 საარჩევნო უბანი ბათუმში 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებს არცერთ უბანზე საჩივარი არ დაუწერიათ.

„გვქონდა შენიშვნები. მაგალითად, ბათუმის 25-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი არ მუშაობდა და ამასთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა, ამავე უბანზე იყო ჩხუბი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებს შორის და ამაზეც ჩავუწერეთ შენიშვნა.

ბათუმის რამდენიმე უბანზე იყო პრობლემა, რომ ორ-ორი წარმომადგენლები ჰყავდათ ზოგიერთებს საარჩევნო უბანზე, ასევე აგიტაციის შემთხვევებიც იყო. ასევე, ენმ-ს კომისიის წევრებმა ბათუმის სამ უბანზე უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე. ქობულეთში, #32  უბანზე კი საარჩევნო ბიულეტენების პრობლემა იყო“ – გვეუბნება ორგანიზაციის რეგიონული ოფისების მენეჯერი, მალხაზ ჭკადუა.

პრეზიდენტის არჩევნებზე აჭარაში 311 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარაში მდებარე ექვს საარჩევნო ოლქში სულ 311 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აქედან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში – სულ 143 372 ამომრჩეველი.

სხვა მუნიციპალიტეტებში კი ამომრჩეველთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

[checklist]

  • ქობულეთი – 68 017 ამომრჩეველი 
  • ხელვაჩაური – 44 898 ამომრჩეველი
  • ხულო – 24 097 ამომრჩეველი 
  • ქედა – 15 668 ამომრჩეველი 
  • შუახევი – 15 097 ამომრჩეველი 

[/checklist]

ჯამში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის 3 518 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  მათ შორის 14 795 ამომრჩეველი საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეა.

არჩევნების ჩასატარებლად გახსნილია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 – საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.

ორი საარჩევნო უბანში, ავღანეთში, უკვე ჩატარდა კენჭისყრა იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის. ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

______________

ია ფრანგიშვილის ფოტო

Exit mobile version