მთავარი,სიახლეები

საჩივრები გურიაში: „დამკვირვებლები ერთ ადგილას დაჯექით და ისე დაგვაკვირდითო“

28.10.2018 • 1528
საჩივრები გურიაში: „დამკვირვებლები ერთ ადგილას დაჯექით და ისე დაგვაკვირდითო“

ხმების დათვლის დაწყებამდე ოზურგეთში სულ სამი საჩივარი დაიწერა. სამივეს ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“ და აქედან ორი საჩივარი ოზურგეთის #6 უბანზე მოდის.

#6 უბანში დაწერილი ერთ-ერთი საჩივარი დამკვირვებლებისთვის კონკრეტული ადგილის დაკავების იძულებას შეეხება. საჩივარში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მიუთითა, რომ კომისიის მდივანმა დამკვირვებლებს სკამზე დაჯდომა და პროცესზე დაკვირვება ერთი კონკრეტული ადგილიდან მოსთხოვა.

კანონის მიხედვით, დამკვირვებელს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს. მან კენჭისყრის პროცესს არ უნდა შეუშალოს ხელი.

„არაფერი არ ყოფილა. მდივანმა უთხრა, დაბრძანდით, ქალბატონოო. მგონი, არაა აგი ცუდი მიმართვა,“- უსამართლოდ მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარს ოზურგეთის #6 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ხათუნა ლომთაძე.

საჩივარს კომისიის  მდივანიც გაუღიზიანებია:

„ადგილს მითითებდაო, რა ვუთხარი ცუდი, თავზე დამადგა და ვუთხარი ყველა დამკვირვებელს, აგერაა სკამები და დაბრძანდით-მეთქი. წავიდა მერე, მობრუნდა, საჩივარი დაგვიწერა და კიდე წავიდა… მე ვუთხარი, ღიმილის მომგვრელია-მეთქი,“- გვიყვება კომისიის მდივანი, ეკატერინე ჭელიძე.

კომისიის მდივანი

ამავე უბანზე კიდევ ერთი საჩივარი კენჭისყრის დაწყებამდე დაიწერა – კომისიამ დაგვიანებით მისულ დამკვირვებელს დალოდება სთხოვა, ვიდრე მდივანი საკონტროლო ფურცლის შევსებას დაასრულებდა. აქაც კომისიის მდივნის გადაწყვეტილება გახდა სადავო.

„ვინც გარეთ იყო და გველოდა, იმათ არ დაუწერიათ საჩივარი, ისევ „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა… რეალურად ერთად შემოვედით ყველა იმ ორი დამკვირვებლის გარდა, ვინც დაიგვიანა. მდივანმა თქვა, დავასრულებ საკონტროლო ფურცლის შევსებას და შემოუშვიო,“- აღნიშნა „ბათუმელებთან“ გასაუბრების დროს ხათუნა ლომთაძემ, ოზურგეთის მეექვსე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.

“სამართლიანი არჩევნების” კიდევ ერთი საჩივარი რეგისტრატორის მხრიდან თვითნებურად ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმას ეხება. ეს მე-20 უბანზე დაფიქსირდა. ამავე ორგანიზაციის ოზურგეთის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელს, მაკა მალაყმაძეს კი, პრობლემა მე-5 უბანზე კოორდინატორების ფოტოგადაღების დროს შეექმნა. მას კოორდინატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საჩივრები ოზურგეთის საოლქო კომისიას ჯერ არ განუხილავს. ამისთვის კომისიას ორდღიანი ვადა აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: