მონაწილეობდა თუ არა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამომრჩევლის მობილიზებაში


ბათუმის #18 საარჩევნო უბანზე დღეს, 28 ოქტომბერს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე საარჩევნო უბანთან მდგარ მიკროავტობუსთან შენიშნეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ე.წ. კოორდინატორები ისხდნენ.

თეთრი მიკროავტობუსი მთელი დღის განმავლობაში #18 საარჩევნო უბანთან იდგა. „ბათუმელები“ მიკროავტობუსში მსხდომ რამდენიმე ქალს ესაუბრა, რომელთაც განაცხადეს, რომ მათ თავიანთი უბნელები მოჰყავდათ საარჩევნო უბანზე.

მიკროავტობუსში მხდომი ქალები ამბობდნენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არ იყვნენ. „უბრალოდ, ჩვენი უბნიდან ასე დავდივართ ყველა არჩევნებზე. ვქირაობთ მარშრუტკას და მიგვყავს და მოგვყავს უბნელები. ზოგი მოხუცია, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ასე დავდივართ“ – გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

მიკროავტობუსში მსხდომმა ქალებმა უარყვეს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამომრჩეველთა მობილიზებაში იყო ჩართული: „ტიტე ამ უბანში ცხოვრობს, თუმცა ჩვენთან ერთად არ მოსულა. იქნებ სხვა მარშრუტკით მოვიდა, რა იცით?!“

მონაწილეობდა თუ არა ამომრჩევლის მობილიზებაში, ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრსაც ვკითხეთ. ტიტე აროშიძემ აღნიშნა, რომ ხმა ნამდვილად #18 უბანზე მისცა, რადგან ამავე უბანში ცხოვრობს, თუმცა ამომრჩევლის მობილიზებაში მონაწილეობას უარყოფს.

„ჩემს კორპუსთან ვარ ეზოში, მეზობელი ავარიაში მოხვდა და მის მანქანას ვათვალიერებდი. საარჩევნო პროცესებთან მე შეხება არ მაქვს“ – გვითხრა მინისტრმა.

ტიტე აროშიძე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com